გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნათია ასათიანი - ლექსები



ნათია ასათიანი, რომელსაც ადრე იცნობდნენ სახელით: გოგონა პოეზიის სამყაროდან, ათასზე მეტი ლექსის ავტორია. ის ამჟამად 27 წლის არის. წერს მოთხრობებს, ზღაპრებს, ჩანახატებს, ლექსებს, პოემებს და, ამ ეტაპზე, მუშაობს ბიოგრაფიულ რომანზე. პროფესიით ჟურნალისტი და ფოტოგრაფია.
12 წლის ასაკში დაწერა პოემა: ,,დიდი მოურავიმწერალ სიმონ ქვარიანის მთლიანი წიგნი პოემად აქცია. პირველად, ნათიას ლექსები დაიბეჭდა გაზეთ: ,,ნაკადულში, როდესაც მეორე კლასის მოსწავლე იყო. ბოლოს კი მისი ლექსები დაიბეჭდა დიდი პოეტის - ჯანსუღ ჩარკვიანის სურვილით, გაზეთ ,,ქართულ სიტყვაში.

სიჩუმის სიმარტოვე

ყველა ნაწილი არ არის მარტო:
და, კი, ჰო, არა.. - მაინც ესენი,
არ ხდება ნატვრა და მაინც ვნატრობ,
ცივდება დახლზე ჩაი - ჟენშენის.
გთხოვ-ში იპოვი იმას, რომ შენ - თოვ,
მონატრებაში კიდევ მონობას,
ერთს კი მონახავ სიტყვაში - ღმერთო,
ერთი ყოველთვის რომ სჯობს - ორობას.
ჩემი სახელი ამბობს: ათია,
მართლაც, მრავალი ვარ და ვშენდები,
თუმც ჩემ სახელში მცირე ფართია,
ვიბადები და მასში ვბერდები.
მინდოდა ყველა სიტყვით ბოლომდე
მეთქვა ერთიც და ყველა სათქმელიც,
მე ქარავანიც ვერ მტეხს - მონოლითს,
რაც უფრო მტანჯეს - მეტად გავმრთელდი!
თუ შეაერთებ იმ მარტო სიტყვებს,
როგორც მარტო ხეს დაურგავ სხვა ხეს,
შენ აღუდგები წინ ალგორითმებს,
რომელთაც სული დაუსამარეს.
მზე - მარტოობის იმპერატორად,
ხაზს იმეორებს ზეცა ოვალის
და როგორც სიტყვა - ღამეც მარტოა
და როგორც სიტყვა - დღეც მარტო არის.
მე ნაწილაკებს დავაქორწინებ 
და კიდევ სივრცის ცამდე სხვაობას,
მყავს დღე და ღამე გადაკოცნილი
სიტყვების ღმერთთან ნათესაობად.
დიახ-ში ია ამოდის მტკიცედ,
გწამს - გეუბნება, რომ წამს ერევი,
შენივე ხმიდან ამოიკინძე,
გზად ვერ გმართავდნენ მოსახვევები!
ზურგის ქარიდან გამოძვრე მშრალი,
ყველა ჭაობის ტანის პირისპირ,
თუნდაც ცრემლებმა გამოგაყაროს,
უსწორმასწორო დროის გვირისტის.
მიყვარხარ - მხოლოდ ვარ-ს და ხარ-ს ამბობს?
ორ უარყოფას იტევს, ორ არას
და მთელი სიტყვა ამასაც დარდობს,
სიტყვა სიტყვაზე კიბით რომ ავა,
შენდება ღმერთი და ღმერთო შენდა,
დიდება - ენის სხვადასხვაობას,
დიდება - სიტყვად რაც რომ აშენდა 
და თვალებიდან სათვალთვალოა.
მომდევნო წლის მზე გადაღლილს მათოვს,
ვიგრძნობ ფიქრს და წამს - ბოლოს მხრცოვნებად,
არც ერთი სიტყვა არ არის მარტო, 
ისე ძალიან, როგორც: ცხოვრება.
ეძებს თავის აზრს ყველა ნაწილი - 
და-ც, კი-ც, ჰო-ც, არა-ც ყველა სიტყვაში
და სიტყვებს შორს კვდება მანძილი,
სიცოცხლე ხდება ჟღერადი მასში.
ეძებს და ეძებს, წამში ხან ორჯერ,
სად ნემსად ზვინში, სად სხვა ნარჩენად...
და მხოლოდ ერთი სიტყვაა ზოგჯერ 
გარდაცვალებაც და გადარჩენაც!..


***

2021 წლის აგვისტოს ერთ ლამაზ დილას, დედაჩემმა გახარებულმა გამოიღვიძა და მითხრა, რომ სიზმარში რამდენიმე ფრაზა ჩაესმა, რაც სასწრაფოდ გადმოწერა. ეს გახლდათ: 
,,მე მაინც მოვალ, მოგეფერები, ჩემო ფერია, 
ჩემი და შენი გულები ერთად მღერიან, 
სულში სითბო და სიყვარული ერთად გველიან“... 

რაც იქცა ინსპირაციად, რომ მისი ხსოვნისთვის ეს სიმღერა მიმეძღვნა:
სიზმრების კალათებში შემომრჩა სიმშვიდე
და ვნატრობ, ჭრელ ფარდაგს მზე რომ გაგვიშლიდეს,
სიზმრების კალათებში დაგეძებ სანატრელს,
წვიმადაც ვქრები და მზესავით ვანათებ...
გეძახი, მიყვარხარ! შენს ლამაზ ღიმილს ვწერ
და ვინც ჩვენ არ გვიყვარს მხოლოდ მას ვივიწყებთ,
უსიტყვო ბარათებს ზიდავენ მტრედები,
არასდროს კვდებიან მზისფერი დედები.
მის: მე მაინც მოვალ, მოგეფერები, ჩემო ფერია,
ჩემი და შენი გულები ერთად მღერიან,
სულში და სითბო და სიყვარული ერთად გველიან...
ჩემო ფერია.
ყველა გზის ნაპირზე შენით ჩანს იმედი
და შენ ხარ ნათელი, საშველი მძიმე დღის.
უშენოდ გამეფდა უკუნი ჩემს სახლში,
დაგეძებ თვალებით მილიონ დედაში.
როგორც სულს არა ჰყავს არასდროს შემცვლელი,
შენ ისე ვერავინ შეგცვლის და შეძელი.
გეძახი, მიყვარხარ! შენს ლამაზ ღიმილს ვწერ 
და ჩვენ ვინც არ გვიყვარს მხოლოდ მას ვივიწყებთ.
უსიტყვო ბარათებს ზიდავენ მტრედები,
არასდროს კვდებიან მზისფერი დედები.
მის: მე მაინც მოვალ, მოგეფერები, ჩემო ფერია,
ჩემი და შენი გულები ერთად მღერიან,
სულში სითბო და სიყვარული ერთად გველიან.


თხოვნა უფალთან

ვფიქრობ, რა მინდა, ვერ მოვრიგდით აზრები და მე,
მაგრამ, უეცრად მივხვდი, მინდა რამდენი რამე,
ვიყო ისეთი ციხე, ყველა რომ ვერ მომიდგეს
და თავს არ ვხრიდე, მტერი თუნდაც ახლოს მოვიდეს.
ვიყო უტეხი, დრომ ვერ შეძლოს ჩემი გამოცვლა,
რომ ჩავაბარო კარგად ბედის ყველა გამოცდა.
ობლად დარჩენილ პატარების თვალებში სხივი 
მინდა დაბრუნდეს და გავყარო დღეები ცივი.
ყველა მარტოსულს, მარტოხელას, რომ შეხვდეს ბედი,
მათაც წილად ხვდეთ მშვენიერი ცხოვრების ხვედრი.
რომ ერთად გაქრეს უფულობა და ყველა სენი,
არც აღარავინ დაზარალდეს არავის ენით,
ქვეყნად არავინ აღარ მოკვდეს არავის ხელით
და ჩვენც ვუშველოთ იმ ყველაფერს, რასაც ვერ ვშველით.
ხელიდან აღარ გვეცლებოდნენ ვინც ასე გვიყვარს 
და სიძლიერემ გაგვაღიმოს, თუ ბედი გვრიყავს.
ცხოვრებამ ისე ჩაიაროს, რომ დიდხანს ვიყოთ,
ყველამ სიკეთის კეთებას, მსურს, გზად ხელი მივყოთ.
ხალხი ქუჩაში ბედნიერი სახით რომ ვნახო,
აღარ ისმოდეს - „დამეხმარეთ კეთილო ხალხო“,
რომ მოწყალების არ დასჭირდეს არავის თხოვნა,
ყველას შეეძლოს თავის თავის შეცნობა, პოვნა.
არც დანაშაულს აღარავინ იდენდეს ნეტავ
და დავიჯეროთ ზოგჯერ იმის, რასაც ვერ ვხედავთ.
ნეტავ არასდროს შეაგინონ საკუთარ დედას
და გამოსწორდეს ყველა, ვინც კი ამის თქმას ბედავს.
გამოჯანმრთელდეს მინდა ყველა, ვინც არის ავად, 
ვიცი, თუმც, ერთი მეოცნებე გოგო ვარ თავად.
მსურს, ხალხს არავინ დასცინოდეს ტანსაცმლის გამო
და რომ მოკვდავთა საქციელმა არავის ავნოს.
ეს ცხოვრება ხომ წარმავლობის იქცა დინებად,
გვიყვარდეს ღმერთი, რომ გაჩენა ჩვენი ინება.
და მაპატიე მეც უფალო ცოდვები როცა,
მივხვდი, რომ დღიდან დაბადების - სულიდან გლოცავ.
მაპატიე, რომ ამდენი რამ ქვეყნად მომინდა,
შეწყვიტონ ომი, მსურს სიმშვიდე პირველ თოვლიდან.
ვტირი, რომ ვიღაც გასწირეს და ვიღაც კი დაწვეს,
თვალები ცრემლით განბანილნი კოცნიან ნაწერს.
ის მატირებს, რომ ბევრს არა აქვს დღეს თბილი სახლი
და თავის კუთხე იქ, ქუჩაში, ჩუმად თავდახრილს
და მე ნაწილი თუ ამიხდა ფიქრის ამდენად,
ყველა ჩათვლის, რომ ღირდა სისხლის ცრემლის დადენა.
სველ წამწამებში მზის სხივები ამოვლენ როცა,
დასასრულს გვირგვინს მოიპოვებს ყოველი მოცდა.
ვდგავართ ბილიკზე ხეებივით და გზა ჰგავს ნიშნებს,
ჩვენ ვუმკლავდებით ტკივილებს და ათასგვარ შიშებს,
არ დაიჯერო, რომ სიკეთე გულში გიქრება,
გჯეროდეს, მუდამ ყველაფერი კარგად იქნება!
არ გაუარონ, მსურს, წაქცეულს გულგრილი სახით,
რომ აღარავინ თამაშობდეს კეთილი ხალხით...
ვიცი, რომ მაინც გადავლახავთ ყველა გამოცდას,
ობლის კვერი ხომ გვიან, მაგრამ მაინც გამოცხვა...


Je taime

მომეცი შენი მხარი, რომ არ წავიდე შორს,
შემასვი პეშვით წყალი და გადავუსწროთ დროს.
,,Je taime“ - ვყვირი და ჩურჩულს ვეღარ ვახერხებ ვგრძნობ,
შენ შემიყვარებ სულ ჩუმს, დრო აღარა აქვს დროს.
ცეცხლით დანამე თოვლი, უსწორმასწორო ცის,
გამისუფთავე გონი, რომელშიც ქარი ქრის.
ვის მოვენატრო, ვის...
ცას დანა არ უხსნის პირს...
გზას ბოლო არ უჩანს ძირს...
დრო - გადაუღებლად მცვლის.
მწყინს. წვიმს. ცრის...
ქარაშოტების ღმერთი უდროოდ იწყებს კვლას,
არაფერია ჩემთვის უუნაგირო გზა.
მომეცი შენი მხარი, ერთად წავიდეთ შორს,
მომეც იმედი ხვალის, რომ აზრიანად თოვს.
გული სიმებით გთხოვს...
თუ მალე მოვალთ გონს,
მოვნახავთ სიზმრებს სწორს
და რეალობის დაფა გვამოგზაურებს ორს.
უსიყვარულოდ თოვს.
მზე არ პატიობს თოვლს.


,,ნუ ელოდები, რომ დრო მოვა, დრო მხოლოდ მიდის“

დღეს მოძრაობას გაუჩნდა ბზარი, 
ხვალ იქნებ ლექსებს მოსტყდეთ თითები,
ჩაბზარულია, რაც უცბად არის,
ჩემივე დღეებს მოვერითმები.
და გასდის ყავლი ყველა ნუგეშსაც,
გაფუჭდა ქარი, თავში ჩამემსხვრა,
სულის მონგრეულ ვხედავ ბუდესაც,
არ დავაპირე თავი გამეშვა.
და ახლა ისე, როგორც ზღვის კალთის
უკანასკნელი ნავი, ვტივტივებ,
ოჰ, რომ იცოდე, როგორ მიყვარდი,
თავს მივცემ ნებას, კარგი, იტირე.
მონატრებას ჰგავს ფარდის მუცელი,
ხან იბერება, ხან იჩუტება,
მე ჩემს ლექსებად დავიფურცლები,
მე ყველა ღელვა დამიბრუნდება.
ეს სიყვარულიც ზურგის ქარია,
თავი ყველა დროს გადავაცილე
და არც კი ვიცი, თუ მიხარია,
სუნთქვა სულს რომ აქვს კვლავ დავარცხნილი.
დღეს მოძრაობას გაუჩნდა ბზარი;
არ დაიშალოს, როგორც კედლები,
ვგავარ ყველაფერს, რაც სულ სხვა არის,
ვგავარ სიჩუმეს - ბოლო ვედრების.


ყველაფერი ლამაზი ვიცი

ზოგჯერ სამყარო უგზო-უკვლოდ დაიწყებს სიცილს,
დაგივლის დენად ძვლებიდან და ცაც გაბაცდება,
მე კი ვამბობ, რომ ყველაფერი ლამაზი ვიცი:
დამშვიდობებაც, დაბრუნებაც და დამარცხებაც.
რომ შემძლებოდა, ამ წვიმისგან ცას დავიცავდი,
რაც არ მჯეროდა იმასაც რომ დავიჯერებდი,
მე კი ვამბობ, რომ არაფერი არ არის წამი,
რომელიც სიკვდილს ეგებება გაშლილ ხელებში.
წლებს შესჭკნობიათ თმაზე სითბო ფერადი ვერცხლის,
სხვა დროში მომხდარ გარდასულ წლებს მე ვწერ მაშინდელს,
მე კი ვამბობ, რომ მორჩა, ახლა ვერავინ შემცვლის!
აღსრულდა, ახლა ვეღარავინ ვერ შემაშინებს!
ახლაც ასეა, ზოგჯერ მაინც ვენდობი წყეულს
და ჩემი გული ატკიებულ მზისფერ სამარხს ჰგავს,
მე კი ვამბობ, რომ თუ კი ვკარგავთ ჩვენ მშობლის სხეულს,
სიკვდილი მის სულს რომ ვერ გვართმევს, ისევ დამარცხდა.
გაფანტავ ღრუბლებს ერთ დღეს, ვიცი, შენს მზეს რომ ერთვის,
იგრძნობ სიხარულს მარადიულს, ნანატრი წამის,
მე კი ვამბობ, რომ შეუძლებელს შეძლებ ყოველთვის,
თუ სიყვარულის შენში არის ათასი გრამი.
ზოგჯერ ფოთლები თავს საკუთარ ამბავში ცვლიან
და ცისფერი ცა ხან ღმერთისკენ ცისფრად არ მოსჩანს,
მე კი ვამბობ, რომ არაფერი არ არის გვიან,
სწრაფად აკეთე მხოლოდ ის, რაც დიდხანს გამოგრჩა!
მზის მსგავს თითებზე უცებ ასე ჩაგკიდებ შენ ხელს
და ერთიანად შეივსება, რაც მელოდები,
მე კი ვამბობ, რომ... თუ მიყვარხარ, ეს ხდება ერთხელ
და არ არსებობს სიყვარული განმეორებით!
მარტო მიმავალს კვლავ დამაყრის ქალაქი სიცილს
და ყველა ქუჩა, ხელგაკრული, კვლავ გაბაცდება,
მე კი ვიტყვი, რომ ყველაფერი ლამაზი ვიცი,
დამშვიდობებაც, დაბრუნებაც და დამარცხებაც.


თეთრი ლექსებიდან

შეგონება 

მინდა, მოგიყვე, ჩემო თავო, რაღაც ისეთი, რაც დაგავიწყდა,
ან რამდენჯერ არ გაიხსენე,
ინცესტივით საშინელი უკვე გგონია
შენი ყოველი დაკარგული გრძნობის ნაფლეთი.
გაშლილი თმები, მიწის სუნი, წყაროს რაკრაკი,
ნუთუ არ გახსოვს, იქნებ ფიქრობ, გეპატიება?
შენ, რაც არ იყო, ხომ ყოველთვის გახსოვდა ადრე,
შენ, ვინც არ იყო, ხომ ყოველთვის ქმნიდი ზღაპრულად.
რა დასრულდა? რა ვერაფრით ვერ გააკეთე?
კმაყოფილი ხარ, ნუთუ იმიტომ, რომ უბრალოდ შეგრჩა ღირსება...
მოდი, პირდაპირ გეტყვი, აღარც შენი თავის ხარ!
გეშინია, რომ აპრილივით მოგატყუებს ყველა მსგავსება,
ვერ დაგინდობ და მოგახლი, რომ ისევ თარსი ხარ,
საკუჭნაოში შემონახულ ყველა თასზე მეტად გაივსე,
24 წლის რომ დაბერდი, 24 წლის რომ ბავშვი ხარ,
ყველაფერი ერთად გეტკინა 
და ტკივილის გამოხატვის ხმა ონკანში ჩუმად ხრიალებს.
არავინ იცის, ეს ხმა შენია, შენც არ გინდა რომ გაიხსენო.
იქნებ გეძახის: „მომირჩინე ყველა იარა“
და სჯობს, რომ ხალხზე კარგის ფიქრი მაინც შეწყვიტო,
გეშინია და ყურებზე ხელებს მაფარებ,
მეშინია და ყურებზე აფარებულ ხელებს ვიშორებ.
ხორცი ძვირია... ქალის ხორცზე მეტად უკვე ზოგჯერ ცხოველის,
ახალ წელს კიდევ აეწევა გოჭის ხორცს ფასი, ვინ რას ყიდის, ვეღარ გაიგებ.
გინდა გითხრა, რომ გეშინია ღამის კახპების? 
რადგან არ იცი, გიყვარდეს თუ გეცოდებოდეს,
გამძლეობისთვის, გამოცვლისთვის, 
გინდაც მიზეზით სოლიდარობის,
გეშინია, რომ იმის ზიზღი და განკითხვა არ შეგიძლია, 
ვინც შენსავით დაიბადა ადამიანად.
მოდი, დაჯექი. გაიხსენე ცარიელი ავტობუსივით თუ სად გავჩერდით... 
გამახსენდა, იქ როცა გწამდა სიყვარულის მარადისობის.
შენ ზუსტად ასე იდექი და მარჯანიშვილზე 
თვალებიდან ღაპა-ღუპით გდიოდა ცრემლი,
სათვალეებში ვერ ამჩნევდა ვერავინ ამას.
შენ რა გინდოდა, ვიღაცას ხელით მოეწმინდა შენთვის ცრემლები?
არა, ამ ერთხელ მაინც, რომ არავის არ დაენახა და მხოლოდ ეგრძნო.
ყოფილიყო გინდაც მკითხავი, მკვლელი, ყასაბი.
ეს იმ წუთას არად გიღირდა და არავინ რომ არ მოვიდა...
ერთხანს ჩუმად გზაზე იდექი, რათა იმ წამს გამხდარიყო ყველა - არავინ.


როდესაც სხეულს ფიქრები ჩაყვნენ 

(დედას, ქეთი ასათიანს)

ფიქრით უეცრად ჩამოვდივარ შენთან, სამარხში,
თავს მეც შიგნით ვგრძნობ, უცაბედად ძალიან მცივა,
მე რა როლი მაქვს, რომ ვიცოდე, ყველა ამბავში,
რომ მე სიკვდილმა უკანასკნელ წამით დამცინა.
მიმიყვებოდი პიკასოზე, მოდილიანზე,
მომიყვებოდი სალვადორზე ისევ, მონეზე,
შენზე ფიქრი სულ ჩემში დაქრის, მოდის სინაზე,
ო, როგორ მინდა ყოველ ხმად და სივრცედ მომესმე.
მომიყვებოდი ცვაიგზე და მონტესკიეზეც,
ამ ცხოვრებაში შენს ტკივილზე - მტკიცე მორებზე,
შიშზე, რომელიც ქარზე სწრაფად მოსდევს წინ ნემსებს,
გადავიდოდით მწერლებზე და სიზმრებს მოლბერტზე
თითებით დავყრი, ვიდრე ყველა მწერალს ჩამოვთვლი,
რომელზეც აღარ ვისაუბრებთ, ანდა იმ მხატვრებს,
გავლენ წლები და მონატრებას ვეღარ გამოვთვლი,
მხოლოდ ვიგრძნობ, რომ არ დავუშვებ გადამიყვარდე.
,,დედის სუნი გაქვს“ - რამდენჯერმე როცა გითხარი,
გაიცინე და როგორია? მკითხე ანაზდად,
ჩემი ტერფები კვლავ საფლავზე მოგაკითხავენ,
შენს ნიჟარებად შეკრებილ დროს ზღვისკენ განვსაზღვრავ.
რაც ბოლოს გესმა, გითხარი, რომ ჩემში გაცოცხლებ,
შენ - მე იქნები, მე - ვიქნები შენ და მარადის,
აწ და მარადის, თუნდ ვიცოდე შემშლის სამოთხე,
მოვყვები ტრანსპორტს, რომც ვიცოდე შენთან არ დადის.
კვლავ მომიყვები ისტორიებს ხელოვნებაზე,
გუდიაშვილზე, ვან გოგზე და იქნებ იეკზეც
და მოგიყვები გავიმარჯვე მე რომ ვნებაზე,
რომ გავიმარჯვე ჩემს თავზე და ისევ იერზეც.
მომიყვებოდი რენუარზე, კოდზე და ვინჩის, 
მომიყვებოდი, რა დარდი აქვს უჩემო საწოლს;
მომიყვებოდი სიყვარულზეც, ალბათ, არ ვიცი,
რომელიც ნახე, როგორც იქნა, მანდ მაინც (ვნატრობ)...
შენი ადგილი საუკუნოდ ახლა ჩემშია,
მოკეცილ ფიქრის სხეულს ვკიდებ, ღვარცოფს, უჯრაზე.
გაგიმეორებ, ვიდრე წლები ნათლად შემშლიან,
მოგისწრებ მაინც რომელიმე ნაცნობ ქუჩაზე.
скачать dle 12.1