გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ქეთი დუღაშვილი - ლექსები



ხომ შეიძლება

ხომ შეიძლება ისე გიყვარდე,
ისე, უბრალოდ და უმიზეზოდ...
რომ დამსხვრეული სულის კედლები
ბროწეულებით ამომილესო.
ხომ შეიძლება ისე გიყვარდე,
ისე, უბრალოდ და უმიზეზოდ...
შემოიტანო ჩემში სინათლე,
შემოიყვანო ჩემში იესო.
2024.


ჩვენი ფიქრები

ზოგჯერ ისე ახლოა შენი სუნთქვა, ღმერთამანი,
იის სურნელს მაგონებს (თებერვალიც ახლოა)...
როცა ჩვენი ფიქრები ერთურთს გადაკვეთავენ,
მითხარი, რომ გჭირდები, მითხარი, რომ გახსოვარ!

როგორ გამოგიგონე, რანაირი ლანდი ხარ,
იის სუნთქვა, ლენცოფა, ლემაც ხარ და ჩემი მზეც.
რადგან ისევ ვმარტოობ და შენს სულზე დავდივარ,
არ გამიშვა ხელი და ერთი წამით შემიგრძენ!

აგერ, მოვა მარტიც და თებერვალიც ახლოა,
შენი მზერაც ქრება და მეც მივდივარ ლეთამდე,
მითხარი, რომ გჭირდები, მითხარი, რომ გახსოვარ,
როცა ჩვენი ფიქრები ერთურთს გადაკვეთავენ.
2024.



***
დაე, იყოს ასე, თოვდეს, როგორც უნდა,
როგორც შეშლილს ისე მიყურებდეს ყველა.
მხოლოდ შენ ერთს, შენ ერთს, მოგიშვებდი სულთან,
შეაკრთობდი უცებ, დაქანცულს და მღელვარს.

მიუყვანდი ღმერთს და ზამბახების სუნთქვას.
როგორც უნდათ ისე მიყურებდეს ხალხი,
დაე, იყოს ასე, თოვდეს, როგორც უნდა...
მე კი მინდა, რომ შენ მაცოცხლებდე დაღლილს...

რომ შენი ხმა გახდეს ჩემი სულის ექო;
შენ, უფეხო, უტყვო, პაწაწინა ლანდო.
მინდა ჩემი იყო, მინდა ჩემი გერქვას,
რომ დაღლილი სულის სიყვარული განდო!
2024.



***
სახლი, ხეები, ფიქრი სახლზე,
სახლი სახლია,
ობობას ქსელი, ბუდე ჩიტის,
ობი, გალია.
ვიღაც მამშვიდებს, თვალით ვზომავ
მიწას ახლიდან,
სახლებს ვაგროვებ ნაქირავებ ჩემი სახლიდან.
მზე თვალს მარიდებს, 
მე გულს ვმალავ
- ცივს და სისხლიანს.
ვუყურებ შვილებს, 
იცინიან,
მიწას ჩიჩქნიან.
მათ რა იციან, 
რომ ეს ორმო, 
- ესეც სახლია,
რომ ხე იზრდება იმ მიწიდან,
სადაც მარხია,
რომ ცად ასული ხეებისთვის მიწა სახლია!
რომ ღამღამობით უსაფლავო
მკვდრებიც ტირიან,
...და რაც დრო გადის, ვხვდები, ღმერთო, როგორ დავღლილვარ
და ჩემი ჭერი, ჩემი ბუდე რარიგ ცივია.
რომ ცრემლგამშრალი დედაჩემი (მათი ბებია),
დგას უხმოდ კართან, გამგებელის, როგორც ლაქია,
რომ გაღიმება მავიწყდება ეს დღეებია,
ყველას ჰგონია, რომ თითქოსდა წუწურაქი ვარ,
სახლი, ხეები, ფიქრი სახლზე,
სახლი სახლია,
ობობას ქსელი, ბუდე ჩიტის, ობი, გალია.



ღმერთო, მადლობა

(პასუხი საკუთარ თავს.)

შევნატრი მხოლოდ ცას ლაჟვარდოვანს,
უკიდეგანო ზღვას და მთის ხავერდს.
შენ დამანახე, ღმერთო, მადლობა,
ძირს დაცემულსაც როგორ მიყვარდეს.

მე გავექეცი ავდარს ომამდე
და დაცემულმაც ბევრი ვიარე...
შენ სათნოება ზეცით მომმადლე,
შენ უსალბუნე ჩემს ღრმა იარებს.

მე დავუტოვე სახლი ყვავ-ყორნებს,
ანუ მე შენი გზები ვარჩიე,
შენ ანგელოზი გამომაყოლე,
ხელი მომეცი, გადამარჩინე

და ახლა შენს ხელს როგორ არ ვენდო,
შენი მწამს მხოლოდ, შენი ბოლომდე, 
ღმერთო, მადლობა, მადლობა ღმერთო,
რომ ერთხელაც არ გამაბოროტე.



***
მიდიხარ, იმედს მიტოვებ ხურდად,
იყოს სანაცვლოდ, უსახურ ყოფის!
თუ ფრთაშესხმული გაფრინდეს უნდა,
ამ სილამაზის დანახვაც მყოფნის...

სასაცილოა, მზეს ველოდები!
მზეს არსაიდან მოსულს და ნიავს.
გულის ადგილას მიდევს ლოდები,
ასე დავდივარ დიდი ხანია.

შენ ისევ გჯერა, გამოიდარებს,
ბეცი ხარ, სად ჩანს, მზის სხივი, აბა?
ნეტავ, ერთხელაც, ამ ჩვენს პატარებს,
უსინათლონი როგორღა დავბანთ?!

როგორ გავიტანთ ამ ჯვარს იმ გზაზე,
სადაც ოცნების მყარი სახლი დგას.
მე ვერ ვიკარგე ყველას ჯინაზე,
ვერ დავიბადე მაინც ახლიდან.

ზამთრის ბოლოა მაინც და ბოლოს,
იქ, საიდანღაც, ფიფქებს ისვრიან.
შენ ეძალები ჭიქა ალკოჰოლს,
ისიც მარტო და ისიც ნისიად...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge