გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ანა ჯავახიშვილი - ლექსები

სარდაფის ცოლები "უთვალებო ობობები"
***
აქ უთვალებო ობობებიდან დადიან
ძაფები, წრიულად აბამენ, ძვრებიან
წვეთები  ნესტიან  კედლიდან, 
ძაფიდან ძაფამდე, 
ძაფიდან ძაფამდე.
***
აქ სიბნელეში, ქვის წრიული კიბეებიდან ქვემოთ
ცვივიან,  ვერცხლისთვალა მერცხლის ზამთრები. 
და ქვის სახლიდან სარდაფამდე -  მიწის ხიდია და 
გადადიან  აქ ცოლები  -  დახუფული სარჩოები.
***
აქ სარდაფებში ობის სოკოებს ზრდიან
უვლიან და შიშისაგან თეთრი სისხლი
სისხლზე თხელია,  ხელის გულიდან
ჩამოხსნილი ბედის ნიშნები,
ქირომანტია ან ქარია, 
ანდაც ქარშია. 
ხან, სრიალებენ მოაჯირიდან ლურჯი სიზმრები 
უნებლიე „შეცდომებით“, ლოცვის დროს 
მთვარის და მაშინ შიში დახოცილი
ობობებია, საკუთარ ქსელში
ძაფებით რომ 
მოიკლეს თავი.  

***
აქ სიბნელეში, ქვის წრიული კიბეებია, ქვემოთ  
ცვივიან, ვერცხლისთვალა  ზამთრები
მერცხლის. და ქვის სახლიდან 
სარდაფამდე მიწა ცივია,
*** 
კედლებზე ობად გაზრდილ სიკვდილს 
თვალები ეწვის.
  
სარდაფის ცოლები "მოდიან"
იქ კვამლი ჩანს
ბოლიან, ნისლებიდან ტოტებს უჩანთ 
მკლავები და კისრები.
მოდიან, ცანაპირალ ფოთლებიდან 
წვეთები და ჩამოლბა. 

გალობა...
ეგ უბგერებო გალობაა
ნუ მღერი-
ეგ უბგერებო გალობაა,
რომ გაშინებს.
გადმოვა, მთელი ხროვა ჯადოქრების
მოდიან, მოათრევენ მგლისქონიან 
დანას და
ნახშირს არა, 
ბუტბუტით წყალს დანაყავ
გიშერს არა,
ბუტბუტით წყალს დანაყავ.

შიშებია, ყელში ქვები კირქვები
მუცელში რომ ბევრი შვილი ჩაგისვეს.
ქარისკენ, უმკლავებო მძიმე მოსასხამები 
მიშვერილი გაქვს, რომ იქნებ ქარითვე

გაიქაროს შიში
შავი მუცლიდან
კაცი წითელწვერება
რომ დარაჯობს.
ნუ უმღერი,
უბგერებო გალობას
ხელზე შებმულ
ეშვებიან სამაჯურს.

"...ქარისკენ, უმკლავებო მძიმე მოსასხამები
მიშვერილი გაქვს, რომ იქნებ წაიქცე",

რომ თვალები აღარ გქონდეს შიგნიდან,
რომ უფხიზლო ჰიპნოზებში ჩაგთვლიმოს.
მგლების ქონებს საფეთქლებზე ისრესავ,
მამლებს სძინავთ ქანდარაზე ალიონს

არ აყივლებს შიშში გიწევს სახსრები,
მზე და მთვარე არ ამოგდის. ბოლიან
ნისლებს უჩანთ კისრები და რას ელი
ვეღარ გახვალ, გვიანია. მოდიან...



  სარდაფის ცოლები "ყვავის სიმღერა"
ადგნენ ქალები,
ხალათებში დამალეს ფრთები,
თვალები ღილის შესაკრავში გამოაძვრინეს.
გზები, წინდებზე გამოქსოვილ ბეღურის
ფეხში, ჩაატიეს და ჩააყოლეს ისიც მკვდარ სიზმრებს.

***
...ყვავებს სულები აწვალებენ
ისე ჩხავიან
და ღია წრეზე დანთებული
სანთლების ბოლზე,
ფანჯრიდან სულებს აცოცებენ
წითელთვალიანს,
თანაც ზვერავენ პირებამდე
ხომ ცოცხლად მოვლენ.

რწევით და რწევით
ქოშინით დუჟით 
მოდიან, 
კედლებს ბუზები 
ფარავს.
რკინის ნალი კი 
ლურსმნებზე 
პირქვე 
გათვალულივით 
ამთქნარებს კართან.

***
ქალები დგანან, უწინდებოდ.
ლურჯი ცრემლები, შიშით
ამოსდით. ხალათებში
ფრთებიც სველია.

გარეთ, კაკლები შრიალებენ
ყვავის სიმღერას.
...თვალები, ღილის შესაკრავში
უკან ძვრებიან.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge
სხვადასხვა