გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ეკა კვიციანი - ლექსები



***
არ ვიცი, რატომღაც დღეს ასე მომინდა, 
ტკივილად ნაღვენთი სტროფები მეშალა,
არ ვიცი, იქნებდა თეთრია, რა გითხრა?!
თუ მე მეჩვენება სოფელი ფერშავად?!
რატომღაც მომინდა დროებით გავცლოდი 
ყოველს და ეს ქარიც ტიტინებს - სად მიხვალ?!
თმენით მომტირიან სტროფები, ნაცნობი, 
ნუ შეგვახსენებო ტკივილებს მალიმალ! 
არ ვიცი, რატომღაც დღეს ასე მომინდა, 
ცრემლებად დაღვრილი სტროფები მეშალა. 


***
ჩამობნელდა, დამიღამდა თვალები, 
დღეა, მაგრამ ვაი ამ დღეს, უფალო,
მჭექარე ხმით რეკენ ცისკრის ზარები,
მე კი ვდგავარ უგონო და უთვალო.
ოცდაათი ჭუჭყის ფასად გაგყიდე,
ვერ შეგიცან, ვამჯობინე ფარჩები, 
გოლგოთაზე ჩემი ჯვარი აგკიდე,
გამეტებით დაგილურსმნე მაჯები. 
ახლა ვდგავარ, თვალებს ცრემლით ვიოსებ,
ცოდვილი და გამყიდველი უგვანო,
მიკვირს, განა ისე როგორ ვილოცებ, 
ეს ცოდვა რომ მაპატიო, უფალო. 


ემიგრანტის ამოძახილი

ვეღარ დატეულა, ვხედავ, სამყოფელში,
ვეღარ ვიმორჩილებ ამ გულს,
მგონი უჩემობით მუმლი შესევია, 
ხე-ვაზს, წინაპართა ჩარგულს.
ღმერთო, მონატრებას სულში ვეღარ ვიტევ, 
მის თავს ცხრა მაშორებს ზღვა-მთა,
მინდა გადავთელო ჩემი ედემ-ბაღი,
არა მიწა-გოჯი სხვათა!
მთლიან ჩემს სამშობლოს ფეხქვეშ გავეფინო,
შევაღვიძო ვისაც სძინავს,
თქვენთან ერთად მინდა, ჩემო ქართველებო, 
შევხვდე ყოველ სისხამ დილას. 
ისე მომეძალა მისი სიყვარული, 
ახლა არ მანაღვლებს არც რა, 
ღმერთო, სამშობლოში მალე დამაბრუნე,
ჩემი ვაზი მინდა გავსხლა!


***
რა არის სიკარგე, არც რა გაგვეგება,
ვითომდა კეთილნი - სიავით ვივსებით,
ეს რა გვჭირს ნეტავი, თუ ვინმემ ივარგა,
გულს ვუკლავთ შხამიან მცხრილავი ისრებით. 
თუ გამოგვერევა ბრძენკაცნი ქართველებს, 
თუ მათი საზომი ჩვენსაზე დიდია, 
სიცოცხლეს ვუმწარებთ შურით და ქილიკით
და მაშინ ვაღმერთებთ, როდესაც მიდიან. 


***
დავალ ქვეყნად და თან დამაქვს ძარღვით სისხლი, 
სხვა სისხლს, ღმერთო, არც არასდროს ვინატრებდი, 
მე მოვდივარ იმ გვარიდან, რომლიდანაც
იმთავიდან ამაყობდნენ წინაპრები. 
მათგან ვიცი ქართველობა რას მირქვია, 
მათგან მომსდევს სამშობლოს რომ ასე ვეტრფი, 
მეც მათსავით დამყოლია მტერთან - მტრულად...
მოყვარესთან სიყვარული ასჯერ მეტი! 
შემონახულ ადათ-წესთა ვარ ზიარი,
მოწიწებით სიმართლის თქმა დედით დამყვა,
არ მჩვევია მამასავით ლაქუცი და
სიტყვა მიკიბ-მოკიბული, ანდა ცალყბა.
მაშინ ვიტყვი - ტყუილად არ მიცხოვრია, 
თავად შვილიშვილის აკვანს როცა გავთლი,
წინაპართა სანთლის შუქი დამატარებს,
ამინ იყოს საუკუნოდ ხსოვნა მათი! 


***
თუ ამ ცხოვრებამ ვერ გამიგო ისე, ვით მსურდა, 
თუ ვერ მოვერგე დედამიწის მერიდიანებს, 
თუ კი გრძნობები დამეხარჯა ისე, ვით ხურდა,
თუ ჩემს გვერდით სულ მოსისინე გველი სრიალებს.
თუ უგემურად შემიჭამა წლები განგებამ 
და სიყვარულმა ერთხელაც ვერ მაბედნიერა, 
ან, რაც გამაჩნდა გზააბნეულს ქარში გამებნა,
თუ ვეღარა ვარ ისე მშვიდი და ნებიერა, 
ვიცი, ვერ შევძელ, ვერ ვიცხოვრე, ვით უფალს სურდა,
ეს ყოველივე უთუოდ არს მისი ხელდასმით,
რადგან ყოველი თვალხელშუა გაუფასურდა,
ეს იმიტომ, რომ მე და ღმერთი ერთმანეთს ავცდით. 


***
როს უღრმავდები არსებობას შენსას, უფალო
და გოლგოთაზე სავალი გზის მტვერთა სიმძიმეს, 
თითქოს სხეულში შემომიძვრა დარდი გველივით,
ვერ უშველეო, ტკივილებთან ერთად სისინებს.
ჩურჩულით ვყვირი, გეფერები ყველა სიტყვაში, 
მე მაპატიე, გულიანად თუკი ვერ ვგალობ
და ყოველ ღამის ნათენები, სველი თვალებით, 
ვერ ვიძირები შენს თვალებში უკიდეგანოდ. 


***
შენ დაგლოცო მინდა ახლა, მიწავ ბარაქიანო! 
ტკბილი მრავალჟამიერიც ცამდე ავახმიანო. 
გაუმარჯოს უფლის სახელს, წმინდასა და დალოცვილს, 
სიყვარულის სადღეგრძელოს, ამ ფიალაით გამოვცლი. 
გაუმარჯოს ღვთის ნაჩუქარ სიცოცხლეს და განთიადს, 
სავსე მთვარეს და იმ ვარსკვლავს - ღამით ცით რომ ანთია.
საუცხოო ამ ბუნებას, ფერთა მძივს რომ ახამებს, 
გაუმარჯოს ღვთისმშობლისგან გამორჩეულ ამ მხარეს! 
თავმძიმობას თავთავისა, პურის მადლს და მის სურნელს,
ვინც მოყვასის კარგად ყოფნას გულის ჭიდან ისურვებს.
გაუმარჯოს მეგობრის გულს, გადახვეულ მხარზე ხელს, 
ვისაც თავად უჭირს, მაგრამ სხვის მოკითხვას ახერხებს.
გაუმარჯოს შოთას სიბრძნეს ჯვარს და მანდილს თამარის 
და იმ ვაჟკაცს, მის მიწას რომ არ გაუყოფს არავის! 
გაუმარჯოს კალამსა და შთაგონებულ მუზის ხმას
და იმ ფესვმაგარ ხის ნაყოფს, მოსავალს რომ სულ ისხამს. 
გაუმარჯოს ფუძე-კერას, ვინც სიმღერით ჭერს ახდის,
ვინაც იცის პატრონობა პურისა და ვენახის. 
ჩვილის სუნს და აღუს ღუღუნს, იავნანას დედისა,
ვინც ელოდა აკვანის ჭრიალს და უფლისგან ეღირსა.
დაწურული მტევნის მადლსაც, 
პაპის მკლავს და ლომურ მუხლს, 
ქართულ სისხლს და გენსაც ქართულს, 
ჩვენს ძარღვებში რომ მოდუღს. 
გაუმარჯოს სიყვარულით გადათელილ ბალახებს
და იმ თვალებს, რომ გაგყიდის და შენს გრძნობებს გაამხელს. 
გაუმარჯოს მზის თბილ მანდილს,
მთაში ირმის ნაკვალევს, 
ფიფქშევერცხლილ ნაძვის ტოტზე
ბეღურა რომ კანკალებს. 
გაუმარჯოს მშობლის ამაგს, 
შვილის გზას და მომავალს, 
ბებო ცელქი შვილიშვილის 
ონავრობას რომ მალავს. 
გაუმარჯოს უანგარო სიკეთეს და ლოცვის მადლს,
სახეს მზიანს, უნიღბოს და 
სიყვარულით მომცინარს. 
სიმართლის მთქმელს გაუმარჯოს, 
ალალ კაცის სახელ-გვარს, 
იმ სანთელს და იმ საკმეველს, 
მის გზას რომ არ დაკარგავს.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge