გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნათია როსტიაშვილი - დამნაშავე უდანაშაულოა

        
    - ქალბატონო, თქვენმა ქალიშვილმა, ურცხვად სცადა მშვიდობიანი მგზავრების დაყაჩაღება, - დედაჩემს ეუბნება ეს დამპალი, სტატუსით - ,,ფორმიანი“ და ფიზიონომიით - უფორმო კაცი.
    ქუდი მოიხადა, მაგიდაზე მიაგდო, სკამის საზურგეზე გადაწვა, გემრიელად მოკალათდა და არხეინად ჭამს ჯამიდან მზესუმზირას, ჩენჩოიანად. რა ენაღვლება დედაჩემის დაფეთებული თვალები. ამანაც, ჩემმა, როგორ მისანივით იცის, ზუსტად მაშინ მირეკავს, როცა რამე შარში ვარ. მეც ვერ ვისწვლე ჭკუა, რას ჩავუკაკლე ეგრევე ყველაფერი, არ ვიცოდი, რომ მაშინვე აქ გამოქანდებოდა?
   ამხელა დაძაბულობას ჭკუიდან გადასვლის გარეშე რომ გადავურჩე, სიტუციას ჩემებურად გავერიდე:
   წარმოვიდგინე, რომ ამ მყრალ, ნესტიან სოროში კი არა, დიდ, ნათელ ოთახში ვართ. ამ მილიციელს, პოლიციელს, პოლკოვნიკს თუ ვინცაა... მელოტ თავზე გაოფლილი კანი კი არ უპრიალებს, როგორც ეს სინამდვილეშია, ვითომ დატალღური, თაფლისფერი თმა უბზინავს და თავის დაკვრისას, შუბლზე ჩამოშლილ ქოჩორს ხელთათმანიანი ხელის მსუბუქი მოძრაობით, საწყის მდგომარეობაში აბრუნებს. თან კბილები აქვს ისეთი თეთრი, მბრწყინავი. გაიღიმებს თუ არა, ეგრევე თვალებს ვჭუტავ.
   წარმოვიდგინე, რომ დედაჩემიც ასეთი გაფითრებული და გამეხებული კი არ დგას და შიშჩამდგარი თვალებით მომჩერებია, ვითომ ამ სერჟანტს თუ გენერალს უყურებს ირიბი მზერით. ამაყად, საკუთარი უპირატესობის შეგრძნებით. უყურებს და უცებ, ფარშავანგის თუ ფასკუნჯის ბუმბულისგან აკინძულ მარაოს მანერულად გადაშლის ოთახის ერთი კედლიდან მეორემდე.
- აქ რაღაც შეცდომაა, ბატონო, - გამშრალი პირიდან ხმა ძლივს ამოსდის გაფითრებულ დედაჩემს და ისეთი უმწეო თვალებით უყურებს, როგორ გინდა, ისევ მარაოს და ირიბი მზერის შეწყვეტილი ამბები განაგრძო? აღარ გამოდის.
- მოქალაქემ აღიარა. ასე რომ... - ცინიკურად ეღიმება დამპალს, - შენი გოგოს მომავალ ქმარს აშკარად არ გაუმართლა.
  ეტყობა, ჩაღიმება ეცოტავა და ახლა ისე ჭიხვინებს, აშკარაა, ფიქრობს, რომ ,,მომავალი ქმარი“ არა, ხარირემის ჩლიქი. ვინ მომაშავებს. თან ზედაც არ მიყურებს, თითქოს, უარეს შემთხვევაში ნივთი ვიყო და უკეთესში - ვიღაც არარაობა ღლაპი, რომელსაც კაცი, რომელიც მასზე მხოლოდ ასაკით და ღირსებით კი არა, თანამდებობითაც უფროსია, დალაპარაკებით თავს არ გაუყადრებს.
  როგორ მინდა, მივიდე და ძალიან მშვიდად ვუთხრა:
- არამიმც იყოს, ბატონო ფორმიანო, იმ რამდენიმე წამით, ჩემ მიერ თქვენს გაოფლილ თავზე რუდუნებით მორგებული თაფლისფერი თმის დახვეწილი ვარცხნილობა. არამიმც იყოს ის მიმზიდველი ღიმილი, რომლითაც მაგ მყრალ პირს საგულდაგულოდ გიმალავდი.
- რას ამბობთ, ბატონო, გამორიცხულია, ჩემს შვილს მსგავსი რამ ჩაედინა! წარმოუდგენელია, ჩემს შვილს, ჩემს გოგოს... ის ისეთი... ვისაც გინდათ ჰკითხეთ... თან ფულიც ჰქონდა, წუხელ ჩემი ხელით მივეცი, გეფიცებით! რომც არ ჰქონოდა, სულ ულუკმაპუროდ რომ დარჩეს, გამორიცხულია... ჩემი შვილი წესიერი ადამიანია, მოთხრობებს წერს, ჟურნალებშიც უბეჭდავენ. ახლაც რაღაც ფესტივალზე მიდიოდა დასავლეთში. ფულიც მივეცი. რომც არ მიმეცა, ჩემი გაზრდილი შვილი... გამორიცხულია... ვისაც გინდათ კითხეთ... აქ რაღაც შეცდომაა, ბატონო...
  თითებს ისე ძლიერად ვმუჭავ, ლამისაა ჩემმა წუხელ გაქლიბულ-გალაკულმა ფრჩხილებმა ხელისგულებზე კანი ჩამიჭრას.
  - აღიარა-მეთქი, ვერ გაიგონეთ?!
   დამპალი.
- ოღონდ თავის გასამართლებლად ისეთები იბოდიალა, რო მგონი ცოტა...
  საფეთქელზე საჩვენებელი თითი რომ დაიტრიალა, უცებ ვერც ვხვდები, რას გულისხმობდა.
- რას ამბობთ, ბატონო... - დედაჩემს ტირილამდე არაფერი უკლია, - ბავშვობიდან ცოტა უცნაურია, ძალიან უცნაურიც კი, როგორც ყველა ხელოვანი... მაგრამ ისეთი ნიჭიერია, ისეთი კეთილი...
  მის ამ თავისმართლებებზე ნერვები მეშლება, მაგრამ ვერაფერს ვეუბნები. რაც აქ შემოვიდა, ხმა ჩამივარდა, მუნჯი ვარ.
   დედაჩემი ლუღლუღს განაგრძობს და თანდათან პატარავდება. თან ისეთი სასოწარკვეთილი სახე აქვს, თითქოს ეშინია, იმდენად არ დაპატარავდეს, მზესუმზირის მარცვლისოდენა გახდეს და ამ დამპალმა სხვა მარცვლებთან ერთად, თავის მყრალ პირში გადაუძახოს.
  - შეშინებული ვიყავი და იმიტომო, გესმის შენა? უარესებიც თქვა... ხო ხვდებით... - შენობით-თქვენობითს ურევს დამპალი, - აბა, შეშინებული ადამიანი ადგება და ვისიც ეშინია, იმათ მივარდება და ეტყვის, აბა, დავაი, ჯიბეები ამოიტრიალეთო?!
   დედაჩემი ჩუმდება. უფრო სწორად, მისი ხმა პატარავდება და ქრება.
   უხმოდ დარჩენილი დედაჩემი გაოგნებული თვალებით მიყურებს, მაკვირდება. თითქოს უნდა, იმაზე ვიწრო ან სქელი ტუჩები შემამჩნიოს, ვიდრე მაქვს, ან ცხვირის ფორმა ეუცხოოს, ან იმაზე დაბალი, ან მაღალი აღმოვჩნდე, ვიდრე ვარ, რომ მერე მეტი თავდაჯერებით თქვას: ,,აქ რაღაც შეცდომაა, ბატონო, ეს ჩემი შვილი არ არის!“.
    გულწრფელად მწყდება გული, დედაჩემს იმედი რომ გავუცრუე და ამდენი დაკვირვების მერეც ვიღაც სხვა კი არა, ჩემი თავი გამოვდექი.
  - ჰა, მიდი, მოყევი, როგორ იყო, - ცინიკურად მიბრძანებს, თან მზესუმზირით გამოტენილ პირს საზიზღრად აწკლაპუნებს.
   ახლა ხმის ამოღებას სიკვდილი მირჩევნია, მაგრამ არჩევანის ფუფუნება სადაა ამ დამპალ ოთახში?
  - დე, - ვამბობ და ეს ძლივს ამოთქმული ორად ორი ასო ყურის ბარაბნებს მიხეთქავს, - როგორ აგიხსნა... თავიდან, უბრალოდ, შიშის გამო დაწყებული წარმოსახვითი თამაში იყო. 
   ამ სიტყვების თქმა და ფორმიანს შეკავებული სიცილისგან მთელი ტანი უბუყბუყებს. ახლა რომ გასკდეს და ვულკანივით ამოხეთქოს ამის ნათქვლეფმა მზესუმზირის ფაფამ...
   გულის რევის შეგრძნება თხრობის ძაფი დამაკარგვინა და ანგარიშმიუცემლად ვიმეორებ ,,უბრალოდ, შიშის გამო დაწყებული წარმოსახვითი თამაში“.
   მობუყბუყე მასას თვალებიც აქვს და ამ თვალებით, დედაჩემს ეუბნება:
  ,,ეგე, მა მე რას გეუბნებოდი, ქალბატონო?!..“.
***
   მატარებელი, რომელსაც ლიტ.ფესტივალზე უნდა გავყვე, დილით ადრე გადის. მე რკინიგზის სადგურიდან საკმაოდ შორს ვცხოვრობ, ამიტომ უჩვეულოდ ადრე მიწევს ადგომა და მეტროთი მგზავრობა.
   მეტროს ვაგონი, რომელშიც ვზივარ, თითქმის ცარიელია. ნეტავ სულ ცარიელი იყოს და არა - თითქმის.
   მართალია, ყველანაირად ვცდილობ ხოლმე, არ შევიმჩნიო, მაგრამ სიმართლე ესაა - მე არანორმალურად მშიშარა ადამიანი ვარ. იმდენად მშიშარა და იმდენად არანორმალურად, რომ ეს უკვე ადამიანობის ზღვარს სცილდება და რომელიმე მულტფილმის პერსონაჟისას უტოლდება, მაგალითად, ყურებათრთოლებული, დამფრთხალი კურდღლისას.
   ვაგონში, ჩემ გარდა, კიდევ ორი ადამიანი ზის. ორივე კაცია. ერთი გამხდარი და დაბღვერილი, მეორე - მსუქანი და დაბღვერილი.
  ,,იქნებ, მანიაკებია“? - ვფიქრობ;  ,,აი, შევალთ ტუნელში და... ვინაა იქ პატრონი და მომკითხავი“?
   ქურთუკის შესაკრავს ვაწვალებ. ნერვიულოდ ვკრავ და ვხსნი. ტკაც! - ვკრავ და ტკუც! - ვხსნი.
   თვალს იმ ორი კაცისკენ ვაპარებ. არც მე მიყურებენ, არც ერთმანეთს. თითქოს მანიაკებს არ გვანან, რა ვიცი.
  ...და იქნებ ჯიბის ქურდები არიან?!
   აი, შევალთ ტუნელში და ვინაა პატრონი?
   მატარებელი დაიძრა.
   თავჩაქინდრულმა გამხდარმა ქვემოდან ამომხედა, ჯერ ჯიბიდან დანა ამოაცოცა და მერე ადგა, მოვიდა.
   დანის წვერი ნიკაპს ქვემოთ ამომდო თუ არა, ლოცვა ვერაფერი გავიხსენე და გულში ამას ვიმეორებ: ,,დანა რომ დამარტყა, სისხლი არ გამომივა... დანა რომ დამარტყა, სისხლი არ გამომივა“.
   ამასობაში, მსუქანიც მოვიდა, თავზე დამადგა, თბილად გამიღიმა (ღმერთო, როგორი ცინიკოსია!) და ღაბაბში ნაგროვები სიტყვები ამოყარა:
  - მიდი, ამოალაგე შენი მილიონები, ცუნცულ!
   კარგია, რომ თავიდანვე გავშიფრე სიტუაცია, მოულოდნელი არ იყო, არ ვიბნევი. წინასწარ მოფიქრებული, ეშმაკური გეგმის მიხედვით, ვითომ ხელჩანთაში არაფერი მაქვს და მხოლოდ ქურთუკის ჯიბეებში შენახული ეს ერთი ორლარიანი და თითოც - ლარიანი და ორმოცდაათ თეთრიანია მთელი ჩემი ავლადიდება.
   ჯიბიდან ფულს ვიღებ და მსუქანას, გაშლილ ხელისგულზე, მონეტებს პირამიდასავით ვულაგებ. ქვემოთ ორლარიანი, შუაში - ლარიანი, ბოლოს - რაც დარჩა, ის.
  - ვა, ეს რა საწყალი გოგო ყოფილა, ნახე? - გამხდარს ეუბნება მოჩვენებითი გულაჩუყებით.
  - ცოტათი ეშმაკიც, მურთაზოვიჩ, - იკრიჭება გამხდარი.
  - ცოდოა, - მგონი მართლა ვეცოდები მსუქანს, - ბარგიც ჰქონია... მიდი, შეეშველე შემსუბუქებაში. შენებურად ჯენტლმენურად.
  - მაიტათ თქვენი ხელჩანთა, ღარიბი გოგო, - დამცინის გამხდარი და იმ თავისი დანის წვერით ახლა ჩემი ჩანთის შესაკრავს აწვალებს.
  - ვერ მოგცემთ. დედაჩემის მოცემულია, - ისე საწყლად ვჩურჩულებ, თვითონვე მიჩუყდება გული.
   ჩემს სიტყვებზე ორივეს ისტერიული სიცილი უტყდება. ისე გულიანად იცინიან, ერთმანეთს ეხეთქებიან, ცრემლები სდით. სიცილიც აღარ ქვია - ბჟირდებიან. იმათ ხარხარხზე, ვაგონში ფანჯარის მინები იბზარება.
   უცებ გამოვერკვიე, რეალობას დავუბრუნდი. ასე მემართება, ჩემდაუნებურად მერთვება წარმოსახვა და თხზავს არარსებულ ამბებს, არსებული ამბის სავარაუდო გაგრძელებებს.
   მივიხედ-მოვიხედე. მადლობა ღმერთს, რეალობაში სიმშვიდეა. მატარებელი ტუნელში მიჰქრის. ორივე კაცი წყნარად ზის და მომჩერებია. როგორც კი გავხედე, ორივემ უცებ სხვა მხარეს გაიხედა, თვალი მომარიდეს.
  ტკაც! - ვკრავ და ტკუც! - ვხსნი.
  ტკაც! - ვკრავ და ტკუც! - ვხსნი.
   თან გახშირებული სუნთქვის შენელებას ვცდილობ. წარმოსახვით ამბებს ყოველთვის ნამდვილივით განვიცდი.
    არა, ესენი ერთმანეთის ნაცნობებს და, მით უმეტეს, თანამზრახველებს არ გვანან. არც ქურდებს.
   თუმცა, ისე რაღაცნაირად მიყურებდნენ... მათვალიერებდნენ... რომ იქნებ...
   გამხდარი მიახლოვდება, ორივე ხელს ფეხებზე, კოჭებზე მკიდებს და სანამ მაღლა ამაწევინებს, ყურთან მსუქანის ენის წვერს ვგრძნობ.
    ჯანდაბა! რატომ ვიტანჯავ თავს ამ არარსებული სიუჟეტებით? არანორმალურს მე უფრო ვგავარ, დაძაბულობისგან ვკანკალებ და შიშისგან ოფლი მასხამს. ესენი სხედან თავისთვის, წყნარად. რა უგავთ ამათ მანიაკებისას? არც არაფერი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, ფეხი ფეხზე გადავიდე. გადავიდე კი არა, ისე ჩავხლართე ერთმანეთში, არათუ მოძალადეს, თვითონაც გამიჭირდება ამათი გამობლადვა.
   ყოველი შემთხვევისთვის, დედაჩემის მოცემულ ორმოცდაათლარიანს შეძლებისდაგვარად შეუჩნევლად ვიღებ ჩანთის გარეთა ჯიბიდან და ქურთუკის სახელოში ვჩურთავ.
   გვირაბიდან გამოვდივართ. მატარებელი ჩერდება. მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, რომ ჩემს გულს რეკორდული სიჩქარით გაუდის ბაგა-ბუგი. გაუფლილ შუბლზე ჩემს წარმოსახვით ამბებს, გამოგონილ რეალობას ისეთივე სიმძაფრით შევიგრძნობ ხოლმე, როგორც ნამდვილს. ზედმეტი თავის ტკივილია, მაგრამ ეს რომ არ შემეძლოს, ალბათ ვერც მოთხრობებს დავწერდი.
   ამ სადგურზე ერთი ქალი შემოგვემატა. ასაკოვანი, მობუზული. ვწყნარდები. ასეთ დროს ქალი ქალისთვის მაინც სხვა სიმშვიდეა.
   ახალი მგზავრი ჩემს წინ დაჯდა და ძალაუნებურად ვათვალიერებ. ვუყურებ ამ წელში მოხრილ, სახესევდიან ქალს და ვფიქრობ. აჰა, უწყინარი რეალობის უტყუარი დასტური. სრულიად უვნებელი არსებაა, იჯდება ასე მობუზული თავის გაჩერებამდე. მერე ადგება და ჩავა. სულ ესაა. არადა, მოთხრობის პერსონაჟი რომ იყოს, ყველაფერი სხვაგვარად, გაცილებით საინტერესოდ გაგრძელდებოდა. 
   როცა დავრწმუნდი, შიშის საბაბი არ მქონოდა და დავმშვიდდი, ზუსტად მაშინ დაიწყო ყველაზე საშიში...
  ,,კარები იკეტება, შემდეგი სადგური...“.
    ჩემ წინ მჯდომ ქალს, უცებ სახიდან სევდიანი გამომეტყველება გაუქრა და იმის უფერული, მოკუმული ტუჩები ცინიკურმა ღიმილმა საფეთქლებისკენ გაქაჩა. აქამდე საწყლად მოხრილი ზურგი გაშალა, ნესტოები დაებერა და...
    ხელ-ფეხი დამიბუჟდა, ისევ ოფლმა დამასხა, სუნთქვა გამიძნელდა. ტემპი უნებურად ავაჩქარე: ტკაც! ტკუც! ტკაც-ტკუც! ტკაცტკუც!
    მორჩა, უნდა გადავეჩვიო. უნდა ვისწავლო წარმოსახვის მართვა. რეალობიდან გამორჩევა, გამობლანდვა. აგერ, სამი უცნობი, ჩველებრივი, არამანიაკი, არაქურდი და არაშეშლილი ადამიანი ზის თავისთვის, მშვიდად, სადღაც მიდიან, თავის გზაზე. მე კიდევ ლამის ინფაქტი გადავიტანე. რისთვის? განა ეს ნორმალურია? განა ,,ამბების შეთხზვა ჩემი პროფესიაა“ ამართლებს იმას, რომ ამ უწყინარი ადამიანებისგან მონსტრები გამოვძერწე და თვითონვე გავიხეთქე გული?
    რეალობა რეალობად უნდა აღიქვა. მორჩა. მარტივადაა ყველაფერი. აი, ეს ასაკოვანი ქალი უბრალოდ ასაკოვანი ქალია და სხვა არაფერი. თავის სადგურამდე არც განძრევას აპირებს, არც მიმიკის შეცვლას, არც ჯანდაბას. არაა საჭირო ზედმეტი ამბები მიაწერო. შეხედე, თავო ჩემო, შეხედე! სამი უდანაშაულო ადამიანი მშვიდად ზის და...
   მოიცა, რაის მშვიდად?!
   აშკარად დაძაბულები ჩანან, თვალს მარიდებენ. მსუქანმა კაცმა ქალს ჩემზე რაღაც ანიშნა, ეს უკვე ნამდვილად არ მომჩვენებია, არც მიფანტაზიორია. ქალი თითქოს ხეირიანად ვერ გაერკვია საქმის არსში, მაგრამ იმდენს კი მიხვდა, რომ მისივე უსაფრთხოებისათვის, ჩემი სიახლოვიდან უნდა ამდგარიყო და იმ მსუქანი, გულისხმიერი კაცის გვერდით გადამჯდარიყო.
   რა ხდება? ხალხს, რომლისაც მეშინოდა, აქეთ ეშინია ჩემი? კი მაგრამ, რატომ? ეს ხომ აბსურდულობამდე სასაცილოა?
   უცებ მთლიანად გამოვფხიზლდი ჩემი წარმოსახვითი თამაშებიდან. რეალობა და ამ რეალობაში საკუთარი პერსონა სხვა ადამიანის თვალით, ცივი გონებით შევაფასე. რეალობა კი ასეთი დამხვდა:
   ზის გოგო ერთმანეთში მჭიდროდ ჩახვეული ფეხებით. დაფეთებული თვალებით აქეთ-იქით იყურება და ნერვიულად ცახცახებს. უფრო ქშინავს, ვიდრე სუნთქავს და შუბლზე მიწებებული ,,ჩოლკით“ ხვდები, რომ ოფლში ცურავს. თან ამ შესაკრავის გაუთავებელი ტკაც! და ეს გაუთავებელი ტკუც!
   რა გასაკვირია, რომ იმ ახალშემოსულმა ასაკოვანმა ქალმაც, იმ კაცებივით, უცებ აუღო ალღო სიტუაციას და ,,მიხვდა“, რომ იმ გოგონასთან ერთად დახურულ სივრცეში მგზავრობა, რომელიც უმიზეზოდ ცახცახებს და აქეთ-იქით შეშლილივით იყურება, მთლად უსაფრთხო არ უნდა იყოს?
   შევეცადე დავმშვიდებულიყავი და მშვიდი, კეთილი ღიმილით, ამ უცნობი ადამიანებისთვის ჩემზე არასწორად შექმნილი წარმოდგენა გამექარწყლებინა. გავხედე და სანამ ის ქალი ჩემთვის თვალის არიდებას მოასწრებდა, მის მზერაში გარკვევით ამოვიკითხე:
  ,,გვირაბში ვარ, თითქმის ცარიელ ვაგონში, ახლა ამ არანორმალურმა გოგომ რომ ორი კაპიკისთვის აქვე მიმახრჩოს, ვინაა ჩემი პატრონი და მომკითხავი“?
   უცებ, გაოცებასთან ერთად, ისეთი სიმშვიდე და აღტაცება მოვიდა საიდანღაც. ამ აღტაცებამ ყველანაირი შიში წამში გააქრო. გავაცნობიერე, რომ სასწაული მოხდა. ჩემი შეთხზული ამბავი წარმოსახვიდან რეალობაში გადმოვიდა. თითქოს ჩემს მოთხრობაზე ფილმი გადაიღეს და ფიქრში კი არა, რ ე ა ლ ო ბ ა შ ი ვთამაშობ მთავარ გმირს.
   გადავხედე. სამივეს თავი აქვს ჩაღუნული და დაძაბულები მისჩერებიან საკუთარ ფეხსაცმელს.
   არა... არ ჩანან ესენი რაიმეს ჩამდენები. არადა, როგორია, ეს მზა, ცოცხალი სიუჟეტი ჩაგიფლავდეს? ღმერთო, ამის ფინალის გარეშე დატოვება, გაფუჭება შეიძლება?!
   არ შეიძლება.
   ტუნელში ვართ. ავდექი...
*** 
- როგორ აგიხსნა, დე, - ვეუბნები, - ეს სასწაულის ტოლფასი იყო. წარმოიდგინე, იქვე შეთხზული ნოველა უცებ, ჩემს თვალწინ გაცოცხლდა. რაღაც ისეთი მოხდა... აი, ვთქვათ, ახლა შენ რომ უცებ ფასკუნჯის ბუმბულის მარაო დააძრო საიდანღაც და ოთახის მთელ სიგანეზე გადაშალო. ან ამას მელოტ თავზე უცებ თაფლისფერი ქოჩორი ამოუბიბინდეს. ხვდები? ჩემი გამოგონილი ნოველა უცებ იქვე, რეალობაში მატერიალიზდა, გესმის? და მე, ავტორს, არანაირი უფლება არ მქონდა სხვანაირად მოვქცეულიყავი, უფლება არ მქონდა ეს ამბავი ფინალით არ შემეკრა. გესმის, დე?
  არ ესმის. თავს მზესუმზირის ზომამდე იპატარავებს და მობუყბუყე კაცის ხახაში თავის ნებით ხტება.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge