გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სანდრო ბერიძე - ლექსები



მაი სფეისში

ამ გვირაბს იქით,
ვირტუალური დროისა და სივრცის ქვეყანაში,
სადაც ცხოვრება გარუტინულდა,
ერთმანეთს ისე შეეზარდნენ და დაემსგავსნენ
რეალობა და ირეალობა,
როგორც თანაბრად გაკრეჭილი ჩაის ბუჩქები,
როგორც შავ-თეთრი მარმელადები.
აქ,რახანია,
სიკვდილთან ერთად,
გაკოტრებული დადის სიცოცხლე,
ყველაფერია ჩვეულებრივი, არაფერია გასაოცარი,
დღისით და ღამით,
ღამით და დღისით,
მახვილ თვალსა და მარჯვე ხელს შუა,
აღმოჩენილის აღმოჩენას ჰქვია ახალი.
ამ გვირაბს იქით,
ვირტუალური დროისა და სივრცის ქვეყანაში,
შენს შემდეგ ყველა და ყველაფერი
შენდარია და შენეულია,
გარდა ერთისა,
როცა სიკვდილმა,
დღედალეული შემოგდომის ბოლო საღამოს,
ვირტუალური ზღვის ბალიშზე თავმიდებული,
რომ იძინებდა მშვიდად ქვეყანა,
თავისუფალი ლექსების უნომრო ავტომანქანამ,
რომლის საჭესაც ძლივს მართავდა
უიტმენის და ტცარას ლექსებით მთვრალი ვერ-ლიბრი,
რაინერ მარია რილკეს პროსპექტზე,
შემთხვევით მოკლა პოეტი ფლე-ში,
არქაული და ხორკლიანი ლირიკის გმირი,
უკვე (პოემა – პატრულის ცნობით),
მოკლული მკვდარი,
გადაასვენეს,
(თეთრი ლექსის კატაფალკათი),
ტრიოლეტების პრესტიჟულ მორგში,
ხოლო იქიდან (ისევ პოემა-პატრულის ცნობით),
როგორც მოდიდან გამოსულ პოეტს,
მიასვენებენ და დაკრძალავენ
სონეტების და ერზაცრითმის სასაფლაოზე.
ამ გვირაბს იქით,
ვირტუალური დროისა და სივრცის ქვეყანაში,
აღარაფერი აღარ დარჩა საინტერესო.
უბედური და უწყალ-საწყალი,
ისე წავიდა
ამ სოფლიდან და გადაეგო,
რომ საღმერთებელ სიყვარულისგან
მთელი ცხოვრება ვისიც იყო ანტივირუსი,
ცრემლი კი არა,
ნეკროლოგიც კი არ ეღირსა.
არადა,
მუდამ,
როგორც ბავშვი და მიამიტი,
აღფრთოვანებულ დუმილს უთვლიდა
პაუზის კიბით ცისკენ წასულ სიურეალიზმს.


სიკვდილ-სიცოცხლისა

მიყვარს სიცოცხლე... თავი ვანდე მას,
გულიც ამ ტკბილ შხამს მიტომ ეწამა,
რომ ქრონიკული ლექსის ანთებას,
გული და ფილტვი გამოეჭამა.
მიყვარს სიკვდილი... ცხადი და მითი,
არის არსად და ყველგან ის არი.
თან ნაცადი და თან მიამიტი,
თან მშიშარა და თან უშიშარი.
მიყვარს სიცოცხლე (არ ვამბობ მკრეხელს),
ასე ცხოვრების ბალზე თუ ხდება,
სოცოცხლის ღიმილს და მაღალ ფეხებს,
სიკვდილის მინი-კაბა უხდება.
მიყვარს სიკვდილი... ვაი და უი...
თეთრი რვეულის შავი ფურცელი.
მიყვარს სიკვდილი... ტყუის თუ ვტყუი,
ერთმანეთისთვის ვრჩებით უცვლელი.
მიყვარს სიცოცხლე... ჯვარცმა და ჯვარი,
მისი ტირილის სიმღერა მიყვარს.
რეპრესირებულ სურვილთა ჯარი,
საბელწაბმული ცხვრებივით მიმყავს.
მიყვარს სიკვდილი... ღმერთის შედევრი,
მიყვარს სიცოცხლე... ღმერთის დიდება.
დღე-ღამეების ხშირი ტყე-ტევრი,
კვლავ იჩეხება და ითიბება.
მიყვარს სიკვდილი... რაც ჟამი გადის,
ჩრდილს მისას ვხედავ მხარდამხარ მავალს.
მიყვარს სიკვდილი... მე ამ გიგანტის,
ისევ CONTRA და ისევ PRO ძმა ვარ.
არყოფნა ყოფნის ზიარ ზარს რეკავს,
სიხარულს მაყრად სდევს დარდუბალი.
ცეკვავს სიცოცხლე, სიკვდილთან ცეკვავს,
როიალთან ზის თავად უფალი!


რეანიმაცია

პულსი - ნული, სუნთქვა - ნული, რიგით ცხრაში - ათი ხარ,
სამჯერ გაჭრილ-შეკერილი, ყასბის „სტოლზე“ აგდიხარ.
სიკვდილეთის დერეფნამდე არ უნდა დიდი ხანი,
ორ სივრცეს ჰყოფს სიფრიფანა ცელოფანის ტიხარი.
ბედისწერა ოხერია, უცებ ჯვარცმა იცის მან,
ტიხარს იქით სიკვდილია, ტიხარს აქეთ-მისი ძმა.
თან მკვდარი ხარ, თან ცოცხალი, სიმწრის ოფლი გაწურავს,
ნარკოტიკულს იჭერ კაიფს, წამლის ტბაში დაცურავ.
გულში - დანა, ფილტვში - წყალი, ჯიბეში კი - ჰაერი,
სიკვდილისთვის წკიპურტი ხარ, სიცოცხლისთვის - ფრაერი.
მოკვდესა და ცხონდეს შუა, რა უნდა დამედგინა,
მომიმატეთ თმენის მორფი, სული უფრო მეტკინა.
იბლანდება ბნელში ლანდი, ცხრაბაცდება ცა-ბაცი,
პალატამდე თხრობის გზაა, მორგამდეა - აბზაცი.
არყოფნისკენ მინელაობს ფიქრი დასაბამბავი,
შვიდ მილიარდს თუ დააკლდი... ეუფ... დიდი ამბავი.
გულში - დანა, ფილტვში - წყალი, ჯიბეში კი - ჰაერი,
სიკვდილისთვის წკიპურტი ხარ, სიცოცხლისთვის - ფრაერი.


ტრიოლეტი-1991

მიდის მიტინგი...
რუსის ბუკზე ბუქნავს აჭარა,
ჩია ემირი სუკის ხელით გვებრძვის პრეფექტებს.
ჩოლოქთან კარი იგმანება, 
ქაქუთს-ფანჯარა.
მიდის მიტინგი... რუსის ბუკზე ბუქნავს აჭარა.
ულაყთა რემა
პოლიტფარსმა გააკანჯარა,
ავტონომია იჭვით უმზერს ეროვნულ ტესტებს.
მიდის მიტინგი...
რუსის ბუკზე ბუქნავს აჭარა,
ჩია ემირი სუკის ხელით გვებრძვის პრეფექტებს.


პოემის თავფურცელი

და ადამს ისევ ის აბადია:
ცოტა - კეთილი და ბევრი - ცუდი.
ორი ათასი წელიწადია,
უბოროტებო სამყაროს ვუცდი.
ასტრალებს მოაქვთ მღვრიე აურა,
ზეცაში ყველა მღილი აცოცდა.
რა უსაშველოდ, რა უცნაურად,
რა უიმედოდ გაგრძელდა მოცდა.
თერმობირთვული მოგორავს ვაშლი
და ხვალიეთის მზეზე ირწევა, -
ადამის ნაცვლად - ადამის ასლი,
ევას მაგიერ - უსქესო ევა.
მორალი გაცვდა და გადაფასდა,
ფიქრს ისევ ცა აქვს დასაბამბავი.
გამომიძახე, ღმერთო, დაფასთან,
უნდა მოგიყვე მიწის ამბავი...
скачать dle 12.1