გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლალი ასაბაშვილი - ლექსები



სამშობლოს მონატრება 

გული როცა სიყვარულით შემომიტევს
და ჩიტივით მოაწყდება ფანჯრის რაფას.
მონატრება, ჩემი ქვეყნის საზღვრებს უტევს
და სურვილიც მისკენ წასვლის დღეებს ღაფავს.
ყოველი დღე დაბრუნების ფიქრით გამყავს,
გულში მხოლოდ სამშობლოა ერთადერთი.
დავალ ობლად, მე შენს მეტი აბა ვინ მყავს,
სამშობლოა ჩემი ხატი, ჩემი ღმერთი.
სულ შევხარი ჩემს შორეულ ქართულ მიწას,
უსამშობლოდ - ნეტავ ვინ სად გაიხარა?
პინის თეფშზე დავდე ჩემი მონატრება
და ისარმაც სამშობლოსკენ დაიხარა.
რა ხანია, გულზე მონატრება მაწევს,
სამშობლოზე შევაჩერე არჩევანი.
დრო კი ისე, კუს ნაბიჯით მიზოზინობს,
ალმაცერად კართან მიცდის ჩემოდანი.
ახლა, როცა დაბრუნების დადგა ჯერი,
ათინათმა გამინათა სახლის ჭერი.
განცდებისგან დამკარგვია სახის ფერი,
დამელოცოს სამშობლო და ჩემი ერი.


დავაგვიანებ

გამოიდარებს, გაიღვიძებს ლაღად ბუნება,
კვლავ სიმწვანეში დავინახავ მთებს და ლიანებს.
როგორ მწყურია ჩემს მიწაზე კვლავ დაბრუნება,
დავბრუნდები და ვიცი, ცოტას დავაგვიანებ.
მოვალ დაღლილი, უმალ გულში ჩაგეკონები,
ჩემი ნათქვამიც არ იქნება შენთვის ქარაგმა...
სად არ ვიარე, ყველგან მდევდა მოგონებები,
თუ რა ცხოვრება გაიარა ჩემმა ქალაქმა.
მე დავბრუნდები და არასდროს აღარ დაგტოვებ,
მონატრებისგან დამებერა ყელზე მყესები…
ეს გაზაფხულიც სულ არ ჰგავდა სხვა გაზაფხულებს
და აღარ ძალმიძს უცხო მიწის ადათ-წესები.
გამოიდარებს, გაიღვიძებს ლაღად ბუნება,
კვლავ სიმწვანეში დავინახავ მთებს და ლიანებს.
როგორ მწყურია ჩემს მიწაზე კვლავ დაბრუნება,
დავბრუნდები და ვიცი, ცოტას დავაგვიანებ.


ყველგან გეძებდ

ბევრ ქარტეხილებს თუ გაუძლო სნეულმა გულმა,
თუ ჩემი რკინის ქალამნებით ცხრამთას მოვედე,
თუ ვუყურებდი მზის ამოსვლას - ნისლებს სევდიანს,
მაინც, ამ ტიალ წუთისოფელს ვერსად მოვერგე.
ყველგან გეძებდი, მზეში, ქარში და ცივ ზამთარში,
ხან ყვავილებში დაგეძებდი, ცვრიან ბალახზე.
ყველა ტკივილი ერთად ვკემსე, გულის სიღრმეში,
ამაო იყო, ფუჭად გძებნე მთელ ქვეყანაზე.
უცხო ქვეყნადაც დაგეძებდი, შეშლილი ფიქრით,
ბევრჯერ დაცემულს, ზედ გრიგალმაც გადამიარა…
რა დამავიწყებს, ცის ტატნობზე, ლურჯი ხომალდით
შენმა აჩრდილმა თეთრი აფრით რომ გადიარა.


სიზმარი

კვლავ დამესიზმრა, ჩემს თბილისში ვიყავი თითქოს,
გაბრწყინებული ჩემი სახე ვადარე ხვითოს.
მივუყვებოდი მტკვრის ნაპირებს, როგორც ჩვეული...
მე სამშობლოდან გადახვეწილ, გადაჩვეული.
მეტეხის ხიდთან დამეწია ქარი ფრიალით,
ქართლის დედა კი ხელს მიწვდიდა სავსე ფიალით.
ძველი თბილისი გულს უღებდა სტუმარ-მოყვარეს,
ვერაგმა მტერმა მის საუნჯეს რა არ მოპარეს.
სხვა გძნობა არის, როცა დახვალ თავისუფალი,
შენს სამშობლოში გადმოგყურებს თავზე უფალი...
ჩემო თბილისო! _ დაგიქარგავ ლექსებს რითმებით,
სულ მოკლე დროში, ძველებურად, ერთად ვიქნებით.
გასეირნებამ ჩემს თბილისში მაცხო მალამო.
ბევრი გეწეროს, არ დადუმდე, ჩემო კალამო!
გამომეღვიძა, უცხო ქვეყნის ვიყავ ხიზანი,
მაგრამ არასდროს დამიკარგავს ჩემი მიზანი.


სანამ წავალ

ყოველ დილა ყურს მივუგდებ სიოს ჩურჩულს,
მზის სხივებსაც გადავუხსნი საკინძეს.
სულ პატარა სიხარული ყოფნის ამ გულს,
ტკივილები ერთ ბაწარზე ავკინძე.
ყველა აღმართს დაღმართიდან ავუყვები,
დაცემულიც ბევრჯერ შევძლებ ადგომას,
ყველა ცოდვას უფალს ხატთან მოვუყვები,
ვიზეიმებ მასთან ერთად აღდგომას.
ამ ცხოვრებამ გაილევა საპონივით,
ქვეყნად მხოლოდ სიყვარული დარჩება.
ზღვას შევცურავ, ვიტივტივებ ზოგჯერ ნავით…
ცუდსა კაცსა, ცუდი როდის შერჩება.
ყოველ ზამთარს გააღვიძებს მარტის მოსვლა,
მეც მოვისვრი ძველ მანტიას დაზაფრულს.
ამ ქვეყნიდან რას წავიღებ, ისე წავალ…
სანამ წავალ, ვუგალობებ გაზაფხულს.


ჭრელი პეპელა

და როგორც ჭრელი პეპელა,
მეც გამაბრუა იამა,
ყაყაჩოს თრთოლვით შევეხე,
სურნელმა გადამიარა.
პეპელას ფრთებით დავფრინავ,
მინდორში დავთვლი გვირილებს.
ეს ჩვენი წუთისოფელი
რამდენ სატანჯველს გვირიგებს.
მზის სხივებს გულში ვინახავ,
ათინათებით ვხალისობ.
მინდვრად ღიმილებს დავთესავ,
ყოველ გაზაფხულს ვმაისობ.
ეს გული არა ბერდება,
დავალ ბაღებს და ლიანებს,
ვიცი,ცხოვრება დღეს თუ ხვალ
უთუოდ გამატიალებს.
გუშინ პეპელას მინდორში
ბავშვივით გამოვეკიდე.
უფალო, კარგს თუ ვერ მომცემ,
ავს მაინც ნუ გადამკიდებ.
რა ვქნა, კვლავ ვქარგავ იმედებს,
ნაკადულებით ვივსები
და როგორც ჭრელი პეპელა,
მეც სურნელებით დავთვრები.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge