გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ბადრი ფორჩხიძე - ნეოლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივი წანამძღვრები

       ნეოლიბერალიზმი გახლავთ პოლიტიკურ-ეკონომიკური ფილოსოფიის დოქტრინა, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ჩარევას (ინტერვენციას) ადგილობრივ ეკონომიკაში. ის უმთავრეს აქცენტს აკეთებს თავისუფალ საბაზრო სისტემაზე და ისეთი სახის მეთოდებზე, რომლებიც ექვემდებარებიან მინიმალურ შეზღუდვებს საწარმოთა ფუქციონირებაში და შესაბამისად, ნაკლებ ჩარევას საკუთრების უფლებებში. ნეოლიბერალიზმის პრიორიტეტი, საგარეო პოლიტიკის სფეროში,   არის უცხოეთის ბაზრების გახსნა სხვადასხვა პოლიტიკურ-დიპლომატიური და ეკონომიკური რეგულაციის მეთოდებით, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ინტერვენციის ფორმით. საერთაშორისო ბაზრების გახსნაში იგულისხმება თავისუფალი ვაჭრობის უზრუნველყოფა და მუშახელის კლასიფიკაცია, სპეციალიზაციის მიხედვით. ნეოლიბერალიზმი, ისეთი მსხვილი, მულტილატერული ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი, პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს ცალკეულ სახელმწიფოებზე, რომლებიც ე. წ. ახალი გლობალური მსოფლიო წესრიგის კარნახს არ ემორჩილებიან. ის ასევე პროპაგანდას უწევს ეროვნული მთავრობების წარმმართველი როლის მინიმუმამდე დაყვანას; კორპორაციული ეფექტურობის მისაღწევად კი, ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა უკიდურესად შეკვეცოს ადგილობრივი პროფკავშირების ზეგავლენის შესაძლებლობები, მინიმალური ხელფასის სასაზღვრო ნიშნულის დადგენისა და მუშახელის კოლექტიური შეთანხმების საკითხში.
       ნეოლიბერალიზმი შეუთავსებადია როგორც სოციალიზმთან საერთოდ, ასევე კონკრეტულ სახელმწიფოებრივ პროტექციონიზმთან. პრაქტიკულად ცდილობს შეზღუდოს და  შეაფერხოს მწვანეთა მოძრაობის გააქტიურება უმსხვილეს საბაზრო კომუნიკაციებში. პროტექციონიზმს, როგორც ასეთს, დეკლარირებულად  არ უარყოფს, თუმცა მას იყენებს როგორც ერთგვარი ზეწოლის მეთოდს, დიპლომატიურ ურთიერთობებში, რათა აიძულოს უცხო ქვეყნები, მოახდინონ საკუთარი ბაზრის ლიბერალიზაცია. ნეოლიბერალიზმი წინააღმდეგობაში მოდის აგრეთვე ისეთი სახის პოლიტიკურ და იდეოლოგიურ შეხედულებებთან, რომლებიც მოითხოვენ თანასწორუფლებიან ვაჭრობას და იმგვარ მოძრაობათა ინიცირებას ახდენენ, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეკონომიკაში, პრიორიტეტულად აცხადებენ მუშახელის უფლებებსა და სოციალურ თანასწორობას.
        სანამ გადავალთ ძირითად საკვანძო საკითხზე, მანამ მიზანშეწონილია მცირე ექსკურსის გაკეთება, ლიბერალიზმის კლასიკური გაგების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლების მხარდამჭერ პოლიტიკურ იდეოლოგიას და ისტორიულად დამკვიდრებულ განმანათლებლობის ტრადიციას. მის უმთავრეს პრინციპებად დეკლარირებულია წარმომადგენლობითი დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ეკონომიკური თავისუფლება. კლასიკურ ლიბერალიზმს საფუძველი ჩაეყარა მე-19 საუკუნის ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მართალია, კლასიკური ლიბერალიზმი აგებული იყო მე-18 საუკუნის მიწურულის ევროპული განმანათლებლობის იდეებზე, თუმცა, პოლიტიკურ რეალობაში იგი მხარს უჭერდა კონკრეტული სახის საზოგადოებას, მთავრობას და საჯარო პოლიტიკას, სამრეწველო რევოლუციისა და ურბანიზაციის ტოტალური გამოწვევის საპასუხოდ. კლასიკური ლიბერალიზმის განვითარებაში თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს:  ჯონ ლოკმა, ჟან ბატისტ სეიმ, თომას რობერტ მალთუსმა და დევიდ რიკარდომ. მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიმართულებაზე გავლენა მოახდინა აგრეთვე, ადამ სმიტის ეკონომიკურმა შეხედულებებმა და ბუნებითი სამართლის ფილოსოფიამ, იერემია ბენტამის უტილიტარიზმმა და გაცილებით უფრო გვიან, მოდერნულმა პროგრესივისტულმა იდეებმა (Dickerson 2009; 129).
      კლასიკური ლიბერალიზმის პოლიტიკურ-ფილოსოფიური კონცეფცია იმთავითვე დაუპირისპირდა რეალიზმის რაციონალურ თეორიას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოები ემყარებიან რაციონალური ეგოცენტრიზმის პრინციპს, რაც გულისხმობს სხვა სახელმწიფოებთან რეგულირებადი თანამშრომლობის  პრაგმატულ შეზღუდულობას, საკუთარი ძირეული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. ამის საპირისპიროდ, ლიბერალიზმი აბსოლუტურ ნდობას უცხადებს ადამიანის ინდივიდუალურ პოტენციალს, მისი გონებრივი განვითარების უსაზღვრო პერსპექტივას, რომელზე დაყრდნობითაც გამოხატავს თავდაჯერებულ რწმენას, სახელმწიფოებრივი ჩარჩოებისა და ფარგლების გადალახვის გზით, განახორციელოს საერთო საკაცობრიო კეთილდღეობისა და ჰარმონიული თანაცხოვრების ჰუმანური იდეალი.
     საერთაშორისო ურიერთობებში ლიბერალიზმის იდეოლოგიური ჩამოყალიბება და განვითარება უკავშირდება თანამედროვე ლიბერალური სახელმწიფოების აღორძინებას, რომლის თეორიული ბაზის შემზადებას ხელი შეუწყვეს ლოკის, ბენტამისა და კანტის მიერ ინიცირებულმა სოციალურ-პოლიტიკურმა და მორალურ-ეთიკურმა თვალსაზრისებმა. კლასიკური რეალიზმისაგან განსხვავებით, ლიბერალიზმი გადაჭარბებულ ნდობას უცხადებდა ადამიანის დადებით თვისებებს და მიიჩნევდა, რომ განმანათლებლური ზემოქმედებისა და პედაგოგიური აღზრდის საგანგებოდ შემუშავებული მეთოდების გამოყენებით, შესაძლებელი გახდებოდა ყველა სახის უარყოფითი მახასიათებლების დაძლევა და სრული აღმოფხვრა. მათი გაგებით, ამის განხორციელება მოხდებოდა ადამიანური გონების რაციონალური საქმიანობის ხარჯზე, რაც მკაფიოდ აისახებოდა საერთაშორისო საქმიანობაშიც.
ადამიანის რაციონალობის ლიბერალური გაგება მდგომარეობს საზოგადოების წევრთა კოლექტიური ინტერესების არსებობაში, რომელთა მისაღწევად, ისინი აწარმოებენ მუდმივ კომუნიკაციას, დიალოგისა და ურთიერთ ხელსაყრელი თანამშრომლობის პრინციპით. ეს გახლავთ ბუნებრივი თანაცხოვრების საზოგადოებრივი მექანიზმი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია, არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანთა ურთიერთობა, არამედ საერთაშორისო დონეზე, სახელმწიფოებრივი ურთიერთდამოკიდებულება და თანამშრომლობა, რომელსაც, მათი რწმენით, მოაქვს საერთო სარგებლობა ყველასათვის. ასეთი მიდგომა ძირეულად ეწინააღმდეგება კლასიკური რეალიზმის თეორიულ შეხედულებებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოები, წმინდა პრაგმატული მოსაზრებით, ავლენენ რაციონალური ეგოიზმის მისწრაფებას, რაც ითვალისწინებს შეფარული ქმედების შედეგად გაანგარიშებული მოგების და სარგებლობის ცალმხრივ სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს, რაც ამავდროულად გვევლინება აქტიური თანამშრომლობის შემაფერხებელ გარემოებად. ამ ყველაფერს ლიბერალიზმი აღიქვამს როგორც ირაციონალურ შიშებს, რომლებიც, მათივე რწმენით, დაძლევადია და ამ დაძლევის შედეგად მიღწეული იქნება ზოგადსაკაცობრიო პროგრესი. ყველა კატეგორიის ლიბერალი  ერთნაირად იზიარებს საყოველთაო პროგრესის იდეას, თუმცა ისინი არაერთგვაროვნად მსჯელობენ იმ სირთულეებსა და დაბრკოლებათა გადალახვის პერსპექტივებზე, რომლის გადალახვაც მოუწევს კაცობრიობას, აღნიშნული პროგრესის გზაზე.
        ასევე რადიკალურად განსხვავებულია, ლიბერალთა მოსაზრებები, რეალიზმის მიმდევართა შეხედულებებისგან, სახელმწიფოს საკითხთან მიმართებაშიც. თუ რეალიზმის თანახმად, სახელმწიფო წარმოადგენს ძალმომრეობის იურიდიულად სანქციონირებულ სოციალურ-პოლიტიკურ და სამართლებრივ სისტემას, ლიბერალები სახელმწიფოს განიხილავენ, როგორც კონსტიტუციურ წარმონაქმნს, რომელიც ადგენს კანონის უზენაესობას და იღებს ვალდებულებას, მისი უზრუნველყოფის შესაბამის პირობებსა და გარემოებებზე. მაგალითად, იერემია ბენტამის სწავლების მიხედვით, აღნიშნული პრინციპების განუხრელი დაცვა სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს პატივი სცენ ერთიმეორეს და საერთაშორისო სამართლის კონვენციურად დაფუძნებულ ნორმებს, რაც გახლავთ ურთიერთანხმობისა და ორმხრივად თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის საფუძველი (Bentham 1843; 85-89). ამიტომაც ითვლება იგი ლიბერალური თეორიის ერთ-ერთ ფუძემდებლად, რამდენადაც მან, პირველმა გამოიყენა საერთაშორისო სამართლის ცნება. ბენტამის მოსაზრება კიდევ უფრო ღრმად და ფართო მნიშვნელობით იქნა წარმოჩენილი იმანუილ კანტის მიერ, რომელიც იმედოვნებდა, რომ კონსტიტუციონალიზმის ერთგულების დამცველი სახელმწიფოების ერთიანი ძალისხმევით, საბოლოოდ დამყარდებოდა ე. წ. სამარადჟამო მშვიდობა (Кант 1994; 12-28).     
      სინამდვილეში, ამჟამინდელი მსოფლიოც, ისევე როგორც წინანდელი და მოსალოდნელი, მშვიდობიანი მდგომარეობისგან იმაზე უფრო დიდი მანძილითაა დისტანცირებული, ვიდრე ლიბერალიზმის ზემოთაღნიშნულ, ავტორიტეტულ მამებს წარმოედგინათ. რაც უფრო იზრდება დასავლური ზესახელმწიფოებრივი  სამხედრო-პოლიტიკური ძალაუფლების ჰეგემონია, კონტინენტური რეგიონების მთელ სიბრტყეზე, აღმოსავლეთით და სამხრეთით, მით უფრო ინტენსიურად იკიდებს ფეხს საერთაშორისო ტერორიზმი. თუმცა ყოველივე ამის მიუხედავად, ლიბერალური იდეოლოგიის კრედო კვლავინდებურად ძალაში რჩება: ტექნოკრატიული ცნობიერების მიერ ინიცირებული მოდერნიზაციის პროცესი აღიარებულია, როგორც ერთადერთი უალტერნატივო გზა კაცობრიობის პროგრესისა, ადამიანური ყოფა-ცხოვრების ყველა სფეროში. 
       მხოლოდ მოდერნიზებული ინტეგრაციის გლობალურ ქსელშია შესაძლებელი მჭიდრო საზოგადოებრივი თანამშრომლობის უკიდეგანო ასპარეზის უზრუნველყოფა.  ლიბერალური და ნეოლიბერალური დოქტრინის აპოლოგეტთათვის სადაო არაა განსხვავებულ კულტურათა და სოციუმთა ტოტალური შერწყმის, ეკონომიკური კავშირურთიერთობისა და მმართველი ინსტიტუციების იერარქიულად კონტროლირებადი სინთეზის პერსპექტივა; მათთვის გასარკვევი და დასაზუსტებელია მხოლოდ დასახული ამოცანების ტაქტიკურ ღონისძიებათა ეტაპები, მათი ტექნოლოგიური რეალიზაციის პირობები და მექანიზმები. მიუხედავად, ერთიანი სტრატეგიისა, ლიბერალიზმის იდეოლოგია წრმოდგენილია რამდენიმე განშტოების სახით, რომელთა შორის, იკვეთება ე. წ. დემოკრატიული მშვიდობის თეორია, გლობალური უსაფრთხოების თეორია, სოციოლოგიური ლიბერალიზმი, ურთიერთდამოკიდებულების თეორია და ინსტიტუციური ლიბერალიზმი. დასახელებული განშტოებებიდან, ყველა მათგანმა ერთნაირი წარმატებით ვერ დაიმკვიდრა ადგილი საერთაშორისო პოლიტიკური კონკურენციის ინტელექტუალურ სივრცეში, ვინაიდან რეალიზმის კლასიკური პოლიტიკური დოქტრინების მხრივ, წააწყდნენ დამანგრეველ კრიტიკას და შეუვალ გნოსეოლოგიურ არგუმენტაციას. რაც შეეხება დანარჩენ მათგანს, მათ მოახერხეს ადაპტაცია თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკურ ურთიერთობებში და გადაიქცნენ, საერთაშორისო საზოგადოებაზე, ფართო და მრავალფეროვანი  ზემოქმედების პროპაგანდისტულ საბაზო ცენტრებად.
        ერთერთი ასეთი გავრცელებული და პოპულარული გახლავთ სოციოლოგიური ლიბერალიზმი, რომლის ძირითადი და ამოსავალი იდეოლოგიური პლატფორმა განისაზღვრება არა მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ანალიზით და შეფასებით, არამედ მოიცავს ტრანსნაციონალურ კავშირებსა და მიმართებებს, რაშიც წარმოდგენილნი არიან ცალკეული, მეტნაკლებად პოპულარული პიროვნებები პოლიტიკაში, ბიზნესში, შოუ-ბიზნესში, მასმედიასა და სოციალურ ქსელებში, ასევე ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, სუბკულტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მოღვაწეობენ და ფუნქციონირებენ სხვადასხვა ქვეყნებში. ისინი არ ექვემდებარებიან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების რეგლამენტით გათვალისწინებულ მოცემულობებს და ცდილობენ, ოფიციალური სტრუქტურებისა და რგოლების გვერდის ავლით, იქონიონ მჭიდრო კონტაქტები და საქმიანი თანამშრომლობისპრაქტიკული საშუალებები. ამ მიმართულებით, ის აქცენტს აკეთებს ისეთი ტიპის აქტივობებზე და აქტორებზე, რომლებიც ცდილობენ ახლებური ორიენტირებისა და ღირებულების დამკვიდრებას, „საზოგადოებრივი პლურალიზმის“ შესატყვისი ტერმინით და დევიზით. თანამედროვე ამერიკელი სოციოლოგის, ჯეიმს რუზენაუს განმარტებით, ტრანსნაციონალური ურთიერთობები გახლავთ ისეთი უნივერსალური კავშირები და შესაძლებლობანი, რომლებიც მკვეთრად აღემატებიან  სახელმწიფოთა შორის დამყარებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებით გათვალისწინებულ შედეგებსა და მოცემულობებს; ამ გზით იქმნება სრულიად ახლებური საზოგადოებრივი ფორმირებანი, რომლებიც არა მხოლოდ თანაცხოვრობენ ცალკეულ სახელმწიფოებთან ერთად, არამედ ბევრ შემთხვევაში, სერიოზულ კონკურენციას უწევენ მათსავე სახელმწიფოებს (Rosenau 1980; 109). ტრანსნაციონალურ ურთიერთობათა__„ობობას ქსელის“ სახელწოდებით გავრცელებული ერთობ მნიშვნელოვანი   მოდელი შემოგვთავაზა ასევე ცნობილმა თანამედროვე ამერიკელმა სოციოლოგმა, ჯონ ბარტონმა, რომელმაც ფოკუსირება მოახდინა სახელმწიფოს იმ შემადგენელ ნაწილებზე, რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვაგვარი კავშირურთიერთობები და ინტერესები. ასეთთა შორის სახელდებიან: რელიგიური ჯგუფები, ბიზნეს წრეები, პროფესიული კავშირები და სხვა. ამ სქემას ის უპირისპირებს რეალისტური სკოლის წარმომადგენელთა მიერ აპრობირებულ „ბილიარდის ბურთის“ მოდელს, რომელიც სახელმწიფოთა თანამეზობლობას და ურთიერმიმართებას ადარებს ბილიარდის ბურთების მწკრივებს, სადაც თითოეული მათგანი განასახიერებს ერთიან და მყარ სახელმწიფო სტრუქტურულ  თავისებურებას; ბრაიტონს სურს დაგვარწმუნოს „ობობას ქსელის“ ტრანსნაციონალური მოდელის უპირატესობაში, რომლისთვისაც პრიორიტეტული გახლავთ განსხვავებულ საზოგადოებრივ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს შორის ხელსაყრელი ინტერესთა თანხვედრა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, ანტაგონიზმსა და კონფლიქტებთან შედარებით (Burton 1993; 181-183). აღნიშნული ავტორების მიერ შემოთავაზებულ თეორიებში ვლინდება პიროვნულ ინდივიდთა დამოუკიდებელი ქცევის იმ შესაძლებლობათა დინამიკა, რომელიც მათი პრაქტიკული პოტენციალისა და განათლების მაღალი დონის გათვალისწინებით, არა თუ არ ექვემდებარება სახელმწიფოს სისტემის ზემოქმედების ფუნქციებს, არამედ გარკვეულ კონკურენციასაც უწევს მას მაკრო დონეზე. ასეთი სახის ინდივიდთა მიერ განხორციელებულ ოპერაციებს სულ უფრო მზარდი გავლენა აქვთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ასე, რომ ცენტრალიზებული სახელმწიფოებრივი მართვის მექანიზმები მართალია, კვლავინდებურად ძალაში რჩება, თუმცა მასთან ერთად თანაარსებობს მულტი-ცენტრული მსოფლიო, რომელიც განისაზღვრება, სახელმწიფოს სტრუქტურებისგან თავისუფალ ინდივიდთა და ცალკეულ კოლექტიურ დაჯგუფებათა მიერ, რომლებიც იმყოფებიან კონკურენტუნარიან დამოკიდებულებაში ცენტრალიზებულ სახელმწიფო სტრუქტურებთან და სახელმწიფო სუვერენიტეტით შეზღუდულ აქტორებთან. რუზენაუს აზრით, ამგვარი პლურალისტური სამყარო, რომელიც შედგება ტრანსნაციონალური ქსელებისაგან, უფრო წარმატებული, ნაყოფიერი, ეფექტური და მშვიდობიანია, ვიდრე თავისთავად აღებული სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, თუმცა იქვე ანგარიშს უწევს იმასაც, რომ ეს შესაძლოა გახდეს არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამომწვევი მიზეზი, რადგან იგი ეწინააღმდეგება  სახელმწიფოთა ტრადიციული კეთილმოწყობის პრინციპებს. ამის მიუხედავად, მაინც იმედოვნებს, რომ მსგავსი ტიპის კონფლიქტები ომამდე არ მიგვიყვანს, ვინაიდან რაც უფრო მრავალრიცხოვანი იქნება ე. წ. კოსმოპოლიტანი პიროვნებანი, რომლებიც წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებსა და გაერთიანებებში, არ მისცემენ თავიანთ სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ სისტემებსმათი ანტაგონისტურ ბანაკებად დაყოფისა და გადამტერების საშუალებას. ამგვარად, სოციალური ლიბერალიზმი ცდილობს ინდივიდთა ტრანსნაციონალური კავშირები და მათ მიერ კონსტრუირებული ალტერნატიული თანამშრომლობის ინტერესთა ინიციატივები, ამა თუ იმ ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და მათ სასიცოცხლო ინტერესებზე მაღლა დააყენონ, რაც განისაზღვრება სახელმწიფოთა ექსკლუზიური ურთიერთობის შეზღუდულობით და მასთან შედარებით, ინდივიდთა ტრანსნაციონალურ, ინკლუზიურ ურთიერთობათა მკვეთრი მრავალფეროვნებით, ეფექტურობითა და დინამიურობით, რაც უზრუნველყოფს მშვიდობიანი მსოფლიოს ნანატრ მომავალს.
        რაც შეეხება ლიბერალური ურთიერთდამოკიდებულების თეორიას, მასში მოიაზრება მთავრობები და ხალხები, რომლებიც მტკივნეულად განიცდიან სხვა ქვეყნებში მომხდარი პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმების ზეგავლენას. ამ თეორიაში ერთობ პოპულარული გახლავთ „პეპელას ეფექტი“, რომელიც ერთობ პოპულარული გამონათქვამის მიხედვით, პეპლის აფრენა ერთ ქვეყანაში იწვევს მეორე ქვეყნის ქარიშხალს. ამ თეორიის მიხედვით, აზიის, აფრიკის, ევროპის, ავსტრალიისა და ამერიკის ორივე კონტინენტი თავისებურად განიცდის ყველა იმ სახის ზეგავლენას, რაც გამოწვეულია რომელიმე რეგიონში მიმდინარე  მოვლენების მკვეთრი ცვლილებით. აღნიშნული თეორიის ავტორები არიან ჯოზეფ ნაიმი და რობერტ კიოჰანი, სწორედ მათ ჩამოაყალიბეს კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია, გასული საუკუნის საერთაშორისო სოციალურ მეცნიერებებში გახმაურებულ ნაშრომში: „ძალა და ურთიერთდამოკიდებულება“(1977) (Keohane; Nye 1977). მათი აზრით, მეოცე საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობები, შეიძლება დავყოთ, მეორე მსოფლიო ომამდე და და ომის შემდგომი პერიოდის ორ დიამეტრულად განსხვავებულ სტადიად: პირველ სტადიაში, საერთაშორისო პოლიტიკური მოლაპარაკების მაგიდასთან, კონფლიქტურ დამოკიდებულებაში მყოფი ქვეყნების ლიდერთა მოლაპარაკებისას, საბოლოო და  გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა სამხედრო ძალის გამოყენებას, რამდენადაც სამხედრო ძალის ფაქტორი ასოცირდებოდა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თვითგადარჩენის საკითხში,  „დიდ პოლიტიკასთან“, ხოლო ეკონომიკისა და სოციალური საკითხები, რომელსაც დაქვემდებარებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, „მცირე პოლიტიკასთან“. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვითარება მკვეთრად შეიცვალა და საერთაშორისო პოლიტიკურ სივრცეში თანდათანობით ჩამოყალიბდა კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების ეპოქა, სადაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზრუნვის ამოცანამ თანდათანობით  უკანა პლანზე გადაიწია და საერთაშორისო თანამშრომლობის ეკონომიკურმა, სოციალურმა ინტერესებმა მოწინავე პოზიციები დაიკავა. ხსენებული ავტორების აზრით, აღნიშნული მოვლენა განპირობებული იყო ორი ძირითადი მიზეზით, პირველი მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ თანამედროვე ეტაპზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობა აღარ განიხილება, როგორც მარტოოდენ მათი ლიდერების მიერ წარმოებულპოლიტიკურ მოლაპარაკებად და მიღწეულ შეთანხმებად; მეორე მიზეზი კი გულისხმობს მრავალი სახის ურთიერთობას, რომელიც მყარდება ცალკეულ ადამიანებსა და ადამიანთა ჯგუფებს შორის, სახელმწიფოებრივი ურთიერთობების გვერდის ავლით. ასეთ ვითარებაში, სამხედრო ძალის გამოყენებას პრიორიტეტი ნაკლებად ენიჭება, სამაგიეროდ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთი ტიპის რესურსს, როგორიცაა დიპლომატიური მოლაპარაკების წარმოების უნარ-ჩვევები. ამასთნავე დემოკრატიული სახელმწიფოები ეროვნულ უსაფრთხოებასთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და საერთო სოციალური ინტერესების სფეროს; ამდენად, მათი აზრით, რეალიზმის დოქტრინისაგან განსხვავებით, კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია წარმოადგენს უსაფრთხო და მშვიდობიანი მსოფლიოს გარანტორს (Keohane; Nye 1977; 155-157).
       კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულებანი განისაზღვრებიან გრკვეული ტიპის სოციალურ-პოლიტიკური ინსტრუმენტებით, რომელთაგან ყველაზე უფრო ხელშესახები გახლავთ: ტრანსნაციონალური სუბიექტები და აქტორები, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები და ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ინტერესების განხორციელებას, სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად. კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების სისტემაში ძალა და ლიდერობა განისაზღვრება კულტურული და ეკონომიკური დარგების განვითარების შესაბამისად, რისი ნიმუშიც გახლავთ დანია და ნორვეგია, იმის და მიხედვით, რომ მათ ეკუთვნით აღიარება სავაჭრო და გადაზიდვის ტრანსპორტის ბიზნესში, მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნიათ  მოწინავე იარაღით აღჭურვილი სამხედრო-საზღვაო ფლოტი. ამასთან ერთად, ავტორები აღნიშნავენ იმასაც, რომ კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება არ არის ჰომოგენური ხასიათის, რამდენადაც ის ჯერჯერობით, ვრცელდება მსოფლიოს გარკვეულ რეგიონებზე და არა ყველგან, როგორიცაა დასავლეთ ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, იაპონია, ავსტრალია და ახალი ზელანდია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მსგავსი ტიპის ურთიერთდამოკიდებულებანი ახასიათებთ დემოკრატიულ, ლიბერალურ და პლურალისტური აზროვნების წამახალისებელ სახელმწიფოებს, რომელთა დომინირების როლი, მოდერნიზაციის პროცესის პარალელურად, თანდათანობით უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური ხდება. მოდერნიზაციასთან დაკავშირებით, დასახელებულ ავტორთა მიერ საგანგებოდ შეიქმნა უახლესი ნაწარმოები, რომელიც წარმოადგენს მითითებული ნაშრომის ლოგიკურ გაგრძელებას და გამოცემულ იქნა სტატიის სახით, ჟურნალ საგარეო ურთიერთობებში, სათაურით: „ძალა და ურთიერთდამოკიდებულება საინფორმაციო საუკუნეში“(1998). მოცემულ სტატიაში გატარებულია თვალსაზრისი იმის თაობაზე, რომ ახალ ეპოქაში საინფორმაციო ტექნოლოგია გახდება ყველაზე საჭირო და განმსაზღვრელი რესურსი, რითაც საფუძველი ეყრება ე. წ. საინფორმაციო რევოლუციის ხანას, რომელიც ჯერჯერობით საწყის ფაზაშია, თუმცა უკვე მან ძლიერი ზეგავლენა მოახდინა კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების რამდენიმე მახასიათებელზე. ამ მახასიათებლებიდან ერთერთია საერთაშორისო სოციალური კავშირები და კომუნიკაციები, რომელმაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზემოქმედების ძალით გამოიწვია სამხედრო ძალის ფაქტორის შესუსტება, ამ უკანასკნელმა კი შესაბამისი ასახვა ჰპოვა ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფოებრივი ინტერესის განელების საკითხში, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში, სულ უფრო ნაკლები მნიშვნელობის მატარებელია. ასეთი სახის მეტამორფოზი გამოწვეულია ინტერნეტისა და ინფორმაციული საშუალებების ინტენსიური ფუნქციონირების შედეგად, რამაც ხელი შეუწყო მრავალმხრივი კონტაქტების დამყარებას სხვადასხვა ქვეყნებს შორის. მიუხედავად ასეთი სახის ძირეული ცვლილებებისა და გარდაქმნებისა, სამხედრო ძალა და ეროვნული უსაფრთხოება ჯერ კიდევ ინარჩუნებენ თავიანთ პოზიციებს საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობების სისტემაში, რაც ჩვენს მიერ ხსენებული ავტორების აზრით, განპირობებულია ორი მთავარი მიზეზით: ერთი მათგანი მდგომარეობს პოლიტიკური ზედამხედველობის დაწესებულებაში, სადაც არსებული კონიუქტურა ადგენს პოლიტიკურ რეგლამენტს იმისა, თუ რა სახის ინფორმაცია იქნას გავრცელებული და გაზიარებული, სადაც პოლიტიკა არეგულირებს ინფორმაციულ ველს.
       მეორე მიზეზი კი ისაა, რომ დემოკრატიული და ლიბერალური ურთიერთობების მიღმა არ მოქმედებს საერთაშორისო კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულებათა სოციალური ქსელი, ვინაიდან ასეთ რეგიონებში დახშულია საერთაშორისო საინფორმაციო ველის ზემოქმედება (Keohane; Nye 1998; 75-77).
       საინფორმაციო რევოლუციური ველის გაფართოებისა და შეღწევადობის მიზნით, ნაი და კიოჰენი გვთავაზობენ ორი სახეობის საინფორმაციო ინიციატივას: ერთერთი გახლავთ ბიჰევიორისტული (ქცევაზე დაქვემდებარებული ძალა), ხოლო მეორე, ძირითად რესურსზე დამოკიდებული ძალა. ბიჰევიორისტული ძალა ორი ქვესახეობით არის წარმოდგენილი, სადაც ერთერთი განასახიერებს რბილ ძალას, რომლის პრინციპიც განისაზღვრება, ძალდატანების გარეშე, ისეთი სახის ინფორმაციული ზემოქმედების მოხდენაში, რომელიც წაახალისებს კონკრეტული ადრესატის უკმაყოფილების გამომწვევ მიზეზთა მიმართ პროტესტანტულ ემოციებსა და განწყობილებებს, რაც, ადრე თუ გვიან, გამოიწვევს ამ მდგომარეობით დაინტერესებული მხარის სასურველ შედეგს. მეორე ქვესახეობას კი, წარმოადგენს ხისტი ძალა, რომელიც მიმართულია მუქარის, სანქციების და სხვა სახის მკაცრი ზემოქმედების გზით, აიძულოს ობიექტი, გააკეთებინოს სასურველი შედეგის შესაბამისი საქმე. სანქციებში იგულისხმება როგორც ეკონომიკური ბერკეტები, ასევე სამხედრო ძალის გამოყენება, საერთაშორისო კოალიციური წევრი სუბიექტების მხრიდან. რაც შეეხება ძირითად რესურსზე დამოკიდებულ ძალას, ასეთად მიჩნეულია უახლესი საინფორმაციო პიარ-ტექნოლოგია, რომელიც თანამედროვე ეპოქის მეთოდოლოგიურ რესურსადაა შერაცხული. ნაშრომის ავტორები ითვალისწინებენ იმასაც, რომ ინფორმაციული პიარ-ტექნოლოგიების ერაში გარდაუვალია ჭარბი ინფორმაციების გავრცელება, რასაც შედეგად მოსდევს ყურადღების მოდუნება, ერთი მიმართულებით და იმავდროულად, ყურადღების გამახვილება სხვა მიმართულებით, რაც დამოკიდებულია გავრცელებული ინფორმაციის სანდოობაზე. სანდოობის საკითხი განისაზღვრება არა მარტო ინფორმაციის გამავრცელებლისგან, არამედ მიმღებისგანაც, რადგან ამ უკანასკნელმა უნდა განსაჯოს, თუ რამდენად სანდო წყაროებთან აქვს შეხება და რომელ მათგანს მიანიჭოს უპირატესობა. სტატიის ავტორებს მიაჩნიათ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებს გააჩნიათ ვეებერთელა რესურსი იმისა, რომ მათი თავისუფალი შეღწევის საინფორმაციო დიაპაზონში, მოიგონ ყველა ძირითადი საინფორმაციო ომი და მიაღწიონ სანდოობის უმაღლეს ნიშნულს, იმისდა მიუხედავად, რამდენად სასურველ ინფორმაციას მიაწოდებენ ისინი შესაბამის ადრესატს, მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესთა საწინააღმდეგოდ. მათი აზრით, თანამედროვე პოლიტიკური დაპირისპირება განისაზღვრება საინფორმაციო ომის პრინციპებით, რომელშიც თითოეული მოწინააღმდეგე ცდილობს გააცამტვეროს საპირისპირო მხარის ინფორმაციის სანდოობა და საკუთარი ინფორმაციის დამაჯერებლობა უზრუნველყოს. ასეთნაირი მაღალტექნოლოგიური და პროფესიონალური წყაროების არსებობა სინამდვილეში უკვე აპრობირებულია, რისი ნათელი დადასტურებაც გახლავთ ბიბისის საინფორმაციო სააგენტო.
        თავისი შინაგანი არსით და დანიშნულებით, ნებისმიერი თანამედროვე ლიბერალური და ნეოლიბერალური სოციალურ-პოლიტიკური იდეოლოგიები ემსახურებიან მსოფლიოს ხალხებზე ბატონობის მოსურნე იმპერიალისტურ კლანებს, რომელთაც ხელთ უპყრიათ საერთაშორისო ბაზარზე ზემოქმედების ძირითადი ფინანსურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და სტრატეგიულ-პოლიტიკური ბერკეტები; მათ მიერ შემოუშავებული ინფორმაციული პიარ-ტექნოლოგიები გახლავთ ეფექტურად მოქმედი გლობალური დაწესებულები და საორგანიზაციო ცენტრები, რომელთა მიერ მართული სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციები, მსოფლიოს უმრავლეს რეგიონებში, დეტალურად აკონტროლებენ მათ საინფორმაციო ველში მოქცეულ უკლებლივ ყველა სახელმწიფოს, იმ სახელისუფლებო და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლობის მიერ, რომელთაც ისინი არჩევენ საგანგებო დამუშავების, ზომბირებისა და დრესირების შედეგად, იმ განზრახვით, რომ მათ ზედმიწევნით თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად აღასრულონ შესაბამისი ინსტრუქტაჟით გათვალისწინებული ვალდებულებანი, რათა ოპერატიულად და ეფექტურად გაართვან თავი მათზე დაკისრებულ ამოცანებს. ლიბერალიზმის, დემოკრატიის, ტოლერანტობის, ადამიანთა უფლებების, ემანსიპაციის, რასიზმის, ქსენოფობიის, სიძულვილის ენის საწინააღმდეგო ყბადაღებული კამპანიები, ანტიდისკრიმინაციული კანონები, აგრეთვე ამ ბოლოხანებში აჟიტირებული, პოლიტკორექტულობის სტანდარტები, და სხვა წარმოადგენენ იმ იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული ზემოქმედების მოქნილ ინსტრუმენტებსა და მექანიზმებს, რომლითაც ამ საერთაშორისო იმპერიალისტურ ტექნოკრატიულ მონსტრებსა და კლანებს ხელთ უპყრიათ აზარმაზარი ძალაუფლება ყველა კონტინენტზე, მილიარდობით ადამიანის დასამონებლად და დასაკაბალებლად. ამ იდეოლოგიებითა და გლობალური პოლიტიკური ზემოქმედების ნაცადი ბერკეტებით, ისინი ერთიანად უპირისპირდებიან ტრადიციული საზოგადოებების, მამა-პაპური ოჯახების, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის ნიშანდობლივ წეს-ჩვეულებებს, პრინციპებს, ღირებულებებს, ფუნდამენტურ რელიგიურ სიწმინდეებს და პატრიოტულ გრძნობებს, რომელთა უმკაცრესი დათრგუნვისა და უკიდურესი დაკნინების მიზნით, ფინანსურ-ეკონომიკური ხელშეწყობის, სამართლებრივი მანიპულირების და პოლიტიკური პროტექციონიზმისა და სხვადასხვაგვარი აქტიური მხარდაჭერის ფორმით, ინიცირებას ეწევიან  ანტისოციალური, ანტისახელმწიფოებრივი, მარგინალური ელემენტების, სექტანტური წარმონაქმნების, ფემინისტური ჯგუფების და ე. წ. სექსუალური უმცირესობების მობილიზების მიზნით, რომლებიც განთავსებულნი არიან როგორც ამა თუ იმ, სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გაერთიანებებში, ასევე სახელისუფლებო გუნდში და ოპოზიციურ პარტიულ სპექტრში. აღნიშნულ დესტრუქციულ ელემენტებსა და წარმონაქმნებს ენიჭებათ შეუვალი იმუნიტეტის ტოლფასი უფლებები და განსაკუთრებული პრივილეგიები, რათა მათი გამოყენებით, გლობალურმა იმპერიალისტურმა პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და საერთაშორისო საბაზრო ბიზნეს ცენტრებმა, დაუბრკოლებლად ძარცვონ და გაანიავონ როგორც ცალკეული ქვეყნების ბუნებრივი წიაღისეული და სიმდიდრეები, ასევე ამ ქვეყნების მთელი მოსახლეობა, გარდა ამისა, ისინი ყოველნაირად ცდილობენ, ცხოვრების ყველა სფეროში, მათ მიერ დაქირავებული და ორგანიზებული ფილიალ-სამინისტროების მარიონეტული ჩინოვნიკური კადრების მეშვეობით, გეგმაზომიერად გაატარონ ისეთი სახის ე. წ. რეფორმები და ექსპერიმენტები, რითაც ისინი წარმატებით უზრუნველყოფენ მასობრივ სიღატაკეს, გაუნათლებლობას და ტოტალურ უმუშევრობას. მასობრივი სიღატაკე არის ერთერთი მოხერხებული პირობა იმისა, რომ ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობამ ვერ შეძლოს თავისი ბუნებრივი უკმაყოფილებისა და პროტესტის ორგანიზებული ფორმით გამოხატვა და ზემოაღნიშნული ფილიალ-სამინისტროების სტრუქტურებისა და ინსტიტუციების პარალიზების მიზნით, ქმედითი ღონისძიების გატარება. მასობრივი გაუნათლებლობა ასევე მომგებიანია, იმისათვის, რომ უცოდინარი ხალხი ადვილად დაექვემდებაროს სხვადასხვა ცბიერ და თაღლითურ შემოთავაზებებს, რათა არ გააჩნდეს ბნელ მასას არავითარი კუტურული, ისტორიული და ტრადიციული მემკვიდრეობის მიმართ რაიმე გარკვეული წარმოდგენა და შესაბამისად, არ ფლობდეს ეროვნულ თვითშეგნებას და მის შესატყვის ღირებულებათა სისტემას, რომლის დაცვისა და შენარჩუნების სურვილიც გაუჩნდება მას, მოსალოდნელი გამოწვევების ვითარებაში. ტოტალური უმუშევრობა გახლავთ ერთობ ხელსაყრელი ფონი, იმისა, რომ დაპირებული სამუშაოს სანაცვლოდ, მოქალაქეთა დაყაჩაღებაში ხელგაწაფულმა კომერციულმა ფირმებმა და საბანკო სისტემებმა, ხანგრძლივი დროის მანძილზე მოახდინონ  შრომისუნარიანი ფენების დაკაბალება, მათი უძრავ-მოძრავი საკუთრების მითვისება და მთელი სამუშაო ძალის მიმართ განუხრელი ექსპლოატაცია. ასევე მნიშვნელოვანია ფუნდამენტური რელიგიისა და ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტების დაკნინებაც, რადგან ამ გზით, ამა თუ იმ ქვეყნის საზოგადოება გახდება სრულიად ქმედუუნარო, იმისათვის, რომ მან წინააღმდეგობა გაუწიოს იმპერიალისტური ექსპანსიის შემოტევას, ყველა სახის ფრონტზე, რათა ერთიანად ამოიწუროს და გამოიფიტოს როგორც სულიერი ასევე ფიზიკური რესურსი იმისა, რომ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, ეთნო-სოციალური და კულტურულ ისტორიული მემკვიდრეობა თვალსა და ხელს შუა დაიკარგოს და უკვალოდ გაქრეს.
       ასეთი სავალალო პერსპექტივა, რომელიც ემუქრება კულტურულ-ისტორიულ ერებს, იკვეთება გლობალიზაციის ეპოქაში, სადაც ე. წ. ლიბერალური და ნეოლიბერალური პოლიტიკური დოქტრინები აშკარად ღებულობენ ფაშისტური მენტალობისა და ცნობიერებისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს. ამის საილუსტრაციოდ, მიზანშეწონილია გავიხსენოთ ამერიკის ცნობილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ერთგვარი გაფრთხილება, თუ წინასწარმეტყველება: Ronald Reagan: „If Fascism Ever Comes to America, It Will Come in the Name of Liberalism“( თუ ოდესმე ამერიკაში ფაშიზმი დამკვიდრდება, ის დამკვიდრდება ლიბერალიზმის სახელით). ამ მხრივ ასევე ძალზე ანგარიშგასაწევია ცისფერების გურუდ შერაცხული მაიკლ სვიფტის ე. წ. „გეების მანიფესტი“, სადაც ის აქვეყნებს შეუნიღბავ მუქარს, იმის შესახებ, თუ როგორ დაიმკვიდრებს გაბატონებულ მდგომარეობას სექსუალური გაუკუღმართება, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლების მიერ როგორ მოხდება მსოფლიოს ყველა წარმმართველი ბერკეტების დაუფლება და განკარგვა, ამასთანავე როგორ უმწეო მდგომარეობაში ჩააყენებენ ისინი როგორც ტრადიციული ოჯახის, რელიგიებისა და მორალის მქადაგებლებს, აგრეთვე მათი მხარდამჭერი ჰეტერო-სექსუალური ქორწინებისმიმდევრებს (Swift 1887).
        დასასრულს შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ლიბერალური და ნეოლიბერალური პოლიტიკური იდეოლოგიები უკვე იმ საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურის დონეზე ამაღლდნენ, რომ მნიშვნელოვან ძალისხმევას აღარ მიმართავენ თავიანთი ანტისოციალური და ანტისახელმწიფოებრივი სულისკვეთების შესანიღბავად, უფრო მეტიც, შენიღბვისა და კონსპირაციის ნაცვლად, ისინი უკვე ღიად ეწევიან სახელმწიფოებრივი კონტროლისგან დამოუკიდებელი, ტრანსნაციონალური კორპორაციული ურთიერთთანამშრომლობისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების მიმართ, სხვადასხვა გლობალური მექანიზმებითა და პიარ-ტექნოლოგიებით სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის პროპაგანდას, რაც მათი წარმმართველი პოლიტიკური ცენტრებისა და ორგანიზაციების მხრიდან აღიქმება, როგორც თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიისთვის ნიშანდობლივი საერთაშორისო თანაცხოვრების პროგრესული ნორმა და არსებითი განმსაზღვრელი პრინციპი. 

The Ideological-worldviews preconditions of liberal fascism

Summary
Badri porchkhidze
 
     Neoliberalism is the doctrine of political-economic philosophy,  which is fundamentally opposed to state intervention in the local economy.  It focuses primarily on the free market system and such kinds of methods, which are subject to minimum restrictions on the operation of enterprises and consequently, less interference with property rights. The priority of neoliberalism in the field of foreign policy is to open foreign markets, through various political-diplomatic and economic regulation methods, also, if necessary, in the form of military intervention.
      Neoliberalism is incompatible with socialism in general, as well as a particular state of protectionism. It does not deny protectionism as formally, but uses it as a method of pressure in diplomatic relations,  to force foreign countries to liberalize their market. Modern liberal and neoliberal political ideologies have already risen to the level of international political conjuncture that they will no longer make significant efforts to embody their anti-social and anti-state spirit, moreover, instead of disguise and conspiracy, they are already openly propagandizing transnational corporate relations, independent of state control. With global mechanisms and PR technologies, they are seriously resistance to state institutions, what is perceived as the progressive norm and the essential defining principle of international coexistence by their leading political centers and organizations that is characterized to modern liberal democracy.

ლიტერატურა:
  1. Bentham Jeremy., "Critique of the Doctrine of Inalienable, Natural Rights", in Anarchical Fallacies, vol. 2 of Bowring (ed.), Works, 1843.
  2. Burton John W., "Conflict Resolution as a Political Philosophy." In Dennis J.D. Sandole and Hugo van der Merwe, eds. Conflict Resolution Theory and Practice: Integration and Application. Manchester and New York: Manchester University Press. 1993.
  3. Dickerson M. O. et al., An Introduction to Government and Politics: A Conceptual Approach.,  2009.
  4. Keohane O Robert; Nye Jr Joseph., Power and interdependence., Boston : Little, Brown. 1977.
  5. Keohane O Robert., Nye Jr Joseph. ,,Power and interdependence in the information age,” Foreign Affairs, Sept/Oct 1998.
  6. Rosenau James., The Study of Global Interdependence: Essays on the Transnationalism of World Affairs. New York: Nichols. Qouted in Jackson and Sorensen, 1980.
  7. Michael Swift: "Gay Revolutionary" From Gay Community News, Feb. 15-21, 1987.(reprinted from The Congressional Record, with preface restored).
  8. Кант И. Идея всеобщей истории во всемирно-гражданском плане // Соч.: в 8 т. М., 1994. Т. 8.
  9. ronald+reagan+on+liberal+fascism&rlz=1C1GGRV_ruGE867GE867&oq=rona&aqs=chrome.
        
    
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გიორგი გოგუა - პოლიტიკური იდეოლოგიების დაპირისპირება - ისტორიული ექსკურსი გიორგი გოგუა - პოლიტიკური იდეოლოგიების დაპირისპირება - ისტორიული ექსკურსი ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / ისტორია / პოლიტოლოგია / მომხმარებლები გორვანელი - ამაოების სისტემური დაფუძნება ბადრი ფორჩხიძის ფილოსოფიაში გორვანელი - ამაოების სისტემური დაფუძნება ბადრი ფორჩხიძის ფილოსოფიაში ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / ფილოსოფია / მომხმარებლები გორვანელი - პოლიტიკური ფილოსოფიის რენესანსი ლეო შტრაუსთან გორვანელი - პოლიტიკური ფილოსოფიის რენესანსი ლეო შტრაუსთან ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები მიხეილ გოგატიშვილი - მტრისა და მოყვრის ცნებათა ურთიერთმიმართება და პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური რეალობა (კარლ შმიტი _ ლეო შტრაუსი) მიხეილ გოგატიშვილი - მტრისა და მოყვრის ცნებათა ურთიერთმიმართება და პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური რეალობა (კარლ შმიტი _ ლეო შტრაუსი) ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / მომხმარებლები ევგენი ბლიაძე  -  პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ევგენი ბლიაძე - პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ჟურნალი / სტატიები / ისტორია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge