გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თამარ ჩიხლაძე - ფენტეზის პარადოქსი, ანუ ფენტეზი გადაარჩენს ლიტერატურას?


 მაშინ, როდესაც წიგნს აკლია მკითხველი, ფენტეზის (ინგ. – Fantasy) ჟანრში მკითხველს აკლია წიგნი. ასეთია რეალობა საზღვარგარეთ, უფრო მეტად კი, საქართველოში. იყო დრო, როდესაც ცნობილი გამომცემლები ფენტეზის სერიოზულად არ უყურებდნენ ან საბავშვო ლიტერატურად თვლიდნენ. მე-20 საუკუნეში ფანტასტიკურ ლიტერატურას საფრანგეთში უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა, ვიდრე გერმანიასა და ინგლისში, სადაც ის ლიტერატურის მარგინალურ მოვლენად მიიჩნეოდა და შესაბამისად, არც შეისწავლებოდა.
ჩვენს ეპოქაში `ჰარი პოტერისა~ და `ბეჭდების მბრძანებლის~ ეკრანიზაციის წარმატებამ განსაკუთრებული ყურადღება მიმართა ამ ჟანრისკენ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ის ახალი არაა, ძველია და არქეტიპულ ლიტერატურას წარმოადგენს. ჯერ იყო მითი, ზღაპარი, მისტიკა, უტოპია, ბიურგერული და გოთური რომანები, რასაც მოჰყვა პარაბოლური რომანი, შემდეგ ნეოფანტასტიკა და სამეცნიერო ფანტასტიკა, ბოლოს კი, ბიოპანკი და ფენტეზი. ამ უკანასკნელზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ის, როგორც ლიტერატურული ჟანრი, მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის. აქედან გამომდინარე, მისი ზუსტი დეფინიცია ჯერ კიდევ არ მომხდარა,  და საერთოდ, ბევრი რამ ამ ჟანრში შეუსწავლელი და დასაზუსტებელია. 
ევროპაში ფენტეზის, ზოგადად კი, ფანტასტიკური ლიტერატურის კვლევის პროცესი, ცხადია, დაწყებულია, რასაც ადასტურებს ამ თემასთან დაკავშირებით გამართული რამდენიმე საერთაშორისო კონგრესი, ასევე, სპეციალური ბიბლიოთეკებისა თუ მეცნიერული კრებულების შექმნა. ფენტეზის განვითარება, ცხადია, დაკავშირებულია კომპიუტერიზაციასთან, ვირტუალურ თამაშებთან. ლიტერატურაში ფენტეზის სახით პოსდმოდერნიზმმა შექმნა საკუთარი ზღაპარი. ეს არის ანტიკური ხანის, შუასაუკუნეებისა და თანამედროვე კულტურების შეხვედრის ადგილი, თანამედროვე ადამიანის მსოფლმხედველობათა გაფართოების არეალი. ფენტეზი სამყაროს შესახებ არსებული ცოდნიდან გამომდინარე, მოგვითხრობს არარსებულ ამბებსა და პერსონაჟებზე. ნათელია, რომ პოსტმოდერნისტები, სურთ რა ტრადიციული არსებობისგან გათავისუფლება, ახლის შენებას და ვირტუალური სამყაროს შექმნას ემსახურებიან. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო ლიტერატურაში ისეთ სამყაროთა კონსტრუირება, სადაც ჯადოსნობა და ფანტასტიკა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. წინა პლანზე წამოიწია ფენტეზის ჟანრმა, რამაც მალევე განავითარა საკუთარი ქვე-ჟანრებიც : ურბანული, იუმორისტული, რეალისტური და შავი ფენტეზი. ზოგადად, ფენტეზის ჩამოყალიბებაში, როგორც ცნობილია, დიდი როლი ითამაშეს ჯ.რ.რ. ტოლკინმა და კლაივ ს. ლუისმა, რომლებსაც, თავის მხრივ, გააჩნდათ არაერთი შთაგონების წყარო. 
თუ ვისაუბრებთ ფენტეზის დადებით მხარეებზე, ვიტყვით, რომ ესაა მისი უნარი, განავითაროს და გაამდიდროს ადამიანის, განსაკუთრებით, მოზარდის, წარმოსახვის უნარი, სტიმული მისცეს ადამიანის ცნობისმოყვარეობას, აჩვენოს, რომ დღეს კაცობრიობა ფანტასტიკურ სამყაროში ცხოვრობს, რომ ის, რაც ცოტა ხნის წინ ტექნიკურად შეუძლებლად იყო მიჩნეული, ხვალ რეალობად იქცევა. ასევე დავამატებთ, რომ ფენტეზის ჟანრი, ძირითადად, მარტივად იკითხება და ადვილად აღიქმება, მრავალფეროვანია და გონებამახვილური, ზოგჯერ ჯანსაღი იუმორით სავსეც. ფენტეზის შემქმნელი შემოქმედი შესაძლოა, დიდი მწერალი გახდეს, თუკი მისი ნაწარმოებები შეეხება ისეთ ზოგადსაკაცობრიო, სერიოზულ თემებს, როგორიცაა ერთგულება, მეგობრობა, გმირობა, რასობრივი დისკრიმინაცია, ფემინიზმი, ძალადობა, რელიგიური ფუნდამენტალიზმი და სხვა. ასეთია ბრიტანელი ტერი პრატჩეტი, რომლის იუმორით გაჟღენთილი წიგნები საყოველთაო მოწონებას იმსახურებს, თუმცა აღიარება მწერალს მაშინვე არ მოუპოვებია. ამის მიზეზი ის იყო, რომ ფენტეზის ჟანრი სერიოზულად არ აღიქმებოდა. აი, რას ამბობს თავად პრატჩეტი: 
„ახლა ვიცი, რომ თითქმის მთელი ფიქცია არის ფენტეზი. ის, რასაც აგატა ქრისტი წერდა, ფენტეზია, რასაც ტომ კლენსი წერს, ფენტეზია. ის, რასაც ჯილი კუპერი ეხება, ესეც ფენტეზია [...] თუმცა, ამავე დროს, ფენტეზი ვარაულდობს, თუ რა მოხდება მომავალში, თავიდან წერს წარსულზე და თან უფიქრდება აწმყოს. ის თამაშობს სამყაროსთან“. (https://fantasyandscifi.wordpress.com/tag/discworld/
აქ მწერალი აღნიშნული ჟანრის ერთგვარ განმარტებას იძლევა. 
ფენტეზი რომ ყოვლისმომცველია და თავის თავში მთელ ლიტარატურას იტევს, ამას ლიტერატურათმცოდნე, ლევან ცაგარელის ერთ-ერთი სტატიიდან ამონარიდიც ადასტურებს:
„ უნდა დავეთანხმოთ დურსტის ფუნდამენტური ნაშრომის დასკვნას, რომ ფანტასტიკური ლიტერატურის მთავარი თემა თვით ლიტერატურაა.“ (სჯანი 7. შ. რუსთაველის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტი. 2006. ლევან ცაგარელი. რა არის ფანტასტიკური ლიტერატურა? გვ. 26)
ფენტეზის ჟანრში მომუშავე მწერლები არ მალავენ, რომ უამრავ სირთულეს აწყდებიან, რომ ამ არარეალური სამყაროს ხატვა ძნელია და არანაკლებ რეალურ აღწერას მოითხოვს. მით უმეტეს, დიდი პასუხისმგებლობაა ფენტეზის საბავშვო მწერლის სახელის ტარება, ვინაიდან მას მეტი გულწრფელობა და სიფაქიზე მოეთხოვება. საკამათო არაა, რომ ამ ჟანრის პოპულარიზაციას ხელს უწყობს ეკრანიზაცია. ეს პროცესი, თავის მხრივ, დამოკიდებულია თანამედროვე კინო-ხელოვნების განვითარებასა და მის ტექნიკურ შესაძლებლობებზე. ნათელია, რომ დღეს ფენტეზი წამყვანი ჟანრია და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამედროვე ადამიანის აზროვნებაზე. ის გვევლინება კომერციულად მეტად მომგებიან ლიტერატურულ ჟანრად, რის საფუძველზეც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომავალი მას ეკუთვნის, რომ შემდგომი ლიტერატურული პროცესები ფენტეზის გარეშე ვერ წარიმართება. თანამედროვე ლიტერატურათმცოდნენი მიიჩნევენ, რომ ფენტეზის პოპულარობას განაპირობებს ამგვარ წიგნებში ასახული ირეალური სამყარო, ფანტასტიკა და თავისუფლება, და თუ ტენდენციაც ისეთია, რომ დღეს წიგნს გასართობად უფრო კითხულობენ, ვიდრე სხვა მიზნით, მაშინ გასაკვირი არაა, თუ რატომ იკიდებს ფეხს ეს ჟანრი ასე წარმატებულად.
თუმცა, მიუხედავად ზემოთქმულისა, ამა თუ იმ ქვეყნის ბევრი  ხელოვანი და კრიტიკოსი ჯერ კიდევ სერიოზულად არ ეკიდება ამ ჟანრს. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს. ჩვენში სულ ერთი-ორი მწერალია, ვინც ამგვარი ნაწარმოებები შექმნა. მათ შორის აღსანიშნავია ნატო დავითაშვილი, რომელმაც, ქართულ მითოლოგიასა და ტრადიციებზე დაყრდნობით, რამდენიმე წიგნი გამოსცა. ესენია: `როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან, `ამბავი ლილე იროელისა`, `ნისლები და ნისლებს მიღმა`, `ოთხი მხარე და ოთხი სვეტი` და `ლურჯი სუფრის მოცეკვავე`. ეს უკანასკნელი ხატავს სამყაროს, სადაც დრაკონთა ბრწყინვალე მოდგმას გადაშენება ემუქრება, ხოლო ზღვის ენაზე მოლაპარაკე ხალხს მიწაზე ცხოვრების უფლება არ აქვს. მკითხველი მოგზაურობს დრაკონის ზურგზე ამხედრებული, ესწრება გასაოცარ ომს ფიგნებთან, რომლებიც განსაკუთრებული საკვების გარეშე გამჭვირვალეები, ხან კი უხილავნი ხდებიან. ამ უკიდეგანო სამყაროში არ არსებობს წესრიგი. სხვა წიგნებში მწერალი გატაცებით აღწერს ლილე იროელის ამბავს და ქმნის ქართული მითოლოგიის გასაოცარ სახეებს. მწერალი ქალი აღნიშნავს, რომ ქართული მითოლოგია ფენტეზის ჟანრისთვის ნოყიერი ნიადაგია:
„ფენტეზი, უპირველეს ყოვლისა, ჩარჩოებს ამსხვრევს, გაიძულებს, ერთ ადგილს არ მიეჯაჭვო, კარი შეაღო, მის მიღმა გასვლის სურვილით აინთო და ზღურბლს უშიშრად გადააბიჯო, შესაძლებლობების მრავალფეროვნება იწამო და მიხვდე თავისუფლების უალტერნატივობას. “ (http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=14&id=64
მიუხედავად იმისა, რომ ქართული კულტურა ასე მდიდარია ზღაპრებით და მითოლოგიით, მიიჩნევენ, რომ ჩვენი ქვეყნის ლიტერატურაში ფენტეზის ჟანრი არ განვითარებულა საბჭოთა იდეოლოგიის გავლენის გამო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არც მანამდელი ლიტერატურა ყოფილა გაჯერებული ფანტასტიკური ამბებით და პერსონაჟებით. ქართული გამომცემლობებიდან ყველაზე აქტიურად ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობაა დაკავებული ფენტეზის ჟანრის ნათარგმნი თუ ქართული ნაწარმოებების გამოქვეყნებით. ბევრი გამოცემლობა თავს იკავებს ექსპერიმენტებისგან.
დღეს, ცოტა რთულია ფენტეზის მომავლისა და მისი შემდგომი განვითარების განსაზღვრა. თუმცა, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ თავისი მდიდარი წარმოსახვითი სამყაროს წყალობით, ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებებს ხელეწიფება, წიგნს შეუნარჩუნოს მკითხველი და მიიზიდოს ახალი თაობაც.  ფენტეზი ნაკლებად იქნება მსუბუქი, გასართობი ლიტერატურა, თუ მისი ნიმუშები შეიქმნება მდიდარი მხატვრული ენით და გვასწავლის ფიქრს და აზროვნებას. 
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ამირან გომართელი - ეს როგორი საქციელია, როსტომ?! ამირან გომართელი - ეს როგორი საქციელია, როსტომ?! ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა სოფიკო ჭუმბურიძე - ბექა ქურხულის „სამოთხიდან გაქცეულები“ პოსტმოდერნისტულ ჭრილში სოფიკო ჭუმბურიძე - ბექა ქურხულის „სამოთხიდან გაქცეულები“ პოსტმოდერნისტულ ჭრილში ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები სონია ქართველიშვილი - ბექა ქუხულის “სამოთხიდან გაქცეულები“ სონია ქართველიშვილი - ბექა ქუხულის “სამოთხიდან გაქცეულები“ ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / მომხმარებლები თორნიკე სანიკიძე  -  მარადიულობის პრობლემა და კოსმოლოგიური კრეაციონიზმი თორნიკე სანიკიძე - მარადიულობის პრობლემა და კოსმოლოგიური კრეაციონიზმი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / ფიზიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული დავით ანდრიაძე  -  მწერალი — ძალაუფლების ინვესტორი დავით ანდრიაძე - მწერალი — ძალაუფლების ინვესტორი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge