გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გერმანე საზანოელი - ლექსები



დამიზიანდი

ყურში ჩამესმის სისველის ექო,
მესამე დღეა წვიმს და აბუჩად
იგდებს, აწვალებს სწორედ იმ ბექობს,
სადაც ვეტრფოდი, სწორედ ამ ქუჩას.
წვიმა კი წვიმს და თან დადის ველად,
მაგრამ რატომ ან რისთვის ვბრაზდები?!
იქნებ მინდორი რომ დამისველა,
ან კიდევ სული - ახალგაზრდების!
სულ ასე არა, ეს ღმერთმა ნუ ჰქნას,
დღეს რომ სირცხვილო გამიმზიანდი.
მოთქრიალებს, თან დროდადრო ბუქნავს
და ამიტომაც დამიზიანდი!

                               
***
რომ არ მესმოდეს, არ მქონდეს დარდი,
დილის ფიქრებთან რომ არ მიმყავდე,
შენ რომ არ იყო სურნელის ვარდი,
რომ არ მინდოდე, რომ არ მიყვარდე!

ვიცი, აქ ყოფას ფასი აქვს ცრემლის,
ცრემლიანობა თითქოს ძვირს ფასობს,
მე დაგაბამდი სტროფების ჯაჭვით,
რომ არ მესმოდეს შენი, ძვირფასო!


შეუდარებელო

მოვდიოდი შენკენ, დიდხანს,
მაგრამ გზები ამერია,
რადგან ჰგევხარ ალბათ, დიდ - ხანს,
ანდა ალბათ ამ ერიანს?!
ამ ერიანს, ალბათ სადაც
უჰაერო ჰაერია!
ზოგჯერ ჭრელიც, ზოგჯერ სადა, 
სხვა დიადიც ჰა, ერია.
ჰა ერია, ზოგჯერ მრავლად
და ზოგჯერ კი მარტოხელა,
დგას ეპოქა, თითქოს თავლად,
დღეს ხვალინდელს მარტო ხელავს!
მარტო ხელავს, მწარედ აცხობს,
თითქოს ტყის გულს იელია,
თითქოს, თითქოს მარტის თვეა,
თითქოს დაჰკრეფს იებს ლია.
მაგრამ, ვაი, ჩემო ტკბილო,
შესაჭმელად მიგელიან.
მიგელიან რომ დაგახრჩონ,
ან რაღა დროს იებია,
ჩრდილს კი ვწუხვარ, ვერც ვუგლოვე,
ვერც მოვედი ტირანიდან,
ვერც დავწერე მე გუგლს love!
ვზივარ, ვზივარ მტირალი და...
აღარც მკმარა სიყვარული,
არც ლურჯთვალა იებია,
ძლიერ მღვრიე ღამეა და
ვერც თვალს ვახელ იმედიანს.
მომაკვდავო! ნატახტარო!
ყოველ ყოფას ტირე მიაქვს,
პაპას ნაცვლად სანტა ხარობს
აპეურში ირემია.
ბეღურებიც მერცხლებივით
უცხოეთში მიფრინავენ,
წამი ისე გადაგვარდა,
რომ ცეცხლად ღვრის სიფრიფანებს!
თუკი ერთად აღარა ვძოვთ,
ტკბილო, მე, შენ და ერია,
მოვდიოდი შენკენ მაგრამ,
მაგრამ, გზები ამერია!
               

***
ვერავის შუქ-ჩრდილს ვერ მივაყენებ,
ვერ მოვსპობ, ვითარც პარაზიტს დუსტი,
ვისაც კი თავი მზესთან ჰგონია,
სწორედ მას მე ვგრძნობ, საოცრად სუსტში.

ვით უწინ, დღესაც გხედავთ, პოეტებს,
რომ დანავარდობთ რითმებით ღმერთთან.
მერე რა, თუკი ერთი ათასთან,
ზოგჯერ ათასიც საუბრობს ერთთან!
                               
          

მე შენ და აპრილი

გრძნობას ზეცაში ღრუბლად ნაჭედებს,
ზნეს რომ უხდება გაკეკლუცებად,
მზევ ჩემს საფიქრალს ისე აჭენებ,
ვით ალექსანდრე ერთგულ ბუცეფალს.
გრძნობის სადნობი, მეტრფი და მიხმობ,
არასდროს გითქვამს, მორჩი, რთულია,
მოკაზმულია საარემაროც
და სადარდოში მოჩითულია.
მე ვენაცვალე აპრილის თვალებს,
აპრილის თვალებს - თბილს და ვნებიანს,
როგორ წააგავს სურნელით ქალებს
და სამაისოდ აივნებიანს.
რამდენი თოვა, რამდენი თქეში,
ახლა მარტიც კი შენთან ჩაის სვამს,
მწამს შეგიყვარდი აპრილის თვეში
და ფიქრმაც კოხტა გულში ჩამისვა.
ბოლომდე ვადნოთ, ჩემო სიცოცხლევ,
მცირეც არ დაგვრჩეს დარდის ხუნდებად,
ვიდრე საფერე, კვირტთა სინაზეს
მაისის მზით არ გაუხუნდებათ.
მრავალ ბრმა სიტყვას სულში ნაჭედებს,
ზნეს რომ გიხდება გაკეკლუცებად,
მზევ, გაზაფხულეთს ისე აჭენებ,
ვით ალექსანდრე ველურ ბუცეფალს!

                  
მენატრები

მბეჭავი არ ვარ, მხოლოდ შენ ვერ გშლი
და სატრფოეთის ლექსით მდის დარი,
მენატრები და ეს გრძნობა შემშლის,
მხოლოდ შენთან და შენთვის მდინარი.
შებოჭვით მომაქვს აგვისტოს სიცხე,
მედილეგედ ვგრძნობ სიშორით შენს სულს,
მსურს მოვანგრიო მგრგვინავი ციხე,
ნუ მდარდობ თუ მთოვს ფიქრებში შესულს.
ჩვენი მეჯვარე ნიავი მოვა,
ნიავი მოვა ჩემზე მეზარე,
მიწას მიაყრი ცრემლსა და გლოვას,
მოაფრთოსანებ ჩვენს დარს, მგზნებარევ.
ულამაზესო, ღვინით დაგლოცე,
მქროლავი გახლავს დღეს მეინახე,
ქარიშხალი მყავს, რითმებით გკოცნე,
ლექსად მას ვატან და შეინახე.
შემოიფრქვიე გრძნობის ჰამბალი,
შენთვის და ჩემთვის, დიდ მემარხულევ,
მალე საცრემლოც სევდად დამბალი
გამოიდარებს, მეგაზაფხულევ,

გამოიდარებს, გამოიდარებს,
გამოიდარებს - მეგაზაფხულევ!


скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge