ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ნინო უძილაური - ლექსები
ბალადა
(ნამდვილი ამბავი)
სიტყვა გავარდა მეხივით,
ძმამ ძმა დაკარგა ხევსაო,
საძებრად მარტო წავიდა,
ფიქრს არ წაეღო ბევრსაო.
მთა-მთა და ხევ-ხევ იარა,
მუხლჩაუხრელმა გზებსაო,
ბოლოს მიაგნო ალაგსა,
სადაც მისი ძმა წევსაო.
სიკვდილით გამწარებულმა,
შეჰბღავლა: ვაჰ, ჩემ ბედსაო,
ნადირთ საჯიჯგნად დაგდებულს,
ვერ გავიმეტებ მტერსაო.
ბეჩავო, ბედმა გაგწირა,
სიკვდილ გვაშორებს ძმებსაო...
მკლავი მოჰხვია, ჩაიკრა,
თან უკოცნიდა მხრებსაო,
რომ ვერ აზიდა ვაჟკაცი,
პირქვე დაემხო ხევსაო,
ატირდა დედაკაცივით,
როგორ დავჩეხავ ძვლებსაო.
ბინდი ჩამოწვა ხეობას,
ნისლი ფარავდა მთებსაო,
მაინც მოჰქონდა ცხედარი,
ძმის სისხლი ბანდა მხრებსაო.
დაჭრილს და დანაკუწებულს,
თან ავედრებდა ღმერთსაო,
სიკვდილთან თანაზიარი
ფიქრობდა მხოლოდ ერთსაო -
ასეთსა ჭირისუფლობას
მტერს არ ვუსურვებ ჩემსაო.
ახლაც იგივე
ახლაც იგივე - იბომბება სულის სავანე,
აწვიმს ტყვიები უკრაინას მტარვალის ხელით.
ეს მერამდენე ნადავლია...
ღმერთო, მაღალო,
მძლავრობს სატანა,
მეც შენს შვილებს ვერაფრით ვშველი.
ქალი და ბავშვი,
მოხუცი, თუ აკვანში ჩვილი,
რიგში ჩამდგარნი სასიკვდილო გზაზე მიდიან,
ისევ დალიეს უმანკოთა სისხლი დევებმა,
აღარც კაცის და აღარც ღმერთის აღარ იციან...
ჯოჯოხეთი დუღს სააქაოს, მტარვალის ხელით,
საიქიოში ჯოჯოხეთი მათაც მოელით.
ფიქრთა ნაპირი
ამოიგმინა გულიდან სევდამ,
გადმოიარა ფიქრთა ნაპირი,
შენი სახება ძილშიაც მდევდა,
სადაც გრძნობებად გამინაპირდი.
ქარვისფერია ეს შემოდგომა,
შესუსტდა მზე და დნება სხივები,
ალბათ მომიწევს ქარაფთან დგომა,
სადაც ოცნების ვკრიფე მძივები.
არ მინდა ვიყო ჭირისუფალი,
ცრემლი მდიოდეს დაშანთულ გულზე,
ნუგეშად ჩემში სახლობს უფალი
და მისი ძალით მომავალს ვუმზერ.
ახლა ხომ ხვდები
რატომ დავკარგე სილაღე თვალთა?
გიკვირს ღაწვებზე ცრემლი რატომ მდის?
დარდმა, ვარამმა გამტანჯა და თან,
აღარც ალერსი მოაქვს ნიავს მთის.
ვეღარ მაპურებს მზერა თავთავთა,
ვეღარც სურნელი მათრობს ვარდების,
დავრჩი ეული საკუთარ თავთან,
ებრძვის მომავალს აწმყო დარდების.
შენგან ნასროლი ისარი დღესაც,
ჭრილობად მეწვის და შარი-შური,
შენგან ნაბოძებს ფიქრებს მახსენებს
და ამ ფიქრებსაც დაეტყოთ შური.
ახლა ხომ ხვდები, რატომ ვარ მარტო,
რატომ დავკარგე სილაღე თვალთა,
რა ვქნა თუ ისევ მხოლოდ შენ გნატრობ,
გთხოვ, მიმაცილე სამარის კართან.
მაჩუქე
მაჩუქე ერთი ღიმილი,
ერთი ალერსი მაჩუქე,
უკიდეგანო ჩივილი
სულ არ უხდება მაგ ტუჩებს.
აღარც დრო ითმენს სასტიკი,
საწუთროც დაპატარავდა,
თუ ჩემი კოცნა მოგინდა,
მე მოგაკითხავ თავადა.
მასკარადი
მასკარადია, სცენა ვეღარ იტევს კაცუნებს...
ამ შემზარავი ხმების ფონზე იწვის აზრი და
ცეცხლში ძველი ფარსი ტკაცუნებს...
ეგებ მოითბოს ხელისგული მავანთ-მავანმა,
რადგან სთავაზობს მსახიობებს ცოდვის საცდურებს...
და ეს უნიჭო მასკარადიც ილევა დროში,
ალბათ მარტო დგას რეჟისორი, უტარო დროშით...
მსახიობებს კი, არ უყრიათ ჯიბეში გროში...
კუდის ქიცინით მასკარადი რატომ სურთ მავანთ,
გადაზარდონ უაზრო ომში?!
ძნელია
ძნელია როცა ნასუფრალზე მოხვდება კაცი
და იქ სხვისია ხელსახოცი დასვრილი ტუჩით,
როცა თხა ჯდება სუფრის თავში და როგორც ვაცი,
უცოდინრობით გიმხედრდება და ხდება ურჩი.
ძნელია როცა უწიგნური გზომავს საკვებით,
ან...და მდიდრული სამოსელი ჰგონია მეტრი...
სწორედ ასეთებს სავალ გზაზე როცა შეხვდებით,
ერთხელ აჩუქეთ გამარჯობა... სხვა არც რა მეტი.
ძნელზე ძნელია სამზეურზე გამოტანილი,
უსახურ ფიქრთა მოხაზული ქება-დიდება,
უამურ თვალით დანახული ბეწვი სხვის თვალში,
მხოლოდ და მხოლოდ უგუნურთა გულმა ინება.
უცხო მიწაზე
ასე მგონია იქ ვდგავარ სადაც,
ჩემი რწმენის და სულის კარია,
უფალი ზეცით მიხმობს გალობად
გულსაც ამიტომ გაუხარია.
ციდან სიცოცხლის დაეცა სხივი,
უცხო მიწაზე დღეს სხვა დარია,
ქართული სული, ქართული გენი,
მარადიული და უკვდავია.
გავთავისუფლდი
გავთავისუფლდი,
დარდი უკან შემოგაყარე,
დავცილდი ლოდინს,
მონად ქცეულ შენ აზროვნებას...
მჯერა, ღვთის ნებით უკეთესი დადგება ხვალე
და აფეთქებულ სამყაროსთან გავშლი ამ ვნებას.
შემომაჩერდი საუკუნის ნაფლეთი მზერით,
ვერ აიტანე სილამაზე ვარდების ბაღის,
ვერც სიომ მთისამ ვერ მოგხიბლა ჯადოსნურ ბგერით,
დარჩი წარსულში შეცდომებით...
და შენთან არ ღირს...
დატყვევებული მზის სხივები ვითვალოთ ერთად,
ცისფერ ალიონს ცრემლიანი უმზერდეს თვალი,
გავთავისუფლდი...
დღეს იმედი დაბრუნდა ღმერთად
და შენ სიყვარულს დავუტოვე უვადოვალი.
ზეცის ხმას ველი
ისევ დავთრგუნე ჩემში ლანდად ქცეული ბავშვი,
დოგმა-ჩარჩოთი შემოვფარგლე წრფელი ოცნება,
თავისუფლება დავატყვევე...
დავმალე თავში
და დავატარებ მონადქცეულ დროის მოცდენას.
რა სისულელე მიფიქრია, როცა ვიცავდი,
მიწადქცეულ და სხვის წისქვილზე მობნეულ მარცვალს...
მთის მწვერვალებზე ბილიკ-ბილიკ ახლა ვინც ადის,
სამადლობელი ბედ-იღბალთან მან თქვას ჩემს ნაცვლად.
რადგან დავთრგუნე სულში მყოფი ბავშვობა წრფელი,
ჩემი უფალი მელოდება...ზე - ცის ხმას ველი.
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა