გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზაზა აბზიანიძე - პაოლო იაშვილი

       პაოლო იაშვილის უმცროსმა მეგობარმა, გიორგი ლეონიძემ, რომელმაც `მზიური პაოლო~ უწოდა თავის თანამოკალმეს, მისი ასეთი პორტრეტი დაგვიტოვა: `ნაღმიანი სიტყვის პოეტი, გაბედული მხატვარი, ვაჟკაცური ხმის პატრონი, პატრიოტი, დაუდგრომელი, ლაღი, გულითადი, მეგობრობაშიც გულუხვი, ოპტიმისტი, სიცოცხლის სტიქიით აღსავსე, ამხანაგებისთვის და სხვებისთვისაც `გაჭირვების ტალკვესი~, ახოვანი, ლამაზი, შავგვრემანი, ბრინჯაოსავით ჩამოსხმული,  რიხიანი, ალერსიანი ადამიანი, რომელსაც უყვარდა სიცოცხლე, სიხარული, სამშობლო, ბავშვები...~.  თუ ყოველივე ზემოთქმულს მივუმატებთ: თავბრუდამხვევი მიჯნური, უბადლო თამადა და მონადირე, პირველობას ჩვეული, მაგრამ ამპარტავნობას მოკლებული, _ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზედაპირულად უკვე მოვინიშნეთ პაოლო იაშვილის პორტრეტი.
    ახლა მისი ბიოგრაფიისა და შემოქმედების წიაღში ჩაღრმავება მოგვიწევს _ იქ, სადაც პაოლოს ხასიათის `მზიური~ საწყისი მისივე ტრაგედიის მიზეზი ხდება.
    …თავის მეგობარ-თანამოკალმეთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, პაოლოს უღრუბლო ბავშვობა ჰქონდა და გაჭირვება არ უგრძვნია: იგი 1892 წლის 29 ივნისს დაიბადა სოლომონ მეორის დროინდელი დიდებული ვაჟკაცისა და მეომრის _ კაცია იაშვილის შთამომავლის, შეძლებული არგვეთელი პროვიზორის _ ჯიბრაილ იაშვილის ოჯახში და მერეც, უკვე დავაჟკაცებულს, ხშირად `ჯიბოს ჯიბით~ გაჰქონდა თავი. ჯიბრაილის მეუღლე _ ბაბილინა ბარონის ასული მდივანიც აზნაურთაგან იყო, ნებიერად გაზრდილი, რაც ხელს არ უშლიდა, თავდაუზოგავად გასძღოლოდა რვაშვილიან ოჯახს. 
     სად უნდა სწავლობდეს არგვეთაში დაბადებული ოჯახისშვილი, თუ არა ქუთაისის გიმნაზიაში? რაღა თქმა უნდა, პაოლოც აქ სწავლობდა, მაგრამ არცთუ დიდხანს, რადგან დიდი სიბეჯითე და მასწავლებელთადმი მოწიწება არ გამოუჩენია. გიმნაზიიდან გარიცხული პაოლო მშობლებმა ქუთაისს განარიდეს და სწავლა-განათლება მან უკვე შავი ზღვის პირად, ანაპაში დაასრულა. მისი შემდგომი მარშრუტის თვალმიდევნება კიდევ უფრო შორს გადაგვანაცვლებს _ პარიზში. აქ პაოლო 1913 წლის შემოდგომაზე ჩავიდა სამხატვრო განათლების მისაღებად. სწავლა-განათლებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ პარიზის ბოჰემურ ცხოვრებას კი ხარბად დაეწაფა: პაოლოს არც კი სჯეროდა, რომ დადიოდა იმ ქუჩებსა და სანაპიროებზე, იჯდა იმ კაფეებსა და რესტორნებში, რომელთაც ჯერ კიდევ აჩნდათ მისი სათაყვანებელი ბოდლერის, რემბოს, ვერლენის, მალარმეს ნაკვალევი...
    თავის ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში `ფერადი ბუშტები~…პაოლო იხსენებს ამ ბოჰემური პერიოდის ერთ ეპიზოდს, როდესაც მას, გიიომ აპოლინერსა და ილია ერენბურგს, რაღაც ახირების გამო, კაფე `როტონდაში~ სავახშმოდ წაუსხიათ ათი კლოშარი (ინიციატივა, საფიქრებელია, პაოლოს ეკუთვნოდა, რადგან მათხოვრებითა და შერეკილებით რაღაც გამძაფრებული დაინტერესება სჩვეოდა _ გავიხსენოთ თუნდაც იმავ `ფერად ბუშტებში~ ჩახატული პროზაული ეტიუდი _ `ლეონტი კაჩერგა~). `როტონდაში~ ლიტერატორების სამეულს შემოუერთდა მექსიკელი მხატვარი, დიეგო რივერა ვიღაც მეცენატთან ერთად, რომელიც `ნამუსზე შეაგდეს~ და ვახშამი შეაკვეთინეს. `მათხოვრები, პოეტები და მხატვრები მეცენატის სტუმრები ვიყავითო~, _ ღიმილით გაიხსენებს შემდგომ პაოლო.    
    ეს, რაღა თქმა უნდა, შემთხვევითი ეპიზოდია, მაგრამ სიმბოლური, რადგან პაოლოს მეგობრობას შესანიშნავ პოეტებსა და მხატვრებთან, მათხოვრებთან დაძმობილებას, რაც მთელ მის ცხოვრებას გასდევს, თავისი ინვერსიული ფორმაც ჰქონდა: თავისი უბადლო ნიჭის მარგალიტებს იგი სულით ღატაკ მედროვეებს უფენდა საზეიმო სხდომებსა თუ ბანკეტებზე და სიტყვამზეობდა იმ `მეცენატების~ საამებლად, რომელთაც, პარიზელი `კოლეგისაგან~ განსხვავებით, სასტიკი საზღაური გადაახდევინეს თავიანთ ზეატაცებულ თანამოინახეს...
    სანამ პარიზის ბოჰემა `ბოროტების ყვავილებს~ ყნოსავდა, პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. პაოლომ გაცლა ამჯობინა და 1915 წლის დამდეგს ქუთაისში დაბრუნდა. ხელცარიელი ჩამოვიდა _ ბარგი გზაში დაეკარგა.  აი, თვითონ კი სავსე იყო პარიზული შთაბეჭდილებებით, იმედებითა და გეგმებით. აკი წერდა შემდგომ ვალერიან გაფრინდაშვილი, სიმბოლიზმის თეორია პარიზის კაფეებში დაიბადაო.
    მართლაც, 1915 წელს ქუთაისში (რომელიც ჯერ კიდევ ითვლებოდა საქართველოს `ლიტერატურულ დედაქალაქად~) საფუძველი ჩაეყარა ქართულ სიმბოლისტურ სკოლას. ინიციატორისა და ლიდერის როლი პაოლოს ეკისრა, თეორეტიკოსისა _     ვალერიან გაფრინდაშვილს. ამათ გარშემო შემოკრებილთაც _ ტიციან ტაბიძეს, კოლაუ ნადირაძეს, შალვა კარმელს, სანდრო ცირეკიძეს, ივანე ყიფიანს უკვე გადაედგათ პირველი ნაბიჯები ლიტერატურაში _ ან გაზეთ `მეგობარში~ ჰქონდათ რამე გამოქვეყნებული, ან `კოლხიდაში~... ჟურნალ-გაზეთები მრავლად იყო და ლექსისა თუ მოთხრობის გამოქვეყნება სირთულეს არ წარმოადგენდა. მაგრამ ავანგარდისტული იდეებით ატაცებული მეგობრები, რაღა თქმა უნდა, საკუთარ ჟურნალზე ოცნებობდნენ და ეს საქმეც ისევ და ისევ პაოლომ იტვირთა.      
     მომდევნო, 1916 წელს გამოცემულ ჟურნალს ისევე, როგორც სიმბოლისტი პოეტების ახალდაარსებულ გაერთიანებას, `ცისფერი ყანწები~ ერქვა. რატომ მაინცადამაინც `ცისფერი ყანწები~?! აქ უნდა მოვიხმოთ მოგონება ელენე ბაქრაძისა, იმ `ელენე დარიანისა~, რომელიც პაოლოს ბიოგრაფიისა და შემოქმედების განუყოფელ ნაწილად იქცა და რომელმაც არაერთი თავსატეხი დაუტოვა პოეტის ბიოგრაფებს. მათგან ერთნი (ამ სტრიქონების ავტორის ჩათვლით) ინტერესით იკვლევენ ელენე ბაქრაძის კვალს პაოლოს ბიოგრაფიასა და შემოქმედებაში, მეორენი (უმრავლესობა!)  `ელენე დარიანს~ მხოლოდღა პაოლოს ფსევდონიმად მიიჩნევენ და, სამეცნიერო გამოკვლევებშიც კი, ან საერთოდ არ ახსენებენ ელენე ბაქრაძის სახელს ან კატეგორიულად უარყოფენ მის რაიმე კავშირს `დარიანულ ციკლსა~ და ქართული სიმბოლიზმის ისტორიასთან. 
     სინამდვილეში `ელენე დარიანი~ ყოვლად რეალური არსება გახლდათ _ ელენე ბაქრაძე, ახლობელთათვის _ ელლი, იმხანად უკვე ბერიშვილისა, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, გამომწვევი გაბედულებით მიბრუნებული ყმაწვილქალობისდროინდელ გატაცებას პაოლოთი. 
      `სუფრას და ჭურჭელსაც მთვარის შუქზე მოედო ისეთი საზღაპრო ნაზი, ლურჯი ფერი, ისეთი სიწყნარე სუფევდა ბუნებაში, _ იგონებდა ელენე ბაქრაძე პაოლოსა და მის მეგობრებთან ერთად გატარებულ 1915 წლის ზაფხულის საღამოს სავანეში, _ რომ, მშვენიერებას ზიარებული თუ უზიარებელი, ყველა წუთით გაჩუმდა. თითქოს უსმენდა სამყაროს სიდიადეს. ჩვენმა დიასახლისმა პატარა თეთრი ყანწები მოიტანა. პაოლომ აავსო ყანწი და ასწია მაღლა. ცისფრად გამოეყო ჰაერში თეთრი ღვინით ავსებული ყანწი, რადგან მე სხვას არაფერს ვაკეთებდი, ვუმზერდი პაოლოს, თვალში მომხვდა იგი და წყნარად წარმოვთქვი: `ცისფერი ყანწი!~ პაოლოც დააკვირდა და უეცრად წამოიძახა: `ევრიკა, ელლი, ცისფერი ყანწი!~ მერე ზეზე წამოდგა, მთვარის შუქს შეუშვირა ყანწი და იმეორებდა: `ცისფერი ყანწი, ცისფერი ყანწი~. სწორედ ამ ეპიზოდმა უკარნახა პაოლოს მომავალი ჟურნალის სახელწოდება. 
     ახალგამოცემული ჟურნალის წინათქმა (რაღა თქმა უნდა, პაოლოს დაწერილი) სავსე იყო იმ ამბიციითა თუ თავდაჯერებით, რომლითაც ყოველი ახალი თაობა ცდილობს მზის ქვეშ `კუთვნილი~ ადგილი დაიმკვიდროს: 
     `საქართველოს მგოსნებს,
      ყველა მეოცნებეს,
      ქართველ ხალხს!
          ისმინეთ ყველამ ჩვენი ქადაგება!
    მრავლის სასიკვდილოთ გავჩნდით ჩვენ ბინძურ მზით გამთბარ ქვეყანაში, სადაც ხალხმა დაჰკარგა შვენება სითამამისა. საქართველოს ლანდურ არსებას მოვევლინეთ ჩვენ ახალი სხივმოსილობით და ოცნებადაკარგულ ხალხს ვასწავლით განწმენდილ გზას მომავლის ცისფერ ტაძრისაკენ. საყვარელმა ნიმფებმა ასწიეს ფარდა ჩვენი სცენისა და ვგალობთ, ოქროთი შემოსილი განახლების აქტიორები, უსხივო ხალხის წინაშე. პირველთქმა ჩვენი არის შხამური, იგი ადუღებულ ფოლადივით დასწვავს თქვენს გულს, უწმინდესი ხელოვანის მტერნო, თქვენ, ვისაც არ გწამთ ხელოვანის მეფობა და მისი მაღალი ტახტის წინაშე არ აღიარებთ სამუდამო ქვეშევრდომობას...~.
ცამეტმა `ცისფერყანწელმა~ ერთი რამ ნამდვილად მოახერხა _ ქუთაისელ თანამოქალაქეებს უშფოთველი  ძილი დაუფრთხო. ამ მხრივ, ძალზე ნიშანდობლივია წერილი იაზონ ბაქრაძისა (ელენეს ბიძისა), რომელიც აღშფოთებულია `ელენე დარიანის~ ფსევდონიმით გამოქვეყნებული ლექსებით. მაგრამ წერილის მიზანი მხოლოდ `ქუთათური საზოგადოების~ აზრის გახმოვანება არ უნდა იყოს; წერილის ავტორმა იცის, მისი ძმისშვილი ჩუმ-ჩუმად ლექსებს რომ წერს, პოეტებთან რომ მეგობრობს და ეჭვი ღრღნის – ეს `დარიანი~ ჩვენი ელლი ხომ არ არისო?!  ვგონებ, სწორედ ეს ეჭვი ასაზრდოებს მის `მორალურ~ და `ესთეტიკურ~ შეგონებათა პათოსს: `როგორც იცი, გაზეთ `მეგობარში~ დაიბეჭდა რამდენიმე ლექსი ელენე დარიანისა. ამ ლექსების შესახებ ჩემი აზრი შენ უკვე იცი, _ სწერს იაზონ ბაქრაძე თავის `თავქარიან~ ადრესატს, _ მათ მე ვაკრიტიკებ  მხოლოდ ხელოვნების მხრით და ვამბობ, რომ როცა ლირიკული ლექსი გამოხატავს არა ავტორის სულიერ განცდას, სულიერ მღელვარებას, სიხარულსა და ტანჯვას, არამედ ხორციელ ყოველდღიურ განცდას, რომელიც ბოლოს და ბოლოს ყოველი ადამიანისათვის ერთგვარია და არავისთვის ეს განცდა არც უცნობს, არც საიდუმლოს რასმე არ წარმოადგენს... (წავიკითხე მაგ. ლექსი, რომელიც თავდება სიტყვებით: `გამთბარი კატა~). ამ ლექსებს ქუთათურმა საზოგადოებამ შეხედეს მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი ლექსები სქესობრივად რყვნის ხალხსო და დიდი უკმაყოფილება გაისმოდა `მეგობრის~ წინააღმდეგ. ამის შემდეგ გამოსცეს ცალკე კრებული `ცისფერი ყანწები~, რომელშიც ზოგიერთ გვარიან ლექსებთან ზემოხსენებულისთანა ლექსებიც იყო დაბეჭდილი და ამის გარდა, `მანიფესტი~ პაოლოსი. ამან ხალხი კიდევ უფრო ააღელვა...~.
   მოდი, გადავიკითხოთ ის ლექსი, ასერიგად რომ ააღელვა `მკითხველი ქუთაისელები~:
                         
                                         ***
                              `მაგიჟებს სითბო! ვერ ვიგუე ფარჩის საბანი~
ჩემიდან.
                         უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი,
                    დადუმებულ მხრებს ელანდება შეხება ნელი,
                    სავნებო გზებზე სიბნელეა, არ სჩანს არავინ,
                    დამეძინება... გათავდება ზანტი ზმორება
                    და დამშვიდდება ჩემი მკერდი ჯერ ხელუხლები;
                    ძილში ჩემს მუცელს ვიღაც ვაჟი ეამბორება
                   და ვნებისაგან იღუნება ჩემი მუხლები.
                  მზის აყვავება გამომტაცებს მწველ ადამიანს,
                    (ჩემს შეყვარებას მწუხარება კვლავ მოემატა!)
                   და დაღონებულს, ვაჟის კოცნას, კოცნას ნამიანს,
                    ვარდისფერ ენით მომაგონებს გამთბარი კატა.         
    
      ისე მგონია, XX საუკუნის ქართულ პოეზიაში ცოტაა ამგვარი ეროტიკული მუხტით გამსჭვალული ტექსტი...
     თუ გავიხსენებთ, რომ სულ რაღაც ნახევარი საუკუნით ადრე, 1857 წელს, პარიზის სისხლის სამართლის პალატის დადგენილებით, `უხეში და ზნეობის შეურაცხმყოფელი რეალიზმისათვის~ დაჯარიმდა შარლ ბოდლერი (ცნობისათვის: ვერდიქტი `ბოროტების ყვავილების~ თაობაზე თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებდა თავის დროზე ფლობერის `მადამ ბოვარისათვის~ გამოტანილ განაჩენს), მაინცადამაინც არ უნდა გაგვიკვირდეს კდემამოსილ ქუთაისელთა აღშფოთება. 
     იაზონ ბაქრაძეს კიდევ დიდხანს რომ ეცოცხლა და პაოლოს პირველი `ნამდვილი~ წიგნის გამოცემას მოსწრებოდა (პოეტის სიცოცხლეში მისი მხოლოდ 25-გვერდიანი წიგნაკი გამოიცა _ პროზაული ჩანახატი `ფერადი ბუშტები~, ტფ., სახელგამი, 1927 წ.) და მხოლოდ რეაბილიტაციის შემდეგ, 1955 წელს გამოქვეყნდა შალვა დემეტრაძის მიერ შედგენილი კრებული), შვებით ამოისუნთქავდა, როცა გაიგებდა, რომ ესოდენ `მაკომპრომეტირებელი~ ლექსები პაოლო იაშვილს ეკუთვნის და არა - მის სათაყვანებელ ელლის! (შიც: თუმცა `ავტორობის~ საკამათო თემას ჩვენ კიდევ მივუბრუნდებით).
      1917 წლიდან იწყება `პოეტების დიდი გადმოსახლება~ ქუთაისიდან თბილისში. `პაოლო იაშვილი პირველად ვნახე თბილისში 1917 წლის პირველ თვეებში, _ იგონებდა გიორგი ლეონიძე, _ ქუთაისში უკვე გამოსული იყო `ცისფერი ყანწები~ და ახლა, მისი მონაწილენი თბილისს სწვეოდნენ დასაპყრობად. მახსოვს მათი პირველი საღამო კონსერვატორიის დარბაზში: ქართულ ქულაჯაში გამოწყობილ ორატორს წყლის მაგივრად ღვინით სავსე გრაფინი ედგა, რომელსაც ხანდახან მიმართავდა ხოლმე სიტყვის დროს.
     ჩვენს წინ იდგა ლამაზი, შავგვრემანი, რიხიანი ვაჟკაცი, რომელიც გაბედულებით იპყრობდა დარბაზს, ეს იყო პაოლო იაშვილი~.
     `ქუთაისელი~ თანამოკალმეებით მოხიბლული გიორგი ლეონიძე მალე დაუმეგობრდა მათ. შემდგომ ამ წრეს შეემატნენ სანდრო შანშიაშვილი და გრიგოლ რობაქიძე, რომელიც, თავისი ერუდიციითა და ევროპული განსწავლულობით,  ცოტა ხანში ქართველ სიმბოლისტთა აღიარებულ მეტრად იქცა.
      ერთი წამით ჩვენც ქუთაისში დავბრუნდეთ და წარმოვიდგინოთ, როგორი გამოთქმით კითხულობს 19 წლის პაოლო (რომელიც, ამასთანავე, ჩინებული დეკლამატორიცაა) თავის პირველ გამოქვეყნებულ ლექსს `ღმერთო, ღმერთო...~:
             
           ცრემლის ცხარე ნაკადული, გულში სევდა ჩაქარგული,
           უიმედო სიყვარული – არ მშორდება, სულ თან დამდევს...…
           სულის ლტოლვა სწრაფად ქრება, ჩემი ვარდი ნორჩად ჭკნება...…
           ვაგლახ!.. რაღა მეშველება? ვინ მომისპობს მწამლავ დარდებს...…
           ბედო, რისთვის გამაწამე? გული ვერსად დავიამე...…
           ირგვლივ მეფობს ბნელი ღამე, _ არსად მოჩანს შუქი მზისა...…
           ძილი ეტრფის ჩემს ქვეყანას _ და სიკვდილიც  გალობს ნანას...…
           ხელთ უპყრია შავ სატანას საიდუმლო სიცოცხლისა!
     ქუთაისის გაზეთ `კოლხიდაში~ 1911 წელს გამოქვეყნებული უფროსი თაობის პოეტების ეს მოწაფური მიბაძვა რამდენიმე წლის შემდეგ `თბილისის დასაპყრობად~ ჩამოსულ პაოლოს უკვე თვითონ აღარ მოსწონს, მაგრამ მოდერნიზმით გატაცებული, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადის და, რუსი თანამოაზრეების მსგავსად, ლამობს, `თანამედროვეობის ხომალდიდან~ მთელი ქართული პოეტური კლასიკა წყალში გადაუშვას. ერთადერთი გამონაკლისი ვაჟა-ფშაველაა! გაზეთ `ბახტრიონში~ გამოქვეყნებულ ესსეში `პოეტი საქართველოში~ პაოლო წერდა: `ჩვენ საუკუნეს შერჩება ბახტრიონის დევი, გველის მჭამელი ვაჟა-ფშაველა, დაუბერებელი მოახლე ლაშარის გორის და დიდხანს დააფეთებს თავისი ველური აბჯარის ხმაურობით, პოეზიის წვრილ ფეხა წუკალებს. ქართველმა ხალხმა არ იცის არც ღრმა სიყვარული, არც ღრმა სიძულვილი. პირველიც და მეორეც მასში თეატრალურია, ეს ინტელექტის სისუსტის ბრალია: უფრო კი ანალიზის უქონლობის~. 
     რაც შეეხება პაოლოს დასკვნას, რომ ქართველებმა არც ღრმა სიყვარული იციან და არც ღრმა სიძულვილი, ამ თეზის მეორე ნაწილის ილუსტრირება, სამწუხაროდ, სწორედ პაოლოსა და მისი მეგობრების ბიოგრაფიებით შეიძლება.                       
    ამგვარი განზოგადებანი ყოველთვის სარისკოა, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი, რომ იქ, სადაც ჰედონისტური საწყისი ბატონობს _ სიცოცხლით ტკბობას დანატრებული, ზეატაცებული, _ არანაირ `ღრმა სიძულვილზე~ (როდესაც მოძალადესთან ანგარიშსწორება თაობებს ცხოვრების მიზნად აქვთ დასახული) ლაპარაკი არ შეიძლება. მტრობა და სიძულვილი იმ სულიერ დისკომფორტს ქმნის, რომელსაც ასერიგად ვერ ეგუება ქართველი კაცი (თუ თემის ადათი, მისი სურვილისდა მიუხედავად,  მაინცადამაინც სისხლის აღებას არ ავალდებულებს). ყოფა-ცხოვრებაში ეს საშური თვისებაა, აი, ეროვნულ ცნობიერებაში კი, რა მოგახსენოთ: ცოტა მოიძებნება ერი, რომლის რჩეულ პოეტებსაც დამპყრობთა მიმართ, თუნდაც გადამრჩენი მორჩილების ნაცვლად (`ძალა აღმართს ხნავს!~), ესოდენი ენთუზიაზმი გამოეჩინოთ, როგორც პაოლოსა და მის მეგობრებს 1921 წლის შემდეგ.
     გერონტი ქიქოძეს მეხსიერება არ ღალატობდა, როცა იგონებდა: `როდესაც 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ, პაოლო იაშვილმა მათ იმპროვიზებული სიტყვით მიმართა თვითმმართველობის ბალკონიდან. დიდი ყურადღება დაიმსახურა აგრეთვე მისმა სიტყვებმა, წარმოთქმულმა კრემლის პოლიტიკურ ბანკეტზე~.     
      იმავ 1921 წელს `წამომღერებული~ ექსპრომტი `ახალ საქართველოს~ და შემდგომ _ უკვე მთელი წყება პაოლოს ლექსებისა _ ბელადებზე და სოციალისტურ მშენებლობაზე, მიუხედავად მისი სათუთი გულის კარნახისა, სწორედ ამ `ეროვნული სიძულვილის~ დეფიციტით აიხსნება: `გულის კარნახს~ ახშობს სწრაფვა ცხოვრების ავანსცენისაკენ, ლიდერობისაკენ, ზეიმისაკენ; პოეტებს თითქმის არ უნდათ დაიჯერონ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ხანმოკლე ზეიმი დამთავრდა და, თუ დასაძრახი არაფერი იყო მათ მეგობრობაში მენშევიკური მთავრობის მინისტრებთან (`პოეტისა და ხელისუფლის~ ონტოლოგიური შეუთავსებლობის მიუხედავად), ახლა `წითელი რუსეთის~ მიერ ანექსირებულ საქართველოში ლაციცი ბოლშევიკ კომისრებთან და ღრეობა ჩინოსან ჩეკისტებთან ისეთ ფატალურად მცდარ გათვლაზეა აგებული, რომ გამორიცხულია, ცუდად არ  დამთავრდეს _ ჯერ არ დაბადებულა პოეტი, რომელსაც შეეძლოს ხელისუფლის მოტყუება!
წარმომიდგენია, როგორ გაურთულდებათ ცხოვრება XXI საუკუნის `ბიოგრაფოსებს~ მათი `ფავორიტების~ ეპისტოლარული მემკვიდრეობის გარეშე. ეს წიაღსვლა კოლაუ ნადირაძისათვის 1926 წლის 14 სექტემბერს გაგზავნილმა პაოლოს იმ წერილმა მიკარნახა, რომელშიც სოფელში (არგვეთაში) დაწერილი ერთი ლექსია ჩართული, ამგვარი კომენტარით: `გიგზავნი ამ ლექსს, მხოლოდ მიტომ რომ მოულოდნელია~... დაბოლოს, უკვე დასკვნისას: `არ ვიცი, რამ მათქმევინა ეს ლექსი~. გადავიკითხოთ პაოლოს ეს ლექსი (`მეღორის სიმღერა~), დაწერიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ: 
               უფალო! უსმინე შევარდენს,
               მის ხელით გიგზავნი ბარათს,
               მიშველე ღორებში ჩავარდნილს,
               ღორებში დარჩენილს მარად.
              როგორც რომ ბურვაკი პალოზე
              მინდორში ბაწარით აბია,
              მარტო ვარ, უფალო, დალოცე
              მეღორე ცრემლების ყლაპია!
              უფალო! მომეცი სამხარი
              ძაღლივით ამოსულს ცაზე
              და შენი პერანგი ნახმარი
              ჩამაცვი ცოდვიან ტანზე.
              მომეცი ბავშვებში ჩარევის
              და მათთან თამაშის ნება,
              უფალო! შენს გარდა არავის
              არა აქვს ამის უფლება.
              ფიქრები სამწყემსო ღორებზე,
              ყოველდღე ცრემლებით მსჯიდა...              
              უფალო! გალავნის ყორეზე
              დამნიშნე ბეღურა ჩიტად.            
     
როგორ არის ,,ამოვარდნილი~ მთელი ეს პოეტური აღსარება პაოლოს იმდროინდელი ცხოვრებისა და შემოქმედების კონტექსტიდან!  ამიტომაცაა თვითონ ასე გაოგნებული. 
     თავის დროზე პუშკინმა შენიშნა ერთი უცნაური ფენომენი _ პოეტურ ტალანტს  თან სდევს ხოლმე რაღაც სპეციფიკური, პროვიდენციალური ნიჭი, რომელიც იმდენად `ავტონომიურად~ არსებობს, რომ მეტწილად ბოლომდე არცა აქვს გაცნობიერებული თვით ლექსების ავტორს... 
    სიმბოლისტ პოეტებს უყვარდათ სიკვდილთან `შეთამაშება~ (ის, რასაც ფსიქოლოგები `არლეკინის კომპლექსს~ უწოდებენ). მაგრამ `ლირიკული მისამართების~ ავტორის ამ მონოლოგში ისეთი სულიერი შეშფოთება ჩანს, ისეთი შიში საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა და ხვალინდელი დღისა, რომ ძნელია ყოველივე ეს მხოლოდღა სიმბოლისტურ ტრადიციას და `არლეკინის კომპლექსს~ მივაწეროთ. ამიტომაა, რომ თუ თავის დროზე  პაოლოს თაყვანისმცემლებს ერთი მათი საყვარელი ლექსის (`ლირიკული მისამართებიდან~) ფინალი სიმბოლისტური მეტონიმიის ნიმუშად მიაჩნდათ, დღეს ის ტრაგიკულ წინასწარმეტყველებად აღიქმება:
         [.....] ნუ ჩაგაფიქრა ჭირვეული ჭორის ხროებმა,
          ჩემთვის სიჩუმე ღამეში რომ მოიზანტება,
         საშინელია, როგორც ომის მოახლოება,
         საშინელია, როგორც ჩემთვის ტყვიის მზადება.
     `მეღორის სიმღერა~ 1926 წლითაა დათარიღებული, `ლირიკული მისამართებიდან~ კი _ 1933-ით: ამ დროისათვის პაოლო, `ბეღურა ჩიტის~ ნაცვლად, იმდროინდელი `პარლამენტის~ – `ცაკის~ (ანუ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის) წევრადაა `დანიშნული~, ხელისუფალთაგან მიღებული და ნაფერები. მისი ცხოვრების ხილული გეზი სოციალისტურ აღმშენებლობათა მარშრუტებით უფროა წარმართული, ვინემ მუზის ფაქიზი ხელით _ ხან სამგორის ველზეა გაჭრილი და იქ სარწყავი სისტემის გეგმებს ადგენს, ხან კოლხეთის ჭაობის ამოშრობაზე ზრუნავს, ხან მუშახელი ჩამოჰყავს რიონჰესის მშენებლობისათვის...  `ბავშვებში ჩარევის და მათთან თამაშის ნება~, რომლითაც განგება პოეტებს აჯილდოებს, პაოლომ თვითონ წაართვა თავის თავს, რადგან, ბავშვების ნაცვლად, ხელისუფლებასთან საბედისწერო თამაშში ჩაერთო.
     კვლავ პაოლოს ეპისტოლური მემკვიდრეობის მოულოდნელობებით აღსავსე კიდობანში ჩავიხედოთ. 1931 წლის 6 ნოემბერს პაოლო მოსკოვიდან იწერება: ,,ვწერ, ღამის ოთხ საათზე ლევანის ბინაში. ეს სახლია ქართველების და ქართული პოეზიის ბუდე. არასოდეს, არ ყოფილა ლევანი ჩემთვის ასე ნამდვილი და საყვარელი, როგორც მოსკოვში. ტიციანი და ლევანი ხვალ მოდიან თბილისში~.  ვაი რომ, მტკივან კითხვებს მივადექით _ `ვინ ვინ არის?!~. გიპასუხებთ: `ლევან ღოღობერიძე. პირველი თაობის ბოლშევიკის კლასიკური ნიმუში. ფანატიკოსი კომუნისტი. საკუთარი ხელით ჰყავდა შორაპანში ხალხი ნახვრეტი. კაცი, რომელიც იძახდა, თავადაზნაურობის რიცხვი არსად ისეთი მაღალი არააო, როგორც საქართველოშიო და უნდა მოვსპოო~. და რაც ყველაზე უფრო გამაოგნებელია _ 1924 წლის აგვისტოში შორაპნის სადგურის ჩიხში საბარგო ვაგონებში ტყვიამფრქვევებით ჩაცხრილულ მეამბოხეთა შორის პაოლოს უმცროსი ძმა _ ჭუნია (ვასილ) იაშვილიც იყო (კვერენჩხილაძე 2014: 301). იმედია, პაოლომ არ იცოდა ეს სულისშემძვრელი დამთხვევა...
    ტიციანი, ცხადია, ტიციან ტაბიძეა, პაოლოსთან `ტანდემში~ გატაცებით ჩაბმული  ახალ ხელისუფლებასთან საბედისწერო `დამალობანას~ თამაშში. როგორი პარადოქსია, რომ ამდენი ხნის შემდეგ უფრო მკაფიოდ მოჩანს მთელი ეს  ინფერნალური სურათი: `ძლიერნი ამა ქვეყნისანი~ ნელი-ნელ აჩენენ კლანჭებს,  პოეტებიც ასევე ნელი-ნელ ეთხოვებიან თავიანთ ილუზორულ იმედებს და ცხოვრება ამწყვდევს მათ სასტიკ ხაფანგში... ახლა კი შეეძლო გაემეორებინა პაოლოს თავისი პირველი ლექსის უიმედო დასასრული: `ხელთ უპყრია შავ სატანას საიდუმლო სიცოცხლისა!~…  
      მაგრამ, სანამ `დამალობანას~ თამაში ჯერ კიდევ უხიფათოდ აღიქმება, პაოლოს ცხოვრების სტიქია ზეიმია! თვითონ პაოლო ამ ზეიმის რეჟისორიც გახლდათ და მთავარი მოქმედი პირიც. ნინო ტაბიძე, `ცისფერყანწელების~ უსაყვარლესი რძალი, მათი `კოლომბინა~, იხსენებდა თბილისის კონსერვატორიაში გამართული ერთი პოეტური საღმოს გაგრძელებას: `საღამოს შემდეგ ქუჩაში გამოვედით. ფული არც ერთს არ გვქონდა და აბა სად უნდა წავსულიყავით?! პაოლომ ცხელ-ცხელი ქართული პური და მჟავე კიტრი იყიდა. შუა პროსპექტზე გაზეთი გავშალეთ და ვახშამს შევექეცით. მთელი ღამე ასე ვიჯექით, ხმამაღლა ვკითხულობდით ლექსებს.Gამვლელ-გამომვლელები ჩერდებოდნენ და გაკვირვებული გვისმენდნენ~. ცხადია, რომ უსმენდნენ, _ ეს იმპროვიზებული `პერფორმანსი~ ქვეცნობიერად მაინც მაყურებელზეა გათვლილი. პაოლოს თანდაყოლილი არტისტიზმი ყოფით მიზანსცენებსაც კი რაღაც რომანტიკულ ელფერს ანიჭებს. იმავ ნინო ტაბიძეს აღწერილი აქვს ასეთი ეპიზოდი: `...ჭლექი შემეყარა. ტიციანი ძალიან შეშფოთებული იყო და ექიმები დამახვია.პაოლო ნემსის ყუნწში ძვრებოდა, ოღონდ რითიმე ესიამოვნებინა ტიციანისთვის: ზღვა ყვავილები მოჰქონდა, ჩემთან ერთად სვამდა წამლებს, როცა მე გავჯიუტდებოდი, ჩემთან ერთად იკეთებდა ნემსებს. შემცბარი ტიციანი კი იჯდა და ხმას არ იღებდა~. 
     მეგობრობა პაოლოს უსათუთეს თვისებათა გამჟღავნების ასპარეზია. მისი ლექსების ძირითადი ადრესატებიც ხომ მისი მეგობრები იყვნენ _ ტიციან ტაბიძე, კოლაუ ნადირაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე, ალი არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, პავლე ინგოროყვა, გრიგოლ რობაქიძე (რასაც მუქარით წამოაძახებენ კიდეც 1937 წელს!); უფროსთაგან _ ნიკო ლორთქიფანიძეს ეთაყვანებოდა და უძღვნა კიდეც ერთი გაურანდავი, მაგრამ გულშიჩამწვდომი ლექსი:
         ხარ მოელვარე ვით სატევარი,
         ემორჩილები მზეს და იადონს,
         მომეცი ნება, როგორც მწევარი
         ლექსი გაჩუქო ბუნებით ბატონს.
    საზოგადოდ, ამ `გაურანდავობის~ (გერონტი ქიქოძის თქმით _ `დაუდევარი კალმის~) კვალი პაოლოს ლექსების დიდ ნაწილს ამჩნევია. არც შეიძლებოდა, არ დამჩნეოდა.  ერთ თავის ლექსში კი წერდა, რომ მისი პარნასი საწერი მაგიდაა, მაგრამ სინამდვილეში მისი პარნასი სხვა მაგიდა იყო _ სტუმრებითა და ჟრიამულით სავსე. აქ ბრწყინავდა პაოლო თავისი განუმეორებელი სადღეგრძელოებითა თუ ექსპრომტებით, იუმორითა თუ ნატიფი კომპლიმენტებით, მისტიფიკაციებითა თუ შარჟებით. ამ ჟრიამულსა და ხმაურში (კი აფრთხილებდა თურმე მამამისი, ჯიბო: `მეტისმეტად ხმაურობ, შვილო, პაოლო, მეტისმეტადო...~) მაინც წერდა ამა თუ იმ სადღეისო თემით ნაკარნახევ ლექსს, მაგრამ ის უხილავი არსება, მუზას რომ ვუწოდებთ, პოეტებთან, როგორც წესი, სწორედ მაშინ მოდის, როდესაც ისინი, სხვათაგან განრიდებულნი, მარტოობის სიჩუმეში ელოდებიან მის გამოცხადებას...
    შესაძლოა, პაოლო ამ მხრივაც გამონაკლისი იყო. აქ ვალერიან გაფრინდაშვილის ერთ ჩანახატს მოვიხმობ: `...პაოლო იაშვილი `ქიმერიონში~ ზის. ტუჩებს ისწორებს ენით. ის უფრო ხშირად დღე სწერს თავის ლექსებს, როდესაც ადუღებულია ჰაერი. წერის დროს ისწრებს ამხანაგებს და მას არ სჭირდება მარტოობა იმისათვის, რომ დასწეროს `წერილი დედას~. კალმისტარი და მელანი უფრო აღელვებს, ვიდრე ფანქარი. შეიძლება გენიოსია, შეიძლება უბრალო მოშაირეა. ხმაურს არ ერიდება და უყვარს პოეტის სახელი, როგორც კეთილშობილური ღერბი. ლამაზი რითმები მოწყენილი აქვს, მაგრამ დაუღალავი აქტიორია. რამოდენიმეთ ნერონია, რომელიც ვერც ერთმა მწერალმა ვერ დახატა. ეს შეეძლო შექსპირს~. 
       ამ სურათს ყოფითი დეტალებით ამდიდრებს სერგო კლდიაშვილი: „...პაოლო მაშინ (ანუ _ 1920-იანი წლების ბოლომდე – ზ. ა.) უცოლო იყო. მარტო ცხოვრობდა ახლანდელ ენგელსის ქუჩაზე. ამ ოთახის ფანჯრები მაჩაბელის ქუჩას გადმოჰყურებენ. ძალიან დიდი ოთახი იყო. ძალიან დიდი ჩანდა უფრო იმიტომ რომ ცარიელი იყო. ერთი მაგიდა, ერთი რბილი ტახტი და ორი სკამი. მეტი არაფერი. მაგიდაზე ეყარა ლექსების ხელნაწერები, კონვერტში ჩადებული გაუგზავნელი წერილები, რამდენიმე ყელსახვევი და სამიოდე წიგნი. მახსოვს რემბოს ლექსების ფრანგული გამოცემა. ფანჯარასთან კუთხეში მიყუდებული იყო კირილე ზდანევიჩის მიერ დახატული პაოლოს უზარმაზარი პორტრეტი. ამ სურათზე პაოლოს ხელში ეჭირა ზევით ამართული დიდი ცისფერი ყანწი.
      პაოლოს ბრაზს გვრიდა ხოლმე ეს სურათი: _ ცოდვილიანი ვარო! ამბობდა. ესროდა ხან წიგნს, ხან ფეხსაცმელს. ერთ დღეს კი ისე გახელდა, რომ დანით აკუწა. გადარჩა მხოლოდ სახე, რომელიც ტიციანმა წაიღო.
    პაოლოს ოთახში ყველაზე იშვიათად პაოლო იყო. კარები მუდამ ღია ჰქონდა _ ქურდი რომ შესულიყო, მოსაპარავად მაინც ვერაფერს იპოვიდა. ვინც იმერეთიდან ჩამოდიოდა, უპირველეს ყოვლისა პაოლოს მიაკითხავდა და თუმცა მასპინძელს ვერ ნახულობდა, თავისუფლად იკალათებდა მის ოთახში. ხშირად, როცა პაოლო ღამით შინ დაბრუნებულა, დაუნახავს: რამდენიმე კაცს იატაკზე ქვეშსაგები გაუშლია და არხეინად სძინავს. ამას ისე იყო შეჩვეული, რომ ყურადღებას აღარ აქცევდა~. 
     და მაინც _ რატომ აღიზიანებდა ასე  და რა უპატიებელ ცოდვას აგონებდა პაოლოს კირილე ზდანევიჩის დახატული `დიდი ცისფერი ყანწი~?! აქ ჩვენს წარმოსახვაში კვლავ  ელენე დარიანი გაიელვებს. პაოლოს თვალსაწიერიდან გამქრალი და მეორედ უკვე სიყვარულით გათხოვილი _ ამჯერად, შალვა ქართველიშვილზე (რომელიც მას პაოლომ გააცნო) _ მამაკაცური შარმით დაბრწყინვალე იურისტისა და ნიჭიერი მხატვრის რეპუტაციით (ცნობისათვის: ყოველივე ამასთან ერთად, შალვა ივანე მაჩაბლის ვაჟი იყო ელენე ქართველიშვილისაგან. ისიც 1937 წელს ემსხვერპლა!).     
      ელენე ბაქრაძისა და პაოლოს ურთიერთობა ამ დროისათვის წრფელ მეგობრობაში გადაიზარდა. თუმცა, პაოლოს გარემოცვისათვის ეს მეგობრობაც გამაღიზიანებელი იყო. აქ პაოლოს ქორწინებამაც ითამაშა როლი და `კოლომბინა~-ნინო ტაბიძემაც, რომელიც `ცისფერყანწელთათვის~ ეჭვმიუტანელი ავტორიტეტი იყო, დიდი ოსტატობით დირიჟორობდა დრამატულ სიტუაციებს და, რაც მთავარია, დასანახად ვერ იტანდა ელენე ბაქრაძეს.
    ერთ-ერთ პირველს სწორედ ნინო ტაბიძეს გააცნო პაოლომ თავისი საცოლე _ მომხიბლავი თამარ სერებრიაკოვა-ოქრომჭედლიშვილი, ცნობილი საზოგადო მოღვაწის _ ილია სერებრიაკოვის (ოქრომჭედლიშვილის) შვილიშვილი. ნინო ტაბიძე ასე იგონებდა ამ წარდგენას `ხელოვნების სასახლის~ (ახლანდელი `მწერალთა სახლის~) აივანზე: `...პაოლო შემოვიდა _ მაღალი, ლამაზი, მხიარული თან ჰაეროვანი ფაფუკი, დიდებული, გაშლილთმიანი ქალიშვილი შემოჰყვა, მართლაც მზეთუნახავი გახლდათ... მაშინვე მომეწონა~. 
     ერთხანს, `გასაბჭოების~ შემდეგ,  ტიციანიც და პაოლოც სწორედ ამ `ხელოვნების სასახლეში~ ცხოვრობდნენ. რამდენიმე ხანში პაოლო საცხოვრებლად გადავიდა ჯაფარიძის ქუჩაზე, სადაც 1932 წელს მიიყვანს კიდეც თავის `მზეთუნახავს~. ახლადშექმნილ ოჯახს მალე შევიწროება მოუხდა, რადგან პაოლომ კოლაუ ნადირაძე და მისი მეორე ცოლი _ ნინა მიხაილოვა შეიკედლა.
    რამდენი ლხინი და რამდენი ცრემლი ახსოვდათ ამ სახლის კედლებს ჯაფარიძის ქუჩაზე: პაოლოს უკვე წამოზრდილი ქალიშვილი _ მედეა, დედისა და ოჯახის ახლობელთაგან მონათხრობი მამამისის თავგადასავლებით თავბრუდახვეული, უთუოდ ფიქრობდა _ მაინც ისეთი რა მაგნეტიზმი ჰქონდა ამ არგვეთელი პროვიზორის ბიჭს, რომ ერთი ნახვით აჯადოებდა ადამიანებს?! ვინ არ იყო მათ რიცხვში: ნიკო ლორთქიფანიძე და ოვანეს თუმანიანი, კოტე მარჯანიშვილი და ვლადიმერ მაიაკოვსკი, კონსტანტინე ბალმონტი და ანდრეი ბელი, ბორის პასტერნაკი და სერგეი ესენინი, ეღიშე ჩარენცი და ავეტიქ ისააკიანი... 
     `ეს ადამიანი, რომელსაც ყვლაზე მეტად ჭაღებით განათებული დარბაზები, ტაშით ახმაურებული აუდიტორია, ბრწყინვალე ბანკეტები და არტისტული ყავახანები უყვარდა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს გამნმარტოვდა, _ იგონებდა გერონტი ქიქოძე, _ 1937 წლის ზაფხულში ის ხშირად თავისი ბინის ლოჯიაში ჯდებოდა ჯაფარიძის ქუჩაზე და სევდიანად გასცქეროდა მახათას მთას. ხანდახან ბოტანიკურ ბაღში ადიოდა და ცდილობდა აფორიაქებული სული დაეშოშმინებინა თითქმის დამშრალი ჩანჩქერის პირას. მას ტანჯავდა მარტოობა, მას აწუხებდნენ მევალეები:
          მაგრამ ყოველდღე ჩემთან მოდიან
          და აღწერების მოაქვთ ორდერი...
          რა მაქვს ქონება? ცოლი და შვილი,
          ძაღლი და ცოტა ხელნაწერები...~ 
    აქ `დამშრალი ჩანჩქერი~ პაოლოს იმჟამინდელი სულიერი მდგომარეობის მიმანიშნებელ მეტაფორადაც აღიქმება, ხოლო უხილავი კავშირი `მევალეებსა~ და `ცოტა ხელნაწერებს~ შორის დღემდე გვაფორიაქებს:  ჰყავდა კი პაოლო იაშვილს კიდევ ერთი `მევალე~, რომელიც არც `ორდერით~ მისდგომია, არც უორდეროდ, მაგრამ მისი უხილავი არსებობის ნებისმიერი შეხსენება (თუნდაც _ `ცისფერი ყანწი~) ხასიათს უშხამავდა და `ცოდვილიანობის~ შეგრძნებას უჩენდა?! 
    ეს `მევალე~ ელენე ბაქრაძე იყო, პაოლოს მუზა _ `ელლი~ და, თავისივე მტკიცებით, `ელენე დარიანის~ სახელით გამოქვეყნებული ლექსების ავტორი: `ჩემ ლექსებს სარედაქციოდ ვაძლევდი პაოლოს, რომელიც აშალაშინებდა და მიბეჭდავდა ელენე დარიანის ე.ი. ჩემი ფსევდონიმით. პაოლოს არ წაუკითხავს ჩემი ლექსი `ხატაური~, რომელიც უნდა დაებეჭდა პავლე ინგოროყვას, მაგრამ დარჩა გამოუქვეყნებელი. პაოლოს დორიან გრეი შევარქვი. მანაც დორიანი მიწოდა. დროთა განმავლობაში შემიცვალა დარიანად, რადგან უფრო მოსწონდა კეთილხმოვნების გამო.
       ლექსები ელენე დარიანის ფსევდონიმით ყველა ჩემია. როდესაც შალვა დემეტრაძე პაოლოს კრებულს ადგენდა, ამის შესახებ მოვახსენე. მან მიპასუხა, რადგან ერთობლივი ლიტერატურული მოღვაწეობაა, შესაძლებელია, მის კრებულში შევიდესო~. [....]. ელენე ბაქრაძე. 1976. 5 მაისი~. თუმცა ერთი წლით ადრე დაწერილ მოგონებაში ელენე ბაქრაძე ნაკლებად კატეგორიულია: `მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ე. დ. ეკუთვნის მთლიანად ლექსები, მაგრამ როგორ შემიძლია, პაოლოს მივაწერო-მივაკუთვნო ჩემი ქალური განცდები, მხოლოდ განცდები~.
   ამ `თანაპოეტობის~ დასტურად  ჟღერს პაოლოს ექსპრომტი:
         შენი ლექსები მე მაბარია,
         როგორც ბავშვობის წმინდა კრებული,
         მაგრამ მოწყენით ხშირად არიან
        შენი ალერსის დანატრებული...~
     ოცი წლის შემდეგ ამ `წმინდა კრებულს~ პაოლო თავის უბის წიგნაკში გადაწერს და შესატყვისი ინსკრიპტით მეუღლეს გადასცემს. ვფიქრობ, ამ ჟესტს თავისებური ლოგიკა ჰქონდა: ამ ლიტერატურული `ტანდემით~ ისედაც დაეჭვებულ თამარს ესღა აკლდა, ახლა პაოლო-ელლის ლირიკული დუეტის ნაყოფი ჩაეკრა გულში... პაოლო, ცხადია, იმასაც ითვალისწინებდა, რომ არც ელენე ბაქრაძის რეპუტაციას `დაამშვენებდა~ ამ ეროტიკული რვეულის ავტორობა. რაც უნდა ემანსიპირებული ქალი ყოფილიყოელენე ბაქრაძე, იგი ხედავდა, რაოდენ მიუღებელი აღმოჩნდა `დარიანული ციკლი~ არა მხოლოდ კონსერვატორი  ბიძამისისათვის, არამედ ევროპაში განსწავლული, ქალთა უფლებათა ისეთი თავგამოდებული დამცველისათვისაც კი, როგორიც მისი უფროსი მეგობარი, ეკატერინე (კატო) მიქელაძე იყო. ამის დასტურია კატოსადმი მიწერილი წერილი (1916 წ. მაისი), რომელშიც ელენე თავის ავტორობასაც უარყოფს და იმ ეჭვსაც აქარწყლებს, რომ `ელენე დარიანი~ _ პაოლოს ჰეტერონიმია (`სიფრთხილეს თავი არ სტკივა!~). 
     მხოლოდ 40 წლის შემდეგ, დაქვრივებული და მარტოხელა, გაიხსენებს ის თავის პოეტობას, მისი და პაოლოს `ტანდემს~, აქა-იქ  შესჩივლებს კიდეც საერთო მეგობრებს... მაგრამ იმ ზეატაცებულ სიტუაციაში დავიწყებას გამოტაცებულ პოეტებთან სიკვდილშემდგომი მიბრუნებისა, არავინ ისურვა `ტანდემის~ ნიუანსებში გარკვევა და პაოლოს `ცოტა ხელნაწერების~ გამოხშირვა... ვერც ვამტყუნებ! 
     აქ, უთუოდ, რამდენიმე საბუთის მოხმობა მომიწევს იმ კატეგორიული მტკიცების გასაბათილებლად, რომ `ელენე დარიანი არარსებული პოეტი ქალია~.  ამ დოკუმენტთა უმეტესობა ჩემმა განსვენებულმა კოლეგამ, პროფესორმა გიორგი ჯავახიშვილმა გასული საუკუნის დამლევს მოიძია პატარძეულში გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში (იხ. მისი გამოკვლევა _ `ელენე დარიანის ლეგენდა და სინამდვილე~, თბ., 2001). ამ მიგნებებთან და ამ წიგნთან დაკავშირებული პოლემიკა იმდენად არაკორექტული იყო, რომ გახსენებაც კი მიჭირს. აი, 2013 წლის ივნისში ლიტერატურის მუზეუმში გახსნილ გამოფენას `ელენე დარიანი _ ქალი პაოლოს უკან~ და შესაბამის ილუსტრირებულ კატალოგს კი არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ალბათ იმიტომ, რომ `ერთხელ ნანახი~ უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა, ვიდრე `ასჯერ გაგონილი~.  
    ეს `ერთხელ ნანახი~ მართლაც ძალიან საინტერესო და მრავლისმეტყველი იყო: `დარიანული~ ციკლის რამდენიმე ელენესეული ავტოგრაფი და იგივე ლექსები, ოღონდ ახლა უკვე _ პაოლოს გადაწერილი და ჩასწორებული. ეს ავტოგრაფები (წარმოდგენილი ჩვენი `დამატების~ ვიზუალურ ნაწილში) იმდენად უტყუარი და მეტყველი დასტურია ორი პოეტის თანამშრომლობისა, რომ, თუნდაც რამდენიმე, თავად ტექსტშიც უნდა წარმოჩნდეს: 
1.         ავტოგრაფი ელენე ბაქრაძის ლექსისა _ `ნილოსის ნაპირზე~ და ახლა უკვე პაოლოს ავტოგრაფი ამავე ლექსის ჩასწორებული ვერსიით და ახალი სათაურით _ `პირამიდებზე~; 
2.         ელენეს უსათაურო ლექსის ავტოგრაფი: `დამეღალა მაჯა მარჯნის...~ და იმავე ლექსის პაოლოს მიერ ჩასწორებული ვერსია: `დაიტანჯა მაჯა მარჯნის...~ უკვე  `დარიანულის~ სათაურით;
3.         ელენეს უსათაურო ლექსის ავტოგრაფი: `აი, მოვიხსენ ტანზე საფარი!~  ეპიგრაფით პაოლოს წერილიდან და იმავე ლექსის ჩასწორებული ვერსია `უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი...~ შეცვლილი ეპიგრაფით;
4.         ავტოგრაფი ელენეს უსათაურო ლექსისა _ `მინდა გიამბო სოფლის ამბავი...~ და ამავე ლექსის უკვე პაოლოს მიერ დასათაურებული (`ცისფერი ქოლგა~) ვერსია.
თუკი ვინმეს ამ დოკუმენტური მასალის გაცნობის შემდეგ კვლავ მოუნდება საუბრის წამოწყება `არარსებულ პოეტ ქალზე _ ელენე დარიანზე~, მან, სამხარაულის ექსპერტიზის დახმარებით, უნდა დაამტკიცოს, რომ ელენე ბაქრაძე იყო უმაღლესი დონის ფალსიფიკატორი, რომელიც, საუკუნოვანი პერსპექტივის გათვლით, სპეციალურად წერდა უკვე გამოქვეყნებული `დარიანული ლექსების~ არაპროფესიონალურ ვერსიებს; თავის არქივში პაოლოს ხელწერის ვირტუოზული მიბაძვით დატოვა პოეტის გარითმული `ანდერძი~ (`შენი ლექსები მე მაბარია...~), როგორც მათი თანაავტორობის უალტერნატივო დასტური და ა.შ. მოკლედ, ეს სიუჟეტი უკვე ნამდვილად სცილდება ლიტერატურული კვლევის ფარგლებს და დეტექტიური ჟანრისაკენ იხრება...  
ლიტერატურის მუზეუმის სრულიად დაუვიწყარ გამოფენას დავუბრუნდეთ: აქ ნახავდით `არაპოეტი~ ელენეს იმ ლექსებსაც, რომლებიც მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა და რომელთაც თავისი გულისტკივილი გაანდო; მის დღიურებს და მიმოწერას, ბარათებს, რომლებშიც მეგობარი მწერლები მას მიმართავენ, როგორც კოლეგას, და არა როგორც _ პოეტის მუზას. თუმცა ექსპოზიციაში არც ეს რომანტიკული თემა გამორჩენიათ: ცნობისწადილით ვაკვირდებით ჩვენ საუკუნის წინანდელ ფოტოსურათებს, სადაც ელენეს გვერდს უმშვენებს მისი ერთ-ერთი ქმარი, სატრფო თუ თაყვანისმცემელი, და ვცდილობთ ამ `ქართველი ლუ სალომეს~ მაცდურ გარეგნობაში ის მაგნეტიზმი აღმოვაჩინოთ, რომელსაც შეუძლია, მამაკაცს ამგვარი წერილი დააწერინოს: 
`ქუთაისი. 
    აგვისტოს ღამის დამდეგი. 
     ელლი! ჩემზე ჯვარდაწერილო, სასურველო ჩემო! 
     ჩემი გული უშენობის გამო სევდიანად მოსთქვამს, ვიწვი შენთან კვლავ შეხვედრის უსაზღვრო სურვილით. ირგვლივ მყოფ ათას ადამიანს შორის ჩემს თვალსაწიერში მხოლოდ შენი ხატებაა მარად მშვენიერი სიყვარულით გასათუთებული. არ მაქვს უფრო მშვენიერი ფიქრები, ვიდრე ფიქრები შენზე და რაც უფრო შორს ხარ, მით მეტად ვგრძნობ, რომ სიცოცხლე უშენოდ არის გამოუთქმელ სევდათა სასაფლაო. ჩემს ოთახში ყოველდღე ჩნდება ახალ-ახალი ყვავილები, მაგრამ მათში ვერ ვხედავ ჭეშმარიტ მშვენიერებას, რადგან ისინი შენი ხელით არ არიან მოკრეფილნი. ვიხსენებ შენს ალერსს და მგონია, რომ მის გარეშე ვცხოვრობ უსულო ბუნების ატმოსფეროში. გულანთებულს მსურს შენ ძოწისფერ ბაგეებთან შეხება. ვიხსენებ ჩვენი ტკბობის დილას. მითხარი როგორ ვიცოცხლო უშენოდ მხოლოდ ამ მოგონებებით? მე ვლოცავ მთვარიან ღამეს _ ჩვენი სულიერი აღსარების მოწმეს. ასეთი ღამის განმეორება სიშმაგემდე მიმიყვანს. მე მსურს ასეთი სიგიჟე. ახალ შეხვედრამდე ჩემი სული დაიტანჯება გამომეცხადე, სასურველო!…ბნელი ღამე ჩამჩურჩულებს განახლებული ბედნიერების წუთებზე, მე ყურს ვუგდებ ღამის ზღაპრებს. შენც მოუსმინე ღამეულ ხმებს და მათში მოისმენ ჩემს ძახილს...…ყველას სძინავს, ყველას სძინავს!..… ამაღამ წავიკითხავ პოლინკა საკსს...…  
    გულმხურვალედ გეხვევი, ჩემო ღვთიურო!..~.… 
      ვინმემ პაოლოს `ეპისტოლარული ბიოგრაფიის~ შედგენა, რომ მოინდომოს,  ამ წერილს, უდავოდ, ერთ-ერთ საწყის ნიშანსვეტად ჩათვლის, თან დაამატებს, ასეთი ზეატაცებული ტექსტი მის მიმოწერაში არ განმეორებულაო. თუ ამ დისკურსს განვაგრძობ, ვიტყვი, რომ ვერც ოცი წლის შემდეგ ქალიშვილისა და ცოლისათვის გადასაცემად დატოვებულ პაოლოს წერილების ტრაგიზმს მოვუძებნით ანალოგს ქართულ ლიტერატურაში.  
     ოცი წელი, დღიდან დღემდე, მატულობდა ძაბვა ამ ორ პოლუსს შორის, სანამ არ განიმუხტა 1937 წლის ივლისის ერთ ავბედით დღეს სერგიევის (აწ მაჩაბლის) ქუჩის #13-ში მდებარე `ხელოვნების სასახლეში~... ოცი წელი ცოტა არაა. ზოგიერთი რამ მოვყევით, ზოგი გამოგვრჩა. შევეცადოთ, როგორმე შევავსოთ ეს `ლაკუნები~: ჯერ გურამ ასათიანის გასული საუკუნის 70-იან წლებში დაწერილი ტექსტი მოვიხმოთ: `პაოლო იაშვილმა პოეტის ნამდვილი გატაცებით უმღერა ახალ საქართველოს, თბილისს, სამგორს, ქუთაისს, კოლხიდის პირველ მოსახლეებს, რიონის ახალ კალაპოტს, `სამას არგვეთელს~, ზემოურ რთველს, მალთაყვას. მან მიუძღვნა წრფელი პოეტური განცდით გამთბარი ლექსი ოვანეს თუმანიანს, უკრაინელი ქალის სიმღერას, ესპანეთის გმირ ხალხს~. 
    ახლა, იმავე სურათს, უკვე პოსტსაბჭოთა პერიოდის გადასახედიდან გავეცნოთ (ტექსტი პაოლო იაშვილის ყველაზე ავტორიტეტულ მკვლევარს, ქ-ნ ლალი ავალიანს ეკუთვნის და 1994 წელს თსუ-ის მიერ გამოცემულ `უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიაშია~ შეტანილი): `თანდათანობით~, ზოგჯერ მერყეობით, ზოგჯერ კი ზედმეტად სწორხაზოვნად ვითარდებოდა ჩვენი მწერლობა. ახალი ცხოვრების ასახვა პოეზიის `მოძველებული~ საშუალებებით თითქოს არ ხერხდებოდა, ახალი მხატვრული ენა კი ყოველთვის როდი იყო ნამდვილად `ახალი~ და ნამდვილად პოეტური. ასეთ ვითარებაში ყურადღებას იქცევს პ. იაშვილის 1924-1928 წლებში შექმნილი ლექსები: `ლენინ~ და `თბილისი~, `თივის ურმეული~ და `პოეზია~, `არგვეთის ღამეები~ და `ერთი კვირა~...  პოეტის ხმა კვლავ წრფელია და ხალასი, ყალბი პათოსი უცხოა მისთვის~. [....] ახალ ცხოვრებას დაახლოებული პოეტის შთაგონების წყაროდ იქცა განახლებული თბილისის თუ ქუთაისის მაჯისცემა, სამგორისა თუ რიონჰესის მშენებლობა, ბაღნარად ქცეული კოლხეთი თუ აჭარაში ცაკის-ის სესიაზე გატარებული  დღეები...~. ნუ გადავერთვებით კამათზე, რამდენად უცხოა პოეტისათვის `ყალბი პათოსი~. ამ შემთხვევაში საკუთრივ პაოლოს შემოქმედებითი ტრაგედიაა შემაძრწუნებელი და არა_ მისი შემდგომი ინტერპრეტაციები...  დიახ, შემაძრწუნებელია, რადგან პაოლოსთან `საშუალება აბათილებს მიზანს~ და, თუკი მისი მიზანი იყო, თავისი დროის პირველ პოეტად ეღიარებინათ, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თაობათა მეხსიერებაში თავისი დროის ყველაზე ტრაგიკული ბიოგრაფიის პოეტად დარჩენილიყო. მთელ ამ ისტორიაში გასროლა `ხელოვანთა სახლში~ ბოლო აქტია! ყოველივე დანარჩენი (ზემოჩამოთვლილ `მიღწევათა~ ჩათვლით) უბრალოდ აახლოებს ამ ფინალს...
     როდესაც პოეტების პროვიდენციალურ ტალანტზე ვლაპარაკობდი, უპირატესად გაუცნობიერებელ მომენტს ვგულისხმობდი. მაგრამ არის ისეთი დრამატული სიტუაციებიც, რომლებიც ყველაზე `უკურნებელ ოპტიმისტსაც~ კი დააფიქრებენ... როგორც ჩანს, პაოლოსთანაც ასე იყო, და ზოგჯერ, მოუხელთებელი, მტკივანი, ავისმომასწავებელი ბგერა გადაფარავს მისი პოეზიის `მაჟორულ~ ჟღერადობას: 
                
როგორ გაძლებდა ჭკუათმყოფელი 
                
ამ თოვლის მტვერში;
               
ჯერ არ მინახავს ჩემი სოფელი
                   
მე დეკემბერში.
                
სიცივე როდი გაკარებია
  ჩემ ბავშვურ სხეულს;
  რა ამბავია, რა ქარებია
  სოფელში წრეულს!
  კრამიტიანი შენი სახლები
  მე ვეღარ ვიცან,
  ორი თვით ასე თეთრად გახმები,
  მშობელო მიწა.
  რა ლურჯია და რა საწყალია
  მეზობლის ბავშვი...
  ასე შიშველი _ დიდი მსხალია 
  ვენახის თავში? 
  რა დღეებია, რა წამებია
  რამ გამარინდა?
  მე ეს სურათი არ მწამებია,
  არც ახლა მინდა.
  როგორ განდაგან მოქრის ჭილყვავი;
  რა რუხად ბზინავს;
  აქ არ დავრბოდი, აქ არ ვიყავი
  ათი წლის წინად?
  აქ არ ყვაოდა ყვითლად ზაფრანა
  მწვანე მორევში?
  ვნახე პირველად გნოლის გაფრენა
  სააქორეში.
  უხილავ ხელმა მთაზე ნოხები
  დილით გაჰკიდა. 
  აქ არ გავიგე, რომ ჩამოხველი
  შენც ქალაქიდან? 
                სოფ. არგვეთი. 1935
                 (`ს ო ფ ე ლ შ ი~)                                   
           
ის საიდუმლო, თუ ვინ იყო ამ ლირიკული შედევრის ფინალში გაელვებული `ქალაქიდან ჩამოსული~ არსება _ პოეტის პირველი სასიყვარულო აღსარების ადრესატი, თუ ბოლო, ტრაგიკული წერილისა _ პაოლომ საფლავში წაიყოლა...
     ამ ბოლო წერილის წაკითხვა კი ახლა მოგვიწევს. არ არის ადვილად წასაკითხი: 
                  `ძვირფასო, საყვარელო თამარ!
     გემშვიდობები. სიკვდილის წინ შენდამი განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობ. ვხარობ შენი წარმატებებით ინსტიტუტში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოებისათვის სასარგებლო წევრი იქნები. ჯანმრთელობას გაუფრთხილდი, იმკურნალე. მედეაზე აბა რა უნდა მოგწერო, დარწმუნებული ვარ, რომ მისგან ნამდვილ ადამიანს გამოძერწავ.
     ჩემი სიკვდილის მიზეზია შეუთავსებლობა პოეტის სახელისა იმ შეურაცხყოფასთან, რომელიც მომაყენეს ადამიანებმა, რომლებთანაც ვმეგობრობდი და რომელნიც  სინამდვილეში (ახლა მე ამაში სავსებით დარწმუნებული ვარ) ქართველი ხალხის მტრები აღმოჩნდნენ.
     ძალიან გაგიჭირდება, მაგრამ გამაგრდი, დარწმუნებული ვარ, რომ დაგეხმარებიან, აღზარდო ჩვენი ესოდენ საყვარელი ქალიშვილი, ჩვენი ბედნიერება და სიხარული მედეა.
     როცა გათხოვდები, ეცადე, მედეამ გული არ აიყაროს ჩემიანებისადმი.
                                       
                           მაპატიე ჩემი შეცდომები.
                            შენ ყველაფერს გპატიობ.
                            გკოცნი მაგრად, მაგრად.
                            შენი ჭეშმარიტი მეგობარი 
პ. იაშვილი
თბილისი. 22. VII. 37.
   რაღაც ნათელი გრძნობით ვკვდები და ამიტომაც მჯერა, რომ შენ და მედეა გადაიტანთ ამ უბედურებას. შენ რაღაც კი შენიშნე, მაგრამ მე შევძელი, დამემშვიდებინე.  გაუფრთხილდი შენს თავსაც და მედეასაც. პაშასთან და ჩემს ძმებთან იმეგობრე. ნ. მიხ. და გიორგი ილიჩს მოკითხვა გადაეცი [თარგმანი რუსული ორიგინალიდან].
    ისიც წარმოვიდგინოთ, რამდენი ცრემლი დაეღვრებოდა მედეასათვის გადასაცემად დატოვებულ პაოლოს უკანასკნელ გამოსათხოვარ Bბარათს: `არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არცერთი წუთით, და რამდენიმედ მაინც გაგიადვილებენ ობლობას~.
      1937 წლის 22 ივლისის მზიან დილას პაოლოს მონადირე ძაღლს, `სამგორს~, ვერაფრით გაეგო, რატომ მიდის მისი პატრონი სანადიროდ ასე მალულად, რატომ წაიღო წინასწარ, ღამით, გაზეთში გახვეული ორლულიანი თოფი და რატომ არ მიჰყავს თან თავისი ერთგული მეგობარი.…რა იცოდა საწყალმა `სამგორმა~, რომ ამ უკანასკნელი ნადირობისას მონადირეც პაოლო იყო და მსხვერპლიც. იქვე, შორიახლოს, მწერალთა სასახლეში _ კედელთან მიმწყვდეული და გადარჩენის შანსს მოკლებული... ამ ამაყმა კაცმა თვითონვე გამოუტანა განაჩენი თავის თავს, რაღაც ვერ აპატია. არც ის ინდომა, უკანასკნელ წუთს ჩეკისტურ ჩექმებქვეშ გართხმული წოლილიყო, და პატარა ჯალათებს მოაკლო სიამოვნება, უპირატესობის გრძნობით მისთვის ზემოდან ეცქირათ. 
     არაა გასაკვირი, რომ თაობათა მეხსიერებაში მისი ცხოვრებაც და მისი სიკვდილიც ერთ ტრაგიკულად ლამაზ მითად გარდაისახა...   
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge