გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარიკა ახალაია - ლექსები




გაუთხოვარი

დრო დაგეუფლა...
შენს შავ-თეთრ პანოს,
კლავიშებივით ატყვია სევდა.
შეუსვენებლად გმინავდი და როს
ბედი შენს სურვილს უკუღმა წერდა...
მიენდე, როგორც სატყვიე მწყერი...
უკურნებელი დაგჩემდა დარდი...
მორჩილად ზიდე საზიდი ბევრის...
ყველამ გაგწირა, ვინც კი გიყვარდა.
სევდა გეღვრება, როგორც მეწყერი,
აუწყვეტიათ ფიქრებს სადავე,
ჩამოგქცევია უფუძო ჭერი,
აღარ მოგიხდა ეს სისადავე.
დარჩი ლეგენდად გარდასულ ჟამის
(ვიცი, გქონია გასხივოსნებაც)...
და სინანულში ჩამქრალი წამი,
ლექსად გიქციეს, ჩემებრ, მგოსნებმა...


***
ავად ვარ... სიტყვა ბურთივით მაქვს ყელში გაჩრილი,
ამოიხავლებს, იმედია, სველი ფილტვიდან...
მარცვალ და მარცვალ,
ასო-ასო მე ვარ დაჭრილი,
დაჭრილი ლექსით...
რითმის ცვლა რომ მუდამ მიკვირდა...
უნიათო და უამინდო დღეების ლეში
ლპება და, ალბათ, მიწა იგრძნობს უნაყოფობას...
მე პოეზია დამემართა სიყმაწვილეში...
ვერ დავაღწიე თავი ძვირფას ავადმყოფობას...
ავად ვარ...


***
ნეტა, სად იყავი მაშინ,
ტანჯვით რომ ვიგნებდი სავალს
და თან ცრემლებივით ვღვარე 
შხამი, დაგუბული ჩემში.
ასჯერ გადალამბულ ფიქრებს,
ქარი რომ ურევდა გზა-კვალს. 
ნეტა, სად იყავი მაშინ,
ფრთებს რომ ვალაგებდი სხვენში...
სანამ მოთმინების ბურთი, 
სათქმელს გამიჩხერდა ყელში. 
სანამ დაღლილ სხეულს ჯერაც
ცოტა მოცდის ძალა ჰქონდა...
სანამ აკივლებულ
გრძნობას ჩამტყდარს წელში,
მოლოდინისაგან თავი ძლივს გაქონდა.
ახლა რა აზრი აქვს რამეს,
სურვილს გაუხუნდა ფერი.
მხსნელი, მშველელია ღამე,
თვალებს დავხუჭავ და... მშველის.


***
იფშვნება რაღაც...
სადღაც, შიგნით
იწყება ნგრევა...
უცეცხლო კვამლმაც აგერ-აგერ ჩაახშოს სუნთქვა.
ვერ დაინახავ, 
მწველ სინათლეს ვერ სწვდება მზერა.
არადა, მაინც უხილავად განგრევს და გთუთქავს...
ზვერავ ნაცრისფერ, უსიცოცხლო ფერფლს და პეპლები,
ვეღარ სცილდება ერთი გოჯით დაგრეხილ მაჯას.
გული კი, როგორც გაგლეჯილი კაკლის ლებნები,
კვდება და იცი, ამაოა ეს შენი გარჯა.
და უნიათო დროც ჩერდება... 
არ იძვრის წამი.
ირღვევა სადღაც რაღაც მთელი,
რაღაც მთლიანი...
შრაშუნებ, როგორც გამომშრალი ნამჯის ლერწამი...
და საბოლოოდ, 
მაინც ყველგან დააგვიანე.


***
მინდა მიყვარდე...
ლოცვასავით ვჩურჩულებ ჩემთვის
და ეჭვით სავსე თვალებიდან გამირბის მზერა.
მინდა მიყვარდე,
არ მტანჯავდეს გრძნობები ვერთქმის,
მაგრამ ჩემივე წარმოთქმულის 
მევე არ მჯერა.
ნეკნებში მამტვრევს სიყვარულის არქონის შიში
და გამოგონილ სიჯანსაღით ვხვდები აისებს.
ყოველდღე ვცდილობ თავიდანვე, ახლიდან ვიშვა,
რომ ერთხელ მაინც
ჩემი ყოფა გავამაისო.
უნდა მიყვარდე!..
გამოფიტულ სულის ლარნაკში
ჩავაწყობ ახალდაბადებულ,
ფერად იმედებს.
თუ კი დამტოვებს, ატუზული კართან, სიკვდილი და...
ერთ სიცოცხლეს, კოცნასავით გამოიმეტებს...


***
დილით მოგიხარშავ ყავას,
წლები თუ ფიფქებად დათოვს.
ყველა რომ თავის გზით წავა,
მე და შენ დავრჩებით მარტო.
ყავაში ჩაგიყრი სათქმელს,
სუნთქვას შემოგახვევ შალად.
ფერებს მოგიხატავ... რამდენს,
არსად არ გაგიშვებ ცალად. 
მერე... გადავფურცლავთ წარსულს,
მზერას გავაპარებთ კარებს...
ასე, ოცნებებში წასულს,
თავზე დაგვადგება ღამე...
ღამეც გაილევა... თითქოს,
არც კი დაწყებულა თოვა.
რასაც ოცნებაში ვითხოვთ,
მოვა, უსათუოდ,მოვა!..


***
დუნედ გაუყევი ბილიკს, 
როცა შემოდგომა ხურდა. 
ფოთოლს გზაარეულს, ობოლს, 
შენი მოფერება სურდა.
ფართე კარდიგანი, კაშნე...
თავზე - საბურავი ფოთლის...
უკვე მერამდენედ წაგშლის
ქარი, ვეღარავინ მოთვლის...
საგზლად გაიყოლებ სუნთქვას,
ბილიკს მიშტერებულ ხეთა...
ვიცი, რომ არავის უთქვამს:
ღირდა გადათელვად დღეთა,
როცა გაციებულ სხეულს
ძალა აღარ ჰქონდა მოცდის...
ახლა უშენობას, წყეულს,
ისევ შემოდგომა კოცნის.


***
თურმე მალულად, სიკვდილამდე დღეებს ითვლიდი,
იდუმალ მზერით მაყოლებდი დანისლულ თვალებს.
გიჭირდა, ალბათ, დაკარგულის პოვნა სიმშვიდის
და იმედების, უდროოდ რომ დაასაფლავე.
სიცარიელის და სიცივის შეგეტყო სევდა,
ვგრძნობდი, თუ როგორ მაწიწკნიდნენ გულიდან ნაწილს.
ვეღარ გშველოდი და ტკივილით ვხვდებოდი, დედა...
რომ... როგორც ნისლი შემოდგომის, ქრებოდი თვალწინ.
ჩაკირულ ტკივილს, იმ ჩამეწყრილ ნაღველს ნიადაგ,
ლოცვით შველოდი, სანამ ძალა შეგწევდა ლოცვის...
და გაუყევი სადგურამდე ხვეულ ლიანდაგს,
ვეღარ გაჩერდი, არც დრო გქონდა წასვლამდე,მოცდის.
დაბნელდა ირგვლივ, თითქოს, ლიბრი აეკრა თვალებს...
სიბნელის, ქარის და... სიკვდლის გამიქრა შიში.
მე შენთან ერთად,ჩემი გულიც დავასაფლავე
და იმავე წუთს ფენიქსივითთავიდან ვიშვი!


***
ამ ქუჩას ჩვენ, ორნი ვახსოვართ,
ღიმილს რომ ვარიგებთ თანდათან.
ახლა კი სამოსელს, ნათხოვარს,
მიგვიგავს სიცოცხლე... ხანდახან.
მე აქეთ, შენ კი იმ ნაპირზე
დატოვე ბავშვობა ნარჩენად.
არ დამხვდა, ძვირფასო, ადგილზე,
მივედი როს გადასარჩენად.
დამფრთხალი ჩიტივით ცახცახებს,
ჩვენივე ბავშვობის ნარჩენი.
ვერ უძლებს, უშენოდ, არტახებს
და ითვლის საათებს დარჩენილს.
სამოსელს მიგვიგავს ნათხოვარს 
ხანდახან ნატანჯი სიცოცხლე...
უფალო, შენ მუდამ გახსოვარ...
ჩემთან თუ უჩემოდ... მიცოცხლე...


***
მე მიყვარს აპრილი შენი,
მზე რომ გემალება უბეს...
ზეცას რომ სილურჯით შვენის,
თვალები მიგიგავს ღრუბელს.
მე მიყვარს ივლისი შენი,
მზეს რომ ვეღარ მალავს უბე.
მკერდზე ოფლის წინწკლი გშვენის,
ნამიანს გავხარ ღრუბელს.
მე მიყვარს უმზეო დარი,
შენ რომ შემოდგომას არქმევ,
გრილი, უალერსო ქარი,
ირგვლივ ყველაფერს რომ არბევს...
ზამთარიც მეყვარება... თეთრად
თმებზე შეყინული წლებიც...
სანამ გაჩერდება დრო და...
სანამ აიმღვრევა წყლები...


ლექსს

არ ვიცი ვისთვის ვინ ხარ, რა ხარ.
ჩემთვის მხსნელი ხარ,
ლუკმასთან ერთად ჩაყლაპული დარდის მაშველი.
შენით არნახულ და უშიშარ იმედებს ვისხამ,
მოდიხარ მაშინ, როცა შველას არვისგან ველი.
ზოგჯერ რაღაცას მომიყვები წვიმის ენაზე,
ხანაც ქარივით ამილეწავ სახეს ავდრიანს.
ნანას მიმღერი დედასავით საამო ხმაზე,
რომ არ მიცქერდე უბედურს და ასე დარდიანს.
დავდივარ, ცალად... შენი მზე და იმედი მათბობს.
გზიდან მომავალს შენი სუნთქვა დამელოდება...
და თუ ამ ტიალ ქვეყანაზე შენც მიღალატებ,
მაშინ, ირწმუნე, სააქაოს არ მედგომება.
ჩამბერე კიდევ, აღმადგინე ფერფლიდან, რადგან...
ვინძლო, შევძლო და მისასვლელი სულამდე ვპოვო...
სახეგამქრალი ბედისწერა დამდგარა კართან,
არც ერთი წამით არ მოიცდის, რად გინდა თხოვო...
მიშველე, ისევ შენ ხარ ჩემი ჭირის ტალკვესი,
უმისამართო ბორიალში უშენოდ ვერ ვძლებ!
ბობოქარ ზღვაში მოვისროლე ბოლო ანკესი...
და შენს იმედად (ყბადაღებულ) სიყვარულს ვეძებ.


***
უძილობის სიზმარი
იდგა იანვარი...
ჟამი გარიყვების,
სულში მიძინებულ შფოთვას მიღვიძებდა...
ვეღარ მომიარე,
ცაში ავიჭერი, 
თუ კი გამიშვებდი,
რატომ მაღიარე...
რუხი მოლოდინი
თოვლის ბურუსივით
ახშობს, იმორჩილებს 
სევდის აგონიას...
ვეღარ დამეწევი,
აწი მიერთგულო,
იმედგადაწურულს - რაღაც არ მგონია!
თეთრი სინანული...
ჟამი გარინდვების...
შუბლზე მაწერია
ინ და… ასომნია...


***
როგორ გახშირდა თოვა,
თოვლის კი არა - ფიქრის...
იცი, არასოდეს მოვა,
ვინც კი მზისაკენ მიქრის...
წავა, წაიღებს უხვად
ხსოვნის წაუშლელ ტკივილს.
შენ კი საშინლად წუხხარ,
გტკივა, სულამდე გივლის...
მერე... ეჩვევი ყოველს,
ელი უსახო ნამქერს.
იწყებ სიმღერას თოვლის
და ვერვინ იგებს ნამღერს.


***
ოდეს გიხილე...
ზამთრის ყინვისგან გათოშილმა,
თბილი სუნთქვა ვიგრძენი შენი...
ვიგრძენი ისიც,
მკერდში როგორ გიძგერდა გული...
აწი, ლოდინში ჩაივლიან უფერო დღენი
და ჩემს ფურცლებზე დაიღვრება ეს სიხარული...
ოდეს გიხილე, შენს სუნთქვასთან ვიგრძენ ალერსიც
(და დამენანა, უფრო დიდხანს რად არ გიმზირე),
ამ სინანულით აივსება ბევრი სხვა ლექსიც,
ჩემი კალამიც სინანულით დიდხანს იტირებს...
ზამთრის ყინვისგან გათოშილმა,
თბილი გული ვიგრძენი შენი, ოდეს გიხილე...


***
მიმიშვი, სულამდე მივიდე,
იქნება წავაწყდე ჩემს წყაროს.
უაზროდ გარს რომ არ გივლიდე,
უვადოდ რომ აღარ მაწვალო.
შემოვალ... ცოტა ხნით დავრჩები,
ვუწამლებ დასერილ ოცნებას.
მერე კი უკვალოდ გავქრები
და სუყველაფერი მორჩება.
დრო გავა მუხთალი, ამივსებს
სიცოცხლის შეუსმელ ფიალებს...
არ უნდა... წამითაც არ მისმენს,
წუთითაც არ დაიგვიანებს.
უაზროდ გარს რომ არ გივლიდე,
უვადოდ რომ აღარ მაწვალო -
მიმიშვი,სულამდე მივიდე,
იქნება, წავაწყდე ჩემს წყაროს!


***
ვინატრე ქარი,
ჩახერგილი ტუჩებთან კოცნა, 
სულის შებერვით გახუნებულ გრძნობას აახლოს.
ღიაა კარი,
ორპირი და სუსხია როცა;
ვითოშები და ვიღუპები
შენს გულთან ახლოს...
ვინატრე თქეში,
ჩამომრეცხოს, იქნება, დარდი...
მოგიპატიჟო დასველებულ ფიქრებთან ერთად...
აქვე,ამ ჭერში...
გაგიმხილო-როგორ მიყვარდი,
გითხრა ულევი სამდურავი,
უშენო დღეთა.
გინატრე ქართან,გაცოფებულ წვიმასთან ერთად...
აი,რაც იყო... რაც დამქონდა,
რაც უნდა მეთქვა...


***
მახსოვს მე შენი დარდისაგან დაღლილი მზერა,
თვალთა წიაღში ჩაბეჭდილი ჩემი სახელი.
ახლაც იქა ვარ... და ამისი იმდენად მჯერა,
რომ ცოდვასავით მებჯინება ყელში სათქმელი.
ვერ ამომშალე,საუკუნო ტკივილად გექეც,
არ ვიცი ასე რა გაკავებს,ლანდთან წარსულის.
გამომიტირე,გადმომღვარე, დამთმე...
და მერეც
არ გამიხსენო, სამუდამოდ შენგან წასული.
არ ღირდა (თურმე), უსასრულო დარდი და გვემა,
თუ ახალ ფურცელს
გადაფურცლავ, მიხვდები, ვიცი!
სიცოცხლე თბილი, მომნუსხველი მრავალი დღეა.
ისე ტკბილია, ღვინოსავით,
მიჩვევა იცის...

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge