ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ნანა ჩარკვიანი - ლექსები
ტაძართან უნდა მივიდე
ვნებააშლილი ქარები
ფოთლებს ურხევენ ტირიფებს,
ეკალი შემოხვევია
ჩემს მიტოვებულ ბილიკებს.
ფოთოლთ შრიალი, ჩურჩულით
არღვევს იქაურ სიმშვიდეს.
სიზმარში ვცდილობ გზის პოვნას,
ტაძართან როგორ მივიდე.
ჩემი კუთხე და კუნჭული,
შვიდი წელია დავტოვე.
იქნებ დაღალა ლოდინმა,
ამდენ ხანს რომ მივატოვე.
გზად ეკალ-ბარდი ვკაფე და
სულში გამეფდა სიმშვიდე.
მუხლამდე იყო ბალახი
ჩემს მიტოვებულ ბილიკზე.
გზად ფრინველების გალობა,
ფოთოლთ შრიალი ვისმინე,
თუმც დავიღალე სიზმარში,
ძალები შემოვიკრიბე.
ვკაფე და ვკაფე ეკალი,
შუბლს ოფლი ჩამოვიწმინდე,
რადაც არ უნდა დამიჯდეს
ტაძართან უნდა მივიდე.
მოვინახულე, ვილოცე,
ჩემი ქართული სიწმინდე.
თუმცა ეს მოხდა სიზმარში,
რა მშვიდად გამოვიღვიძე.
როგორ გავძელი უშენოდ,
ამდენ ხანს როგორ დაგტოვე…
მანდ არის ჩემი საუნჯე,
ჩემი პატარა სამოთხე.
ბავშვობა
წუხელის სტუმრად
მყავდა ბავშვობა,
არ მიეკარა ძილი
ჩემს თვალებს.
შემოვირბინეთ
მთელი სოფელი,
გადავათენეთ იქ
მე და ღამემ.
მოგონებებში
ამოტივტივდა,
მინდორში პეპლებს
როგორ დავსდევდი.
ჩემში ისევ ის
მორცხვი ბავშვია,
შენ რომ ბავშვობას
ულამაზებდი.
მწვანე თვალება,
პატარა გოგო.
მოკლე კაბით და
თეთრი ბაბთებით,
უკანასკნელად
გადავიკითხე,
შენ რომ უწერდი,
ის ბარათები.
მოგონებები,
ასე ძვირფასი,
ქარს მთელს
სოფელში
მოუფანტია.
პატარა ფეხის
ნაფეხურები
იმ ძველ ბილიკებს
ისევ ატყვია.
ბებერ მუხას კი
ჩვენი კისკისი
საგულდაგულოდ
შეუნახია.
წუხელის სტუმრად
მყავდა ბავშვობა,
მთელი სოფელი
შემომატარა.
დამწიფებულა
ის თეთრი თუთაც,
ისევ გადმოსჩქებს,
წყარო ანკარა.
სკოლის ეზოში
მტირალ ტირიფთან,
ახლა უცნობი
წყვილი დამჯდარა.
ქალს
ქალო, სათუთო,
საოცარო,
კდემამოსილო.
გავაზასავით
მედიდურო,
სხარტო,
მოქნილო.
აბიბინებულ
ჯეჯილს
ჰგავხარ,
ნახატო კალმით.
სახეზე ღიმი
დაგთამაშებს,
ია და ვარდის.
ახლოს ვერ მოველ,
შენი ტრფობა,
შორიდან მათრობს,
მთის სურნელი გაქვს,
აკაციის,
ველურ ყაყაჩოს.
მზეს შეგადარებ,
შორიდან მწვავ,
შორით მაწვალებ.
ვცდილობ და
ვერსად ვემალები,
ვნებიან თვალებს.
მთვარეს გადარებ,
ამოხვალ და
ამოანათებ.
შენი ღიმილი,
შენი ცქერა
შორიდან მავსებს.
ზოგჯერ მგონია,
ვარსკვლავი ხარ
ცით მოწყვეტილი.
ჩემს სატანჯველად
დედამიწას
ჩამოფრენილი.
ვის შეგადარო,
აღარ ვიცი,
ნამო დილისა.
ნიავო,
ნაზად მონაბერო
ხმავ სიმშვიდისა.
ზოგჯერ შტორმი ხარ,
აზვირთდები,
ზღვა ხარ უძირო.
ნეტავ დამშვიდდე,
ჩემს გულისთქმას
რომ მოუსმინო.
ქალო, სათუთო,
ვნებიანო,
კდემამოსილო.
სურვილს გაგიმხელ,
ანგელოზო, გთხოვ,
არ მიწყინო.
ერთი სული მაქვს,
მკლავებზე რომ
გადაგიწვინო
და გული ჩემი
ფიანდაზად
გადაგიფინო.
ცრემლი
ცრემლი
არ მიყვარს,
მაგრამ თვალებს
ხშირად სჩვევიათ.
ზოგ შემთხვევაში
შვებაა და
გადამრჩენია.
ზოგჯერ ჩარეცხავს
გულში დარდი თუ
გაგჩენია.
ზოგჯერ კი ცრემლი
გლოვისა და თალხის
ფერია.
ზოგჯერაც, არის
სიყვარულის
თანამდევია.
სიხარულისგან
ნაკადულად
ჩამომდენია.
ნოსტალგიასაც
ხშირად ახლავს,
ცრემლი წრფელია.
მონატრებისგან
ბალიში რომ
დაგსველებია.
ცრემლი ზოგჯერაც
არის წმინდა,
ზოგჯერ კი ყალბი.
ზოგჯერ ტირილი
მოერევა, თვალებს
გადაღლილს.
ზოგჯერ კი ისე
დაგაოსებს,
სიქას გაგაცლის.
ქალებს მაცდური
ცრემლიც სცვივათ,
ზოგჯერ არაფრის.
მაგრამ სულ სხვაა
დადენილი
ცრემლი ვაჟკაცის.
მინდა, რომ
ნატვრა აგხდენოდეთ
ყველას გულისა.
ცრემლი კი
მხოლოდ დაგდენოდეთ
სიხარულისა.
კესანები
ულამაზეს ბაღს
ჩავუვლი
და მებაღეს
ვესალმები.
მახსენდება,
კლდის ფერდობზე
დაბნეული კესანები.
კლდის კალთიდან,
ცისფერ ყვავილს
კაბა ეცვა ცის საფერი.
ღვთაებრივი ყვავილია,
ვთქვი, მიყვარს-თქო
კესანები.
კლდეზე ისე
მიცოცავდი,
როგორც საფრთხეს
ეზმანები.
სიყვარულით
დამიკრიფე
კლდის ფერდობზე
კესანები.
ეს ცხოვრება,
სუსტი მხრებით,
მიმაქვს და
მეც ვეძალები.
ქალს სინაზით
შევადარე
ცისფერთვალა
კესანები.
როცა წავალ
ამ ქვეყნიდან
ვიცი, რომ
დაგენანები.
ნუ მომიტან ვარდს
და მიხაკს,
დამიკრიფე
კესანები.
მაგნოლიების ჩრდილში
ალმოდებული ლოყების ფერი
მცხუნვარე მზისგან იწვის.
წამოიშალა ნისლებად ფიქრი,
მაგნოლიების ჩრდილში.
მომნატრებია შენი სურნელი,
ნიავს რომ მოაქვს შორით.
ოცნების მტრედებს
ვატან ბარათებს
და გულში გიკრავ თრთოლით.
ამხედრებულა ცაზე ღრუბელის
თეთრი, ქათქათა ფრთილა.
შენთან გული რომ გამოვატანე,
არ გაიბზაროს, ფრთხილად.
დრომ გადაგვფანტა
სხვადასხვა მხარეს,
შენი სიშორე მტკივა.
მზე უდარდელად
არიგებს სხივებს,
მე მაინც სულში მცივა.
ცისარტყელები მოქარგა ცაზე,
მზე ვნებებისგან იწვის.
ქალი ჯერ არ თქმულ ოცნებებს მალავს
მაგნოლიების ჩრდილში.
ახალი სტატიები
დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56გია ხოფერია - წარსულის ღია ფანჯრები 04:52ნანული კაკაურიძე, ირაკლი ცხვედიანი - მხატვრული აზროვნების რემითოლოგიზაცია: მეთოდოლოგიური პრობლემები 04:50ვალტერ ბენიამინი - დოსტოევსკის „იდიოტი“ (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 04:45ფისო ნავროზაშვილი - ვინ დაწერა „დათა თუთაშხია“ და ფიესტა ქუთათურად 04:39
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
სოფიო ღლონტი - ლექსები
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე