გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი კუჭუხიძე - ლექსები

ქალაქში ფეხით

ტრუტუარი ჰგავს დამსკდარ ტუჩებს.
და შემაწუხებს მაშინ ყველა ფიქრი და მზერა,
რომელიც ისე მიქრის და მსერავს,
როგორც ხალხი ამ ქუჩებს.
საღამო დადგა, ასიგნალდნენ გზად მანქანები,
სანამ ჩიტები მოდარაჯე დედებივით კაბელზე სხედან,
საცობში თითქოს შეეზარდნენ
და მანქანების და მანქანების (ბევრჯერ)
რკინის ხერხემალს ვხედავ.
რეკონსტრუქცია, ჩემი ქალაქის,
უმისამართო, ვით გონებაში დედა
სიჩუმეს მტვრის სუდარას ხვევდა,
და კადრი მდევდა
ნაგავი რომ შიოდათ ძაღლებს.
ორანჟისფერი ბრიგადა ნელა,
ქალაქის რკინის არღვევდა ძარღვებს.
არ გეღვიძება... შენი ძილი არის ხანგრძლივი
და შენს სიზმრებშიც
თუ თესავენ ახალ კორპუსებს
სხვა შენობების ჩრდილში ღვარძლივით.
მყრალ სიბნელეში
ნაკლს რომ ფარავს იმ ქალივით
დიოდა მტკვარი
აკაციის სუნით დამტკბარი.
მე მხრებზე ვიგრძნობ, ჩუმად როგორ მითვალთვალებენ
აივნებიდან გადმოხრილები,
ინტერესით და ცივი სახით,
უკმაყოფილო გარგოილები
და ზედაპირზე უფერობით გამონაფიტი
მითიურ მხეცის ამყრალებულ ფაშვშვი ვეშვები
და ფრესკებივით იდგა გრაფიტი მიწისქვეშეთში.
რა მიყვარს შენში?
ვიცი, შენში ჩემი დევები
არასდროს რომ მიმატოვებენ
და სულ რომ ყველამ დაგტოვოს მაინც,
ვით ძველი ბუდე ჭიანჭველებმა,
მე აქ ვიქნები, როგორც ცოდვისმჭამელი შენი,
აქ, შენს ცხედართან,
დამნახავი ამ ყველა ლაქის.
და ჩემი ლექსი - აუტოპსია ჩემი ქალაქის...




***
თითქოს კიდურებს შეისხამს ფიქრი...  
წყვდიადში მზარდი,
შეუხედავი და უმწეო ემბრიონივით
და როდის გაჩნდა არ ვიცი ბზარი
(მართლა), არ ვიცი.
ყოველდღე მე მათ ვუყურებ, ვუსმენ,
ვუყურებ, ვუსმენ, ვუყურებ, ვუსმენ.
საუბრებია უსასრულოდ ერთფეროვანი
ბილიკებივით, თითქოს სახლში ასტერიონის.
მასათა ღელვა, შფოთი და შიში,
იმით, რასაც ხედავს და ვერ გრძნობს,
დრო კი გაშეშდა, გაირინდა თითქოს ჰაშიშით.
ხალხის სხეული ჩემს თვალწინ კი სკდება ჭუპრივით
და შობს ქუჩებში გამეფებულ სიცარიელეს,
რომელსაც ახლა თვალს არიდებენ და მაინც ჩუმად აკვირდებიან
და წელს ხეები გაზაფხულზე, მეძავებივით გზის პირას მდგარი, მარტოდმარტო,        
აკვირტდებიან. საკნებად ქცეულ სახლებში კი გაფუვდა ფიქრი
აუტანელი, საზარელი, გამხლეჩი თვალის
და სიმარტოვეს გაურბიან ისე, ვით სარკეს
სიბერეშემოპარებული ამაყი ქალი.
ქუჩაში ახლა იღვენთება ნარჩენი წვიმის,
ნელა და მძიმედ, ისე, როგორც სანთლიდან ცვილი...
გვამების ბოლო სამყოფელი მაცივარივით
ცარიელია ახლა ჩემი ქუჩა და ცივი.
კრემატორივით მე ვარ სავსე ნამწვავი ფიქრით,
სნეული ფიქრით და ვაწვდენდი ცეცხლის ენებს ჭერს
და გაზაფხულზე მე და ღმერთი ვამარცხებთ სიკვდილს - მერამდენეჯერ.















***
გათენებამდე მდარაჯობს ისევ
ერთგული ძაღლი, - ღამეა თავად
უძილობით და ხვნეშით გამძღარი,
თვალის უპეებს მილოკავს შავად.
მე მენატრება ნახვა სიზმრების
და მხოლოდ ღამე ვერ მანუგეშებს,
რადგან ფერებით არ სველდებიან
ნაკვერჩხალები თვალის ბუდეში.
თებერვალია ძალიან მკაცრი
და ჩემს სიცივეს ზედმეტად თვლიდა
ჭერზე ნაჟონი წყალის და ჟანგის
მკრთალი ღრუბლებით ოთახში წვიმდა.
ავდექი ფეხზე და ეს სიჩუმე
დაიმსხვრა მყიფე, ვით ჩონჩხის ქალა
და ჰგავდა ახლა ჩემი საწოლი
მკვდრეთით აღმდგარის არეულ საფლავს.
თენდება, ქუჩა წყნარია ისე,
თითქოს არასდროს არ ასვენებდნენ
კრთებოდა ბნელი ჩემს თვალწინ ზანტად
და ღამეს ხელით მიასვენებდნენ.
სინთალემშიერ სახლებმაც უკვე
ფანჯრები, როგორც ხახა დააღეს.
ცა ცხედარივით მალე გალურჯდა
და წითელი მზე ზედ დაადაღეს.
გამარჯვებულის ხმა აქ არ აღწევს
არ ისმის, როგორ ყივის მამალი
ქოფაკი ღამე მოვა და ისევ
დღე, ვერ გაიგებ, როგორ დამალეს.




***
დღეს ჩემს თვალებში იგრძნობენ ფიქრებს,
რომ ყველა სიტყვა გასკდეს ნაღმივით,
სიცოცხლით სავსე ქალაქში დამაქვს
მე მარტოობა იარაღივით.
მიცვალებული ქაღალდის ფერი,
ვიდრე სიტყვების დავიწყებ ხოცვას,
ოთახში თითქოს არ გისმენს ღმერთი,
ისე ხმამაღალა კითხულობ ლოცვას.
დრო ისე ქრება, არც ველოდები;
შეხედე მზერას, ჩემს, ჯვარზე ვნებულს
მეძავებს ჰგავდნენ ჩემი სიტყვები
უსიყვარულოდ გამოყენებულს.
ღამის ნაფაზებს აეკრათ გემო
ვერახდენილი ყველა სურვილის
ოთახში დადგა ჰაერი მძიმე
ქალის ცალმხრივი სიყვარულივით.
ხმაურიანი ჩემი მუზების
სიჩუმე ჰგავდა იუდას ამბორს.
ჩემში სიმშვიდემ მოიკლა თავი
და მე ფურცლებზე დავიწყებ ამბოხს,
უნდა დაემხოს დიქტატი სიტყვის,
თავისუფლება მიეცეს ვნებას  
და მარტოობა - ბებიაქალი
ესწრება, როგორ ვშობ უკვდავებას.




***
ზღვას უნებურად ავუწყობ სუნთქვას, უკიდეგანო - თვალებში სივრცე
თან სიცხე სხეულს გაზანტავს ისე, თითქოს მზე ვიცხე
და ვნებიანი საყვარელივით ყოველ წამს მლაშედ დალოშნის ნაპირს...
ისევ შიშინით შრება ფეხებთან თეთრი და მრავალთვალება ქაფი.
იმეორებდა ცა ზღვის ხასიათს, ზღვა ცის ხასიათს, ტყუპისცალივით
შორს მის სიღრმეში ეკვროდა ტალღებს, გამოქცეული მზე კუნძულივით
ახლა ჩემს უკან, მზის ქვეშ, ნაპირზე, მე ვხედავ დაყრილ სხეულებს სხვისას,
თითქოს ზღვას ერთად შესწირეს თავი, მსხვერპლად, მასობრივ თვითმკვლელობისას.

***
მზე დაჩეხილი ღრიჭოებისგან საწოლზე ეწყო,
გეწებებოდა კოცნასავით ზეწარი ტანზე,
იბერებოდა ნიავისას, როგორც წყლულები.
ჩემი თვალები აგაცოცდნენ მხარზე მწერივით
და იქ თბებოდნენ, მქრქალი თმებით დაკბილულები.
გამოიღვიძე, ხელით წვდები შორით ზედატანს,
როგორც ჩრდილები ფეხისწვერზე დგანან დაისზე
და შენი მკერდი მწიფე, ქნილი, იდგა ლამაზად,
ლამაზად, ვით გაზმორებისას ავაზა, ისე
მიჰყვება ახლა ეგ სხეული დინებას ვნების,
დინებას ვნების, ვით ოფელია
სარკის ნამსხვრევებს ჰგავდა ტუჩს ზემოთ,
შუბლზე, ლოყებზე დაყრილი ოფლი.
მაგიდა თითქოს დაფარულა ფართო ხალებით,
თუ მოსაკლავად დევს, მხურვალების ფორთოხალები.








***
ოკეანის ხმას დაგდებული, როგორც ნიჟარა
ისე ინახავს ჩემს ყველა ფიქრს, ხმა, სულ რომ მერჩის,  
სიმართლესავით მარტივი და მოუქნელია
და მკაცრი, როგორც უნაყოფო მიწების ღმერთი.
მე მაინც, რჩევას კურკასავით გადმოვაფურთხებ
და იმ წამს ვიცი, ამერევა გული ყველაზე.
მე, მკვდრადშობილი ემოცია, ენაზე მედგა
და ირწეოდა, როგორც გვამი სახრჩობელაზე.
ღამდება უცებ, გაქცეულ დროს დასდევდა სევდა
მოულოდნელად შეწყვეტილი თამაშის გამო,
გველის ცივ სხეულს, როგორც გადაყლაპული მსხვერპლი,
ისე მეტყობა მე ფიქრები აშკარად, კარგო.
ვერ გამხელილი, არ დაცლილი, სათქმელი შენთვის
თვალებში მყავდა მხეცებივით გამომწყვდეული.
შენს გამხდარ თითებს დაეჭირათ ლექსები ისე,
თითქოს ნეკნებში მოქცეულა მფეთქავი გული
და ვიგონებდი, ნაჩუქარი იასამნები
სამსხვერპლოსავით წმინდა ხელზე როგორ გეწვინა.
ფიქრებს სხეულზე ანაფორა შემოეხვია.
მე არ ვიყავი,
მე ვიცდიდი,
მე არ მეძინა!..
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge