გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სოფიკო ჭუმბურიძე - ბექა ქურხულის „სამოთხიდან გაქცეულები“ პოსტმოდერნისტულ ჭრილში

XX საუკუნის დასასრულისა და XXI საუკუნის დასაწყისში ბევრი ახალი მიმდინარეობა განვითარდა, რომელთაგან აღსანიშნავია პოსტმოდერნიზმი, რასაც, გარკვეულწილად, ქვეყანაში განვითარებულმა სოციალურ-პოლიტიკურმა მოვლენებმა შეუწყო ხელი. ამ პერიოდში ქართულ მწერლობაში ნიჭიერ მწერალთა ახალი თაობა გამოჩნდა, მათ შორისაა ბექა ქურხული, რომელმაც საკუთარი ადგილი მალევე დაიმკვიდრა ჩვენს მწერლობაში. მისი შემოქმედება, ძირითადად, ჩვენი ქვეყნის უახლესი, ტკივილიანი წარსულით საზრდოობს. ბექა ქურხულის რომანი „სამოთხიდან გაქცეულები“ 2015 წელს დაიბეჭდა, 2016 წელს კი პრემია „საბას“ ლაურეატი გახდა. ნაწარმოებში ავტორი თითქმის ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას ეხმაურება. მასში მხატვრულადაა ასახული საქართველოს უახლესი წარსული. ქურხული კარგი მთხრობელია. სწორედ საინტერესო ნარატივითა და პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნებიათაა გამორჩეული რომანი, რომელშიც ეპოქის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემაა თავმოყრილი. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ავტორმა „სამოთხიდან გაქცეულებით“ ქართულ ლიტერატურას უდავოდ საინტერესო ნაწარმოები შესძინა. 

საკვანძო სიტყვები: სამოთხიდან გაქცეულები, პოსტმოდერნიზმი, 90-იანი წლები, ნარატივი. 
XX საუკუნის მიწურულს ქართულ სალიტერატურო კრიტიკაში აქტიურად დაიწყეს საუბარი პოსტმოდერნიზმზე, როგორც ერთ-ერთი კარგად გამოკვეთილ მიმდინარეობაზე, რომელიც საკმაოდ მოსახერხებელი ესთეტიკა აღმოჩნდა ქვეყანაში განვითარებული სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების მხატვრული ინტერპრეტაციისათვის. ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში პოსტმოდერნიზმის შესახებ დომინირებს ორი მოსაზრება; მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, პოსტმოდერნიზმის ნიშნები, არათუ XX საუკუნის ბოლო ათწლეულის ქართულ მწერლობაში, არამედ უფრო ადრინდელი თაობის ავტორთა შემოქმედებაში შეიმჩნევა. ლევან ბრეგაძე ვარაუდობს, რომ პოსტმოდერნისტული ტენდენციები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ლიტერატურათაგან, ყველაზე ადრე ქართულ მწერლობაში, XX საუკუნის 60-იანელთა თაობის შემოქმედებაში გამოჩნდა (ბრეგაძე 2005: 29). მეორენი კი თვლიან, რომ პოსტმოდერნიზი ქართულმა მწერლობამ გაითავისა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პოლიტიკური მოვლენების თანამდევი პროცესი. “პოსტმოდერნიზმში განიხილება სოციუმის ცხოვრება, ხოლო პრობლემები წარმოდგება ირონიზირებული სახით“ (წიფურია 2016: 445). ქართულ პოსტმოდერნისტულ ნარატივში მკაფიოდაა გამოვლენილი პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი ისეთი ძირითადი მარკერები, როგორებიცაა: ორმაგი კოდირება, ინტერტექსტი, რიზომა, ირონია, დეკონსტრუქცია, ავტორის ნიღაბი, თამაშის პრინციპი, ეკლექტიზმი, ესეისტურ-თეორიული ჩანართები და მეტატექსტუალური კომენტარები. დღევანდელ ლიტერატურულ პროცესს სხვადასხვა თაობის ავტორები ქმნიან, რომელთაგან არაერთი გამორჩეული ხელწერითა და ინდივიდუალიზმით დაჯილდოებული შემოქმედები არიან. მათ შორისაა ბექა ქურხულიც. პროზაიკოსი სამწერლობო ასპარეზზე 90-იან წლებში გამოვიდა და, თანდათან, ერთ - ერთ გამორჩეულ ქართველ მწერალად ჩამოყალიბდა. მწერლის მოთხრობები თარგმნილია - ინგლისურ, იტალიურ, პოლონურ, უკარინულ, ჩეხურ, ლიტვურ, სლოვაკურ, თურქულ, ოსურ, ავარიულ (დაღესტანი) და რუსულ ენებზე. გამომცემლობა „stillo editrice“ (ბარი, იტალია) 2018 წელს იტალიურად თარგმნა და გამოსცა ბექა ქურხულის მოთხრობების კრებული -„ქალაქი თოვლში.“ (მთარგმნელი ნუნუ გელაძე). იმავე 2018 წელს ბექა ქურხული მონაწილეობდა ტორინოს (მაისში) და ბარის (ოქტომბერში) საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებში. არის სხვადასხვა პრემიების ლაურეატი: რეზო ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია (2014), ლიტერატურული პრემია „საბა“ (2016), ლიტერატურული პრემია „თბილისი“ (2017), ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ (2018), ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია „საგურამო“ (2019) - ნომინაცია წლის საუკეთესო პროზაიკოსი. ბექა ქურხულის შემოქმედება, ძირითადად, ჩვენი ქვეყნის უახლესი, ტკივილიანი წარსულით საზრდოობს. რომანი „სამოთხიდან გაქცეულები“ 2015 წელს დაიბეჭდა, 2016 წელს კი პრემია „საბას“ ლაურეატი გახდა. ნაწარმოებში ავტორი თითქმის ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას ეხმაურება. მასში მხატვრულადაა ასახული საქართველოს უახლესი თავად რომანის სათაური „სამოთხიდან გაქცეულები“ შეიძლება ჩაითვალოს ალუზიურად. „ალუზიურია სათაურები, რომლებიც ტექსტობრივი შინაარსის სიმბოლოდ გვევლინებიან ინტერტექსტუალობის საფუძველზე, როდესაც ერთი ტექსტის ქმნადობა და აღქმა დამოკიდებულია სხვა რომელიმე ტექსტის ცოდნაზე“ (Beaugrande R. & W. Dressler 1981: 224). სათაურში ავტორი ორმაგ კოდს დებს და ინტერტექსტად ბიბლიას იყენებს. სამოთხე ადამიანების თავდაპირველ საცხოვრებელ ადგილს, ედემის ბაღს ეწოდებოდა. ეს ბაღი რეალურად არსებობდა და იქ პირველი წყვილი ცხოვრობდა. მაშინ არც ავადმყოფობა იყო და არც სიკვდილი. ღმერთთან არდამორჩილების შემდეგ, მათ დაკარგეს სამოთხეში ცხოვრების უფლება და განიდევნენ. ეს ფაქტი უმნიშვნელოვანესი ბიბლიური მოვლენაა. ბექა ქურხულთან კი სამოთხე შეიძლება ერთგვარ ბიბლიურ ანტითეზად ჩავთვალოთ, რადგან გარემო, რომელზეც ავტორი მოგვითხრობს, ნამდვილად არ იყო სამოთხე, უფრო მეტიც, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს „სამოთხე“ ბიბლიური სამოთხიდან განდევნილ-გაქცეული, სულიერად დაცემული ადამისა და ევას მოდგმამ შექმნა და ჩვენამდე მოიტანა, ახლა კი ჩვენ გვიწევს პასუხისგება იმ პირველცოდვისთვის. პოსტმოდერნისტულ დისკურსს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ნარატოლოგიური ფაქტორი. უახლესი წარსული, ეპოქის სულისკვეთება და წინააღმდეგობანი. მწერალი თხრობისას ერთ ხაზს მიჰყვება, გვთავაზობს უწყვეტ ქრონოლოგიურ თანამიმდევრობაზე აგებულ კომპოზიციებს. ნაწარმოებში მოქმედება 1986-დან 2004 წლამდე მიმდინარეობს, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ქართულ მწერლობაში პოსტმოდერნიზმი აქტიურად მკვიდრდებოდა. „სამოთხიდან გაქცეულებში“ ორი სიუჟეტური ხაზია გამოკვეთილი. პირველი თემურასა და მისი მეგობრების თავგადასავლის აღწერას მიჰყვება, მეორე კი იმ ბიჭის თავგადასავალს მოგვითხრობს, ვისი სახელიც ჩვენთვის უცნობი რჩება. თუმცა ამბები და პერსონაჟები ერთმანეთს უკავშირდებიან და ერთ მთლიანობას ჰქმნიან. რომანს კონკრეტული მთავარი გმირი არ ჰყავს, აქ ყველა და ყველაფერი მთავარია, ავტორი მოგვითხრობს ერთდროულად მხიარულ და სევდიან ისტორიას გმირებისა, რომლებიც ეპოქის დამახასიათებელ სახეებად გვევლინებიან. პირველივე გვერდიდან ავტორი პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი ირონიულობით გვიხასიათებს პერსონაჟებს: „ელე ლეჟავა საშინელი ქალი იყო და ამ საშინელ ქალს შეუყვარდა“ (ქურხული 2015: 5). ირონიით მოგვითხრობს სამი მეგობრის შესახებაც, რომელთაც მეტსახელებს არქმევს და განმარტებებსაც დაურთავს (ეხლა ნახე, რა ვქნა თემურა, ძესნა ლალე, ძია ბარადა), შემდეგ თხრობა გადაჰყავს ნანულისა და მამის მიერ მიტოვებული რახიტიანი მიშოს ამბებზე. ისინი, წესით, უნდა გვეცოდებოდნენ თავიანთი ისტორიებით, მაგრამ აქაც ირონიას ვგრძნობთ და მწერალს ასე თამაშ-თამაშით შევყავართ მძაფრ ლიტერატურულ მორევში, რომელიც თხრობას უკვე 1986 წლის ამბებითა და ჯარში მიშოს წაყვანით განაგრძობს და აქ, ავტორი დიდ სიუპრიზს გვიმზადებს. ცნობილი პოსტმოდერნისტი მწერალი უმბერტო ეკო შენიშნავდა: „კითხულობდე ლიტერატურულ ნაწარმოებს, ნიშნავს, მონაწილეობდე თამაშში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავიაზროთ მოვლენათა უსასრულო მრავალფეროვნება, რომელიც მოხდა, ხდება ან მოხდება რეალურ სამყაროში“ (Эко 2002 :162-163). მოულოდნელობაა, თემურას ჯარში წასვლა მიშოს ნაცვლად, ამ გამოგონილი ამბით ავტორმა რეალობა შემოგვთავაზა და პოსტმოდერნისტულ თამაშში ჩაგვაბა, წარმოუდგენელის წარმოდგენა განგვაცდევინა: თუ როგორ წავიდა თემურ მათურელი ავღანეთში მიხეილ ადუაშვილის ნაცვლად, ორი წლით. ტრგიკული მოვლენაა სხვის ომში წასული ქართველები, უმიზეზოდ სასიკვდილოდ განწირულები. „დეიმალე-თქვა- მაგას რავა გკადრებ, მარა ერთი მაინც დეიხსომე, არაფერი არაა აქ ჩვენი საჩხუბარი და საომარი, სხვის შარში ვართ“ (ქურხული 2015: 192). სხვის ომში ერთმანეთის გვერდით იდგნენ და ერთმანეთს ამხნევებდნენ თბილისელი, ქუთაისელი, ქართლელი, ინგუში, აფხაზი, ლოტკინელი ქურთი... და ერთმანეთს შესჩიოდნენ „რა ვალი გვაქვს ამ ვანიების ასეთი გადოუხდელი და მოუშორებელი“(ქურხული, 2015: 196). ეს არის ავტორის მიერ აღწერილი რეალური სამყარო, რომლის ტრაგიზმიც ბოლომდე უნდა განგვაცდევინოს და აი, იღუპებიან გმირები სხვისთვის, არაფრისთვის, საბჭოთა კავშირისთვის. „საყდარში ანთებული და ჩანავლული სანთელი უკანასკნელ შუქს რომ ისვრის, ისე ბჟუტავდა გუროს შერჩენილ ცალ თვალში სიცოცხლის უკანასკნელი ათინათი. ბჟუტავდა, ნავლდებოდა, მერე ნელ-ნელა ჩაქრა და მზერა გაიყინა,. თემურას მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა ეს წამი, როცა სიცოცხლის ალი საბოლოოდ გაქრა გურამ შამოევის მზერაში და თბილისელი, ლოტკინელი ქურთის ბიჭი, მეტსახელად ფაშა, სადღაც ეშმაკების გადასაკარგავში ჩიხჩერანის ხეობის შესასვლელში 65- მილიმეტრიანი ნაღმისგან ნაკუწებად ქცეული გარდაიცვალა“ (ქურხული 2015: 199). ტექსტი ხდება ჩვენთვის „ხედვითი.“ თითქოს, ნაწარმოები კი არ იკითხება, არამედ შეიძლება მისი ყურება და ჩვენ, მკითხველნი, თანაავტორებად და პერსონაჟებად ვიქცევით. ავტორი კარგადაა ინფორმირებული ავღანეთის ომის ამბებით, ზუსტად აღწერს ისტორიას, ავღანურ სოფლებს და ადგილებს. თანამედროვე პოსტმოდერნისტული რომანის ერთ-ერთი განმსაზღვრელია ისტორიული ფაქტების გამოყენება. ბექა ქურხული მათ არა თუ იყენებს, არამედ თითქოს შლის კიდევაც საზღვარს „ლიტერატურასა“ და „ისტორიას“ შორის. ავღანეთიდან ცოცხლად დაბრუნებული თემურა უკვე საკუთარ თავთან გაუცხოებულია, ყველას და ყველაფერს გაურბის რწმენადაკარგული. პოსტმოდერნისტი მწერლები ხომ ნეგატიური საზოგადოებისგან განზე მდგომი, პარანოიით შეპყრობილი გმირებისადმი იჩენენ დიდ ინტერესს, თემურაც ასეთია ცდილობს გაემიჯნოს რეალობას, ამიტომ ის არა მარტო მწერლის, არამედ ჩვენი, მკითხველის საყვარელი პერსონაჟიცაა. თემურას ავღანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ავტორს თხრობა გადააქვს ჩვენი ქვეყნის ტრაგიკულ ისტორიაზე. მან შესანიშნავად აღწერა ეპოქის სულისკვეთება და წინააღმდეგობანი, არ დაუტოვებია, თითქმის არცერთი ისტორიული მოვლენა ყურადღების მიღმა, დოკუმენტური სიზუსტით, ჩანართების სახით თუ ისტორიული სიზუსტით გადმოგვცა XX საუკუნის 20-იანი წლები და პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური ამბები, 1937 წლის რეპრესიები, 1956 წლის 9 მარტის მოვლენები, 70-იანი წლების ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის აფეთქება, 1977 წელს სტადიონზე მომხდარი ამბები, როდესაც თბილისის „დინამოს“ ჩემპიონობა წაართვეს და აღრიალებული გულშემატკივარი ყვიროდა: „აღარ გვინდა რუსები, მაგათი დედაც... საკუთარ სახლშიც კი რამდენს გვიბედავენო“ (ქურხული 2015: 239), 1978 წლის 14 აპრილი, საბჭოთა დისიდენტები, ავტორი ლაბირინთების გავლით გვიჩვენებს უახლესი წლების ისტორიას. მწერლები ხშირად ისტორიულ მოვლენებთან მიმართებით აანალიზებენ თავიანთი დროის პროცესებს და ისე ამბობენ სათქმელს თანამედროვე რეალობაზე. „სამოთხიდან გაქცეულები“, ამ მხრივ, გამონაკლისია. აქ, ავტორი ღიად საუბრობს საქართველოს დღევანდელობაზე, მკითხველს არ სჭირდება ზედმეტი ფიქრი ქვეტექსტების ამოსაკითხად. სულიერად დასახიჩრებული გმირების ჩვენებით, ავტორი ცდილობს, დაგვანახოს ომგამოვლილი ადამიანების ტრაგედია. „ხედავდა, როგორ იღუპებოდნენ მასზე მაგარი, ღონიერი, გულადი, ყოჩაღი და კეთილი ბიჭები, ბესო ბერიანიძე, გურამა შამოევი, ვახა-იღუპებოდნენ ავღანელები, რომლებიც საკუთარ სახლ-კარს და სამშობლოს იცავდნენ მათგან, მომხვდური „შურავებისგან“; იღუპებოდნენ მოხუცები,ქალები, ძუძუთა ბავშვები-იღუპებოდნენ სნაიპერის ტყვიით, ნაღმით, ყუმბარით, თავისიანების - ე.წ „მეგობრული ცეცხლით“, ავტომატის ჯერით, დაუდევრობით, უბედური შემთხვევით, ავარიით, დეზინტერიით. ხედავდა, როგორ იშლებოდნენ ჭკუიდან, როგორ გიჟდებოდნენ, ზოგი თანდათან, ზოგი კი, უცებ, ერთბაშად. როგორ ჭაღარავდებოდნენ შიშისგან 19 წლის ბავშვები, როგორ ღრიალებდნენ ძილში და თვითონაც მათთან ერთად ყვიროდა. მანამდე კი, ვიდრე დაიძინებდა, გამწარებული წრიალებდა ლოგინში. ამ დროს დარწმუნებული იყო, ვეღარასდროს ნახავდა თავისიანებს, საკუთარ სახლს, ქალაქს, ქუჩას, ნანობდა, რომ წამოსვლის წინ კარგად არ დაიმახსოვრა, ფოტოგრაფიით არ დააფიქსირა და ზუსტად არ წამოიყოლა ყველაფერი, ეზოდან დაწყებული, თბილისის ქუჩებით დამთავრებული“ (ქურხული 2015: 262). აშკარაა, რომ ავტორი კარგადა იცნობს ამ თემებს, ის საოცარი ტკივილით აღწერს გახლეჩილი, არეული საქართველოს სურათს, ცნობიერებაში ჯერაც რომ არ დალექილა. სტკივა საქართველო-რუსეთს შორის კოფლიქტი, რომელიც, ისევ ქართველთა ბედოვლათობით, შიდა ეთნიკურ პრობლემად რომ იქცა. ავტორი გვიჩვენებს ფასეულობათა უგულებელყოფას არასამართლებრივ გარემოში, როცა აღარ მოქმედებს კანონი, უარყოფილია ეროვნული, ზნეობრივ-მორალური ნორმები. მათმა რღვევამ გაუცხოება და გარემომცველ სამყაროსთან კონფლიქტი გამოიწვია. იდეოლოგიური კონფლიქტია მამებსა და შვილებს შორისაც (მაგ, ძესნა ლალესა და ცეკას მდივან მის მამას, ოთარ ჭითავას შორის). ყველაზე უახლოესი მეგობრები ძია ბარადა, ძესნა ლალე და თემურაც კი გაუუცხოვდნენ ერთმანეთს ამ არეულობასა და ცოდვა- მადლის ტრიალში. ადამიანები ამ სასტიკ სამყაროში საკუთარი ადგილისთვის იბრძვიან. რომანისთვის არც პოსტმოდერნისტული დაეჭვებაა უცხო, თემურას უჩნდება პარანოია; უკიდურესი ეჭვი სამყაროს რეალობისადმი, უნდობლობა ყველას მიმართ, მაშინ, როდესაც ძია ბარადა ზვიად გამსახურდიას და ეროვნულ მოძრაობას უჭერს მხარს, ტურა ჯაბა იოსელიანი „მხედრიონშია“, ძესნა ლალე კი ხან სად იყო და ხან სად, თემურა, მათგან და ყველაფრისგან გამიჯნული, საკუთარი თავთან გაუცხოებული დადიოდა, რომელმაც მონასტერს მიაშურა, სადაც ავღანეთის ომში ნაბრძოლი ზურა ბუდაღაშვილი არქიდიაოკონი დემეტრე გამხდარა, მაგრამ ვერც მონასტერმა უშველა თემურას დაღლილ სულს და იქიდანაც კონფლიქტით წამოვიდა, ყველაფერმა ამან კი გამოიწვია პარანოიული შფოთვა. რომანში დეტალურად ვეცნობით საქართველოს ისტორიულ მოვლენებს, ავტორი წერს 1988 წლის ამბებზე, მიტინგებზე, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავაზე, ჩვენს უახლოეს წარსულზე. წერს უკანონობაზე,ქვეყნის მამოძრავებელ ძალად რომ ქცეულა.მნიშვნელოვანია ის, თუ რა აღწერა  ავტორმა, „მწერალმა, სიტყვების გარდა, ისიც უნდა იცოდეს, რაზე წერს“ (ქარდავა 2013: 27), ბექა ქურხულმა ეს ძალიან კარად იცის, ზედმიწევნითაც კი, მეტიც, უშუალო მონაწილეა ამ ამბებისა. 9 აპრილის ტრაგედია, სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი, ოსეთის, სომხეთის, ინგუშების, ვაინახელების ამბები და სხვა პოლიტიკური ამბები, რომელთაც ავტორი, დოკუმენტური სიზუსტით გადმოგვცემს და ამ ნარატივში, საინტერესოა ავტორის მიერ ჩადებული ორმაგი კოდი, ორაზროვნება - ერთის მხრივ, როგორ გადმოგვცემს მწერალი ტექსტს, რას გულისხმობს ამ ტექსტში და მეორე, როგორ აღვიქვამთ მის ნააზრევს, ლიტერატურა ხომ ისტორიის განსაკუთრებული ხედვაა, ამ რომანის ინტერტექსად შეიძლება ჩავთვალოთ ისტორიული დოკუმენტები, რომელთაც ავტორი სესსხულობს, აქცევს ერთ სისტემაში და მაღალოსტატურად აკავშირებს მხატვრულ ნარატივთან. საერთოდაც, როგორც როლანდ ბარტი აღნიშნავს „ტექსტი ეს არის ქსოვილი, რომელიც განპირობებულია წინამორბედი ტექსტებით, ავტორის სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ შეძლოს უკვე არსებულისა და საკუთარის ჰარმონიულად შერწყმა ისე, რომ შეიქმნას ახალი ნაწარმოები“ (Барт 1994: 143). ავტორი კარგად იცნობს და აღწერს რეალობას, რომელშიც მკითხველთან ერთად უწევს ცხოვრება. ის მომსწრეა იმისა, რაც მის სამშობლოში სულ რაღაც რამდენიმე წლის წინათ მოხდა. ძნელია, უემოციოდ წაიკითხო 9 აპრილის მოვლენები, „საქართველო, ალბათ, არასდროს ყოფილა ასეთი ერთიანი, როგორიც იმ დღეებში. მილიონერი, ქურდი, ტაქსისტი, პროფესორი, მეძავი თუ მონაზონი ყველა თავისუფლებისა და რუსეთისაგან თავდახსნის იდეით იყო ანთებული“ (ქურხული 2015: 338). ბიჭისა და მისი მეგობრების თავგადასავლით, მათი ფსიქოლოგიისა და განცდების ჩვენებით ავტორი მომავალი თაობის სურათს გვიხატავს. ბიჭები, მასწავლებელთა მხრიდან აკრძალვის მიუხედავად, სკოლიდანვე თავისუფლებისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩაებმებიან და გვაჩვენა, რომ თაობა, რომელიც მცირე ასაკიდან იბრძვის თავისუფლებისათვის, არასდროს შეურიგდება მონობას. „ბიჭმა იგრძნო, როგორ დაუარა ტანში ჟრუანტელმა და ძარღვებში სისხლი აუდუღდა, ეს იყო ერთინობის, სიმართლის, ძალის და სულიერების საოცარი შეგრძნება. შეგრძნება, რომ უძველესი და უდიადესი ერის შვილი, საკუთარი წინაპრების შთამომავალი და საუკუნეების სიღრმიდან წამოსული სისხლის და გენის ნაწილი იყავი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და ჰაერივით აუცილებელი ღირებულებისთვის - თავისუფლებისთვის იბრძოდა.... თავისუფლებისთვის ბრძოლა, ადამიანის, ქვეყნის, საზოგადოების და სამყაროს თავისუფლებისთვის ბრძოლა, ადრე თუ გვიან ,გამარჯვებისთვის არის განწირული, სხვა საქმეა, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება ძალიან სახიფათოა და მთავარი ხაფანგები მხოლოდ გამარჯვების შემდეგ ჩნდება. თუმცა ადამიანის თავისუფლებისკენ ლტოლვის ჩახშობა შეუძლებელია, მით უმეტეს, როცა ამ ბრძოლაში თავგანწირვისთვის არის მზად (ქურხული 2015: 306-307). ავტორის ირგებს ნიღაბს და ნაწარმოებში შემოდის, როგორც პერსონაჟი, ბიჭის თავგადასავალი, მისი განცდები ავტორისეული უნდა იყოს. ნაწარმოებში ხშირია პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი პერსონაჟის თხრობა და შინაგანი მონოლოგი, რაც გვეხმარება ისტორიული პროცესის სხვადასხვა რაკურსით აღქმასა და მის უკეთესად გაგებაში. ამ ნაწარმოების ღირსებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ბექა ქურხულმა ისტორიული მოვლენები და პირები სხვა რაკურსით დაგვანახა და უახლესი წარსულის მრავალ საიდუმლოს ახადა ფარდა. საინტერესოა, პერსონაჟთა შეხედულება ამ ისტორიულ მოვლენებისადმი, ისინი პოლიტიკის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ და ყველას თავისი სიმართლე და შეცდომა აქვთ, ამიტომ ადამიანები თავიანთ შეცდომებზე თვითონვე აგებენ პასუხს. ძესნა ლალე და მისნაირები ნარკოდამოკიდებულები გახდნენ, საშიშ გზას დაადგნენ, რომელიც ადრე თუ გვიან სიკვდილით დასრულდება და, მართლაც, ძესნა ზედმეტი დოზით გარდაიცვლება. ტურა ჯაბა იოსელიანის „მხედრიონში“ შევიდა და აფხაზეთის ომში დაიღუპა. სჯეროდა, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო გზას ადგა, თუმცა ბოლო წუთს მაინც ნანობდა იქ სიკვდილს და მშობლიური უბნის და ახლობლების მონატრება ტანჯავდა. ძია ბარადამ, რომელიც ზვიად გამსახურდიას მომხრე და ჭირისუფალი იყო ბოლო წუთებამდე, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თემურა, რომელიც სხვის ნაცვლად ავღანეთომგამოვლილი, ყველაფრის მიმართ რწმენადაკარგული, მორალურად განადგურებული, გალოთებული და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული დარჩა. ქურხულის ენა და თხრობის პროცესი მარტივია, პოსტმოდერნისტი მწერლებისთვის ენობრივი ექსპერიმენტებია დამახასიათებელი, ავტორი არ ერიდება არასწორ გრამატიკულ ფორმებს, ბარბარიზმებს, ჟარგონებს (მაგ., „შენა და ვაბშე უვერენი ხარ, რომ მაგ მიშოს ავღანეთში დუხებთან დაგნარი არ ურჩევნია ნანულის ხელში ყოფნას (ქურხული 2015:12)... ან, „შე ჩემისა, მპარავმპარავ, ბოლო ღერს როგორღა მიქესტავ, იქნებ ვკვდებიო“ (ქურხული 2015: 114). ტექსტში ხშირია უცხოური წინადადებები, რომელთა განმარტებებს ავტორი სქოლიოში გვთავაზობს. ბოლოს ავტორი მიმართავს კვლავ ირონიას, როდესაც მიშო, მიხეილ ადუაშვილი, მუდამ სხვის კალთას და ზურგს ამოფარებული, დაჩაგრული, მშიშარა და ახლა სხვის ნაომარზე აღზევებული, უკვე გენერალური პროკურორის მოადგილეა და ხვალ და ზეგ არავინ იცის, რომელ თანამდებობაზე იქნება და რას გააკეთებს, ოღონდ აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ მიშოსნაირები ყოველთვის აღზევებულნი არიან. ბექა ქურხული კარგი მთხრობელია. სწორედ ოსტატურად აგებული ნარატივითაა გამორჩეული რომანი, რომელშიც ჩვენი დროის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემაა თავმოყრილი. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ავტორმა, „სამოთხიდან გაქცეულებით“, ქართულ ლიტერატურას უდავოდ საყურადღებო ნაწარმოები შესძინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსაზრება, რომ მხატვრული ლიტერატურა ისტორიულ ფაქტებზე უკეთ აჩვენებს ეპოქის ხასიათს. 

ლიტერატურა
ბრეგაძე 2005: ბრეგაძე ლ. პოტსაბჭოური კულტურის სივრცე და ლიტერატურული პროცესი, ჟურნალი კრიტიკა, თბილისი, #1, 2005.
ქარდავა 2013: ქარდავა დ. „ხილი, რომელიც არ ლპება“, „არილი“, თბილისი, #1, 2013.
ქურხული 2015: ქურხული ბ. „სამოთხიდან გაქცეულები“, თბილისი, 2015. წიფურია 2016: 
წიფურია ბ. „ქართული ტექსტი საბჭოთა/პოტსაბჭოთა პოსტმოდერნულ კონტექსტში, თბილისი, 2016. 
Beaugrande R. & W. Dressler 1981: Beaugrande R. & W. Dressler. An Introduction to Text Linguistics. 1981. 
Барт 1994: Барт Р. Текстовый анализ одной новеллы Эдгара По. In: Барт Р. Избранные работы: Семиотика. Поэтика /М., 1994. 
Эко 2002: Эко У. Шесть прогулок в литературных лесах ,Москва 2002 c8 zev,ehb'tскачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
სონია ქართველიშვილი - ბექა ქურხულის ,,ქალაქი თოვლში" სონია ქართველიშვილი - ბექა ქურხულის ,,ქალაქი თოვლში" ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / მომხმარებლები სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული ძალადობა, როგორც უსამართლო სოციუმის ერთ-ერთი მახასიათებელი ეგნატე ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდის“ მიხედვით სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული ძალადობა, როგორც უსამართლო სოციუმის ერთ-ერთი მახასიათებელი ეგნატე ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდის“ მიხედვით ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები გორვანელი - შერმადინ მიქელთაძის რომანის ,,უდუმბარას" შესახებ გორვანელი - შერმადინ მიქელთაძის რომანის ,,უდუმბარას" შესახებ ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / მომხმარებლები სონია ქართველიშვილი - ბექა ქუხულის “სამოთხიდან გაქცეულები“ სონია ქართველიშვილი - ბექა ქუხულის “სამოთხიდან გაქცეულები“ ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / მომხმარებლები სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული უთანასწორობა, როგორც სოციალური პრობლემა ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინეს“ მიხედვით სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული უთანასწორობა, როგორც სოციალური პრობლემა ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინეს“ მიხედვით ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge