გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ხათუნა მარტიაშვილი - ლექსები



***
გათენებამდე ვეღარ მიხვედი,
დღეებს აგროვებ ხსოვნის ღერებად
და შეგრძნება გაქვს თითქოს ისეთი,
რომ გამოგტოვა ქვეყნიერებამ.
ვინ აგაწყვიტა ხსოვნის ღილები,
უკვე რამდენჯერ უნდა გიყვარდეს,
ისე გიჭირავს სული კბილებით,
რომ გეშინია,არ დაგივარდეს.
კალთაში კვდება უთქმელი დარდი
და ,,მარილზეა" სითბო გასული,
გარეთ კი ისევ სიცივე დარბის
და ფანჯრის მინებს კაწრავს წარსული.
დღემ დაივანა ღამის უბეში
და ვარსკვლავებით ღამე ციალებს
და გული სტკივათ გულის კუთხეში
ჩვენი წარსულის ინიციალებს.


***
ღამეა ისე უმისამართო,
გზას მოეძალა სიმშვიდის ფითრი,
ურჩ იმედებთან აღარ ვკამათობ,
ვდგავარ და სულის ნანგრევებს ვითვლი.
მთვრალ საქართველოს ერევა ფეხი
და სუფრას უზის ჩრდილში ინახად,
იქ მელოდება ბებერი ვერხვი
და პაპის აკვნის ხსოვნას მინახავს.
სიკეთის კარი დამირჩა ღია
და სიყვარული მამათრახებდა,
აუხდენელი ფიქრები ყრია
სულის რიყეზე მკვდარ კალმახებად.


***
არ მინდა წასვლა და გეაჯები,
ვერ მივეფიცხე ვერაფრით იმ მზეს
და მშობლიური სახლის ფანჯრები
მოხუცი მამის თვალებით მიმზერს.
გამოციებულ სამყაროს უბეს
ხსოვნად შემორჩა ცრემლების ბღუჯა,
ცაზე ბავშვივით წაქცეულ ღრუბელს
ტირილით სავსე თვალები უჩანს.
ბედნიერება ვერ დავიბედე,
ცოდვა კი არა,დრო მამძიმებდა
და ქარებისგან ამწყდარ იმედებს
არ ველოდები სახლის დირესთან.
იღბალმა ღვინით ჩამოიარა
და აფახულებს შემთვრალ წამწამებს
და ეზოს ჭიშკარს ქარი კი არა,
ეს მონატრება ასე აწვალებს.
ქარში ინთქმება ექოს ძახილი,
ჩემი სახლის კარს სიზმრად ვაღებდი,
დაღლილი,მაგრამ ერთგულ ძაღლივით
ელოდებიან მგზავრებს სახლები.
ჩემს ბედისწერას უჩემოდ წერენ
და მოგონება მთანგავს ქარივით,
თქვენთან მოვდივარ დიდი ხნის მერე
და სიტყვებს ვარჩევ საჩუქარივით.


***
შენ წრთი მუჭა სითბო დაგაკლდა,
მე ერთი მუჭა რისკი დამაკლდა,
დავმსხდარიყავით ერთხელ.პირისპირ
დს ჩვენს თავებზე გველაპარაკა.
და ურჩი სულის დასაპურებლად
არ დამიტოვე მცირე ნუგეში,
მე ახლაც მიჭირს ზამთრის ყურება
შენს გაციებულ თვალის გუგებში.
წუთად დამრჩები წუთისოფლიდან,
როც სიცოცხლე გლოვას დაიწყებს,
მოდი,რომ  თითქოს არც კი ყოფილხარ,
მოდი,რომ იქნებ გადამავიწყდე.


***
მოვრბოდი გზებზე,ვით ქარიშხალი
და უშენობა ფეხდაფეხ მდევდა,
მიდის ცხოვრება,ხელში შემომრჩა
თაიგულივით ლამაზი სევდა.
წუთითაც კი არ ყოფილხარ ჩემი,
თუმცა,ყოველთვის იყავი ჩემთან
და მოგონებებს შემოვრჩით სამნი:
მე შენ და ჩემი ლამაზი სევდა.
მომდევდა ბედი და კალენდრიდან
დარჩენილ დღეებს უგულოდ ხევდა,
მოვა დრო ,როცა აღარ ვიქნებით
მე,შენ და ჩემი ლამაზი სევდა.


***
ქორონიკონრბს მწყემსავს ელია,
მზე მენატრება და მეჩვენება
და მზის საათიც ისე ძველია,
მგონი,დროც აღარ დაეჯერება.
დგას ბედისწერა ტრიალ მინდორზე,
სიცილით კვდება,ისე დამცინის,
დავდივარ სულის სანაპიროზე
და არ მცილდება ცრუ და მაცილი.
კლაკიორების ყალბი ტაშივით
უიმედობა გზებს ანადგურებს,
ვდგავარ სიცხეში ჯიუტ ბავშვივით
და ისევ ვაწყობ აგურს აგურებს.
ამომივიდ ყელში სამსალა,
უდარდელობას წლები მაშორებს,
იქნებ დამცინოთ,მაგრამ არ ვმალავ,
ვნატრობ ბავშვობის სათამაშოებს.
სათნოებამდე დიდი რიგია,
დახაზულია გული ბზარებად,
კი ვფიქრობ,მაგრამ ვერ გამიგია,
მიჭირს სიკვდილი,თუ მეზარება.
ამ ნასახლარზე დარდი ყვაოდა,
ისიც გამქრალა ფუყე სიტყვებად,
სიყვარულს ვავსებ უფლის წყაროდან
და კოკა მუდამ გზაზე მიტყდება.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge