გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დიანა ლომიძე - ლექსები



* * *
გაჰყვეს, ქარს გაჰყვეს,
ჟამს გაჰყვეს რაც რომ
არ მივითვისე, ბოლომდე არ ვქმენ
და როგორც ერთერთ, უბრალო ნაცნობს, 
ისე გიყვები დარჩენილ სათქმელს. 
მიღიმის სული, არა ვარ ავად, 
ბედის მორჩილი ვუღიმი მეც მზეს 
და მთვარეს - ერთგულ მეგობრის მსგავსად, 
ვესაუბრები ჩემზე და შენზე. 
გავიხდი სევდით დამტვერილ ფიქრებს, 
იმედის კვართით ოცნებას ვმოსავ,
მე ყოველ დილას სიცოცხლეს ვიწყებ 
და ყოველ დილით გულიდან გლოცავ.


* * *
ხანდახან თენდება იმგვარად, 
მზის ზურგზე წვებიან ღრუბლები, 
ბორჯღალმა სამანთან მიმგვარა, 
თმენის და ლოდინის უფლებით. 
წვებიან ვერხვების რიგები 
შენამდე მომავალ შარაზე, 
იმ კართან დაცემას გპირდები, 
ბავშვური შიშით რომ ჩარაზე. 
ტკივილით დაისრულ ღამეს თუ 
ვერ ვაკმევ ჯადოსნურ საკმეველს, 
მეც სიმწრის ცეცხლი მწვავს, რამეთუ
მიყვარს და ვინც მიყვარს - მართმევენ.


* * *
რა მაქვს?
ორიოდე ადლი კერა, 
მზე მაქვს თბილსხივა და მომღიმარი,
ცა მაქვს, ცის წერილში ბედისწერა, 
ბაღში ნაფერები კოინდარი. 
ხიხანს გავათენებ ცის ღიობას, 
მთვარის დაბადება უნდა ვნახო, 
ნეტავ, რა ფერია მარეთობა?
ნეტავ, რას ინახავს საჯავახო?
რა მაქვს? - ცა ყორანა, კუშტი ღამე, 
გერგეთს მირონი სდის, ჩანჩქერ ჰყივა, 
მიწავ, ავისაგან გაინაღმე!
მნახე! დედამიწის ვარაყი ვარ. 
რა მაქვს? ოჯალეში პონტოს წყება!
რა მაქვს? ნიკოფსია - დარუბანდი!
ჰკითხე მატიანეს - მოგიყვება
და ჩემს სიამაყეს დაუზავდი.


* * *
ზე ცნობიერი ვერ წამერთვა, ქურუმი დავრჩი, 
ელდა მდევს, ყველგან ნიღბოსნების მასკარადია, 
იმედით, ყველას შევციცინებ, ვითარცა ბავშვი
და მომღიმარი სახეებით აღარ დადიან. 
უსიყვარულოდ დამშეული, ფრინველებს მივდევ, 
მზეს ვეფერები, ღამეს მთვარის კალთაზე ვათევ, 
ყვავილებს ვკოცნი და იმედით ნაგროვებ გრძნობებს
ნებისმიერი კაცის შვილი უგულოდ მართმევს. 
აქ შეძენილი ცოდნის ძალაც დიდი ძალაა, 
გამოცდილებამ მაიძულა მძიმე ვერდიქტი. 
მე ღვთაებრივად შევიყვარე ადამის მოდგმა,
თქვენ,რა თქმა უნდა, ამ სიწრფელეს ვერც კი მიმიხვდით.


* * *
– მოდის, მოღელავს ოთხივ კუთხით ჯვარი გვეწეროს, 
ცეცხლი მოედო ტევრებიან წმინდა მწვერვალებს, 
ხსნას ვეძებთ, როგორც მიუწვდომელ, მაღალ კენწეროს, 
ვწუხვართ და ცოდვებს მაინც ვერსად ვერ დავემალეთ. 
მოდის, მოღელავს სისხლიანი ომის განგაში, 
რღვევაა, ჩვენი წილი მიწა ჯიჯგნეს ყორნებმა, 
არაა შველა, ქრისტე ერთხელ ჩაწვა ბაგაში, 
მეორე ღმერთი აღარასდროს არ გვეყოლება. 
მოდის, დაფდაფებს ახმაურებს გრგვინვა ქანების, 
სხვა გალაქტიკის ამარაღა დარჩი, ადამო, 
სწორედ იმ ცოდვის სიმდაბლეში მივექანებით, 
ყველამ ერთმანეთს გულები რომ გამოვაჭამოთ.
აჰა, მოხედეთ,შაითანნო, ყველა მადლიანს, 
ნათელი სული იკრძალება არა დიდებით
და აღარ მიკვირს, რომ ვინც სცოდა ევას ადრიან, 
შეგერგოთ, თუკი ამ ყვედრებით ვინმე მშვიდდებით. 
მოდის, მოანგრევს ოთხი ცხენით ბოლო ალიონს,
ეს საუკუნე თუ აიტანს მოსვლას მეორედ, 
ყოველი წამი ერთი ლოცვით უნდა გავლიო, 
უფალო, შენი დაბადება გაიმეორე.


* * *
სამშობლოს გეფიცები ფილოთეოზ,*
მზე არ წვავს ისე, როგორც სულს ცოდვა,
გაგვრიყა რეალობის სამანიდან
სხივმოსილ სულიწმინდის დალოცვამ.
სამსჯავრო რჩეულთათვის სხვაგვარია,
მძიმეა ფილოთეოზ, მძიმეა,
სამოთხე წმინდანების სანგარია,
მის გარეთ ჯოჯოხეთის მღვიმეა.
კვართი მაქვს, ქართთა მთებში დამალული,
შენ უწყი, ღვთისმშობელი ელის ჟამს,
მთის ძირში ტერასები გარანდულან, 
იქ ახლა ცოდვის ვაშლებს გველი ჭამს.
ედემი სად ჰგონიათ,ფილოთეოზ?
ჰარმატანს სიბრიყვემდე დაჰყავს ზნე,
საბრალოთ სრა, კერაზე მზეც არ მზეობს,
მითხარი, ვის მოვუხმო აღაპზე?
სამშობლოს გეფიცები,ფილოთეოზ,
სულის ხსნას მოთმინებით ვინც ელის
და ვინც სინანულს არ პირმოთნეობს,
ქრისტეს გარდამოხსნის პირველი.


* * *
რაღაც საუცხოო შეზავებით 
იშვა სიბნელეში ტლანქი მთვარე, 
ჰარამ*, თუკი აღარ მეყვარები, 
ჰალალ*,  თუკი უფრო შეგიყვარე. 
მე ცა იმოდენა მეგონა, რომ 
მრავალ დედამიწას მოველოდი, 
თურმე, ფანტასტი ვარ,მეგობარო, 
ფიქრშიც ვერაფერში განვმეორდი. 
დაფნა დამადგიო, ხავერდების 
ფეხქვეშ ხავსდებიან ხალიჩები, 
ვაი, ასურელთა ნავედრები, 
თუკი დასათვლელიც აღარ მრჩებით. 
ჰარამ, თუკი აღარ მოგიარე, 
ჰალალ, თუ ვითავე აგაშენო, 
აი, ვაზის ჯვარის წილო მხარევ, 
ღმერთის ხელებიდან განაშენო.


* * * 
პოეტს ლექსები დაუწუნეს,
პოეტი წერდა შემართებით,
პოეტი ქილიკით შეაწუხეს,
პოეტს კი მათთან შედარებით
ჰქონდა დიდებული ფანტაზია,
სულის შემძვრელი ტაეპები,
პოეტი ღრმაა და ლამაზია,
როგორც სამყარო და პლანეტები.


* * *
სევდა დაძლევს ხანდახან
იმედიან მარწუხბს,
მეც სხვებივით ბევრი რამე მაწუხებს...
ჩამივლიან რიგები,
უამინდო დარების,
რა ვქნა,მეც თუ იმ სხვებს დავედარები...
ბედისწერას ვემდური,
დავალ ფიქრის ამარა
და რაც მტკივა იმან დამასამარა...
ვერ დავძარი სიმძიმე,
ტვირთი ჩემდა საწილო,
ღმერთო! ალბათ ასე იყო საჭირო...


* * *
მოხედეთ შაითანნო! 
- ცხოვრებას ვერევი
და უნდა გავიტანო
საზღვარი პერევის
იქამდე, სადაც ჩემი
ცის ბოლო მწიკვია,
სიგიჟეს არაფერი მიკლია.
ზღვის ბოლო ტალღამდე
ჩემია აფხაზეთი,
მიწა ზეთისხილით დანაზეთი.
ერი, ერად ჩემი
სიშორემ გაღეჭა,
- ალაჰ! 
- ჩემია გარეჯა!
მოხედეთ შაითანნო! 
ცრემლიან თვალებში
პაპა უძლურებას ატირებს,
- მის ცრემლებს გეფიცებით,
უძღებნო, ამ წუთიდან
სამშობლოს დაბრუნებას ვაპირებ!
скачать dle 12.1