გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ეკა კვიციანი (კატერინა) - ლექსები



***
მზეს თითქოს ფოთლები სცვივა,
ნისლი ჩამოწვა და ლხინობს,
მღერის შემოდგომის წვიმა,
ისევ აყენებენ ღვინოს.
ისევ გიორგობის თვეა,
ჩრდილავს მანათობელ მზეს და
ქარმა გამახსენა უწინ,
ყვითელ ბარათებს რომ მწერდა.
ახლაც აგერ მიყრის ხელკავს,
ქარვის მძივებს მიპნევს სახლთან,
ადრინდელიც მახსოვს ყველგან,
კავალერივით რომ მახლდა.
ისევ ფოთოლცვენის დროა,
ცა ჭრის ისევ ჭრელ-ჭრელ თარგებს,
ქარმა ჩუმათ ხელი მთხოვა,
თითზე ძოწის ბეჭედს მარგებს.


***
სამშობლომონატრებულ ემიგრანტის დღიურიდან

ჩემი გულის სარქველი ხარ, 
სანთლისფერი კელია, 
სულის ათვლის წერტილიდან
რა გზაც გამიკვლევია.
შენ ხარ ჩემი ფიანდაზი,
დაირა და ჩონგური
და ვაზი ხარ მსხმოიარე,
მამა-პაპის ჩარგული.
ცის კიდე ხარ, ღვინისფერო!
ძვალი ჩემი წინაპრის
და იმისი მშობელი ხარ,
ვინც მე მიწას მიმაყრის.
შენ მერცხლების ასაფრენო,
აკინძულო საუნჯევ,
აბა, როგორ არ შეგაქო?!
აბა,როგორ  დავმუნჯდე?!
მანდ ხომ ჩემი სისხლი მღერის,
მთებში, ცა რომ ახლოა,
ჩემი საბუდარაა და
ჩემი სამოსახლოა!
შენი მონატრება ჩემთვის
მძიმე განაჩენია,
თვალით შორს ვარ შენგან, თუმცა
გული მანდ დამრჩენია!


***
როცა უკუნეთი ღამე ისადგურებს
და დღის ლანდებიდან აღარაფერს ველი,
სტროფებს მაშინ ვაწყობ, ისე, ვით აგურებს,
სულის კელია მაქვს ასაშენებელი.
ლექსო, გახმიანებ, ბედით დასერილო,
ვტოვებ ნათითურებს ცაზე გამთენია,
როგორც მთვარეული მეც იქ დავსეირნობ...
ჩემი ყველა ლექსი ღამენათევია!
ვწერ და როგორც ტაძარს, მერე სამ წრეს ვუვლი,
ახლა ყველა ფიქრი ერთად მომესია,
როცა სიბნელე თრთის, როგორც მთვარეული,
მაშინ იბადება ჩემი პოეზია!


***
რაა ის ღმერთი, ან რისთვის გინდა?!
მისი სიწმინდე თუ არ იწამე!
რაა სიცოცხლე, ან რისთვის გინდა?!
სიკეთისათვის თუ არ თვლი წამებს.
რაა მამული, ან რისთვის გინდა?!
თუ ენა, რწმენა, არ გაგყვა გზამდე,
რაა ის შვილი, ან რისთვის გინდა?!
სამშობლოსათვის თუ არ გაზარდე.
რაა სიმღერა, ანდა ის ლექსი?!
თუ ჟრუანტელმა არ დაგიარა,
მიწა რად გინდა თუ მონაგარმა
მასზედ  ამაყად არ გაიარა?!
რაა ის დილა, ანდა ის ღამე,
თუ არ ილოცე, არ იმარხულე,
გაჭირვებული თუკი მოყვასი
გულანთებულმა არ ინახულე.
რაა ის სისხლი, ან რისთვის გინდა?!
თუ სიყვარულით არ იჟრიალა,
რაა წინაპრის დარგული ვაზი,
თუ მომავლისთვის არ იშრიალა?!
ის გაზაფხული რა არის,თუკი
არ შეიკერავ სამოსს ყვავილის,
ის მთები რაა?! თუ არ გსმენია
ექო ირმების ჯოგის ბღავილის.
რა არის სითბო, ანდა სინათლე,
თუ არ გინახავს ბზინვა ფითილის,
რაა სიმდიდრე, ან რისთვის გინდა,
თუ მეგობარი გვერდით გიტირის.
რაა თვალები, ან რისთვის გინდა?!
გაზაფხული და მზე თუ ვერ ნახა,
რაა ის გული, ან რისთვის გინდა?!
თუ სიყვარული არ გიკარნახა.
რაა სიცოცხლე?! თუ აფეთქებულ 
ატმის ყვავილთა ვერ შეწვდი ფერებს,
ანდა, ქართველად რისთვის მოსულხარ?!
თუ ქართველობა ვერ შეიფერე!


***
ჩამობნელდა, დამიღამდა თვალები,
დღეა, მაგრამ ვაი ამ დღეს, უფალო,
მჭექარე ხმით რეკენ ცისკრის ზარები,
მე კი ვდგავარ უგონო და უთვალო.
ოცდაათი ჭუჭყის ფასად გაგყიდე,
ვერ შეგიცან, ვამჯობინე ფარჩები,
გოლგოთაზე ჩემი ჯვარი აგკიდე,
გამეტებით დაგილურსმნე მაჯები.
ახლა ვდგავარ, თვალებს ცრემლით ვიოსებ,
ცოდვილი და გამყიდველი,უგვანო,
მიკვირს, განა ისე როგორ ვილოცებ,
ეს ცოდვა რომ მაპატიო,უფალო!
  

***
სად გადავმალო სევდიანი ცრემლის ძაფები?
მძივად რომ ქსოვენ ცვრიან კაბებს ტანზე მოხვეულს
და მერე ქარში გასაშრობად გამონაფენნი,
შეადნებიან, როგორც ფიფქნი ნამზეურ სხეულს.
სად გადავმალო თვალებში რომ წყლები ჩამდგარან?!
ცივი თითებით ვემსგავსები შემომჭკნარ რტოებს,
როგორც ზამთარში გამითოშა ძვლები ავდარმა,
საკვირველია,უფალი რომ კვლავ ცოცხლად მტოვებს.
სად გადავმალო ცრემლნარევი სევდის ძაფები?!


***
ექსპრომტი

თვალებით ვხატავ დღეთა მირაჟებს,
მოჟამისფერო ჩანან ხედები,
სიყვარული თუ ღმერთთან მიმაბჯენს,
უსიყვარულოდ - გავნახევრდები
და დავიცლები სრულად სისხლისგან, 
თვალით დახატულ ცისკარს ნაჩვევი,
უსიყვარულო წამი - ღვთის რისხვა,
სიყვარული არს თვით გადამრჩენი.


***
ალანძულია სულის კედლები,
სისხლი დათმენის ღადარში იწვის,
ახლა ჩემს თავში თუ ვიკეტები
და ვასხამ ბაღლამს კალამში სიმწრის.
ეს იმიტომ,რომ ვტკეპნე დღეები,
ხრიოკ ქარაფზე ვიდექი დიდხანს,
ცას გულიანად ვერ ვეფერები,
ღმერთო, რას მერჩი? - მიზეზი მითხარ!
ამოვსებულა სხეული ჭირხლით,
გადავიღალე უკიდეგანოდ,
ცისკრის ნათებას რა თავში ვიხლი?!
თუკი ვერ ვმღერი, თუკი ვერ ვგალობ


***
შემოდგომის ქარვისფერი საღამოა,
მეც მასავით ფოთოლცვენის დამაქვს სევდა,
თუმცა იმ დრომ ჩაიარა, აღარ მოვა,
მაგრამ, მაინც რამდენი რამ გამახსენდა.
ჩურჩულებდნენ ნაწვიმარი ჭადრის ხენი,
ჩვენ ორნი რომ მიყვებოდით მომცრო ქუჩას,
ქარო, ძველი ჭრილობები გამიხსენი,
დრომ რომ გულში ფოთლებივით მოაქუჩა.
მერე? სკივრში ვინახავდი მოგონებებს
და ამ სკივრის დღემდე მუჭით დამაქვს კლიტე,
შემოდგომავ, არც გემდური და არც გყვარობ,
შენ ხომ ჩემი ბედ-იღბალი გადაწყვიტე.


დედას

ვფიქრობ და მწველი მორევი მითრევს,
მოგონებათა კალთის ქვეშ ვსახლობ
და ვეფერები შორეთში მის თმებს,
ჩემგან რომ არის არც ისე ახლოს...
სურვილი, ვნახო, მკლავს დღესაც მისი,
მინდა,რომ ვცხადვყო წარმოსახვებით,
სიტყვა ვერ ვპოვე კვლავ შესატყვისი,
ვერც გრძნობა,კარგო, ამოსახეთქი!
ზეცამ ჩარაზა ქალის ხატება,
შევაღებ მეთქი - კარს ვეფათურე,
დედის თვალები? არ იხატება!
ცხადად რჩება და არც კვდება თურმე.


***
სანამ უფლის წინ წარვსდგები,
სანამ უფალი წამიყვანს,
მინდა დავუნთო სანთლები,
გულში ვინცა მყავს და მიყვარს.
სამშობლო მინდა ვავედრო,
მრავალგზის განაწამები,
უფალს და დედა მარიამს
და ასე განვლო წამები.
მზის სიმწვავითაც დავიწვა,
ღამე ვუთიო მთვარის შუქს,
ვარსკვლავს ციალი დავუწნა,
ღამესთან ტრფობით დანიშნულს.
სანამ გზაწვრილი შემხვდება,
მივებარები სანამ ცას,
მინდა ვიცეკვო ვერხვებთან,
მუხლი ვუყარო სალოცავს.
ვუცქირო - შვენის წვა კოცონს,
სანამ გადვივლი ქარაფებს,
მინდა მოყვასი დავლოცო
და ვინც სუდარას დამაფენს.


***
სისხლიან ტუჩებს იკვნეტს დროება,
ჭიამ რომ ჭამა, სწორედ იმ კბილით
და დედამიწას,სუდარასავით,
ახვევს შავ, მძიმე ტორებს სიკვდილი.
ეს რა ფერი აქვს რიჟრაჟს - ვერა ვცნობ,
დილას გუგები ჩაშავებია
და რით გავუძლო, როცა წვრილ თოკზე,
უხვად შავ-შავი თავშალებია?!
მთვარე ჰკიდია მტვრიან კაუჭზე,
ვერცხლის ვარსკვლავნი ცვივა ხურდებად,
შეუშვერიათ შავი კალთები
და ჰა, საცაა გაუხუნდებათ.
დატკეპნილი აქვთ გული საფლავებს,
ზედ სარეველებს რგავენ, არ წვავენ,
ჰაერიც თითქოს ისე გათვალეს,
რომ უჟანგბადოდ ძლივსღა წანწალებს.
დაიარება მზაკვრალი ჭირი
და ყველა კართან ტოვებს თავის კვალს,
თითქოს მიწაა სიკვდილმისჯილი
და ნაადრევად ვგონებ თავს იკლავს.


***
გავიხსენო მინდა ქვეყნად მოსვლის არსი,
მუხლმოყრილმა უფლის ლოცვა ავამღერო,
განა არის სადმე ჩემი მიწის მსგავსი?!
ფეხზე მინდა მისი შევსვა სადღეგრძელო.
მომაგებეთ, მომაგებეთ თიხის თასი,
წინაპართა ადათ-წესი გავაგრძელო,
იმ დროიდან, რაც ზეცის თაღს ავსებს მრწამსი,
კაცთა მოდგმის მინდა შევსვა სადღეგრძელო.
შემივსეთ და მომაგებეთ ისევ თასი,
პური მინდა ღვინის მადლში დავასველო, 
არ წაიქცეს, არ მოედოს სახლ-კარს ხავსი,
სულთ ღაღადებს ზეციური საქართველო!
მომაგებეთ, ვაზის სისხლით სავსე თასი,
მეგობრებსაც ერთგულება შევახსენო
და ვინც იცის ალალგულით მტერ-მოყვასი,
შენ შეერგე რძის მადლივით დედის ხსენო!
იყოს ყანწი, ნუ იქნება თუ გინდ თასი,
გულს მინდა რომ მოვეფერო მართალ კაცის,
ქართველობა შემაფერე, ღმერთო ჩემო,
არც რა მინდა ალათას და ბალათასი.
სტუმრად მოველ გადამივსე ღვინით თასი,
ალავერდი გადმოვედი მასპინძელო!
ვინც შეიგრძნო წმინდა სიყვარულის ფასი,
მინდა მისი მომავალი ვადღეგრძელო!


***
გალობა ავსებს სამთავროს გუმბათს,
მირონი მზისფრად, მდუმარედ წვეთავს
და ეგებება საღამოს უბრად,
ბებერი ძვლებით, სულსავსე მცხეთა!
ვეხები ტაძარს, ჭრილობით ნაშენს,
შევყურებ ცამდე და ბოლო არ აქვს,
რაც საიდუმლოდ მირონი ხარშეს,
თითქოს-და ჩემს წინ მიჰყვება არაგვს.
ვიცი,ღაღადებს სვეტი უთუოდ,
არ აკადროო მოკეთეს ავი...
მომსწრე მრავლის და მომსწრე უგუნურთ,
-აქ არსაკიძეს მოკვეთეს მკლავი.
აზვირთებულა და უძლებს რამდენს...
ჯვარი, - ერის და მზემოკიდული,
ვწევარ და თითქოს ზედ გულზე მადევს,
უტას მარჯვენის ზემო კიდური.
ნინოს ცრემლებად მაწვიმს ყოველი,
ნაკურთხი მაყვლის და წყლის შხეფები,
ვერ ავხსნი ფიქრად სად ვიმყოფები, 
როს წმინდა მიწის ნაწილს ვეხები.
ის მშველის უფლის თუ რამ ვიწამე,
დავკოცნე ფრესკა, ცრემლები რომ სდის,
მუხლმოყრილს მიძლებს უფლის მიწა მე!
თუმც მეწვის ფეხის ტერფები ცოდვილს!


მცხეთა

შემოდგომა ყვითელ ფარჩებს კეცდა,
გამომიტყდი სიყვარულში როცა,
ხელისგულით მზე გაჩუქე მეც და
ვარსკვლავებს რომ ცრიდა უძირო ცა!
საპატარძლო კაბით ვიდექ მაშინ,
ოქროსფერი რომ ემოსა ფერდობს,
ის ბეჭედი აგაყოლე ცაში,
სიყვარულით რომ მაჩუქე ერთ დროს.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge