გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სანდრა სისნეროსი - ორი მოთხრობა (თარგმანი - თამარ ჩიხლაძე)

ცნობილი თანამედროვე ამერიკელი მწერალი და პოეტი. ეს ორი მცირე მოთხრობა აღებულია მისი ბესტსელერიდან ,,სახლი მანგოს ქუჩაზე“ ინგლისურიდან.

თარგმანი - თამარ ჩიხლაძისა.





მარინი (Marin)


მარინის მეგობარი ბიჭი პუერტო რიკოშია. მარინი მის წერილებს გვაჩვენებს ხოლმე და და პირობას გვართმევს, არავის ვუთხრათ იმის შესახებ, რომ როგორც კი მარინი პუერტო რიკოში დაბრუნდება, ისინი მაშინვე დაქორწინდებიან. ის ამბობს, რომ მის ბიჭს ჯერ სამუშაო არ აქვს, მაგრამ თავად მარინი აგროვებს ფულს ეივონის კოსმეტიკის გაყიდვებიდან, ასევე, ბიძაშვილების მოვლით აღებული გასამრჯელოდან.
მარინი ამბობს, რომ თუ ის მომავალ წელსაც აქ დარჩება, ნამდვილ სამუშაოს იშოვნის ქალაქის ცენტრში. სწორედ იქ მოიპოვება ნამდვილი სამუშაოები, ჰოდა, თუ მშვენივრად გამოიყურები და კარგადაც გაცვია, შეგიძლია, მეტროში შეხვდე ვინმეს, რომელიც, შეიძლება, დაქორწინდეს შენზე და შორს, დიდ სახლში გადაგიყვანოს საცხოვრებლად.
მაგრამ მომავალ წელს, ლუის მშობლები უპირებენ მარინს, უკან დააბრუნონ დედამისთან და თან წერილს ატანენ, რომ ის ბევრ სახლაფორთო საქმეს უქმნით. ეს კი, ძალიან ცუდია, ვინაიდან მე მომწონს მარინი. ის უფროსია და ბევრი რამ გაეგება. ეს მან გვითხრა ბეიბის დის, დევის დაფეხმძიმების ამბავი, მან გვასწავლა, რომელია საუკეთესო საცხი ტუჩის ზედა ღინღლის მოსაცილებლად. ასევე, ის, რომ თუ დავითვლით თეთრ ლაქებს ფრჩხილებზე, გვეცოდინება, რამდენი ბიჭი ფიქრობს ჩვენზე და კიდევ ბევრი რამ, რასაც ახლა ვერ ვიხსენებ.
ჩვენ მარინს ვეღარ ვხედავთ ხოლმე მას მერე, რაც მისი ბიცოლა სამსახურიდან ბრუნდება. ამის შემდეგ, მას სახლის ზღურბლის გადმობიჯება აღარ შეუძლია. ყოველ ღამე რადიოს უსმენს. როდესაც ბიცოლამისის ოთახში შუქი ქრება, მარინი სიგარეტს უკიდებს. ის ამას მაშინაც აკეთებს, როცა გარეთ ცივა, ან რადიო არ მუშაობს, ან კიდევ, ერთმანეთისთვის არაფერი გვაქვს სათქმელი. ეს მნიშვნელოვანია ბიჭებისთვის, რათა შეგვამჩნიონ, ამბობს მარინი, და ჩვენც ვხედავდეთ მათ. ჰოდა, რადგან მარინის ქვედაბოლოები უფრო მოკლეა, ვიდრე ჩვენი და მისი თვალებიც უფრო მშვენიერი, თანაც, მარინი ჩვენზე დიდიცაა ბევრი გაგებით, ბიჭები, ჩავლისას, მართლაც ჩერდებიან მისი ფანჯრის წინ და სულელურ რაღაცეებს ეუბნებიან, მაგალითად, შეყვარებული ვარ იმ ორ მწვანე ვაშლზე, რომლებსაც შენ თვალებს ეძახი, ჰოდა, რატომ არ გინდა მაჩუქო ისინი? მარინი კი, უბრალოდ უცქერს მათ და არ ეშინია.
მარინი ახლა შორს, სადღაც ქუჩის განათების ფონზე თავისთვის მარტო ცეკვავს და ერთსა და იმავე სიმღერას ღიღინებს. ვიცი, მანქანის გაჩერებას უცდის, ვარსკვლავის ჩამოვარდნას ელოდება, ვიღაცას ელის, ვინც მის ცხოვრებას შეცვლის.



ბრინჯის სენდვიჩი (A Rice Sandwich)

განსაკუთრებულ ბავშვებს, მათ, ვისაც ყელზე გასაღები ეკიდათ,  სკოლის სასადილოში შეეძლოთ ჭამა. სასადილო! სახელიც კი მნიშვნელოვნად ჟღერდა. ჰოდა, ეს ბავშვები ლანჩის დროს იქ მიდიოდნენ, რადგან ან მათი დედები არ იყვნენ სახლში, ან სახლები ჰქონდათ ძალიან შორს.
ჩემი სახლი შორს არ იყო, თუმცა არც ახლოს. ერთხელ, რატომღაც თავში აზრად მომივიდა, დედისთვის მეთხოვა, ჩემთვის ბრინჯის სენდვიჩი გაეკეთებინა და დირექტორისთვის წერილი მიეწერა იმის სათხოვნელად, რომ ჩემთვისაც მოეცათ სასადილოში ჭამის ნება.
ოჰ, არა! მითხრა და კარაქიანი დანა ჩემკენ გამოიშვირა, თითქოს რამის დაშავებას ვაპირებდი. არა, ბატონო. მერე, იცი, რომ ყველას მოუნდება ასეთი საუზმე? - და მთელი ღამე უნდა გავათენო პურის სამკუთხედებად ჭრაში? ერთს მაიონეზი წაუსვი, მეორეს მდოგვი, ჩემსას კიტრის მწნილი არ უნდა, მხოლოდ ერთ მხარეს ესვას მდოგვი, გთხოვ,რა! თქვენ, ბავშვებს, მარტო ის გინდათ, მეტი საწვალებელი გამიჩინოთ.
მაგრამ ნენი ხომ ამბობს, რომ მას არ უნდა სკოლაში ჭამა. სურვილი აქვს, სახლში გაყვეს თავის საუკეთესო მეგობარ გლორიას, რომელიც სკოლის ეზოს გადასწვრივ ცხოვრობს. გლორიას დედას დიდი ფერადი ტელევიზორი აქვს და თან მულტფილმებს უყურებენ ხოლმე. კიკის და კარლოსს, იმის გამო, რომ სულ პატრულობანას თამაშობენ, ასევე არ სურთ სკოლაში ჭამა. გარეთ, სიცივეში დგომა უყვართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა წვიმს. მას მერე, რაც ფილმი 300 სპარტანელი ნახეს, ჰგონიათ, რომ ტანჯვა სასარგებლოა.
მე სპარტანელი არ ვარ, ამას ჩემი ფერდაკარგული მაჯები ამტკიცებს. ბუშტსაც ვერ ვბერავ ისე, თავბრუ რომ არ დამეხვას, და მაინც, ვიცი, თავად როგორ გავიკეთო  სენდვიჩი. სკოლაში თუ ვჭამ, სახლში ნაკლები ჭურჭელი იქნება გასარეცხი. შენ, რაც შეიძლება, ნაკლებად მნახავ და უფრო შეგიყვარდები. ყოველ დღე, შუადღით, ჩემი სკამი ცარიელი იქნება. სადაა ჩემი საყვარელი გოგონა, ტირილით იტყვი და ბოლოს, როცა სამ საათზე სახლში მოვალ, უფრო დამაფასებ.
კარგი, კარგი, თქვა დედამ სამი დღის შემდეგ. მომდევნო დილას, სკოლაში წავიღე დედაჩემის წერილი და ბრინჯის სენდვიჩი, რადგან ხორცი არ გვქონდა.
ორშაბათი და პარასკევი დღეები ყოველთვის ნელა გადის და ეს დღე ხომ განსაკუთრებით გაიწელა. როგორც იქნა, ლანჩის დრო დადგა და მეც ჩავდექი სკოლაში დამრჩენ ბავშვთა რიგში. ყველაფერი კარგად იყო, სანამ მონაზონმა, ვინც კარგად იცნობდა სასადილოს ყველა ბავშვს, შემომხედა და მითხრა, შენ აქ ვინ გამოგგზავნა? სიმორცხვის გამო ჯერ ხმა ვერ ამოვიღე, მხოლოდ წერილიანი ხელი ავწიე მაღლა. ეს არაფერს ნიშნავს, თქვა მან,  სანამ უფროსი და თანხმობას არ განაცხადებს. ადი ზედა სართულზე და ნახე იგი. ჰოდა მეც ავედი.
უნდა მომეცადა, სანამ ჩემ წინ მდგარ ორ ბავშვს გამოიძახებდნენ. ერთს იმიტომ, რომ კლასში რაღაც ჩაედინა, მეორეს კი იმისთვის, რომ არაფერი გააკეთა. ჩემი რიგი მოვიდა და მეც გავჩერდი დიდი მერხის წინ, რომელზეც წმინდანების გამოსახულებები ეწყო, ზემოდან კი, მინა ეფარა. ამასობაში უფროსმა დამ ჩემი წერილი წაიკითხა. იქ ეწერა:
პატივცემულო უფროსო დაო,
გთხოვთ, ესპერანსას დართოთ ნება, სასადილო ოთახში ჭამოს, რადგან ის ძალიან შორს ცხოვრობს და სახლში დაღლილი მოდის. როგორც ხედავთ, ის ძალიან გამხდარია. იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით, გული არ წაუვა.
მადლობას გიხდით, მისის ე. კორდერო
შენ შორს არ ცხოვრობ, მითხრა უფროსმა დამ, ბულვარის იქით ცხოვრობ. მანამდე სულ ოთხი შენობაა, არც კი, სამი, ალბათ, სამი გრძელი კორპუსია აქედან. სანაძლეოს დავდებ, ჩემი ფანჯრიდან შენი სახლი ჩანს. აბა, რომელია? მოდი აქ, რომელია შენი სახლი?
მან  წიგნების ყუთზე შემაყენა და ხელი გაიშვირა: ისაა? თქვა მან და საშინელი შესახედაობის სამი კორპუსის რიგზე მიმითითა. ერთი ისეთი იყო, მათხოვრებსაც შერცხვებოდათ იქ შესვლისა. დიახ, დავუქნიე თავი, თუმცა, ვიცოდი, ის ჩემი სახლი არ იყო და ტირილი დავიწყე. ყოველთვის ვტიროდი, როცა მონაზვნები მიყვიროდნენ, თუნდაც არ ეყვირათ, მაინც.
მერე მან მომიბოდიშა და მითხრა, რომ შემეძლო დარჩენა - მხოლოდ დღეს, არა ხვალ და ზეგ - სხვა დროს სახლში წავიდოდი ხოლმე. ჰოდა, მეც ვუთხარი, დიახ, და, თუ შეიძლება, გეთაყვა, ცხვირსახოცი მომეცით, ცხვირი მინდა მოვიწმინდო.
სასადილოში, რომელიც არაფრით იყო განსაკუთრებული, ბევრი ბიჭი და გოგო მიყურებდა, როგორ ვტიროდი და თან ჩემს სენდვიჩს ვჭამდი. პური სულ გაცხიმიანებულიყო, ბრინჯი კი, გაციებულიყო.
скачать dle 12.1