გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გორვანელი - გონითი ემანაცია (რაულ ჩილაჩავას შემოქმედების შესახებ)

 
                 (რამდენიმე წინადადება რაულ ჩილაჩავას შემოქმედებისა და მისი შთამბეჭდავი წიგნის - ,,ბედის ფორმულის“ შესახებ)

       ადამიანური სრულყოფილება მხოლოდ შინაგანი მთლიანობითი ენერგიით შეიგრძნობა, როცა აზრსა და სიტყვას შორის სრული ჰარმონიზაციის სახებით წარმოდგინდება კავშირი, მიღებულობა, თვითკმარობის გნოსეოლოგიური სიტკბოება. მაგრამ ადამიანი ის მოაზროვნე არსებაა, რომელსაც ცოდნის მიღმური სამყაროს ენერგიული მთლიანობა აინტერესებს, ონტოლოგიური დარდისა და სასოწარკვეთის განცდით იტანჯება და ვიდრე სიკვდილამდე, ცდილობს, რომ ღმრთისშობილების ისტორიული პარადოქსითა და კანონზომიერებითი ვიბრაციული ძვრებით გაამართლოს საკუთარი არსებობა, ან რაღაც შუალედური კავშირი ჰპოვოს - ქმედითი განხორციელების სახით, სადაც ზღვარმიღმული სინამდვილე იქნება მოხელთებული და გათავისებული. დროთა მანძილზე, ადამიანთა ამდაგვარ ქმედებას, რაც მიმართებათა შინაარსით გამოიხატება, - ხელოვნება ეწოდა; პოეზია კი ხელოვნების ერთადერთი ჭეშმარიტი განხორციელებაა, როგორც მარადიულობის ცოდნითი და შეგრძნებითი ალტერნატივა. საბოლოოდ, მხოლოდ ხედვაა და ტკივილი. ადამიანი სხვა არა არის რა, გარდა მოგონებებისა. 
     რაულ ჩილაჩავა ქართველი პოეტია, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 1970 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს უკრაინაში, თუმცა ქართულ სინამდვილესთან, საზოგადოებრივ-ლიტერატურულ პროცესებთან არასოდეს განუწყვეტია არც არსობრივი და არც თვისობრივი კავშირი. მის კალამს არაერთი გამორჩეული პოეტური ქმნილება ეკუთვნის, რომელთა შინაარსიც გამოხატულია ყოფიერების პრობლემატიკათა ზოგადობითა და ადამიანის, როგორც ძალმოსილი განკერძოებულობის ნაივური სახით. ჩილაჩავა 120-ზე მეტი ორიგინალური და ნათარგმნი წიგნის ავტორია, რომელთა სრული უმრავლესობა სხვადასხვა წლებში გამოცემული პოეტური კრებულია. აგრეთვე, გამოსარჩევია მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობა. წლების განმავლობაში, რაულ ჩილაჩავა ქართულად თარგმნის უკრაინელ, ლატვიელ, რუს და სხვა ეროვნებათა წარმომადგენელ ავტორებს; მსგავსად, ახდენს ქართველ ავტორთა ნაწარმოებების უკრაინულად და რუსულად გადათარგმანებას. ეს ყოველივე მეტად მნიშვნელოვანი და ყურადღებაგასამახვილებელია.
      პოეტის შთაგონებითი წიაღსვლები გამოხატულია ლექსთა სტროფებში, რომელთა შინაარსობრივ-სტრუქტურალური მახასიათებელი ესთეტიურად მომხიბვლელია. 
     ,,ბედის ფორმულა“ რაულ ჩილაჩავას წიგნებს შორის ერთობ დომინანტია. შვიდწიგნეული გაერთიანებულა აღნიშნულ კრებულში, შვიდი წლის მანძილზე გამოცემული შვიდი წიგნი, რომელთაც ავტორი 2010-დან 2017 წლამდე წერდა. ყოველ წელს ერთი ცალკეული კრებული გამოიცემოდა, 2018 წელს კი გამომცემლობა ,,კალმოსანში“ დაისტამბა 1140 გვერდიანი წიგნი - ,,ბედის ფორმულა“, სადაც მთლიანობის სახით წარმოდგინდა განვლილი შვიდი წლის მანძილზე ავტორის მიერ შექმნილი გამორჩეული პოეტური სტროფები. 

       გარდაუვალია საწუთროს დრამა, რაც, იმთავითვე, ადამიანურს ცნობიერებას ეგზისტენციალურ შიშად შთაენერგა. ,,ბედის ფორმულაში“ თანაზომიერებითი მდგრადობითა და მიმართებითი ცვალებადობით გამოხატულია მოაზროვნე, შთაგონებული პოეტის აზრები, დათრგუნულია ობივატელური გაუცხოება საზოგადოებისა და აღქმადი მოვლენებისადმი, სრულ თანაზიარობაშია ცოდნა, აღქმა და ჭვრეტა, გაუბრალოებულია მერკანტილურ ზრახვათა მარგინალური სწრაფვების შესაძლებლობათა ხარისხი, გამოაშკარავებულია დროის მავნებლური სახე, როგორც გრძნობიერების მკვლელისა და ცნობიერების გახისტების კონცეპტი; ნოსტალგიურ-შთაგონებითი პათოსით აღსავსეა ონომასტოლოგიური გამოვლენანი; სივრცითი ხედვის პერსპექტივები ტოპოლოგიურ ფუნდამენტალიზმში წარმოდგენილ საკრალურ განსრულებათა შედეგობრივი ილუზიისაგან ემანსიპაციისაკენ მიილტვის.
      ღრმა შინაარსობრივ დანიშნულებასთან ერთად, ,,ბედის ფორმულა“ კლასიკურის პოეზიის პარადიგმაზე დგას, ამავდროულად კი, თანამედროვეობის ღირებულებით მახასიათებელთან მოდის შესაბამისობაში. ლექსთა წყობა, რითმული და რიტმული ეფექტები სიამოვნებათა დაუცხრომელ შეგრძნებებს მოჰგვრის მკითხველს, აზრობრივი ემანაცია დინამიურად ხორციელდება, რასაც ხელოვნების ძალით შთაგონებული მკითხველი უსათუოდ იგრძნობს; თუნდაც შეხება არ ჰქონდეს ადამიანს ხელოვნებასთან და უშინაარსოდ, პრაგმატიზმის ძალმომრეობითი გვლენით წარმართავდეს საკუთარ ცხოვრებას, ასეთი მოკვდავი, - ადამიანურ-გენითი არსებაც კი ამოიკითხვას რაულ ჩილაჩავას ლექსებში საკუთარი არსებისათვის სისავსის მომგვრელ ფრაზებს, რამეთუ პოეტი თანაზომიერად სრულქმნილ ლექსებს წარმოგვიდგენს, რომელთა მიმართულებები განფენილია საკაცობრიო მნიშვნელობითი საფუძვლებით და მაღალღირებულებათა მიზეზობრივ-მიზნობრივ-განსრულებით კვინტესენციად გვევლინება. ,,ბედის ფორმულაში“ რაულ ჩილაჩავას აზრები ფორმირდება და ყოველი ადამიანის (ვინც ქართულად კითხვა იცის და წაკითხულის მცირეოდენი განაზრება მაინც შეუძლია) ფსიქიკაში წარუშლელ კვალს ტოვებს. როგორც პოეტური სულისკვეთებით განმსჭვალულ ხედვით წარმოდგენად, ისე ადამიანური არსებობის უბრალოებისა და გაუმძაფრებელი ენთროპიის მექანიზმად გვევლინება პოეტის ლექსთა სტროფები, თითქოს ყველაფერი თავისთავადი, ძალდაუტანებელი უბრალოებით მოედინება დასაწყისიდან დასასრულამდე. პარალელს თუ გავავლებთ, გაგვახსენდება ციცერონის მიერ სოკრატეს დახასიათება, სადაც რომაელი მოაზროვნე ამბობს, რომ სოკრატემ ფილოსოფია ჩამოიყვანა ზეციდან მიწაზე, შეიყვანა ის ყოველი ადამიანის ოჯახში და მიუსაფარ ქოხებშიცო. ამდაგვარად შეიძლება ვთქვათ რაულ ჩილაჩავას შესახებ, მან ნამდვილად მოახერხა ის, რომ საკუთარი პოეზიით ადამიანების განუყოფელ ნაწილად აქცია ლექსი. პოეტური წიგნი ,,ბედის ფორმულა“ ამ აზრის ნათელი დადასტურებაა.
      ვამბობთ, რომ რაულ ჩილაჩავას შემოქმედებითი წიაღსვლები გამოსარჩევია და უპირობოდ დასაფასებელი ქართული ხელოვნების ისტორიაში. ავტორის მნიშვნელობა არ არის პერსონალური, მისი მრავალმხრივი მოღვაწეობა კულტურულ-სახელოვნებო სფეროში, მრავალათეული ღირებული წიგნის გამოცემა, მრავალი პრემიის მინიჭება როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ ასპარეზზე, აზრში მყოფადობა, დინამიური, დაუზარებელი შრომა და ხელოვნებით გაბრძნობადობა რაულ ჩილაჩავას წარმოგვიდგენს, როგორც არსობრივ მოაზროვნეს. პოეტი თავისუფლდება იგავური ფორმალურობისაგან და ზოგადდება არსებობის უწყვეტობის თეოგონიურ მოცემულობამდე. 
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge