გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გივი ჩიღვინაძე - წინაპართა ნაცქერი სივრცეები

                            
                                   (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ჩანაწერები)


       ხიხათა

               
             ხიხათა (ხიხამთა) – მთა რაჭის ქედზე, ონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. სიმაღლე 2239 მეტრი. დამრეცკალთებიანია და სუბალპური ბალახეულით შემოსილი. დიდი რაოდენობით გვხვდება კარსტული ძაბრები. მწვერვალთან დამონტაჟებულია გეოდეზიური ნიშანი. მის აღმოსავლეთ ნაწილს კეცები ეწოდება, რომელსაც ზოგჯერ ცალკე მთად გამოყოფენ – კეცების მთას ეძახიან.
            ეტიმოლოგია: საქართველოში ამ სახელით კიდევ გვაქვს სოფელი ჯავის რაიონში და სხვა მთაც – აჭარაში „ხიხანის მთა“ ანუ „ხიხათა“. ვნახოთ როგორაა ახსნილი მისი ეტიმოლოგია. „ხირხატი“ ქართულში ქვიან, ქვიშიან, ადგილს ნიშნავს და აქედანაა წარმომდგარი მთის სახელწოდებაო, აღნიშნავენ აჭარაში მდებარე ხიხათას ეტიმოლოგიის განმარტებისას (სერგო დუმბაძე, კიდევ ერთხელ აბუსერიძე ტბელისა და მისი თხზულების ზოგიერთი გეოგრაფიული სახელის შესახებ, ჭოროხი, # 5, 1996 წ.). ასევე უნდა ავხნათ რაჭის ქედზე მდებარე ხიხათას ეტიმოლოგია, მით უმეტეს, ეს მთა მართლაც ქვიანი ადგილია და უფრო მეტიც, ამ სახელწოდების სოფელი - ხირხათა - იყო რაჭაში, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი ასახელებს და დღეს ხირხონისად მოიხსენიება (თამაზ ბერაძე, რაჭა, გვ. 23.). მსგავსი სახელი „ხორხები“ ეწოდება იმერეთიდან ხიხათაზე ამავალი გზის მონაკვეთს, რომელიც ასევე ქვიანი და კლდიანი ადგილია.
*
       ხიხათის სამხრეთი კლდოვანი ფერდობი იმერეთისკენ ციცაბოა თითქმის. იქ რამდენიმე გამოქვაბულია. ამბობენ, რომ მათში პირველყოფილი თუ მტრის შემოსევების დროს თავშეფარებული ადამიანების ნაცხოვრები შეინიშნება, არის კეცების ნატეხები, ცეცხლის კვალი და სხვა. გამიგონია, რომ დიდი ხნის წინათ ჩვენი თანასოფლელი (მოხველი) გოგო ერთ გამოქვაბულში შესულა და აკვანი უნახავს...
       ჩრდილოეთ კალთაზე სოფელ მრავალძლისკენ ადრე მონასტერი ყოფილა. ამ ადგილს მოსალოცავს ეძახიან, გვხვდება ტაძრის ნანგრევები ჭოლევის კლდესა და ტყეს შუა. გადმოცემით, აქიდან ბერები აყრილან და სოფლის ახლოს ახალ ტაძარში დამკვიდრებულან, სადაც დღეს მრავალძლის წმინდა გიორგის ცნობილი ეკლესიაა.
შუა საუკუნეებში ხიხათა რაჭის საერისთავოს ეკუთვნოდა, ხოლო მე-18 საუკუნის 70-იანი წლებიდან, ისევე როგორც რაჭის დიდ ნაწილს, მასაც თავადი წერეთლები ფლობდნენ. იმ დროს მთაზე ქერი ითესებოდა. თუ რაჭველ გლეხს იქ რაიმეს დათესვა უნდოდა, ზურაბ წერეთლისათვის უნდა ეკითხა და მიწის გადასახადად მოსავლის ნაწილი მიეცა. აი, ამის დამადასტურებელი პირობის ხელწერილი მრავალძლელი გლეხებისა (სტილი დაცულია): „ქ. ესე წიგნი და პირობა გამოგართვით თქვენ, ბატონ სახლთ უხუცესს წერეთელს ზურაბს და თქვენს ძმისწულს, სარდალს წერეთელს ქაიხოსროს, ჩვენ მბრავალძელმა სხირტლაძემ და იობაშვილმა დავითმა, დავითმა და კიდევ დავითმა, სვიმონამ და ბეჟანამ ასე რომე, სათქვენო მთაზედ ხიხათაზედ ნამუშევარი ქერები გვეთესა და წრეულს უთქვენოთ მოვმკევით და წამოვიღეთ და ეს საქმე თქვენ იხუეთ და მოდს თხოვა დაგვიწყეთ სახლშიდ მოტანილს ქერზედ. შამოგეხვეწეთ, წრეულს კი გვაპატივეთ და სასხუმინდლოთ ეს პირობა დაგვიდებია, ჯვარს იქით, ხიხათაზედ თუ ქერები დავთესოთ, უთქვენოთ არასწელიწადს ის არ მოვმკოთ და თქვენი მოხელე რომ დაგვესწრება და ქერებს დავმკით, რაც გერგებათ, სამართლით კიდეც გადავიხადოთ მოდი და იმ თქვენს მოხელეს მივსცეთ იქავე და თუ ეს საქმე ვიმტყუნოთ, ავად მოგვეპყარით.
            არის ამისი მოწამე ჯაფარას შვილი ჯაფარიძე როსტომ, ჯაფარიძე ბეჟან და ივანე, ერისთავის შვილი გოგია, ყიფიანი დევლეთ და სხვა თქვენი ყმები ერთობით საწერეთლო და რაჭველები და მე კოვზირიძეს თომას დამიწერია და მოწამეცა ვარ ამისი.
           სეკდემბრის ვ-ე ქვს ქ-ეს აქეთ ჩყზ (1807) +++++“ (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Sd, N 1141. მოდი – ძველი ებრაული საწყაოა. ფართოდ იყო გავრცელებული ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ქართულ წერილობით წყაროებშიც დამოწმებულია. მოგვიანებით იხმარებოდა დასავლეთ საქართველოში მიწის სარგებლობისათვის დაწესებული გადასახადის აღსანიშნავად).
ეს საუკუნის დასაწყისია, იმავე საუკუნის დასასრულზეც  ქერსა მკიან ხიხათაზე. იმერეთსა და რაჭაში მოგზაურობისას ჯრუჭულის ხეობიდან ამ მთას რომ გადაივლის შქმერისკენ გადასული მოგზაური ნიკოლოზ დიასამიძე გვიყვება ქერის სამკალში მიმავალ შქმერელ ქალებზე (ნიკოლოზ დიასამიძე, ზემო იმერეთსა და რაჭაში მოგზაურობა, „ივერია“, 10 ოქტომბერი, 1891 წელი).
           ჯრუჭის მონასტერსაც დიდი ადგილები ჰქონდა ხიხამთაზე სოფელ მრავალძლის მინდვრების მეზობლად. ეს იყო მისი „ჯოგის საბინაო ადგილი, მდებარე რაჭის მთაზედ, სახელდობრ „ნასახლარი“, იგივე „დიდ მინდორი“, საზღვარი აღმოსავლეთით და სამხრეთ - შქმერის სოფლის საზღვარი, დასავლეთით – საერთო სოფლის მრავალძლეულების და ისევ ჯრუჭის მონასტრის ჯოგის საძოვარს „სოსევას“ ადგილებამდის და ჩრდილოეთით – ჩიღუნაძის ადგილები“. ასევე „ჯოგის საძოვარი ადგილები მდებარე რაჭის მთაზედ, სახელწოდებული „სოსევა“. გობები, ყავარჯენა, გოგიტის ჭალა და ლაშე შუა, რომელიც არის საერთო სოფელს მრავალძალის მცხოვრებთა და ჯრუჭის მონასტრისათვის“ (მაია ქებულაძე, ჯრუჭის მონასტრის სოციალურ-ეკონომიკური ისტორიისათვის – მიწათმფლობელობა, ქუთაისის მუზეუმის მასალები, კრებული 11, 1999 წელი).
            გადმოცემით ვიცით აგრეთვე, რომ მონასტრის ნახირი დაბლა მთაზე – კეცების ძირში თუ მდინარე წყალფენილას სათავეში იყო და ზამთარსაც იქვე ატარებდა, ზამთრის საკვები, საუკეთესო თივა კი ხიხამთიდან ჩაჰქონდათ რაჭველ  გლეხებს...
            საბჭოთა პერიოდში ხიხამთის სათიბებით სამი კუთხის წარმომადგენლები სარგებლობდნენ: რაჭველები, იმერლები და სვანები. უზარმაზარი სათიბების დიდ ნაწილს რაჭველები თიბავდნენ, ან იჯარით აძლევდნენ მეზობელი მხარეებიდან ასულებს. იმერეთიდან, საჩხერის რაიონიდან, მოხველები, უზუნთელები და ზოგჯერ ცხომარეთლებიც თიბავდნენ იქაურ სათიბებს. როგორც ამბობენ, მოხვის სათიბების ნაწილი მზითევში მოჰყოლია რაჭიდან ჩვენთან გამოთხოვილ ქალებს ან მოხვაში გადმოსახლებული გვარების წარმომადგენლებს თავიანთი წილი შეუნარჩუნებიათ საგვარეულო სათიბებში. კოლექტივის შექმნის შემდეგ, მზითვში მოყოლილი და გვარიდან მიცემული წილები შეკრიბეს და მოხვას და უზუნთას ცალკე დაუმკვიდრეს სათიბები ხიხამთის სამხრეთ ნაწილში. ეს ადგილები უმეტესად კოლექტივს ხმარდებოდა, ხოლო გლეხები თავისთვის ზოგჯერ რაჭველების სათიბებს თიბავდნენ სანახევროდ ან ფულს იხდიდნენ თივის გარკვეული რაოდენობის გათიბვისათვის.
ადრე ხიხამთა, ეს თვალუწვდენელი სივრცე, მთლიანად ითიბებოდა. მერე თანდათან იკლო მუშახელმა, ჯერ სვანებმა შეწყვიტეს ჩამოსვლა, მერე მთლიანად რაჭამ თქვა უარი ამ მშვენიერ ადგილზე, რადგან თავიანთ სოფლებშიდაც მრავლად ჰქონდათ სათიბები. სულ ბოლოს მოხველები და უზუნთელები ადიოდნენ თივისთვის. დღეს თითქმის ყველამ მიატოვა. რაჭაში შვეიცარიელი ინვესტორის თაოსნობით ფერმა რომ გაკეთდა, მათ დაიმკვიდრეს ხიხათაზე მცირე ფართობი, საძოვრადაც იყენებენ და სათიბადაც. მაგრამ ძირითადი ნაწილი მიტოვებულია. მექანიზაციის გარეშე დღეს მეურნეობის განვითარება შეუძლებელია. ხიხათა მეცხოველეობის მნიშვნელოვანი ბაზაა, აუცილებელია მისი გამოყენება.
             დიდი შრომა იყო აქ თუნდაც წინა საუკუნეში. მთიბავთა კულტურასთან ზიარებისათვის ხიხათაზე მწერლებიც კი აჰყავდათ. აი, რას წერდა ცნობილი მწერალი რევაზ ჯაფარიძე 1973 წელს: „შარშან რაჭველებმა სათიბში დამპატიჟეს. ქუდზე კაცი გამოსულიყო. მაშინ შევიტყვე პირველად: რაჭველი კაცი თიბათვეში თუნდაც ამერიკიდან შინ ბრუნდება, რათა პირუტყვს საზამთროდ თივა მოუთიბოს. ამერიკისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მოსული მართლაც ბევრი ჩანდა. მიწას თავისი მოეთხოვა და ერი და ბერი ცელს ერთად იქნევდა. გალაპლაპებული ცელი ლორთქო ბალახში სიოდა და სხრიალებდა. ხიხა-მთის კალთებს უსასრულო ზოლებად გასდევდა ახალმოთიბული თივის ღვარეულები. მზე რომ საწალიკის თუ ნაჯიხურევს იქით ჩავიდა და გრილმა სიომ დაგვიბერა, ვახშმად დავსხედით. გადმოღმიდან იმერელი მთიბავებიც ამოვიდნენ და სუფრა სუფრას წაება, კვარის ჟინჟღილები ან კუპრში ამოვლებული მაშხალები როდი დაგვჭირვებია. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა თითქოს ნება-ნება გადმოპირქვავდა და ქვეყანას ქვეშ მოექცა. აქეთ რაჭა და იქით იმერეთი, სანამდეც კი თვალი სწვდებოდა, მირიადი ნათურით განათდა, გაკაშკაშდა და აციმციმდა. როგორც ოდესღაც ცაში ატყორცნილ ჯრუჭის მონასტერს, ახლაც დიდხანს ვეღარ მოვაშორე თვალი ამ მართლაც და ზღაპრულ სანახაობას - ჩემი დიდი და ამაყი სამშობლოს ერთ პატარა ნაჭერს, რომელიც ხიხა-მთიდან მოჩანდა იმ ღამეს. ქედგადაღმელები ქედგადმოღმელებს უხსნიდნენ და გაწვდილი ხელით მთელ სოფლებს ფარავდნენ:
   - ეს შუქრუთია, შე ჩულიანო, ქორეთი კი არა! ე, სად არი ქორეთი, საირხე, გორისა, მერჯევი, გორაძირი...
      გული რკინისა უნდა გქონდეს, რომ არ აგიჩუყდეს და თვალები ცრემლით არ აგევსოს. ეს ხომ სიხარულის ცრემლებია! სხედან დამაშვრალი, შრომით გულმოჯერებული მთიბავები ამ სათიბში, ღვინით პირამდე გაპიპინებულ მოზვრის ყანწს ერთმანეთს აწვდიან, თავი ნუ მოგიკვდება, ჯერ შენ მიირთვიო...
გვიან ღამით წამოვიშალეთ და წავედ-წამოვედით. თივაზე გულაღმა გავიშოტე და გატრუნული მოკრიალებულ ცას მივაჩერდი. მესმოდა, როგორ დინჯად ძგერდა გული საგულეში და როგორ აწვებოდა ადუღებული სისხლი საფეთქლებს. არ მახსოვს, ასე რამდენ ხანს ვიყავი. გულისძგერას და სისხლის ჩუხჩუხს ჩუმად ვუგდებდი ყურს და მეჩვენებოდა, რომ ეს ჩემს მკერდში კი არა, მშობელი მიწის წიაღში ძგერდა გული, ეს ჩემი სისხლის ჩქრიალი კი არა, მშობლიური ნაკადულების ჩუხჩუხი მესმოდა, თითქოს სამშობლოს შევუერთდი და მის მიწად, ტყედ, ფრიალო კლდეებად ვიქეცი“ (რევაზ ჯაფარიძე, მამულის კვამლი,1973 წ.).
*
     ხიხათაზე რამდენიმე წყაროა, მისი ფერდობებიდან  მდინარეები და მოზრდილი ნაკადულებიც იღებენ სათავეს, მის ძირას კი ლამაზი ტბებია. აქვე მრავალი ტოპონიმია აღრიცხული. ამჯერად რამდენიმე მათგანზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.
ჯვარი ანუ რაჭა-იმერეთის უღელტეხილი – მთის გადავლის შემდეგ შეგხვდებათ, სოფელ მრავალძლის გადასასვლელში. ამ უღლტეხილზე ადრე რაჭა-იმერეთის უმნიშვნელოვანესი გზა გადიოდა, რომლითაც გადმოდიოდნენ რაჭველი მგზავრები და მერე საჩხერიდან მატარებლით მიდიოდნენ თბილისში.
       თამარის ღელე – ტყიან-ბუჩქნარიანი ხევი, რომელიც ჯვრიდან ანუ უღელტეხილიდან სამხრეთისაკენ, იმერეთისკენ მოემართება. მის შუა ადგილას მოზრდილი წყარო გამოჩქეფს. ერთგან კი უჩვეულოდ დიდი წისქვილის ქვის მსგავსი ლოდი დევს. სამხრეთით, მთის ძირიდან, თამარის ღელის ხევი მარჯვნივ უხვევს და ფასკნარის ხეობას უერთდება. სიმონ სხირტლაძე წერს: „გადმოცემით ვიცით, თითქოს რაჭაში მოგზაურობის დროს მრავალძლის ტაძარი თამარ მეფეს მოენახულებინოს, იქიდან კი ჯრუჭში გადასულიყოს. საყურადღებოა, რომ ხიხამთაზე იმერეთისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთ ადგილს დღესაც „თამარის ღელე“ ეწოდება“ (სიმონ სხირტლაძე, წერილები, თბილისი, 1977).
საბარო - სოფელ ბარის კუთვნილი სათიბები, სადაც სხვა მხარის წარმომადგენლებიც (იმერლები, სვანები) თიბავდნენ. ის სწორედ თამარის ღელის მარჯვენა მხარესაა და დიდ ტერიტორიას მოიცავს.
          კაკლიეთის სერი – იმერეთიდან მიმავლები ჯვრის ანუ უღელტეხილის მარცხენა მხარეს დიდ სერსა და ფერდობს ვიხილავთ სათიბებით, რომელსაც ჭოლევის კლდე საზღვრავს მრავალძლის მხრიდან, მის ძირში ჭოლევის ტბაა. თქმულების თანახმად, სწორედ კაკლიეთის სერზე ავიდა ნისლით გზააბნეული თურქების ჯარი, ჭოლევის კლდეზე დაიწყო ცვენა და შემდეგ მრავალძლის წმინდა გიორგის აღთქმა დაუდეს, ოღონდ გადაგვარჩინე და სანამდე შენი ზარის ხმა მიაღწევს იმ ტერიტორიაზე არავის არაფერს დავუშავებთო.
ტბა – პატარა ტბა ხიხათის სამხრეთისკენ, რომელსაც ხარების დასარწყულებლად იყენებდნენ. მრავალძლელები სასადილოს ტბას უწოდებენ. შემოდგომით ხიხათის ძირას გადაშლილი ტყეებიდან წითელ-ყვითელ ფოთლებს აიტაცებს ქარი და ამ ტბას ულამაზეს ფერებად დააფენს ხოლმე.
           ჩიტის წყალი – წყარო მოხვის სათიბების ტერიტორიაზე, მთის სამხრეთით, კლდოვანი ფერდობის თავზე. მისი სახელით მოვიხსენიებთ მიმდებარე სათიბებს. მზიანი ამინდები თუ დიდხანს გაგრძელდა, საგრძნობლად იკლებს, თუმცა ჩიტებსაც ჰყოფნის და ადამიანებსაც.
კოდის წყალი – წყარო, უფრო სწორედ ბინული. მოხვის სათიბების შემდეგ იმერეთიდან რაჭისაკენ მიმავალი გზის მარცხნივ, ჩადაბლებულ ადგილას ხის კოდია ჩადგმული, რომელიც წყლით ივსება. წყალს კი უმეტესად ბალახის გემო აქვს. ამ სახელით მოიხსენიებენ მის ირგვლივ არსებულ სათიბებს. მთიბავები ხშირად კარავს მართავდნენ მის ახლოს.
ეზოკარა - სანადირო, სათიბი რაჭა-იმერეთის ქედზე. „ზემო ბარიდან საჩხერისკენ მიმავალი ჩალანდრები აქ ისვენებდნენ და სადილობდნენ, ეზოსავით ჰქონდათ შემოღობილი“ (პ. ცხადაია, ვ. ჯოჯუა, რაჭის გეორაფიული სახელწოდებები, II, 2005).
         სახორავე – ადგილი ხიხათაზე სასადილოს ახლოს. თურმე კიბულთის დაბლა, ტყეში ამზადებდნენ რაჭველები შეშას, აჰქონდათ სახორავეზე, აივაკებდნენ, იქ დადგამდნენ ხორას დროებით, მერე გაიტანდნენ ჯვარზე, ჯვრიდან სოსევაში და მერე მრავალძალში ჩაჰქონდათ. ძალიან დიდი მანძილია, თან რამდენი შეშა დაჭირდებოდათ, იქ ხომ ნახევარი წელი ზამთარია. მოხვაში ასეთ თქმულებას ამბობდნენ: ჩამოსულა რაჭველი ხიხათისძირა ტყეში. მიდგომია ერთ წიფელს და ჭრის, შუამდე არ იყო მისული, ნახა, რომ ღრუ აქვს ხეს და რაღაც სქელი სითხე მოეცხო ნაჯახს. ოჰ, ვიღაცას ხე წაუბილწავსო, მიუტოვებია რაჭველს ეს ხე, წასულა და გაურეცხავს ნაჯახი, არადა თურმე ფუტკარს უცხოვრია შიგ და ფუღურო ფიჭა-თაფლით ყოფილა სავსე...
ფასკნარა – სათიბი, წყარო ხიხათაზე, რაჭისა და იმერეთის საზღვარს შუა. ფასკნარა დღეს იმერეთის პატარა, ანკარა მდინარის სახელად უფრო წარმოგვიდგება, რომელიც ამ ადგილას იღებს სათავეს. 
*
    ხიხათაზე მრავალფეროვანი მცენარეულობაა. მდელოები ათასგვარი ყვავილითაა მოჩითული. აქ იმ მცენარეებს ჩამოვთვლი, რომელსაც იყენებდნენ სამეურნეო საქმიანობაში, საკვებად თუ ხალხურ მედიცინაში.
პირველ რიგში ესაა საუკეთესო ბალახი, მრავალი ჯიშისა - ყველა გამოსადეგი საქონლის საკვებად (მხოლოდ აქა-იქ გამორეულ შხამას თუ მოაცილებდნენ – საქონელს წყენსო, ამბობდნენ.) ხიხამთის თივა მიჰქონდათ რაჭაში, ზემო იმერეთსა და ქვემო სვანეთში. ის განთქმულია თავისი ყუათიანობით და საქონელს ყველაზე რთულ პარიოდში აჭმევდნენ, ჯერ ჩალას და ადგილობრივ თივას დახარჯავდნენ და ბოლოს ხიხამთის თივაზე გადავიდოდნენ.
თომი – ძალიან წმინდა, რბილი, მსუბუქი ბალახი, მოდის ალაგ-ალაგ. მას ქალამანში, ბანდულებში, საერთოდ ფეხსაცმელში ჩასაფენად იყენებდნენ, ფეხს ძალიან ათბობს.
არყი – ხიხამთზე უმეტესად არყის ბუჩქად მოზარდი სახეობაა. ის ეზოს ცოცხისთვის მოჰქონდათ ჩვენთან. ურმის კავებადაც იყენებდნენ და სხვა.
         მოცვი – მრავლადაა მოცვის დაბალი სახეობა, რომელსაც ჩვენ „მიწის მოცვს“ ვეძახით, იგი სათიბებშია გარეული. მის ირგვლივ ჩვეულებრივ დაბალი ბალახია.

        მოცხარი – მრავლად გვხვდება. ის ხიხამთაზე ორგვარია წითელი და შავი.
ჭნავი (ცირცელი)– გვხვდება ცალკეულ ადგილებში. მონადირეები ამბობენ, მათ ახლოს ზამთარში გარეული ქათამი ბუდობსო.
  
      გოგოსა – მე არ მინახავს, მაგრამ ხიხამთაზე უნდა იყოს გოგოსა (ლათ. Sorbus aria) - ბუჩქი ან 7 მ-მდე სიმაღლის ხე ოდნავ დაკბილული, მუქი მწვანე, ზემოდან პრიალა, ქვემოდან თეთრად შებუსული ფოთლებით. ივნისის დასაწყისში გამოაქვს თეთრი ყვავილები. მწკლარტე გემოს ნაყოფი ორკურკიანია, მრგვალი, სიმწიფეში წითელი, კვრცხისებრ წაგრძელებული, ყინვების დადგომისას იღებს მოტკბო გემოს. ჰო. არაა გოგოსა მაინცდამაინც ცნობილი, მაგრამ ხალხური ლექსი კი შექმნილა მასზე რაჭულ ფოლკლორში მრავალძლელების გამოსაჯავრებლად:

„მრავალძლელების ხილიო –
გოგოსაა და თხილიო,
ისიც რომ გამოელევათ,
ქვე წაუხდებათ ლხინიო“...

       მთის შროშანი – რომელსაც რაჭველები და ზემო იმერლები თიორშას ვეძახით (ლათ. Lilium szovitsianum). ესაა მრავალწლოვანი ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა. მისი ღერო ხშირფოთლიანია, სიმაღლე ერთ მეტრს აღწევს, ლამაზ ყვავილებს იკეთებს. რაჭასა და ზემო იმერეთში მთის შროშანს საკვებად იყენებენ. მაისის ბოლოს ნორჩ ღეროებს აგროვებენ, წნავენ, ახმობენ და მისგან ამზადებენ შეჭამადს - დაჭრილას. წვრილად დაჭრილ მასაში ურევენ მცირე რაოდეონობით ხორბლის ფქვილს, ყრიან მდუღარე წყლიან ქვაბში, სადაც წინასწარ მოთავსებულია დაქუცმაცებული ტყემლის ტყლაპი ან შეკმაზული ტყემალი. მასას ხარშვის დროს სისტემატურად ურევენ. ბოლოს დაუმატებენ გემოვნების მიხედვით დანაყილ ნიორს, მარილს და მცირეხანს კიდევ ადუღებენ. დაჭრილა ყუათიანი, სასიამოვნო საჭმელია.
მეკენძალა – (ჩვენ მეკენწალას ვეძახით) ბევრი გვხვდება განსაკუთრებით თამარის ღელეში. ვიყენებთ მის თოთო ყლორტებს, ადრე გაზაფხულზე მიწიდან ამოსულს, 80 სანტიმეტრამდე სიმაღლის იზრდება და თეთრ ყვავილებს იკეთებს. მას ხარშავენ და ძალიან კარგია ნიგვზით, მწვანილითა და ძმრით შეკმაზული, ეკალას მსგავსად. მეკენწალა სოფლის ახლო ტყეებშიც გვხვდება.
  
        დილხამი – ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით 1 მეტრამდე იზრდება, აქვს რბილი ფოთლები და მოიისფრო ყვავილები. მას ხარშავენ და ცხიმში მოშუშულს პურში ურთავენ. ძალიან გემრიელი გამოდის...
         კატაბალახა – სამკურნალო მცენარეა, ბუჩქნარებში იზრდება, მას ფესვებს ზაფხულში აგროვებენ, ახმობენ და ნაყენს იყენებენ გარკვეული დოზებით...
ვარსკვლავა ანუ ჩვენებურად მთისეგირი – მთის ბალახია, ბევრი მოდის სათიბებში, მის ყვავილებს ახმობენ და ჩაიდ იყენებენ...
*
    ხიხათაზე მრავალი გზა და ბილიკი გაივლის, რომლებიც ამ მთასთან და ერთმანეთთან აკავშირებენ რაჭა-იმერეთის სხვადასხვა სოფელს.
ამჯერად ხიხათაზე მოხვიდან მიმავალ გზა წარმომიდგება თვალწინ, თუმცა ასეთი იყო მთასთან დაკავშირებული ყველა გზა აგვისტოში.  უნებურად ამოტივტივდებიან ხსოვნიდან ზაფხულის მზით სავსე დღეები – „თივობას“ ეძახდნენ ამ დროს. თივიანი ურმები გატკეცავდნენ ხიხამთიდან მომავალ გზას, რომლის ნაპირებზეც თივის ფიორები ეყარა სოფლიდან სათიბებამდე. რაღაც სიამოვნებას გგვრიდა მაშინ ამ გზაზე გავლა – მზეზე გაფიცხებული თივის სურნელი გელამუნებოდა. ხარის და კაცის მომქანცველია ეს დროო, იტყოდნენ ხოლმე, ამასთანავე თითქოს დიდ პატივშიც იყვნენ ხარი და კაცი, რადგან ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ. თუმცა რაღა პატივი? – დილით გათენებამდე  უნდა გამგზავრებულიყვნენ მთისკენ. ხარების ზარის ხმა და მეხრეების შეძახილები აღვიძებდა სოფელს, რამდენიმე ხარ-ურემი გამწკრივდებოდა გზაზე, მეხრეები წლობით გამომუშავებული ტემპით, მშვიდად, საუბრით აუყვებოდნენ აღმართს. გზადაგზა ისვენებდნენ – სოფელს რომ აცდებოდნენ, ჯერ იქ შეჩერდებოდნენ. მერე მდინარე ფასკნარაში გავლისას, თან წყლით ჭურჭლებს აავსებდნენ. შემდეგ ვრცელი წიფლნარები იშლებოდა მთამდე. აქაც ზუსტად იყო განსაზღვრული დასასვენებელი ადგილები – პირველი სასვენებელა, მეორე სასვენებელა, შემდეგ მთის ძირი, ბოლოს აივლიდნენ  აღმართს, რომელსაც ხორხებს ვეძახით და სათიბებს მიადგებოდნენ. მაღლა მთაზე რომ აივაკებდნენ, იმ ადგილს სასადილო ერქვა. აქ გაიშლებოდნენ და ყველა თავის სათიბისკენ გასწევდა...
          ვისაც ბევრი საქონელი ჰყავდა, ის დიდხანს რჩებოდა მთაში – ორი-სამი კვირა, ზოგჯერ მთელი თვე. რამდენიმე კაცი შეიკრიბებოდა და კარავს აგებდა. კარავი ჩვეულებრივ არყის ტოტებისგან კონუსურად იყო შეხურული, რომელსაც მაღლა და გვერდებზე თივას დააფენდნენ სქლად. უმეტესად სამი ან ხუთი კაცი მოთავსდებოდა ასეთ სახელდახელო ნაგებობაში. დაბლაც თივას იგებდნენ და მასზე იძინებდნენ. კარვის წინ საღამოობით ცეცხლი ენთო, უმეტესად საჭმლის გასთბობად. თიბვას ხან ცალ-ცაკე იწყებდნენ, ხან რამდენიმე ერთმანეთს მოეხმარებოდა და ასე გათიბავდნენ ყველას სათიბს. დროდადრო ცელის ლესვის ხმა ისმოდა, დღეში ერთხელ ან ორჯერ მის გასაკვერად ჩამოსხებოდნენ. ნათქვამია, ცელის კვერვა მოცდენა არააო, რადგან გამოკვერილი ცელი უფრო კარგად ჭრის და მეტს თიბავს. თივის ღვარეულები გადაეფინებოდა გრძლად გორებსა თუ ფერდობებზე. ნათიბის გაშრობას სამი დღიდან ერთ კვირამდე სჭირდებოდა, ეს იმაზე იყო დამოკიდებული, როგორი ამინდი იქნებოდა. მერე დაიწყებოდა შეგროვება. ამ საქმეში ზოგჯერ ქალებიც მონაწილეობდნენ. თივას ბულულებად ან ზვინებად დგამდნენ. ზვინი გრძელ სარზე დადგმული და უფრო კარგად დატკეპნილი იყო, ბულული უსაროდ დადგმულია, შედარებით პატარა. ზვინს იმ შემთხვევაში დგამდნენ, თუ იცოდნენ, რომ წამოღება დაუგვიანდებოდათ. ის უფრო საიმედო იყო, წვიმის დროს თივა არ გაფუჭდებოდა.
            თივას ურემზე ძალიან მჭიდროდ და ლამაზად უდებდნენ, კავებითა და ჭაპნით კრავდნენ და კარგად გამოკუთხავდნენ, წინ ცოტა ვიწრო, უკან ფართო, გრძელი შეკვრა გამოდიოდა. სათივე ურემს ზუსტად განსაზღვრული რაოდენობის კავი აქვს და ჭაპანიც იმის მიხედვითაა ამოხვეული. ჯერ ჭაპანის ერთ ბოლოში დამაგრებული იღა უნდა გამოეყენებინათ, - იმით ბოლოდან წინ გადაეჭიმათ და მერე გვერდებზე ამოეხვიათ. ვინც ლამაზად უდებდა ურემს, თავს იწონებდა, ცუდად დადებული ურმის პატრონებს დასცინოდნენ. ამასთანავე, კარგად დადებული თივა ურმის გადაბრუნებისას არ იშლებოდა.
*
      ბავშვობიდან დაწყებული თითქმის ყველა ზაფხულს ვიყავი ხიხამთაზე. ან ვთიბავდი, ან მოთიბულს ვაგროვებდი და ზვინებად და ბულულებად ვდგამდი. მთის გრძნობა – ცალკე საოცარ განცდად წამომიდგება, რომელიც ყველაფერზე ამაღლებულია და მუდამ შთამბეჭდავ მოვლენად შემოდის ჩემს ყოფაში. თითქოს სოფლისგან განსხვავებით აქ უფრო მკვეთრი შეგრძნებები იყო, უფრო შემართული, საქმიანი და თავდაჯერებული ვიყავი. თიბვისას უამრავი ფიქრი მახლდა, თან ბარისკენ ვიყურებოდი – ჩემი სათიბიდან მთელი ზემო იმერეთი ჩანს. ცელის გამოკვერის, დასვენების ან სადილობის დროს დიდი ბუჩქის ჩრდილში ვიჯექი ან წამოვწვებოდი. ღამე კი მეზობლებთან გადავდიოდი კარავში, იქ კოცონს ან კარავშივე მოთავსებულ ღუმელს დავანთებდით, ვივახშმებდით, ცოტას წავიქეიფებდით კიდეც და ძილს მივცემდით თავს. გვიან მეძინებოდა, მანამდე მთის ღამეული ფიქრებით ვიყავი მოცული.
ჩემი სათიბი თითქმის საკუთარ ეზოდ წარმომიდგენია, სადაც ფიქრებითაც ხშირად ვარ – მასთან გატარებულ საათებს, მის ყვავილებსა და სიჩუმეს მუდამ ვეფერები. შეიძლება ზამთრის ღამითაც მომაგონდეს ის, როგორც წმინდა, სათუთი და მშობლიური ადგილი. ოცნებით მოვავლებ მზერას დაბინდულ, თოვლიან გორაკებს, მინდა იქაურ კარავს ვიყო შეფარებული და გარედან კი დიდთოვლიანი ზამთარი მათბობდეს... მერე შევალ ინტერნეტში, დავატრიალებ გუგლის დედამიწას, ჯერ ჩემს სოფელსა და სახლ-კარს დავხედავ მოხვაში, მერე ჩრდილოეთისკენ ავყვები ვრცელ წიფლნარებს, ავალ ხიხამთაზე და დავყურებ ციდან მზიან დღეს გადაღებულ, დიდი თოვლით დაფარულ ჩემს სათიბს, იქ მდგარ ოთხ არყის ბუჩქს ვათვალიერებ, მარტო წვეროები რომ მოუჩანთ თოვლში... ყველაზე დიდ ბუჩქში წითელი მოცხარი იცის, მინდორზე კი მიწის მოცვი მოდის ბლომად, კატაბალახაც მოიძებნება და ვარსკვლავა ანუ ჩვენებურად თისეგირი ხომ უამრავია. ზოგჯერ მისი ყვავილების ჩაისაც ვაყენებ. იმით თითქოს მთის უცნაურ გემოსაც ვეხები ზამთრის საღამოებში...



  საჩხერის რაიონის სოფელ მოხვის გადასახლების მცდელობის ისტორიისათვის
 
         სოფელი მოხვა უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული. მის ისტორიულ წარსულზე მიანიშნებს სოფელში და მის ახლოს შემორჩენილი ძველი ძეგლების ნაშთები, კერძოდ, სოფლის სამხრეთით მდებარე ქედზე სამების სალოცავის, სოფლის თავში ჯვრის ტაძრის და ბზანარის (ხეთის) ეკლესიის ნანგრევები. ყველა ეს სალოცავი დაარსებულია X საუკუნემდე.
მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ჯრუჭულის ხეობაში წარმოებულ ბრძოლებში, რომლებიც მიმდინარეობდა რაჭის ერისთავ როსტომსა და თავად წერეთლებს შორის, აქაური სოფლები ნასოფლარებად იქცა. ნასოფლარებად ქცეული მოხვა და ხეთა წერეთელ პაპუნას, ზურაბსა და ბერს ჯრუჭის მონასტრისათვის შეუწირავთ. სწორედ ჯრუჭის მონასტრის ძალისხმევით მოხდა შემდეგ მოხვის აღორძინება. მონასტერი იქ ასახლებდა თავის კუთვნილ გლეხებს.
         XIX საუკუნის ბოლოს მოხვაში 678 ადამიანი ცხოვრობდა, დღევანდელზე ბევრად მეტი (თუმცა ამ რიცხვში უზუნთის, ცხომარეთისა და ყვიჩორის მოსახლეობაც უნდა ვიგულისხმოთ). შედარებისათვის, სარეკში ამ დროს 1002 ადამიანი ცხოვრობდა, ბაჯითში - 640, საჩხერეში - 1595, მათ შორის 447 ქართველი, 872 ებრაელი და 276 სომეხი (Кавказский календарь на 1899 годь, Тбилиси, 1898 г.).
         საბჭოთა ხელისუფლება თვითნებურად ასახლებდა მთიან და მიუდგომელ სოფლებს ბარში. ამის მრავალი მაგალითი არსებობს. წინააღმდეგობის გაწევა წარმოუდგენელი იყო, რადგან ხალხის წინაშე უდიდესი სადამსჯელო აპარატი აღიმართებოდა. 1952 წელს მოხვის გადასახლებაც მოინდომეს. თავიდან ყოფილა დაპირება, თითქოს სოფელს სამგორში ჩაასახლებდნენ, მაგრამ ეს ტყუილი აღმოჩნდა. იქაც ბევრს არ უნდოდა წასვლა. ერთ დღეს სოფელში შემოვიდა რამდენიმე გადაცმული მილიციელი, რომლებსაც ხალხის წინააღმდეგობის შემთხვევაში უნდა ემოქმედათ. ამასთანავე შეკრიბეს მთელი საჩხერის რაიონის სოფლების ხარ-ურემი და თავიანთი მეხრეებით მოხვისაკენ წამოიყვანეს. მოდიოდა ერთი სატვირთო მანქანაც. ამ უჩვეულო მსვლელობას წინ საჩხერის რაიკომის მდივანი მოუძღოდა. აპირებდნენ, ერთ დღეში აეყარათ მთელი სოფელი, მათი ბარგი და რამდენიმე დღის საკვები ურმებზე დაედოთ, საჩხერეში ჩაეყვანათ და ვაგონებით აფხაზეთში, კერძოდ, ოჩამჩირეში, გაემგზავრებინათ.
სოფელმა გაიგო ამ განზრახვის შესახებ და კლუბის ახლოს შეკრება დაიწყო. ყველა ერთსულოვნად წინააღმდეგი იყო მშობლიური ადგილების დატოვების. გამოჩნდნენ უფრო აქტიურები და რაიონიდან მოვლინებულ ხელმძღვანელებსა და მილიციელებს შეუტიეს. მოსულები კლუბში ჩაიკეტნენ. ხალხი გმობდა ხელისუფლების უსამართლო მოქმედებას. მოხველი კომუნისტები შუაში ჩადგნენ და მოსულებს თანასოფლელებისგან იცავდნენ. მილიციელები კანტი-კუნტად გაიპარნენ, მათ უშიშროებისა და მილიციის ხელმძღვანელებიც მიჰყვნენ. მოსახლეობის ერთი ნაწილი წამოვიდა, ჯერ სოფლის შესასვლელში უზარმაზარი ქვებით გზა გადაკეტეს, მერე დაბლა დაიძრნენ და მდინარე მოხურის პირას, ჭალაში, აღმართ „საქანელის“ დასაწყისში ქვების უზარმაზარი ბარიკადი აღმართეს, იქვე რაიკომის მდივნსა და ხარ-ურმებს დაუხვდნენ. მომსვლელების მიმართულებით ქვების სეტყვა წავიდა, მოხველები მანქანას ეცნენ და გადაატრიალეს. ქვემო სოფლელების შეშინებული მეხრეები თავიანთ ხარებიანად უფროსების წინააღმდეგობის მიუხედავად შებრუნდნენ და უკან გაიქცნენ. თვით სოფელში კანტორას, სადაც მოსული ხელმძღვანელები იყვნენ თავშეფარებული, აღარც ფანჯარა შერჩენია და არც კარები. ხალხი დიდხანს არ იშლებოდა, მღელვარება რამდენიმე დღეს გაგრძელდა, ამ ხნის განმავლობაში სამიოდე გადაცმულმა მილიციელმა ისევ სცადა სოფელში შეპარვა და სიტუაციის გაგება, მაგრამ იცნეს და ყველას კუდით ქვა ასროლინეს.

     რადგან აღარავინ აწუხებდა სოფელს, ნელ-ნელა ხალხი ჩაწყნარდა. მთავრობა შეურიგდა ამ უგვანო ძალადობაში დამარცხებას, თუმცა მოგვიანებით, წინააღმდეგობის აქტივისტები დაპატიმრეს. ესენი იყვნენ: ალიოშა სულთანიშვილი, ალიოშა პეტრიაშვილი, ბესო პეტრიაშვილი, თოთიკა პეტრიაშვილი, მიშა ყაველაშვილი... ქალები: ელენკო კუჭაშვილი, შურა სამხარაძე, თამარ მერმანიშვილი, პოლინე ჩუმაშვილი, ალვასი კუჭაშვილი. ყველა ღირსეულად შეხვდა ამ ამბავს, არავის არავინ დაუბეზღებია, არ უწუწუნია. ბოლოს ქალები გამოუშვეს, კაცებს პოლიტიკური მუხლით მისცეს 5-5 წლის პატიმრობა. ყველამ ერთნაირად გაინაწილა სასჯელი. ისხდნენ ციხეში მხოლოდ 3-3 თვე. მერე გარდაიცვალა სტალინი, 1953 წლის მარტში გამოიცა ამნისტია და ჩვენი სოფლელებიც ყველანი გათავისუფლდნენ.

      სოფელში მაინც არსებობდა იმის განცდა, რომ მთავრობას შეიძლება ისევ მოენდომებინა მათი გადასახლება, ამიტომ აქაურმა გონიერმა ადამიანებმა, მათ შორის კოლმეურნეობის თავკაცებმა, სთხოვეს ერთ-ერთ განთლებულ კაცს სერაპიონ კუჭაშვილს, რომ წასულიყო თბილისში და აეხსნა რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის შემდეგი: ‒ გვაქვს ნაყოფიერი მიწები, ყანები, ვენახები, მეცხოველეობის ფერმა, საუკეთესო მოსავალი მოდის ჩვენთან და გადასახლებას ნუღარ დაგვიპირებთო. მისთვის ჩვენივე თანასოფლელი გედევან გოგავა გაუყოლებიათ, რომელსაც თბილისში ძმა ჰყავდა და ღამე მასთან უნდა გაეთიათ. სერაპიონს კარგი განცხადება დაუწერია და მისულან პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, მერე კი მინისტრთა საბჭოში, სადაც ჩასახლების მინისტრს შეხვედრიან. მინისტრს მოწონებია სერაპიონის განცხადება და სამი დღის შემდეგ მოხვაში ჩამოსულა რესპუბლიკის მთავარ აგრონომთან და სოფლის მეურნეობის სხვა სპეციალისტებთან ერთად. დაუთვალიერებიათ ჩვენი მშრომელი ხალხის მშვენიერი საკოლმეურნეო ვენახები, ყანები, ფერმები და აღფრთოვანებული დარჩენილან. სტუმრებს მოხველები კოლმეურნეობის ახალგაზრდა თავმჯდომარის თოთიკა ჩიღვინაძის თაოსნობით თბილად დახვედრიან, კარგი სუფრა გაუშლიათ და პატივისცემით გაუსტუმრებიათ. ამ დელეგაციას სათანადო განმარტება მიუცია მთავრობისთვის. რის შემდეგაც სოფელს საბოლოოდ დაანებეს თავი...

          ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა არა მარტო იმდროინდელი საქართველოს, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის ისტორიაში. ხელისუფლება, რომელიც უპრობლემოდ ასახლებდა მთელ მხარეებს, ოლქებსა და ერებს, ერთი სოფლის წინააღმდეგობას მოერიდა.
მთელი რაიონის მოსახლეობა, საზოგადოება, განათლებული ადამიანები თანაუგრძნობდნენ მოხველებს და მათ თავდადებას დიდად აფასებდნენ. საჩხერის საშუალო სკოლების ქართული ენის მასწავლებლები პატრიოტული მოტივის ასახსნელად მოხველთა მაგალითს იშველიებდნენ. ცოტა შიში კი გასჩენიათ ზოგიერთებს მოხველების მიმართ, თუმცა ჩვენ უმიზეზოდ არავისთვის დაგვიშავებია რამე.
         ალბათ, იმ დროს გაჩნდა ეს ხალხური სტრიქონები:


„თუ ბიჭი ხარ გაუბედე,
მოხველებსა მოხვის ძვირი,
ისეთი დღე დაგაყენონ,
მოგანატრონ წყლის ნაპირი“...


       ანუ ისეთ დღეში ჩაგაგდებენ მოხველები, რომ წყალში გადავარდნას ინატრებო, ეს იგულისხმება აქ...
ახლა მთავარია, უფროსი თაობის მიერ შენარჩუნებული ფუძე კვლავ ვაღორძინოთ, ყველა მოხველმა და წარმოშობით ჩვენებურმა უნდა ვიფიქროთ, ვიზრუნოთ და ვიმოქმედოთ ჩვენი მშვენიერი სოფლისათვის... 



           დევის ტბა


          დევის ტბა კარსტული წარმონაქმნია რაჭის ქედის სამხრეთ კალთის ძირში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხვიდან 5 კილომეტრის დაშორებით. ზღვის დონიდან 1370 მეტრია. უჭირავს ორი კარსტული ძაბრი. ზედაპირის ფართობი 0,018 კვადრატული კილომეტრია, უდიდესი სიღრმე 10,7 მეტრი, მოცულობა 72 ათასი კუბური მეტრი. წყალი ტბიდან გადის მიწისქვეშა გზით და დაუზუსტებელი ცნობით გამოედინება ყვირილის ხეობაში საჩხერესა და ჭიათურას შორის. ზოგჯერ ტბიდან გადმოდის პატარა ღელე და მდინარე მოხურას უერთდება. ტბა საზრდოობს მთის ფერდობზე გამომდინარე წყაროებით. სულ არის ცხრა წყარომდე. ამბობენ, ერთ-ერთი უკვდავებისააო... ტბის ზედაპირი მაქიმალურ სიდიდეს აღწევს გაზაფხულზე, თოვლის დნობის დროს, ხოლო მშრალი ზაფხულის შუა პერიოდში მისი მოცულობა საგრძნობლად იკლებს. გადმოცემით ადრე ტბაში ძალიან დიდი ზომის კალმახები (თუ ორაგულები) ყოფილა.
          დევის ტბის ირგვლივ უკიდეგანოდ გადაშლილი წიფლნარებია, ხოლო ქედის ფერდობზე მშვენიერი ნაძვნარია. თურმე ადრე ამ ნაძვნარში კვარისთვის დადიოდნენ მოხველები, გაავსებდნენ მთის მზეზე გაფიცხებული ნაძვის ხმელი ძირკვებით გიდლებს და მოჰქონდათ შინ, კვარს ნავთის მაგიერ ცეცხლის მოსანთებად ან ჭრაქივით გასანათებლად ხმარობდნენ. ასეთი გამოთქმაც არის დარჩენილი: „კვარივით ეკიდება ცეცხლიო“ - ესე იგი, ძალიან კარგად იწვისო.
        დევის ტბის მაღლა, რაჭის ქედზე ტყეებს შორის მდებარე მინდორზე მეათე საუკუნიდან 1871 წლამდე ველტყევის ანუ სხვავის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი არსებობდა, რომლის ბერებს წირვა-ლოცვის გარდა სხვა განსაკუთრებული ფუნქციაც ჰქონდათ - ზამთარში რაჭიდან იმერეთში ან პირიქით მიმავალ მომგზავრებს უნდა დახმარებოდნენ. 
როცა მოხვაში იშვიათად, მაგრამ მაინც გვალვა დადგებოდა, წვიმის მოყვანის მიზნით სოფლის მცხოვრებთა ჯგუფი დევის ტბაზე მიდიოდა წყლის შესარხევად. ტბაში ქვას ჩააგდებდნენ, ანუ შეარხევდნენ და ღმერთს წვიმის მოსვლას სთხოვდნენ. მერე იქვე ანკარა წყაროსთან დასხდებოდნენ და ნადიმს გამართავდნენ. უკან წამოსულებს გზაში წვიმა წამოგვეწეოდა ხოლმეო, – ამბობდნენ მოხუცები. ამავე ტბაზე რაჭის ახლომდებარე სოფლებიდანაც გადმოდიოდნენ, წყალს აიღებდნენ, ეკლესიაში მღვდელს ალოცვინებდნენ მასზე და მერე წვიმის მოსაყვანად ყანებს მოაპკურებდნენ.
           რაჭის სოფელ ფუტიეთის მკვიდრის, ცნობილი მკვლევარის მამა ავთანდილ გიორგობიანის გადმოცემით, „გვალვის დროს რაჭის სოფელ ბარიდან სამი გვარის წარმომადგენლებს - ფოჩხიძეს, გიორგობიანს და გრძელიძეს სთხოვდა ხალხი ამ ტბის „განძრევას“, რათა წვიმა მოსულიყო. ამ „განძრევაში“ იგულისხმებოდა ლოცვის აკომპანიმენტით, ელიას სახელის ხსენებით, რიტუალური საფერხულო ცეკვა ტბაში. გადმოცემის თანახმად, ამის შემდეგ ყოველთვის ავდარდებოდა“. მისი მეორე ცნობა შეიძლება ტბის სახელწოდებასთან დავაკავშიროთ. იგი ფიქრობდა, რომ „ტბის სახელი უფრო თეოტოპონიმია... ვინაიდან თივის დევის დათრგუნვის რიტუალს სოფელ ფუტიეთში „თოდრეკილის ძლევა“ ეწოდებოდა და იქაც სართულებიანი ფერხულით სრულდებოდა ეს. ამ ტბაში ეს რიტუალი რაღაც სარწმუნოებრივ საწყისებთან არის დაკავშირებულიო“. ანუ თუ თივის დევის დათრგუნვის რიტუალი ტბაშიც ტარდებოდა, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სახელი ტბას ამ რიტუალის გამო დაერქვა.
             ამ ტბის სახელს უკავშირდება აგრეთვე მწერლისა და პროფესორის სოლომონ ტაბუცაძის გამოუქვეყნებელი ფოლკლორული ჩანაწერი, ბოლნისის რაიონის სოფელ რატევანში მოსმენილი ლეგენდა. ის ეხება წმინდა გიორგისა და დევის ბრძოლის ამბავს. წარმოშობით რაჭველი მოხუცი ქალბატონი ასე ყვებოდა თურმე მას: „წმინდა გიორგი რო მიწაზე დადიოდა, იმ დროს მუხურაში თურმე დევებს უცხოვრიაყე. სოფლის ღვდელს ეშინოდა თურმე ამდენი ბოროტი ძალა რო დაყიალობდა და წმინდა გიორგითვინ უთხოვია, რო წმინდა გიორგიო, დამიცავი ამ ბოროტებისგანაო. წმინდა გიორგის უთქვია, რომოო, რო მოგადგებიანო, უთხარიო, რო ეკლესიის კარების ჭვრიტიმალოში ნეკი შემოყოსო. მისულა თურმე ერთხელ ე ბოროტი და უძახის ღვდელს, კარები გამიღეო. შეშინებია ღვდელს და წმინდა გიორგის ნათქვამი გახსენებია და ნეკი შამოყავიო - უთქვია. შამოუყვია ნეკი და რო დოუნახია ე ბანჯგვლები, დოუწყია ყვირილი, წმინდა გიორგი მიშველეო!.. ამ დროს წმინდა გიორგი იქ არა ყოფილა, სანადიროთა ყოფილა წასული - ზღვის პირას ნადირობდა თურმე. იქაც გოუგონია ღვდელის ხმა და რო ოუღია დიდი ქვისხელა ქვა, გამოუსროლია და ისე გაბრაზებულს გამოუსროლია, რო გადააცილა თურმე ი სოფელსაც და რაჭაში სოფელ ფარახეთში დაცემულა. ახლაცა გდია ი ქვა ტაბუცაძეების უბანში, ღელეში, ქვისხელა ქვას უძახიანო. მე კი არ მინახია, მარა მამაჩემი ამბობდა, რო იქანა გდიაო, გორგინდის ვერძა წყალი როაო, იქანა ახლოს არიო.
           მისულა მერე წმინდა გიორგი და ი მღდელითვინ უთქვია, რო ჩემ ღონეს გათხოვემო და გადაჩეხე ეს უწმინდურიო, მარა შეშინებოდა ი ღვდელუკას და ისევე წმინდა გიორგის ამოუკრავს წუღი და გოდოუგდია ი დევი. საძახა ის დავარდნილა, ახლა იმას დევის ტბა ქვია, რაჭისა და იმერეთის საზღვარზე ყოფილა ეს ტბა და ახლაც დევის ტბა ქვიაო“.
მართლაც მშვენიერი ლეგენდაა, თუმცა აშკარაა, რომ ტბის სახელმა მისცა მას ასეთი დასასრული  და არა მის გამო დაერქვა ტბას სახელი.
     როგორც ითქვა, ტბის წყალი ერთ ადგილას, ნაპირისკენ მიწაში ჩადის. მოხვაში ასეთი ამბავია დარჩენილი: ერთი მოხველი კაცი ჭიათურის მაღაროში მუშაობდა და ყოველ შაბათ-კვირას შინ ბრუნდებოდა. გზად მომავალი, ჭიათურას გამომცდარი, კლდის ძირას გამომდინარე წყაროსთან ისვენებდა თურმე. დალევდა წყალს და ამბობდა, ამის გემო მოხვის წყაროების გემოს მაგონებს, ნამდვილად იქიდან მოდისო. ერთ დღეს წაუღია ერთი ურემი ნახერხი და იმ ადგილას ჩაუყრია, სადაც დევის ტბის წყალი მიწაში ჩადის. ერთი კვირის შემდეგ ეს ნახერხი ჭიათურის მახლობლად სწორედ მის მოწონებულ წყაროს გამოუტანია.
        მოხველებს დევის ტბა ყოველთვის  შესანიშნავ წარმონაქმნად მიაჩნდათ, არა მარტო „წყლის შესარხევად“ მიდიოდნენ იქ, არამედ  მისი სილამაზითაც  ტკბებოდნენ. განსაკუთრებით ახალგაზრდები იკრიბებოდნენ ხშირად და მიდიოდნენ უღრანში განმარტოებული მშვენიერი ტბის სანახავად, იქვე სუფრასაც გაშლიდნენ, იცურავებდნენ და სიყვარულით უცქერდნენ მის კამკამა წყალში არეკლილ მთების კალთებს...
           როდესაც  კოკისპირული წვიმა მოვიდოდა და მდინარე მოხვურა ძალიან ადიდდებოდა, სოფელში ამბობდნენ, დევის ტბამ ხომ არ გადმოხეთქა ნაპირიო. თუმცა კარგად იცოდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა, რადგან დევის ტბის ნაპირი კაშხალის ნაპირს არ ჰგავს, წყლის დონეზე მაღლა მდებარე ტყეები რამდენიმე კილომეტრზე გრძელდება.
           დევის ტბა საჩხერის მუნიციპალიტეტის ყველაზე ლამაზ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობად ითვლება, მას ადრეც ბევრი მნახველი ჰყავდა და ახლაც ინტერესით ნახულობენ...скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
შერმადინ (ბესო) მიქელთაძე - ნაწყვეტი რომანიდან ,,უდუმბარა" შერმადინ (ბესო) მიქელთაძე - ნაწყვეტი რომანიდან ,,უდუმბარა" ჟურნალი / სტატიები / პროზა / მომხმარებლები დავით შემოქმედელი - „გრაალის“ მისტერიის ისტორიულ-ქრისტიანული არსი დავით შემოქმედელი - „გრაალის“ მისტერიის ისტორიულ-ქრისტიანული არსი ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები ბაქარ ნადარაია - რელიგიური ფუნდამენტალიზმი ბაქარ ნადარაია - რელიგიური ფუნდამენტალიზმი ჟურნალი / სტატიები / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი - პეტრე იბერის ცხოვრება, მოღვაწეობა და მასთან დაკავშირებული სპეკულაციები გორვანელი - პეტრე იბერის ცხოვრება, მოღვაწეობა და მასთან დაკავშირებული სპეკულაციები ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები დავით კაკაურიძე - ტყიბული და მისი შემოგარენი დავით კაკაურიძე - ტყიბული და მისი შემოგარენი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ისტორია / ეთნოგრაფია / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge