გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნინო დარბაისელი - ავდარიანული ოპუსები

ნაწყვეტი ტექსტიდან: „ავდარიანული ოპუსები“

„ავდარიანა“ - ციკლი, რომლიდანაც ცალკეულ ოპუსებს გთავაზობთ, ფეისბუქისა და, ზოგადად, ინტერნეტ-მკითხველთა დიდი ინტერესით სარგებლობს. იგი „აფინაჟის“ მკითხველებს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის გასული წლის დეკემბრიდან დღემდე მიმდინარე ერთი ლიტერატურულ-კულტურული პოლემიკის შესახებ. პოლემიკა „დარიანული დღიურების“ ავტორობის პრობლემას ეძღვნება.  
დოქტორი ნინო დარბაისელი სტრონი, რომელიც ამერიკის მოქალაქე და, ამავე დროს, ქართველი პოეტი, ლექსმცოდნე და კრიტიკოსია,  მტკიცედ დგას  ჩვენს ლიტმცოდნეობაში დამკვიდრებულ აზრზე, რომ  მათი ავტორი არის მხოლოდ და მხოლოდ პაოლო იაშვილი და უპირისპირდება, როგორც თავად უწოდებს, 2013 წლიდან გერმანული ,,ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ მიერ  გენდერული კვლევებისათვის დაფინანსებულ ,,ფსევდო-ფემინისტთა“ და მათთან ასოცირებულ პირთა მიერ საზოგადოებაში ბეჭდურად,  გამოცემებით, რეალური კულტურული ღონისძიებების - გამოფენებისა თუ ტურნეების მეშვეობით, ინტერნეტით,  მასმედიით ფართოდ გავრცელებულ აზრს, რომ ელენე ბაქრაძეა პოეტი ქალი, რომლის კალამსაც ეკუთვნის ეს 14 ლექსი.
ოპუსები დაწყობილია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.


შინაურულად


(25 იანვარი)

ჩემი ფეისბუქ-მეგობრებიდან ყველა, ცხადია, არ არის ლიტმცოდნე. ინტერესი კი მიმდინარე პოლემიკის მიმართ - დიდია. სათითაოდ მწერენ პირად წერილებს და მთხოვენ, გავარკვიო, რა ხდება. მადლობა მათ ამისათვის, მაგრამ ამდენს სათითაოდ რომ ვუპასუხო, ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები ნამდვილად არ არის იმდენად უკიდეგანო. ეს წერილი, რომელიც ჩემი რძლისთვის, შინაურულად დავწერე უცებ, ცხადია, შორსაა იმისგან, რომ ლიტმცოდნეობითი თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვანი ტექსტი იყოს. მისი დამოწმება ვინმეს მიერ, როგორც წყაროსი, გაუმართლებელია, მაგრამ აქ გიდებთ მხოლოდ იმ მიზნით, რომ კონტურულად მოხაზული სურათით ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ პრობლემაზე ჩემს პირად მეგობრებს.
ბოლოში ვურთავ პატარა აბზაცს, კომენტარად რომ დავტოვე ერთგან.
იმედია, ეს დაგეხმარებათ:

ა) სულ ადრე, გასული საუკუნის დასაწყისში, პოეტმა პაოლო იაშვილმა, რომელიც ლამაზი და მდიდარი, საფრანგეთში განათლებამიღებული კაცი იყო, დაწერა ეროტიკული ციკლი ლექსებისა (14 ლექსი)
,,ელენე დარიანის დღიურები“, სადაც ქალის პირით ლაპარაკობს და ასეთი რამ, კაცი რომ ქალის ეროტიკულ განცდებს აღწერდეს, მსოფლიო ლიტერატურაში
ბევრჯერ მომხდარა.
პაოლო იაშვილს - ამ კაცს ჰყავდა ბევრი ქალი. ზოგი მოკლეხანს, ზოგი - ხანგრძლივადაც, ზოგს რამდენჯერმეც მიბრუნებია, მათ შორის იყო სხვისი - ქართველიშვილის ცოლი ელენე ბაქრაძეც - თავისუფალი ყოფაქცევის ქალი, განათლებული იმ დროისთვის, მაგრამ წერდა უნიჭო ლექსებს.
1937 წელს პაოლო იაშვილმა მწერალთა კავშირის შენობაში სანადირო თოფით თავი მოიკლა. პაოლოს სიცოცხლეში საკუთარი ლექსების წიგნი არ გამოუცია. თუმცა ლექსებს გაზეთებში კი ბეჭდავდა. მისი სიკვდილიდან, ასე, ოცი წლის მერე, 1956-ში მოაგროვეს და წიგნად გამოსცეს.
იმ დროს ელენე ბაქრაძე ასაკში იყო, სამოცი წლისა (1897) და დაიწყო სისულელის თქმა, რომ ელენე დარიანს პაოლო მას ეძახოდა და ამიტომ ეს ლექსები მისი დაწერილი იყო. არ არის გამორიცხული, რომ მასთან სექსუალური ურთიერთობა, როგორც რეალია, წინარე მასალა, პირადი ინტიმური მიმოწერა, უნიჭო ლექსებიდან რაიმე ხელჩასავლებიც კი ასახულიყო პაოლოს ლექსებში.
ეს ჩვეულებრივი ამბავია და ასეთ დროს მიგიჩნიონ პოეტის მუზად ერთ-ერთად თუ ერთადერთად - ფრიად საკმარისი და საპატიოა. არსებობს ქართველ ლიტერატურათმცოდნეთა გამოკვლევანი, სტილის ანალიზით თვალნათლივია, რომ ლექსები ნამდვილად პაოლოს კალამს ეკუთვნის. ელენე ბაქრაძე იყო თავისი დროის ლიტერატურულ გარემოსთან დაახლოებული, ერთი თავისუფალი ყოფაქცევის, განათლებული, ავანტურისტკა ქალი, მანიპულატორი, რომელიც წერდა, თარგმნიდა კიდეც, მაგრამ უმწეოდ.
გასულ საუკუნეში გამოჩნდა ერთ თელაველი ალალი კაცი, გოგი ჯავახიშვილი - აი, ისეთი, მთელი ცხოვრება ვინმე დაჩაგრულს რომ ეძებენ და ,,აღმოაჩენენ“, ,,უსამართლოდ მივიწყებულ პაპუნა ოქრომჭედელივით“ (მზე შემოდგომისა).
ელენე ბაქრაძისათვის - ასეთი ავანტიურისტკასათვის, მანიპულატორი ადამიანისათვის, იგი იყო ნამდვილად კარგი საკბილო. ადვილად დასარწმუნებელი და ბრმა იარაღად გამოსაყენებელი! მან დაწერა და გამოაქვეყნა მცდარ ფაქტებსა და საკუთარ ფანტაზიაზე დაყრდნობილი წერილები, სადაც ამტკიცებდა, რომ ელენე ბაქრაძე არის ავტორი ამ ლექსებისა და ელენე დარიანი არა პაოლოსი, არამედ ამ ქალის ლიტერატურული ფსევდონიმია. დაიწყო რაღაცების გამოქვეყნება და ეს ამბავი არ ჩაუთვლიათ ლიტმცოდნეებს იმ მნიშვნელობისად, რომ ამ ტკბილი კაცისთვის (რომელსაც პირადად ვიცნობდი, დადიოდა ლიტერატურის ინსტიტუტში) სერიოზული პოლემიკა გაემართათ, თუმცა არსებობს გამოქვეყნებული, ცალკეული რჩევები, მაგალითად, ზეინაბ ლომჯარიასი.
ეს მოხდა ადრე.

ბ) ფემინისტური ეტაპი. გერმანიაში არსებობს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, რომელმაც გულუხვად დააფინანსა გრანტით ფემინისტური პროექტი 2013 წელს. უნდა შექმნილიყო იმიჯები, ისტორიები, წარსულში ნიჭიერი, მაგრამ ჩვენში კაცების მიერ დაჩაგრული და დამალული ქალებისა. გაახსენდათ ეს ელენე ბაქრაძე, არ ჰკითხეს არაფერი ლიტმცოდნეებს და ჩაერთნენ ამ გრანტში და დაუწყეს მაქსიმალური გაპიარება საინფორმაციო საშუალებებით.

გ) ახლა იწყება ბოლო ამბები. ლაშა ბაქრაძემ - ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა და მისმა მოადგილემ თეა თვალავაძემ პირადად შეადგინეს და გამოსცეს ელენე ბაქრაძის არქივიდან მასალები. წიგნი დააფინანსა მუზეუმის ზემდგომმა - კულტურის სამინისტრომ. რაც პირადად ჩემთვის საფუძველია ვიფიქრო, რომ ,,ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს“,
ანუ კონცეპტუალურად და, არა მხოლოდ, შემდგენლებს დამფინანსებელთან ჰქონდათ შეთანხმება.
ელენე ბაქრაძეს, გარდა პაოლო იაშვილის ლექსებისა, ხელით გადაწერილი ჰქონდა გრიგოლ რობაქიძის, ანა კალანდაძის, ანა ახმატოვას, ლესია უკრაინკას და ა.შ. ლექსები - ერთიანად 36 ერთეული და კი გამოაცხადეს, ეს წიგნი ჩვენი მრავალწლიანი შრომის ნაყოფიაო, მაგრამ არც მცოდნეებს ჰკითხეს, არც თვითონ იცოდნენ, ან იცოდნენ, მაგრამ ეგონათ შერჩებოდათ, თქმა ძნელია, მაგრამ ფაქტი - ფაქტია და ორივე შემთხვევაში - თავზარდამცემია.
გამოიცა სამარცხვინო წიგნი!!!
მე თბილისიდან მეგობრებმა ,,ფეისთაიმით“ დამათვალიერებინეს ეს წიგნი, როგორც კი ნახეს. გამომიგზავნეს ამ ყველაფრის ფოტოები, 36 ერთეული, მაგრამ არ მინდოდა, სკანდალი ძალიან დიდი ყოფილიყო.
რაკი მუზეუმი აქტიურად ეწეოდა წიგნის რეკლამას და ყიდდა, ფაქტი სასწრაფოდ გავახმაურე, ლაშას ზემდგომს - კულტურის მინისტრ წულუკიანს მივწერე ღია წერილი, სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს-მეთქი რეალიზაცია წიგნისა. ნიმუშად - მხოლოდ ანა კალანდაძის ორი ლექსი ვახსენე.
მე არ მითხოვია ლაშას მოხსნა. მე ვთვლი, რომ იგი თვითონ უნდა წავიდეს.
ლაშას, როგორც ჩანს, ეგონა, მარტო ორი ლექსის ამბავი ვიცოდი და ორ ლექსზე მოიხადა საზოგადოების წინაშე საჯარო ბოდიში, შეცდომა გაგვეპარაო.
აღშფოთდა საზოგადოება, ორი ლექსის გულისთვის როგორ წირავთო, დამიწყეს 37 წლის ჯალათის და ათასნაირი ბოროტების ძახილი. ორი კვირა ვაცადე და რომ ეგონათ ესეც ასეო, დანარჩენი ლექსებიც დავუდე და ახლა ამაზე - მეორედ მოიხადა საჯარო ბოდიში.
ღირსება არ ჰყოფნის, რომ წავიდეს. მომხრეებმა ერთ ღამეში მოუგროვეს წიგნის ახლიდან გამოსაცემი ფული.
მე დავწერე, რომ ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს, კერძოდ, რომ ერთ ღამეში მილიონიც შეიძლება იშოვო, მაგრამ ცოდნა-განათლება, ზნეობა და ასე შემდეგ - ვერა.
ახლა ამერიკიდან ჩაგვერთეო, ტელედებატებში მიწვევენ. მე თავს ვიკავებ, რადგან პირდაპირი ჩართვა უნდათ და მე კომუნიკაციის ტექნიკური პრობლემები მაფიქრებს.


ია

(31 იანვარი)

რატომღაც, ერთი ძველი ამბავი გამახსენდა. ბევრჯერ მომისმენია, თუმცა რამდენად რეალურია, თავს ვერ დავდებ: ამბობენ, ერთხელ ლავრენტი ბერიასთან შემოქმედი ქალების ჯგუფი მივიდა. მეტი ყურადღება გვჭირდება ხელისუფლების მხრიდანო. ბერიამ მოუსმინა და თურმე პასუხად ეუბნება:
- არ არის მთლად მართალი, ამხანაგებო, რომ ჩვენ შემოქმედ ქალებს არ ვეხმარებით, ვინც რაიმე თხოვნით მოგვმართა, უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია.
ამას წინათ, მაგალითად, ია კარგარეთელს საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარებაში დავეხმარეთ...
რომელიღაც ქალმა ძალა მოიკრიბა და შეჰბედა, ამხანაგო ლავრენტი პავლოვიჩ, ია კარგარეთელი ხომ კაციაო. ბერიამ თავის ადიუტანტი იყო თუ ვიღაც, იმას დაუძახა:
- მოდი ერთი აქ! ამას წინათ, ია კარგარეთელს რომ დავეხმარეთ, კაცია თუ ქალიო.
- საერთოდ, კაცია, მაგრამ თუ თქვენი ბრძანება იქნება, ქალად გამოვაცხადებთო!

ჩაუდეს

(2 თებერვალი)

ამაოდ ირჯებიან ის ,,ორმაგის მოთამაშე“ შუამავლები, რომლებიც მიკავშირდებიან და მარწმუნებენ, დაახლოებით ასეთი ტექსტით:
რა მოხდა, დიდი არაფერი! ლაშა ბაქრაძეს შეცდომა მოუვიდა და ფული ხომ მოუგროვეს ახლობლებმა, წიგნს ახლიდან გამოსცემენო.
ჰმ!.. ახლა გულზე ხელი დაიდეთ და მიპასუხეთ, თუ გსმენიათ ცხოვრებაში, ან წიგნში თუ წაგიკითხავთ, რომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, დამნაშავის/დამნაშავეთა მოკეთე/ახლობელ/აპოლოგეტები არ ამბობდნენ, რომ ეს - უბრალოდ, შეცდომა იყო.
მაგალითად, დუმბაძის პერიფრაზს რომ მივმართოთ და ცოტა გავაკრიმინალუროთ: კი არ გააკეთა, გააკეთებინეს; კი არ წაურთმევია, ვიღაცამ დაუგდო და ამან მიამიტად ხელი მოჰკიდა;
საქურდავად კი არ შევიდა, დარეკვა უნდოდა და ღია კარი დაინახა;
დაჭრა კი არ უნდოდა, ,,დანასობიას“ ეთამაშებოდა და შემთხვევით მოარტყა;
კი არ დაუმიზნა, ხელში ათამაშებდა და გაუვარდა...
მოკლედ, როგორც იტყვიან, ,,ჩაუდეს“.

***
ბარტი ,,ავტორის სიკვდილი“

იმდენი აბსურდი მოვისმინე მე ამ ბოლო დროს, რომ ყველას ერთად რომ ვედავო, სულელი უნდა ვიყო, ამიტომ იუმორის ხასიათზე ვარ უფრო და უფრო ხშირად.
ესე იგი, რა გამოდის ძვირფასი ოპონენტის ლოგიკიდან? ელენე ბაქრაძე თუ მკვდარია, მკვდარს ვერ გავაცოცხლებთ, ვერ ვედავებით, ცხადია, მაგრამ იმ მკვდარს რომ ამდენი სხვისი - ქართველი და არაქართველი ავტორის ლექსი აჩუქეს გამომცემლებმა, ეს საავტორო უფლების დარღვევა და დანაშაული არ არის? თუ ისინიც მოკვდნენ? კი თქვა ბარტმა გასულ საუკუნეში, ,,ავტორი ,,მოკვდაო“, მაგრამ რედაქტორები და გამომცემლებიც თან მიყვნენო, მაგდენი კი არ უთქვამს!


ის ურჩევნია

(იუმორესკა - 3 თებერვალი)

ვკითხულობდი ამ წერილს და გული მეწურებოდა. ამ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს ლაშა ბაქრაძესა და მასთან აფილირებულ ,,დარიანისტებს“, როგორ მწარედ ჰყვარებიათ ქართული ლიტმცოდნეობა და ქართული კულტურული მემკვიდრეობა. რას ჰქვია, ამ ბოლო წლებში ცოტა ყურადღება მოადუნა პაოლო იაშვილის ,,დარიანის დღიურებისადმი“ ლიტერატურის ინსტიტუტმაო; რას გადაჰყვნენ ამ საერთაშორისო კონფერენციებსა და სესიებსო; ასე როგორ შეიძლებაო; წელიწადში ორ მოხსენებას ძლივს კითხულობენ ამ პაოლოზე. ორი-სამი მკვლევარიღა ეხებაო; ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი მამა-პაპანიო?! რა ვქნათ, როგორ გამოვაცოცხლოთ პაოლოსადმი მათი მითვლემილი ყურადღებაო. იდარდეს, იდარდეს და ბოლოს გონება გაუნათდათ!
კი არის ერთი კარგი და უტყუარი გზა... ცოტა ხანგრძლივი კია და გრანტები დაგვჭირდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდიდან, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, მაგრამ ამ მუზეუმის დამაარსებლის ნათქვამისა არ იყოს, ,,ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფიაო“? რაც შეგვიძლია, მასმედიითა და ინტერნეტით ხმა გავავრცელოთ, თითქოს ელენე დარიანის ციკლი პაოლოსთან მეტისმეტად ახლო მყოფი ერთი თავისუფალი ყოფაქცევის ქალის - ელენე ბაქრაძის დაწერილია, მინიმუმ თანავტორიაო, ფოტოკოლაჟი გავაკეთოთ, პაოლოს უკან რომ ბაქრაძე დგასო...
პოეტის მემკვიდრეებს ვინ კითხავს ან სხვას ვინმესო!
ითმენენ, ითმენენ ეს უნივერსიტეტელი და ლიტერატურის ინსტიტუტელი მკვლევარები და ასე, ცხრა წელიწადში ხომ მაინც გამწარდებიან ისე, რომ ძველ კვლევებსაც ამოქექავენ, ახლებსაც დაუმატებენ და კონფერენციასაც მიუძღვნიანო.
გეგმას თითქოს წუნი არ დაედებოდა! დამაჯერებლად და კეთილშობილურადაც ჟღერდა, შესრულებასაც შეუდგნენ, თითქოს ყველაფერი აეწყო, წლებიც გადიოდა... მაგრამ ერთ საქმიან შეხვედრაზე ერთმა ქალმა ხათრიანად ხელი აიწია, ოდნავ ჩაახველა და ეჭვი გამოთქვა, უკვე ამდენი გვიშრომია და მაინც რომ არ გაინძრენ, რა ვქნათო? აქ მუზეუმის დირექტორმა მამაცურად გადმოდგა ბიჯი, - თუ არა და, ისეთ რამეს ვიზამ, აუცილებლად გაჭრისო! ელენე ბაქრაძის საარქივო მასალას გამოვცემ წიგნად, ამ საქმის წამოწყებიდან თითქმის ათი წლის თავზე;
ლექსების განყოფილებაში თუ პაოლოს ოთხ ლექსს ყურადღებას მაინც არ მიაქცევენ ეგ მკვლევარები, - ავდგები და მთლად ანა კალანდაძის, გრიგოლ რობაქიძის, ანა ახმატოვას, ლესია უკრაინკასა და სხვა ქართველი და არაქართველი ავტორების ბლომად ლექსებსაც ჩავყრი შიგ და რახან ხელით გადაუწერია, ბაქრაძეს მივაკუთვნებო;
მერე ნაწილ-ნაწილ ორი კვირის ინტერვალით საზოგადოებას ბოდიშს მოვუხდი გაპარული შეცდომებისთვის; ,,მასოვკა“ კარგი მყავს, ფულსაც ჩავარიცხინებ ახალი გამოცემისთვისო.
თქმა და გაკეთება ერთი იყო!
ხუთასზე მეტ გვერდიანი წიგნი დადო!
ახლა კი გამოაცხადა, ეს წიგნი ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის ნაყოფიაო, მაგრამ ხომ უკვე ვიცით, ეს მიძინებული ქართული ლიტმცოდნეობის გასაღვიძებლად სჭირდებოდა!
დანარჩენი - ყველამ იცის.
აი, ასეთი თავგანწირვის მხრებზე დგას ჩვენი ისტორია! დიახ! ამაზეა ნათქვამი, ,,ის ურჩევნია მამულსაო!“


კერპი უნდა დაიმსხვრეს

(4 თებერვალი)

ერთმა ჭკვიანმა კაცმა დაიბარა, ეცადე, კარგად მოუსმინო ადამიანებს!
თვით ყველაზე სულელმა მტერმაც კი, არ შეიძლება, ერთი სიბრძნე არ წამოიცდინოსო. ჰოდა, ასეა! ერთი ნათქვამი მომეწონა მაგათი (,,ბაქრაძე-დარიანისტების“) ამასწინანდელი ოდიოზური გადაცემიდან და სრულიად ვეთანხმები:
,,კერპები უნდა დაიმსხვრესო!“. გააკეთეს არა, კერპი ელენე ბაქრაძისგან, არც თუ უანგაროდ და პიედისტალად ხომ შეუდგეს პაოლო იაშვილის და სხვათა ლექსები?! - ათი წელი მუშაობენ ამაზე, არა? აი, მე პირადად, ყველაფერს ვიღონებ, რომ ეგ ყალბი კერპი დაიმსხვრეს!



,,ქალი, რომელიც იცინის“

(15 თებერვალი)

ლაშა ბაქრაძემ ერთგან დააკომენტარა, ,,ღმერთო, აგური ჩამცხე თავშიო“...
ჩარტყმით - არა, აგური - არა, მაგრამ იმავე ფორმის, საშუალო ზომის რაიმე ლიტმცოდნეობითი, თუნდაც სასკოლო სახელმძღვანელო ძალით რომ შემოეჩეჩებინა თქვენთვის ხელში ვინმეს ან სოციალური დისტანციის დაცვით, შორიდან, ხმამაღლა წაეკითხა, რას ეწოდება ლიტმცოდნეობითი (ზოგადად - ხელოვნებათმცოდნეობითი) ტერმინი ,,ფსევდონიმი“,
ვიდრე ელენე ბაქრაძისგან ჰიუგოს გუინპლენივით გააკეთეთ ,,ქალი, რომელიც იცინის“,
მერე დუნია-ქვეყანაზე ახეტიალეთ, როგორც ბოშათა ცირკმა; ვიდრე ქართულ, რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენაზედაც დარიანული ციკლის ავტორად გამოაცხადებდით, მაშინ მართლა დაგხატავდათ, ღმერთმანი!


მღვრიე წყლისა
(19 თებერვალი)

ქართულ ლიტმცოდნეობაში არსებობს შესანიშნავად შესწავლილი საკითხი, პაოლო იაშვილის ,,დარიანული ციკლის“ შესახებ. უამრავი თვალნათლივი წყაროთი
დასტურდებოდა და დასტურდება, რომ იგი ამ ციკლის ავტორი თავად არის.
გასაგებია, რომ მეცნიერების ესა თუ ის დარგი ცოცხალია, ვიდრე არსებობს საკითხი, რომელიც შესასწავლია მის სფეროში; რომ როგორც კი მისი შესასწავლი საგანი მთლიანად ამოეწურება, დარგი გადაინაცვლებს მეცნიერების ისტორიაში. ამის გათვალისწინებით, მჯერა, რომ პაოლო იაშვილის შემოქმედების ამა თუ იმ ასპექტს, ჩვენი დარგის განვითარების შესაბამისად, მრავალჯერ მიუბრუნდება ქართული და, იმედია, არა მხოლოდ ქართული ლიტმცოდნეობა.
გასული საუკუნის ბოლოს ერთმა ალალმა ადამიანმა, მართლა კარგმა პიროვნებამ, გ. ჯავახიშვილმა, რაკი იგი ელენე ბაქრაძის არქივს გაეცნო, საქმეში ღრმად ჩაუხედავად, მის შეუსწავლელად დაწერა ბელეტრისტული ჯერ წერილები, შემდგომ - მათ ბაზაზე - წიგნი, სადაც წამოაყენა ელენე ბაქრაძის, როგორც დარიანული ციკლის ავტორობის საკითხი. მასალაში წინააღმდეგობრივი მომენტები - თეთრი ლაქები - საკუთარი ფანტაზიით შეავსო. ლიტმცოდნეებმა იმთავითვე დამაჯერებლად დაასაბუთეს, რომ ეს დაშვება არასწორი იყო. გამოქვეყნდა მათი მასალები. წიგნს აქვს ტირაჟი.
ერთი ეგზემპლარი წაიკითხა ერთმა პროფესიით სტომატოლოგმა ბლოგერმა ზურაბ ალხანიშვილმა და საკუთარ ბლოგზე დაწერა, რაც და როგორც გაიგო. ეს - თავისთავად სასიამოვნო ამბავი საფუძვლად დაედო შემდგომ გაუგებრობებს.
საქართველოში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი 2014 წელს მუშაობდა ფემინისტურ პროექტზე, ,,50 ქალი საქართველოდან“, ამ პროექტში მონაწილეობდა ვინმე თამთა მელაშვილი, რომელიც თურმე მწერალი ყოფილა (მე არაფერი წამიკითხავს მისი). ამ თამთა მელაშვილმა ,,ელენე დარიანის“ საკითხის შეუსწავლელად, როგორც, სხვათა შორის, თავადვე მიუთითებს საკუთარი წერილისათვის დართულ გამოყენებული ლიტერატურის სიაში, გამოიყენა ორად ორი ინტერნეტ-წყარო - ალხანიშვილის წერილი და ერთიც - ჟურნალისტური ტექსტი, გაზეთის ელვერსიიდან, რომელსაც არავითარი სამეცნიერო ღირებულება არა აქვს და, პრინციპში, არც მოეთხოვება, რადგან ,,პერესკაზია“ და გაზეთის მკითხველის ყურადღების მოზიდვაზეა ორიენტირებული.
იხ. ლინკი:
https://feminism-boell.org/.../06/06/elene-dariani-bakraze

არ ვიცი, როგორ ნაზღაურდება ფონდის მიერ ასეთი ნაჩქარევი სამუშაო, რომლისთვისაც ერთი საღამო არც დასჭირდებოდა კომპის ნებისმიერ, საშუალო მომხმარებელს, თუ კეთილსინდისიერებაზე ხელს აიღებდა. ფული მათია და დიდი ანგარიშით, რაც უნდოდათ, ის ექნათ, ჩემი რა იხარჯება ამ მხრივ!
წერილს დაადეს ბაქრაძის არქივში მოძიებული ფოტო, სადაც გაცინებულ ქალს სიგარეტი აქვს პირში და შემდგომ ძალიან აპიარეს, ინტერნეტითა თუ მასმედიის ათასნაირი გზით, სიმბოლოდ, კერპად აქციეს, თუმცა ეს ნიკოტინის მოხმარების შესახებ კანონმდებლობის დარღვევა იყო და არა მხოლოდ საქართველოში.
...მაგრამ კანონები ხომ რიგითი მოკვდავებისთვის იწერება, ისინი კი მაღლა, კანონზემოთ დგანან!
როგორც, ალბათ, ყველა დარგს, ლიტმცოდნეობას აქვს თავისი სლენგები. ერთია ,,გადაშუშვა“ - რომელიც, სავარაუდოდ, ტექნიკური დარგებიდან, კერძოდ, ხაზვიდანაა ნასესხები, ნიშნავს სიტყვა-სიტყვით გადაწერას რაიმესი. ასეთი ადგილები თამთა მელაშვილის ნაწერში ცოტა როდია, ალხანიშვილის ტექსტს ზუსტად რომ მისდევს, ან წინადადებასა და ფრაზას ოდნავ ცვლის. მეორეა ,,ბუტერბროდი“ - ეს ნიშნავს, საკუთარ ან ვინმეს მზა ნაწერს თავსა და ბოლოს თუ შეუცვლი, სათაურსაც და ახალ ტექსტად გაასაღებ.
2017 წელს ასეთი ბუტერბროდი მოამზადა თამთა მელაშვილმა. აიღო 2014 წელს ,,შექმნილი“ საკუთარი ტექსტი, სულ ოდნავ განავრცო, ახალი თავი და ბოლო დაადო და წყაროდაც - უკვე საკუთარი ,,ნააზრევი“ მიიჩნია.
ამასობაში, მისი სამეგობრო - ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის უწინდელი ხელმძღვანელი ნინო ლეჟავა, ლაშა ბაქრაძე და კომპანია დროს უქმად როდი კარგავდა, უკვე უცხოეთში დაარბენინებდა პირშისიგარეტგაჩრილი ქალის პოსტერს, პლაკატებს, ნახეთ, რა პოეტი აღმოვაჩინეთო.
თქვენ გგონიათ, არ იცოდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის წარმომადგენელმა, რომ საქმე სიყალბესთან ჰქონდა? დარწმუნებით მოგახსენებთ, რომ 2019 წელს მაინც ნამდვილად იცოდა. რა მოიმოქმედა? არაფერი! რატომ? ეს მიხვედრილმა მკითხველმა თავად გამოიცნოს.
ამასობაში, თითქმის ათი წელი გავიდა. ახლა დაუჟინიათ, საკითხი ბუნდოვანია და შესწავლა სჭირდებაო. და ჯერ რომ შესწავლით დაეწყოთ, თუ ბუნდოვანია, დედა გაუბრაზდებოდათ? თავისივე ნაქნარის გადასარჩენად უკვე ძალიან გაფაციცდნენ; ელენე ბაქრაძის ავტორობა თუ ვეღარ, რამენაირი თანაავტორობაც რომ დაამტკიცონ, იმას ცდილობენ. ანუ თავისსავე ამღვრეულ წყალში ხელიდან გამსხლტარ თევზს მთლიანად თუ ვეღარ მოიხელთებენ, ახლიდან დასაჭერად, კუდიც რომ იყოს, ყაბულს არიან.
ისე კი, ჩვენ, ძველებს, ასე გვასწავლიდნენ: ნებისმიერი კვლევა და/ან რაიმე დაშვება შეიძლება ახალი, სხვა დონის პრობლემების გამოაშკარავებაში დაგვეხმაროს, მაგრამ საბოლოო შედეგად თუ სათავეშივე დაყენებული, ისედაც გაურკვეველი პრობლემის კიდევ უფრო მეტ გაბუნდოვანებას მოიტანს, - ესე იგი გზასაცდენილიაო.  ეს - ნებისმიერი სამეცნიერო კვლევის აქსიომაა!
ოჰ, ეს ძველები!
ეს ,,ნაფტალინისსუნიანები“!






4 მარტის დღიურიდან

(4 მარტი)

ახლოვდება 12 აპრილი - ,,დარიანული დღიურების ავტორობის შესახებ“ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ ,,კავკასიურ სახლში“ დანიშნული კონფერენციის ჩატარების თარიღი და პირადად ჩემი შინაგანი ტემპერატურა ზემოთ იწევს.
ვზივარ და თან ცალი თვალი საინფორმაციო გამოშვებაზე მიჭირავს, უკრაინის ამბებიდან რამე რომ არ გამომრჩეს, თან მოხსენებას ვწერ.
უნდა ჩავატიო ასე, 25 წუთიან ვიდეოჩანაწერში და ასე მივიღო მონაწილეობა.
ეს საქმე რომ არ გამომჩენოდა, უკრაინის ამბები უფრო მძიმე გადასატანი იქნებოდა. ირგვლივ ბევრი გადავიდა დამაწყნარებლებზე.
როგორც ჩანს, ჩემი ნერვებისთვის ეს თავისებური შრომა-თერაპიაა.
გუშინ ერთი მეკითხება, ,,კავკასიურ სახლში“ იმიტომ ატარებთ, რომ ლიტმცოდნეთა შორის ამ საკითხის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა, არაო?
გვარში ურია არ მყოლია, მაგრამ მიყვარს ურიასავით კითხვაზე კითხვით პასუხი: და ლიტმცოდნეებში ვის გულისხმობ-მეთქი?
ახლა, გოგი ჯავახიშვილს - სამეცნიერო ხარისხი კი ჰქონდა თავის სფეროში დაცული, მაგრამ დარიანის შესახებ ჭარმაგმა კაცმა სტატიების სახით რაღაც პოეტური ესეები წერა, კონოტაციებით სავსე, გაზეთ ,,კალმასობაში“ ბეჭდა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში. მერე წიგნი გამოსცა... ინსტიტუტში გვციოდა, გვშიოდა, გვბნელოდა, კუპონობა იყო, უფულობა, თავი გაგვჭირვებოდა და ვერთობოდით, რა... გ. ჯავახიშვილის ნაწერი მეცნიერულად გასაანალიზებელიც არ იყო, მე რომ ვინმემ მკითხოს, ორი-სამი მაგალითი უნდა აგეღო იქედან, კოლეგები გეცინებინა და მორჩა! მაგრამ ჯერ ერთი, თვითონ ბატონი გოგი იყო კარგი კაცი და მეორეც - დაიდო ახალგაზრდა ზეინაბ ლომჯარიამ და მთელი სერიოზულობით წყაროებს უდარა, ფაქტობრივი წინააღმდეგობები უაშკარავა, კვლევითი აპარატურა მიუსადაგა... რაღა დაგიმალოთ და ადამიანურად ბევრმა, ზურგს უკან, არც მოუწონა ქცევა. განა იმიტომ, რომ დონესთან ჰქონდათ შენიშვნა, ლომჯარია - კარგი მკვლევარი იყო, უბრალოდ... გასაკვირიც არაა. ეს ხომ საქართველოა!
ხელში რომ მოგვაჩეჩებდა ქსეროქსზე გადაღებულ ახალ რამეს, წაიკითხეთო, რამდენჯერ მეც მიფიქრია, ნეტავი ამას, მეტი დარდი რომ არა აქვს ახლა, რას გადაეკიდა ამ კაცს, წეროს და გაიხაროს, მაინც ყველაფერი დაღუპულია-მეთქი. ჩვენი საყვარელი ზეიკო, ზეინაბი!
თურმე სადა ხარ!

***
შენ, ჩემო თავო, ამბები დამთავრებული რომ გეგონა, 2013 წლიდან მთლად საერთაშორისო კულტურულ მნიშვნელობას შეიძენს და ლიტმცოდნეთა თავშესაქცევი - გოგი ჯავახიშვილის მუცლითმეზღაპრეობა უტყუარ სამეცნიერო წყაროდ და უმაღლესი ინსტანციის ჭეშმარიტებად იქნება გამოცხადებული ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფულებით ნოყიერად კვებულ ფსევდო ფემინისტთა მიერ, ოღონდ... ოღონდ... ოღონდ... წაუკითხავად. მე ხომ იმ მხცოვან თაობას ვეკუთვნი, საშინაო დავალებას სამზარეულოში მუდმივად ჩართული კედლის რადიოს აკომპანიმენტის ქვეშ რომ ამზადებდა. ჰოდა, ერთი რაღაც რადიოდადგმა იყო ჩაპაევზე. ტყეში არიან ბავშვები, მგონი დაზვერვაზე და ერთი მეორეს ეუბნება: ბიჭო, ლიმონათი დაგილევიაო?
არაო. იცი, რა მაგარიაო, აი, მოსვამ და გეგონება, პირში სულ ჭიანჭველები დაგირბიანო. და შენ რა იციო. როგორ რა ვიციო, ჩემს მეზობელთან ქალაქელი ბიძაშვილი იყო ჩამოსული, ის უყვებოდა და ჩემი ყურით მოვუსმინეო.
***
გაივლის დრო და ,,რეკლაინერში“ განცხრომით მთვლემარე პენსიონერ ნინო დარბაისელს გაახსენდება, რომ საჭიროა რამენაირად აღიდგინოს ძველი წიგნებიდან მიღებული ლიტმცოდნეობითი თეზაურუსი...
მოიცა, კაცო, რა დროს თეზაურუსია!
ლიტმცოდნეებში ვის გულისხმობ-მეთქი, ადამიანს ვკითხე. ზაზა აბზიანიძეს ხომ არა, ჯერ ძაან სიღრმეებში წვდომას რომ დაგვპირდა და მერე პაოლო იაშვილის ბიოგრაფიაში წყალგაუვალი მტკიცებით მთელი ,,ათწლიანი ვაკანსია რომ გაუჩალიჩა“ ელენე ბაქრაძეს?“ არადა, 1894 წელს დაბადებულმა პაოლომ სულ 43 წელი იცოცხლა 1937- მდე...
აა, იქნებ თავად ლიტერატურის მუზეუმის დირექტორ ლაშა ბაქრაძეს, დიდის ამბით რომ უწერია ბიოგრაფიაში ლიტერატურათმცოდნეო? ერთი მაგისი ლიტერატურათმცოდნეობითი ნაშრომების სია გადმომიგდე, თვალი მინდა გადავკრა! სია თუ ძალიან გრძელია, ორიოდე ნაშრომი მეყოფა-მეთქი, უბრალოდ მაინტერესებს, ვიცოდე მისი ლიტმცოდნეობითი კვლევის არე, თუ ზოგიერთისა არ იყოს, ეგეც ,,სოკრატეს ტიპის“ ზეპირი ფილო... ბოდიში, ლიტმცოდნეა - აი, მოვა პლატონი და შთამომავლობას წერილობით გადასცემს მის დიად ზეპირნამეტყველებს...

***
,,კავკასიურ სახლში“ ორი მიზეზის გამო ტარდება ეს კონფერენცია: ლიტერატურის ინსტიტუტში, მოგეხსენებათ, რემონტია. თავს მუდამ ლიტინსტიტუტელად მივიჩნევ, სადაც გინდა ვიყო. როდესაც ნაირა გელაშვილმა - საუკეთესო მწერალმა, მოღვაწე ადამიანმა ნეიტრალურ ტერიტორიაზე შემოგვთავაზა ორივე მხარეს კონფერენციის გამართვა,
მე - მადლიერად დავეთანხმე. მიმუშავია მასთან და ვიცი, რომ ეს მარტო ფართის დათმობას არ ნიშნავს და უამრავი სხვადასხვა სახის საორგანიზაციო და შემდგომი სამუშაოა. ბოლო ინფორმაცია ასეთი მაქვს. ბაქრაძე-დარიანისტებს, ანუ იმათ, ვინც ამტკიცებენ დარიანული დღიურების ავტორი ელენე ბაქრაძეაო, ან თანაავტორიო და ასე შემდეგ, არ ვიცი, იქ ბოლომდე, რა ხდება, უარი უთქვამთ კონფერენციაზე მოხსენებების წარმოდგენაზე.
ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა. ლიტმცოდნენი ვდგავართ პოზიციაზე, რომ დარიანული დღიურების ავტორი არის პაოლო იაშვილი. საკუთარ თავსაც რაღაც ხომ უნდა ვუწოდოთ, არა?! ვიყოთ, ,,იაშვილისტები“.
ახლახანს, კომენტარიდან შევიტყვე, რომ ჩვენი ოპონენტები მოხსენებების წაკითხვას არ აპირებენ, მაგრამ პატივი დაგვდეს და გამოუცხადებიათ თანხმობა დასწრებაზე, ასევე, კითხვების დასმას აპირებენ.
პირადად მე კითხვებზე პასუხი ისე მიყვარს, თვითონ ნაირამ, ჩემი სტუდენტობისას (ვაიმეე, თითქმის 45 წელი გასულა), ბევრი ენერგია დამახარჯა, რომ როგორმე ესწავლებინა, როცა შენ არ გეკითხებიან, სხვას პასუხი აცადეო, ან თუნდაც შენ რომ გეკითხებიან, პასუხამდე ჯერ ჩაისუნთქე, ამოისუნთქე, გაიხედ-გამოიხედე, ეგრევე რომ მიაყრი, ეგ უზრდელობააო.
კონფერენციის მსვლელობისას ვიდეო ჩართვასაც ვაპირებ და ეს ნასწავლები ამჯერადაც გამომადგება.
ეს იქით იყოს და, ახლა ვფიქრობ, ჩვენს მხარეს კი საჩვენოდ - არაფერი არ გვინდა, პირიქით, მადლიერები ვართ, მაგრამ იქითა მხარეს, ანუ ბაქრაძე-დარიანისტებს, რაკი იმ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისგან ყოველ პირის დაღებაზე შოშიასავით ლუკმის ჩაგდებას არიან ნაჩვევი, იქნებ კონფერენციაზე მოსვლისა და ჯდომისათვის, კოლმეურნეობაში რომ შრომა-დღეობით უნაზღაურებდნენ, თქვენც შრომა-საათობით რამეს დაჰპირდეთ, კითხვის დასმაზეც - დამატებით ერთი-ორი კაპიკი გამოუნახოთ, რა კარგი სტიმული იქნება! პასუხები - მუქთაა!
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge