გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ენდი ნემსიწვერიძე - ლექსები



მამული

განაახლა ვაზი მყნობით,
მამაჩემს სხვა ენა ჰქონდა,
ჩვენ მას ვენახს ვეძახოდით,
იგი - მამულს ეძახოდა...

ახლა ვხვდები, დრო რომ მროზგავს,
ის ვენახი - მამულია,
იმიტომ, რომ სამშობლოს ჰგავს,
მამაჩემის დარგულია.



თვითონ უფალიც ჩემშია

მთების ფიქრი თუ ნისლია,
წვიმა - ცრემლები სამყაროს,
ღვინო თუ ქრისტეს სისხლია,
პური კი - ხორცი ამავ დროს.

მზე სითბოს გვაცმევს ფარაჯად,
სამყარო არის მშობელი,
მთვარე კი ღამის დარაჯი,
მისივე მანათობელი.

დროება თუა მეუფე,
ან მბრძანებელი - ბუნება,
ვეღარ გავიგე მე უკვე,
რა დამრჩა... მხოლოდ ყურება?!..

მხოლოდ ამათი მზერისთვის,
სიცოცხლე ღმერთს მოუცია?!
ვიდარდო ბედისწერისთვის,
ნუთუ ეს არის ფუნქცია?!..

მთაც ვარ, ფიქრიც ვარ, ნისლიც ვარ,
სამყაროც მე ვარ ოდიდან,
მიწისიცა ვარ, ცისიც ვარ,
ვმქუხარებ ორთავ სოფლიდან.

მე ამ პლანეტის გონი ვარ,
მე ამ ცხოვრების ფესვი ვარ,
ჭირის და ლხინის ფონი ვარ,
ჯერაც უთქმელი ლექსი ვარ.

ძველს ვამბობ, რამეს ვერ ვვახლობ,
სამყარო უფლის ხელშია?!
უფალი? - მასში მე ვსახლობ,
თვითონ უფალიც ჩემშია.






საყვედური

დედა, იავნანა რად მიმღერე,
კვერი რისთვის მიცხვე საობლო,
ლექსით ყელი რატომ მოიღერე,
რატომ შემაყვარე სამშობლო?!

დედა, რად მიშლიდი გრძნობის აფრებს,
ფიქრობ, კარგი საქმე მიკეთე,
ან, რას მიყვებოდი ისეთ ზღაპრებს,
თითქოს ბოროტს სძლევდა სიკეთე?!

დედა, რად მასწავლე ჭირთა თმენა,
ანდა, ერთგულება ჭურ-მარნის,
რატომ შემაყვარე ჩვენი  ენა,
გულით მასპინძლობა სტუმარის?!

დედა, რად მინერგე შიში უფლის,
შენი მეტანია მზაფრავდა,
რატომ შემასწავლე წესი სუფრის,
ანდა, პატრონობა საფლავთა?!

დედა, ქრისტესავით ჯვარს მაცვეს და
სულს, რომ დამიმონე სხეული,
შენგან რაც ვისწავლე განმძარცვეს და...
სევდით ვიღუპები ეული.





სასაფლაოზე

და მაინც... მისდევს ეს გული იმ გზას,
ჩემს წინაპართა ფეხით გათელილს,
ოცნებებით რომ ვძერწავდი მიზანს,
დღეს კი... ვიგონებ ხელში სანთელით.

ანწლიან მინდორს ასდიხართ ორთქლად,
ავად ჩამოჰკრეს გლოვის ზარებმა,
ან... ამ სიკვდილმა რამდენი მოგკლათ?!
ანდა, ვინ შესძლო დასაფლავება?!

ეს უმომავლო სურვილი მეწვის,
მუხას რომ ფესვი უწყლოდ უხმება...
და არაფერი დგას ახლა ჩემს წინ...
და ყველაფერზე მესაუბრება.




მე მაინც გელი

მე, მაინც გელი, თუმც არ ვიცი ვინ ხარ და სად ხარ...
იქნებ ჩემთან ხარ, ქარის სახით დაქრი გულადი,
მე, საუზმესაც ვიუარებ, სადილს და სამხარს,
ოღონდ ვახშამზე გადაიღე ჩემთან სურათი.

ღამეა ძნელი, ღამეები მიჭირს უფრორე
და ბოლო ვახშამს მინდა ვუსხდეთ მხოლოდ ჩვენ ორნი,
რომ შენთან ერთად დასასრულის წუთს არ ვუფრთხოდე,
რომ წუთისოფლის სცენას შევრჩე, როგორც ტენორი.

თვალსაწიერი,  ჰორიზონტთა ბურღავს ნაპირებს,
შენ მატყვილებდი, როცა მითხარ ნუთუ - ,,დროებით“...
შენზე ფიქრისგან გამითეთრდა თმები თავპირზე
და უწამწამოდ ხვრეპენ ცრემლებს ქუთუთოები.

მე მაინც გელი, თუმც არ ვიცი, სად ხარ და ვინ ხარ.
მარად ლოდინი ამ სხივჩამქრალ თვალებს აელმებს
და თუ აღარ გსურს ჩემი ნახვა, ის მაინც მითხარ,
რატომ მინიშნავ გამუდმებით მაშინ პაემნებს...

ღამეა ძნელი, ღამეები მიჭირს უფრორე
და ბოლო ვახშამს მინდა ვუსხდეთ მხოლოდ ჩვენ ორნი,
რომ შენთან ერთად, დასასრულის წუთს არ ვუფრთხოდე,
რომ წუთისოფლის სცენას შევრჩე, როგორც ტენორი.



წვიმა მგონია...

მე თავი ხშირად წვიმა მგონია
და სულს ზეციურ ქუხილებს ვწირავ,
ხანდახან, ტყე-ტყე ვიწყებ ბორიალს,
ხან კიდე, დედის საფლავზე ვწვიმვარ.

ხანდახან, სუნთქვას ცრემლებად ვწურავ,
ხან კიდე, თქეშით მსურს გვალვა მოვსრა,
ხანდახან, პეშვით ვარწყულებ მწყურვალს,
ხან, წარღვნა ვარ და მეორედ მოსვლა.

და ვხარობ, როცა სამყაროს ვთქორავ
ჩემს ცრემლში, სხვა რომ გასცურავს მხარულს,
როდესაც წისქვილს ვუბრუნებ დოლაბს,
ან, როცა მიწას ვალბობ დაბზარულს.

და  მაინც მსხდარნი საწუთროს გემზე,
მზის, რომ უჭირავთ ხელში მარაო,
მაგგვარი წვიმით, იტყვიან ჩემზე,
რამდენმა წყალმა ჩაიარაო...

მე ხშირად თავი წვიმა მგონია
და სულს ზეციურ ქუხილებს ვწირავ,
ხანდახან, ტყე-ტყე ვიწყებ ბორიალს,
ხან კიდე, დედის საფლავზე ვწვიმვარ.



ბაბუა

იჯდა  და მღეროდა
სიმღერას საამურს,
ლერწამის ღეროდან
გათლიდა სალამურს.

დინჯად, არ  ჩქარობდა,
სიცოცხლეს ჩორკნიდა,
სათვალეს ხმარობდა
ბროლად და ჭოგრიტად.

ზღაპრებსაც ჰყვებოდა
საშური ბოლოთი,
ყოველთვის კვდებოდა
ბრიყვი და ბოროტი.

იტყოდა ამავ დროს,
ვით ღმერთი ზეციდან,
სიტყვას და არასდროს,
არასდროს შეცვლიდა.

ჭირითაც  დამთვრალა,
ლხინითაც გახურდა,
ასაკიც დათვალა
და წლებიც გაღუნა...

ფიქრებით გაბურღა
ცხოვრების მაღარო,
დაჰქონდა ბაბუას
ბეჭებით სამყარო.



რად მიყვარს

ქარ-გრიგალივით დავქრი და
დავღალე გზები წანწალით,
უქმე დღეების საქმრო ვარ
და ღამეების წაწალი.

რამდენ თავს უნდა მარხავდეს
წუთისოფელი ორპირი,
რამდენჯერ უნდა გათხოვდეს,
გადაიხადოს ქორწილი?!

აღვივოს, არ გააციოს,
სიკვდილ-სიცოცხლის ღადარი,
ლხინი რომ ჭირად აქციოს,
ტირილის წამსკდეს ავდარი.

ხან სიყვარული მაწვიოს,
დამატკბოს ცრემლებნაღვარზე,
ხანაც ქვა წამომაწიოს,
აგორებული აღმართზე...

და მიკვირს, თავს რომ არ ვიკლავ,
ხშირად ამგვარ ფიქრს ვეძლევი,
ასე მზაკვარი, რად მიყვარს,
რომ ვერ ვთმობ, რომ ვერ ველევი?!




ერთი პაემანი

შენ ხომ მახარე ხარ, მოდი აქ მახარე,
სოფელზე მიამბე, ჰოდა გამახარე...
შენ ხომ მახარე ხარ, ზაქარიას შვილი,
ქაიხოსრო გახსოვს? მისი შვილიშვილი.
შენ თუ იცი, მას რომ ორი თოფი ჰქონდა,
ჰოდა, მესამე თოფს ცოლს რომ ეძახოდა.
ხშირად აუფრენდა ბაბუაშენს ოფოფს,
ცხონებული პელო, ნათელში ამყოფოს.
ის მითხარი ახლა, ყანების გადაღმა,
მსხალის ხე რომ იყო, კვლავ დგას თუ გადახმა?
ცოცხალია ვაჟა? ონისიმეს გერი...
ისევ თუ დაობენ სამჭედლოსთან მდგარი...
რომლისას აქვს უფრო მოხდენილი რქები,
რომელსა ჰყავს უფრო შეძლებული ხარი?
ნაკანტორალზე თუ ისევ სვამენ ღვინოს,
ბაბუაშენს ჰქონდა ვაზი ჯიშიანი.
ღვინოს ადუღებდა, შენ კი არ გეწყინოს,
მარა მჟავე იყო, თანაც ტირშლიანი.
გავირინდე მე და ყურს ვუგდებდი გზიდან,
სხვებს რომ ვუყურადო კი არა მაქვს ჩვევა,
რაღაც მაგნიტივით ძალამ მიმიზიდა,
ნაცნობ ნოსტალგიის სევდამ შემაჩერა.
მოეხვია მერე ის მოხუცი ამ ბიჭს,
დაპატიჟა სახლში, აუჩქარეს ნაბიჯს...
და რაც ვნახე მაშინ დღემდე საგზლად მყოფნის,
ერთი პაემანი ქალაქის და სოფლის.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge