გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზურაბ პაპიაშვილი - ლექსები

უნდა შემინდო

იცი? მომინდა მოგიბოდიშო,
რომ ცხოვრებაში ჩვენ შევხვდით გვიან,
რომ არ მომეცა ბედისგან ნება
მოვფერებოდი მაგ თვალებს, მზიანს...
რომ გაზაფხულმა ჩაიგრიალა
ჭაბუკურ გზნების გიჟმაჟ თარეშით
და მოზეიმე ტრფიალის ეშხი
ახარა ფერთა სინარნარეში.
რომ ,,ათას ვარდში, გულგადაშლილში“
შენ არ შემომხვდი, მხოლოდ ის ერთი!
ფრთაშესხმულ ქარში კაბის ფრიალით
მზეს რომ მოჰჭრიდა თვალებს, ისეთი...
უნდა შემინდო, რომ ზაფხულებმაც
თავნება ვნების ნებით მაქროლეს,
მარწიეს ნარნარ ცოდვათა ფრთებით
და სინანულის გზები ჩაქოლეს.
რომ შევხვდით მაშინ, როს შემოდგომის
ფერებს ელევა მშვიდი ბუნება,
და მოთარეშე ქარების ნაცვლად
გულმშვიდი სიო გველამუნება
და სევდიანი მზერით მახსენებს,
რომ ცხოვრებაში ჩვენ შევხვდით გვიან,
რომ არ მომეცა ბედისგან ნება,
მოვფერებოდი მაგ თვალებს, მზიანს...




წამიც და

მიდის და მიჰყვება
დღეს დღეთა ფიქრები,
მზევ! რომ არ მგონია,
შენ სწორედ იქ ქრები...
იშლება წალკოტი,
მეფე ვარ! - მგონია,
წამიც და... "სამეფო"
ვითომ არც მქონია.
ასეა ცხოვრება,
იპოვე, გგონია,
ის, რასაც ეძებდი,
დაიპყარ დრონია...
მაგრამ წამს წამი ცვლის,
წამშლელი სხვა წამთა
და ხვდები, მსხვერპლი ხარ
ცრემლების კამკამთა
და მთა-მთა ფენილი
ოცნების ნავარდი
გექცევა მირაჟად.
რის ია, რა ვარდი...
თურმე სიზმარია,
თურმე ზღაპარია,
რაც გქონდა, რაც გსურდა -
ფიქრის ნაპარია...
მიდის და მიჰყვება
დღეს დღეთა ფიქრები,
მზევ! რომ არ მგონია,
შენ სწორედ იქ ქრები...
იშლება წალკოტი,
მეფე ვარ! - მგონია,
წამიც და... "სამეფო"
ვითომ არც მქონია...



* * *
მთის ასულო! გოროზ მთების
დიდგულობა დაგყოლია,
ნეტავ, მხოლოდ შენ გეტრფი თუ
შენი მსგავსი და გყოლია?
ხან მიღიმი, ალერსნაფენ
თვალებიდან მზე გეღვრება,
ხან შუბლს მიკრავ პირნამეხი,
ხარ თვით ხანჯლის მოღერება!
ვნების ალით მბნედავ, სურნელს
აფრქვევ შენგან ნაფერ  ტიტის
და თვალებში გიკრთის ელვა
მოზეიმე ნეფერტიტის.
მსურს, არაგვი გადმოვლახო,
არ მიმტყუნა თუკი ფონმა,
ვინძლო მოგწვდე, შენი ტრფობის
ისრით დამჭრა კუპიდონმა!
ნეტავ მხოლოდ შენ გეტრფი თუ
შენი მსგავსი და გყოლლია?
მთის ასულო! გოროზ მთების
დიდგულობა დაგყოლია.




თუკი სიბრძნე გვეღირსა

დღეა თურმე პოეზიის,
დღეა თურმე ლექსისა,
(სხვისი ახლა მომეფერა,
ჩემი ახლა მესხვისა),
დავივიწყო ახლა ჩემი,
უნდა ვაქო მე სხვისა:
სვან-ფშავ-თუშის, მეგრელისა,
იმერ-გურულ-მესხისა...
ხმად ჩამესმას გალობისა
და ჭიკჭიკად მერცხლისა!
გამართული ტკბილ-ქართული,
მოღუღუნე, მე - ძმისა.
შეყივლება არწივისა
და ჭიხვინი მერნისა,
აწმყოს ცრემლად დადინება
და იმედი მერმისა...
ძმების გულში ჩახუტება,
არ გარჩევა გერისა,
თუკი ჭკუა დაგვებედა,
თუკი სიბრძნე გვეღირსა...
თუ ჩავახშეთ გულში შური
და სისინი გველისა,
თუ აგვანთო სიყვარულმა
მშობლის მთა და ველისა,
თუ დაგვმოძღვრა, ძველებურად
სიბრძნემ რუსთაველისა:
ასის ხმალი სჯობს ათასის,
გამორჩევით მქნელისა!
ვეღარ დაგვაშორიშორებს
ენა, ავისმთქმელისა,
სივერაგე აფთარისა,
ცბიერება მელისა...
გამრთელდება ეს იარაც
ბრმად დამჭრელი ერისა,
თუ ვიკადრეთ ერთად დგომა,
თუკი სიბრძნე გვეღირსა!






* * *
კაშკაშა მთვარე მეფობდა ცაში,
დაფდაფებს სცემდა როკვით ხორუმი,
მერია სუსხი მბრძანებლურ ხმაში,
წარმართთა ტომის ვიყავ ქურუმი.
ლოცვას გიძღვნიდი მბრძანებელს, ამოს,
სახეხატული და უსახური,
ლოცვას, უგულოს და უღიმღამოს,
შენი სურვილის უტყვი მსახური...
მზად ვიყავ გული მექცია ფერფლად,
რიტუალს გულქვად ხელი მივყავი,
მე პოეზიას გწირავდი მსხვერპლად
და პოეზია თავად ვიყავი...



* * *
წუხელ, შეშლილი ქარბუქი ჰქროდა,
გოდებდა ღამე გრგვინვით და ზარით,
მთვარეულ ფიქრთა განგაში მქონდა,
ღამით დუელში მიწვევდა ქარი.
ნეტავი ან რას მემართლებოდა?
ნუთუ ტრფობის რომ გიჟღერე ქნარი?
გხედავდი, ჩემი მემართებოდა...
ალბათ ჩემსავით გეტრფოდა ქარი...
შენი სხეული, ღამეულ ლანდად
ქარდაკრულ ჰანგზე, ვნებით როკავდა
და შლეგი ქარი, ვნებააშლილი,
მთრთოლვარე დალალს ვნებით ლოკავდა,
მე კი... მე მშურდა, მე მშურდა ქარის,
ისე თამამად გეფერებოდა,
ხმაში უჟღერდა სონატა მთვარის
და ვნების ვალსად ეფემერობდა...
ეჭვებით მთვრალმა ვეღარ ვითმინე
მოქნილ სხეულის ქართან ალერსი,
შენ არ გაცადე, ვერც მე ვიფრინე,
ქარს გამოგტაცე, ვნებაალესილს...
წუხელ შეშლილი ქარბუქი ჰქროდა,
გოდებდა ღამე გრგვინვით და ზარით,
მთვარეულ ფიქრთა განგაში მქონდა,
ღამით დუელში მიწვევდა ქარი!

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge