ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
თეა ხასაია - ლექსები
დაუთვლელი სინანული
ხშირად ღიმილი არის გმირობა,
ყველა ყვავილი სულში ჩამახმა,
ვატყობ, დამტოვა მადლის მირონმა,
ვატყობ, მიმტყუნა გრძნობის ჩახმახმა.
ახალ ტკივილებს ისე ჰგავს, ძველი,
ბეჭებზე მუდამ მძიმე ლოდს ველი,
ყველას გარეშე მაინც გავძელი,
ვისზეც ვრჩებოდი გულში მლოცველი.
გაძლეს იმათაც, თუმც სული შთანთქეს,
წესია, გსვამენ, ჰოდა, მიდიან,
მეც ჯოჯოხეთი მოვპარე დანტეს,
რადგან სამოთხემ ვერ დამიტია.
ვნებებს სულიდან ლურჯი ცა მიაქვთ,
მეც ხასიათი მებადა ურჩი,
ბედნიერება ერთი წამია,
წამზომის წიკწიკს ვერ გადავურჩი.
დღემდე მოვგავდი სამარიტელებს,
სიკეთე ჩემში მაინც დიდია,
თუმც, სიყვარულით სამარის მთხრელებს
სხვისი სიცოცხლე ფეხზე ჰკიდიათ.
მე არ ვყოფილვარ სიქსტის მადონა,
მიქელანჯელოს, არც ვინ _ დავითი,
რადგან დამტოვა ყველა ფანტომმა,
სინანულებსაც აღარ დავითვლი.
აღარ ვიდარდებ იღბლის თარეშებს,
ჩემზე გული რომ კვლავ აიცრუა,
როგორ გამეგო ცრემლის გარეშე _
ვინ მართალია, ვინ კაი ცრუა.
ხშირად, ღიმილი არის გმირობა,
როცა კვირტები სულში ჩაგახმა,
როცა დაგტოვა მადლის მირონმა,
როცა გიმტყუნა ყოფნის ჩახმახმა.
იღბლის თავანი
ერთგულს მწირავენ, ღმერთო, შემინდე,
ბრუნდება ყველა, თავს რომ ვანებებ,
მაინც ვპატიობ ყველას დღეიდან
დიდ და პატარა ნაკლოვანებებს.
ცოდვით დახუნძლულ წელთა ვაგონებს
მიაგორებენ ბედის თავნები
და ერთ სიტყვასაც ვეღარ ვაგონებ,
ვისაც უკვე არ ვეპიტნავები.
მაინც არ ავწევ მეტად თამასას,
მიჩვენოს ბევრმა პოზა იქედნის,
მრავლის ამტანი, დავძლევ ამასაც
გაბზარულ გულის მოზაიკებით.
მხიარულ ჰანგებს ვპარავ როიალს
(დღემდე რაც მქონდა, როგორ მებადა),
წაიღოს ჭირმა პარანოიაც
სულისშემმუსვრელ მოგონებათა.
ეკლის ტიარა
შეძელ, იხდენდე ეკლის ტიარას,
მავანი აუგს როცა შენს ჰყვება,
ხანდახან, ძნელი ბრძოლა კი არა,
ძნელი ყოფილა ბრძოლის შეწყვეტა.
მზეს ვუმზადებდი სულს გასაფენად,
ხომ სულ ამაოდ, თავად წვიმა ვარ,
ვინ შემაჩერებს მზას გასაფრენად
ღრუბლის ხუნდებით ცაში მიმავალს.
სულის სიბნელეს ვერ ცვლის მზის ალი,
მადლის მოხვეჭას ცოდვის მკით ველი,
შემოქმედია გულის მზირალი,
შემოქმედია სულის მკითხველი.
ვარ დაღდასმული ტანჯვის მწველ რვალით,
როცა ვიცინი, ვტირი მაშინაც,
შემოქმედია დიდი მწერალი,
დიდი პოეტიც არის, მაშ, ვინა?!
გადამეწერა უფლის მე ნება,
კოვზით ილევა ხშირად, ზღვა, რაკი,
მარადიული ყოფნა მენება,
ვატყობ, გავმხდარვარ ყოფნის ზვარაკი.
დავმგვანებივარ გულით თუ ქვის ლოდს,
ტაძრის საძირკველს მაინც ვქმნი ტანით,
მიღიმის ბედი, თუმცა უკბილოდ,
ღმერთთან არ შემრცხვეს სულის მიტანის.
სიბნელეს, ზოგჯერ, ვერ ცვლის მზის ალიც,
სულის სიმშვიდეს ცრემლთა მკით ველი,
შემოქმედია გულთა მზირალი,
შემოქმედია სულთა მკითხველი.
ბედი მსტოვარი
ბედისწერაა, ბედიც ჰგავს მსტოვარს,
ვინც მიყვარს, იმათ გარეშე გავძლო,
ვინც მინდა, მტოვებს, ლექსმაც დამტოვა,
ცივ ქარიშხლების გავმხდარვარ სარძლო.
რამდენ სიამეს, ფერების მარმაშს,
რად მივუხურე მევე კარები,
ვეღარ ვისწავლი გრძნობებით თამაშს,
ყალბად სიტყვასაც ვერ ვეკარები.
მსურდა ჩამეცვა ჭრელი ფერები,
ალბათ სულზედაც კარგად მომივა,
უგულოდ ვერვის ვერ ვეფერები,
უგულოდ ლექსიც არ გამომივა.
საღამოებმა სევდა შვეს ძველი,
ნაცვლად ფიფქების დარდმა ითოვა,
მეც დავივიწყე, როგორც შევძელი,
ვინც სხვა გზა მაინც არ დამიტოვა.
ეს დახუთული ჰაერი მძულდა,
ვუცდიდი, ყველას, სულ მე შინ, ჰოდა,
მაინც ვკარგავდი ყოველთვის, მუდამ,
ვისი დაკარგვის სულ მეშინოდა.
ვიმკი განაჩენს ბედის ამას მკაცრს
და სიმარტოვის მრევენ ქარები,
რა დავაშავე, ლექსს და მამაკაცს
გრძნობის გარეშე ვერ ვეკარები.
სულის ლოტოსი
სულის ჭაობი ამოყრის ლოტოსს,
გულში ნამყოფი მზეც მშიშარაა,
ხან რაღაც ცდილობ ამოიყლორტოს
ყოველთვის ვამჩნევ, ეს ის არაა...
ირგვლივ ტკივილი ჩამსაფრებია,
ჩემებრ უსიტყვოდ თევზიც არაა,
იმედით ვუმზერ ცას აფრებიანს
და მაინც ვფიქრობ _ ეს ის არაა.
მოსწყინდათ ფიქრებს ქარის ჩივილი,
სულის ყვავილებს ფესვიც არა აქვთ,
ვერავისთვის ვარ თვალისჩინივით
და ეს სიცოცხლეც _ ეს ის არაა!
გრძნობის ნექტარმაც დამათრო ხელად,
ზღვას ვიღა ჩივის, პეშვიც არაა,
კვლავ მოწყენილი და მარტოხელა,
ეს ის არაა, ეს ის არაა!
სულის დამტოვა წმინდა წყარომაც,
აზრიც არაფერს, მესმის, არა აქვს,
ვსუნთქავ სიცოცხლის მაცდურ არომატს
და ვიცი, ვიცი_ ეს ის არაა!
ოცნების ქაშმირი
ასე დაღლილი მხოლოდ
დარდთან ვამყარებ კავშირს,
ქვიშის მარცვლებად
გაბნეულა უაზრო წლები,
პენუარივით შემოვიცვამ
ოცნების ქაშმირს
და ყოველ ღამე
მონატრების ცრემლებით ვწვები.
ფიქრის ბურუსში გავიხსენებ
მირიად წვრილმანს,
მაგრამ არა და არ გაკრთება
იმედის სხივიც,
ძილ-ღვიძილივით
გადაიღებს ღამეც და წვიმაც
და ახალი დღე
მამალივით სარკმელთან ყივის.
ახალი სტატიები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან) 00:10ქეთი დუღაშვილი - ლექსები 22:50ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე 22:12თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები 21:58რაულ ჩილაჩავა - ლექსები 21:49იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა* 21:22გიორგი ბუნდოვანი - ლექსები 21:14სოფიო ღლონტი - ლექსები 19:10
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
სოფიო ღლონტი - ლექსები
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
გიორგი გოგოლაშვილი - მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ (ნაწილი პირველი)
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები