გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლიზა ებრალიძე - ის, რითაც ვცხოვრობთ


-გამარჯობა, ელეონორ. - მივესალმე ქალს, რომელსაც ნახევარი საათი შორიდან ჩასაფრებული ნადირივით ვუყურებდი. მას კი ხელები პატარა ჩანთაზე ჩამოელაგებინა მშვიდად და სკამზე იჯდა ჩაფიქრებული.-უკაცრავად? - მისი გაოცებული თვალები ისე მომაჩერდა, როგორც უცნობს.
-ვერ მიცანი?-გამომცდელად შევხედე და გაღიმება ვცადე.
-ჰოო, ნამდვილად შენ ყოფილხარ-მითხრა და სახეზე ერთდროულად სევდა, გაოცება და აღელვება კიდევ უფრო მეტად გამოეხატა.
-კი, მე ვარ, ტიმოთე.
არ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის, ან რატომ მივედი საერთოდ. ვუბრაზდებოდი ჩემს თავს და ვცდილობდი როგორმე აზრებისთვის თავი მომეყარა. ეს უხერხული სიჩუმე ნერვებს მიშლიდა, ჩემს მამაკაცურ ღირსებას ლახავდა. 
-როგორ ხარ?-ბოლოს ესღა ვკითხე.
-კარგად ვარ, გმადლობ, შენ როგორ ხარ? 
-ძალიან კარგად, ჩემი წიგნი დაიბეჭდა და მისი პრეზენტაცია მაქვს ხუთშაბათს-მომწონდა ამის თქმა და კმაყოფილების შეგრძნება მეუფლებოდა. ძალიან მინდოდა მასზე შთაბეჭდილება მომეხდინა.
-ჰო, თვალი მოვკარი ამ ამბავს ლიტერატურულ გაზეთში, მიხარია რომ შეძელი შენი ოცნების ასრულება.
-არ ვიცოდი ლიტერატურა ასე თუ გაინტერესებდა.
-არ მიკვირს, შენ არასდროს იცოდი რამე ჩემზე-გამიღიმა და ამ სიტყვებს წლების მანძილზე დაგროვილი შეფარული ბრაზიც ამოაყოლა.
-ასე ნუ იტყვი....
-მოკლედ, გილოცავ კიდევ ერთხელ.
-გმადლობ, დიდი შრომა ჩავდე ნამდვილად-ეს რატომ ვთქვი, ვუწყრებოდი ჩემს თავს ისევ, თვითკმაყოფილი იდიოტი ვეგონები. თუმცა ალბათ უკვე დიდი ხანია ეს ვგონივარ. 
-კრიტიკოსები კარგ შეფასებას აძლევენ, იმედია წარმატებული დებიუტი გექნება-მითხრა და ისე თბილად გამიღიმა, თითქოს მთელი ცხოვრება ამის თქმისთვის შესაფერის დროს ელოდებოდა და ემზადებოდა ამ ღიმილისთვის.
-იმედია, იმედია... წეღან მართლა ვერ მიცანი?
-შენ როგორ ფიქრობ?-ეშმაკურად ჩაეღიმა და თავი გვერძე მიატრიალა, თავის ფეხსაცმელს ისე დახედა, თითქოს პირველად მაშინ დაინახა.
-11 წელი ცოტა არ არის, ვიცვლებით, არაფერია გამაორიცხული.
-ისევ ისეთი ხარ-მითხრა და მორიდებულად შემავლო თვალი სახეზე- უფრო ადრე გიცანი ვიდრე მომესალმებოდი.
-შენ კი შეცვლილი ხარ - ვუთხარი და შევხედე, თითქოს მინდოდა გამეგო რა იყო მასში შეცვლილი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი.
-მართლა?- ისე მპასუხობდა ვერ მივხვდი ეს ირონია იყო თუ გულწრფელობა.
-კი, მართლა.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მის გასაფანტად მან საათს დახედა, წამოდგა და თქვა:
-ჩემი წასვლის დროა, სადაცაა ჩამობნელდება.
-გაგაცილებ-მინდოდა მეთქვა დარჩი-მეთქი, მაგრამ კიდევ კარგი გონებამ ენას დაასწო სხვა სიტყვის თქმა. იქნებ ელოდებიდნენ კიდეც გასასვლელში, ან სახლში, ან სადმე, არ ვიცი, იქნებ უბრალოდ ელოდებოდნენ... მინდოდა მეტი დრო გამეტარებინა მასთან, რადგან წარსულში მიძინებულმა ტიკივლმა და ისტორიამ ბურუსივით გამხვია მოგონებების სახვევში. არ მასვენებდა უპასუხო კითხვები, შეცდომები, მონატრება, ეს ამოუცნობი უცხოობა, თან სიახლოვის სურვილი, თავბრუ მეხვეოდა ჩემს წარსულთან ასეთი  მოულოდნელი შეხვედრით. რაც მეგონა კარგად გამოვკეტე ჩემში, ახლა შიგნით ეხეთქებოდა კედლებს გავეშებული მხეცივით, რადგან გასასვლელს ვერ პოულობდა.
-არ არის საჭირო, ნუ შეწუხდები-მიპასუხა სუსხიანად და მტკიცედ.
-გამიხარდა შენი ნახვა-დამშვიდობების უხერხული მომენტი დადგა, არ ვიცოდი გადამეკოცნა თუ ხელის ჩამორთმევას დავჯერებოდი, თუ ორივე ან არცერთი. ვიდექით ხის ქვეშ შემოდგომის თბილ საღამოს და თვალს ვარიდებდი. მერე არ ვიცი რატომ, მაგრამ ხელი გავუწოდე, იმავე წამს მოვმუჭე და ისევ ჯიბისკენ წავიღე, დავმალე დამნაშავესავით. მან გამიღიმა და ნაბიჯი გადადგა წასასვლელად. უცებ გაჩერდა, მოტრიალდა და მითხრა.
-ტიმოთე, წარმატებები ხუთშაბათს-ღმერთო, შემოდგომას გავდა...
-დიდი მადლობა, ელეონორ- მეც გავუღიმე და ხელი დავუქნიე დასამშვიდობებლად
წავიდა...
თვალი გავაყოლე. თვალი ველური და ცოდვილი.
ფიქრებმა გამიტაცა. თითქოს მატარებელში ვიჯექი, დიდი ფანჯრიდან გაზაფხული მოჩანდა, მაგრამ ბაქანიდან დაძრულ ორთქმავალს მოულოდნელი საფრთხისკენ მივყავდი, რომელიც ამ ლამაზი სანახაობის მიღმა იყო. ამოუცნობი გრძნობები გაჩნდა ჩემში-წუხილი და გულგრილობა. ეს ორი ერთად სიბნელე და სინათლე იყო, არც რიჟრაჟი, არც საღამო- კონტრასტული სიბნელე და სინათლე. 
მე ახლა ყველაფერი მქონდა ცხოვრებაში, წარმატებული კარიერა, სამსახური, საყვარელი საქმე, მეგობრები, პოზიცია, გავლენა, ბედნიერებაც მომესწრო და უბედურებაც, ოცნებებიც ავისრულე და ახალიც შევქმენი. მაგრამ საკუთარ თავს თურმე ისევ ვერ მივაგენი, ისევ წარსულის ფარდის იქით მიცხოვრია და როგორც კი ეს ფარდა შეირხა შეშინებული და სასოწარკვეთილი ისევ დასამალი ადგილის მოსაძებნად გავიქეცი.
ეს ქალი ჩემი წარსული ცხოვრების აჩრდილი იყო, მასთან შეხვედრამ გამახსენა ის სიმარტოვე და წარსული არასრულფასოვნება საკუთარი თავისა, რომელიც მანადგურებდა. ერთ დროს მისგან თავის დაღწევა მინდოდა, ახლა კი ლამის ავდგე და გავეკიდო გულუბრყვილო შეყვარებულივით. ვერ ვიტანდი ჩემს აუტანელ ყოფას, ახლა კი მინდა ამ ცხოვრებით დავბრუნდე იქ და შევცვალო ის რეალობა, მაგრამ რას შევცლიდი? წარმოდგენა არ მაქვს...
მე დიდი ხანია მეგობარი მჭირდება, ადამიანი ჩემს გვერდით, რომელთანაც ვისაუბრებ ყოველგვარი ნიღბის გარეშე, ისე როგორც მასთან იყო ეს წარსულში შესაძლებელი. ის მზად იყო უანგაროდ ეზრუნა ჩემზე, მე კი არ მინდოდა. ისიც კი ვუთხარი შენი სიყვარული არ მჭირდება-მეთქი, ისიც კი არ ვიცოდი ვუყვარდი კი საერთოდ? მაგრამ მაინც ვუთხარი. ყოველთვის ვაგრძნობინებდი, რომ ზედმეტი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ მისი ზრუნვა ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. მეორე წუთს კი ვუმტკიცებდი რომ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მაგრამ რატომ? რატომ? რატომ? რატომ ვიქცეოდი ასე დღემდე არ მესმის საკუთარი თავის, ან არ მინდა რომ გავიგო, პასუხი მე თვითონაც მაშინებს. ჩემი შეუმდგარი ცხოვრებისგან მისი დაცვა იყო ჩემი მიზანი, თუმცა მან დღემდე არ იცის რატომ ეწოდა ჩემგან „უარყოფილი“. რატომ ვეუბნებოდი, „რა გინდა ელეონორ? რა გინდა? რა გინდა?!!!! თავი დამანებე!“ მას ჩემი გადარჩენა უნდოდა, მაგრამ მე არ მინდოდა გადავრჩენილიყავი, ამიტომ მისი ყველა ქმედება ზედმეტი იყო ჩემთვის. ვძულვარ ალბათ და სამართლიანიც იქნება მისი სიძულვილი. 
სიგრილემ და საკუთარი თავის სიძულვილის შეგრძნებამ გამომაფხიზლა... კიდევ უფრო ჩამობნელებულიყო ირგვლივ. ხელები ქურთუკის ჯიბეში ჩავიყავი, სკამს მივეყრდენი და ფიქრების გასაფანტად თავი გავაქნიე. სიგარეტის მოწევა მომინდა, მაგრამ გამახსენდა რომ არასოდეს მომიწევია. 
-მეგობარო, იკეტება პანთეონი-მომესმა დარაჯის ხმა ახლოდან.
-მივდივარ, მივდივარ-ვუპასუხე ცივად. მზად ვიყავი ამ დარაჯისთვის მომეთხოვა ყველაფერზე პასუხი, თუმცა მას რას ვერჩოდი, თავის საქმეს ასრულებდა.
-ცოლი თუ გყავთ?-ვკითხე
-არა, გაზაფხულზე ვაპირებ შერთვას.
-გიყვართ?
-ეგ რა კითხვაა? მიყვარს აბა ისე ხომ არ მოვიყვან?! თქვენ?-მკითხა ჩემი კითხვით ოდნავ გათამამებულმა.
-მეც მიყვარდა, როცა შევირთე. 
-აქ ყველას უყვარდა ალბათ... -სევდიანად მოავლო პანთონის ბინადართ თვალი.
-მეგობრობთ? -ვკითხე
-ვისთან, ამათთან?-ხელი სასაფლაოებისკენ გაიშვირა და გაოცებულმა შემომხედა, იფიქრა გიჟია, რას მეკითხებაო.
გამეღიმა,
-არა, თქვენს საცოლესთან.
-არა, მეგობართან ქორწინება როგორ შეიძლება?! 
-დაუმეგობრდით, წლები რომ გავა მხოლოდ მეგობრობა გადაგარჩენთ- ახლა მეორედ იფიქრა ალბათ, გიჟია, რას გადამეკიდაო. მე ავდექი და წასასვლელად მოვემზადე.
-კიბეზე ფრთხილად ჩადით გასვლისას, ხომ გახსოვთ?-მითხრა გამომშვიდობებისას.
ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, მერე უცებ გამახსენდა.
-აჰ, მახსოვს, მახსოვს...
როგოც ჩანს მიცნო... ამ კიბეზე ფეხი მოვიტეხე ერთხელ. 2 თვე სახლში ვიყავი გამოკეტილი. როგორც ჩანს არც მას რჩება შეუმჩნეველი ჩემი პანთეონში ხშირი სტუმრება.
წასვლისას კიდევ ერთხელ შევავლე თვალი საყვარელი მწერლის საფლავზე დატოვებულ ორ თაიგულს, ერთი ჩემი იყო წითელი მიხაკების, მეორე კი მისი-თეთრი მინდვრის ყვავილები. რას ვიფიქრები აქ თუ ვნახავდი ელეონორს. მაშინ რამდენჯერ მთხოვა ერთად ავიდეთო, მაგრამ ყოველთვის უარს ვეუბნებოდი, არ ვთვლიდი ღირსად რომ იქ ამოსულიყო ჩემთან ერთად, ალბათ მინდოდა ჩემი შეუმდგარი ცხოვრების გამო მასზე მეძია შური. დამემცირებინა, გამენადგურებინა და ამით სიამოვნება მიმეღო. მერე ესაც მომბეზრდა და სიძულვილში ჩავიძირე მთლიანად.
კიბის საფეხურზე რომ ჩამოვდგი ფეხი, დარაჯის სიტყვები გამახსენდა, გამეცინა. ფრთხილად ჩავიარე კიბე და დაღმართს ჩამოვუყევი ნელა. ხუთშაბათზე ვფიქრობდი, რამდენი დეტალი იყო მოსაწესრიგებელი, აუდიტორია დიდი იქნებოდა, ჩემთვის ყველა მნიშვნელოვანი ადამიანი მოვიდოდა, ჩემი სტუდენტები, მშობლები, მეგობრები, მწერლები, კრიტიკოსები, ყოფილი მეუღლე. როგორ მძულს კრიტიკოსები, კოშმარებში მესიზმრება როგორ წვავენ ჩემს წიგნს. ჯობია ახლა მათზე არ ვიფიქრო, ნიკოს დავუთმობ მათზე ნერვიულობას.
ჩემს ქუჩას რომ მივუახლოვდი მაშინ ვიგრძენი დაღლა, ფეხით ალბათ 5 კილომეტრი ვიარე. სახლში შესულს დაძინების მეტი არაფერი მინდოდა, ჩემი კატაც კი არ მინახავს ისე დავწექი დასაძინებლად. ახლა არავინ მჭირდებოდა. მეც მიკვირს ეს კატა როგორ შემიყვარდა, ალბათ უფრო მეცოდებოდა ვიდრე მიყვარდა. ვერ გავიმეტე ქუჩაში დასატოვებლად, მას კი ისე ვუყვარდი ადამიანებს არ უყვარდებათ ასე ერთმანეთი. 
ელეონორზე ფიქრში ჩამეძინა. ჩემი აზრები ძილს მიჰქონდა ხურჯინით. ვხედავდი მატარებლის ფანჯრიდან თავი ჰქონდა გამოყოფილი, იცინოდა და მის ხვეულ თმას აშრიალებდა ქარი. ის ბედნიერი იყო, მიღიმოდა და ხელს მიქნევდა... მე ვიდექი დაბლა, მატარებლისგან შორს. არც მივდიოდი, არც ვმოძრაობდი, თითქოს დამბლა მქონდა დაცემული. ელეონორი კი ბედნიერი იყო, რადგან ჩემგან შორს მიჰყავდა მატარებელს...
დღეები მალე გავიდა. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე დგებოდა, მე კი თითქოს მოუმზადებელი ვიყავიამ დღისთვის ემოციურად. არასდროს მეგონა, რომ რამე ღირებულს ვწერდი, მაგრამ ამ წიგნმა ყველაფერი შეცვალა. მისთვის ტყუილი არ მითქვამს, ბევრი ვიშრომე ამისთვის, საკუთარი თავი დავამარცხე და ეს გამოწვევა მივიღე. ახლა კი შედეგით ტკბობის დრო იყო. 
ხუთშაბათს ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. მოვემზადე და სარკიდან თითქოს სხვა ადამიანი მიყურებდა, ჩემს ტყავში ჩამძვრალიყო, თან მამშვიდებდა, თან მაფორიაქებდა. ვიცოდი თავს გავართმევდი ყველაფერს, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი, ეს ხომ ჩემი დებიუტი იყო. 
საგამოფენო დარბაზში ადრე მივედი, მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ ყველაფერი გეგმას მიჰყვებოდა. გარემო ლამაზად და გემოვნებიანად იყო მოწყობილი. არ შემცდარა ჩემი თანაშემწე ამ კომპანიის შერჩევაში. მათ ბევრი ლიტერატურული საღამო ჰქონდათ მოწყობილი. კედლები ჩემი წიგნის გარეკანის, სხვა წიგნების, ვინტაჟური სტილის და მკითხველების ფოტოებით იყო გაწყობილი. უცებ ჩემს ფოტოებსაც მოვკარი თვალი. ერთი მათგანის არსებობა მეც არ მახსოვდა, შავ-თეთრი ფოტო იყო, სევდიანი და იდუმალი. თავი ხელზე მქონდა ჩამოყრდნობილი და გვერდით ვიხედებოდი. არც მახსოვს როდის გადავიღე. ჩემს თანაშემწეს გადავუჩურჩულე: 
-ნიკო, სად იპოვე ეს ფოტო? -მან მხრები აიჩეჩა, მხარზე ხელი დამიტყაპუნა და მითხრა:
-ხომ მიცნობ მე ვინა ვარ? არარსებულს ვიპოვი.
-ჰო, შენ რას არ იპოვი-ვუთხარი ოდნავ გაოცებულმა. ნიკოს კი თვითკმაყოფილებით გაებადრა სახე.
დარბაზი შეივსო. სტუმრების ნაწილი კი ფეხზე იდგა. ახალგაზრდები წიგნში იყურებოდნენ, ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, ჩემკენ იხედებოდნენ და ელოდნენ მათი იქ ყოფნა შემემჩნია და რამით მენიშნებინა.
ყველა მოუთმენლად ელოდა ჩემს გამოსვლას, ან მე მეგონა რომ ასე იყო. თვალებით მას ვეძებდი, ხან ვის მივაშტერდებოდი ხან ვის. ვიცოდი არ მოვიდოდა, მაგრამ მე მაინცგამოუცნობი სიჯიუტით ვეძებდი. რატომ უნდა მოსულიყო იმ ადამიანის საღამოზე, რომელმაც ამდენი ტკივილი მიაყენა, რომელსაც არ სჭირდებოდა. რომელმაც სხვასთან ყოფნა არჩია. ალბათ ის სრულიად გულგრილია ჩემს მიმართ, წლები ყველაფერს ცვლის, ისიც შეცვლილი იყო. მას ახლა თავისი ცხოვრება აქვს... მეც, მაგრამ ელეონორმა საიდან იცოდა რომ ჩემი წიგნის პრეზენდაცია იქნებოდა, ე.ი. მაინც ეცნობოდა ჩემზე ამბებს, იქნებ გამოვასწორო ძველი შეცდომები? მაგრამ იქნებ შეცდომა არ დამიშვია და ჩემგან მისი გათავისუფლება 11 წლის წინ საუკეთესო გადაწყვეტილება იყო? ის ჩემთან უბედური იქნებოდა. არ ვიცი, ახლა ამას ვერ გავიგებ, არც აზრი აქვს ფიქრს, ამიტომ დროა საღამო დავიწყო!
ღრმად ჩავისუნთქე, გავიღიმე და ჩემი ადგილისკენ გავეშურე. დარბაზი ტაშით შემხვდა. ვყვებოდი ჩემი წიგნის შესახებ, ვკითხულობდი მონაკეთებს, ვხუმრობდი, დრო და დრო კარისკენ ვიხედებოდი, ვიცინოდი მსმენელთან ერთად. თუმცა სინამდვილეში ჩემი წიგნი დიდ ტვირთზე, უსაზღვრო სევდასა და ტკივილიან ცხოვრებაზე იყო, ჩემი წიგნი მასზეც იყო... 
დარბაზი არ ცხრებოდა, მთხოვდნენ კიდევ წამეკითხა მათთვის რამდენიმე მონაკვეთი, მეც სიმოვნებით გავაკეთე ეს:
„მანქანა გავაჩერე ქუჩის კუთხეში, ტელეფონი ავიღე და მესჯი მივწერე:
მე: ახლა გარეთ ვარ, შენს სახლთან.
ის:რატომ მოხვედი?
მე:10 წუთი დაგელოდები, თუ არ გამოხვალ, მერე წავალ.
ტელეფონი დუმს....
მე:6 წუთი გავიდა. 4 წუთში წავალ.
ის:გამოვალ.
მოვიდა, ჩაჯდა მანქანაში. ლამაზი, ფერადი შარვალი და ყვითლი ზედა ეცვა. თმა უკან ჰქონდა შეკრული, მსუბუქად. მე უკანა სავარძლიდან ფერადი ყვავილების თაიგული ავიღე და გავუწოდე. 
-დაბადების დღეს გილოცავ.
-რა ლამაზი ყვავილებია, დიდი მადლობა, რატომ შეწუხდი?-გულწრფელი სიხარული ეხატა სახეზე.
-არ შევწუხებულვარ, მეტს იმსახურებ... მეგონა აღარ გამოხვიდოდი.
-აბა აქ მოსულს უკან ხომ არ გაგიშვებდი?
-თუ მხოლოდ მაგის გამო გამოხვედი რომ თავი უხერხულად არ მეგრძნო, შეგიძლია გადახვიდე.
-არა, მაგის გამო არ გამოვსულვარ... ორი დღის წინ უკვე მეოთხედ დაგემშვიდობე...“
არ მინდოდა ამ დიალოგის ბოლომდე დასრულება, მკითხველი თვითონ წაიკითხავდა და მიხვდებოდა რატომ ჰქონდა მას შინ დარჩენის მიზეზი. რეალურად ეს ნაწილობრივ ჩემი ავტობიუგრაფიული წიგნი იყო, მკითხველისთვის კი უბრალოდ რომანი, რომელიც ვერ გაიგებდი კარგად მთავრდებოდა თუ ცუდად, სევდიანი სიმშვიდით თუ მტკივნეული იმედგაცრუებით. 
გადავფურცლე და სხვა მონაკვეთის კითხვა დავიწყე:
„ჩვენი დიალოგი ტანჯვას გავდა, ერთმანეთს ვაწამებდით, მერე ვცდილობდით ეს ტკივილი შეგვემსუბუქებინდა ჩვენივე სიტყვებით, მაგრამ ერთმანეთს ღია ჭრილობაზე შხმას ვაღვრიდით მალამოს ნაცვლად. მე მას ვუთარი, რომ სხვისი შეყვარებული მერქვა, რომ ეს ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდებოდა, მაგრამ ვგრძნობდი როგორ მანადგურებდა ჩემივე სიტყვების სიცარიელე. ის ლაპარაკობდა, ხან მშვიდად, ხან უკიდურესი სასოწარკვეთილებით, ხან მზად იყო ჩემს დასახრჩობად, ხან კი ვეცოდებოდი ჩემი პიროვნების ნანგრევებზე რომ მხედავდა და ასე მტოვებდა. 
მე:ვნანობ...
ის:რას ნანობ, იმას რომ ჩემთან ყოფნა აღარ გინდოდა თუ რომ გინდოდა და ვერ შეძელი?
მე:რომ მინდოდა და ვერ შევძელი.
ის:არა, შენ ვისთან ყოფნაც გინდოდა იმასთან ხარ.
მე:ცუდად ვარ...
ის:რატომ ხარ ცუდად?
მე:მინდა ახალი წელი მოგილოცო, მაგრამ რა უფლება მაქვს...უბრალოდ იქნებ მაპატიო როდესმე
     ვეღარ ვსუნთქვავ...
     ისე მიმძიმს შენი ტკივილი,
    მეც მტკივა ღმერთს გეფიცები...
    .......
მე:შენ ადამიანი იყავი ჩემს გვერდით...
დარბაზში სიჩუმე იყო. როგორ მინდოდა გამეგო რას ფიქრობდნენ ისინი, მერე გავიღიმე და მკითხველს მივმართე, ხომ არ იყო რომელიმე მათგანი ვისაც სურვილი ჰქონდა თვითონ წაეკითხა  მონაკვეთი ჩემი წიგნიდან. ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა გამოთქვა ამის სურვილი. მოვუხმე ჩვენს მაგიდასთან. მორიდბით დაჯდა:
-ერთი მონაკევთი მომეწონა ძალიან, თუ შეიძლება იმას წავიკითხავ.
-დიახ, დიახ, რომელიც გნებავთ-ვუპასუხე და მოსასმენად მოვემზადე დარბაზთან ერთად.
მან გადაშალა წიგნი და კითხვა დაიწყო:
მინდა ბევრი რამ გითხრა, თუმცა საიდან დავიწყო არ ვიცი, ამიტომ ჯობია ის ნაწილი წამოვწიო წინ, რაც შესაძლოა არასოდეს მითქვამს ან არასოდეს მიგრძნობებია, თუნდაც იმ ხანმოკლე დროის მონაკვეთში რაც ერთმანეთს ვიცნობთ.
ბოდიშს ვიხდი შენს წინაშე ჩადენილი ყოველი შეცდომისთვის, ვიცი ბოდიში არც შეცდომებს ასწორებს, არც ტკივილს ანელებს და არც გულს ამთელებს; რომ ერთხელ ჩადენილი შეცდომა სამუდამოა. თუმცა, ბოდიში იმის გამოხატულებაა, რომ რაღაცას მიხვდა ადამიანი და ნანობს, რომ შესაძლოა იმას აღარ გაიმეორებდა რაც ჩაიდინა.  ყველაფერი ძალიან რთულია ჩემთვის. არსებობენ უფრო მარტივად მოწყობილი, მხიარული, ჭკვიანი, კარგი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანების გაბედნიერება., როგორც ჩანს მე ასეთი არ ვარ. ჩემში არ არის ის ნაპერწკალი, რომელიც შეიძლება ცეცხლად გადაიქცეს და სხვას გაუნათოს თუნდაც გზის პატარა მონაკვეთი.  ზოგადად სხვა რომ გააბედნიერო, თავად უნდა იყო ბედნიერების მეცხრე ცაზე. სხვაგვარად ეს არა სხვისი, არამედ შენი ბედნიერების გზისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ბოდიში იმ ტკივილებისთვის, რაც ჩემგან მიიღე ამ ათ თვეში, ვიცი ბედნიერების ერთი ან ორი წელიც შესაძლოა არ იყოს საკმარისი მის გადასაწონად, დასავიწყებლად.   როცა თავიდან გწერდი, არ მიფიქრია არცერთი წამით, რომ ჩემში რამეს დაინახავდი, შეამჩნევდი, ჩემთან ურთიერთობა გენდომებოდა და მეც ჩემს სინამდვილეში ვიდექი  გაოცებული, შენით აღფრთოვანებული, იმ იმედით რომ შესაძლოა ჩემშიც არის რაღაც კარგი.
ყველას ერთხელ მაინც უგრძნობინებია, რომ ჩემი მეგობრობა არავის არაფერში სჭირდება. ჩვენ რომ მეგობრები ვიყოთ, შენც შეამჩნევდი მაგას მომავალში.  მე ვცხოვრობ, თითქოს ძვლებში ვარ დამტვრეული და არ მიხორცდება, რომ კიდევ ერთხელ წამოვდგე, გავიარო და ვიგრძნო ადამიანად შექმნის უდიდესი მადლი.
მაპატიე, რომ ჩემი ტლანქი ვნებები, ასახიჩრებს შენს უმანკო სულს და ხასიათს,  თუ შეძლებეცადე არ შემიძულო. ვიცი ვიმსახურებ, თუმცა არ მინდა შენ გძულდეს ვინმე.
მაპატიე, რომ შენს სიკარგეს, იმას რომ ღმერთმა შენთან ურთიერთობის შესაძლებლობა მომცა,ვერ ვიყენებ ისე, როგორც უნდა გამომეყენებინა. ვიცი ამისთვის დავისჯები. ვისჯები კიდეც და ჩემს შინაგან სიძულვილში უფრო მეტად ვიფარები.  მაპატიე ყველა ჩასუნთქვა, ყველა სიტყვა , ყველა საქციელი რითაც შეურაცხყოფილად იგრძენი ჩემგან თავი.
მე მინდა შენ ბედნიერი იყო, ჩემთან თუ ჩემს გარეშე.
გთხოვ, კიდევ უფრო მეტად აღმოაჩინო შენში ღმერთი და ნუ მისცემ უფლებას ჩემში გაბატონებულ სატანას დაგაშოროს უფალს, რომელიც შენთვის ყველაფერია და თუ არ არის ყველაფერი, უნდა იყოს, არამარტო შენთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის.“
კითხვა რომ დაასრულა, ხელი ჩამომართვა და თავის ადგილას დაბრუნდა. მე დავსევდიანდი, სულის უკიდურეს ბნელ ნაწილშიც კი ეს სევდა იყო ჩაღვრილი. ნეტავ იმ დღეს არ შევხვედროდი იქ შემთხვევით, ნეტავ საერთოდ არ შევხვედროდი. ნეტავ მისი ათჯერ მოწერილი დამშვიდობების წერილი პირველივე ჯერზე ბოლო ყოფილიყო. მიმძიმს, ღმერთო, როგორი მძიმეა ყველაფერი...
პუბლიკა ტაშს მიკრავდა, მე ვიღიმოდი და გული ამოვარდნას მქონდა. ღიმილი იყო ჩემი ერთადერთი თავდაცვის საშუალება. რამდენ რამეს ვმალავთ მის უკან, რამდენი რამისგან გვიცავს, როგორი მშვიდები ვართ გარეგნულად მისი საშუალებით. ტაშის ხმა მიწყდა ნელ ნელა. მე კი ეს ტაში არ მინდოდა, ტაში ჩემი ტკივილისთვის არ მინდოდა, თუმცა ამის გარეშე ეს წიგნი არ დაიწერებოდა. ჩემი ცხოვრების მწერალი ტკივილი იყო. ჩვენ ტკივილით ვარსებობთ...
საღამოს დასასრულს ავტოგრაფების დრო დადგა, მაგიდასთან ვიჯექი და ერთდროულად სიამაყეს, ტკივილს, სევდას და სიცარიელეს ვგრძნობდი. თუმცა ის ემოცია, რომელიც ამ ხალხის თვალებში ჩანდა, ყველაფერს ჯაბნიდა. წიგნებზე ავტოგრაფს ვტოვებდი მექანიკურად. ეს ხელმოწერა რამდენ ხანს დარჩებოდა მათთან, მახსენდებოდა ჩემი თავი მათ ასაკში და მიყვარდებოდა თითოეული მათგანი. 
მორიგ წიგნზეც დავტოვე ჩემი ავტოგრაფი. წიგნის აღებისას ხელმა მაგიდაზე ლამაზი კონვერტი დადო და ჩემკენ გამოაცურა სხვებისგან შეუმჩნევლად. წერილი გაუაზრებლად გადავდე გვერდით. წიგნების ნაკადი არ წყდებოდა და არც შემიმჩნევია ვისგან იყო. რამდენიმე წუთში გონებაში კადრები გამეორდა და  წერილის ავტორის ხელზე ნაცნობი ბეჭდის კადრზე გაჩერდა. ბეჭედი, ბეჭედი, საიდან მეცნობა? უცებ ელდა მეცა, და წინ გავიხედე. ის იყო, ეს მისი საყვარელი ბეჭედი იყო, რომელიც მეგობარმა აჩუქა და მოუხსნელად ატარებდა. ვეცადე მკითხველებს შორის გამეხედა. თავს აქეთ-იქით ვატრიალებდი ტყეში დაკარგული ნადირივით, რომელიც გასასვლელს ეძებს და როგორც იქნა ოთახის ბოლოში ნარინჯისფერ მოსასხამს მოვკარი თვალი, კარი ნელა მოიხურა და შუშის მიღმა დავინახე როგორ მოატრიალა ოდნავ თავი დარბაზისკენ, თუმცა მისი სილუეტი მალე გაქრა. 
ჩემს თავს ვუბრაზდებოდი, რა მემართებოდა, რატომ დავსუსტდი ასე, მოგონებებმა რატომ შემიპყრო და რატომ მატრიალებდა თავის ჭკუაზე? რატომ მინდოდა გავკიდებოდი? განა ავუხსნიდი რამეს? ან ახსნას აზრი ჰქონდა? ან შევძლებდი? ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას და ეს ყველაფერი ერთად  თავის დაუნდობელ მორევში ისე მითრევდა, ხელის განძრევაც კი არ შემეძლო. ვცადე ფიქრების გაფანტვა, ჩემს თავს ვთხოვდი - ოღონდ ახლა არა! დღეს არა. მერე, სახლში გააგრძელე შენი დრამები.
საღამო დასრულდა, ყველა კმაყოფილი იყო. მეც, მაგრამ კმაყოფილ-შეწუხებული და დაბნეული უფრო მეწოდებოდა. გარეთ გამოსვლისას ჩემს შავ-თეთრ ფოტოს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი, მაინც საიდან მოიტანა ეს ძველი სურათი? რა გაქექილი ვინმე ხარ, ნიკო...
როგორც იქნა მარტო დავრჩი. მანქანაში ჩავჯექი, წერილი წინ დავიდე, ხელები საჭეზე დავალაგე, ზედ ნიკაპით დავეყრდენი და ასე ვუყურებდი ცოტა ხანს მოულოდნელ კონვერტს, ჩემი ნახევრად მივიწყებული წარსულიდან მოსულს. 
წავედი... გზას ვუყურებდი და დრო და დრო თვალს ვაპარებდი წერილსკენ. წარმოდგენა არ მქონდა რა დამხვდებოდა შიგნით. ალბათ რამდენიმე დღის წინ ჩვენი შეხვედრის შემდეგ დაწერა. ელეონორ, ელეონორ... რა გინდა, რას მერჩი? რას შემეფეთე იმ დღეს პანთეონში... ჩვენი საყვარელი მწერლის, ოთარ ჭილაძის საფლავთან მჯდომი რომ დაგინახე, ჯერ მოჩვენება მეგონე, მერე ჩემგან მივიწყებული ანგელოზი. „ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, მარადიული ის არის მხოლოდ“-ჩვენც ეს შემთხვევა ვართ, როგორც ჩანს. შენ დამემშვიდობე ლექსით „გუბე და ღობე“, ეს შენი საყვარელი ლექსია, მახსოვს, როგორ არ მახსოვს. შენ მაშინ მითხარი რომ დიახ, „ჩვენ შორის ახლა ღმერთი წევს მკვდარი“... ღმერთი კი არა, მე მოვკვდი იმ დღეს.
როგორც იქნა სახლამდე მივაღწიე, სწრაფად გადმოვედი მანქანიდან და სახლში შევედი. 
ოთახში ნათურის ანთებამ სიბნელე გაფანტა და პირველი რაც თვალში მომხვდა  სავარძელი იყო. პალტო გავიხადე და მეც იმ სავარძელში ჩავჯექი. პერანგის საყელო შევიხსენი და კონვერტი გავხსენი. არ შევმცდარვარ, ბარათი მისგან იყო, იმ საღამოს შემდეგ დაწერილი, როცა ჩვენს შორის საბოლოოდ სიჩუმე ჩამოწვა. სამუდამო დუმილი... იმ დღის შემდეგ, როდესაც ის იჯდა ამ სავარძელში ბოლოს, 11 წლის წინ...
წლებისგან გაცრეცილი წერილი ფრთხილად გავხსენი, თავსა და ბოლოში ხელი მოვკიდე და კითხვა დავიწყე...
„ღამეული სიზმარი იყოს ნეტავ ჩემი დილა...
ჩამოვიშალე. გამანადგურმა ჩემმა სხეულმა. მინდა კედელთან დავდგე, შუბლი მივაყარდნო ცივ, უსიცოცხლო ფიტულს და ყველაფერს ზურგი შევაქციო გარშემო.
მცივა და მტკივა ყველა წარსული წამი, წუთი თუ საათი, დღე და კვირა უმისამართო, უსარგებლო და უსიყვარულო.
განწირულია ჩემი სული საჯოჯოხეთოდ. 
ყოველ ღამით ვითხოვ კიდევ ერთ დილას, რადგან უაღსარებოდ სიკვდილი არ მინდა.
ეს დასასრულია. დასასრულია. დასასრულია... 
მაგრამ რამდენი დასასრული შეიძლება არსებობდეს? ერთი? ექვსი თუ ათი?
მძულს საკუთარი სისუტე. მძულს და ვერ ვიტან ამ ბნელ კუნჭულს ჩემს სულში, სხეულში, გულში.
ახლა წვიმს, და მე ამ წვიმაში ვიკარგები, ისევ იმ ლამპიონის წინ ვდგავარ, სადაც დაგტოვე, მაგრამ სინათლე აღარ ჩანს. როგორ მჭირდები და როგორ არასდროს იყავი საკმარისი ჩემთვის. ვერ შემოვაღე შენი კარი. მხოლოდ დროებით ფანჯარას მიღებ, ისიც მოზომილად, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გჭირდება გარედან ჰაერი ხანდახან. მე კი დიდხანს ვიდექი შენს სახლთან და ველოდებოდი როდის შემომიშვებდი შიგნით საბოლოოდ, მომეხვეოდი და მეტყოდი, რომ ყველაფერი ვარ, რაც შენ გჭირდება. მეტყოდი - დარჩი. ვიგრძნობდი, როგორ გინდა ჩემთან ყოფნა,  როგორც ჭრილობას მალამო, როგორც ჩიტს საფრენად სივრცე, ტუსაღს ცის ხილვა, მეზღვაურს ხმელეთი და ქარიშხლებით დაღლილ გემს მშვიდი სანაპირო....
მე კი ვიდექი გარეთ და გიცდიდი... გიცდიდი, გიცდიდი, დიდხანს და დიდხანს  სუფთა ჰაერით სავსე ხელებით და ფილტვებით. შემდეგ ჩემი ჰაერიც დაბინძურდა, ხელები დამიმძიმდა და სხეულიც დამეღალა. 
შენ  არ გჭირდები, არა და არა. 
სევდიანია ჩემი სული ჩვენი სიმძიმითდა სიცარიელით. და მხოლოდ მე ვარ ამის მიზეზი. მინდა მოგიყვე და გითხრა, როგორ მსურს ამ ტვირთის ჩამოხსნა. მინდა მითხრა, რომ მარტო არ ვარ, მაგრამ ყოველთვის მარტო ვიყავი, შენთანაც და შენს გარეშეც. მინდა მითხრა, რომ შენც გსურს გამიზიარო შენი ტვირთი, შენი წუხილი. მაგრამ შენ ეს არ გჭირდება, მე არ გჭირდდები.
ყოველთვის იმაზე მეტი მჭირდებოდა ვიდრე შენ. ამიტომ ვერც კი ხვდებოდი ყოველჯერზე როგორ მიჯახუნებდი ცხვირწინ  კარს, ისედაც დაკეტილს, უფრო ხმამაღლა, უფრო ხმაურით და უფრო ძლიერად.
ასეთი ცივი, გრძელი და მძიმე არასდროს ყოფილა ღამე უცხო ოთახში. 
ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს ყველაფრი სხვანაირი გახდა, ვერც სხეულს ვგრძნობდი, ვერც სითბოს, ვერც შენ და ვერც სივრცეს.
იმ დღეს მე მხოლოდ შენი თვალები მჭირდებოდა, რომელც ისე გაქვს დახუჭული თითქოს გარშემო გამეფებული წყვდიადის გეშინია. გეშინია, რომ გაახელ და აქაც წყვდიადი დაგხვდება.
ახლა მე ვარ ეს წყვდიადი, მიწა და ქარი.
არა ვარ კარგად!
არა ვარ კარგად! 
არა ვარ კარგად!
ვყვირი, შორიდან გიქნევ ხელს და გეძახი, მაგრამ არ გესმის ჩემი ძახილი. 
გემშვიდობები, შენ კი ისე იქცევი თითქოს უკვე დიდი ხნის წინ დამემშვიდობე. დავიღალე, ახლა მე გტოვებ, არასდროს დაბრუნდე ჩემთან!!!“
წერილის ბოლოს მინაწერი იყო
„პ.ს. მიხარია, რომ იმ საღამოს გნახე პანთეონში. მიხარია რომ ასეთი გნახე... დიდხანს ვიფიქრე გადმომეცა თუ არა ეს წერილი შენთვის. იმედი მაქვს იპოვი პასუხს. პანთეონში შენი თვალები კითხვისნიშნებით იყო სავსე. შენ ალბათ ფიქრობ, რომ შენ მიმატოვე...მე კი ვფიქრობ, რომ მე მიგატოვე. ორივემ მივატოვეთ ერთმანეთი. დუმილიანი 11 წელი იყო ჩვენს შორის. შენ ახლა ის ხარ, ვინც ყოველთვის მინდოდა რომ საკუთარი თავისთვის ყოფილიყავი-სრული ადამიანი. ყოველთვის მჯეროდა ამ ადამიანის არსებობის. მაპატიე თუ ჩემი წერილი დაგასევდიანებს, მაგრამ ოდესმე უნდა წაგეკითხა. 
პ.ს.ს. სურათი შეგიძლია დაიტოვო, დარბაზში დავინახე როგორ უყურებდი, არ მიკვირს რომ ვერ გაიხსენე... დარბაზი ჩემია...
მშვიდობით!“
წერილი უხმოდ დავდე მაგიდაზე, ვიჯექი და ვუყურებდი სიტყვებს. ის მართალი იყო, ის ყოველთვის მართალი იყო... უნდა ვნახო, მაგრამ რატომ, ამ მეთერთმეტე დამშვიდობებას მეთორმეტე რომ მიემატოს? რა სულელი ვარ, არც კი ვკითხე ნიკოს კომპანიის შესახებ. იქნებ ასეც ჯობდა... სურათი მან გადამიღო, ახლა გამახსენდა. ფიქრების კორიანტელი მომკლავს და ჩამნამქრავს ალბათ.
ხეების შრიალის ხმა ისმოდა ფანჯრიდან...
ღამე, მშვიდი და სევდიანი  ქუჩაში იღვრებოდა და ლამპიონის შუქი ოდნავ ანათებდა ოთახს. მე კი შინაგან წყვდიადს ვებრძოდი ისევ.
მე  ისევ არ ვიცოდი რას ვგრძნობდი, ან რა მინდოდა რომ მეგრძნო. მე ისევ ჩემი შემდგარი ცხოვრების თამაშის ნამსხვრევებით მქონდა დასერილი სხეული და სისხლისგან ნელ-ნელა ვიცლებოდი.
ელეონორ, ნეტავ ვინ ხარ და სად ხარ... ვინ იყავი ჩემს ცხოვრებაში, აჩრდილი თუ ადამიანი? 

24.10.2020 წელი.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge