ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ზაზა აბზიანიძე - ვის ეძღვნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანი"?!
`არ ვიცი, ეს ლექსები როგორ მოგეწონება. აქ კი ბევრი ცრემლი, ტყუილი და მართალი, დაინთხა ამის წაკითხვაზე, რასაკვირველია იმიტომ, რომ ამას ამბობს ილია ტყვეობაში და არა მე. ილიას დაჭერა რომ შევიტყე, სწორე გითხრა, ძალიან შევწუხდი, ასე, რომ სამი დღე გაბრუებული ვიყავ ათასის სხვა და სხვა უცნაურის ფიქრებით და სურვილით და, რომ ეკითხათ კი ჩემთვის, მეც არ ვიცოდი, რა მინდოდა. ბოლოს მესამეს დღეს ეს ლექსები დავწერე და თითქოს ამან რაღაც შვება მომცაო. ვცდილობ, რომ ილიკოს როგორმე მივაწოდო. ვიცი, გულში ჩაიცინებს და არ იქნება, მით არა ენუგეშოს რა~.ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი, 1842 წლის 2 მაისი.
დაიწყო ახლა რიტორიკული კითხვები, _ გაიფიქრებს ბარათაშვილოლოგიის ნიუანსებში გაუთვითცნობიერებელი მკითხველი. ვაი რომ, ეს რიტორიკული კითხვა არ არის და ამაში თავად დარწმუნდებით: `...ამიერიდან შეგვიძლია თამამად ვთქვათ, `მერანი~ შთაგონებულია ალექსანდრე ბატონიშვილის პიროვნებით, მისი დაუღალავი ბრძოლით სამშობლოს თავისუფლებისათვის~.
პარადოქსია, რომ ამ კატეგორიულ განცხადებას ამოიკითხავთ ისეთ სერიოზულ, 750-გვერდიან ნაშრომში, როგორიცაა ნინო ვახანიას XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი მონოგრაფია, გათვლილი, ძირითადად, სტუდენტურ აუდიტორიაზე. რა არგუმენტებს იშველიებს ავტორი იმ დეზორიენტირებული სტუდენტის დასაკვალიანებლად, რომელმაც აქამდე იცოდა, რომ `მერანი~ ილია ორბელიანს ეძღვნებოდა?!
`პავლე ინგოროყვას აზრით, ლექსის დაწერის მიზეზი უფრო ალექსანდრე ბატონიშვილი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ილია ორბელიანი. პავლე ინგოროყვას ეს მოსაზრება ჩვენს დროში გაახმოვანა როსტომ ჩხეიძემ, განამტკიცა ის მაგალითებით და ეჭვშეუვალი გახადა...~ (ნინო ვახანია).
ლიტერატურის ასპარეზზე ავტორიტეტული მხარდაჭერა, თუნდაც ვირტუალური, ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. აი, ჩვენს შემთხვევაშიც, ნახეთ, ვინ უმაგრებს ზურგს ნინო ვახანიას: XX საუკუნის ქართული ფილოლოგიის პატრიარქი, `გიორგი მერჩულეს~ ავტორი, პავლე ინგოროყვა და მის გვერდით _ როსტომ ჩხეიძე, ქართველ ლიტერატორთა საშუალო თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი, რომლის ბიოგრაფიულმა რომანებმაც ათასობით მკთხველს გააცნო და შეაყვარა ჩვენი დიდი წინაპრები, ხოლო მისი რედაქტორობით გამოსულმა ჟურნალმა `ჩვენმა მწერლობამ~ განუზომელი სამსახური გაუწია თანამედროვე ქართულ ლიტერატურას.
`ჩვენი მწერლობის~ ავტორთა შორის მეც ვიყავი და დღემდე მადლიერებითა და სითბოთი ვიხსენებ ჩვენს თანამშრომლობას. არ გამოვრიცხავ, შემდგომი გვერდების კითხვისას მკითხველი დაეჭვდეს ამ სიტყვების გულწრფელობაში; დაეჭვდეს, რადგან ჩვენს ცნობიერებაში მეგობართან თუ კეთილგანწყობილ კოლეგასთან საჯარო პოლემიკა არანაირად არ წყვილდება ადამიანურ სითბოსა და პატივისცემასთან. არისტოტელესეული _ `პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება - კიდევ უფრო დიდი მეგობარი~ _ აფორიზმების კრებულებსღა შერჩა...
და მაინც, იმედი მაქვს, თუნდაც რამდენიმეს ამ მკითხველთაგან `ლიტერატურული ინტუიცია~ უკარნახებს, რომ შესაძლებელია, ადამიანმა ცხოვრება გაირთულოს და მართლაც საპატივცემულო კოლეგები გაანაწყენოს საუკუნენახევრის წინანდელი დრამების დიამეტრალურად განსხვავებული ინტერპრეტაციის გამო. იმ კეთილშობილ და ზეპატრიოტული მოტივებით ნაკარნახევ ინტერპრეტაციას ვგულისხმობ, რომლის ავტორიც ფანატიკური მონდომებით, `ლიტერატურული ფოტოშოპის~ გამოყენებით, ცდილობს, ნიკოლოზ ბარათაშვილი რომანტიზმის ეპოქის მერაბ კოსტავად წარმოგვიდგინოს.
ილია ორბელიანი, ალექსანდრე ბატონიშვილი.
ეს ფანატიზმიც ხომ გადამდები რაღაცაა, და აი, მეც `ზეღირებულ იდეად~ მექცა მოქ. ნიკოლოზ ბარათაშვილის რეპუტაცია დავიცვა წარმოსახულ `ლიტერატურულ სასამართლოზე~, რადგან, რეალური მერაბ კოსტავასაგან განსხვავებით, ჩხეიძისეული `ფოტოშოპის~ წყალობით, ვირტუალური ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი/ბიოგრაფია ერთობ ანტიპათიურად გამოიყურება. სწორედ ამ პათოსით ვუბრუნდები ჩვენი თხრობის ძირითად თემას.
არ ვიცი, რას იზამს ჩვენი სტუდენტი, რომელმაც უკვე ლამის ზეპირად იცის ჩვენი ესსეს ეპიგრაფად გამოყენებული წერილი ნიკოლოზ ბარათაშვილისა `მერანის~ ადრესატის თაობაზე, მაგრამ პოეტის ბიოგრაფიის მკვლევარი უბრალოდ ვალდებულია, გაეცნოს როსტომ ჩხეიძის იმ `ეჭვშეუვალ~ არგუმენტებს, რომლებმაც, ავტორის ჩანაფიქრით, უნდა დაგვარწმუნოს, რომ ზემოხსენებული წერილი ბარათაშვილმა კონსპირაციული მოსაზრებით დაწერა.
ვრცელი ციტატის მოხმობა მომიწევს, სხვა გზა არ გვაქვს: `...ნამდვილად კონსპირაციული ხერხი უნდა ყოფილიყო. ეტყობა, ბარათაშვილს თავიდანვე ერჩია, ხმა ასე დაეყარა, თორემ ილია ორბელიანის დატყვევება ძალიან პატარა საბაბი, უფრო მეტიც: სრულიად შეუსაბამო საბაბი ჩანდა ამხელა შთაგონებისათვის: შინაგანად გაორებული, დაბნეული კაცის სახე _ კაცის, ვინც თავისი მამულის დამპყრობთა მხარდამხარ იბრძოდა სხვისთვის თავისუფლების წასართმევად _ განა ასეთი განზოგადებისათვის გამოდგებოდა? არა და არა, `მერანის~ უსაზღვრო არე და სული ასე ხომ ერთბაშად დაკნინდებოდა. და რადგანაც `მერანი~ ალექსანდრე ბატონიშვილს ეძღვნებოდა, სავსებით გამართლებული ჩანს ის კონსპიროლოგიური ხერხიც და მოგვიანებით იმ ლექსის დაწერაც...~.
რომელი `იმ ლექსის~ - შემეკითხებით?! მირჩევნია, ისევ როსტომ ჩხეიძემ გიპასუხოთ: `...ის მეორე ლექსი `ომი საქართველოს [თავად-აზნაურ-გლეხთა პირისპირ დაღისტნისა და ჩეჩნელთა, წელსა 1844-სა, მძღვანველობასა ქვეშე ღუბერნიის მარშლის, თავადის დიმიტრი თამაზის ძის ორბელიანისა]~,მოსალოდნელია, რომ პოეტის სხვა ლექსის გადასარჩენად გამოსდგომოდა. სახელდობრ, რომლის? `მერანის~... სწორედ `მერანის~ გადასარჩენად~.
`მეორე ლექსის~ სათაური უკვე გასაგებია. ახლა გავარკვიოთ `პირველი~ ლექსი რომელიღაა?
_ `პირველია~ `საფლავი მეფის ირაკლისა~, რომელიც (ისევ როსტომ ჩხეიძეს ვუთმობ სიტყვას): `სრულიად ეწინააღმდეგებოდა `ბედი ქართლისას~ იდეურ კონცეფციას... მაგრამ აქ, ასე თუ ისე, მაინც შეიძლება გარკვეული ვარაუდების გამოთქმა. ბოლოსდაბოლოს, ეს კომპრომისი აიხსნებოდა იმით, რომ ბარათაშვილს, როგორც მეფე ერეკლეს შვილიშვილს, ამგვარი აპოლოგეტური დამოკიდებულება სახელოვანი და ტრაგიკული მეფისადმი ოჯახური წრიდან შეეთვისებინა (სხვათა შორის, კონსტანტინე გამსახურდია სწორედ ამ მიზეზით არ ანიჭებდა `საფლავი მეფის ირაკლისა~-ს რაიმე მნიშვნელობას); და როცა უშუალოდ მიმართავდა მის აჩრდილს, რა გასაკვირია, რომ მორიდებოდა მისი ამ პოლიტიკური ნაბიჯის მკაცრ შეფასებას...~
აქვე განვუმარტავ მკითხველს, რომ ამ ფრაზის დასასრულში (`მიმართავდა მის აჩრდილს...~ და ა.შ.) კონსტანტინე გამსახურდია კი არ იგულისხმება, არამედ პავლე ინგოროყვა, რომლის სახელითაც ლაპარაკობს აქ ციტირებული ბიოგრაფიული რომანის (`ბედი პავლე ინგოროყვასი~) ავტორი. ისიც უნდა ითქვას (და ამას სამართლიანობის გრძნობა მკარნახობს და არა `პოლიტკორექტულობა~), რომ ვერცერთ სხვა ავტორთან ვერ იხილავთ ასე საგულდაგულოდ ამოკრეფილ და ამდენ საინტერესო დეტალს პავლე ინგოროყვას ბიოგრაფიიდან.
უკიდეგანო წარმოსახვის მქონე პავლე ინგოროყვას, ნიკო მარის მსგავსად, შეეძლო, იმ თავისი განსაცვიფრებელი ფილოლოგიური მიგნებების გვერდით რაიმე პარადოქსული ფრაზა წამოესროლა ან ისეთი ინტრიგის შემცველი სიუჟეტი შეეთხზა, რომლის რეალობისაც უფრო სჯეროდა, ვინემ - ნებისმიერი ისტორიული ფაქტის. თუმცა,ზოგჯერ, ვგონებ, იგი მისტიფიკაციას გამიზნულად მიმართავდა. ეს - ისეთ შემთხვევაში, როცა, ისევ და ისევ ლიტერატურული ინტერესებიდან გამომდინარე, თვლიდა, რომ `მიზანი ამართლებს საშუალებას~. გულახდილად ვიტყვი, რომ ეს ექსპანსიურობა, უზომო განსწავლულობასთან ერთად, თავისებურ ხიბლს სძენდა ქართული ფილოლოგიის ამ დონ-კიხოტს ფრთებშეკვეცილი აკადემიკოს-გრანდების ფონზე... რადგან ნიკო მარი ვახსენეთ, ეგების, `მერანის~ მისეული ლაკონიური და ერთობ დამაფიქრებელი დახასიათებაც გაგვეხსენებინა: `მერანი~ _ ესაა მონოლოგი კატასტროფის ზღურბლზე მდგარი ნაციისა~.
რაც უნდა სანდო იყოს ზეპირგადმოცემა, რომლის თანახმადაც, `მერანის~ ადრესატის დაკანონებულ ვერსიაში პირველი პავლე ინგოროყვა დაეჭვდა, მას მაინც არასოდეს დაუწერია და დაუსაბუთებია, რომ ეს ლექსი ილია ორბელიანს არ ეძღვნებოდა. დიდი ფილოლოგის ალტერ ეგო-ს თქმით, არ დაუწერია იმიტომ, რომ `ალექსანდრე ბატონიშვილის ხსენება და, მითუმეტეს, იმის მტკიცება, `მერანი~ რუსთა წინააღმდეგ ამ დაუღალავი მებრძოლის სახითაა შთაგონებულიო, არანაკლებ საფრთხილო გახდება, ვიდრე თავის დროზე თვითონ ბარათაშვილი ფრთხილობდა...~ (როსტომ ჩხეიძე).
აქ ასეთი კითხვა მებადება: ვთქვათ, 1938 წელს, თავისი ბიოგრაფიული ნარკვევის პირველი პუბლიკაციისას, პავლე ინგოროყვა არ ახსენებს ალექსანდრე ბატონიშვილს; `ფრთხილობს~ 1945 წელსაც _ საიუბილეო გამოცემის წინასიტყვაობის წერისას, თუმცა ალექსანდრე ბატონიშვილის სახელი სულაც არაა ტაბუირებული; აი, 1969 წელს, როდესაც უკვე ცალკე მონოგრაფიად აქვეყნებს ამ ტექსტს _ მაშინ რიღასი ეშინია?! ხომ ცხადზე ცხადია, რომ მაგიდაზე უდევს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის `მოამბის~ XXII-ე ტომი (1961 წ.) შოთა ხანთაძის პუბლიკაციით `მასალები ალექსანდრე ბატონიშვილის ბიოგრაფიისათვის~. ისიც ხომ ცხადია _ ბოლომდე დარწმუნებული რომ ყოფილიყო თავის ვერსიაში, 1969 წელს გამოცემულ თავის მონოგრაფიაში - `ნიკოლოზ ბარათაშვილი~ სიტყვასიტყვით არ გაიმეორებდა 30 წლის წინ დაწერილი ბიოგრაფიული ნარკვევის ტკივილიან ფინალს: `ნ. ბარათაშვილის გარდაცვალებიდან მეორე წელს პოეტის სამარხზე საფლავის ქვა გადააფარა მისმა სიყრმის მეგობარმა ილია ორბელიანმა, იმ ილიამ, რომელსაც პოეტმა უძღვნა თავისი `მერანი~ (პავლე ინგოროყვა).
როგორც ჩანს, პავლე ინგოროყვა ერთხანს მართლაც გაიტაცა ლეკურ ფოლკლორში `მქროლავი მხედრის~ ანალოგიამ `მერანთან~. პავლე ინგოროყვას ამ ერთ-ერთი `გატაცების~ ისტორიაზე ოთარ ჩხეიძე მოგვითხრობს ვასილ ბარნოვისადმი მიძღვნილი ბიოგრაფიული რომანის კომენტარებში: `ერთი ლეკური თქმულების მიხედვით, მფრინავი ცხენი ჰყოლია ალექსანდრე ბატონიშვილსა, იმ ცხენით დაჰქროდა, უცებ გაჩნდებოდა, სადაც საჭირო იყო, უცბადვე გაჰქრებოდა, ღრუბლებს გაეკვროდა, გადაიელვებდა. მზის მიერ დალოცვისა და ზეცის მოვლენის სცენა `ისკანდერში~ ამ და ამდაგვარი თქმულებიდან უნდა მომდინარეობდეს. ესევე თქმულება უფრო ადრე ნიკოლოზ ბარათაშვილს გამოუყენებია. გიორგი შატბერაშვილი გულისხმობდა, რომ `მერანის~ დაწერის საბაბი არ უნდა ყოფილიყო ილია ორბელიანის დატყვევება ლეკთა მიერა, _ ილია ორბელიანი და მისი დატყვევება შეუსაბამო საბაბია, ან ძალიან პატარა საბაბია `მერანის~ შთაგონებისთვისაო. `მერანი~ შთაგონებულია ალექსანდრე ბატონიშვილსა და მისი მფრინავი ცხენის ლეკური თქმულებისაგანაო. ნიკოლოზ ბარათაშვილმა ილია ორბელიანის დატყვევება კონსპირაციული მიზნით გაისაბაბაო. გიორგი შატბერაშვილი სანდრო ახმეტელს იმოწმებდა, ეს თქმულება იმისგან ვიცი და კიდევაცა მთხოვა, პიესა დამეწერა ალექსანდრე ბატონიშვილის შესახებაო. თხოვნა თხოვნად დარჩა, ისე აირია ჩვენი ცხოვრებაო. როგორც ირკვევა, სანდრო ახმეტელისათვის პავლე ინგოროყვას უნდა მიეწოდებინოს ეს ლეკური თქმულებაცა და პიესის დადგმის იდეაცა~ (როსტომ ჩხეიძე).
ახლა უკვე ჩვენც შეგვიძლია, `არიადნეს ძაფი~ დავძებნოთ ამ ლაბირინთიდან თავდასაღწევად. მაშ ასე: პავლე ინგოროყვამ გაანდო ეს იდეა სანდრო ახმეტელს; სანდრო ახმეტელმა _ გიორგი შატბერაშვილს; გიორგი შატბერაშვილმა _ოთარ ჩხეიძეს; ოთარ ჩხეიძემ _ თავის ვაჟს, როსტომს; როსტომ ჩხეიძემ _ ნინო ვახანიას და ნინო ვახანიამ _ ამდენი ავტორიტეტული სახელის წნეხისქვეშ გაოგნებულს სტუდენტს, რომელსაც, ქვის გული უნდა გქონდეს, რომ არ შეეშველო ასეთს შეჭირვებაში.
არ მინდა, ყურადღებიდან გამომრჩეს კიდევ ერთი გარემოება: ამ ჩამონათვალში ძალზე მრავლისმეტყველია ჟანრების მონაცვლეობა: დასაწყისი (ინგოროყვა-ახმეტელი-შატბერაშვილი) ზეპირსიტყვაობაა; შემდგომ, ოთარ ჩხეიძესთან _ უკვე ამ ფოლკლორული სიუჟეტის პირველი დოკუმენტური ჩანაწერი (ვგულისხმობ ზემოთ ციტირებულ კომენტარებს წიგნში _ `რომანი და ისტორია~); როსტომ ჩხეიძესთან ამ დოკუმენტურ მონათხრობს, ფაქტობრივად, უკვე მხატვრული პროზა ენაცვლება, როცა ავტორისეული წარმოსახვა პრაქტიკულად შეუზღუდავია (თან თხრობის სტილიც ხომ თავისებური აქვს!), და ბოლოს _ ნინო ვახანიას მონოგრაფია, პირიქით, ყოვლად მოწესრიგებული აკადემიური ნაშრომის ჟანრშია შესრულებული და `მერანის~ ადრესატის მეტამორფოზებს მკითხველს უკვე დადგენილი და აპრობირებული მეცნიერული თეზის სახით აწვდის.
გულწრფელად რომ ვთქვა, სწორედ ეს `აკადემიური წარდგენა~ იყო ბოლო წვეთი, რომელმაც გადამაწყვეტინა შეკამათება იმ ადამიანებთან, რომელთაგან უფროსებს პირადად ვიცნობდი (ახმეტელის გამოკლებით) და მათი სახელები დღესაც ჩემთვის ყველაზე კეთილშობილ, ზნეობრივ თუ პროფესიულ თვისებებს განასახიერებს; უმცროსებთან კი, როგორც ვთქვი, ხანგრძლივი ლიტერატურული თანამშრომლობა და კეთილგანწყობა მაკავშირებს. ეს წმინდა ადამიანური ფაქტორი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მაბრკოლებდა, მაგრამ, ბარათაშვილის საიუბილეო წელს, მის ბიოგრაფიასთან მიბრუნებულს, რაღაც უკმარობის გრძნობა გამიჩნდა: თითქოს, უნებლიეთ ვმონაწილეობ აბსურდულ სპექტაკლში, როცა ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ დუმან და ელოდებიან `ბ-ნ გოდოს~, რომელიც მათ სათქმელს გაახმოვანებს!
ერთი წუთით მეც მივბაძავ ჩემს კოლეგა-ოპონენტებს და `პავლე ინგოროყვას მაგივრად~ მოგიყვებით, თუ რატომ აღარ გასდია დიდმა მეცნიერმა თავის `ლიტერატურულ კაპრიზს~.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი იყო: დავუშვათ და, პავლე ინგოროყვას როსტომ ჩხეიძის კატეგორიულობით დაეწერა, რომ `თავგანწირული მხედარი~ (ერთ-ერთ ავტოგრაფში თავდაპირველად ასე იყო დასათაურებული ეს უსათაურო ლექსი) ალექსანდრე ბატონიშვილს ეძღვნება. თუ ასეა, მაშინ ვინ ყოფილა სინამდვილეში ჩვენი `ფენომენალური ყრმა~?! იანუსი, რომელიც ვერ იტანს რუსულ მუნდირში გამოწყობილ ოფიცრობას და მალულად შავჩოხიან ალექსანდრე ბატონიშვილს ეთაყვანება; ამასთანავე, უნდა, ახლობლების თვალშიც `კარგ ბიჭად~ გამოჩნდეს და საჯაროდ თუ ეპისტოლეებში აცხადებს _ ლექსი ილიკოს ვუძღვენიო: ატყუებს დედ-მამას; ატყუებს თავის ბიძებს _ იმ პოეტ ბიძასაც, რომლის აზრიც თავის ლექსებზე ასე უძვირს და საბედისწერო ხაროში გამომწყვდეულ, თანშეზრდილ ილიკოსაც; ატყუებს თავის უახლოეს მეომარ მეგობრებს; ატყუებს და ცრემლს აღვრევინებს იმ თავის დობილებს (ალბათ, უნდა დამეწერა _ ადებილებს) და სიმპათიებს, ვისთანაც მათ სალონებში თუ მიმოწერისას ამდენს ლაპარაკობს სიწრფელის, სულიერი სიახლოვისა და განდობის ბედნიერებაზე...
და ახლა ვიკითხოთ: რისთვის აკეთებს ამას?! იმისათვის, რომ `ფრთხილობს~. ანუ?! ამ წინწკლებს თუ მოვაშორებთ, არ უნდა, რამე შარში გაეხვიოს, რადგან სიყმაწვილეში უკვე იწვნია `როზენის როზგები~. ამ დროს - ლექსს უძღვნის ალექსანდრე ბატონიშვილს, რომელიც მთელი ცხოვრება, თავისი პოლიტიკური იდეალიზმის გამო, სიკვდილს ეთამაშება, გამაოგნებელ რისკზე მიდის და ისე, როგორც არავინ, ასახიერებს ქართული ხასიათის ფენომენს (უფრო დაწვრილებით იხ. ეთერ ორჯონიკიძის `ალექსანდრე ბატონიშვილი~, სერიაში - `ქართული ფენომენი~ ზ. აბზიანიძის რედაქციით. თბ., 2013 წ.).
ამგვარი ფანატიკური თავგანწირვის ფონზე ისეთი დეტალიც კი გეხამუშება, როგორიც უკვე ხანდაზმული ალექსანდრე ორბელიანის პოლიტიკაზე ლაპარაკისას ოთახის ჩაბნელება და დარაბების დახურვაა (რაც აკაკის ნაამბობით ვიცით) და რაღა უნდა ითქვას ახალგაზრდა, ატაცებულ რომანტიკოს პოეტზე (`მერანის~ ავტორზე!), რომელიც, რაღაც ეფემერული საფრთხის გამო, თავმოყვარეობას კარგავს _ ერთს ფიქრობს, მეორეს ლაპარაკობს და მესამეს აკეთებს?!
ეს `აბსურდის თეატრი~ ამით არ მთავრდება: თურმე ბარათაშვილი შიშობს, ვაითუ როზენის მსტოვარი ჩასწვდეს `მერანის~ ჭეშმარიტი ადრესატის ვინაობას (რაც, როგორც გვარწმუნებენ, 150 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ქართულმა კრიტიკამ); შიშობს, მიუხედავად იმისა, რომ ლექსი არ დაბეჭდილა, რადგან `ქართული პრესა, რომელმაც ფეხი აიდგა 1832 წელს, დასაწყისშივე ჩაკლეს და ვიდრე 1852 წლამდე ქართული პერიოდული გამომცემლობა აღარ განახლებულა. საზოგადოებრივი ცხოვრების მოდუნება იქამდე მიდიოდა, რომ ამ თხუთმეტი-ოცი წლის მანძილზე არა თუ პრესა არ არსებობდა, საერთოდ ქართული წიგნი იშვიათად იბეჭდებოდა~ (პავლე ინგოროყვა) ლექსების ხელნაწერი ასლები თითზე ჩამოსათვლელია (ესეც პავლე ინგოროყვასაგან ვიცით) და, რაც მთავარია, თავისი `საიდუმლო~ პოეტს არცერთი ახლობლისათვის არ გაუნდვია.
ყველაფერი ეს ხდება 1842-1844 წწ. შუალედში: ტფილისის ქუჩებში ამპარტავნულად დასეირნობენ 10 წლის წინ `მამულის გამოხსნისათვის~ შემართული ექს-შეთქმულნი, აწ ნაპატიებნი და პატივდებულნი. რატომაა ასე საგანგაშო იმავ ტფილისის რომელიმე სალონში ათი კაცისათვის წაკითხული `მერანი~?! ვითომ რა საფრთხე უკარგავს მოსვენებას ავტორს და თვითგადარჩენისათვის აუცილებელ ზომებზე აწყებინებს ფიქრს?! (ეს იმდენად ირაციონალურია, რომ უკვე მასტიგოფობიას ჰგავს _ სასჯელის პანიკურ შიშს). როსტომ ჩხეიძის თქმით, `ალიბისათვის~ ბარათაშვილი პრევენციულ ზომებს მიმართავს და წერს ლექსს `ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა პირისპირ დაღისტნისა და ჩეჩნელთა, წელსა 1844-სა, მძღვანველობასა ქვეშე ღუბერნიის მარშლის, თავადის დიმიტრი თამაზის ძის ორბელიანისა~. როგორც გვახსოვს, ასეთივე `დეზავუირების~ ფუნქციას ასრულებს ქართული რომანტიზმის კიდევ ერთი მრავლისმეტყველი ნიმუში _ `საფლავი მეფის ირაკლისა~ (ეს ლექსი თურმე `ბედი ქართლისას~ საპირწონედ დაიწერა).
ვიდრე შემდეგ თემაზე გადავინაცვლებდეთ, ჩვენს მკითხველს ვურჩევდი, თუ ბარათაშვილის ამ ორი ლექსით აღძრულ კითხვებზე გაწონასწორებული პასუხი აინტერესებს, გაეცნოს მერაბ ღაღანიძის ესსეს _ `რას გვაუწყებს დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის `საფლავი მეფის ირაკლისა~ ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ კრებულში `ქართული რომანტიზმი~ (ზ. აბზიანიძის რედაქციით. თბ., 2012 წ.).
ახლა ჩვენ თვალწინ რესტავრირებული სურათის ისტორიულ კონტექსტს გადავხედოთ. გრიგოლ ორბელიანისადმი მიძღვნილ მონოგრაფიაში ჩვენი განსვენებული კოლეგა, იუზა ევგენიძე ზუსტად მიგვანიშნებდა იმ `ოპტიკურ ცთომილებაზე~ რომელიც ახასიათებს დღევანდელი კრიტერიუმებით წარსულის მოვლენათა შეფასებას: `ახლა, შორიდან რომანტიკულად მოჩანს თავისუფლებისათვის მებრძოლი პატარა დაღესტნის ბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ; ამ ფონზე ლომგულად და გმირად ილანდება სახე შამილისა და ზოგიერთის თვალში ანტიპათიურად გამოიყურება რუსეთის იმპერიის ერთგული მსახური, შამილისა და მის ნაიბთა რისხვა გრიგოლ ორბელიანი, მაგრამ გასათვალისწინებელია შემდეგი: შამილის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ - ეს იყო დიდი დაღესტნის პანისლამური იდეით შეპყრობილი ფანატიკოსის ბრძოლა, რომელიც მიზნად ისახავდა კავკასიაში ყოველგვარი ქრისტიანული ელემენტის მოსპობას და ქართველი ხალხის სხვა წესსა და რჯულზე გადასვლას~.
რაც შეეხება კავკასიური სოლიდარობის თემას, ეს კიდევ უფრო გვიანდელი მოვლენაა და ორგანულად უკავშირდება ალექსანდრე ყაზბეგის სახელს (უფრო დაწვრილებით იხ. ჩვენი ესსე `უცნობი ყაზბეგი~ ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ კრებულში `ნაცნობი და უცნობი ყაზბეგი~. თბ., 2019). ამიტომაც ილია ორბელიანი, ვითარც: `შინაგანად გაორებული, დაბნეული კაცის სახე _ კაცის, ვინც თავისი მამულის დამპყრობთა მხარდამხარ იბრძოდა სხვისთვის თავისუფლების წასართმევად~, ასეთად, უკიდურეს შემთხვევაში, შეეძლო აღექვა სწორედ ალექსანდრე ყაზბეგს, მაგრამ არამც და არამც _ ნიკოლოზ ბარათაშვილს, რომლის ყურთასმენასაც ბავშვობიდანვე ჩაესმოდა: `ლეკთა განალაგეს საქართველო~, და თავისი კანცელარიის უღიმღამო კედლებში გამოკეტილს, ვგონებ, შურდა კიდეც ილიკოსი თუ ლევან მელიქიშვილის მხედრული წარმატებებისა. ჩვენ კარგად გვახსოვს ჭაბუკი ტატოს ნატვრა: `ჩემი სურვილი იყო ჯარის-კაცობა, იგი მზრდიდა მე აქამომდენ...~. თუმცა, უკვე მოწიფულ ასაკშიც კი, იგი მშფოთვარე კავკასიაში მიილტვოდა და გრიგოლ ორბელიანს 1843 წელს მიწერილ ბარათში ვერ პატიობდა ერთადერთი თხოვნის _`რენენკამფთან დამანიშვნინეო!~ _ არშესრულებას. შეგახსენებთ, ეს გენერალი რენენკამფი დაღესტანში დისლოცირებული დივიზიის მეთაური რომ იყო და არა _ რომელიმე საქველმოქმედო საზოგადოების თავკაცი...
ასე რომ, ამ სიტუაციაში თუკი ვინმე არის `შინაგანად გაორებული~ _ ეს თვითონ ბარათაშვილია და არა ილია ორბელიანი, რომელმაც, არაერთი მისი ქართველი თანამებრძოლის მსგავსად, სიცოცხლის ფასად შეასრულა თავისი მხედრული ვალი იმ რწმენით, რომ დაღესტნისა და ოსმალეთის დამარცხება საქართველოს საზღვრებთან წარმოქმნილ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში მისივე სამშობლოს გადარჩენის საწინდარი იყო.
ზემონათქვამი ლიტონ სიტყვებად რომ არ დარჩეს, ორიოდე ისტორიული ექსკურსი შეგვეშველება. ჯერ _ ერთი ვრცელი ამონაწერი ზაზა აბაშიძის, მიხეილ ბახტაძისა და ოთარ ჯანელიძის კაპიტალური ნაშრომიდან `საქართველო და ქართველები~: `1854 წლის 4 ივნისს გაიმართა ჩოლოქის ცნობილი ბრძოლა. ოსმალთა ჯარი 35 ათასამდე მებრძოლს მოითვლიდა, რუს-ქართველთა შენაერთები გაცილებით ნაკლები იყო. გადამწყვეტი გამოდგა მამაცაშვილის მეომრების წარმატება საარტილერიო დაპირისპირებაში და ცხენოსანი რაზმების საფლანგო იერიშები (ვიცე-პოლკოვნიკი კონსტანტინე მამაცაშვილი ბარათაშვილის სიყრმის მეგობარი იყო _ ზ.ა.)... ოსმალებმა მარცხი განიცადეს ბაიაზეთთან და იძულებულნი გახდნენ, ეს ქალაქიც დაეთმოთ. ასეთ ვითარებაში მოწინააღმდეგის ზურგში გააქტიურდნენ ჩრდილოეთ კავკასიელი მთიელები. დაღესტნელი მიურიდები შამილის წინამძღოლობით მოულოდნელად კახეთში შეიჭრნენ. აიკლეს სოფლები, ააწიოკეს მოსახლეობა, გაძარცვეს ალექსანდრე ჭავჭავაძის ცნობილი ბაღი და სასახლე, წაასხეს ტყვეები და გარეკეს საქონელი. შამილის ტყვეთა შორის აღმოჩნდა ალექსანდერე ჭავჭავაძის ვაჟის, დავითის ოჯახი, რომლის ტრაგიკული თავგადასავალი დეტალურად აღწერა თავადაც ტყვეობაში მყოფმა ფრანგმა აღმზრდელმა ანა დრანსემ. კახეთზე ლაშქრობისათვის სულთანმა შამილს მარშლის წოდება უბოძა. თბილისის აღების შემთხვევაში მას კავკასიის მეფის ტიტულსაც ჰპირდებოდნენ, მაგრამ შამილის წინააღმდეგ იარაღი აისხეს კახელებმა, მათ გვერდით ამოუდგნენ რუსთა რაზმებიც და მომხდურნი უკუაქციეს~ (აბაშიძე 2013: 491). აქვე შეგვიძლია დავუმატოთ: `გენერალ გრიგოლ ორბელიანის სარდლობით~.
ახლა _ ციტატა დონალდ რეიფელდის `საქართველოს ისტორიიდან~: `...ბოლოს და ბოლოს, საშინელი მსხვერპლის ფასად, ყარსი აღებულ იქნა... როდესაც 1856 წლის გაზაფხულზე ხელი მოეწერა პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებას, ყარსი ძვირფასი საწინდარი აღმოჩნდა: ყარსის გამოსასყიდად თურქეთმა რუსეთს დაუთმო შავიზღვიპირეთის ქალაქები ფოთიდან სოხუმამდე და უარი თქვა პრეტენზიებზე გურიასთან, სამეგრელოსა და აფხაზეთთან დაკავშირებით~.
არ მინდა გამოგვრჩეს, რომ შამილის მიერ წარსხმულ ტყვეთა შორის იყვნენ: ნინო მელიტონის ას. ბარათაშვილი, ნიკოლოზის და, აგრეთვე ბარბარე ორბელიანი, ილიას ქვრივი ანუ ნიკოლოზის ბიცოლა. და სწორედ ყარსის ციხის კედლებთან (ახლა უკვე რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წ.წ. ომში) საარაკო ვაჟკაცობა გამოიჩინა მაიკო ორბელიანისა და ლევან მელიქიშვილის ვაჟმა _ პოლკოვნიკმა ივანე მელიქიშვილმა, რომელიც იქ განიგმირა კიდეც.
`მერანის~ ადრესატი ე.წ. `ყირიმის ომის~ დროს დაიღუპა, ბაშკადიკლართან (ახალციხესა და ყარსს შორის), სადაც ქართველ გრენადერთა პოლკს სარდლობდა. მისი გმირობა კი მისმა თანამედროვე რუსმა სამხედრო ისტორიკოსმა აღწერა: `19 ნოემბერს ბაშკადიკლართან ორბელიანი თავის გრენადერებს ლეგა ცხენზე ამხედრებული წარუძღვა უმთავრესი თურქული საარტილერიო ბატარეის ასაღებად. შეტევის დასაწყისშივე ტყვიამ ხელში გაუარა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, უნაგირზე ისე შემოუტრიალდა თავის ცხენოსნებს და დასჭექა: `აბა, ვაჟკაცურად მივეჭრათ, გრენადერებო!~. ამ დროს მეორე ტყვიამ ბეჭი გაუხვრიტა და გულთან შეჩერდა. იგი ალექსანდრეპოლში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა 1853 წლის 8 დეკემბერს. სიკვდილის წინ მან თავისი პოლკის ნატყვიარი ალამი მოითხოვა და ეამბორა. სამხედრო ისტორიკოსთა შეფასებით, ეს იყო ადამიანი `ბრწყინვალე სიმამაცისა~ (А. Гизетти `Сборник сведений о потерях Кавказских войск...).
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: რუსეთ-ოსმალეთის სამი ომი (1828-1829, 1853-1856 და 1877-1878 წწ. _ 35.000 ქართველი მოლაშქრის მონაწილეობით) რომ არა, საქართველოს რუკას დღეს აბსოლუტურად განსხვავებული კონფიგურაცია ექნებოდა (უფრო დაწვრილებით ამ თემაზე იხ. მერაბ ვაჩნაძისა და ვახტანგ გურულის მონოგრაფია _ `ამასიიდან ყარსამდე~).
როგორც ვხედავთ, აქ მოხმობილ ისტორიულ ეპიზოდებზე თხრობაც კი, თითქოს განგებ, ისევ და ისევ ბარათაშვილის გარშემო ტრიალებს და არა მარტო იმიტომ, რომ ამ დრამატულ კოლიზიათა პერსონაჟები მისი უახლოესი ადამიანები არიან. კიდევ იმიტომაც, რომ ყოველივე, რაზედაც ყვებოდნენ ზემოთ ციტირებული ისტორიკოსები, კიდევ ერთხელ ამართლებს ბარათაშვილის ჯარისკაცობის იმ დაუოკებელ სურვილს, რომელიც, სკეპტიკურმა თვალთახედვამ, შესაძლოა, მამაკაცური კომპლექსების რეალიზაციისა და თვითდამკვიდრების გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ სურვილს გადააბრალოს.
ბარათაშვილის დროინდელ ქართულ საზოგადოებაში სამხედრო კარიერა, პრესტიჟისა და მატერიალური დამოუკიდებლობის გარდა, ქართული ისტორიული ინტერესების დაცვასთან ასოცირდებოდა (`მამა ვაცხონე, ეს სულ საქართველოს სისხლის ღაღადისია!~ _ გრიგოლ ორბელიანი). თავად ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტური და ეპისტოლარული მემკვიდრეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი სავსებით იზიარებდა ამ მიმართებას.
ბარათაშვილის ბიოგრაფიის `კონსპიროლოგიური~ მეთოდით კვლევა ამ ოცი წლის წინათაც უცდიათ, მაგრამ არც ერთი ოპონენტი არ გამოჩენილა, თქვენი მონა-მორჩილის ჩათვლით... ავტორი ჩემი კოლეგა გახლდათ _ დიდი ქართველი მწერლის ქალიშვილი და რომანტიზმის პრობლემების ღვაწლმოსილი მკვლევარი. საკმარისი მიზეზებია?! გულწრფელად რომ ვთქვა, ახლაც დუმილს ვარჩევდი, დღევანდელი სათქმელის სახვალიოდ გადადებას ჩემს ასაკში უკვე პროფესიულ არაკეთილსინდისიერებად რომ არ ვთვლიდე.
მოკლედ, ნიკოლოზ ბარათაშვილის 150 წლისთავის აღსანიშნავად, გაზეთმა `კალმასობამ~ მთელი ნომერი (1997 წ. #13) დაუთმო ამ თარიღს, და სწორედ აქ დაიბეჭდა პროფესორ მანანა კაკაბაძის ზემოთ ნახსენები გამოკვლევა - `დუელი~. სტატიის ავტორს მოჰყავს პრაქტიკულად მთელი მასალა, რაც კი მოიპოვება ბარათაშვილის ამ ოდიოზური დუელის შესახებ და ასკვნის: `მოყვანილი მასალიდან ნათელი ხდება, რომ ბარათაშვილსა და მის გულუბრყვილო ბიძას საგანგებოდ აქეზებდა ერთმანეთზე ვინმე მატინოვი, ვფიქრობთ, სპეციალური მისიით მოგზავნილი პოეტთან სამეგობროდ, მისთვის ხიფათის მოსატანად.
...ეს უბედურება მაშინ თავიდან ააცილა პოეტს მისმა მეგობარმა, ლევან მელიქიშვილმა, რომელმაც, თვით ბარათაშვილთან შეთანხმებით, მარტინოვისაგან დამალვით, ყალბად დატენა დამბაჩები და გადაარჩინა სიკვდილს ბიძა-ძმისშვილი (უნდა იყოს: `დისშვილი~ -ზ.ა., თუმცა, ეს, უბრალოდ, კალმის წაცდენაა). როგორც ცნობილია, ლერმონტოვს არ ჰყავდა ასეთი მეგობარი, რომელიც მას იხსნიდა აშკარა მკვლელობისაგან, ეს დუელი მოხდა 1841 წლის შემოდგომაზე (იაკობ ბალახაშვილის არგუმენტირებული ვერსიით _ `არა უგვიანეს 1840 წლის 21 მარტისა~– ზ.ა.), ხოლო ლერმონტოვის დუელი მოხდა 1841 წლის 15 (27) ივლისს პიატიგორსკში~.
ონომასტიკაც კი ამ კონსპიროლოგიური ვერსიის სასარგებლოდ მუშაობს: `ნიკოლოზ პირველის ხელისუფლება[მ], [რომელიც] ვერ იტანდა ცოცხალ გენიოსებს,~ პიატიგორსკში მიავლინა გადამდგარი მაიორი ნიკოლოზ მარტინოვი, ხოლო თბილისში _ `საპიორის აფიცერი~ მატინოვი, რომელიც `...დროებით, სპეციალური დავალებით მოვლენილი ყოფილა აქ შავი საქმისათვის... დუელის საქმე ისე იყო მოწყობილი, რომ მას წინ არაფერი უნდა დადგომოდა. შერჩეული იყო კადრებიც, ილია ორბელიანი, შესანიშნავი ვაჟკაცი, გამოცდილი მეომარი და ბრწყინვალე მსროლელი. მის ტყვიას, ცხადია, მსხვერპლი ვერ გადაურჩებოდა, ისიც გათვლილი იყო, რომ ბარათაშვილი, თუკი დუელი სწორად ჩატარდებოდა, არავითარ შემთხვევაში არ ესროდა თავის ბიძას, მისი ტყვია აუცილებლად ჰაერში წავიდოდა, ხოლო წყენისაგან გონებადაკარგული ბიძა თავის დისწულს შიგ გულში დაუმიზნებდა და მოარტყამდა ტყვიას. ეს ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო.~ სიტყვა-სიტყვით მეორდება სცენარი ლერმონტოვ-მარტინოვის დუელისა, რომელშიც სადუელო კოდექსი არ დარღვეულა, მაგრამ, ის, რაღა თქმა უნდა, ნამდვილ მკვლელობად აღიქმება.
გაზეთ `კალმასობაში~ გამოქვეყნებული `დუელის~ დეტექტიური სიუჟეტი, ალბათ, დამაჯერებელი იქნებოდა, თუ შევთანხმდებოდით, რომ ნიკოლოზ I ფხიზლად ადევნებდა თვალს ბარათაშვილის შემოქმედებას, ხოლო საიდუმლო პოლიციის შეფი _ ალექსანდრე ბენკენდორფი _ პოეტის თითოეულ ნაბიჯს. ზუსტად ისევე, როგორც ეს პუშკინისა და ლერმონტოვის შემთხვევაში იყო.
ამ დაეჭვების პასუხად, დარწმუნებული ვარ, ქ-ნი მანანა, `ალიბის~ სახით, ისევ და ისევ დიდი პავლე ინგოროყვას მონოგრაფიის მეორე თავს (`პოეტი და მეფე-ტირანი~) გადაგვიშლის, საიდანაც ვიგებთ ნიკოლოზ I-ის 1837 წელს საქართველოში ვიზიტის დროინდელ ამბებს: `11 ოქტომბერს თბილისის თავად-აზნაურობამ გაუმართა მას [იმპერატორს] დიდი ბალი~ (აქ იყო, იმპერატორი მაიკო ორბელიანით რომ მოიხიბლა, ზ.ა.). აქვე, ამ მეჯლისზე `ნიკოლოზ I-მა ნიკოლოზ ბარათაშვილი გამოარჩია იმდროინდელ ბრწყინვალე ახალგაზრდობაში და მას თავისი `ორდინარეცი~ შეარქვა~. აქვე მითითებულია ამ `გამორჩევის~ მიზეზიც: `ნ. ბარათაშვილი, ჩანს, მართლაც მშვენიერი, საგანგებოდ მოხდენილი ყმაწვილი კაცი ყოფილა, რომ იმპერატორს ასე გამოურჩევია...~მკითხველი გაიგებს იმასაც, რომ პოეტი მასპინძელთა შორის აღმოჩნდა, რამეთუ: `მელიტონ ბარათაშვილი, როგორც რუსულის კარგი მცოდნე, იყო პირადი თარჯიმანი ნიკოლოზ I-სა~. შემდგომ ამისა ტატო დაჯილდოვდა `ნიკოლოზ I-ის მიერ `უმაღლესად~ ბოძებული სამახსოვრო მედლით... ამრიგად, ნიკოლოზ ბარათაშვილი ახლო ურთიერთობაში იყო იმპერატორთან მისი საქართველოში ყოფნის დროს~. აქვე (ეს საყურადღებოა!) ნახსენებია `მეორე პოეტი, ასევე ნიკოლოზ I-ის მიერ `უმაღლესად~ ბოძებულ კამერ-იუნკერის მუნდირში, _ პუშკინი, მოკლული 1837 წელს~.
ერთი ჩანართი: ისე მგონია, ბარათაშვილზე დღეს დაწერილ წიგნში `ტირანი~ აუცილებლად უნდა გამოჩნდეს, ოღონდ სახეცვლილი ჰიპოსტასით: `პოეტი და მამა-ტირანი~, სადაც, ფრანც კაფკას მამისადმი მიწერილი ცნობილი წერილის მოხმობით, ვიხილავთ, როგორ დგანან ერთმანეთის პირისპირ _ `ანჩხლი, მჭყივანა, მყვირალა, თავის სახლის დამამწარებელი~, როზგებმომარჯვებული მელიტონ და მისი გაფითრებული პოეტი-ვაჟი იმ პროლონგირებულ დუელში, რომელსაც ჩვენში `მამა-შვილური სიამტკბილობა~ ჰქვია.
განვაგრძობ: `ახლო ურთიერთობათა~ არგუმენტებს დამაჯერებლობა ნამდვილად აკლდა:ნიკოლოზ I-ის მიერ ბარათაშვილისათვის `ორდინარცობის~ შეთავაზება ამბიციური ბარბარე ვეზირიშვილის შეთხზული სიუჟეტია _ მის იმჟამინდელ ოცნებათა მანიფესტაცია. მის გარდა ეს ფაქტი არავის უხსენებია და ვერც ახსენებდა, რადგან `ორდინარეცი~ მხოლოდ სამხედრო ჩინი შეიძლებოდა ყოფილიყო და იმპერატორისგან ამ საკურიერო ფუნქციის ოდიოზური შეთავაზება სამოქალაქო პირისათვის იქ დამსწრე ახალგაზრდა ოფიცრებს შეურაცხყოფდა. რაც შეეხება `რჩეულთათვის განკუთვნილ~ სამახსოვრო მედალს, იმპერატორის კავკასიაში ვიზიტისას ეს მედალი 2847 პირს დაურიგდა (გარდა ამისა, საინტერესოა, რომ ამ 2847 პირს შორის არ ჩანს მელიტონ ბარათაშვილი (იხ. ინტერნეტ-საიტი `Награды императорской Росии 1702-1917 г.г.~).
ისე იყო თუ ასე, `ახლო ურთიერთობანი~ პოეტსა და იმპერატორს შორის თურმე მტრობაში გადასულა ბარათაშვილის `პოლიტიკური რადიკალიზმისა~ გამო, რის შედეგადაც: `...სრულიად უეჭველია, რომ ნ. ბარათაშვილი უნდა გამხდარიყო და გამხდარა კიდეც ცარისტული ხელისუფლების მეთვალყურეობის საგანი~. ხოლო ცოტა ხანში, `1844 წელს... თვიმპყრობელობას უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილი აქვს ბარათაშვილის მოსპობა~.
ვაი რომ, არც ამ დრამატული სცენარის დამადასტურებელი ისტორიული საბუთები მოიპოვება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნიკოლოზ I-ის იმპერიიის ბიუროკრატიული პედანტიზმის (ამ ფენომენის თაობაზე კარგად წერს მარტინ დე კიუსტინი) წყალობით, ისტორიკოსებმა (და განსაკუთრებით _ პროფ. შალვა ჩხეტიამ, რომელმაც საგულდგულოდ მოიძია არქივებში ნიკოლოზ ბარათაშვილთან დაკავშირებული უმნიშვნელო დოკუმენტებიც კი) კარგად იცოდნენ, თუ ვის უთვალთვალებდნენ ხელისუფალნი 1832 წლის შეთქმულების ყოფილ წევრთაგან და მათი გარემოცვიდან. ნიკოლოზ ბარათაშვილი მათ შორის ნამდვილად არ ყოფილა..
ისიც საინტერესოა, რომ რომ `ბიოგრაფიული ნარკვევის~ 1938 წელს გამოქვეყნებულ ტექსტში, `მითოსქმნადობის~ თვალსაზრისით, ყველა ძირითადი კონცეპტი სახეზეა, მაგრამ მაინც მოზომილია (ახლა ამბობენ _ `სატესტო რეჟიმშია~) და, მაგალითად, თუ წერია, რომ ბარათაშვილი იყო `ცარისტული ხელისუფლების მუდმივი მეთვალყურეობის საგანი~ _ წერტილია დასმული. რადგან თავის დროზე ამ მტკიცებას არანაირი რეაქცია არ მოჰყვა (ეს გასაგებიცაა _ მკვლევრის ოპონენტი ხელისუფლებასთან დამსმენი გამოვიდოდა), პავლე ინგოროყვა ამ სიუჟეტმა აშკარად გაიტაცა: 1945 წლის კრებულის წინათქმაშიც დაკიდევ უფრო - 1969 წელს გამოცემულმონოგრაფიაში დრამატულად გაგრძელდა `კონსპიროლოგიური დისკურსი~. ეს უკვე აშკარად იყო `ხელოვნება _ ხელოვნებისათვის~, რადგან გარეთ შედარებით `ვეგეტარიანული ხანა~ იდგა და დიდი პოეტის სახელს აღარაფერი ემუქრებოდა...
`ვარიაციები პუშკინ-ლერმონტოვ-ბარათაშვილის თემაზე~ აშკარად `ლიტერატურული ფანტასტიკის~ ჟანრს მიეკუთვნება. ახლა `ფსიქოლოგიური დრამის~ ჟანრში გადანაცვლება მოგვიწევს, რადგან `მერანის~ ადრესატის პრობლემას უნდა დავუბრუნდეთ: ისე მგონია, უფროსი თაობის წარმომადგენლები `ალექსანდრე ბატონიშვილის ვერსიის~ რომანტიზმით მოიხიბლნენ, თუმცა (იმ ფსიქოლოგიური გარემოებების გათვალისწინებით, რომლებზეც ვწერდი პავლე ინგოროყვასთან დაკავშირებით) ამჯობინეს, სასაუბრო ჟანრს არ გასცილებოდნენ.
მაგრამ, რაც უფრო უმცროსია თაობა, მით უფრო კატეგორიულია. უფროსები ვარაუდობენ _ უმცროსები ამტკიცებენ! ეს `კატეგორიულობაც~ ადვილი ასახსნელია: თუ კათოლიციზმში არსებობს დოგმატი რომის პაპის უცდომლობის (“ინფალლიბილიტას”) შესახებ, კულტურაშიც ხომ არის ასეთი ფენომენი _ `გურუს~ ქარიზმა, ნიცშე იქნება ეს თუ გურჯიევი. უმცროსი ზურგგამაგრებულია უფროსის ავტორიტეტით. ამიტომაა, რომ `იერარქიული კიბის~ პირველ საფეხურზე აღმოჩენილი ნინო ვახანია უფრო კატეგორიულია, ვიდრე `ზემდგომნი~; ან კიდევ: ნიკოლოზ ბარათაშვილის `პირადი წერილების~ (თბ., 2015) კომენტირებისას ავტორიტეტებით დამფრთხალი მაია ცერცვაძე კი ახსენებს ბარათაშვილისლექსის ადრესატს, მაგრამ იქვე, ყოველგვარი რემარკების გარეშე, `მაკომპრომეტირებელი~ წერილის კომენტირებისას, მკითხველის დამაბნეველ მთელ გვერდს უთმობს `ინგოროყვასეულ~ ვერსიას.
ერთია, როცა მოძღვრის ქარიზმით ჰიპნოტიზებული შეგირდები მანტრასავით უცვლელად იმეორებენ `გურუს~ აჩემებულ თეზას, მაგრამ კიდევ უარესია, როცა თავისთავად რომანტიკულ იდეას ისეთი `არგუმენტებით~ ასაბუთებენ, რომლებიც ნამდვილად არ მატებს ღირსებას ბარათაშვილის სახელს.
ეს `არგუმენტები~ ჩვენი ისტორიული ძნელბედობით აიხსნება: დიდი ქართველი მწერალი დიდი მოღვაწეც უნდა იყოს და, სასურველია _ წმინდანიც! ანუ: ჯოისი და პარნელი ერთად. ხოლო თუ არ არის _ ასეთად უნდა ვაქციოთ! ესაა ქართული კულტურის `კატეგორიული იმპერატივი~, რომელიც განსხვავებულ ისტორიულ ეტაპებზე განსხვავებული ფორმით ვლინდება.
ქართველი ლიტერატორები ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავთან.
პირველ რიგში: გრიგოლ ცეცხლაძე, ლევან ასათიანი, გიორგი სუმბათაშვილი (ნიკოლოზ ბარათაშვილის დისწული), სანდრო შანშიაშვილი, ირაკლი აბაშიძე.
მეორე რიგში: გიორგი ლეონიძე, პავლე ინგოროყვა, ქეთევან ბაქრაძე-ინგოროყვა, ეფემია გედევანიშვილი-ლეონიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ივანე ენიკოლოფოვი, სერგო კლდიაშვილი.
მესამე რიგში: შალვა აფხაიძე, ელიზბარ ზედგენიძე, ალექსანდრე ქუთათელი, ლევან გოთუა, გიორგი აბზიანიძე.
დიდუბე, 15 ოქტომბერი, 1938 წ.
ჩვენს სინამდვილეში როგორ გამოვლინდა, უკვე ვნახეთ. ახლა დავინტერესდეთ, თუ რატომ დასჭირდა დიდ პავლე ინგოროყვას `პატარა ეშმაკობა~ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელის უკვდავსაყოფად?! როგორი იყო სინამდვილეში მისი ზეამოცანა?!
გიორგი ლეონიძის შვილიშვილის, ისტორიკოს გიორგი ქავთარაძის საოჯახო არქივში ინახება გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს გადაღებული ფოტო, რომელზეც გიორგი ლეონიძე და პავლე ინგოროყვა მთაწმინდის პანთეონში არიან აღბეჭდილნი. არ გამიკვირდება, რომ ორი დიდი ქართველი მთაწმინდაზე ბარათაშვილის `მესამე საფლავის~ ადგილის შესარჩევად იყვნენ ასულნი. არც ის გამიკვირდება, რომ სწორედ გოგლა ყოფილიყო ინსპირატორი 1938 წელს პავლე ინგოროყვას ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი მიძღვნილი ბიოგრაფიული ნარკვევის დაწერისა, რათა მისი გამოქვეყნება ჟურნალ `მნათობში~ (## 9,10) დამთხვეოდა პოეტის გადმოსვენებას მთაწმინდაზე 1938 წლის 15 ოქტომბერს. ეს პუბლიკაცია, სავარაუდოდ, გამიზნული იყო ერთგვარ `იდეოლოგიურ დასაბუთებად~ ნიკოლოზ ბარათაშვილის ქართულ ოლიმპზე სამარადჟამოდ დამკვიდრებისა. დღეს ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს დასაბუთება სჭირდებოდა არა მხოლოდ იმდროინდელ ხელისუფლებას, არამედ მთელ ჩვენს იმდროინდელ საზოგადოებასაც და, აი, რატომ: ილიასა და აკაკის ფენომენმა `პოეტის~ ცნება განუყრელად დაუკავშირა საზოგადოებრივ ასპარეზს. ხომ ყველას გვახსოვს ილიას პათეტიკური წამოძახილი: `ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა~. უკვე საკულტო ნაწარმოებად ქცეულ `პოეტში~ გაცხადებული `კრედო~ უნივერსალური აღმოჩნდა. იმდროინდელი ქართული საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, ნიკოლოზ ბარათაშვილი მაინც ვერ დადგებოდა ილიასა და აკაკის გვერდით, თუ ჰეროიკულ პიროვნებად და თანამედროვეთა `აზრთა მპყრობელად~ არ წარმოჩნდებოდა.
`რესპუბლიკის ხელმძღვანელობაზე~ რაღა უნდა ითქვას: ამათთვის `დიდი პოეტი~ ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი არგუმენტი და `უკვდავების კანდიდატის~ საკითხი ისევე რუტინულად განიხილებოდა, როგორც ნებისმიერი პარტიული დაწინაურება. ტრაგიკული, სასოწარკვეთილი, თუნაც გენიალური რომანტიკოსი დიდად სასურველი პერსონა არ იყო... აი, თუკი ბარათაშვილი თავისი დროის პროგრესული მოძრაობის სულისჩამდგმელად, ნიკოლოზ I-ისა და მისი რეჟიმის მტრად და, საბოლოოდ, ამ პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლად წარმოჩნდებოდა _ ეს პრინციპულად ცვლიდა სურათს. პავლე ინგოროყვასა და მის თანამოაზრეთა მცდელობით, ასეც მოხდა და უკვე 1945 წელს ბარათაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლისთავი სახელმწიფო დონეზე აღინიშნა. გარდა ოფიციოზური ღონისძიებებისა, ეს კეთილისმყოფლად დაემჩნა ბარათაშვილის თხზულებათა გამოცემის დონესაც და, განსაკუთრებით, უცხო ენებზე თარგმანის ორგანიზებასაც: თუ 1937 წლის `ლიტერატრულ გაზეთში~ (№17) აღნიშნული იყო, რომ `განსაკუთრებით სუსტადაა თარგმნილი ნ. ბარათაშვილის ლექსები~, 1945 წელს ბარათაშვილის ლირიკის რუსულ ენაზე პასტერნაკისეული ბრწყინვალე თარგმანი ერთგვარ ინსპირაციად იქცა დიდი ქართველი რომანტიკოსის შემოქმედების მსოფლიო ასპარეზზე წარმოსაჩენად.
როგორც ჩანს, პავლე ინგოროყვამ ზუსტად გათვალა, რა აქცენტებზე იყო აგებული ალქსანდრე პუშკინის დაღუპვიდან 100 წლისთავის გრანდიოზული აღნიშვნა მოსკოვში და ყველაფერი გააკეთა, რათა ბარათაშვილის ბიოგრაფია ისეთ რაკურსში წარმოეჩინა, რათა პარტიულ იდეოლოგებს დაენახათ აქ თვითმპყრობელობასთან დაპირისპირებული საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერი (პუშკინის ან მიცკევიჩის ანალოგიით) და არა _ თავისუფლებას მოწყურებული პიროვნების ამბოხი. ანუ ის, რისთვისაც ასი წლის შემდეგ ხელის აუკანკალებლად გამოჰქონდათ სასიკვდილო განაჩენი დიდი რომანტიკოსების სულიერ მემკვიდრეთათვის...
ემოციურ პლანში ეს გარდასახვა პავლე ინგოროყვას არ გაუჭირდებოდა, რადგან თვითონ იყო დაპირისპირებული `ადგილობრივ მეფე-ტირანთან~ (ანუ `ლავრენტი I-თან~), დანის წვერზე უწევდა სიარული და ეს დაამტკიცა კიდეც იმ თავისი ნარკვევით, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ პერიოდში რომ იწერებოდა. დაუჯერებელია, მაგრამ პავლე ინგოროყვამ წინათქმის ტექსტში 1945 წლის კრებულისათვის მაინც ჩაადუღაბა თავისი მთავარი სათქმელი: `ბარათაშვილის მერანის საზღვარდაუდებელი გიჟური ბრძოლა ეს არის აჯანყება განწირულის სულისა, აჯანყება გმირული, მაგრამ თითქოს უიმედო; მაინც პოეტს იდუმალი გრძნობა ეუბნება, რომ ამაოდ არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება~.
როგორი ვირტუოზული აბრუნდია! ნიმუში ესსეისტური პასაჟისა, სადაც ავტორი ახერხებს, სულ რამდენიმე მონასმით წარმოუსახოს მკითხველს `მერანის~ მეტაფიზიკური სივრცე და აგრძნობინოს ის შიშნარევი ექსტაზი, რომელსაც ლაგამაწყვეტილი ცხენის ფაფარს ჩაბღაუჭებული მხედარი განიცდის...
წავიდა შიშისა და მრისხანების დრო, რომელსაც სასწაულებრივად გადაურჩა პავლე ინგოროყვა, დავიწყებას მიეცა მრავალ და მრავალ კალმოსანთა თუ ჩინოსანთა სახელები... მაგრამ დარჩა სახელი დიდი პავლე ინგოროყვასი, დარჩა თავისი განსაცვიფრებელი მიგნებებითაც და მირაჟებითაც, დარჩა თავისი შეუბღალავი ბიოგრაფიითა და სახელით, ერთხელ და სამუდამოდ შთანერგილით ქართულ მეხსიერებაში.
P.S. ამ პიეთეტს რამდენადმე ბიოგრაფიული წარმომავლობაც აქვს: მამაჩემი _ გიორგი აბზიანიძე ხშირად იხსენებდა პავლე ინგოროყვასთან თანამშრომლობას ჯერ კიდევ ნიკოლოზ ბარათაშვილის მთაწმინდაზე გადმოსვენების საორგანიზაციო კომისიაში 1938 წელს (რომელშიც სწორედ მისი რეკომენდაციით შეიყვანეს) და შემდგომ _ უკვე ბარათაშვილის ნაწარმოებთა 1945 წლის საიუბილეო ერთტომეულის გამოცემაზე მუშაობისას. როგორც მამა ყვებოდა, გამოცემის სარედაქციო კოლეგიას ფორმალურად აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე ედგა სათავეში, თუმცა რეალური რედაქტორობა პავლე ინგოროყვამ იტვირთა. მანვე შემოიერთა ამ პროცესში თავისი უმცროსი კოლეგები _ გიორგი აბზიანიძე და აკაკი გაწერელია: ერთს ლექსების კომენტირება მიანდო, მეორეს _ წერილებისა (ორივენი ბარათაშვილის ბიოგრაფიაზე მუშაობდნენ და უკვე გამოქვეყნებული ჰქონდათ სამეცნიერო გამოკვლევები ამ თემაზე). `მერანის~ `ახალი ადრესატის~ თაობაზე მამაჩემს ნამდვილად არაფერი უამბნია, მაგრამ ჩემი სტუდენტობისას, როდესაც იგი ხშირად ეთათბირებოდა თავის სათაყვანებელ მენტორს აკაკი წერეთლის 15-ტომეულის გამოცემისას ცენზურასთან წარმოქმნილი პრობლემების თაობაზე, მოუყოლია იმ ისტორიებზეც, რომლებიც 40-იანი წლების დასაწყისში ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის `იდეოლოგიურ შეფუთვას~ უკავშირდებოდა.
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა