გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარიამ ჩხეიძე - ძალაუფლების მიმზიდველობა და საფრთხეები უილიამ შექსპირის პიესების მიხედვით

           
          სტატია მოამზადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა - მარიამ ჩხეიძემ.

ძალაუფლება კომპლექსური ცნებაა, საზოგადოდ მივიჩნევთ, რომ ძალაუფლებაა დაამყარო კონტროლ სხვა ადამიანზე, სოციუმზე  და ა.შ. ძალაუფლების წყურვილს კი ძირითადად სოციალური დიფერენციაცია ან ადამიანის ეგო იწვევს,რომელიც ხშირად, სწორედ ამ დიფერენციაციითაა გამოწვეული. ადამიანი, კომპლექსური ქმნილებაა. მას უამრავი სურვილი აქვს და დიდ ღონეს ხმარობს ამ სურვილებისა და ოცნებების რეალობად ქცევაში. თუმცა, ხშირად ჩვენს ეგოს იმაზე მეტიც სურს, ვიდრე შეგვიძლია ან შესაძლებელია, რადგან ხშირად ადამიანები ვერ ვიტანთ, როდესაც ვიღაც გვაკონტროლებს და გვსურს ძალაუფლების აბსოლუტური სადავეები მოვიპოვოთ. კაცობრიობის გაჩენის დღიდან ადამიანი იბრძვის ძალაუფლებისათვის. ეს ჩვენს ბუნებაში ზის და რთულია ამის კონტროლი, თუმცა, ზოგიერთისათვის იმდენად მიმზიდველია ძალაუფლება, რომ იმასაც ვერ აცნობიერებენ,თუ რა საფრთხეები შეიძლება მოყვეს აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვების გზას. ეს ნათლად დაგვანახა უილიამ შექსპირმაც. დღევანდელ სტატიაში მსურს ძალაუფლების ცნება განვაზოგადო და მის მიმზიდველობასა და საფრთხეებზე ვისაუბრო.
უილიამ შექსპირმა გამოიყენა უამრავი მოტივი,თუ მოარული სიუჟეტი, მათ შორის, ანტიკური მოტივებიც და წამოგვიდგინა პერსონაჟები, რომლებიც იბრძვიან ძალაუფლებისათვის. ძალაუფლების წყურვილი ადამიანსაბრმავებს და შეიძლება ცივსისხლიან მკვლელადაც კი აქციოს. ამის ნათელი მაგალითები არიან რიჩარდ მესამე,( „რიჩარდ III) მეფე კლაუდიუსი, („ჰამლეტი“) მაკბეტი, („მაკბეტი“) კასიუსი („იულიუს კეისარი“) და სხვა. 
აღსანიშნავია, რომ მაკიაველიზმი რენესანსის ეპოქაში ერთ-ერთ მიღებულ პოლიტიკურ მოძღვრებად იქცა. თუმცა, შექსპირისათვის მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას, სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე,სწორედ ამიტომ მისი პროტაგონისტი პერსონაჟები საბოლოოდ გამარჯვებულები ყოველთვის არ რჩებიან. მაკიაველი წერდა,რომ ბრძოლის ორი მეთოდი არსებობს, კანონისა და ძალის გამოყენებით, პირველი ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, მეორე კი მხეცისვის. (უილიამ შექსპირი. ტრაგედიები. ტომი I. გვ-17) სწორედ ასეთ მხეცებად აქცევს ძალაუფლების წყურვილი ადამიანებს და სწორედ ასეთი მხეცები შექმნა შექსპირმაც.
თვალები სულის სარკეო, ნათქვამია, მაგრამ ხშირად ადამიანებს ფიზიკურადაც კი ეტყობათ ხოლმე თუ როგორი შინაგანი სამყარო აქვთ. ამ შემთხვევაში რიჩარდის ფიზიკურობა, ნამდვილად გამოხატავს მის შინაგან სამყაროს. თითქოს მისი სხეული ბოროტ სულს ვეღარ იტევს და ამ ბოროტებას გარეთ სურს გამოსვლა. რიჩარდს ისე დასტყობია ბოროტება, რომ უკვე ძაღლებიც აღარ უყეფენ და ამას თავადაც კი აღნიშნავს. რიჩარდი იმდენად დაბრმავებულია ძალაუფლების წყურვილით, რომ მზადაა გზიდან ყველა ჩამოიშოროს, მათ შორის მცირეწლოვანი ძმისთვილებიც კი. მზადაა მოიტყუოს, მზადაა გარდაცვლილებს პატივი არ მიაგოს, მზადაა საკუთარი ცეცხლი თავად დაანთოს ჯოჯოხეთში. და ამ ყველაფერს კარგად იაზრებს,თუმცა მისი მხეცური და ავი სრულყოფით ყოველთვის გარემომცველ რეალობაზე ბევრად უფრო ძლიერი ჩანს. ის ყოველთვის კლარენსებზეც და ჰესტინგებზეც ერთი ნაბიჯით წინაა და ეს მის აურას უფრო და უფრო ამძიმებს მკითხველისათვის. ძალაუფლების წყურვილი ადამიანს ყველასგან გადნგომილ უზურპატორს ამსგავსებს.
შექსპირის პიესებში, ყოველ ადამიანს გააჩნია ეგო და ეგო ამოძრავებს ძალაუფლების გზაზე, თუმცა, იმდენად ბრმავდებიან, რომ ამ ეგოს ხშირად იდი სჯობნის. მათი მხეცური საწყისები იღვიძებენ და მხოლოდ ინსტიქტებით მოქმედებენ. ძალაუფლების მოპოვების გზაზე თუ სისხლის გემო ერთხელ გაიგე, მერე ვერავინ შეგაჩერებს და ეს მოსდით ტრაგედიების პერსონაჟებსაც, მაგალითად, რიჩარდ მე-3ს , მაკბეტსა და ლედი მაკბეტს, მეფე კლაუდუსს და სხვა. კარლ გუსტავ იუნგი წერდა რომ იურობოროსი ინტეგრაციისა და ასიმილაციის სიმბოლოა. ის ჯერ ნთქავს საკუთარ თავს,ხოლო შემდეგ ანაყოფიერებს და ყოველთვის კონტადიქტორულობისაგან შედგება. (ტომი-14. გვ-513) რეალურად, თითოეული გმირი იურობოროსია, ისინი თავდაპირველად ანადგურებენ საკუთარ თავებს, ყველანაირ გზას იჭრიან სულის ცხონებისაკენ, საკუთარი ხელებით იმზადებენ ჯოჯხეთს და შემდეგ ანაყოფიერებენ საკუთარ თავებს იმით, რომ თავიანთ ბოროტ ზრახვებს ისრულებენ. თუმცა ეს ყოველთვის ხანმოკლეა. ძალაუფლება, როგოც უკვე ვახსენე, ძალიან მიმზიდველია,რადგან ხშირად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალაუფლება რომ გაგვაჩნდეს ბევრ რამეს შევცვლიდით. როგორ გამოიყენებ მოპოვებულ ძალაუფლებას ეს შენზეა დამოკიდებული. თუმცა ტრაგედიების პერსონაჟებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ამას მხოლოდ ქვეყანაზე ბატონობის ეგოცენტრული ჟინის დასაკმაყოფილებლად იყენებენ და არაფერი მეტი.  ის მიზნები, რომელთაც რიჩარდი, კლაუდიუსი, მაკბეტი, კასიუსი ისახევენ და არც ის საშუალებები, რასაც ამ მიზნის მისაღწევად იყენებენ არ არის გამართლებული. რიჩარდი კლავს, იტყუება, პირფერობს და ა.შ მიზნის მისაღწევად. იგი უკან არაფერზე არ იხევს,რა თქმა უნდა, ამგვარი დამოკიდებულება მარცხისთვისაა განწირული. ძალაუფლება იმდენად აბრმავებს რიჩარდს რომ საკუთარი დედის წყევლისაც კი აღარ ეშინია,არ ეშინია,რომ ის რაც დედოფალმა ანამ უთხრა, ის რაც მარგარიტამ უთხრა ყველაფერი ახდება, რადგან მას საკუთარი ეგოცენტრიზმი ამოძრავებს. ძალაუფლება იმდენად მომხიბვლელია, რომ მისმა მოპოვების სურვილმა შეიძლება თავი დაგაკარგვინოს და რეალობის აღქმა დაკარგო, ეს მოსდის ტრაგედიების უმეტეს პერსონაჟებსაც, რიჩარდი ვეღარ ძღება სისხლით და ვერც სურვილებს აკონტროლებს, პირიქით, თავად ხდება საკუთარი ეგოცენტრიზმის მსხვერპლი. თავს კარგავენ მაკბეტი და ლედი მაკბეტიც და ორივე გაგიჟებამდე მიჰყავს იმ სისხლს,რომელიც ხელებზე აცხიათ. სიძლიერე შხამივით ედება მათ ორგანიზმსს და ნელ-ნელა ყველაფერს ითრევს, აკარგვინებს რაციონალურად განსჯის უნარს. სწორედ ამგვარი საფრთხეები შეიძლება წარმოშვას ძალაუფლების სურვილმა. 
ადამიანები ხშირად განვიცდით პიროვნულ კრიზისებს, ეს შეიძლება არასრულფასოვნების კომპლექსითაც იყოს გამოწვეული. სწორედ ამგვარი კომპლექსების მქონე ადამიანებისათვის ძალაუფლება ყოველთვის ბევრად უფრო მიმზიდველია,რადგან პიროვვნული ეგოს დასაკმაყოფილებლად მხოლოდ და მხოლოდ სხვაზე ზეგავლენის მოპოვება ჰგონიათ ერთადერთი გამოსავალი. როდესაც ხედავ,რომ შენზე მეტი ძალაუფლება იმ ადამიანს აქვს, რომელიც, შენი აზრით, უფრო სუსტია ეს კრიზისი უფრო და უფრო იზრდება და გიჩენს საშინელ უსამართლობის შეგრძნებას. ჩემი აზრით, სწორედ ამგვარ კრიზისებს განიცდიდნენ რიჩარდიც და კასიუსიც, რიჩარდისთვის ედვარდი უბრალოდ სუსტი, ავადმყოფი მეფეა, რომელსაც არც დიდად ჭკუა მოეკითხება და არც დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს მისთვის, თუმცა მაინც საშინლად უკმაყოფილოა,რადგან ტახტზე ის ზის, მერე შეიძლება მისი ძმა დაჯდეს, მერე ძმის შვილები და თვითონ, ასეთი ძლიერი, გამჭრიახი ადამიანი გვერდით დარჩეს, სრულიად უფუნქციოდ, სწორედ ეს აღძრავს მასში იმ სურვილებს, რომ ჩამოიშოროს ყველა და გახდეს უპირობოდ, ერთპიროვნული მმართველი, ვისაც გვერდით მხოლოდ მხარდამჭერები ეყოლება. ძალაუფლების წყურვილით დაბრმავებული, ვერ ამჩნევს, თუ როგორ ეცლება ხელიდან, საკუთარი ამორალურობის გამო, მხარდამჭერები და როგორ რჩება მარტო. პირვნულ კრიზისს განიცდის კასიუსიც. ხალხისათვის კეისარი მხსნელია, მესიაა, იგი მათ უყვართ, პატივს სცემენ და მისი იმედი აქვთ. კასიუსი კი კეისრის სუსტ მხარეებსაც იცნობს. მასში იმდენად დიდი პიროვნული კრიზისი მიმდინარეობს,რომ კეისრის სისუსტედ იმასაც კი მიიჩნევს, რომ ერთხელ დახრჩობას გადაარჩინა. მისთვის მიუღებელია ამდენად სუსტი ადამიანის ქვეყნის სათავეში ყოფნა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის გარდაც, მას შურს მისი. საბოლოოდ, ყოველი ადამიანი, რომელიც ძალაუფლების მოპოვების გზაზე უამრავ ინტრიგას ხლათავს და უამრავ სისხლს დაღვრის, ამ ინტრიგების მსხვერპლი ხდება და ამ სისხლში იხრჩობა. სწორედ ესაა ძალაუფლების საფრთხე. ჩვენ არ ვიცით როდის მოგვაკითხავს სამართალი და მოგვთხოვს გასწორებას. რიჩარდისთვის სამართალი რიჩმონდის ხმალი აღმოჩნდა. კასიუსის პიროვნული კრიზისი და კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, რომ მან ამ კრიზისის გადასალახ უკიდურეს საშუალებას მიმართა და გადაწყვიტა თავი მოეკლა, თუმცა ის იმდენად სუსტია, რომ ამასაც კი ვერ აკეთებს საკუთარი ხელებით. 
როდესაც ძალაუფლება ძლიერ გწყურია, შეიძლება ნებისმიერ „ხავსს“ მოეჭიდო. სწორედ ამგვარი „ხავსი“ აღმოჩნდა მაკბეტისათვის კუდიანების სიტყვები. მას, ჩემი აზრით,თავიდანვე სურდა აბსოლუტური ძალაუფლება, სწორედ ამიტომ, კუდიანების სიტყვებმა იგი ძლიერ დააიმედა და დარწმუნდა, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინა, იგი მაინც მეფე იქნებოდა და რატომღა უნდა დალოდებოდა მეფის სიკვდილს როცა შეეძლო ეს თავისი ხელებით გააეკეთებინა. ლეიდი მეკბეტიც იმდენად დააბრმავა ძალაუფლების წყურვილმა და იმდენად მიმზიდველი გახდა მისთვის დედოფლის სტატუსი, რომ წამითაც არ დაფიქებულა, თუ რა საზღაური შეიძლებოდა მოეთხოვა ბედისწერას მისთვის. სუსტი ადამიანები ყვეაზე ხშირად ცდუნდებიან, სუსტი ადამიანი იყო კასიუსი და ასეთები აღმოჩნდნენ მაკბეტი და ლეიდი მაკბეტიც. მათთვის იმდენად სასურველი გახდა ეს ძალაუფლება, რომ ვერ განსაზღვრეს საკუთარი შესაძლებლობები, ან თუნდაც, ფსიქიკური მდგომარეობა. ლედი მაკბეტს ყოველთვის ჰგონია რომ ხელებზე სისხლი აქვს, მაკბეტი კი ყოველთვის მეფის აჩრდილს ხედავს. როგორც უკვე ვთქვი, სისხლის გემოს გასინჯვა ძალაუფლების გზაზე იმდენად გმატებს თავდააჯერებულობას, რომ მზად ხარ გზიდან ყველა ჩამოიშორო. მაკბეტი,რომელიც ძალიან კეთილსინდისირი ადამიანი იყო მეფის მკვლელობით ჭკუიდან იშლება, მას სულაც აღარ ანაღვლებს უდანაშაულო კარის კაცებისა და სხვათა სიკვდილი. თუმცა, საბოლოოდ, მაინც თავისი ეგოს მსხვერპლი ხდება რადგან, ღრმად სწრამს  კუდიანების სიტყვების, მას უნდა რომ ყველაფერი მართალი იყოს, არ სურს ძალაუფლების დაკარგვა და ვერ აცნობიერებს ისე ეპარება მოწნააღმდეგე. 
ძალაუფლება მიმზიდველია, თუმცა საფრთხეები ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ეს მიზიდულობა და ეს რიჩარდთან, კასიუსთან და მაკბეტთანაც ვნახეთ. კიდევ ერთი ტრაგედია, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ძალაუფლების წყურვილმა არის „ჰამლეტი“. მეფე კლაუდიუსი იმდენად დაბრმავებულია,რომ გვირგვინს იქით ვერაფერს ხედავს და კლავს ღვიძლ ძმას, ეს სიბრმავე იმდენხანს გრძელდება რომ არ ერიდება მოიყვანოს მისი ძმის ქვრივი ცოლად და გამართოს ლხინი და ზეიმი. არც ის ადარდებს, რომ მოკლას ძმის შვილი, რადგან დიდ საფრთხეს ჰხედავს მასში. თუმა ეს წყურვილი არა მარტო კლაუდიუსში, არამედ გერტრუდაშიც ჩანს, ის იმდენად მიჩვეულია დედოფლის სტატუსსა და  პრივილეგიებს, რომ მზადაა თვალი დახუჭოს საკუთარი შვილის მკვლელობის გეგმაზე. პიროვნული კრიზისი და შიდაპირვნული კონპლიქტი პიროვნბაში შეიძლება გარე ფაქტორებმაც გამოიწვიოს. კლაუდიუსთან ეს დადგმულმა სპექტაკლმა გამოიწვია. მასში იმდენად გააღვიძა სინდისი, რომ გაახსენდა ღმერთი, გაახსენდა ლოცვა, გაახსენდა რომ ის კაენის დაღს ვერასდროს მოიშორებს და ჯოჯოხეთის გენიაში დაიწვება. თუმცა, ის იმდენად ბრმაა, რომ ამ სინდისის ქენჯნასაც მხოლოდ და მხოლოდ წუთიერად განიცდის და კვლავ მზადაა ჰამლეტის მოსაკლავად. რეალურად საფრთხეებს ვერ აცნობიერებს და ვერც იმას, რომ ჰამლეტი მამამისისავით მიმდობი არაა და მას ასე მარტივად ვერ მოატყუებს. საბოლოოდ კლაუდიუსიც და გერტრუდაც ძალაუფლების წყურვილში იხრჩობიან. თუმცა, გერტრუდას პიროვნებაში, კასიუსის მსგავსად, კონფლიქტი იმდენად მწვავდება რომ თავს იკლავს. 
ძალაუფლება ადამიანებს ავიწყებს ახლობლებსაც და აბოროტებს მათ. ამის ნათელი მაგალითები არიან ლირის ქალიშვილები, რეგანი და გორნელია. მათ იმდენად მოსწონთ მამის განაწილებულ სამფლობელოში ცხოვრება, რომ სულაც აღარ ადარდებთ არც მამა და არც ღვიძლი და. ისინი იმდენად ირგებენ ძალაუფლებას და ამ როლს, რომ საბოლოოდ თავადაც ამ ძალაუფლბის მსხვერპლნი ხდებიან.
შექსპირი მაკბეტში გვთავაზობს შესანიშნავ სიტყვებს:“ absolute power corrupts absolutely”, რაც იმას ნიშნავს,რომ როდესაც ადამიანი იგრნობს, რომ მას გააჩნია სხვებზე ზეგავლენა, ეს სიამაყის გრძნობა იმდენად ვითარდება მასში, რომ მორალურად ანადგურებს მის შინაგან ბუნებას. აიძულებს მის დიონისურ საწყისს გაღვიძებას და იმდენად იზრდება მასში და ბოროტდება, რომ გზად ყველას და ყველაფერს შთანთქავს. სწორედ ამიტომაა ძალაუფლება ასეთი მიმზიდველი და მისი შედეგები ასეთი საშიში. 
გამოყენებული ლიტერატურა:
  1. შექსპირი.ტრაგედიები. ტომი I. მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა.საბჭოთა საქართველო. 1880.თბილისი.
  2. Carl Jung, Collected Works, Vol. 14 pg. 513
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
მარიამ ჩხეიძე - ქართული რომანტიზმი და ნიკოლოზ ბარათაშვილი მარიამ ჩხეიძე - ქართული რომანტიზმი და ნიკოლოზ ბარათაშვილი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები დათო კაკაურიძე - ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევი ივანე ჯავახიშვილის შესახებ დათო კაკაურიძე - ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევი ივანე ჯავახიშვილის შესახებ ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - აწსუ 85 გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - აწსუ 85 ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები დავით ანდრიაძე  -  მწერალი — ძალაუფლების ინვესტორი დავით ანდრიაძე - მწერალი — ძალაუფლების ინვესტორი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული ბადრი ფორჩხიძე - ნგრევის ამაოებისა და ამაოების ნგრევის  დიალექტიკა ბადრი ფორჩხიძე - ნგრევის ამაოებისა და ამაოების ნგრევის დიალექტიკა ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge