გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სოსო სიგუა - ნიშანი და სიმბოლო

                                         
      სიმბოლო უძველესი დროიდან იღებს სათავეს, როცა ადამიანმა დაიწყო საგნების დამახსოვრება, მოვლენების მინიშნება, ფაქტებზე აქცენტირება, გამოცდილების შენახვა და გადანაწილება. თავიდან იგი იყო პაროლი, სიგნალი, რაღაც საიდუმლოს შენახვა და გადაცემა, რომელიც იცოდნენ ვიწრო წრეში. სიმბოლო იდეის პრასახეა. იგი უკავშირდება ალეგორიას, მეტაფორას, შედარებას, ეპითეტს, არქაულ დროში – ტოტემსა და ტაბუს, შემდეგ – ღმერთებსა და მხატვრულ-რელიგიურ აზროვნებას. ამიტომ ასრულებს დიდ როლს ხელოვნებაში, სადაც იდეები სურათებითა და მოქმედებით იკვეთება და იშლება, ასევე რელიგიაში, სადაც ნერგავს მისტიკურ რწმენას. სიმბოლო ემოციურ და ინტელექტუალურ აზრთა ნაკადს ანიჭებს წესრიგს, ფუნქციას, მიზანს. იგი განმასხვავებელი პოლივალენტური ნიშანია.
      “Simbolon” ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავდა ამოსაცნობ ნიშანს ბერძენთა საიდუმლო ორგანიზაციის წევრებისათვის, ე.ი. ჰქონდა პაროლის მნიშვნელობა. თავისი სიმბოლოები აქვთ სოციალურ ფენებს, რელიგიებს, სექტებს, სუბკულტურებს. ეს ჰგავს ერთ ანეკდოტს: გიჟებმა დანომრეს ანეკდოტები, რათა ერთი და იგივე ხშირად არ გაემეორებინათ. 2,5 თუ 10 ნომერი იყო კონკრეტული ანეკდოტი, რომელთა თქმა იწვევდა გახსენებას. ნომერი მათთვის იყო სიმბოლო თუ ნიშანი, რომლის საიდუმლო იცოდნენ ვიწრო წრეში და მხოლოდ აქ იწვევდა სიცილს. სხვისთვის კი ეს მართლაც გიჟის ქცევა იყო. საგანი მიაჩნდათ ღმერთად, ღმერთი – სიტყვად. მინიშნებათა გადაბმით სწვდებოდნენ ინფორმაციას, რომელიც მის წიაღში იგულისხმებოდა. იგი არ ითქმოდა, მისი არსებობა იცოდნენ და გრძნობდნენ. ასე მიეცა სიმბოლოს მისტიკური და საკრალური აზრი. როცა ველური ხატავდა მღვიმის კედელზე ნადირობის სცენებს, მას მხატვრობა კი არ აინტერესებდა, არამედ – მაგია, რომელიც გადმოსცემდა მომავალ სისხლიან სურათს და წარმატებაში დაეხმარებოდა. ის რეალობიდან სიმბოლოში გადადიოდა და სიმბოლო მიუძღოდა რეალობისაკენ, სიმბოლო იძლეოდა რწმენას, რწმენა – ძალას. ასევე იყო სიტყვა კონკრეტული საგნის ნიშანი, რომელსაც შიში ზებუნებრივ ძალას ანიჭებდა. ამიტომ იყო სამყაროში იმდენი ღმერთი, რამდენიც – საგანი. საგანთა სიმრავლე ნიშანთა (სიტყვათა) სიმრავლეა, ნიშანთა სიმრავლე – მრავალღმერთიანობა (პოლითეიზმი). ნიშანთა უნივერსალურ მნიშვნელობას ხაზს უსვამდა ჩარლზ პირსი. ემოციას იგი თვლიდა ნიშნად და საგნის პრედიკატად. ეს თვალსაზრისი ფერდინანდ დე სოსიურმა ლინგვისტიკაში გადაიტანა, ერნსტ კასირერმა – კულტურფილოსოფიაში. ფსიქიკურ არქეტიპთა, პირველად ნიშანთა გაშლა და უნივერსალიზებაა გილგამეში და ჰამლეტი, მოსე და ეკლეზიასტე, აქილევსი და ოდისევსი, დონ კიხოტი და დონ ჟუანი, მეფე ლირი და ფაუსტი. ავტორი პერსონაჟთა სახით თავისი განცდებისაგან თავისუფლდება და გადადის სიმბოლოში, ისევე როგორც ქურუმების ფანტაზია – ღმერთებში. აქილევსი, ოდისევსი, მოსე ბრძოლაა, გილგამეში, ეკლეზიასტე, ჰამლეტი – ფიქრი და ჭმუნვა, დონ კიხოტი – მოგზაურობა და ძიება, ფაუსტი – შემეცნება, ჯვარი, გრაალის თასი, თეთრი ვარდი, ცისფერი ყვავილი – მისტიკური იდეალები.
       ერნსტ კასირერმა ამიტომაც მიიჩნია ენა, რელიგია, ხელოვნება, მითოსი სამყაროს სიმბოლურ წარმოდგენებად, რომელთაც ყოველი ენობრივი წრე, ეთნოსი და რელიგია განსხვავებული ბგერებით, განსხვავებული სიტყვებით გადმოსცემს, თუმცა არსი ერთია. არსის უცვლელობა იძლევა თარგმანის საშუალებას. ადამიანი ცხოვრობს არა მხოლოდ რეალურ, არამედ – სიმბოლურ სამყაროშიც. ამ სიმბოლოებით ქმნის კულტურასა და ცივილიზაციას. დღეს მას ერთვის კომპიუტერის ვირტუალური სივრცე. მითს მნიშვნელობა ეძლევა მხოლოდ სიმბოლური ახსნის შემდეგ, სხვაგვარად იგი მარტივი ან ფანტასტიკური ამბავია. მითში აზრს ჩვენ როდი ვდებთ. უძველეს დროშივე, როცა მითი იქმნებოდა, იგი სწორედ სიმბოლური აზრით ითხზვებოდა. შემდეგ მითები რელიგიებმა გამოშიგნეს და აზრი დაუკარგეს, სიმბოლო წაართვეს. მხოლოდ მოგვიანებით დაუბრუნეს მითებს პირველადი, ინსტინქტური, პოლივალენტური აზრი. ერნსტ კასირერამდე მითების არსს განმარტავდნენ ბახოფენი და მორგანი, ტეილორი და ფრეზერი ფროიდი და იუნგი. ზიგმუნდ ფროიდი კულტურის საწყისს ხედავდა ლიბიდოურ ძალებში, სექსუალიზმის ტრანსფორმაციაში. სექსუალობის შეკავება, პირველადი ტრავმა, კულტურის დაწოლა წარმოშობს ნევროზებს, რომელთა აგრესიული ბირთვი არის ენერგია. იგი მოდის უძველესი დროიდან, როგორც კომპლექსი (მაგ., “ოიდიპოსის კომპლექსი”, “ელექტრას კომპლექსი”, “კასტრაციის კომპლექსი”). არტურ შოპენჰაუერისათვის ეს არის სიცოცხლის ნება, ფრიდრიხ ნიცშესათვის – დიონისური სტიქია, რომელიც მეტყველებს ზეკაცში და ნიშნავს ძალაუფლებისაკენ სწრაფვას, ალფრედ ადლერისთვის – “არასრულფასოვნების კომპლექსი” და უკავშირდება ძალაუფლების ნებას. როგორც ვხედავთ, იცვლება ცნებები, შემოდის ახალი ტერმინები, მაგრამ არსი ერთი და იგივეა – ეს არის სასიცოცხლო ძალთა სიმბოლიზება, მათი წაკითხვა და თარგმნა სიმბოლოთა სისტემით. იუნგმა ფროიდის კომპლექსები არქეტიპებით შეცვალა, რაც კაცობრიობის კულტურული გამოცდილების ნალექია. იგი ფსიქიკაში ფორმირებული უნდა ყოფილიყო უძლიერესი განცდებით, ტრავმებით, კომპლექსებით, სხვანაირად ვერ აღიბეჭდებოდა, ვერ დასტოვებდა მემკვიდრეობით ანაბეჭდებს. მაგრამ თავად არქეტიპიც ხომ სიმბოლოა. ეს არის სულის გენი, რომლის განვითარება იქცევა კულტურის სახედ, ფორმად, იდეად, ტიპად, როგორც კვერცხის ჩანასახიდან გამოდის ქათამი თუ არწივი. ჯერ სტრუქტურალისტებმა, შემდეგ სემიოტიკოსებმა არქეტიპის ადგილზე ჩასვეს ნიშანი, რომელიც უძველესი ანდა დაკარგული სიმბოლური კოლერატია. მათი კავშირი ქმნის სტრუქტურას, ფორმალურ და სემანტიკურ ერთეულებს. კულტურის სიმბოლური ინტერპრეტაცია ფარული აზრის პოვნაა, რაც საერთოა ყველა დონისა და ეთნოსისათვის. მისი საწყისია ქურუმების დაშიფრული სიბრძნე. ფსიქიკაში საგნები სიმბოლურად აისახება, სიგნალები და იმპულსები ტვინს ეძლევა კოდების სახით, რომელთაც ხსნის ცნობიერება. ასე აღიქმება სამყარო. ბუნებაში უშუალოდ არც ფერები არსებობს: საგნები ასხივებენ ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომლებიც არხევენ ჰაერს. ადამიანის თვალის ბადურა აღიქვამს ჰაერის რხევას ერგის ერთი მეათმილიონედიდან ერთ მეათიათასამდე. ეს რხევები გადაეცემა დიდი ტვინის ქერქის მხედველობის ცენტრს და ტალღის სიგრძის შესაბამის ფერად გარდაიქმნება. მაგ., წითელი ფერის ტალღის სიგრძე 760 მილი-მიკრონია, იისფერის – 360. შეიძლება ითქვას, რომ ვარსკვლავთა მსგავსად ფერიც ილუზიაა. იგი დამოკიდებულია განათების ხარისხსა და აღმქმელზე, რომელიც განასხვავებს ტალღების სიგრძე-სიმოკლის თამაშს. მაიმუნებიც ჩვენსავით აღიქვამენ ფერებს. მაგრამ ზოგი სახეობა (მაგ., გველი, კატა, ხარი) ფერებს ვერ არჩევს, ზოგიც მკრთალად განასხვავებს (მაგ., ძაღლი), ზოგ რუხ ფერში ხედავს ქვეყანას (მაგ., ლომი). იგივე ითქმის ბგერების, სუნის, საგნის სიდიდის აღქმაზე. მაგ., ცხენი 1,5-ჯერ დიდად ხედავს საგანს, ვიდრე ადამიანი. პლანეტების შესატყვის პატიოსან თვალთა (ფირუზი, ლალი, ზურმუხტი...) მეშვეობით განწყობილება ფერებში გადაჰქონდათ. ბედისწერის სიმბოლოდ მიაჩნდათ გემმა, ამულეტი, ბეჭედი.
         ისინი იდუმალებას ასხივებდნენ, პიროვნებას იცავდნენ ავი თვალისაგან, ავი სიტყვისაგან, განგების ბოროტი ნებისაგან. სიმბოლო ამბივალენტურიცაა. კოცნა სიყვარულსა და ერთგულებას ნიშნავს. მაგრამ ღალატსაც ნიღბავს (მაგ., იუდას ამბორი). ძველი ქალაქის სიმბოლოები იყო ტაძრები, ქანდაკებები, მოედნები, ჩუქურთმებიანი შენობები, გამზირები. ახლა მას ცვლის ქალაქი ცათამბჯენებით, ქალაქი–ბაღით, შუშის ფასადებით, მანქანების კოლონით, კომპიუტერით, მობილური ტელეფონით. ძველ კულტურას ჰკვებავდა მითოსურ-რელიგიური სიმბოლოები. ავანგარდისტებმა მათ შეუნაცვლეს უნიტაზი, ჯინსი, დაფლეთილი შარვალი, დროშის ნახევი თუ დალურსმული მაგიდა ანუ მოხდა რომანტიკულ-ჰეროიკულის ცინიკური დამდაბლება.
         ყველგან დომინირებს სახეობათა სუბიექტური ფაქტორი და არა ობიექტური რეალობა. არსებობს მხოლოდ ადამიანური ჭეშმარიტება და მშვენიერება. ხომ ლამაზია ტანმოხატული ვეფხვი, ხომ უშნოა ტალახში ამოგანგლული ღორი, მაგრამ ცხოველთათვის ან ფრინველთათვის არც ერთს აქვს მნიშვნელობა და არც მეორეს. მთავარია ძალა, შიშის ფაქტორი. ადამიანიც თავისი თვალთახედვით განსაზღვრავს სამყაროს და მას მიიჩნევს ობიექტურ რეალობად. კოდები, ნიშნები, სიმბოლოები სამყაროს შეგრძნებები და აღქმის პირველადი და ძირითადი საშუალებებია. მაგრამ თუ ადამიანებს, როგორც ერთიან ბიოლოგიურ სახეობას, ერთნაირი უნარი გააჩნიათ, განსხვავებულია და დიფერენცირებული, როგორც მეორადი, კულტურის აღქმა. როგორც ვნახეთ, ესეც მრავალ ფაქტორს უკავშირდება, რაც გვეძლევა ნიშანთა და სიმბოლოთა სისტემებად. ემბრიონის ქრომოსომებში ჩაწერილია ცოცხალი არსების მომავალი გეგმა, რაც იწვევს ბედისწერის ასოციაციას. ნიშანთა და სიგნალთა სისტემას ემყარება მათემატიკა, ინფორმაციის თეორია, ფორმულები, კიბერნეტიკული მოდელები, სატელეფონო კავშირები, სატელევიზიო და რადიოგადაცემები, კომპიუტერული პროგრამები, მოძრაობის წესები, ჟესტიკულაცია, მიმიკა. მათ სწავლობს სემიოტიკა, რომელიც შლის ზღვარს ტრადიციულ დისციპლინებს შორის, როგორც ზოგადი და გამაერთიანებელი მეცნიერება. ტრადიციულად შავი არის გლოვა, თეთრი – სინათლე და სილამაზე, მწვანე – გაზაფხული და აღდგომა, წითელი – სიყვარული და სისხლისღვრა, ლურჯი – მარადისობა. ბგერები იწვევენ ფერების ასოციაციებს. ფერები შეესაბამება ადამიანის გრძნობებს, განწყობილებას, ტემპერამენტს: შავი – მელანქოლიკს, ყვითელი – ქოლერიკს, წითელი – სანგვინიკს, თეთრი – ფლეგმატიკს. სირცხვილი და სიბრაზე წითელია, სევდა – ლურჯი და შავი, ეჭვი – მწვანე, ზოგი ფერი თბილია (მაგ., ყვითელი), ზოგი – ცივი (მაგ., ცისფერი). სიტყვა საგნის ნიშანია. მაგრამ როცა ეძლევა ინსტინქტური თუ ინტელექტუალური დატვირთვა, მაშინ იგი ხდება სიმბოლო. თავის მხრივ, სიმბოლოთა ინდივიდუალური გაშლა და განვითარება წარმოქმნის მხატვრულ სახეთა სისტემას – ფანტაზიის, წარმოდგენების, ასოციაციების ცვალებისა და განლაგების საფუძველზე. სიმბოლო აკავშირებს გარკვეულ ჯგუფს, მაგრამ ამასთანავე თიშავს უცხოსაგან, რომელიც გარეწრისაა. იგი გვანიშნებს, გვაძლევს ორიენტაციას, მოქმედების პაროლს (მაგ., ჯვარი ან სვასტიკა), იწვევს ემოციებს, გვიქმნის განწყობილებას. თუ სიმბოლოს არსი არ ვიცით, თუ მას არ განვიცდით, მაშინ იგი უბრალო, ჩვეულებრივი სიტყვაა. როცა განცდა ძლიერია, სიმბოლო იმორჩილებს ადამიანს (მაგ., ჯვარი ქრისტიანს) და საკრალურ მნიშვნელობას ღებულობს, თუნდაც დარჩეს სიტყვად და არ ჰქონდეს საგნობრივი სახე. მაგრამ იგივე ჯვარი მუსულმანისათვის უარყოფით განცდას იწვევს. ჰიტლერულ გერმანიაში სვასტიკა ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო იყო, სსრკ-ში კი – სძულდათ. ნიშანთა სისტემა ავლენს სამყაროს ნათესაურ სურათს, მათ მაკავშირებელ კოდურ ძალებს, უხილავსა და იდუმალს. ამ ძალთა წესრიგში ერთვება ადამიანი და აძლევს მას სასურველ მიმართულებას. თეორიული განზოგადების გარეშე ყოველდღიურ პრაქტიკაში ვაწყდებით სიგნალებსა და ნიშნებს, ემბლემებსა და ფიგურალურ გამოთქმებს. მათ შეიცავენ ფერები, ბგერები, ტანსაცმელი, ავეჯი, ტრანსპორტი, სამკაულები. ისინი არეგულირებენ ჩვენს არსებობას ისე, რომ ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ. მათ ემყარება მორალი, რიტუალი, ეტიკეტი. 
        ერთმანეთისაგან განსხვავებულია ქალისა და კაცის სამოსელი, სამხედრო და სამოქალაქო ფორმები, ქუდი, კოსტუმი, შარვალი, კაბა, ფეხსაცმელი. მათაც თავიანთი სტილი აქვთ – კლასიკური, სპორტული, რომანტიკული, ყოველდღიური. როგორც რელიგიების (მაგ., ბუდიზმის) ისე ბაროკოს, კლასიციზმის, როკოკოს სიმბოლოთა აზრობრივი პლასტები მწიგნობრული ასოციაციებით იყო შეთხზული. ისინი არ ამოდიოდნენ გრძნობადი სამყაროდან და ამიტომ ვერ გავრცელდა, დარჩა ვიწრო წრეში ან გონებაჭვრეტით, გულის გარეშე შექმნილ ტექსტებში. ჰამლეტი თუ დონ ჟუანი, დონ კიხოტი თუ ფაუსტი შეესაბამებოდნენ ფსიქიკურ ლტოლვებს, ცნობიერების მოძრაობას და ამიტომ იქცნენ საყოველთაო სიმბოლოებად. რაც შეეხება მხატვრული ტექსტის სტრუქტურას, აქ სიმბოლოები ღებულობენ ინდივიდუალურ გააზრებას, უერთდებიან ცხოვრების ნაკადს და თითქოს ახლად იბადებიან. ამასთან ერთად ითხზვება უამრავი ლოკალური სიმბოლო, რომლებიც ჩნდებიან და ქრებიან, უჩინრად არსებობენ და ავსებენ აზრობრივ სივრცეს, სიმტკიცეს სძენენ სიუჟეტსა და პერსონაჟთა ხასიათებს. მაგ., კონსტანტინე გამსახურდიას პროზაში ლაიტმოტივურად გაშლილი არქეტიპების, ტოტემების, პერსონაჟთა სიმბოლური ჰიპოსტასების სისტემა, გველისა და ვაზის კულტი, მწვანე ცხენი, სმარაგდი, წყლის სტიქია, დიონისე და ქრისტე, როგორც ფსიქიკაში დაძირული პრეისტორია. 
        უილიამ ფოლკნერის “ხმაურსა და მძვინვარებაში” – საათი დროის ცვლაა, მდინარე – ამ ცვალებადობის მატერიალიზება, ჩრდილი – ადამიანის ნაწილი, წარსულისა და აწმყოს სიმეტრია, სახარება – ოთხთავი – რომანის სტრუქტურული არქეტიპი. ჯეიმს ჯოისის “ულისეში” ასეთი არქეტიპია ჰომეროსის “ოდისეა”, ხოლო დუბლინელები – დეგრადირებული მოქალაქეები. სტივენ დედალუსი არის ტელემაქე, ქრისტე და შექსპირი, მერიონიპენელოპა და ქალწული მარიამი. რომანის სტრუქტურის სიმბოლიკაა ადამიანის სხეულის ნაწილები: ბიბლიოთეკა – ტვინი, ქუჩები – სისხლის მიმოქცევის სისტემა, ბლუმის საუზმე – თირკმელი; ეპიზოდებს შეესაბამება ხელოვნების დარგები: ბიბლიოთეკა – ლიტერატურა, ბარი – მუსიკა, პლიაჟი – ფერწერა; ეპიზოდებსა და პერსონაჟებს თავიანთი ფერი აქვთ: გასვენება – შავი და თეთრი, პლაჟი – მწვანე, სტივენი – თეთრი და ოქროსფერი. “ფინეგანის ქელეხში” უფრო დახლართულია სიმბოლური სტრუქტურა: ფინეგანი არის ირლანდიური ბალადის გმირი ტიმ ფინეგანი, გოლიათი ტიმ მაკული, ადამი, ნოე, ვოტანი, პრომეთე, დიონისე, კრიშნა, ბუდა, ოსირისი, კრომველი, წმ. პატრიკი. ტრაქტირის მეპატრონე კუზიანი დუბლინელის ირვიკერის სიმბოლური სახეა ინიციალი HCE, მისი მეუღლე ანა მარია პლურაბელი არის ევა, დემეტრა, იზიდა, იზოლდა, ღრუბელი, მდინარე ლიფი... წყალი ნაყოფიერება და ქალური საწყისია, ბანაობა – ნათლობა, საპონი – თილისმა, ტრამვაი – დრაკონი. 
        თომას მანის ჯადოსნური მთა მკვდართა სამეფოა, იოსების ბედი – კვდომადი და აღდგომადი ღმერთის ინიციაცია, ფრანც კაფკას გრეგორ ზამზას ხოჭოდქცევა – გაუცხოება და პროტესტი, დიმიტრი მერეჟკოვსკის ალექსეი – სამსხვერპლო კრავი, ფიოდორ სოლოგუბის ლუდმილა – აფროდიტე და ფურია, საშა – აპოლონი და დიონისე, გიორგი ლეონიძის ლირიკული გმირი – ყივჩაღი და ვეფხვი. სიმბოლურია “ვეფხისტყაოსნის” აღმოსავლეთი, პერსონაჟთა სახელები (მაგ., ტარიელი, ნესტან-დარეჯანი), ვეფხვის ტყავი, ქაჯეთის დამხობა, ინიციაციის გზა, ნესტანის გამოხსნა. ნიშანთა და სიმბოლოთა სისტემით არის რეგულირებული ჩვენი ფსიქიკა და ცნობიერება, შესაბამისად – კულტურის ყოველი სფერო, რაც აისახება ყოფით რეალობაში, ეკონომიკასა და სამართალში, პოლიტიკაში, სახელმწიფოებრივ რეგალიებსა და ინსიგნიებში, ეტიკეტსა და მორალში. ყოველ სუვერენულ სახელმწიფოს, აგრეთვე – ავტონომიურ ერთეულებს, აქვთ თავიანთი ატრიბუტიკა – გერბი, დროშა, ჰიმნი (ტექსტი და მუსიკა). ეს არის სხვათაგან განმასხვავებელი სიმბოლოები, რომლებშიც იკრიბება სპეციფიკური ეროვნული, ისტორიული და თანამედროვე ნიშნები. ისინი ფიქსირებულია კონსტიტუციაში. გერბი გამოსახულია სახელმწიფო დაწესებულებათა ბეჭდებსა და ბლანკებზე, შენობებსა და ფულზე; დროშა აღმართულია პრეზიდენტის, მთავრობის, საელჩოების შენობებზე, დღესასწაულის დროს კი გამოფენენ სხვადასხვა ორგანიზაციებისა და საცხოვრებელი სახლების შენობებზე. 
       ჰიმნი სრულდება საერთაშორისო შეხვედრებზე, სპორტულ შეჯიბრებებზე გამარჯვებულის პატივსაცემად. პარლამენტის სესიები იხსნება და იხურება ჰიმნის შესრულებით (მაგ., საგაზაფხულო და საშემოდგომო). გერბს, დროშასა და ჰიმნს ღებულობს პარლამენტი და ამტკიცებს პრეზიდენტი. ბრძოლაში დროშის წართმევა გამარჯვების ნიშანი იყო, დროშის დახრა გლოვას ნიშნავს. 1945 წლის 24 ივნისს მოსკოვში, წითელ მოედანზე გაიმართა გამარჯვების პარადი. ტრიბუნასთან ჩაატარეს სამხედრო ტყვეები და მთავარსარდლის წინ დაყარეს დამარცხებულ გერმანელთა დროშები. მონღოლები თავიანთ დროშას – სულდეს ქსოვდნენ ცხენის ძუისაგან; ეს იყო ტოტემური სულის მატერიალიზება, რათა ებრძოლათ მისი რწმენითა და სახელით. ბოლშევიკებს “წითლებს” ეძახდნენ, რადგან მათ წითელი დროშა მიიღეს სიმბოლოდ. იგი პირველად გამოჩნდა რუსეთში 1900 წლის 1 მაისს, როგორც რევოლუციის ანუ სისხლისღვრის სიმბოლო. წითელ ყელსახვევს ატარებდა პიონერი, წითელი იყო პასპორტი და პარტბილეთი, ორგანიზაციებს ჰქონდათ წითელი კუთხე, ქვეყანას ჰყავდა წითელი არმია. სსრკ-ის გერბზე გამოსახეს ნამგალი და ურო, რასაც შრომის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. ხოლო ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავი ითვლებოდა ხუთი კონტინენტის სიმბოლოდ, სადაც პროლეტარიატს უნდა გაემარჯვა ანუ სისხლი დაეღვარა. სსრკ-ის დაშლასთან ერთად გაქრა მისი სახელმწიფო ნიშნები, ემბლემები და სიმბოლოები, ურიცხვი დროშა და ბეჭედი. იგივე მოხდა თხუთმეტსავე საბჭოთა რესპუბლიკაში, მათ ავტონომიებში.
         საქართველოში ჯერ აღადგინეს დემოკრატიული რესპუბლიკის ატრიბუტიკა. ე.წ. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ესეც შეიცვალა. ახალ სიმბოლიკაში ერთმანეთის შერწყმა ქართულ-ისტორიული და ქრისტიანულ–კათოლიკური ნიშნები (მაგ., თეთრი დროშა წითელი ჯვრებით). სახელმწიფოს ახალ წყობილებას მოაქვს ახალი სიმბოლოები. ზღვიდან რომ ნიავი დაუბერავს, ეს ნიშანია, რომ მალე ტალღებიც წამოვა; მანქანა რომ სიგნალს იძლევა, ეს გაფრთხილებაა, რომ არასწორად გადადიხარ; ბინაზე ზარის ხმა გვაუწყებს, რომ ვიღაც მოვიდა; ქუდის მოხდა მისალმებაა, ისევე როგორც ხელის ჩამორთმევა; ცა ღრუბლით რომ დაიფარება, წვიმას ელოდები; გაღიმება კეთილგანწყობაა, ყვირილი – მრისხანება, ჩურჩული – საიდუმლოს გამხელა; გახარებული ძაღლი კუდს აქიცინებს, გაბრაზებული – კბილებს კრეჭს და იღრინება. სპეციალისტები მიმართავენ ცხოველთა და ფრინველთა ნიშანდებას, რათა გაირკვეს მათი მიგრაცია, დაკავებულ ტერიტორიაზე გადაადგილება, სიცოცხლის ხანგრძლივობა. ცხენს დაღავენ, ძაღლს ყელსაკიდს უმაგრებენ, საქონელს ყურზე რკინის ნიშანს უკეთებენ ან რქაზე ნომერს ამოსწვავენ. ძაღლი მიაშარდავს ხეზე და ასე შემოხაზავს თავის ტერიტორიას (შდრ – ხეების შემოკოდვა გიორგი წერეთლის “რუხ მგელში”). ჰიტლერის საკონცენტრაციო ბანაკში ადამიანი იყო ნომერი. სამრეწველო პროდუქციას ახლავს თავისი საინფორმაციო ნიშნები, ტრანსპორტს აქვს სახელი და ნომერი. ერთი სიტყვით, სიგნალი და ნიშანი რაღაც ფაქტს გვაუწყებს, ამახვილებს ჩვენს ყურადღებას, გამოარჩევს უსახური სიმრავლიდან, გამოყოფს სივრციდან და ასე ეძლევა საგანს თუ მოქმედებას ინდივიდუალური სახე. ეს კი იწვევს აზრისა და განწყობილების კონცენტრირებას, აქცენტს აძლევს მიმართულებას. მაგ; ქრისტიანული ხატების სიმბოლიკა – ღვთისმშობელი ყრმითურთ, საიდუმლო სერობა, სვლა ჯვრით გოლგოთისაკენ, ჯვარცმა, იესოს ცად ამაღლება. 
         ბიზანტიაში იმიტომ ებრძოდნენ ხატებს, რომ სურათს არ შეუძლია სრულად გადმოსცეს საკრალური. ეს შეუძლია ნიშან-ინდექსს, ნიშანსიმბოლოს. რეალობა უთვალავი პირობითი ნიშნისა და სიმბოლოსაგან შედგება, რომელიც აწესრიგებს ცხოვრებას, ადამიანთა ურთიერთობას, მოქმედებას (მაგ., ტრანსპორტის მოძრაობის ნიშნები). როგორც სიმბოლო, ისე ნიშანი, სიგნალი, ემბლემა შეთანხმებით იძენს აზრს. მაგ., დიდ ბრიტანეთში სხვაგვარად მოძრაობს ტრანსპორტი, ვიდრე უმრავლეს ქვეყნებში. თუ ეს არ იცი, მანქანას ვერ მართავ. ასო ბგერის ნიშანია, მაგრამ თუ ენა არ იცი, თუ არ გესმის სიტყვის მნიშვნელობა – ნიშანი აზრს კარგავს. ნიშანი და სიგნალი დიდ როლს ასრულებს ცივილიზაციაში, სიმბოლო – კულტურაში. ისინი აგრძელებენ არქაულ ტრადიციებს, ოღონდ დაკარგეს საკრალური მნიშვნელობა. 
         დაკარგული აზრი თავს იმალავს სიმბოლოებში, როგორც მთვარე ღრუბლებში. ნიშნების, სიგნალებისა და სიმბოლოების მათემატიკური მოდელირებით შესაძლებელი გახდა მართვის სისტემებში ინფორმაციის უწყვეტი, ხან წყვეტილი მიღება, გადამუშავება, შენახვა, გადაცემა, რამაც მისტიკური სივრცე კომპიუტერის ვირტუალურ რეალობად აქცია.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ლალი ციპი მიხაელი - ლექსები ლალი ციპი მიხაელი - ლექსები ჟურნალი / სტატიები / პოეზია / მომხმარებლები იოსებ ჭუმბურიძე - ორი აზრი ერთ ქანდაკებაზე იოსებ ჭუმბურიძე - ორი აზრი ერთ ქანდაკებაზე ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები შოთა ბოსტანაშვილი - სივრცის პოეტიკა. კრიტიკული დისკურსი - ვიხსენებთ ბრწყინვალე მოაზროვნეს  (1948-2013) შოთა ბოსტანაშვილი - სივრცის პოეტიკა. კრიტიკული დისკურსი - ვიხსენებთ ბრწყინვალე მოაზროვნეს (1948-2013) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული თორნიკე სანიკიძე  -  მარადიულობის პრობლემა და კოსმოლოგიური კრეაციონიზმი თორნიკე სანიკიძე - მარადიულობის პრობლემა და კოსმოლოგიური კრეაციონიზმი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / ფიზიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ ჟურნალი / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge