გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ელისაბედ ჯავახიშვილი - ჩანახატები


***

ფილარმონიის წინ ვზივარ, ხის ძელსკამზე. ფიქრებში და მარტოობაში ჩაძირული... ყურებს ხმაურით ასკდება წვიმიან ასფალტზე მანქანების ბორბლების შხუილის ხმა, მიშხუილობენ, წვიმის წვეთებს აქეთ-იქით აშხეფებენ და მიდიან... ერთი ჩვეულებრივი, მოსაწყენი, წვიმიანი დღე... ვუყურებ, როგორ მოძრაობენ ჩემს გარშემო მანქანები და უცნაური შეგრძნება მიპყრობს. წამი უსასრულო ხდება, ასე ვარ თითქოს, მუდმივობაში გაყინული, ვზივარ და მსოფლიო ჩემს გარშემო მოძრაობს, ხმაურობს, ტრიალებს, სუნთქავს... მე კი ვზივარ და არსად წასვლა არ მეჩქარება. მხოლოდ ფიქრი მაბეზრებს თავს, გულს მიწვრილებს, შემომიჩნდება და გაუმკლავდი ერთი, თუ ქალი ხარ! გზის მეორე მხარეს ვიტრინაა, კაცის და ქალის მანეკენები, ბრონზისფრად შეფერილები უმოძრაოდ იყურებიან და მათთვისაც ყველაფერი სულერთია იმ განსხვავებით, რომ ისინი არაფერზე ფიქრობენ, უბრალოდ ფიქრი არ ძალუძთ... ტროტუარზე კი ქოლგის ქვეშ შეყუჟული ადამიანები ფეხაჩქარებულები მიდი-მოდიან, ცდილობენ, წვიმის წვეთებს დაემალონ, გარბიან თავის კეთილმოწყობილ, მყუდრო და ცარიელ სახლებში, სადაც აღარც სიხარულია და აღარც სევდა. იქაც არაფრობამ და მომაბეზრებელმა ყოველდღიურობამ დაისადგურა. ღმერთო, როგორ გვანან ერთმანეთს ეს ვიტრინაში გამოდგმული ბრონზისფერი მანეკენები და ეს ქოლგის ქვეშ შეყუჟული ფეხაჩქარებული ადამიანები. ისინი ხომ ამ ბრონზისფერ თოჯინებს აჭარბებენ უგულობაში... მათი ცხოვრება ისეთი ხელოვნურია... მავანი ამას ხელოვნების უმაღლეს მდგომარეობაში ყოფნას ეძახის, ცხოვრობენ ტყუილში, ილუზიაში  და მოდას ფეხაყოლილნი ივიწყებენ ადამიანურობას, ბუნებრივობას, გულწრფელობას, სიყვარულს.
ასე ირევა ერთმანეთში ნამდვილი და ყალბი, ჭეშმარიტი და ცრუ... ძნელია გამორჩევა, სადაა  სიმართლე... დღეს ხომ ხალხმა აღარც კი იცის რა არის ხელოვნება. დააკვირდით ყველა სფეროს. ყველა მღერის, სულაც არააა ხმა საჭირო; ყველა ხატავს, სულაც არაა ნიჭი და გემოვნება საჭირო. დღეს რა მნიშვნელობა აქვს ქალი ხარ თუ კაცი, სქესიც არაა თურმე საჭირო... ყელზე მძივები უნდა ატარო და ყურზე საყურე, სხეულში კი ქალური ვნებები ბობოქრობდეს, გხვდებიან ქუჩაში კეკლუცად მოსიარულე, ნაზად მოსაუბრე კაცები და თვალებს აფახულებენ, აქეთ-იქით  თავმომწონედ იყურებიან... და, აი, ასე, გახადეს ცხოვრება უინტერესო, სილამაზეს და სიყვარულს აზრი დაუკარგეს...
მე კი დავდივარ წვიმიან ქალაქში და სითბოს, სილამაზეს დავეძებ. შეშფოთებული ვფიქრობ, ესაა ჩემი ქალაქი? რა დაემართათ ადამიანებს? რად დაეკარგათ სურვილი იყვნენ უბრალოები, წრფელები, ნამდვილები... დაღლილი და ძალაგამოცლილი ვჯდები ხის ძელსკამზე და ფიქრებში და მარტოობაში ვიძირები. ნუთუ გამოსავალი აღარ არსებობს?! რა თქმა უნდა, არსებობს და აგერ ისიც...
ბედნიერი წყვილი ლაღად მოაბიჯებს ქუჩაში, მამას ხელში ორი-სამი თვის პაწია უჭირავს, მხიარულად, სიცილით ესაუბრება მეუღლეს, ორივე გულიანად იცინის. პაწიას კი არხეინად, უშფოთველად სძინავს, მამის მხარზე თავმიდებულს. მათი შემხედვარე ხვდები, რა არის ბედნიერება. ისინი გაძლევენ იმ ემოციას, რასაც სიყვარული ჰქვია. პაწია ხელის მომუჭული  მუშტი სიარულისას ქანაობს. თითქოს, ეს ფერმკრთალი პაწია თითები მუშტად შეკრული ამ ცხოვრებას ხელს უღერებს, ფრთხილად! გავიზრდები და მეც სილამაზეს დავუწყებ ძებნას და ვაი შენ თუ არ დამახვედრეო. ადამიანში ხომ მუცლადყოფნისავე არის ეს კოდი ჩადებული, სიყვარულით აღორძინებული. შემდგომ მშობლებმა და საზოგადოებამ უნდა შეუწყოს ხელი მის განვითარებას და ვაი შენ თუ ეს ვერ შეძელი.., თუ შვილები ამ ბრონზისფერ მანეკენებს დაამსგავსე, ვიტრინის ინტერიერს რომ ამშვენებენ მხოლოდ... ყველა ნივთს და ქმედებას თავისი ორი მხარე აქვს, დაგაფიქროს და სწორი პასუხიც გაპოვნინოს. შენ მარტო გონებას დაატანე  ძალა და ეცადე, ნამდვილი, უბრალო, ადამიანური იყო, ფიქრითაც და აზრითაც... მაგრამ შეხეთ! მიელტვიან კიდეც, ქალები ქალებს აღარ ჰგვანან და კაცები კაცებს. გრძნობაგარეცხილები, ცარიელები აზრითა და ქმედებით... გამოფხიზლდით-თქო, მინდა შევუძახო ყველას. მაგრამ შენი ჭირიმე, ვინ გისმენს, ვისა აქვს შენი დარდი. აქეთ ცინიზმით გიყურებენ შენში ქალურობას და გულწრფელობას რომ ხედავენ. დღეს გაოცებასაც კი იწვევ ქალი ქალურობით. ნუთუ, ქართველი ქალის ფენომენი ასე დაიმცრო?! ნუთუ ასე დავკნინდით?!
ვზივარ ხის ძელსკამზე და გზის მეორე მხარეს გავცქერი, სადაც ბრონზისფერ სახიანი მანეკენები ამშვენებენ ვიტრინას... წვიმს. მანქანების ბორბლების ხმაური ყურებს ასკდება. ნეტავ, რაიმე შეიცვლება?! ნეტავ, კიდევ იწვიმებს?!
2002 წლის 9 ივნისი.


ჩემო მეგობრებო, ბევრი კი მყავხართ და, შეძლებისდაგვარად, ყველას ვადევნებ თვალს, ვხვდები, ვინ რას საქმიანობს, რას აკეთებს, რაზე ფიქრობს. იქნებ, თქვენი მოკრძალებული აზრი გამოთქვათ და იყოთ ნამდვილები, წრფელები. დამღალა პირფერობამ. უბრალოდ, მინდა მიყვარდეთ ისეთები, როგორებიც ხართ. ძალიან ნიჭიერები, კეთილები და ჭკვიანები. გადვწყვიტე, დრო და დრო გამოვაქვეყნო ჩემი ყოველდღიური ჩანაწერები. ახლა რომ ვკითხულობ, შიში მიპყრობს, ის, რაც მაწუხებდა - უფრო გაღრმავდა და ისეთი ოფიციალური დაკანონებული სახე მიიღო, გავუმკლავდებით ამ სენს?! იმედი მაქვს, რომ - კი, ღვთის შეწევნით!
2017 წლის 9ივნისი.


***

რა არის სამყაროში ყველაზე დიდი ბედნიერება?!
რომელია გამორჩეული ხმა, ანდაც სახილველი ყველაზე უფრო და მეტად?!..
ვიცი, რომ ყველა თავისებურად აღიქვამს და გამოხატავს ემოციასაც და გამოცდილებასაც, ყველას თავისი მოსაზრება აქვს ყველაფრისადმი... სხვებს თავს დავანებებ, რადგან ყველაზე უკეთ ის ვიცი, მე რა ხმები მომწონს, რა მაძლევს ბედნიერებით ტკბობის უნარსა და ძალას.
პარადოქსია და ურთიერთგამომრიცხავი რაღაც, რასაც ახლა გიამბობთ, მაგრამ ასე უნდა ამოვცალო სულის სალარო, ტკივილითა და ჩემებური მონამცეცებული სიხარულებით გაჯერებული. მოკლედ, კარგი დღეები არ მიდგას, მაგრამ, როგორც მხატვარი, მოლბერტთან მჯდომი ფიქრობს რა ფერებით დაიწყოს ფუნჯის მოსმა განწყობების გადმოსაცემად, მეც ასე ვდგები ყოველ ცისმარე დღეს და გონების თვალგადავლებულს ვხაზავ და ვცხრილავ ნაფიქრალებს, ხან მანტრათა ხმებით გადავდივარ სხვა სამყაროში სულმოსათქმელად, სადაც ნატვრის ხესავით ფერადია იქაურობა და არა ასე ნაცრისფერი, უიმედო, უარაფრო, ტყუილისფერი, იმედგაცრუებათაფერი ყოფით.
ყოველ დილით, როცა თვალებს გავახელ და გონება მეძახის, ადექი, ელისაბედ, ჰუალინგში წადი, იქ ტრენაჟორებთან მეგობრები გელოდებიანო, ჩემი სხეულის ბებერი უძლურება საწოლიდან ვერ სწევს ტანს, მტკივა სხეული, ძვლები, რომელიც ერდოზე დაბმულ მურიასავით მიყმუის, გაუსაძლისად მტკივა.
კუნთები ისეა გამოფსკვნილი, ბებიაჩემის თავსაფარივით, სული მეპარება და გული ლამის გამიჩერდეს, მერე ჩემს სარკმელს მივადევნებ თვალსაც და გულსაც, ესაა ჩემი ტელევიზორი. აქაა ჩემი პროგნოზები ამინდის გუნება-განცდებისა. მერცხლები ჟივილით ფრენენ წრიულად, კორპუსებს შუა და სადღაც ჰორიზონტის თვალსაწიერთან, შორს, სადაც ამწე ნელ-ნელა გამოყოფს რკინის ცხვირს, ყოველ დღე ვადევნებ მის მოძრაობას თვალს და ესეც ჩემი დილის ნაწილად იქცა. ისევ ნაცრისფერი სახლები შენდება, დაუთვლელი კორპუსები, სადაც ჩემთვის ადგილი არაა და ასე სხვის ჭერს შეკედლებული, ყოველთვე ქირა-კუზის ტარებით მოღლილი ვუყურებ ამ ამწის მოძრაობას. ისევ ახალი კორპუსი შენდება. განუკითხაობაა. აქ, მიწაზე, არაა ჩემი ალაგი, სადაც სახლს მოვიმყუდროვებდი. ჩემი სახლი ცაშია... ასე ვფიქრობ, ნაოცნებარ სახლზე, ბროწეულის ცეცხლისფერი ყვავილებიანი ბაღით და ფუტკრის ბზუილა ხმიანობით, დროის მსვლელობაზე ასახულზე თავისებურად, სადაც მე ან პურს გამოვაცხობ სიყვარულით, ან ბებიაჩემივით მწიფე ატმებს დავჩირავ და მზის მცხუნვარებას მივუფიცხებ შესაბრაწად და შვილიშვილების ყელის ჩასაკოკლოზინებლად. საიდან დავიწყე?! საფიქრალი ამოვაბარგე, რა მინდოდა მეთქვა, ღმერთო ჩემო! ამ ჩემს გონებას მორბენალი სტრიქონივით მოხტუნავეს, ვეღარ ვუწევ მწყემსობას, ხან ისე გამექცევა, ძოვა-ძოვით შეუყვება ფიქრის მდელოებზე, ხან კი ბუზანკალაშეჩენილივით მიხტუნაობს და რას მივეწევი...
ეჰ!!!
ხოო, აი, როგორც იქნა, გამახსენდა...
ასე ვწევარ და ფიქრსა და ჭიდილში ჩაძირული, ღვინოში ჩატივტივებულ ორშიმოსავით, დროდადრო ვყურყუმელავდები ცხოვრების ზედაპირზე. ხან ლიკლიკა წვენი ამომაქვს და, ხან კიდევ, ამღვრეული და აბობოქრებული ნაჟური ხმები მავსებს, ხმები, რომელნიც ჩემს დახშულ ლოკოკინა ნიჟარასავით ჩახვეულ, ჩაგუბებულ ყურებს სწვდება და აი... მოვიდა სათქმელიც. მერცხლების ჟივჟივის შემდგომ, ჩვილის ღუღუნი მავსებს. მე ვერ ვხედავ და რამდენჯერმე მივაწყდი ფანჯრის გისოსებს სახილველად, მაგრამ ისევ ჩვეული კადრი შემომრჩა ხედვის წინ, აჩონჩხლილი კორპუსების რიგი. ჩემს ქვემოთ აივანზე გამოჰყავთ ჩვილი, დილაობით. გამოჰყავთ და ასე ტკბილად ღუღუნაობს ეს ბარტყი, არ ვიცი, რა სქესისაა, უფრო გოგონა მგონია, ხმებიდან გამომდინარე. ვმადლობ უფალს, რომ ამ ხმათა შეტკბობა შემიძლია, არა მარტო შეტკბობა, არამედ ჩემი დარდისგან გამოფიტული სულის გაფხვიერება მისით, სასუქივით... ვაგროვებ ამ ხმებს ჩემში და ვცდილობ თვალის გასწორებას ყოფაზე... დიდხანს არ გრძელდება ეს ბედნიერება და ათი წუთიც საკმარისი ხდება ავდგე, ძალები მოვიკრიბო. მერე ნიკოლოზი გამოდის, ის ბიჭი, ადრე რომ გიამბეთ მასზე. მომღერალი ბიჭი (+ თურმე ავად ყოფილა და ეზოში არ უშვებენ სათამაშოდ), ალბათ შვიდიოდე წლის ბიჭუნა. მღერის ასე: ჰაი, ბიჭებო და ჰაი!!!.. სადღა არიან ბიჭები და გოგოები დღესა, ნამდვილობით და ემოციასავსეები, როცა დედისტოლა ქალს გეპრანჭებიან და... მოკლედ, იცვლება სამყარო, მიდის თუ გადაფასდება  ღირებულებები და რაზე არ მეფიქრება ამ სამყაროში ათქვეფილს, ყოფის გადაღმა გადასულსა და თვალმოცილებულს გადარჩენის ინსტიქტით დამაშვრალს.
გუშინ პატარა ბარტყი შემომხვდა ცხოვრების ქვაღორღიან მიჯნაზე. როცა მძიმე დღის შემდეგ სიცხისაგან გასავათებული მოაბიჯებ ცარიელი საფულით, გზად შემხვედრი გლახაკი შაოსანი ტირილნარევად რომ გთხოვს მუდარით დახმარებას, შენ კი შიმშილმილასტული მუცლით ებოდიშები, იმიტომ, რომ უბრალოდ მდიდარი ქალის ,,ვიდზე“ ხარ, ასე ებრძვი შენებურად ყოფადობას და სადამდე, სადამდე ელისაბედო?!
ასეა, სანამ ბოლო ნამცეცი სიყვარულისა და მოთმინებისა სულის თავთუხებს დიდ ყანად არ აქცევს, მსოფლიოს დასაპურებლად და იქამდე, სანამ ფეხზე დგომა შემიძლია, იქამდე, სანამ გაღიმება შემიძლია, იქამდე, სანამ ასე მიმნდობი და გულუბრყვილო ვარ და ისევ მჯერა ადამიანობის... იქამდე, სანამ ჩემი გული დედო ზარივით კვნესის - მიყვარხართო და სანამ ჩემი ყველა ქართველი ჩემი გულის მთლიანობის ნაწილია, იქამდე, სანამ მსოფლიო დარდსაც და ტკივილსაც ვიჩემებ და ვითავისებ და სანამ ჩემი გული ბოლო გედის სიმღერას არ ამოთქვამს, ლამაზად, სევდისმიერად...
ღმერთი სულ მაძლევს იმას, რაც ჩემს გულს უხარია და წამლად მექცევა ხოლმე, მხნეობას და იმედს რომ მაძლევს მისი არსებობა და აგერ ჩემი გუშინდელი აღმოჩენაც, თოვლის გუნდა ივლისის ხვატში აღმოჩენილი. მინდა, გიჩვენოთ ერთმანეთი დანახვისთანავე რომ შეგვიყვარდა და მივიღეთ, ერთმანეთს რომ ვუწამლეთ და ბედნიერი საათები რომ მაჩუქა მასთან თანამყოფობისა და ყველა დარდი რომ დამავიწყა და დანარჩენს მერე გიამბობთ მასზე... აი, რა მიყვარს სამყაროში, აი, რა ალამაზებს სამყაროს, რა ხმები მაოცებს და რა ბგერები... ჩვილები და მათი ღუღუნები. ამიყვანეთ ძიძად რაა და გადამრჩინეთ, გთხოვთ.



***

რა არის მთლიანობა?! რასთან შეიძლება იყო ერთი მთლიანი?! არ ვიცი, წელთა სიმრავლის ბრალია თუ უბრალოდ ფაქტის წინაშე დავდექი, არჩევანის სურვილს რომ მიათმაგებს, ვისთან მინდა რომ ვიყო ერთ მთლიანობაში?! ხოდა, ვირჩევ სამყაროს სულს, ვირჩევ იმ ძალას, ქარს რომ თავის ჭკუაზე აქარაშოტებს და ჭერმის ქალწულებრივ მორცხვ ყვავილებს ქარის ცივი ხელებით შეჯახებისას შემკრთალთ, ნაწვიმარ, სოველ მიწაზე ნება-ნება რომ დააფენს და მიმოფანტავს... მსხვილი წვეთები ზათქით, ხმაურით ეწვეთებიან, იშლებიან... დედამიწაც სავსე უბეს უშვერს ნეტარებით. სამოთხის სუნი დგება დედამიწაზე და უცნაური ჟინი გიპყრობს ერთ მთლიანობასთან ყოფნისა და ერთობისა. გაზაფხული ფეხმძიმე ქალივით წელგადრეკილი ნელა- ნელა ივსება, ჰაერი მწიფდება, მრავალფეროვანი ფერები ერთიმეორეში იღვრება, ცარიელი ბუდეები უცნაური მოლოდინით ელოდებიან კუდმაკრატელა მერცხლების მოფრენას... მზის ამოსვლისას ადრიანად გავცქერი ცისფერი ცის შემღვრეულ ნაჭერს, ზუსტად იმხელას, რასაც ჩემი ფანჯრის ოთხკუთხედი იტევს მოცულობით... ღამენათევი მთვარე ღამის ცას შერჩენია და ბავშვობისდროინდელი ფიქრი ისევ მაწუხებს, სული ვინ შეუბერა და ვინ ჩააქრო ასე გაჩახჩახებული რომ იყო-თქო. ამის გაფიქრებაზე ბებია მიდგება თვალწინ, ღამის ლამპას ცალი ხელით რომ მოუჩრდილავდა და იმ პატარა სიმრგვალეს სულს ჩაბერავდა... ერთი ამოიოხრებდა ლამპა და ბნელით შეიმოსებოდა ოთახის ჭერი. ახლა კი დილიდან ვცდილობ ჩემს თავთან მარტოდ მყოფი გარკვევას, ვისთან მინდა ყოფნა? ღრუბლების ქარავანი დამდგომია თავზე. ვუყურებ და თვალს ვერ ვწყვეტ... ისეთი ლამაზია სივრცე... ,,ცისა ფერს, ზღვისა ფერს“... მარტო მის საყურებლად და თაყვანსაცემად ღირდა-თქო სიცოცხლე, ვფიქრობ. გული ირჩევს ერთ მთლიანობას, უფალთან მყოფობას.
მდინარის პირას სველ ბალახებში პაწაწინა გომბეშო ყიყინებს... ისიც კი უფალს ადიდებს... დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა! რა საოცარ ხმებს გამოსცემს სამყარო, სიყვარულის ფერად შემოსილა გაზაფხული... სადაცაა იასამნებიც შეიმოსებიან და სულის სამანებს ფიქრაყოლილნი ამღერებულნი, ლექსებად გადმოსკდებიან კაცთა გულებიდან... პოეზიად იქცევა სამყარო, სამყარო კი პოეზიად... ღმერთია სიყვარული, ღმერთია ჩვენი გულების ერთი უკიდეგანო მთლიანობა!









***

როცა სიგიჟმაჟით მოფართქალე გაზაფხული შენს გულის კარს ანჯამებიდან შემოგლეჯს და აღარც ასაკი იცი, აღარც დრო, აღარც ტკივილი და დარდი... ითვლი თითებზე გაზაფხულებს და ისევ ელი უცნაური მოლოდინებით. ნაწვიმარი, ამღვრეული ფიქრთა დინებები სულის მჭვირვალობებში მოედინება მალიად...
სულს შემომჯდარი ნაზი პეპელა შენივე ცრემლითა და სიხარულით  მოხატული ფიქრებია, ასე რომ ელოდება წუთისოფლის ხავსიან ტოტზე მჯდარი უსასრულობის სილურჯეში შერწყმას... ნეტაი, შემეძლოს იმის აღწერა, რასაც ჩემი ცრემლნაჟური თვალები ხედავენ.
შეუძლებელია იმ აღტყინების გადმოცემა, რასაც ბავშვობიდან განვიცდი გაზაფხულის მოსვლისას.
შაშვი არ მტოვებს, ხის კენწეროდან მეჟღურტულება, ვგრძნობ, რას ჟღურტულებს  ყვითელნისკარტა მგოსანი. სიყვარულსა და სიცოცხლის ჰარმონიას გალობს, იმ პაწაწკინტელა ყელით.
საოცარია გაზაფხული, საოცრად იცის აგიჟმაჟება სულისა... გაფრენას ითხოვს მარადისობის ამოუცნობ სილაჟვარდეში. მისი სურნელება გეწევა იქითკენ გზას გაკვლევინებს უფალთან...
დილაობით, როცა სამსახურისკენ მოვეშურები, საქარე მინიდან გავყურებ გორებზე არბენილ თეთრკაბიან გოგოებს, ტყემლებსა და ჭერმებს.
ისინი ჩემი ბავშვობიდან გამოქცეული სიხარულები მგონია და გულით ვუღიმი, ვიხსენებ იმ დროს, დედაჩემის უბესთან თანამყოფობას. ხან კი გაზაფხული დედა მგონია, გავრბივარ მისკენ ხელებგაშლილი მისაგებებლად ისე, როგორც ბავშვობაში, რომ ამიტატოს... დედაშვილობის მძაფრი მონატრებით მობრუნებული სააქაოს, იმ სამყაროდან, იმ დროიდან, როცა ფერადი კაბით დაიარებოდა, იქამდის, სანამ თალხით შეიმოსებოდა.
არა! ვაითუ, ის სიყვარულია, მე რომ შემეყარა გოგოობისას... ოჰ, რარიგ მიყვარდა სუფთად და უმწიკვლოდ... ცაში ამიტაცა და მიწაზე ფეხი არ დამაკარებინა...
ვინ იცის... შევყურებ აყვავებულ ხეხილს და სული მიფრთხილებს სიხარულითა და შვებით...
არავინ იცის კიდევ თუ დახვდება მომდევნო გაზაფხულს, არავინ და მაინც მოუთმენლად ელის ჩემსავით.
ალბათ აპრილი ყველაზე ცნობილი მხატვარ-დიზაინერია სამყაროში, ვინც კი მინახავს... მისებურად ვერავინ მოსავს სამყაროს... ვერავინ.
ამიაპრილდა სული  და მიხარია ჩითშემოსილი გაზაფხულის კიდევ შემოსვლა ჩემი სულის სავანეში.
გილოცავთ პირველ აპრილს, ჩემო გულისმიერო მეგობრებო! სულ გეგაზაფხულებოდეთ, სულ გეაპრილებოდეთ სულში!

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge