გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სოფია ქურასბედიანი - ლექსები



***
ილაჯგაწყვეტილი ღამის ილუზია,
სადღაც შორეული ფიცხი ქარიშხლები,
შენში ყოველივე ცა და ფირუზია,
ჩემში ლექსები და წიგნის სანიშნები.
თვალებს მიკოცნიდი, მახსოვს, გარინდებით,
მთვარე შენატროდა ფიქრის გაცილებას,
ქალაქს, მიძინებულს, თავსაც ვარიდებდით,
დილით ერთმანეთის სუნთქვა გვაცინებდა.
იცი? ფერი მიყვარს ჩვენი შეხვედრების,
ფართო ქუჩები და ვიწრო აივნები,
როცა გაღვიძებულს კართან მეგებები,
ფრთხილად მეხუტები,კარგო, და იმ ვნებით, 
გინდა, გიშრისფერი თმა რომ გამისწორო.
ილაჯგაწყვეტილი ღამის ილუზია,
სადღაც შორეული ფიცხი ქარიშხლები,
შენში ყოველივე ცა და ფირუზია,
ჩემში ლექსები და წიგნის სანიშნები.


***
ისევ შემოდგომის წვიმებია,
ცივა მატარებლის ვაგონებზე...
შენს ხმას, სადღაც, ოქროსსიმებიანს,
ვიცი, მეამბოხე ვეგონები.


ჩემში გადაკარგულ პერსონაჟებს
ფრთები ეკეცებათ სპირალებში,
ღამეს უძილობას შევთავაზებ,
ვიდრე ბოლი ნაბიჯს ვინანებდე.

ცა წევს ოქტომბრისფერ ნაკვერჩხლებში,
უცხო ტკივილამდე არ მისული,
ჩემი ისტორია დაკეცე და
ერთი სათხოვარი ამისრულე,

მხრებზე თბილი კოცნა დამაბნიე.
ძარღვი გაწყვეტილი გამიმრთელე,
იცი? ასე როდის დამაბნიე,
როცა ღამე თეთრად გამითენე.


ისევ შემოდგომის წვიმებია,
ცივა მატარებლის ვაგონებზე...
შენს ხმას, სადღაც, ოქროსსიმებიანს,
ვიცი, მეამბოხე ვეგონები.


***
ღამემ ჩააცვა გალაქტიკას თეთრი პერანგი,
განთიადისთვის ეს ყოველთვის ტლანქი ჟესტია.
გზად მიმავალი ცივ ფილტვებში შიშებს ვბერავდი
და მივაგენი ვიწრო ოთახს, სადღაც, ნესტიანს...

უხმოდ დაიძრნენ უფსკრულისკენ ეპიზოდები,
იქნებ ამაოდ გაისარჯნენ ჩემი ძარღვები.
შევწვდი მონოლოგს მწუხარებით, მოთქმა-გოდებით,
შეერთდნენ გზები უღმერთობის და ნიაღვრები.

საით წამიყვან, შევარდენო, რომ ჩავიძიროთ?
როგორ გავექცეთ ხაზს, რომელიც ზეცას მაერთებს...
მინდა დღენაკლულ სტრიქონებზე გამოვიძინო,
ან დავიკარგო აჩრდილებში იქნებ საერთოდ.

ღამემ ჩააცვა გალაქტიკას თეთრი პერანგი,
განთიადისთვის ეს ყოველთვის ტლანქი ჟესტია.
გზად მიმავალი ცივ ფილტვებში შიშებს ვბერავდი
და მივაგენი ვიწრო ოთახს, სადღაც, ნესტიანს...


***
ვარსკვლავებს გაუბამთ კორიდა,
ცა მორცხვად დასტირის ბწკარედებს,
გამოდის სამყარო კომიდან,
იწუნებს გრძედებს და განედებს.

სიგიჟე ძლიერთა სენია,
ან კიდევ, სუსტებმა რა იცით,
რომ ღამით ჩემეულ სერიალს
ბებერი ყულფიდან გავისვრი.

დაკეტეს სამოთხის კარიბჭე
ვერ ვიშვი ადამის ნეკნიდან,
ჰო, რაც თქვენ სიხარულს განიჭებთ,
დაღდასმულ სიზმრებში მეტკინა.

თენდება ნისლებში რარიგად,
რას ვხედავ, იარებს ჩამოშლის,
მე, როგორც გრძნობების ტარიგი,
ღმერთს ვუცდი იისფერ სამოსში.


მონატრება

წვიმს უნაპირო განცდების წყობა,
ვწერ, ოთახისთვის ტაეპეპს ვძერწავ.
კვლავ მენატრები (რა გაეწყობა),
ნესტის სუნი სდის კედლებს და ზეცას.

წვიმს, აიშალნენ ხეთა რიგები,
მოგონებები უკან დამდევენ,
ქალაქში, სადაც, ვერ გაგიგებენ,
ქალაქში, სადაც, უჩინარდები...

წვიმს, ნოსტალგიამ ფერი იცვალა.
ცისარტყელაზე დაიდგა ბინა,
ჩემი ქურთუკი შემოიცვა და...
ნათითურები დაატყო მინებს.

წვიმს უნაპირო განცდების წყობა,
ვწერ, ოთახისთვის ტაეპეპს ვძერწავ.
კვლავ მენატრები (რა გაეწყობა ),
ნესტის სუნი სდის კედლებს და ზეცას.


***
სალამი დემონებს, სილას რომ მაწნიან,
მაჯებს რომ მიტეხენ ბოლოში ქუჩების.
სადა ხართ, შეხედეთ, დარდები მაცვია.
ნესტიან ოთახში ვსვამ გამაყუჩებლებს!

ნისლები ობიან ნეკნებზე ცეკვავენ,
სევდაა ამ ყელში ბურთივით გაჩრილი.
უფალო, იმედად შენ გადაგეყარე
და აწი გამთელონ, უარმყონ, არ ვჩივი!


***
იბადებიან ვარკვლავები რძისფერ ღამეში,
ქვაფენილები ირეკლავენ უცხო ციალებს,
წუხელ შენს მხრებზე უძინარი ფრთხილად დავეშვი
და გეამბორე სიყვარულის ინიციალით.

მე ვეტრფი ოთახს, სადაც დუმან მეტაფორები,
სადაც მთვარეა ჩემთან ერთად ათასმეერთედ,
სადაც აზრები გაშმაგებულ სხეულს ტოვებენ
და რიჟრაჟები ეს-ესაა ცაში შეერთდნენ.


მითხარი, თურმე გიძნელდება წამის გაშვება,
რომ ტყუილუა ყველა დილა უერთმანეთოდ,
რომ წლების მერე შეგვამჩნევენ ხელში ბავშვებით,
გრძნობის ნაყოფით - ფესვგადგმული რაც გვაქვს სერთო.

მსურს, თეთრი კაბა დამიმშვენო საკურთხეველთან,
ვიდრე ტიტები ლარნაკებში უხმოდ გამხმარან
და მუხლმოყრილი აგაყენონ ჩემმა ხელებმა,
სიტყვებით: ცრემლი მოიწმინდე, მე თანახმა ვარ!


ჩვენ
ლამპიონები ბერდებიან თეთრ ტროტუარზე,
ახსოვთ ჭრელ-ჭრელი პაემნები (ჩვენი შეხვედრა),
ის კოცნაც ახსოვთ, მე ვიდექი თითქოს უარზე,
თუმცა ბაგეებს შენი სუნთქვა შემოეფეთათ.

შებინდებისას ქუჩის ბოლოს ერთად ვისხედით,
ქალაქი დუმდა, ჩურჩულებდა მტკვარი არაკებს,
კიდეც გიმღერე, ჩემს გულისთქმას ისე ისმენდი,
უტყვი გრძნობები შენს ენაზე ალაპარაკე.


ჩვენს ერთად ყოფნას უსასრულო უკვე დაერქვა,
რადგან ფიქრები უჩვეულო ძალით იბრძვიან, 
ლურჯ გალაქტიკებს იმედები სდევენ პაექრად,
სულ შენ გეკუთვნის სამყაროში თუ რამ მიგრძვნია.


მაცხოვარო

ეკლით გმოსავდნენ, მაცხოვარო, გტკენდნენ ჭრილობებს,
ოცდაათ ვერცხლად გამყიდველი დუმდა იუდა,
ცა შეემუსრა ცოდვის ტბორებს და უცილობელ
სიმწუხრის ზარებს დედამიწის ცოდვა სტკიოდათ.

სისხლით შეღებილ განაჩენთან იდგა პილატე,
უსამართლობით კვლავ არჩიეს შენს თავს ბარაბა
და რამდენჯერაც ნაწამებმა წყალი ინატრე,
ძმარი დასთხიეს, ჩირქი მოსცხეს სულის გალავანს.

მეც თვალებაკრულ გამყიდველთა ბოლო რიგში ვარ,
დამნაშავე ვარ, მაცხოვარო,  ბევრჯერ დაგკარგე,
მაგრამ ვერ გტოვებ, შენგან შორსაც ვეღარ მივდივარ,
კაცობრიობის მარწუხებში არ ჩანს ავ-კარგი.

ეკლით გმოსავდნენ, მაცხოვარო, გტკენდნენ ჭრილობებს,
ოცდაათ ვერცხლად გამყიდველი დუმდა იუდა,
ცა შეემუსრა ცოდვის ტბორებს და უცილობელ
სიმწუხრის ზარებს დედამიწის ცოდვა სტკიოდათ.




ღამე


ღამემ მოქსოვა ზღვა ვარსკვლავების,
მე და შენ ერთი ცა გვხურავს ახლა,
შენს თბილ სხეულზე წვანან ხალები,
სიშორეს უცხო დუმილი ახლავს.

არ უწვიმია კვლავ ჩემს ფანჯრებზე,
ჯიბით ვატარებ, კარგო, ივნისებს,
მოგინახულო იქნებ ამ ჯერზე
და მივუხურო კარი ცივ ნისლებს.

უცხო პაემანს, მთებს რომ უთქვამენ.
გათენებამდე იბრძვის სიბნელე.
მჭირდები ბოლო ამოსუნთქვამდე,
ვიდრე მომკეცავს წელში სიბერე.

ღამემ მოქსოვა ზღვა ვარსკვლავების,
მე და შენ ერთი ცა გვხურავს ახლა,
შენს თბილ სხეულზე წვანან ხალები,
სიშორეს უცხო დუმილი ახლავს.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge