გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გივი ჩიღვინაძე - ლექსები

ჟამიანობის ექსპრომტი

არც სხვაგან წასვლა გარგია,
არც წუწუნი და ოხვრანი,
შენს მიწას ენდე, მადლიანს,
ხე დარგე, ახო მოხანი...
ვერ შეგეწევა უცხოთა
დენა სტუმრად და ხიზნადა,
იმდენი მამა უცხონდათ,
შენი ხსნა ჰქონდეთ მიზნადა,
თუმც მოყვარე რომ გშველოდეს,
გარეული რას გიზამდა?..
მაინც ღიმილი გშვენოდეს,
მუდამ, ცხადად თუ სიზმრადა...



სადღეისო ექსპრომტი

მერმისის იმედებს ვეფერები,
როგორც მათი ყოფის თანდებული,
მშობელ სივრცეებსაც ვერ ველევი,
- მუდამ მათ წინაშე ვალდებული,
საქმის მკეთებელი კაცი მეძმოს
და არა ენაწაგდებული.
რამდენ მკვეხარას და არამზადას
კუდი ყავარზე აქვს გადებული,
მაღალ ტრიბუნაზე კი არა და
ფეხქვეშ უნდა იყოს გაგდებული.
შროშასთან ნათქვამი ექსპრომტი

დოქები, ჩაფები, ჯამები,
ყანწები სამად თუ ცალად,
ჭურები - წითელი ხარები -
გზის პირას მდუმარედ წვანან,
რთველის ესიზმრებათ დარები,
ელიან ღვინის სმის ხანას.
თუ ძმა ხარ, გამიღე კარები,
საავდრო ღრუბლები სჩანან,
სანამდე გადარეკს ქარები,
მაგ მყუდრო ჭერს შვეფარები,
სასმისი შემივსე თანაც,
დაგლოცავ, დავლევ და წავალ.



ექსპრომტი უთოვლო ზამთარს    

როდის დამეფიფქოს ნეტავ
ცისკენ გაშვერილი პეშვი?
უგზოდ ხეტიალთან ერთად,
თოვლის მონატრება შემშლის.
ნუგეშს მომაშველებს ზენა
თქვენგან მიტოვებულ მთებში,
წარსულს მივადევნებ მზერას,
ლამაზ მოგონებებს ვერ ვშლი.
ძებნა ძველებური გეშით
ვინმეს მოციმციმე ეშხის,
თანაც ოცნებებით ფრენა
ზამთრის უკაცრიელ ტყეში.






მცირე იმედის ექსპრომტი

ცოტა ვნახე ქვეყნად კაცი,
გადავხვიო ხელი ძმურად,
ერზე ფიქრით ათენებდეს,
არ მიცქერდეს მედიდურად,
ულვაშიც არ ამშვენებდეს
მხოლოდ მაჭრის გასაწურად...



უღრანი
თუ ჩემი წლები შეიშნობს შენსას,
თუ ერთად გვიხმობს ბუნების ჩქამი,
თუკი მივაღწევთ ნაზამთრალ მთებთან
ძველი ჰანგებით, ნაბიჯით ჩქარით,
მოვუხმობ წარსულს ბინდიან-მზიანს,
იქნებ გავაცნო ახალი სხივი
და მოვაწონო უღრანის ზიარ
სიჩუმეს შენი ოცნების მძივი...
მანამდე მნახავ ფიქრის პატრონად,
რადგან იმედის ძებნას ვუნდები,
დღესაც მარტო ვარ, ისე მარტო ვარ,
მდუმარე ხეებს ვესაუბრები.





ფერისცვალება

ღამეს მთვარიან ფიქრებში ვათევ,
წარსულის გზები ხვალ უნდა ვნახო,
ფერისცვალების უსაზღვრო ნათელს
იისფერ სხივად ერწყმები... და ხომ
აანთებ ისევ იმ მთებში სანთელს,
რომ კიაფობდე ჩემს გულთან ახლო?..
დავიწყებისკენ გაფრენილ ფერებს
დავიბრუნებ და მივმართავ ცისკენ.
შენ კი ნუგეშად მოჰყვები დღეებს
და როგორც იმედს ღიმილით გიცქერ...
მთაში კეთილი მომავლის ნიშნად
უჩანს ნაყოფი პატარა ცირცელს.




***
მესამე დღეა, ტყეებში დავდივარ,
დაღლილი ლანდი ვარ,
ნისლებით ვთვრები,
ხან უმშვიდესი სხივებით ვთბები,
დუმს ჩემი მთები...
ვარ მონადირე ნათელი ფიქრით
და ზურგზე ჩანთით,
ცის დასასრულთან - ქედების იქით,
უკვე მზე ჩადის.
გავშალე ხის ძირას პატარა კარავი,
მოვძებნე ჯიბეში კალამი -
ნუგეშად არა მყავს არავინ...
მწვერვალი მოქარგეს სხივებმა გვიანმა,
ტყე ააშრიალა საღამოს ნიავმა,
ცის კიდე დაფარეს ნისლებმა,
ხეობა - ლანდებით,
ზეცა - ვარსკვლავებით,
გული მონატრებით ივსება.
ახლა კი ღამეთა ფერები გამართობს,
დროა, რომ პატარა კოცონი დავანთო,
გავათბო პურის ყუა,
- შემომრჩა ჩანთაში მცირედი საგზალი.
დავიღალე ამდენი წანწალით,
ცოტას თვალს მოვატყუებ.
ღამე ზაფხულისა მოკლე და ნაზია,
მთებში განთიადი ისე ლამაზია,
თავი კვლავ სიზმარში მგონია.
ავდგები, დავიწყებ ბორიალს,
ანკარა ნამით ვისველებ თვალებს,
ვაცილებ ღამეს...
ეჰ, უნდა ავიკრა დღეს გუდა-ნაბადი,
სევდა მომერია.
დილის მზის სხივები, ახლად დანაბადი,
მთის წვერს მოჰფენია.
დაბლა, ხეობისკენ დავეშვი,
იქით სოფელია,
- სინათლე კიაფობდა წუხელ ღამეში.



ოხვრას ამოყოლილი

ჟამი უარესი გაბრაზებით,
გამეტებით გვაყრის თვალში ნაცარს,
ისევ ძველებური განაზებით
ახალს ვეფერებით მეფისნაცვალს.
აქეთ შინაური მტერი გვხრავს და
იქით გარეული არ გვთვლის არც რად,
ქვეყნის გამყიდველი გაგვიმრავლდა
ქვეყნის მოამაგე კაცის ნაცვლად.
მშობელ მიწასა ვთმობთ ჩალის ფასად,
ჩალმიანებს ვაძლევთ სამემკვიდროდ...
განა, მაღალ მიზნებს დავისახავთ,
- არა, ერთურთს უნდა წავეკიდოთ.
დრო კი, უამური, ისე გვახდენს,
როგორც მიტოვებულ რელიქვიას...
რად თვლემს სამომავლო ნერვი ამდენს,
ნუთუ ისევ ისე ერი გვქვია?!


თავისუფლება

მიალერსებდნენ ზეცის თაღიდან
მშვიდი სხივები...  ვიწრო ხევებმა
ლანქერადქცეულ ზამთარს უგანეს,
ხეებს შორის კი თოვლის ნარჩენი
თითქოს აკრთობდა უხნეს უღრანებს...
და უნაყოფო დღეებს ნაჩვევი,
კვლავ ვმდიდრდებოდი მშობელ ბუნებით,
- ძალა მომეცა ამ დაბრუნებით...
მინდოდა, ტყეთა სულებს ვხლებოდი
- ქედებს გულთბილად ვესალმებოდი...
ეს იყო ჩემთვის თავისუფლება
და არა სადმე ღამის ლხინები.
კვლავ შევერევი მონატრებულ მთებს,
მათი ნისლებით მოვიხიბლები,
მათგან მერგო მე წილად მთოვარე  
ფიქრი, რომელიც აღარ დაღვინდა...
და ჩემი ძველი საფრენი არე
ისევ მეძახის სიყრმის ბაღიდან.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge