გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლუკა ბაქანიძე - მე ვეხებოდი, ჩუმად თქვა ხელმა

           აი, ეგ მკლავდა: ახლა ხოა ასე, შემოსასვლელთან, კართან მიგდებულ-აყუდებული, ბუზებდასეული, ფქვილის ორ ტომარაში გამოკრული, თან, ეს წარწერებიც ტომარაზე, რო ცხიმი ამდენი და ნახშირწყლები ამდენი, არადა, გვამია შიგნით. ძვლების და ხორცის გროვა, გაყინული თვალებით და დაკრეჭილი კბილებით და ეგ მკლავდა, - ტომარას რო ვუყურებდი და თან ისეთი რო მახსოვდა, - ოთხიოდე წლის წინ, პირველად რო გავიყვანე სახლიდან აცრების მერე, ღამე, და გარეთნახევარწრედ რო იჯდნენ უზარმაზარი ძაღლები, მაწანწალა ქუჩის ძაღლები და მე გული გამისკდა, ლამის უკან, სახლში შემოვვარდი და ეს რო ამეკრო ფეხზე, ზედ მომეწება, და თან იმათ უყურებდა, თან მე ამომხედავდა და საიდან მოვიდა უცებ ის ძალა და სიმშვიდე, არადა, ვაჟკაცი ტიპი არასდროს ვყოფილვარ დათურმე რა სხვანაირი ხდები ადამიანი, როცა ვიღაცა შენს იმედზეა, შენი სჯერა, შენ ეგულები მფარველად და ხო ავიყვანე და შევაჭერიკიდეც, შიგ შუა ძაღლებში გავიარეთ და ამას დრუნჩი მკლავიდან დაბლა ჩაეკიდა, აკანკალებდა შიშისაგან და მე ვეუბნებოდი: ნუ გეშინია! თურმე რა ძლიერი ხდები, როდესაც ამ სიტყვებს ამბობ. ხოდა, აი, ეგ მკლავდა, - ეს მაშინდელი ყველაფერი ახლა აგერ კართან რო იყო მიგდებული, ფქვილის ტომარაში გამოკრული.
   
          
     ორი საათი ხდება და უნდა მოვიდეს. როგორ მეზიზღება, ღმერთო. რო მივყვებოდი და მოდიოდა მშვიდად, მკაცრი და პირგამეხებული, გამხდარი, გამხდარი. ცარიელი თვალები. ჩემი ბრალი იყო და მაგიტომ მეზიზღებოდა. როგორ ველოდებოდი, ყელში მაწვებოდა ბოღმა და ველოდებოდი, რო ეყვირა. ეკივლა. სცენები მოეწყო, რო მეც ამომეშვა და მერე, ალბათ, გამერტყა კიდეც... ჩემი ბრალი იყო ყველაფერი და როგორ მინდოდა, ღმერთო, რო გამეხეთქა ცემაში. მაგრამ მთელი გზა მოდიოდა ეგრე, ჩუმად, ბეჭებში მოხრილი, უშნო და ამ თავის უმწეობიდან რამხელა ძალას ასხივებდა, ლამის ხელშესახებს, ისე, რომ ვერც ვეკარებოდი, ვერც ვუახლოვდებოდი და მთელი გზა - ხან წინ ვუსწრებდი, ხან უკან ჩამოვრჩებოდი და გზადშემხვედრ გოგოებს ვაყოლებდი თვალს, ამის ჯინაზე. კარებთან ამოვიღე სამი ოცლარიანი და ზედაც არ შეხედა. არც უთქვამს, შემომყევიო და არც შევყვებოდი ასი წელი, იმიტომ, რომ მეშინოდა. იმიტომ, რომ ტირილი მინდოდა. გარეთ, სკამთან ჩამოვჯექი და ველოდებოდი.
                                     
    ორი ხდება და უნდა მოვიდეს. სანამ ეს სუნს არ აუშვებს. ხო შემეძლო,  მიმეცა მეეზოვისთვის ფული, ჩაუშვებდა დილით ნაგვის მანქანაში და მორჩა, ან, ჩემებისთვის მეთქვა და გავიტანდით სადმე მანქანით ქალაქგარეთ. მე კიდევ ავვარდი გიჟივით იქა, მთაზე, სადაც ადრე მოსაწევი მეთესა და საიდანაც მთელი ქალაქი ძირს, ფეხქვეშ მოგიჩანს, რო გადახედავ. წერაქვი და ნიჩაბი აბა საიდან, - სალაშქრო წერაყინი მქონდა სახლში და იმით ვთხრიდი მდელი დღე. წვერი ხომ აქვს მაგას შიგნით შეღუნული და გამაწვალა მაგრად. მაინც გამოვთხარე რაღაც, ღრმა და გრძელი, სოროსავით. მთელი ხელისგულები გამესისხლა და დამიწყლულდა. სულ არ მიფიქრია, იქამდე როგორ უნდა ამეტანა.

     და ასე, ხალხში, შუა ქუჩაში, მხრებით მეჭირა, ვაჯანჟღარებდი და ვღრიალებდი: - შიგ ხომ არა გაქვს, გოგო! დატოვე, დაუტოვე ამათ,  ვინ გამოგატანა, ასე ვინ გამოგიშვა, მე ამათი, მე შენი! და მიყურებდა თვალები, მარტო თვალები იყო მთლიანად, არ მეწინააღმდეგებოდა. უცებ თქვა: - უნდა დავმარხო. - და ამიტყდა სიცილი.
              
    უნდა დავმარხო. ჯერ წამოვწიე და მივხვდი, ჩემსიმძიმე იყო თითქმის. ძლივს ავათრიე ორ საფეხურზე, ჩემს ოთახში შევახოხიალე და შუაში წამოვაყუდე ნაძვის ხესავით. ტომარამ იატაკზე სველი კვალი დატოვა, მკვდარი ძაღლის შარდის კვალი და ბუზებიც შემოჰყვნენ ჯგროდ. არადა, ერთი თვის წინ ფეხებს მითბუნებდა კარავში. იატაკზე დავჯექი, ტომარას მივეყუდე და სტვენა დავიწყე. ტყეში რომ ქრებოდა ხოლმე, ეგრე ვუხმობდი. მერე  წამოვდექი და ტომარას წიხლი ჩავაზილე. მერე კიდევ ჩავაზილე. არ მინდოდა, არ მჭირდებოდა ჯერ ეს ყველაფერი. ჯერ მეშინოდა. 

    - მძიმეა, ორნი ვერ მოვერევით, - ვუთხარი და ზურგჩანთაზე შევხედე. კინაღამ ვკითხე: - მანდ არის? მაგრამ მივხვდი, კიო, რო ეთქვა, ეგრევე გული ამერეოდა და ზურჩანთას თვალი ავარიდე. სად ინახავდა, სად მალავდა ნეტავ ორი დღე, ამ სიცხეში. - მძიმეა, ვერ მოვერევით. - გავიმეორე.ვითომ არც გაუგია, ხელებზე დამხედა და ორი წყვილი რეზინის ხელთათმანი გააძრო. თვითონ მოირგო და მეორე წყვილიც მე ჩავიცვი. რეზინმა მომიჭირა და უარესად ამწვა ხელები, მაგრამ ხმა არ ამომიღია. წამოვწიეთ და გარეთ, ქუჩაში დავდეთ, კარის წინ.  სუნი ასდიოდა უკვე. შარდის და კიდევ სხვა რაღაც მურტალი სუნი. ჩემი შესახვევი გავიარეთ, თითქმის სირბილით, წელში მოხრილებმა, დიდ ქუჩასთან ავედით და იქ ვეღარ გავძელი და ტომარა ხელიდან გამივარდა ტროტუარზე. ამას არა, ამ გაჩხინკულს, თან, იმ ყველაფრის მერე, იმ ექიმის მერე და მე გამივარდა. მე. ვიდექით ერთმანეთის პირისპირ, ხელები იდაყვებამდე მიფეთქავდა ტკივილისაგან, სახეში შევყურებდი, ხშირწარბიანს, მახინჯს, ბებერი დედაკაცივით მკაცრად და ყურადღებით რომ მომჩერებოდა, ლორწოიანივით მეზიზღებოდა და კბილებში ვცრიდი: - შე ახვარო. შე ახვარო.

      - ფქვილია? - ნეტავ, როდის წამოგვადგა მანქანით. ან, ეს მაინც ყოფილიყო. რა ფეხი აქვს. რა მკერდი. ჩემი სექსუალური ფანტაზიების მთავარი გმირი. ანდაც, რაღა მარტო ჩემი, მთელი ორმოცდამეშვიდე სკოლის. - ნწ. კარტოფილია, მას,  - უთხრა ამან. ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მერწყია. ოფლმა დამასხა. - იფ, როგორ მიყვარს, ტყემალში.. - გაგვიღიმა და შემოგვთავაზა: - მიგატანინებთ, თუ გინდათ, ბავშვებო, ჯერ არსად მეჩქარება. - იყოს, მას, აქვეა ახლო, ჩვენ თვითონ მივიტანთ, - ამოვღერღე და საჭის აქეთ-იქით ამოჩრილ შიშველ მუხლისთავებზე დავაშტერდი. ეს მაინც ყოფილიყო. ეს ჩემისა. - ო კეი, წავალ მაშინ, და იმედია, ხვალ გაკვეთილს არ გამიცდენთ, - თვალი ჩაგვიკრა და წავიდა.

     დიდ ქუჩაზე გადავედით, პატარა ქუჩას ავუყევით და მთის ძირში ისევ მე გამივარდა ხელიდან. ეს იდგა და მაგრად ჩაებღუჯა ტომრის კიდეები. დაისვენე, - ვუთხარი, ძალით გავაშვებინე და ხელები დარჩა მოკრუნჩხული. მერე მთას ავუყევით. მე წინიდან ვექაჩებოდი, ეს უკნიდან მოათრევდა. წამოწევის თავი არცერთს აღარ გვქონდა, მივხოხავდით და ტომარასაც ეგრე მივახოხიალებდით ეკალ-ბარდებში. ხანდახან ვეღარ ვძლებდი, კიდეები ხელიდან გამომისხლტებოდა და ჩაცურდებოდა ისევ ძირს, და ესეც თან მიჰყვებოდა, ერთხელ არ შეუშვია ხელი. ტკივილისაგან ჩუმად ვღმუოდი უკვე, ამას კიდევ ხმა არ ამოუღია მთელი გზა, მარტო ქშინავდა და კბილები ჰქონდა დაკრეჭილი მგელივით. ისეთი მახინჯი იყო, შეხედვის მეშინოდა და თვალს ვარიდებდი. ბოლოს, დაბალ კლდეზე ავფოფხდი, ზემოდან ტომარას მოვებღაუჭე, ეს ქვემოდან შემოუდგა, ავათრიეთ მდელოზე და ძირს დავეყარეთ აქოშინებულები. მკვდარი ძაღლის შარდში  ამოსვრილები.

       სადაა მიწა. ხო დავტოვე გორად დახვავებული. ერთს მივაწვებოდი და ამოივსებოდა წამში. ქარმა გაფანტა თუ თვითონ ჩამოიშალა. სადაა-მეთქი მიწა. ჩავუშვით ტომარა ფრთხილად და არ ჩაეტია; შიგნით ღრმა  იყო, მაგრამ ორმოს პირში ვერ ჩავტიეთ, ისე იყო გაშეშებული. რო ვტენიდი, შიგნიდან ტკაცუნებდა და რაღაც ხმებს გამოსცემდა ტომარა, თან, თბილი იყო, თითქოს გაცოცხლდაო, და ამას ვეკითხებოდი დებილი ბავშვივით, ხმის კანკალით: - მეთქი, იქნებ ხდება ეგრე, რო დაარტყამს მანქანა, ის ახვარი, ის ახვარი მანქანა და ეგრე ემართება - ვითომ კვდება, და სინამდვილეში მარტო ძალიან ცუდადაა და ჩვენ გვგონია მკვდარი, ჰა, როგორ ფიქრობ, ხო ხდება ეგრე? და ამან: - ხო და იქნებ ესეც ვითომაა მკვდარიო, - ბოროტად, გესლიანად მეუბნება და ამოიღო ზურჩანთიდან პატარა ყუთი და: - გავხსნათო, ეგეც გავხსნათ და ესეცო, შევამოწმოთო, და ზურჩანთიდან უცებ ამოვარდა სუნი და ვეღარ გავძელი, პირდაპირ ორმოში ვარწყიე და ამივარდა ტირილი. 
                                  
    ის ყუთი ჩააკვეხა ტომრის გვერდით. მერე, მოხვეტა ღორღი - რაც ხელში მოხვდა და დააყარა ზედ. ასე, ძაღლივით ქექავდა მიწას, მუხლებზე დაჩოქილი. სადაც არ მოჰყვებოდა, თითებით, ფრჩხილებით თხრიდა. რეზინის ხელთათმანები შემოეხა და ასე, მიწაში ამოსვრილი და დაკაწრული, ხელთათმნის ნაძენძ-შერჩენილი ხელებით, თმაგაწეწილი, მაგრამ  მშვიდი და წყნარი სახით, ისეთი საზარელი ჩანდა, ვუყურებდი და ხორკლები მაყრიდა კანზე.- ქვები მოიტანე. რომ არ ამოთხაროს რამემ. - თქვა საქმიანად. წამოვდექი, იქვე შორიახლოს ერთი დიდი ქვა ძლივს ამოვგლიჯე მიწიდან და გვერდით დავუდე. მერე კიდევ რამდენიმე ქვა მოვუტანე. ორმოში ჩაალაგა ფრთხილად, ისე, რომ უკვე აღარ ჩანდა არც ტომარა და არც ის პატარა ყუთი. მერე ისევ მიწის თხრა გააგრძელა და მეც მივეშველე. ორმოს ცოტა ზემოთ ვაქუჩებდით, რაც ხელში მოგვყვებოდა, - ღორღს, ტოტებს თუ შარშანდელ ნეშომპალას, შემდეგ გროვას ორმოში ვყრიდით და ზემოდან ვტკეპნიდით. ხელებს ვეღარ ვგრძნობდი უკვე, მარტო ყრუდ მიფეთქავდა იდაყვებს ქვემოთ. როგორც ნიჩბით, ისე ვხაპავდი მიწას, თან ვცდილობდი, არც მისთვის დამეხედა ხელებზე. დაკაწრულ-დასისხლიანებულ თითებზე. ხომ შემეძლო, ჩავსულიყავი და მეშოვა სადმე ნიჩაბი, მაგრამ ეს რომ ჩუმად იყო, ეს რომ უძლებდა, არც მე ვიღებდი ხმას.
 
    შებინდდა. ზურჩანთაში წყალი ჰქონდა პატარა ბოთლით და ხელებზე დავასხით ერთმანეთს რიგრიგობით. მიწის კოშტები და სისხლი გავიცილეთ.                                          

      ან, ამან რატომ ქნა. თვითონ ხომ ყველაზე უშნო იყო, ოთხივე მეთერთმეტეში ყველაზე მეტად ეგ გავდა ბავშვს. დაბალი, დალეული და წვრილკისერა, მაგრამ, ხომ არ ვახარებდი მეც, რაც ჩვენთან გადმოვიდა და ჩემს წინა მერხზე დაჯდა, ხომ ვეკაიფებოდი სულ. ლექსებს რომ წერდა, მაგაზეც ვეღადავებოდი და კიდევ რაზე აღარ, და მეგონა, ამასაც ვეზიზღებოდი მაგრად. ერთხელ, მთლიანად გადახაზულ-გადაჯღაპნილი ფურცელი დარჩა მერხზე, სადაც მარტო ერთი სტრიქონი დაეტოვებინა გადაუხაზავი, სულ ბოლოში, - „მე ვეხებოდი, - ჩუმად თქვა ხელმა,“ -  ეგ ეწერა მარტო და მეც სადღაც ქათმის ფეხი ვიშოვე, ხანდახან მივეპარებოდი და კისერში ვუცაცუნებდი, თან, მაგ სიტყვებს ვეუბნებოდი სხვადასხვა ტონალობაში.  ამან კიდევ, შემიყვარა...
 
    საფლავთან ვიჯექი, ხეს მიყუდებული. ეს იქით იჯდა თავჩაღუნული, ზედ კიდესთან, კლდისპირას. ვუყურებდი სილუეტს გაჩახჩახებული ქალაქის ფონზე და უცებ მივხვდი, ამ გალეულ ზურგზე მნიშვნელოვანი რომ არაფერი არსებობდა არსად. ჩალის ფასი რომ ჰქონდა, სისულელე რომ იყო ყველაფერი, რითაც აქამდე ვცხოვრობდი, ამ კაფანდარა, წვრილკისერა სხეულის წინაშე, ამდენის გაძლება, ამდენის ატანა რომ შეეძლო და ხო ეგ სჭირდებოდა, - იმ ტომრის თრევა სჭირდებოდა, რომ გაეძლო, და ჩანთაში, პატარა ყუთში კი არა, ტომარაში იყო გამოკრული ისიც  -  ბავშვიც, ბავშვის ნარჩენიც, და მთელი გზა, მარტო  მკვდარ ძაღლს კი არა, ჩვენს შვილს და საკუთარ თავს მოვათრევდით იმ ტომრით. საკუთარ ბავშვობას მოვათრევდით დასამარხად... წამოვდექი. ზურგიდან მივუახლოვდი და მის უკან ჩამოვჯექი. უხმოდ ტიროდა. მხრები უკანკალებდა. კისერზე შევეხე და შეკრთა. მერე თავი გადმოწია, ჩემს ხელს მოეფერა ლოყით  და ჩუმად ვუთხარი: 
- მოვედი, შენთან ვარ, ნუ გეშინია!
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge