გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ვანო კორძაძე - ლექსები



ისევ დედა

ახლაც შენი ჩუმი ცრემლი გამახსენდა,
იებივით გიბრწყინავდა თვალში,
მეტს ვერაფერს ვერ ვხედავდი მაშინ, დედა,
შენს ღიმილზე მეოცნებე ბავშვი.
შენი ხელი უსაშველოდ რომ მომინდეს,
ღამეები გავათენო თეთრად...
თუ არ გინდა, რომ ვიტირო, არ მომიკვდე,
შენ ხომ ჩემს ცრემლს ვერ იტანდი, დედა...


ბოლომდე

არ შემიძლია გითხრა - მიყვარდი,
რადგან უზომოდ მიყვარხარ ისევ,
შენს სახელს ვიტყვი ბოლო სიტყვაში,
ვიდრე ცოდვილ სულს შეირევს სივრცე.
ცრის ახლა ზუსტად ისე გულცივად,
შენ რომ წახვედი, მაშინ რომ ცრიდა,
არ მახსოვს კარგად, ვინ ვის უცდიდა,
არ ვიცი, მეც რას მოველი ცისგან.
იქნებ ბოლომდე ვერ აგიხსენი
და თხოვნაც ვეღარ შევკადრე უფალს,
ვერაფრით შევძლებ, არ გაგიხსენო
და ფიქრი ისევ მაბრუნებს უკან.
ვიცი, ვერასდროს რომ ვერ გკითხავდი,
რასაც წვეთების ხმაურში ვისმენ,
არ შემიძლია გითხრა - მიყვარდი,
რადგან უზომოდ მიყვარხარ ისევ…


გვირილა

შენ ისე გიყვარს თეთრი გვირილა,
შენ ისე გათრობს ლექსის სურნელი,
თითქმის ყოველდღე, სისხამ დილიდან
შენზე ლექსებს ვწერ დაუსრულებლივ.
მერე ამ ლექსებს გვირილებს ვაძლევ
და როცა ერთ დღეს მინდორში გახვალ,
ყველა გვირილას მოჩითულ ტანზე
შენით დაცვარულ ჩემს ლექსებს ნახავ.
ჩამოიღვრები მაშინ ღიმილად...
ნეტავ ოცნებას ვისთან მიყავხარ?
ვიცი, ძალიან გიყვარს გვირილა,
მე კი ათასჯერ მეტად მიყვარხარ.
გარშემო შენი ღიმილი მოთოვს
და შენი სულიც იფეთქებს თეთრად,
ვიცი, რომ ჩემი ლექსები მოგწონს,
მე კი მომწონხარ ათასჯერ მეტად. 
შევადუღაბოთ გულების ფეთქვა,
მაინც არასდროს არ დაგეხსნები
და გვირილების სუნთქვასთან ერთად
ვისმინოთ ჩვენი სულის ლექსები...


ისე უბრალოდ

წლები დამცვივდა ისე უბრალოდ,
ჭადრის ფოთლები მეგონა ქარში,
და მეშინია იმ დღის უფალო,
როდესაც ჩემს სულს წიგნივით გაშლი.
ეს წუთიც ისე მალე დადგება,
მზის სხივებს ხელის კანკალით ვითვლი,
რაც სანუკვარი ჩანდა ამქვეყნად,
ყველაზე მძიმე გახდება ტვირთი.
ნეტავ მას, ვისაც სული უგალობს,
მე ვდგავარ, როგორც უფსკერო კასრი,
და მეშინია მოსვლის უფალო,
უფრო მეტად კი – მაქედან წასვლის...


ჩანჩქერი

ლექსო, სადარო ჩანჩქერის,
თვალებს ცრემლით რომ მისველებ,
ცოტა ხნით მაინც გაჩერდი,
ჩემს გვერდით ჩამოისვენე .
რა ერთი ღამე, რა წუხელ?
მთელი თვე დარდით ვირევი,
ვიცი, რამდენი გაწუხებს
ამქვეყნად ჩემნაირები.
მინდა, ერთ გოგოს გადასცე
სიტყვები დანაბარები,
სანამ მის გოდოლს დავაქცევ,
თვითონვე გახსნას კარები.
რა რიხით მიხვალ, რა ჭექით,
სანამდე გინდა იარო?
ცოტა ხნით მაინც დაჯექი,
რომ დარდი გაგიზიარო...


ტაიმაუტ

კარებს უბრახუნებს შლეგი მონატრება,
სივრცეს მარწუხივით ახრჩობს უშენობა,
ჩვენთან პოეტი ხომ გიჟად მონათლეს და
ყველა განმარტება კარგავს მნიშვნელობას.
მე თუ გიჟი ვარ და ლექსმაც გაუტია,
შენი თვალებია მხოლოდ დამნაშავე,
შენთვის ჩემი ლექსი ტაიმ–აუტია,
ჰოდა, ჩემი სულიც წუთით გადაშალე...
და ეს სიყვარული ლექსად მოვარდება,
შენი მოლოდინი თავზე დამათენდა,
ჩვენთან პოეტი ხომ გიჟად მონათლეს და
უკვე ზედმეტია ყველა განმარტება…


ტიროდა წვიმა

გულამოსკვნილი ტიროდა წვიმა,
ვით უმიზეზოდ ნაცემი ბავშვი
და გახსენებულ ცალკეულ წვრილმანს
დარდი შეჰქონდა გაბზარულ ხმაში.
სულ უადგილო გახდა ღიმილი,
როგორც უხამსი კადნიერება
და ზუსტად ჰგავდა წვიმის ტირილი
სხვისთვის წართმეულ ბედნიერებას.
მერე თანდათან მიყუჩდა ელდა,
წვიმის წვეთებიც ჩამორჩნენ თვლაში,
თითქოსდა გულში ჩაიკრა დედამ
და მიზეზს აღარ სჩიოდა ბავშვი.


დედა

თურმე ეზო გადაფარეს გვირილებმა,
დედა დიდხანს ეფერება ჩემს სანაცვლოდ
და ყოველდღე მუდამ სისხამ დილით დგება,
გვირილებთან მზის სხივმა რომ არ დაასწროს...
ეს ცვარია ნეტავი თუ დედის ცრემლი,
შვილზე ფიქრში უეცრად რომ მოერია?
ამ ეზოში დარჩენილი ტკბილი წლები
დე, შენსავით მოუთმენლად მომელიან.
სადაც უნდა ვყოფილიყავ, არ მეგონა,
თუ ოდესმე დედასთან ვერ მივირბენდი,
რომ გულში კვლავ ძველებურად ჩამეკონა
მისი ხელით ნაფერები გვირილები…



скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge