გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები

                   

***                                     
ამ ქალაქში ხშირად ყვავილს მესროდნენ,
კანტი -კუნტად ტყვიასა და ისარს,
ალბად მისთვის ვდიდგულობდი ესოდენ,
სიყვარული მიბიძგებდა წინსვლას.
ჩემი გული სიხარულით ფართხალებს,
თუმც სიბერე სიჭაბუკეს ვერ ცვლის,
მოინდომეს,თვალები ვერ დამთხარეს,
სტრიქონი ვერ გამიმრუდეს ლექსის.
სიყვარული ჩემი სამოსელია,
არ ვიშორებ იმედსა და ფარხმალს,
თუმცა თვალი ხშირად ცრემლით სველია,
სამშვენისად სიამაყე ახლავს.
როცა წავალ ,იმიერში წავიღებ,
ძმაბიჭების ხმაშეწყობილ ღიღინს,
ქუთაისში ორი წუთით სიცოცხლე,
დამიჯერეთ,  საუკუნედ მიღირს.
26.ნოემბერი 2019.
      

***
მზე შემოდგომის ხსოვნაში ჩადნა,
გაიყოლია თითქოს რიჟრაჟი,
ეს ყველაფერი შორიდან ჩანდა,
ეს ყველაფერი იყო მირაჟი.
ეს ყველაფერი წინადღეს ჰგავდა
თავმომწონედ რომ უნდა გასვენდე,
ეს ყველაფერი სამზადის ჰგავდა,
სიკვდილის წინ რომ ხალხს გაახსენდე.
დრო მოთმინების დასაწყურებლად
შესაძლებლობის ნულის ტოლია,
საკუთარ თავის დასარწმუნებლად
ხვდები რამდენი  მტერი გყოლია,
მიაყურადე ტაშს ვინ გიკრავდა,
ვისგან და რისთვის  გერგო პატივი
და დაინახე დიდ სირთულიდან
ყველაზე მეტად რაა მარტივი.
მზე შემოდგომის ხსოვნაში ჩადნა,
გაიყოლია დილის რიჟრაჟი,
ეს ყველაფერი  შორიდან ჩანდა
და ყველაფერი იყო მირაჟი.


***                                    
დეკემბრის ბოლოს გიყიდი ზამთარს,
ჩაგაცმევ თოვლს და შეგაკრთობ  სუსხით,
გიხილავ  ჩემით  დაღლილს და გამთბარს,
რაა ზამთარი ჯერ კიდევ თუ ხსნით.
იანვრის თვეში გაგახვევ ფიფქში,
და გაუსაძლსს გავხდი მოლოდინს,
აღმოაჩინო იქნება ფიქრში,
უჩემოდ ჩემში როგორ ცხოვრობდი.
შემოვიტყუებ შენ სურვილს დაღლილს
ჩემში და დროის აგირევ დავთარს,
თუმცა ტკივილი სურვილად არ ღირს,
მაინც  წავართმევ სიმშვიდეს  ზამთარს. 
ამღვრეული აქვს სიყვარულს სიხლი
და ყოფითობას ვერ სჯის გონება,
მე ჩემში ვკვდები, ჩემივე ნებით,
რომ შენ მომკალი, ნუ გეგონება.


***   
ბალერინები არღანზე...
ოქროს ჩიტები არღნიდან...
არ გიფიქრია დაღლაზე,
დაფიქრებადაც არ ღირდა...
მიჰქონდა ჭრიალ ჭრიალით,
არღანს შუკა და გზა- შარა,
მოვიდა დრო და არღანი,
დროებითობამ წაშალა.
მერე წკრიალი გაჰქონდათ,
მიკროფონებთან გიტარებს,
მეარღნეებმა გიტარის,
დაცინვა ვერ აიტანეს.
მიჩუმდნენ, დააყურადეს,
თითქოს სიძველე გასწირეს,
ბალერინების ღიმილი,
ტკივილად გაანაწილეს.
ახლა აქა-იქ შეხვდებით,
არღანი როგორ ჭრიალებს,
ფულს შოულობენ შემთხვევით,
ფული არ შერჩათ ჭკვიანებს,
მომავალს შევჩერებივარ,
წარსული მაეჭვიანებს.


***
რატომღაც ვერ შემამჩნიე,
ცოტაღა მაკლდა რისხვამდი,
ჩემს ღიმილს ვერ შეგაჩვიე,
მდუმარებამდე მისვლამდი,
მე რომ ეკალი მეგონა,
თურმე შენ ყვავილს ისხამდი. 
      

***
ყველაზე მეტად მაინც ზამთარი მიყვარს,
თეთრად ქათქათებს თოვლის სპეტაკი ველი,
ჩემი საუფლო დაუკორტნია  ჭილ-ყვავს,
უცნაურობა სამასპინძლოა თქვენი.
თოვლი ანათებს და სიჩუმეში თოვლის
ღამე ინახავს მიჩუმათებულ განცდებს,
შეცივნული და გზა აბნეული თრთოლვის
სიფაქიზე რომ ვნებათა ღელვას აცდეს.
ეფერფლებიან თოვლის ფიფქები რწფელად
შენს საკოცნელად წამოხურებულ ტუჩებს,
დაუბრუნდება გაუგებრობა წყევლად
იანვრის თოვლით წამონათებულ ქუჩებს.
ყველაზე მეტად მაინც ზამთარი ხატავს
სითბოს,ბუხრიდან აფრიალებულ ბოლით
და მოგონებებს მაღლა,ზეცისკენ ატანს
დაღლილ სურვილებს, დასამარებულს თოვლით.
                                

***
დრო ფიქრით დაღლილი და ვნება დამცხრალი
დაბერდა,წარსული სინანულს ვერ იტანს,
მიირთვით ძვირფასო,ტკბილია ნამცხვარი,
სასმელიც მიირთვით,მიბაძეთ ელიტას.
თრობაა  ნამდვილი,თუ კოცნა ინებეთ 
და ტუჩებს შემატეთ სიცოცხლის ხალისი,
დრო დადგა სიყვარულს რომ იზეიმებდეთ,
ლოცვასაც დრო აქვს და ადგილი თავისი.
მიირთვით,მიირთვით,შეგარგოთ გამჩენმა,
სასმელიც მიირთვით,თრობაში გიშველით,
ნიფხავი სახსოვრად ოთახში დაგრჩებათ
და  ივლით ქუჩაში სრულიად შიშველი.
მე რაღას გიშველით,თუ თავად ინებებთ
თვალებით ბროლის და თვალებით გიშერის
ვინც, რომ გსურთ, თრობაში   აღრჩობთ და იბევებთ
და ჩემი სიავე ან რაღას გიშველით.
                          
                
***
ჩემ  თავს ვეძებ,იქნებ სადმე მომინახოთ,
მოდით ხალხო,ვინ ვიყავი,  გამახსენეთ,
თუ მკვდარი ვარ,გევალებათ მომეახლოთ,
დამიტირეთ,თქვენი ცრემლით დამასველეთ.
დამეკარგა,რახანია არ მინახავს,
იქნებ, სულაც უნებურად გადაგვარდა,
სარკეს მივწვდი,ვიცანი და ვერც ვიცანი,
დავაკვირდი,აღარაფრით აღარ მგავდა, 
                           

***
ჩაკბიჩა,ჩაახრამუნა ადამმა ვაშლი,ევასა,
ხელი მოხვია,აკოცა,ჩაემჭიდროვა ევასა,
მერე, რაც მოხდა,თქვენც იცით,
აღარ დავხარჯავ მელანსა,
მეც საქმეს თუ არ მივხედე,
ცოლი დამიწყებს წყევლასა. 
                           

***
ყულფიდან სხეულს თვითონ ჩამოხსნის,
ქედზედაც თვითონ დაიდგამს უღელს,
შეგუებული ბერის სამოსელს,
გაუგებრობის სიმშვიდეს უღრენს.
არ დაემონა  დროით კმაყოფილთ,
არყოფნის  ზღვარზე გაკიდულია,
დრო შეაჩეროს ძალა არ ყოფნის.
ხედავს, სამშობლო გაყიდულია.
ყვირის და ქვეყნად მშველელი არ ჩანს,
ზეიმობს,ლხინობს მეძავი მრუში,
რჩება ქვეყანა მრუდსა და ლაჩარს
და იმარხება სამშობლო გულში.
ცხოვრობს  მამულში,თითქოს მდგმურია,
რომ ცოცხლობს, იხდის ამისთვის ღალას,
საკუთარ ბედის უმადურია,
უბედურებას,ვერ ამხელს, მალავს.
ღმერთო, გვიშველე! ყოველ ცისმარე
ცას ევედრება, მუხლებზე ცოცვით,
მისი თვალები ცრემლებს ისხამენ
და  ღამდებიან მამულზე ლოცვით.


***
ავსებულია ხალხით პარტერი,
არუზრუზებულ ჭრელი ლოჟებით,
სად მოიძებნა შტერი ამდენი,
მოჩვენებითი,ყალბი ,,როჟებით“.
დაუბორკიათ თითქოს რაშები
და სცენისაკენ გაურბით თვალი,
შორს, ქანდარაზე სხედან ბავშვები,
ჩანს სილუეტი პოეტის მკრთალი.
და ეჩვენებათ სცენა ბარბაცებს,
ხალხი ტაშს უკრავს წარსულს და ყოფილს,
ბედნიერება გააზარმაცეს,
დასაპურებლად ხალხს ლექსი ყოფნის.
დრო გამოშვებით განაპერწკლდება
ლექსის  სტრიქონი დაკაწრავს ვნებებს,
თითქოს სიცოცხლე ახლა ეწყება
პოეზიაში სიახლის მძებნელს.
უფერულდება  ეს ყველა ფერი,
მოულოდნელად ეშვება ფარდა,
ხვდება პოეტი ეს ყველაფერი
დაუსრულებელ სინანულს ჰგავდა.


***
მღელვარებაში სიფხიზლე სახლობს,
წამზომი ფიქრს და ოცნებებს ითვლის,
სიკვდილისა და სიცოცხლის ახლოს
მარადიულად ვარსებობ, თითქმის.
დრო იფერფლება  და ვიწვი დროში,
ვარ  გაკიდული მიწიდან ცამდე,
მე უგვირგვინომ,ხელმწიფის როლში,
რამდენჯერ ცაზე  აფრენა ვცადე.
მუდამ  იმედის მონა- ერთგული,
ხშირად პატარა სითბოს ვყოფინობ,
უმეტესწილად ჩემს თავს ვენდური,
ბედნიერებით უკმაყოფილო.
ვრწყავ ფანტაზიით ცარიელ ფურცელს,
რომ სიბრძნედ იქცეს და აღმოცენდეს,
ვტოვებდე   სათქმელს წმინდად  უცვლელს,
დროს არსებობით რომ აოცებდეს.


***
ვერ  შევძელიგაკოცო და მიგატოვო,
შენ თუ გინდა, კი ბატონო.
ვარ უშენოდ, ერთად ყოფნა მევალება,
ჩემი ჩრდილი შენშია და მემალება.
შენგან გამომასახლე და ვერ შევძვერი...
ერთად ვიყოთ,ვერ შვძელი.
ვერ შვძელი შენთვის ხელის შეშველება,
მეშველება?! 
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge