გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გია ჯიჭონაია - ლექსები

                                             
                           სიმარტოვის ელეგიები  

XXI სასტიკ მხეცებთან გალიაში
წარმოადგენენ მეომრები შოკისმომგვრელ სივს, 
რათა ბრძოლაში არ წავიდეს, ვინც ძაბუნია, 
აქ უჩვეულო გემო დაკრავს ერთმანეთის სისხლს 
და ცრემლები კი გულებისთვის კვლავ სალბუნია. 
მათი ღიმილი ბევრ რამეზე კვლავ მიგანიშნებს, 
თუკი რიტუალს მერამდენედ შენც შეესწრები, 
გაოცებს ზოგჯერ ამტანობა, სიდარბაისლე 
და გასაჭირში უცნაური ქცევის წესები. 
ერთმანეთისთვის შეთხზული აქვთ მათვე მითები, 
ყველა გმირია, როცა კითხავ, არ დაგიმალავს, 
თურმე იოლად სრულდებიან იქ შეკითხვები, 
რაკი ეჭვები შეარყევენ საკუთარ ძალას. 
გაუტანლობა მორიგ დღესაც ისევ ძლიერობს 
და გაბრწყინებას სიხარული ახლაც ვერ ასწრებს, 
შენ აქ სულმდაბალს არ აღირსებ სამაგიეროს, 
რათა იტანჯოს მისსავ გზაზე, ბოღმისგან გასკდეს.


XXII 
მგრძნობიარეთა ხვედრი თურმე ახლაც სევდაა 
და სწორიცაა, როცა ბედი უცხო ხელშია, 
აქ მეგობრობა თუ ღალატის ისევ დედაა, 
იქ სიყვარული, დამერწმუნე, კვლავ საფრთხეშია. 
სასწაულების ბევრჯერ სწამდათ და დაიჯერეს, 
არ შინებიათ შხამიანი მათაც ისრების, 
სად არ დადიან, ვინ არ ნახეს, რა არ იგემეს, 
ტკბილს მწარე სდევდა, მწარეს ტკბილი, მერე ისევ ის... 
უცქერი ამათ და ყურს უგდებ მხეცთა ჟრიამულს, 
მორიგ საათებს დაუვიწყარ ფონად რომ ადევს, 
ბოლოს ყველაფერ ამას არქმევ - ადამიანურს 
და, დღესდრეობით, შეფასებას უმაღლესს აძლევ. 
გაგიღიმებენ, ცოდვის სხივი თუკი არწიეს 
გონებაში და იმ დროს თვალში უნდა უცქირო, 
თურმე ყოველდღე ახალთახალს ქმნიან პარტიებს, 
რომ საბოლოოდ აქ ერთმანეთს დედა უტირონ.


XXIII 
ლექსის იდეა ახლაც ისევ ჩნდება ფრაზიდან, 
პირველი სიტყვით, მუზის მიერ ნაკარნახევით, 
ოქროს სიტყვები იპარება რითმის რაზიდან 
და აღარ რჩებათ შანსი უკვე უკანდახევის. 
ლექსს ვიწყებ ასე, - „ჩამაგონებს ვიღაცა სურვილს..“, 
რომელიც ახლა ჩემთვის ახალ ამბავს პოტიკობს, 
ღიმილით მორბის ან პირიქით, დაგროვილ ურვით, 
ვინ შთამაგონებს? - მუზა ქვია იმ ინკოგნიტოს. 
თავბრუდამხვევი მიხვედრები და მსჯელობანი, 
აღმოჩენების კასკადებით ტკბობის უნარი, 
მზიან დღეებზე უჩვეულოდ მშვიდი რომანით 
და შემოდგომის ამ ფერებით, გაუხუნარით. 
ფარულ მიზეზებს ჯადოქრობა ვეღარ მოარჩენს, 
უცნობი წიგნის იხიბლები ახალ გვერდებით, 
ის სიტყვებს მიღმა თუ ბევრ რამეს ჯერაც ვერ ამჩნევს, 
შენ, დაჟინებით, მერამდენედ ჩააცქერდები.


XXIV 
არსებობს ღმერთი და ჩვენს ყოფას გამოაკეთებს, 
- მწარედ მოთქვამდა ერთ დროს ეჟენ რასტინიაკი. 
და თუ არადა, უაზრობა ყოფილა ესეც 
(აქ დაფიქრებით ათქმევინებს ამას ბალზაკი). 
ვინაც ადვილად შეუნდობდა ცოდვას მის გმირებს, 
მიეტევება, ამბობს, - ისიც მიწის შვილია... 
და შედევრები, სადაც სიბრძნე სულ დომინირებს, 
თითქმის მოძღვრული გულგრილობით აღჭურვილია. 
მასწავლებელი არის ტანჯვა, შენ კი მოწაფე, 
თავშესაფრად კი მეგობრობა და სიყვარული, 
გზად ტანჯვას შური, სიძულვილი გაგიორმაგებს, 
თავისდაღწევას მისგან ცდილობ - ჩქარ სიარულით. 
წუთისოფელი უხეიროდ მოწყობილია, 
აქ უამრავმა თურმე სიკვდილს თვალში უყურა, 
ის გრძელი კაბა კვლავ ცრემლებით გაწყობილია 
და ყველაფერი კი მოიცავს ცხოვრების სურათს.


XXVI
აიღო ნოტი, მხოლოდ სამი, ახლა ბულბულმა, 
იქ მოსეირნე წყვილი ნახა და ხმა გაკმინდა, 
ასე უყურა შეყვარებულთ ხმაგატრუნულმა, 
გოგონას თვალთან რაც დალანდა კურცხალი წმინდა. 
ენას მოსწონდა ეს სიმუნჯის მდგომარეობა, 
ბუჩქში შემძვრალი რაც გაოგნდა, იქვე დადუმდა, 
მშვენიერებას მიყრდნობილის გული მღეროდა, 
ენამ კი ამას ვერ გაუძლო და იყო ჩუმად. 
გულსმონაწოლი ნაღველისგან სატრფო ტიროდა, 
,,ჰოს“ ,,არა“ სდევდა, ,,არას“ კი ,,ჰო“ და ჭიდაობას, 
ორ სიტყვას შორის, ამ ცხოვრების აზრი მიჰქონდა, 
- ვაჟი ხედავდა მისი სულის ამ მოძრაობას. 
მთელი ამბავი მაინც არის ძლიერ მარტივი, 
როგორც ბაყაყის რეფლექსები, თქვა იქ გამვლელმა, 
რის სიყვარული, - ჩაახველა ბრძენი კაცივით, 
რაც არ არსებობს, მუდამ მჯერა მისი ნაკლებად.


XXIX     ნაწამები მხეცუნა 
ფრიად კარგია ის ქალი და არ დაბერდება, 
ბოლომდე დაცლის შავ დღეებით სავსე ფიალას, 
აღარ გატყდება, ღიმილს აღარ მიაშტერდება, 
ეწამება და არ გაჩვენებს თავის იარას. 
ენაზე მომდგარ ყველა სიტყვას არ რატრატებდა, 
ახლაც ასეა, რასაც ფიქრობს, იმას იქ მარხავს. 
ფიქრს ვერ ბედავდა ბევრ რამეზე, ტაბუს ადებდა, 
ვიცი, ყველაფერს თავის კეთილ გულში ინახავს. 
სიკეთის გზაზე მან იარა მართალი გულით, 
გზა კი უკვალოდ არასოდეს იკარგებოდა, 
საკუთარ თავში იყო მუდამ ჩაღრმავებული  
და ის ფიქრებიც ზედაპირზე აღარ რჩებოდა. 
მას წარმატება არ აბნევდა და კონტექსტს ასცდნენ, 
როცა ეგონა ბევრს გულცივი და უკარება, 
მდგომარეობას (ის მიღწეულს), თვლიდა მოსაწყენ 
საქმეებისგან თავის დახსნის საშუალებად.


XXX     უნიჭონი ვოლიერში 
პრიმიტიული მიდგომები მიზანს კვლავ აღწევს, 
წინ დაუდგება ნიჭს ბინძური ფანტაზიებით, 
აქ უნიჭოთა ამბიცია ყველაფერს ამსხვრევს, 
ვეღარ ძღებიან ყალბ მედლებით და პრემიებით. 
ისევ მედლები, პრემიები, სცენა და ტაში, 
ჯერარნახული, პიკანტური ვოიაჟები, 
კარგი გარემო უნიჭოსთვის ვარდია თმაში, 
ვით ციდან მთვარის ჩამომღები ანტურაჟები. 
საქართველოა და ნიჭს აქ არ დაგიფასებენ, 
თან დეტალები მუდამ ახსოვთ განვლილი ომის, 
ნიჭიერთათვის კი ყოველთვის მახეს აგებენ, 
აქ გააწვალეს ნიკალა და გალაკტიონი. 
ე.ი. სულ ემზადება მორიგ მარშისთვის, 
ის ნაწყვეტებით, უნიჭოთა ფერმკრთალ დღიურის, 
ზის იგივ სკამზე, იგივ კაცი და ფერსაც იცვლის, 
კვლავ უკვდავების კონკურსებში წევრი ჟიურის.


XXXIV (სიკვდილთან ახლოს) 
გამეღვიძება ღამის სამზე, იგიც აქაა, 
ზის და მიყურებს, ჩემი ყველა ნაბიჯი იცის, 
ეს სიკვდილია, ყველაფერზე, ვიცი, მზადაა, 
შორს რომ წავიდე, ვაგვიანო, ვიცი, დამიცდის. 
წადი, მე შენი (შევუკურთხე)!.. აღარსად მიდის, 
მყის ყავარჯენი მოვუქნიე, რაც ახარხარდა, 
აღარასოდეს არ მჯეროდა შენი ამინდის, 
გულისამრევად მან მიყურა, სიბნელით ყარდა. 
უკიდურესად დაიძაბა ჩვენი ცხოვრება, 
უკვე არაა ეს ცხოვრება... არამედ სულ სხვა, 
თეთრი დღეები მისი აღარ გემახსოვრება, 
რაც ჩამოწერა უჩვეულო ტანჯვათა ნუსხა. 
ბუხარში ცეცხლი ითამაშებს მგონი დილამდე, 
მტანჯავს ტკივილი, თან კი ღამეს მინდა ვუცქირო,
დრო ასე გამყავს, ალბათ ახლაც მივალ იქამდე, 
გამთენიისას ვერაგ სიზმარს რომ გავუცინო.


XXXVI ელეგია ბებერი ღამისთვის 
უკბილო ღამევ, ოჰ, მე შენი დედაც ვატირე! 
მყრალსა და წამხდარს, თქვი, რა უნდა გელაპარაკო, 
რამდენი ვინმე არ დაინდე, იქვე გაწირე, 
იმედთან ერთად და ზღაპრებთან, ან უარაკოდ. 
არც ერთი იმ შენს საიდუმლოს არ აზიარე 
და უსასრულოდ გაუღვიძე მოგონებანი, 
ბევრმა კი შენთან ის ცოდვანი მყის აღიარა, 
როცა დაგნებდა და ამოთქვა შეცოდებანი. 
მათ გაუმარჯოს, თვისი ნებით რომ არ დაგნებდნენ 
და სიამაყის ნიშნად შუბლში იხალეს ტყვია 
და სასიკვდილო გზებს გმირულად ფიქრებს აჩვევდნენ, 
შეხე, რამდენი ნატყვიარი ახლაც გატყვია. 
შენ მეათასედ ფიქრობ ახლაც, თუ რატომ ვერ ხსნი, 
ასჯერ, ათასჯერ ნასწავლსა და კვლავ გადაღეჭილს, 
მერე კი მოხვალ, დაეგდები იმისი ფერხთით, 
რომ გაუღიმო ახლაც ღამეს, ლოყებდაღმეჭილს.


XXXVIII  ომის თანამედროვე 3D ვარიანტი ვოლიერში  
სავარაუდო თარიღები ისევ აწუხებთ, 
თუ როგორ გაჩნდა ყველაფერი და დამთავრდება, 
თუ როგორ უძლებს ეს სამყარო ასეთ მარწუხებს 
და უმიზეზოდ ქვეყანაზე რომ არც რა ხდება. 
ომის სიმღერა და ყიჟინა ერთად გვხვდებიან, 
როს მიელტვიან საბრძოლველად ღამეს პოლარულს, 
„პატრიოტები“ გულზე მჯიღის ცემით კვდებიან 
(ჩოხას იმშვენებს, თანაც ბევრი, ნაციონალურს). 
აქ სამშობლოზე საუბარში მყის ფხიზლდებიან, 
უცხო სიტყვებით შეამკობენ ლამაზ მდელოებს, 
ეს ადგილები საოცნებო, ზღვასთან მთებია, 
რა შეედრება აქ წარმოთქმულ სადღეგრძელოებს. 
თუმცა კი ომში ვერ წავიდნენ, ისევ გადადეს, 
ჰამაკებში რომ ოცნებობდნენ მთელი ცხოვრება, 
ლამაზ ღიმილზე ტარიფები ისევ გაზარდეს 
და ბროდვეის ,,სელფს“ უფრო მეტი აქვს მოწონება.


XIII ზუგიდის ბაზარი - 2 
მე ბევრი ვიცი, ვინც განუდგა საკუთარ სხეულს, 
ვეღარ გაუძლეს აქ სულების გამყინვარებას.
დაშორდნენ იმათ, სამუდამოდ, მათთვის ქვადქცეულთ 
და გაამჟღავნეს უცნაური ის მღელვარება. 
იქ რა უნდოდათ, ან თუნდაც აქ, - დღე ვით უძლებდა, 
სიძულვილიდან წამოვიდა, ხედავ, ეს ცოდვაც... 
მათ ხომ პუბლიკა უფრო ხშირად ყურს არ უგდებდა, 
ხოლო კი როცა დაუგდებდა, - აღარ ესმოდა. 
აქ ხომ წაქცეულს იმწუთშივე გადაგივლიან, 
გაუხარდებათ და თან გულში გაეცინებათ 
და მოწყალების საათები სულ დათვლილია, 
აქვთ ჩვეულებად ერთმანეთის კვლავ დამცირება. 
ყურში ჩამესმის უცხო ხმები (ალბათ სულდიდის), 
გავდივარ გარეთ, ცხოვრება დუღს, როგორც ბაზრობა, 
დიდი ბაზარი, აზიური, თუნდაც ზუგდიდის 
- და მე ვუცქერი ამ ცხოვრების კვლავ უაზრობას.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge