გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლუის გლიკი - ლექსები

                                                       თარგმანი მაგდალენ გელაშვილისა


უმანკოების მითი 

ერთ ზაფხულს ის მიდი მდელოზე,
როგორც ყოველთვის, ცოტა ხნით ჩერდება გუბესთან, რომელშიც ხშირად უყურებს თავის ანარეკლს,
რათა აღმოაჩინოს ცვლილებები. ხედავს
იგივე ადამიანს, ქალიშვილობის საშინელი მანტია კი კვლავ ტანზე ეტმასნება. 
მზე წყალში ძალიან ახლო ჩანს.
ბიძაჩემი კვლავ მითვალთვალებს - ფიქრობს გოგონა.
თავისებურად, ბუნებაში ყველაფერი მისი ნათესავია.
მარტო არასდროს ვარ, ფიქრობს ის,
ფიქრს ლოცვით ცვლის.
შემდეგ სიკვდილი ჩნდება, როგორც პასუხი ლოცვაზე.
ვერავინ ვერასდროს გაიგებს
თუ რაოდენ ლამაზი იყო ის, მაგრამ
პერსეფონეს ახსოვს.
თავგზა აუბნია, სწორედ აქ, 
ბიძამისის თანდასწრებით. პერსეფონეს ახსოვს, როგორ ბრწყინავდა მზის 
სხივი მის შიშველ მკლავებზე. 
უკანასკენლი, რაც მკაფიოდ ახსოვს, არის ეს.
შემდეგ შავბნელმა ღმერთმა წარიტაცა ის.
მას ასევე ნაკლებმკაფიოდ ახსოვს
შინაგანი შიში, რომ მის გარეშე ვერ იცხოვრებდა. 
გოგონა, რომელიც გუბიდან გაუჩინარდა,
უკან აღარასდროს დაბრუნდება, დაბრუნდება 
ქალი, 
იმ გოგოს საძებნელად უწინ თავად რომ იყო.
დროდადრო გუბესთან დგება და ამბობს:
,,მე გამიტაცეს", მაგრამ ეს მისთვის არასწორად ჟღერს, არაფერი ჰგავს იმას, რასაც განიცდის.
მერე ამბობს - არავის მოვუტაცებივარ;
მერე ამბობს - საკუთარი თავი შევთავაზე,
მსურდა საკუთარ სხეულს გავქცეოდი. 
ხანდახან ასეც მინდოდა. 

მაგრამ უმეცრება ვერ აიძულებს ცოდნას,
უმეცრება აიძულებს რაღაც წარმოსახვითს, რომლის არსებობისაც სწამს.
სხვადასხვა არსებით სახელს
მონაცვლეობით ამბობს.
სიკვდილი, ქმარი, ღმერთი, უცნობი.
ყველაფერი ძალზედ მარტივად, ძალზედ ნორმალურად ჟღერს.
მე უნდა ვყოფილიყავი, ის ფიქრობს, ჩვეულებრივი გოგო.
ასეთ ადამიანად თავი არ ახსოვს, 
მაგრამ ფიქრობს, რომ გუბეს ემახსოვრება
და აუხსნის თავისი ლოცვის მნიშვნელობას
ისე, რომ გაიგებს,
შეისმინეს თუ არა ის.


კირკეს ძალა

ღორად არასდროს არავინ გადამიქცევია.
ზოგიერთი ადამიანი არსით ღორულია. მე ისინი მხოლოდ ღორებს დავამსგავსე.
მაცოფებს თქვენი სამყარო,
რომელშიც ნიღბებს ირგებთ.
თქვენი კაცები ცუდები არ იყვნენ,
უწესრიგო ცხოვრებამ აქცია ასეთებად. ღორებად,
ჩემი და ჩემი ქალბატონების 
ზრუნვით კი - მოითაფლენ.
შემდეგ ჩემი შელოცვა შევცვალე
ჩემი ლმობიერებისა და ძალის ჩვენებით. მე დავინახე, 
ჩვენ შეგვეძლო ვყოფილიყავით ბედნიერები აქ.
ისე, როგორც წყვილი, 
როცა მათი მოთხოვნილებები მარტივია. მაშინვე
განვჭვრიტე შენი გამგზავრება, 
შენი მეომრები კი ჩემი დახმარებით
შეერკინებოდნენ აზვირთებულ ტალღებს. გეგონა,
რამდენიმე ცრემლი დამამარცხებდა? მეგობარო,
გულის სიღრმეში ყველა გრძნეული პრაგმატისტია;
არსს ვერ შეიცნობ საზღვრების გარეშე. 
მხოლოდ შენი დატყვევება რომ მდომოდა,
ტყვედ დაგიტოვებდი.


ცარიელი სარკე 

ვითხოვე ბევრი, მომეცა ბევრი,
ვითხოვე ბევრი, მომეცა ცოტა, მომეცა ცოტა.
და შორის? რამდენიმე გაშლილი ქოლგა შინ.
წყვილი ფეხსაცმელი შეცდომით დევს სამზარეულოს მაგიდაზე.
ო, მცდარია, მცდარი - ეს იყო ჩემი ზნე.
მე გულქვა ვიყავი, ცივი.
ეგოისტი ვიყავი, ულმობელი ტირანიის პირას.
მაგრამ ყოველთვის ასეთი ვიყავი, სულ ბავშვიც კი.
პატარა, შავთმიანი, ჩაგრული სხვა ბავშვების მიერ.
არასოდეს შევცვლილვარ. სარკის შიგნით უცებ დატრიალდა ბედის აბსტრაქციის სწრაფი მიმოქცევა.
ზღვა იყო? პასუხი სათუოა;
ციური ძალა? უსაფრთხოდ ყოფნისთვის ვილოცე.
ვცდილობდი უკეთესი ადამიანი ვყოფილიყავი.
მალევე მივხვდი, რომ რაც შიშით დაიწყო, 
გადაიზარდა ზნეობრივ ნარცისიზმში.
სინამდვილეში, შეიძლება ჭეშმარიტი
ადამიანური ზრდა გამხდარიყო.
შეიძლება ეს ისაა, რასაც ჩემი მეგობრები გულისხმობდნენ,
ხელს ჩამკიდებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მათ ესმოდათ ის ძალადობა და დაუჯერებელი სისულელე,
რაზეც თანახმა ვიყავი (ასე ვფიქრობდი ოდესღაც) 
გულისხმობდნენ, რომ მე ვწუხდი ბევრის გაცემაზე ცოტას სანაცვლოდ.
თუმცა ისინი მაინც თვლიდნენ, რომ მე კარგი ვიყავი (ხელებს ძლიერად მკიდებდნენ),
კარგი მეგობარი და ადამიანი და არა პათოსის ქმნილება.
მე არ ვიყავი შესაბრალისი! მე ვიყავი უმანკო,
როგორც დედოფალი ან წმინდანი.
ვფიქრობ, ეს საინტერესო ვარაუდს ქმნის.
და ეს მახსენებს მე რომ გადამწყვეტი ცდაში მტკიცდება,
რომ ვირწმუნოთ მარტივი ცდით ხდება ყველაფერი კარგი,
სრულებით შეუბღალავი, გარყვნილი სურვილით,
დასაყოლიებლად ან საცდუნებლად. 
და განა ვინ ვართ ამის გარეშე? 
ვიტრიალებდით ბნელ სამყაროში,
მარტოები, შეშინებულები, უძლურნი ბედის წინაშე.
სინამდვილეში, რა გვაბადია? 
მოსაწყენი ტყუილები, კიბეებით და ფეხსაცმელებით.
მარილიანი ტყუილები, წამხდარი მცდელობები ზნის შესაქმნელად.
რა გაგვაჩნია ამ დიდი ძალის საპირწონედ? 
დასასრულს, ვფიქრობ, ეს არის კითხვა, 
რომელმაც დასცა აგამემნონი
იქ, სანაპიროზე, ბერძნული გემებით მზადყოფნაში.
ზღვა უხილავი წყნარი ნავსადგურის მიღმა.
მომავალი მომაკვდინებელი, არამდგრადი: 
ის იყო უგუნური, რომელიც ფიქრობდა 
ამას გააკონტროლებდა, არადა, უნდა
ეთქვა - მე არარა ვარ, შენს ხელთ ვარ.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge