ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
სერგეი ავერინცევი - იმპერატორი იულიანე და „ბიზანტინიზმის“ დადგომა
იულიანე განდგომილი და მისი პირადი წერილები
იმპერატორი ფლავიუს (ფლავიუსთა მეორე დინასტია) კლავდიუს იულიანე II
(331-363; იმპ. 361-363) რიტორი, ფილოსოფოსი, პოეტი, მეორე სოფისტიკის წარმომადგენელი
(სამეცნიერო ნარკვევის ნაცვლად)
ქართულ რეალობაში იმპერატორ იულიანე განდგომილის პირადი წერილების თარმნის პირველი ცდა გახლავთ ჩვენი მძიმე შრომა მოკრძალებული შედეგით, სულ 25 წერილი და ის ეძღვნება 1. თვით იულიანე იმპერატორს; 2. მრავალმხრივი დიდი რუსი მეცნიერის ს. ს. ავერინცევის ხსოვნას. რომ არა მისი ბრწყინვალე ნაშრომები, მე არ და ვერ ვთარგმნიდი ლუკიანოსს,ქსენოფონს თვით მისავე ფუნდამენტურ ნაშრომს -„ადრებიზანტიური ლიტერატურის პოეტიკა“ (1977). 1994 წლიდან ს. ს. ავერინცევი, ისე რომ პირადად არ ვიცნობდი, არანაირაი კონტაქტი რომ არ მქონია მასთან, გახდა ჩემი მეგზური და ხელთაღმპყრობელი ლიტერატორის, მთარგმნელის და მეცნიერის ნარ-ეკლით მოფენილ გზაზე. რომ არა ს. ს. ავერინცევის დასკვნა წიგნიდან „ადრებიზანტიური ლიტერატურის პოეტიკა“ და ცალკე წერილი „იმპერატორი იულიანე და ბიზანტინიზმის დადგომა“ (1978), არც და ვერც ამუწესიერესი და უტრაგიკულესი პიროვნების პოლიტიკური და მხატვრული შემოქმედებით დავინტერესდებოდი, არათუ შევბედავდი მას - მეფე პოეტსა და ფილოსოფოსს ტახტზე - იულიანე განდგომილს... მას შემდეგ ოცდაექვსი წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში იმპერატორი იულიანეც უჩინრად თანაცხოვრობდა ჩემში.
მესამე პიროვნება, რომელსაც ჩემს მოკრძალებულ შრომას ვუძღვნი, გახლავთ ჩემი და, აწ განსვენებული სოფიკო-ნანა ჯერვალიძე: კარგი მამულიშვილი, შესანიშნავი პედაგოგი, საკუთარი საქმის ერთგული, რედაქტორი ორი წიგნისა ქართული პლიტიკური ემიგრაცის ორ დიდებულ წარმომადგენელზე, შემწე და ქომაგი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, განსაცდელში ჩაყრილი ადამიანებისა... როდესაც ოჯახის ყოველგვარი მცდელობა ამაო აღმოჩნდა მისი გადარჩენისა, თითქოს ცა მიწას დაემხო ჩემთვის, ყველაფერმა აზრი დაკარგა, სამეცნიერო სტატიებს ვეღარ ვწერდი, უარყოფით ემოციებს ვეღარ ვუმკლავდებოდი და აი სწორედ მაშინ, ლამის „გაღმაგაბიჯებულს“ , ისევ ს. ს. ავერინცევის, იმპერატორ იულიანეს და ალბათ ჩემი დის სულები ამომიდგნენ მხარში; პირველად ს. ს. ავერინცევის ზემოხსენებული სტატია ვთარგმნე, შემდეგ ხელახლა გადავხედე ეპოქას, მოვიძიე მასალები და თერთმეტწლიანი პაუზის შემდეგკვლავ დავადექი ძველბერძნულიდან მთარგმნელის რთულადსავალ გზას, თარგმნას იმერატორ იულიანეს პირადი წერილებისას.
ცხადია, იულიანე განდგომილის შემოქმედებას ვიცნობდი, მაგრამ თარგმნის პროცესში სულ სხვაგვარად შევხედე მას, როგორც პიროვნებას - პირველ მეფე-ფილოსოფოსსა და მეფე-პოეტს დასავლური სივრციდან (არაბიბლიური სივრციდან) და მას, როგორც ავტორს და უბრალოდ ადამიანს; ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ფრაგმენტებს ვთარგმნიდი ქართული კლასიკიდან, უფრო მეტიც, თითქოს ვთარგმნიდი წერილებს,1657 წლის წინ ჩემ მიერ დაწერილთ. იმედია, მკითხველს ჩემს ემოციურ დამოკიდებულებას მასალასთან და პირადაც მასთანაც, მიახვედრებს ჩემ მიერ გაკეთებული კომენტარები, სურვილი თანაზიარმეყო ისიც, თუნდაც მხოლოდ სკოლიდან გამოყოლილი ცოდნით...
ამ ეტაპზე ვერ მოვახერხეთ ჩვენი ავტორის შესაფერისი ნარკვევის დაწერა და მხოლოდ მცირე თქმით შემოვიფარგლეთ.
ასე რომ, უღრმესი მადლობა იმპერატორ იულიანეს, ბატონ ს. ს. ავერინცევს, ჩემს დას, სოფიკო-ნანა ჯერვალიძეს რომ მეხმარებოდნენ „ცეხცლშიშეთხეულს“ გადარჩენაში; უღრმესი მადლობა ყველა ჩემს წინამორბედ კოლეგას: ტექსტოლოგებს, მთარგმნელებს, კომენტატორებს, მკვლევარებს, სადაც არ უნდა იყვნენ, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ დღეს ისინი - იულიანეს შემოქმედების გადამწერთაგან დაწყებულთ და დამთავრებულს მათით, ვინც ახლაც ადგას ამ სფეროში ლიტერატორისა და მთარგმნელის უაღრესად რთულ, საჭირო და ასევე უაღრესად უმადურ საქმეს. მადლობაწინასწარ ქართველ მკითხველსაც...
პატივისცემით მთარგმნელი - ქეთევან ჯერვალიძე
იმპერატორი იულიანე და „ბიზანტინიზმის“ დადგომა[1]
იმ რელიგიურ კონფლიქტებში, ანტიკური ეპოქის დასასრულს რომ მოასწავებდნენ, მათ შორის, ვინც ქრისტიანობის მტრად გამოდიოდა, მტერზე ტერი იყო - იულიანე. ის ისტორიულ გადმოცემებშიც კი შევიდა სალანძღავი მეტსახელით „განდგომილი“. საძულველზე საძულველი კი იყო იმიტომ, რომ ეკლესიისთვის თავისი და გახდა უცხო. ოდესღაც პირჯვარს იწერდა, სწავლობდა ღვთისმეტყველების საფუძვლებს, მიიღო კურთხევა - ანაგნოსტობაზე - კითხულობდა ბიბლიას ღვთისმსახურებისას, შემდეგ კი გაბედა , განსაკუთრებული წეს-ჩვეულებებით „ჩამოერეცხა“ ნათლობის წყალი[2] და ახალგაზრდობაში ქრისტიანული სარწმუნოების შესახებ დაგროვილი ცოდნა მისსავე წინააღმდეგ გამოეყენებინა. ის უბრალოდ „ურწმუნო“ კი არ არის, „განდგომილია“. იულიანე იშვიათი მიზანსწრაფულობით ექიშპებოდა ქრისტიანობას, იყენებდა მისთვის გონით მისაწვდომ ყველა ხერხს: მხედართმთავრის ტალანტს, ადმინისტრატორის ენერგიას, პუბლიცისტის თავგამოდებას, ბოლოს კი მაგისა და „თეურგის“ ოკულტურ ძალისხმევასაც. თავის დროზე დეციუსი (249—251 ) და დეოკლიტიანე (284-305 ) ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლას რომაული წესრიგის სამსახურის რანგში აყენებდნენ, იულიანე კი მზად იყო რომაული წესრიგი ჩაეყენებინა ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში. გასაკვირი არ არის, რომ იულიანე სძულდათ, რომ მისი სიკვდილის შემდეგ დადიოდა ხმები, თითქოს ის საკუთარი არმიის ქრისტიანმა ჯარისკაცმა მოკლა[3], რომ ლეგენდამ ეს პატივი, სარწმუნოების მტრის დამამხობელისა, სასწაულებრივად გამოცხადებულ დიდმოწამე მერკურიუსს მიაწერა[4], რომ თვით ისეთი სათნო და მშვიდობისმოყვარე საეკლესიო მწერალიც კი, როგორიც გრიგოლ ნაზიანზელია (325-389), თავის „სამარცხვინო ბოძის შესახებ სიტყვებში“ გაშმაგებით გმობდა ყოფილ ამხანაგს ათენის სკოლიდან[5]. გასაკვირი არც ის არის, რომიულიანეს ბავშვობისა და ყრმობის შესახებ მოთხრობები მომავალ იმპერატორს ხატავენ პატარა კაენად, მოკვეთილის პირქუში იერით[6].
გასაკვირი სხვა რამაა. თითქოს ავტორიტარულ-მართლმადიდებელ ბიზანტიაში იულიანეს ლიტერატურული მემკვიდრეობა უცილობლად უნდა დაღუპულიყო, გამქრალიყო, მისცემოდა დავიწყებას. მტერი, განდგომილი, დემონების თანაზიარი[7] - განა იპოვიდა ქრისტიანულ იმპერიაში ის თავისი თხზულებების მკითხველებსა და გადამწერებს? თუმცაб ჩვენ ვიცით, რომ მკითხველებიც გამოუჩნდნენ და გადამწერნიც. ცხადია, განსაკუთრებით ოდიოზურმა ტრაქტატმა „გალილეველთა წინააღმდეგ“ გაიზიარა ცელსიუსისა (II ს.) და პორფირიუსის (232/233— 304/306) თხზულებათა ბედი. მისი სხვა ნაწარმოებებიდანაც შეიძლება ამოეღოთ რაღაც, თუკი ტექსტის ლაკუნებს (ნაკლულ ადგილებს) სწორედ ასეთებად ჩავთვლით[8]. ამით „ცენზურულ“ ღონისძიებათა ზღვარი სრულდება. მთლიანობაში იულიანეს თხზულებებისა და პირადი წერილების კორპუსმა შთამბეჭდავი მოცულობით მოაღწია ჩვენამდე[9]. იშვიათი დაცინვა „კეთილშობილ“ იმპერატორ კონსტანტინესი („ნადიმი, ანუ სატურნალიები“), ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლის მოწოდებანი (განსაკუთრებით წერილებში), რომ აღარაფერი ვთქვათ, წარმართული მისტიკის პროპაგანდაზე („მეუფე მზეს“, „ღმერთთა დედას“ ) - წარმოიდგინეთ, ყოველივე ამან ბიზანტილთა ხელით მოაღწია ჩვენამდე.
სიტუაცია ჩვენთვის უფრო გასაგები იქნებოდა, იულიანეს თხზულებანი რომ გვნუსხავდეს აზრის ენერგიით, სიტყვის ძალმოსილებით, ოსტატობის ბრწყინვალებით (როგორც გვაოცებს სხვა წარმართი პალადასის ეპიგრამები), მაგრამ რაც არ არის, არ არის[10]. დიდი ხანია იულიანე მკითხველთა თაობებს იპყრობს როგორც ლიტერატურული პერსონაჟი, როგორც მისივე თანამედროვე ამიანუს მარცელინუსისა (330-395) და ენციკლოპედისტების თანამედროვე გიბონის (1737—1794) ისტორიული ამბების პერსონაჟი, როგორც ეიხენდორფის პოემის (1852), იბსენის პიესის((1873), მერჟკოვსკისა (1896) და გ, ვიდალის (1964) რომანების გმირი[11]. არ ჩანს, რომ იულიანე მკითხველ საზოგადოებას იპყრობდეს, როგორც ლიტერატურული მოღვაწე. ჩვენი თანამედროვე, მისი ტექსტების მჩხრეკალი, ალბათ იპოვის უშუალობის ცალკეულ გამოვლინებებს[12], მაგრამ მთლიანობაში ეს ტექსტები თავისი კომპოზიციური გამართულობით, აზრთა ნერვული უწესრიგობით, არაბუნებრივი მახვილსიტყვაობითა და თავშეწყენით,ხელოვნური დახვეწილობითა და ველური უგემოვნობის უცნაური ნაზავით უფრო აფრთხობენ მკითხველს[13]. ფაქტი რჩება ფაქტად. გაჭირდება ისეთი ინტელიგენტის პოვნა, რაიმე რომ არ წაეკითხოს იულიანეს შესახებ, მაგრამ არც ისეთი ფილოლოგის მოძებნა იქნება იოლი, იულიანეს თხზულებანი რომ წაეკითხოს. აპოსტატას პათეტიკური სახე ევროპის კულტურული ტრადიციების საგანძურში შევიდა, მაგრამ მისი ქმნილებანი არ შესულა მასში.
აღსანიშნავია, რომ იულიანესთან თაობით ახლომდგომი ქრისტიანები მრისხანების ფრქვევისას, მისი, როგორც მწერლის შესახებ უფრო კეთილგანწყობით მსჯელობდნენ, ვიდრე დღეს. ძველ მოწინააღმდეგეთა განჩინება იულიანესი უფრო მეტ ქებას შეიცავს, ვიდრე ახალი დროის თაყვანისმცემლებისა. სხვა თუ არაფერი, საეკლესიო ისტორიკოსი სოზომენე (V ს.), სირო-ფრიგიული მიწიდან, სადაც ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ 362 წლის შემოდგომაზე ანტიქრისტიანული სისხლიანი ანგარიშსწორებანი, პოულობს უაღრესად საქებარ სიტყვებს „წვერთმოძულის“ ლიტერატურული ღირსებების წარმოსაჩენად[14]. სოზომენე ხედავს მასში „გონებახვილობასაც“ და „კაზმულსიტყვაობასაც“, რომელთა მოძებნაც ჩვენ ასე გვიჭირს. თუკი, მეორე მხივ, ნაზიანზელი „წვერთმოძულეს“ ეხმიანება მკვახედ, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ნაწარმოების უკან ცუდ ადამიანს ხედავს[15], ის არც კი ცდილობს მის უკან ცუდი მწერალი დაინახოს, სამაგიეროდ ახალი ეპოქის ადამიანი, ისეთი, როგორიც გეფკენია, იულიანეს თხზულებათა უკან სწორედ კარგ ადამიანს ხედავს[16]. ის არ ხედავს მათ უკან განსაკუთრებით კარგ მწერალს. კონტრასტი თვალში საცემია. თანამედროვე ადამიანში იულიანეს პიროვნება მოწიწებას იწვევს, ამ პიროვნების კონკრეტული თვითგამოხატვა კი მის გემოვნებას არ შეესატყვისება. ბიზანტიელებში ყველაფერი შებრუნებულად იყო. იულიანეს მრწამსი აიძულებდათ მათ იულიანეს კრიტიკას, მაგრამ მათი გემოვნება იულიანეს მხარეს იყო. - აი ამიტომ გაუძლეს ამ ტექსტებმა დროს. იულიანე იყო ბოროტმოქმედი (parabatēs)[17], მაგრამ ის „ მათი, თავისი ბოროტმოქმედი“ იყო. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ბიზანტიას მასთან.
ამ პარადოქსს ჰქონდა დამაჯერებელი რეზონი (არგუმენტები): იულიანე იყო წარმართობისთვის მებრძოლი ქრისტიანობის წინააღმდეგ; მის შესახებ არსებული რომანტიკული მითის მიუხედავად, ის არ იყო და ვერც იქნებოდა ანტიკური კულტურისათვის მებრძოლი ბიზანტიური კულტურის წინააღმდეგ, ის უფრო ბიზანტიური კულტურის ერთ-ერთი მაუწყებელთაგანი იყო[18]. სიმბოლურია, რომ იულიანეს ეუცხოებოდა რომი, მაგრამ ნაზი გრძნობით უყვარდა კონსტანტინეპოლი. აქ მთავარი მაინც სხვა რამაა: ავტორი წერილისა „არსაკოს ქურუმისადმი“ და სიტყვებისა „მეუფე მზეს“ და „ღმერთთა დედას“ წარმოადგენს ისტორიულ კოლორიტულ ტიპს იმპერატორ-ღვთისმეტყველისას, რომელიც მოცალეობის გამო, თავისუფალი დროის შესავსებად კი არ წერს, არამედ საღვთო იმპერიის თვითმპყრობელის უფლებითა და მოავლეობიდან გამომდინარე, ასწავლის ქვეშევრდომთ, განუსაზღვრავს რისი სწამდეთ, აღუვლენს ქებათაქებას არამიწიერ ძალებს, კულტის მსახურთ უდგენს ქცევის განაწესს. იმპერატორი, იულიანეს გაგებით, ჭეშმარიტი სარწმუნოების დამცველია, ამასთანავე, ჭეშმარიტი სარწმუნოება მისთვის წარმართობაა (Hellenismos სიტყვაწარმოება Christianismos - ის ანალოგიით). თუნდაც ლიტერატურული მოღვაწეობა, ჰიმნების თხზვა პროზად[19] - უკვე საკმარისია, იულიანე მკვეთრად გამოვყოთ ანტიკური ისტორიის ყველა პერსონაჟისაგან, დავაყენოთ ის კუთვნილ ისტორიულ ადგილას, ხაზზე, რომელიციწყება კონსტანტინეს დროინდელი რელიგიური მანიფესტებით და მიემართება ბიზანტიელ თვითმპყრობელთა დოგმატებისა და ჰიმნოგრაფიული მოღვაწეობისკენ. იულიანესთვის, როგორც ლიბანიოსის ეპოქის წარმომადგენლისათვის, ჰიმნის ნორმალური ფორმა ეს ჰიმნური სიტყვაა. „მეუფე მზეს“ და „ღმერთთა დედისადმი“ ისეთივე ჰიმნებია ეპოქის სულით, როგორ ლიბანიოსის სიტყვა არდემიდესადმი. მაგრამ როდესაც იუსტინიანე (527-565) იწყებს თხზვას საეკლესიო საგალობლისა “მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა“[20], რათა პოპულარული გახადოს ქრისტიანობის დოგმატები, როგორც იულიანე ხდიდა პოპულარულს ნეოპლატონური წარმართობის დოგმატებს, ესეც, ანტიკური პროსოდიის -(1.ლინგვ. მახვილიან და უმახვილო, გრძელ და მოკლე მარცვალთა წარმოთქმის სისტემა მეტყველებაში. 2.ლიტ. მარცვალთა შეფარდება ლექსში, (მთარგმნელი)-თვალსაზრისით, აღმოჩნდება პროზა, „სწავლებითი“, რიტორიკული პროზა. ასეთივე ჰინოგრაფები ტახტზე იქნებიან ლეონ ბრძენი (866- იმპრტატორი (886-912) და კონსტანტინე პორფიროგენეტი (905იმპერატორი 945-959)[21]. ამას უნდა დავუმატოთ იულიანეს ისეთი საქმიანობა, როგორიცაა სხვათა დოგმატების „მხილება“, იქნებოდა ეს სხვა აღმსარებლობის მქონეთა (ქრისტიანების), თუ ერეტიკოსებისა საკუთარ წარმართულ გარსში (კინიკოსების, რომელთაც იულიანეს აზრით, არ შეეძლოთ მითებში ჩადებული ზემიღმური გამოცხადებანი განემარტათ). ჩვენი წარმოსახვა სიამოვნებით ხედავს იულიანეში „უკანასკნელ ელინს“ . არ ცდებოდნენ ბიზანტიელნი, ხედავდნენ რა მასში „განდგომილს“- ბიზანტიელ ხელმწიფეს, ბიზანტიური სარწმუნოებისგან გამდგარს.
იულიანეში, როგორც კაცისა და მწერლის პიროვნებაში ცოტა როდია თვისებები, რომელნიც გვაიძულებენ გავიხსენოთ, რომ ის იყო თებაიდის პირველ ბერთა თანამედროვე, ერთი იმათგანი, სალოსობისკენ მიდრეკილი, საკუთარ სხეულზე მოქირქირე, ბოროტად დამცინავი სხეულისა, რომ ეს ნიუანსები განსაზღვრავენ როგორც მისი ქცევის სტილს, ასევე ამ ქცევების ლიტერატურული ფიქსაციის პოეტიკას. მაგალითად, როდესაც ის თავს იწონებს, რომ მის უხეშ და აბურდულ წვერში „სძინავთ ტილებს ისე, როგორც მხეცებს - უღრან ტყეში“[22], ამით იულიანე გამოხატავს მზაობას ანგარიში ჩააბაროს ქვეშევრდომებს თავისი წვერის თითოეულ ღერზე[23]. შემდეგ კი საქმიანად ჰყვება სიცოცხლეში ერთადერთხელ როგორ ამოარწყია[24]. ეს არ გახლავთ ანტიკური ბუნებრიობა, ეს სულ სხვა რამაა. არც კინიზმია ეს, ვინაიდან ნამდვილი კინიზმი შეუთავსებელია როგოც იმპერატორის მდგომარეობასთან, ასევეღმერთების მსახურის მოწიწებულ მისტიკურ თრთოლასთან. მოგეხსენებათ, როდესაც იულიანე გადააწყდა კინიკური თავისუფლების გამოვლინებებს სიტყვებში, ისინი მას სრულ უღმერთობად მოეჩვენა[25]. თუკი იულიანეს ლიტერატურული პოზის სახის წინაშე შეიძლება კინიზმის გახსენება, მაშინ უნდა გავიხსენოთ რაღაც სპეციფიკური კინიზმი, წინაბიზანტიური ტიპისა, რომელიც გრიგოლ ნაზიანზელის ანტაგონისტის, არცთუ უცნობ მაქსიმ-ირონის პიროვნებაში იყო შეერთებული ეპისკოპოსობის ხარისხთან[26]. უკეთესი იქნება ამას სალოსობა ვუწოდოთ. ცხადია, იულიანეს სალოსობა შორსაა ქრისტიანული იდეალისგან, ვინაიდან მას არაფერი აქვს მორჩილებასთან (რაზეც, სხვათა შორის, შეიძლება გვესაუბრა არა მხოლოდ ქრისტიანი ასკეტის ქცევასთან დაკავშირებით). მაგრამ ის მაინც სალოსობად რჩება. “როდესაც მე თეტრში ვზივარ - აცხადებს იულიანე - ჩემი გამომეტყველებითაც კი მყისვე მიხვდებით, რომ მე მთელ ამ სანახაობას ვგმობ“[27]. მაგრამ თვით ეს დაგმობა სანახაობისა გათამაშებულია როგორც სანახაობა, რათა ყველასთვის გახდეს ცნობილი. სხვანაირად რომ ვთქვათ, ის ანტიკური თეატრის ადგილას აყენებს რელიგიურ-პედაგოგიურად მომართული სალოსური ექსცენტრიადის (აქტიორული შესრულების მანერა, რომელიც აგებულია ექსცენტრიკულ ხერხებზე, ქ. ჯ.) თეატრალობას[28].
რაც შეეხება სხეულის დაცინვას, ის კიდევ უფრო მძაფრია სხვა წარმართთან, იულიანეზე ნახევარი საუკუნით გვიან მცხოვრებ პალადასთან Παλλαδᾶς, (IV ს.)[29]. ეს გენიალური[30] ეპიგრამისტი გამოხატავს ზიზღს არა მხოლოდ რეალურ სექსულურ კავშირსა და ჩასახვის შესახებ[31], არამედ თვით სუნთქვაზეც, რომელიც ადამიანებსტიკს ამსგავსებს, ჰაერით სავსეს[32]. გეჩვენება, რომ ასეთი სტრიქონები არა ადამიანის, არამედ სხვა არსების დაწერილია, რომლისთვისაც ყველაფერი ადამიანური რაღაც ველურობა და გაუგებრობაა. პალადასის ცივი, მშრალი გონებაგამჭრიახობა ცოცხალს - შობასა და სქესს - ადარებს არაცოცხალ გრამატიკულ სიბრძნეს: „გრამატიკის ასულმა, სიყვარულთან კავშირით შობა ბავშვები სქესით მამრობითი, მდედრობითი და საშუალო!“[33]. პოეტისათვის თვით ცხოვრება გახლავთ ადამიანთა ჯოგის გამოკვება დაკვლის მიზნით“[34]. მისი აზრით, სხეული სულისთვის არის: „ჯოჯოხეთი“, „ბედი“, „ტვირთი“, „ძალადობა“, „ხუნდები“ და „წამება“[35]. უარყოფილია, ადამიანის არსებობის უწყვეტობა: ადამიანს არ აქვს წარსული, ყოველ დილით სიცოცხლე იწყება თავიდან“[36]. აქ შავი იუმორი წინაწარ უკვე აღემატება შუა საუკუნეების ტრაქტატის - „სამყაროსადმი ზიზღის შესახებ“ - შავ იუმორს, რომელიც დაწერა არქიდიაკონმა ლოთარმა, შემდგომ პაპმა ინოკენტი III- მ (1160 – 1216, პაპი 1198წლიდან). წარმართი პალადასი დასცინის ქრისტიან ბერებს. მათ ბრალად სდებს არა სოციალური კავშირებიდან გამოსვლას, არამედ ამ კავშირებიდან არასათანადო გამოსვლას: ბერები მაინც ქმნიან კორპორაციებს, ერთობებს და ამით, პალადასის აზრით, ისინი სიცრუედ აქცევენ monos -ს - ასკეტური განმხოლოების პრინციპს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბერები ცუდები იმიტომ კი არ არიან, რომ ასკეტები არიან, არამედ იმიტომ, რომ არასათანადოდ ასკეტები არიან.
კულტურის ფორმებს აქვთ საკუთარი ლოგიკა, დამოუკიდებელი შემოქმედებითი ინდივიდის კონფესიონალური პოზიციისაგან. იულიანე განდგომილსა და ათანასე ალექსანდრიელს ჰქონდათ არჩევანი - ან ერთ, ამ მეორე მხარეს დამდგარიყვნენ (რომ აღარაფერი ვთქვათ, იმაზე, რომ შეეძლოთ რომელიღაც სხვა მხარეც აერჩიათ, მაგალითად: არიანელების, ან გნოსტიკოსების, ან კიდევ სხვა მიმართულების ერეტიკოსების), მაგრამ მათ არ ჰქონდათ არჩევანი - ყოფილიყვნენ, ან არ ყოფილიყვნენ თავიანთი ეპოქის შვილები. ეს მათზე არ იყო დამოკიდებული.
PS. ბატონ სერგეი სეგეევიჩ ავერინცევს აქვს კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია ულიანე განდომილის შესახებ სქოლიოდ მოყვანილი წერილისთვის „სამყარო, როგოც სკოლა“, სქოლიო: სქოლ. 24 წიგნიდან „ადრებიზანტიური ლიტერატურის პოეტიკა“. ტაციტუსის ცნობით, იულიუს აგრიკოლა (I ს.) “თურმე არაერთხელ ჰყვებოდა, ახალგაზრდობისას როგორი გატაცებით მისცემია ფილოსოფიის შესწავლას, რომაელისა და მომავალი სენატორისათვის დაუშვებელი გზნებით და მისი ცხელი სულის მხურვალება დედის კეთილგონიერებას გაუგრილებია” (A g r I c ol a, 4,თარგმ. А. С. Бобовича წგნ-ში .:К о р н е л и й Т а ц и т. თხზულებანი 2-ტომად,ტ. 1. Л., 1969,329). აი, რომაული თვალსაზრისი: მომავალი ადამიანისთვის კარგია იცნობდეს ფილოსოფიას ზნეობრივი ორიენტაციის, თუ გნებავთ, ზოგადი კულტურის საჭიროების გამო, მაგრამ მისთვის დაუშვებელია ფილოსოფიის შესწავლა გზნებით. ანტიკურობის დასასრულს რომაული და ბერძნული თვალსაზრისი კიდევ ერთხელ გამოვლინდა იმ პატივისცემის აღიარებაში, რომელიც იულიანე განდგომილმა თავისი მასწავლებლის, ფილოსოფოსისა და მაგის მაქსიმეს მისამართით გამოხატა. ლიბანიოსისათვის, რომელიც ბერძნული კულტურის პირით ლაპარაკობდა, იმპერატორი, გამომავალი სენატიდან მასწავლებლის შესახვედრად, ეს ამაღლებული და გულისშემძვრელი სანახაობაა: “იულიანე, სენატორთა შორის თავის ადგილას მჯდომარე, წამოხტა და კარებისკენ გაიქცა ისე, ვითარცა ქსენოფონი - სოკრატესაკენ. იულიანემ ყველას უჩვენა და განაცხადა, რომ სიბრძნე სამეფო ხელისუფლებაზე უკეთილშობილესია (...) რას ნიშნავდა ეს? ის, როგორც შეიძლება ვიფიქროთ, არა მარტო მაგიერს მიაგებდა მასწავლებელს სწავლებისათვის, არამედ მთელი ქვეყნიერების ახალგაზრდებს განსწავლისკენ მოუწოდებდა, და მოხუცებსაც, დავამატებდი მე, ვინაიდან მალე ხანდაზმულებმაც მიმართეს მეცნიერებებს (L i b a n i i oratio, XVIII, 155-156). ლიბანიოსის წარმოსახვაში, ასე რომ ვთქვათ, დაქრის სკოლის მსოფლიო აპოთეოზი. საქმეს სხვაგვარად უყურებს ამიანუს მარცელინუსი, რომის სახელმწიფო იდეალებიდან გამომდინარე, ის აკრიტიკებს მისთვის ესოდენ საყვარელ იულიანეს, ხედავს რა ამ ფაქტში იმას, რომ იმპერატორი თავდავიწყებას მიეცა და ღირსება [იმპერატორული] შეილახა (A m m i a n i M a r c e l l i n i Rez gestae XXII, 7).
[1] ს. ს. ავერინცევს ამ წერილის გარკვეული ადგილები შეტანილი აქვს წიგნში „ადრებიზანტიური ლიტერატური პოეტიკა“, ბოლო თავი, დასკვნა,, იხ. Поэтика ранневизантийской литературы. М., 1977, 237-248.
[2] შდრ. Gregori Nazianzeni in Iulianum Oratio IV, 52; Sozomeni Historia ecclesiastica V. 2.
[3] შდრ. Libanii oratio XVIII, 274-275; XXIV, 6; XXX, 40.
[4] „ალექსანდრიული ქრონიკის“ ეს ვერსია შუა საუკუნეების ლეგენდების ყველაზე გავრცელებულ მოტივად იქცა,
გავლენა იქონია გვიანი პერიოდის იკონოგრაფიაზე და როგორც თავის დროზე პ. ალარმა (Paul Allard 1841-1916) მიუთითა, გამოიყენა ლორენცო მედიჩიმ (1448—1492) საკრალურ დრამაში „წარმოდგენა წმინდა იოანეს, წმინდა პავლესა და წმინდა კონსტანციას შესახებ“ (1489);
ჩვენ უნდა დავამატოთ, რომ (sacre rappresentazioni -საღვთო წარმოდგენები - ჟანრი იყო XV ს-ის იტალიაში. ლორენცო მედიჩის იოანე და პავლე მოციქულები კი არარიან,
არამედ ახალგაზრდები, ,კონსტანტინედიდისსარდლის, ჰალიკანუსის თანმხლებნი, კონსტანცია კონსტანტინე დიდის ასულია.
მან სასწაულებრივი გამოჯანმრთელბის შემდეგ ქრისტეს ქალწულების აღთქმა მისცა. წარმართი სარდალი იმპერატორს ასულის ხელს სთხოვს,
შემდეგ ჰალიკანუსი ქრისტიანდება და როდესაც კონსტანციას გადაწყვეტილების შესახებ გაიგებს,
მოუწონებსგადაწყვეტილებას და თვითონაც მონასტერში მიდის... შემდეგ იმპერატორი ხდება იულიანე. იოანე და პავლე არ უარყოფენ ქრისტეს და მათ, იულიანეს ბრძანებით, სიკვდილით სჯიან. ამ დროს ჩნდება ღვთისმშობელი, რომელიც უბრძანებს ანგელოზ მერკურიუსს - (III ს-ისკაბადოკიელ-კესარიელი დიდმოწამე, ზოგი ვერსიით სკვითი, რომელსაც ბასილი დიდის ლოცვის შედეგად უბრძანა ღვთისმშობელმა იულიანეს მოკვლა, ზოგი ვერსიით ბასილ დიდი და ეს ბასილი სხვადასხვა პიროვნებაა.)- იულიანესგანგმირვა დაღვრილი სისხლის გამო. ლორენცო მედიჩის ამ პიესის საფუძველი გამხდარა საეკლესიო ლეგენდა, რომელიც ნაწილობრივ უკვე X ს-ში გამოუყენებია მონაზონ გროსვიტა განდერსჰაიმელს (Gandersheim), - Hroswitha, Hrotsvit, Roswitha; 938—973 - ( ავტორის კომენტარი გავრცობილია ჩვენ მიერ, მთარგმნელი).
[5] Logoi stéliteytikoi რიცხვით ორი. რუსული თარგმანი მეორე სიტყვის ნაწყვეტებისა იხ. წგნ.:Памятники византийской литературы IV-IX веков. М., 1968, 81-83.
[6] ძმის როლს, აბელისა, რომლის მსხვერპლიც მიიღო ზეცამ, ამ მოთხრობებში თამაშობს იულიანეს უფროსი ძმა გალუსი,
უფრო პირქუში პიროვნება იხ. Gregorii Nazianzeni in Ilianum Oratio I, 25-27; I, 30.
[7] შდრ. გრიგოლ ნაზიანზელის ზემოსხენებული სიტყვები, განსაკუთრებით ეფრემ ასურის ყველა ხსენება იულიანესი და კიდევ სხვა საეკლესიო მწერლებისა სირიიდან;
უფრო მშვიდია ლათინი ქრისტიანი პოეტის, პრუდენციუსის (348- 405), შეფასება, რომელიც აღნიშნავს: რომ იალიანემ თავი წარმოაჩინა როგორც მოღალატემ ღვთისა, მაგრამ ის არ ყოფილა ასეთი „მსოფლიოსთან დაკავშირებით“,
ანუ რომის იმპერიასთან მიმართებაშიო (Perfidus ille Deo, quamvis non perfidus orbis”).
[8] მაგალითად, წერილში 98, 401.
[9] დაკარგულია იულიანეს ზოგიერთი წერილი და ლექსითი ნაწარმოები, თხზულება გერმანელებთან ომის შესახებ,
ტრაქტატი ბოროტების წარმომავლობაზე: მათი დაკარგვა ნამდვილად არ არის განპირობებული საერო თუ სასულიერო ინსტანციების
„ცენზორული“ ქმედებებით.
[10] ამაში ნამდვილად ვერ დავეთანხმები ჩემს ძვირფას ს. ს. ავერინცევს. პირადად მე ასე არ მეჩვენება, ახლა იწყება ახალი ტალღა მისი შემოქმედების შეფასებისა. ამას გარდა, იულიანე იმპერატორი, როგორც კანონმდებელი ჯერ კიდევ შეუსწავლელია (მთარგმნელი).
[11] იულიანეს ეძღვნება აგრეთვე ავსტრიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის ფ. ვაინგარტნერის ოპერა
„იულიანე განდგომილი“ (1924), (მთარგმნელი)
[12] ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ხშირად მიუთითებენ ხოლმე ავტობიოგრაფიულ პასაჟზე სიტყვაში „მეუფე მზისადმი“.
იულიანე საუბრობს თავის ახალგაზრდულ სიყვარულზე ციური მნათობებისადმი: De Sole rege I.
[13] საინტერესოა ისიც, რომ თანამედროვე მკვლევარი საკუთარ ემოციებს მიაწერს იულიანეს ეპოქის ადამიანებს: N o r m a nA. F. Life of Libanius – In: Libanius. Selected Works, - London a. o., 1969, p. XXIX.
[14] Sozomeni Historia Ecclesiastica V, !9 (kálliston kaì mála asteîom).
[15] Gregorii Nazianzeni in Ilianum Oratio II, 41.
[16]შდრ. ავტორის მორალური სახისთვის თვით ისეთ საეჭვო თხზულებაში, როგორიც საკარო პანეგირიკია კონსტანციუსისადმი. G e f f k e n Jo. (1861—1935). Kaiser Julianus. Leipzig, 1914, S. 45-47.
[17] ასეა ის სახელდებული, მაგალითად,წიგნში: Anecdota Graeco - Byzantina I. Coll, A. Vassiliev, Mosquae, 1893, p. 137
[18] შდრ. M a t h e w G.Byzantine Aesthetius, London, 1963, p. 49-52. H u n g e r H. Reich der Neuen Mitte. Der christliche Geist der byzantinischen Kultur. Graz-Wien- Köln, 1965, S. 110-112 და სხვა.
[19] აი, ასეთი პროზად ჰიმნის ავტორია ჩვენი იონე საბანიძე, გიორგი მერჩულე, ბასილი ზარზმელი (მთარგმნელი).
[20] შდრ. D o w n e y G. Julian and Iustinian and the unity of Faith and Culture. – Church Histore, XXVIII, 1959. p.7 sgg.
[21] დასავლურ სივრცეში იულიანე განდგომილი პირველი მეფე -პოეტი, პირველი მეფე ღვთისმეტყველი და პირველი მეფე-ფილოსოფოსია, რიტორ ლიბანიოსის თანახმად, ამდენ ხანს რომ ამაოდ ეძებდა პლატონი (მთარგმნელი)
[22] Мisopogon 1. - Поздняя греческая проза. Пер. Шульца М., 1960, 652.
[23] იქვე,
[24] იქვე, 653-654.
[25] იულიანე სიტყვებში „უმეცარი კინიკოსების შესახებ“ და „კინიკოს ირაკლისის (Ἡρακλῆς) წინააღმდეგ“ გამოხატავს თავის რისხვას იმ დაცინვათა გამო, რომლთაც კინიკოსები აყრიდნენ უძველეს მითებსა და ღმერთებს.
[26] როგორც ცნობილია, მაქსიმე, გამოწყობილი კინიკოსი ფილოსოფოსის მოსასხამში, თავიდან პატივით მიიღო გრიგოლ ნაზიანზელმა როგორც ქრისტიანი ასკეტი, შემდეგ კი, როდესაც მაქსიმე გრიგოლის მტრებს შეუერთდა, გახდა „არაკანონიერად“
ხელდასხმული კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსად. მხოლოდ რომში აღაშფოთა პაპი დამაციუსი (366 384)
მაქსიმეს ეპისკოპოსობის წოდებასთან შეერთებულმა კინიკურმა გარეგნობამ (habitus idoli) მთარგმნელი) ის, Б о л о т о в В. В.
Лекции по истории древней церкви, IV. История церкви в период Вселенских соборов. III. История богословской мысли. Пг., 1918, 107 და სხვა.
[27] Мisopogon 3. - Поздняя греческая проза, 653.
[28] სალოსობის „სანახაობით“ ფენომენზე, იხ. Л и х а ч е в, Д. С. П а н ч е н к о А. М. „Смеховой мир“ Древней Руси. Л., 1976, 104-139.
[29] Anthologia Palatina X, 45.
[30] მე, პირადად, პალადასის ეპიგრამები და ამის მსგავსი რამეები არ მეჩვენება გენიალობად, (მთარგმნელი).
[31] ibid., 75.
[32] Anthologia Palatina IX 489.
[33] Anthologia Palatina X, 84.
[34] Ibid., 88.
[35] Ibid., 88
[36] Anthologia Palatina XI, 384.
ახალი სტატიები
გორვანელი - ცნებობრივი აღრევა (დემოკრიტე, პლატონი, არისტოტელე) 21:42იოსებ ჭუმბურიძე - მომცრო სტატიის უკიდეგანო სივრცე, ანუ განსაკუთრებული არაფერი ხდება?! 15:07რაულ ჩილაჩავა - ლექსები 15:04გიორგი გოგოლაშვილი - მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ (ქეთევან ლომთათიძეზე) 14:32ნინა ნინეა სამხარაძე - ლექსები 14:25ქართლოს ქარჩხაძე - ლექსები 14:13ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“ 00:38ვლადიმერ ნაბოკოვი - მძიმე ბოლი (თარგმანი - ნანა გაბადაძე) 00:31
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ბექა ახალაია - ლექსები
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
რაულ ჩილაჩავა - ლექსები