გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიო ლომიძე - ლექსები



გაფუება 

ერთხელაც შევძელი და ძალიან დავიძახე საკუთარი სახელი.
მგონი ხმა ისე გადაიხარა,
შეუხუნდა ჰაერს აჩქარებული ბგერებით მიკროტალღური ხასიათი.
დიდი გმირობაა, დახუჭვით გაცვეთილი თვალებიდან
რამის გამოდენას ნებართვა მისცე,
ან იმ გულიდან გამოშვერილ ბრაზის კაუჭზე
ჩამოახიო მთელი სიცოცხლე,
რომელიც ჯერ არ დაცარიელდა.
თუნდაც იმ ყრონტში დაძრულ ჰაერს
გაუბიდნო დამშრალი არხი,
რომელშიც რაღაც ბურთის მსგავსისთვის გაჩხერა დაგიბრალებია.
არ თენდებიან უკვე დღეები თავისებურად.
აღარც სხვების ცხოვრების ნარჩენებით იღმურძლებიან
მომაკვდავი სურვილები,
სამაგიეროდ გული ისე სწრაფად იზრდება,
როგორც ფუვდება სითბოში ცომი.


შიშო 

რამ ამოგაგორა
ჩემი კისრის მიდამოებთან.
ვინ მოგაწება სიფხიზლის სახელი,
ან რომელმა ჩემმა გადაფურცლულმა
წიგნმა გაგიმხილა გამორჩეული აბზაცით
სითამამის საიდუმლო.
საიდან ამოყირავდი.
სად გაგივარდა ასე სახელი.
ვერ ხედავ, როგორ მეგრიხება ძვლამდე სხეული?
არ იმჩნევ, როგორ მებღაუჭება ქუთუთოებზე ყველა ამბავი,
თავის მობმას რომ ვერ ვუმორჩილებ.
ან როგორ ჩუმად ვიკვნეტ ნუნებში ჩატკეპნილ მკვდარ ქსოვილს,
ბავშვობიდან შემორჩენილ მავნე ჩვევას
ასე ვივარჯიშებ. რაღაც ხომ უნდა მაკავშირებდეს
ფარული ქცევით სირცხვილის ძაფთან.
მერე ყველაფერს ამით აკერებს ადამიანი,
სიცოცხლის ყველა გარღვეულ ადგილს,
უხერხულობის თვალწასულ ნაპრალს.
ასე როგორ მოღონიერდი,
თავი ასე როგორ იჩინე,
ბებოს ნასწავლმა შელოცვამაც
რომ ვერ დაგაუძლურა.
გამომიჭირე.


მალაყი (ქამარი 9) 

რამდენი რამე უნდა გცოდნოდა,
სანამ ნათითარ ადგილებზე დაიხვევდი იმ სიმწრით ბაწარს,
რომელმაც იქნებ მოგიშუშა კიდეც უნარი
- თეატრალური სითამამის;
კანაფის წვერით გაგიმყარა  უმოძრაობა
და ნესტიანი გვირაბისკენ ისე გაგიძღვა,
როგორც დეპოსკენ ელმავალი ჟანგიან ვაგონს.
ან ცოდნასავით რა სიმძიმე უნდა გქონოდა,
სათადარიგო დღეებიდან გადმოგეტმასნა
- განზე გადგომის აყალ-მაყალი,
კარჩაკეტილის მოუსვენრობა,
გზადაკარგულის ყველა ამბავი
და ცხოვრებასთან მარათონში  ისე ჩაგაბა,
როგორც მარხილში სიცივისგან დამფრთხალი ძაღლი,
რომლის გაქცევაც  მოყინული ტბების ზედაპირს,
ვინმეს მშრალად თუ გადაატარებს - სავალალოა.
თუ არცოდნაზე უფრო მეტი უნდა გეზრუნა,
გებრუნებინა პირიც იმ ქვისკენ,
რომელიც სადღაც აუცილებლად
წამოგეწევა
და გადარჩენის შესაძლებლობას ისე მოგისპობს,
როგორც სიმართლეს - ბერწი კანონი.


ხაზგასმა 

შეიტრიალე ადრიანი გამოფხიზლება,
ცაზე შტორმია,
აქ თითქოს გზები იყოფიან თმის ბოლოებივით.
აქ თითქოს თმები იშლებიან როგორც წვიმები,
რა მორიდებით ხმაურობს მანძილი.
ერთხელაც შეიძლება ისე შეიძულო საკუთარი თავი,
საკუთარი არსებობა დააგლისო შეფერადებულ სადარბაზოს,
ხელსაწყოების ყუთიდან დეტალები ამოკრიფო
ჭირვეულობის შესაკეთებლად,
დაუდევრობის ნასვრეტები ამოავსო მარხვის დღეებით,
მერე იდაყვზეც იკბინო.
მოიკბიჩო ძვალი და საყრდენი გამოაცალო დაულაგებელ ცხოვრებას,
ბირჟაზე დგომით გამორჩეულ,
არაადამიანური ქცევებით გაძეძგილ მოგონებებს,
ციხეში ყოფნის პერიოდს,
სტუდენტობის წლებს და ამ პოეზიასაც,
დამანგრეველი ძალით რომ იკმაყოფილებს
წუწუნის, მათხოვრობის და შეუძლებლობის გამარჯვებას.
ეს არის ფუნდამენტური მომავალი,
ეს არის გამეტებული არსებობა.
ეს არის სამყარო და მასში ჩაკარგული ურთიერთობების ზიზილ-პიპილა ზედაპირიდან არეკლილი სასტიკი ნუგეში.
გამართლებაა დაძახებამდე თუ ყურები არ დაგუბდა,
თუ ერთი ყელიდან ამოსული ხმა სხვებმა არ გაიგონეს,
თუ იმ დინებას არ გაუთამამდი,
უკუღმართად რომ მიედინება და სლიპინა ქვებზე დალექვამდე,
უჰაეროდ დარჩენას გიპირებს.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge