გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გორვანელი - გამოხმაურება თეიმურაზ ლანჩავას წიგნის (,,ფიქრის გასამართლება“) შესახებ

        როცა ადამიანი ფანჯრიდან იხედება, მრავალი საინტერესო მოვლენის დანახვა შეუძლია, მაგრამ სახლის ცნება მის ცნობიერებაში იმთავითვე ფიქსირდება და გადაულახავ წინაღობად იქცევა. გამოსავალი ბუნებად ყოფნაა, სახლებისა და ფანჯრების გარეშე. ხედვის პერსპექტივები ლოკალურ სივრცეებს ვერ სცდება; მარწუხები, რაც რაციოს ბოჭავს და აფერხებს - მუდმივია, დაბადებამდელი ვიბრაციული ძვრების გამოძახილია, რაც შიმშილს მოჰგავს. საგნობრივი, განხორციელებული ფანჯრები და სახლები იმსხვრევა, ჰქრება და იფანტება შიმშილის განცდა, როგორც წყალი, - ხორციელი სასოწარკვეთილება, მაგრამ რჩება ხედვის ქვიშიერი იდეა, რაც განფენილი და მცხუნვარეა... მას მზისებრი ბასრი სხივები აქვს, - პალეოლითური არქეტიპებით. 
        თეიმურაზ ლანჩავა საქართველოს სახალხო მწერალია, ხელოვნების ქურუმი; ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, გალაკტიონ ტაბიძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველას, ალექსანდრე პუშკინისა და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრემიის ლაურეატი. მის მდიდარ პოეტურ და პროზაულ შემოქმედებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წიგნი შეემატა, ავტორმა საკუთარ ნაშრომს ,,ფიქრის გასამართლება“ უწოდა, ჩვენ კი დღეს არც მოსამართლენი ვიქნებით, არც ადვოკატები და პროკურორები, არც ნაფიც მსაჯულთა კრებული, არამედ ჩვენ ვიქნებით მტაცებლები, რომლებიც თ. ლანჩავას წავართმევთ ტექსტს და მის მკითხველად ვაქცევთ... სწორედ ეს არის ნამდვილი კრიტიკის დანიშნულება: ჩავკლათ ავტორთა კულტი საკუთარ თავში და ტექსტებში დავბადოთ... აქ მხოლოდ ტექსტები ლაპარაკობს და არაფერი მის მიღმა! დღეს ჩვენ ვკლავთ და ვაცოცხლებთ; ღმერთები ვართ - ადამიანთა სხეულებში!
        თეიმურაზ ლანჩავას წიგნი - ,,ფიქრის გასამართლება“ ავტორის გონების საინტერესო პროდუქტია. პოეზია და პროზაული ნაწარმოებები გაერთიანებულა ამ წიგნში, ბოლო წლებში შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ავტორის სულის გამოძახილია. წიგნის პირველი ნაწილი პოეზიას ეთმობა, ხოლო მეორე ნაწილი - პროზას. 
        თ. ლანჩავას ლექსებში სხვადასხვა თემის განაზრებასა და გაშლას ვხვდებით, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მძაფრი რომანტიზმით გაჟღენთილ ლირიკასა და ნოსტალგიურ ალუზიებს. რეალიზმის დრამატულ კანონზომიერებას ავტორი გაურბის, ცდილობს რა იმოგზაუროს ტრივიალურ სამყაროებში, მისი ლექსების სტროფებით გარემოფაქტორების მონაწილედაც გვევლინება, რადგან მან იცის, რომ თვალთახედვის გარეშე არ ყალიბდება იდეალიზებული აზრიც. თხრობის დინამიკა შეუქცევადია; ლანჩავას ახასიათებს ბუნებრიობა და გულწრფელობა, სისადავე, მაგრამ, ამავდროულად, სიხისტე და კრიტიკულობა. მის პოეზიაში ვხვდებით სარკასტულ პასაჟებს, სადაც თვითირონიის ეფექტი განსაკუთრებით მომხიბვლელია. 
       თავმდაბალი, მაგრამ საკუთარ ძალებში ობიექტურად დარწმუნებული ავტორი პირველი ლექსით ყველას გვესალმება; ,,სალამი ყველას“ - ამ ლექსით იწყება წიგნი. ის ესალმება მოყვარესა და მტერს, ადამიანის სულიერ გამონათებას და ბუნების უზოგადეს მოვლენებს, ესალმება სიკეთისა და ბოროტების ცნებობრივ იდეებს, რომლებიც არსებობის ყოფიერ სინამდვილეს ანხორციელებენ, რის შედეგადაც ასეთი მომხიბვლელია სიცოცხლე. მომდევნო ლექსები ადამიანად ყოფნის დრამატიზმის გამოაშკარავებით გრძელდება. თ. ლანჩავა გვიმხელს, რომ მარადიულად არსებობა უგრძვნია სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ყოფნაში, ცამდე აფრენაც კი უცდია ამ დროთა დიქოტომიაში, პარადოქსალური აპათიის სამდურავსაც გვეუბნება თავისი გულწრფელი ემოციით, დროში ფანტავს სტრიქონებს და იმედოვნებს, რომ ამ გარდაუვალი დროის მარწუხებსაც კი გააოცებს ადამიანის სიტყვა, რომელიც მარადიული გონიდან მომდინარეობს. ვხვდებით სიკვდილთან შეხვედრის მზაობასაც, როგორც ადამიანური სიმტკიცისა და ცნობიერი სიმაღლის გამოხატულებას. ,,ჩემო სიკვდილო, ჩემთვის ვბერდები და უკვდავებას ვინახავ შენთვის“ - ამბობს ავტორი და ამ სტრიქონებით ამჟღავნებს მოწიწებას გარდაუვალი მოცემულობის - სიკვდილის მიმართ, ამავდროულად კი - სიცოცხლის თავისუფლების საზღვრულ ესთეტიკასაც გვისახავს. სამშობლოსადმი მიძღვნილ ლექსებსაც ვხვდებით, დარდი და ტკივილი სჩანს ლანჩავას სიტყვებში, უსამშობლოდ მას ვერ წარმოუდგენია საკუთარი არსებობა; საზოგადოდ, იდენტობისა და სუბიექტის არსებობის გამართლებად სამშობლოს განცდა მიაჩნია. ავტორი გულდაწყვეტილია თანამედროვე ვითარებით, ვაჟკაცობასა და გამჭრიახობას უწუნებს ბოლო საუკუნეებში (დღევანდელობის ჩათვლით) მმართველებს ჩვენი ქვეყნისა, ის შეჰნატრის დავით აღმაშენებელს და სიმამაცეს ხელისუფალთა, რომელ ხელისუფალთაც შეეძლებათ აღმშენებლობის, სტაბილურობისა და მშვიდობის მოპოვება ჩვენი საქართველოსთვის. გამჭრიახობა, ბრძოლისუნარიანობა და სიმამაცე მიაჩნია მტრისგან თავის დაღწევის ერთადერთ გზად. ვხვდებით პოეტის როლისა და დანიშნულების განხილვასაც, რომ პოეტი ყოველთვის უსასრულო თავდავიწყებას ესწრაფვის, სიკეთისა და სათნოების ცალსახოვანი სფეროა, რომელშიც ყველა ვერ აღმოჩნდება, მაგრამ ვინც აქ არის, ის ჭეშმარიტად ეზიარება უსასრულობას. ავტორი ლექსებს უძღვნის თავის სათაყვანებელ ქალაქს - ქუთაისს. ,,ამ ქალაქში არ კვდებიან, იბადებიან“, - ამბობს თეიმურაზ ლანჩავა და მთელი გრძნობით გადმოსცემს ლექსში საკუთარ დამოკიდებულებას ქუთაისის მიმართ, რომ აქ მაცხოვრებელი ადამიანისათვის სიკვდილსაც კი განსაკუთრებული ხიბლი აქვს. აღსასრულის სასოწარკვეთილების განცდასაც უგულვებელჰყოფს ავტორი და ადამიანურ, ზნეობრივ-მორალურ ურთიერთობებს ამარჯვებინებს სიკვდილის საშინელებაზე. მეტიც: სიკვდილს სიცოცხლის განუყრელ ნაწილად წარმოგვიჩენს და მიგვანიშნებს, რომ საშიში არაფერია.
      ,,ფიქრის გასამართლებაში“ შესული პოეტური ტექსტები პალიმფსესტური პათოსით ხასიათდება, როგორც მრავალ ფენაგადაფხეკილ ეტრატებზე ახალი სიტყვიერების ნიშნებით გამოკვეთა სხვადასხვა აზრისა, რომელ აზრებშიც ეპოქებს ერთმანეთის ექო მოესმით. თ. ლანჩაავას გათავისებული აქვს ორთოეპიის მნიშვნელობა, მისი ტექსტუალური ექსპანსია უარყოფს მამონას იდეოლოგიურ ქვეტექტს, როგორც სიმდიდრისა და მომხვეჭელობის სრულქმნილებას; ობივატელური განკერძოების საგიტალურ პარადიგმას ანგრევს და აუფასურებს, რაც მდგენელად გვისახავს არსის გადაულახავ მონადას. ლანჩავას პოეზიაში ორგანულად შეთვისებულია დრამა და სატირა. როგორც ძველინდური ანდაზა გვეუბნება: ,,ყოფნა ყოფნამდეა და ყოფნის შემდეგაც არის ყოფნა“. საკრალური მისტიფიკაციებით გაჯერებულია ავტორის პოეზია, გზების ძებნა რელიზმის მარწუხებიდან გაქცევისა სჩანს, თუმცა ფაქტობრივ მოცემულობათა გავლენებიც იგრძნობა. ხედვითი სიმულაცია განაზრებული აქვს თ. ლანჩავას, შეგრძნებებით იმდენადვე მოქმედებს, რამდენადაც გონებით. მჭვრეტელობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მის პოეზიაში, მაგრამ მგრძნობელობას იმდენად შეესატყვისება, რომ განცალკევებულად რომელიმე მათგანს ვერც კი დავასახელებდით. კლასიკა უყვარს და მიისწრაფვის მისკენ, არც თანამედროვეობას უშინდება და არც მომავლის პერსპექტივებს, აშკარად იგრძნობა ნოსტალგიური ფონი, რაც ავტორისეული სუბიექტივიზაციის ნიშანი ნამდვილად არ არის, არამედ საყოველთაობასთან შეთავსებისაკენ მიილტვის. სურს, რომ საუკუნეთა ვიბრაციული მუხტი გაითავისოს. განიცდის ეგზისტენციალურ შიშსაც, რაც მულტიფუნქციური სრულიადაც არ არის, - ეს მისი ლოკალური შიშია, როგორც თვითრეალიზაციის აუხსნელი სუბსტრატი. ინდივიდუალისტური პრაგმატიზმიც ახასიათებს თ. ლანჩავას ლექსებს, რაც მექანიზატორულ როლს ასრულებს. რთულია, თვალები გაახილოს ადამიანმა და უსასრულო სამყაროს წინ მდგომმა, საკუთარი არსებობის განაზრების შემდეგ, მოძრაობა განაგრძოს. ავტორი სრულად აცნობიერებს, რომ მისი სიტყვა დროისა და სივრცის ნაწილია, ბუნების ხილვადობა კი არაფერს კარგავს, არამედ პერმანენტულად აღმოაჩენს. 
      წიგნის - ,,ფიქრის გასამართლების“ მეორე ნაწილი თეიმურაზ ლანჩავას პროზაულ ნაწარმოებებს ეთმობა, წარმოდგენილი გვაქვს მოთხრობები და ნოველები. თემატური სხვადასხვაობაა მოცემულ მოთხრობებში, გვხვდება როგორც ზოგადდიდაქტიკურ-დამრიგებლობითი, ისე პრაგმატულ-ცხოვრებისეულ სიბრძნეთა გადმოცემა. ლაკონური და გასაგებია ავტორის განწყობები, ყოველგვარი გადატვირთვის გარეშე, მსუბუქად და ძალდაუტანებლად ავტორს შევყავართ ნაწარმოებთა სპეციფიკაში. გვხვდება ავტობიოგრაფიული ნოველებიც, სადაც თეიმურაზ ლანჩავა იხსენებს მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მათ ფსიქოპორტრეტს გვიხატავს, მათ დამოკიდებულებებსა და ურთიერთობებს, რაც მეტად ადამიანური და უშუალოა. აღმოვაჩენთ ისეთ ჩანაწერებსაც, სადაც ავტორი ალეგორიებით გვესაუბრება, არსებობის დასაწყისის სიხარულითა და დასასრულის მწუხარებით არის გაჯერებული მოთხრობათა სრული უმრავლესობა. განსაკუთრებით გამოსარჩევია რამდენიმე ნაწარმოები, მათ შორის: ,,დაკარგული უკვდავება“, ,,დაბრუნება“, ,,წვიმის ფარდის იქით“, ,,ინგლისურის გაკვეთილები“, ,,სცენაზე იდგა სავარძელი“, ,,სიმაღლე“, ,,სიყვარული“.
       ,,დაკარგულ უკვდავებაში“ ავტორი მისტიურ სამეფოს წარმოგვიდგენს, სადაც შთაგონებით მეოცნებეების დაშოშმინება მოინდომა ხელისუფალმა... აუსრულეს რა მათ ყველა ოცნება და სურვილი, ქვეყანაში მოწყენილობამ დაისადგურა, შემოქმედებითი მუხტიც დაიკარგა და ზოგადი ინტერესიც, დათმეს და გაასხვისეს უკვდავების წყაროც, რაც ავტორისათვის ყოფითი სინამდვილის ხიბლის სიმბოლოა, სადაც უკვდავების შეგრძნება იბადება გამუდმებითი წინააღმდეგობებისა და გარდასახვების კვალდაკვალ. მდორე, სტატიკურ ერთსახოვანებას, რაოდენ სრულყოფილადაც არ უნდა მიგვაჩნდეს ის, არანაირი გამართლება არ გააჩნია, ადამიანური ფსიქიკა კვდება და ნადგურდება პროცესუალური ცვალებადობის გარეშე. თ. ლანჩავა ეთანხმება თვალსაზრისს, რომლის თანახმადაც, - მუდმივი მხოლოდ ცვალებადობა შეიძლება იყოს.
        თეიმურაზ ლანჩავას წიგნი - ,,ფიქრის გასამართლება“ მაღალი დონის მხატვრული ნაშრომია, მასში შემავალი ტექსტები ერთმანეთთან დიალოგში არიან, გამოსჭვივის სათნოება და კეთილშობილება, ადამიანური სიკეთენი. ყოველი ჩვენგანი ნაწარმოებების ნაწილად ვიგრძნობთ თავს. იმდენად დახვეწილი და ბუნებრივი ენით მოგვითხრობს ავტორი საკუთარ განცდებს, რომ სიყალბისა და მოჩვენებითობის განცდა სრულიად არ გვეუფლება. ვგრძნობთ, რომ ლანჩავა საკუთარი ტექსტების მკითხველად გვევლინება, ქმნადობის პროცესში გათავისებული აქვს, რომ ტექსტი ზოგადდება დროისა და სივრცის უსასრულობაში, თვითონ კი - ამ ტექსტებში იბადება ყოველ ჯერზე.
    ყოველი მხატვრული ნაწარმოების დანიშნულებაა, რომ საკუთარი თავი დაგვანახოს გარე საგნებისა და მოვლენების კონტექსტში. სარკისებური ეფექტი გააჩნიათ ტექსტებს. ფანჯრიდან ოთახს გადავისვრით, შემდეგ ვამსხვრევთ პირველ მათგანს; ბუნებაში გადავაბიჯებთ... განუყრელ მთლიანობად აღვიქმებით ბუნება და ჩვენ, - ჩვენ და ბუნება. ტექსტიც ასეა, ის გაურბის ავტონომიებს... საბოლოოდ კი - აღარც ფანჯარა რჩება... მხოლოდ ქვიშაა და მცხუნვარება.

24.02.21.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge