გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)



,,ტიბეტური საგანძური“ - ახალგაზრდა ავტორის - ერეკლე ბეჟუაშვილის მეტაფიზიკური მოგზაურობა


ახალგაზრდა ავტორის პირველი ნაწარმოები ,,ტიბეტური საგანძური“ წარმოადგენს საოცარ სინთეზს კლასიკური სათავგადასავლო რომანისა და ღრმა ფილოსოფიური ძიებისა. პირველივე თავში იკვეთება პლატონისეული იდეალიზმის ძალა, სადაც მატერიალური სამყარო მხოლოდ ჩრდილია უფრო მაღალი, ტრანსცენდენტული რეალობისა.
ნაწარმოების პროლოგი გვახსენებს არისტოტელეს ,,პოეტიკის“ პრინციპებს - ავტორი თავიდანვე ამზადებს მკითხველს იმ დუალისტური სამყაროსთვის, სადაც რაციონალური და ირაციონალური ერთმანეთს ერწყმის. მთავარი გმირის, სერ ჯონათან ნაბსის სახე აგებულია სტოიკური ფილოსოფიის პრინციპებზე - იგი წარმოადგენს virtus-ის (სათნოების) განსახიერებას რომაული გაგებით.
ნაწარმოებში წარმოდგენილი პერსონაჟები ასახავენ პლატონის ,,სახელმწიფოში“ აღწერილი ადამიანის სულის სამ ნაწილს:
ჯონათან ნაბსი - λογιστικόν (გონიერება),
ფილიას ატკინსი - θυμοειδές (მამაცობა/ნებისყოფა),
იოზეფ უონბურგი - ἐπιθυμητικόν (სურვილები/გრძნობები).
ავტორი ნებსით ან უნებლიეთ იყენებს ანტიკური ეპოსის ელემენტებს. ფილიასის გაუჩინარება გვახსენებს ორფეოსის ჩასვლას ქვესკნელში, ხოლო ტიბეტური მისტერიები - ელევსინის საიდუმლოებებს.
ტექსტში იგრძნობა ციცერონისეული პერიოდული სტილის გავლენა, განსაკუთრებით აღწერით პასაჟებში. ავტორი ახერხებს რთული სინტაქსური კონსტრუქციების გამოყენებას ისე, რომ არ კარგავს თხრობის დინამიურობას.


მეტაფიზიკური ეპილეგომენა

ნაწარმოების პირველი თავი წარმოგვიდგება, როგორც წმინდა მოძღვრების თანამედროვე გამოვლინება, სადაც ავტორის ინტელექტუალური ინტუიცია აღწევს არისტოტელესეული სრულყოფილების მდგომარეობას. მხატვრული ნაერთი იშლება პითაგორას ოთხეულის პრინციპით, სადაც ოთხი განზომილება - მატერიალური, სულიერი, სულისმიერი და ღვთაებრივი - ჰქმნის პლატონისეულ იდეათა სამყაროს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია 14 წლის ავტორის უნარი, შექმნას ისეთი ენტელექიური სტრუქტურა, სადაც ყოველი სიუჟეტური ხაზი წარმოადგენს უნიკალურ მონადას ლაიბნიცისეული გაგებით. ტექსტში იკვეთება აპოკატასტასისის მოტივი - სულიერი აღდგენისა და დაბრუნების იდეა, რაც ორიგენესეულ ტრადიციას უკავშირდება.
ავტორის მიერ შემოთავაზებული ონტოლოგიური პარადიგმა აერთიანებს როგორც ნეოპლატონური ემანაციის კონცეფციას, ისე ძველი ტიბეტური ძოგჩენის სწავლების ელემენტებს.
,,ხელოვნება მარადიულია, სიცოცხლე კი - ხანმოკლე“, როგორც ჰიპოკრატე ამბობდა. დაე, ახალგაზრდა ავტორის - ერეკლე ბეჟუაშვილის კალამმა, რომელმაც უკვე შეძლო პლატონისეული იდეათა სამყაროს შეხება, გააგრძელოს თავისი გზა ჭეშმარიტებისაკენ.
ვუსურვებ, რომ თითოეული მისი სიტყვა იქცეს საწყისად ახალი ლიტერატურული სამყაროსი, სადაც ჭვრეტა და მოქმედება ჰარმონიულად შეერწყმება ერთმანეთს. დაე, მისმა შემოქმედებამ მიაღწიოს მწვერვალს და გახდეს უკვდავი ქართული მწერლობის პანთეონში.
როგორც ლათინური ფრაზა გვეტყოდა: ,,ვარსკვლავებისაკენ - ეკლიანი გზით“!


 
                                ლევან გორვანელი - ფილოსოფოსი, პოეტი, არტ კრიტიკოსი, ჟურნალი ,,აფინაჟის“ რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირისა და საზოგადოება ,,ქუთაისელის“ წევრი, 4 წიგნის ავტორი, 60-მდე წიგნის რედაქტორ-გამომცემელი, ნიკო ნიკოლაძის, ივანე მაჩაბლის, გიორგი ლეონიძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, ქუთაისის ფილოსოფოსთა კლუბის დამფუძნებელ-ხელმძღვანელი 





   




ვუძღვნი ჟიულ ვერნისა და ჯონ ტოლკინის უკვდავ ხსოვნას.

„თუ მკითხველი წინასწარ მიხვდა, როგორ დასრულდება წიგნი, მისი დაწერა არც ღირდა”.
                                                                                               ჟიულ ვერნი.
                  1
თავი პირველი (საბედისწერო წერილი)
  


          ჩემთვის ახლავე ცხადია, ამ მონათხრობს, რომელსაც „ტიბეტური საგანძური” ვუწოდე, არავინ ირწმუნებს. თუმცა ახლა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მისი საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანა მაინც უპრიანია. დაე, თავად გადაწყვიტოს, ირწმუნებს მას და გამოუცხადებს ნდობას თუ არა.
            ამ არაჩვეულებრივ და ამავდროულად შიშის მომგვრელ თავგადასავლებზე თხრობის დასაწყებად უკაცრიელ კუნძულებზე, გაუვალ ჯუნგლებსა და სხვა ამნაირ ძველმოდურ ადგილებზე უკეთესს კაცი ვერ მოიფიქრებდა, მაგრამ მე ოდნავ გადავუხვევ მწერალთა ამ მისწრაფებას, მკითხველს პირველივე წინადადებიდან გაუჩინოს უცნაური გრძნობები. ჩვენი ამბავი, რომლის თქვენთან გაზიარების საშუალება სრულიად შემთხვევით მომეცა, სულ არ იღებს დასაბამს უკაცრიელი ადგილიდან. პირიქით, როგორც თავად ნახავთ შემდგომში, ის იქითკენ მიემართება. ყველაფერი ამგვარად დაიწყო: ლონდონის განაპირა უბანში, ერთ ლამაზ ორსართულიან სახლში, რომელსაც ევროპული ყაიდით დამშვენებული მცირე აივანი ჰქონდა, ინგლისის ლორდთა პალატის წევრი და მეცნიერთა გაერთიანების თავმჯდომარე, სერ ჯონათან ნაბსი აფორიაქებული დაეძებდა რაღაც წიგნს, რომელიც ისე უნდოდა, როგორც მწყურვალ კაცს ერთი ჭიქა წყალი. შესაშური მონდომებით მან უამრავი თარო გადააბრუნა, ოთახში მდგარი მაგიდის უჯრები გაჩხრიკა, ირგვლივ ყველაფერი გადააქოთა... ჰო, მართლა, ვინ იყო ნაბსი? ამჟამად თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მასზე მეტი მოგიყვეთ. ჯონათანი ინგლისსა და ევროპაში საკმაოდ სახელგანთქმული მეცნიერი და მკვლევარი გახლდათ. მის სახელს უამრავი ესა თუ ის აღმოჩენა და ექსპედიცია უკავშირდებოდა. გარდა იმისა, რომ ძალიან ხშირად მართავდა მოგზაურობებს, რომელთა მიზანიც კაცობრიობის ისტორიაში არნახული ნაბიჯების წინ გადადგმა იყო, ამასთანავე, დაუზარელად წერდა ნაშრომებს გეოგრაფიის, ფიზიკის, ასტროფიზიკის, მინერალოგიისა და ბიოლოგიის შესახებ. წიგნების წერაში ის ჩემზე ბევრად მეტად დახელოვნებული გახლდათ, ამიტომ მჭევრმეტყველური საუბარიც დასჩემდა დროთა განმავლობაში. ლოგიკურია, რომ ნაბსი უზარმაზარი პატივისცემითაც სარგებლობდა ლონდონის არისტოკრატიულ ფენაში. ასევე, ხშირად სტუმრობდა წარჩინებულ დიდგვაროვანთა ოჯახებს, რომლებსაც სახლები ცენტრალურ მოედნებზე წამოეჭიმათ, ქალაქგარეთ კი ვრცელი მამულები ეგულებოდათ. მეცნიერი ბავშვობიდანვე თავმდაბალი გაზრდილიყო, ამიტომ სულ არ ჰგავდა ამპარტავან და ღატაკთა აბუჩად ამგდებ, საკუთარი გვარებით მოამაყე ლორდებს. მისი სახლიც, უფრო სწორად, გარედან სახლი და შიგნიდან _ ნახევრად ლაბორატორია, პატრონის უბრალო თვისებების შესაბამისად სასაზღვრო უბანში იდგა. პირადად ჩემთვის მიუღებელია, ცოტა მის პიროვნებაზეც რომ არ გიამბოთ. ხელგაშლილ ნაბსს იმ ხალხის დახმარება უყვარდა, სულის მეტი რომ არა აბადიათ რა. ყმაწვილკაცობაში კათოლიკედ მოინათლა (და ძალიან რელიგიურიც იყო), რაც კიდევ ერთხელ გამოარჩევდა პირადი ინტერესებით შელამაზებული ქრისტიანობის, პროტესტანტიზმის ბრიტანელ მიმდევართაგან. სულიერებით გამორჩეული ბუნებისმეტყველი, როგორც უამრავი პატიოსანი კაცი, დაუოჯახებელი იყო. სამაგიეროდ კი უხვად ჰყავდა მეგობრები. უმეტესი მათგანი მისი თანამშრომელი და კოლეგაც გახლდათ. ჯონის სამსახური მეცნიერთა გაერთიანება იყო, რომლის თავმჯდომარედაც რამდენიმე თვე გახლდათ, რაც ერთხმად აერჩიათ მის წევრებს. ანდა რატომაც არ უნდა აერჩიათ ასეთი ფრიად შესანიშნავი პიროვნება? მან სწორედ იქ გაიცნო ზნეობრიობით დაჯილდოებული უამრავი მეგობარი, რომლებიც საკუთარ თავზე მეტად უყვარდა. მათთვის მზად იყო, აქაფებულ ტემზაში გადაშვებულიყო. თუ საჭიროება მოითხოვდა, გამძვინვარებულ ვეფხვსაც შეებმებოდა ამხანაგთა სიცოცხლისთვის. მათაც უზომოდ უყვარდათ ნაბსი და ცდილობდნენ, მისთვის სამაგიერო ღირსეულად დაებრუნებინათ ხოლმე.
            ახლა კი ამბავი უნდა გავაგრძელო, რამეთუ ვთვლი, რომ თხრობის დაწყებისთვის უკვე საჭირო ცოდნა მოგაწოდეთ ჯონზე. მაშ ასე: მოკლედ, მან ირგვლივ ყველაფერი გადააქოთა და გადაატრიალა. ბოლოს მაინც მიაგნო იმას, რაც ასე ძლიერ ეწადა. საინტერესო გახლდათ წიგნის სახელი „ჰიმალაი_ქვის გიგანტები”. ის ნაცრისფერი ყდით იყო შელამაზებული, თან კი ძალიან სქელტანიანი და მძიმე. მტვერი საკმაოდ დასდებოდა, იმის მიუხედავად, რომ სულ რაღაც ხუთი დღის წინ დაბინავებულიყო ჯონ ნაბსის სახლში. „ჰიმალაი_ქვის გიგანტები” თავდაპირველად სერ ნაბსს თავისმა ავსტრიული წარმოშობის მსახურმა იოზეფმა მოუტანა საფოსტო ყუთიდან. წიგნში, რომელიც ჰიმალაის მთიანეთს შეეხებოდა, იყო წერილი და რუკაც. აბა, რა იცოდა ჯონმა, რომ ეს მის ცხოვრებაში ვითომდა არაფრით გამორჩეული, თუმცა უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი მომენტი გახლდათ!
            ამ სამი რამის გამომგზავნი ნაბსის კოლეგისა და მეგობრის, ფილიას ატკინსის მსახური, ვილიამ როკშილდი იყო. ახლავე გიამბობთ ფილიას ატკინსზეც. როგორც წეღან ვახსენე, ჯონათან ნაბსი ყველასთან შეამხანაგებული იყო, ვისაც კი იცნობდა. მაგრამ გამორჩეულად უყვარდა და ემეგობრებოდა ატკინსს. მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ მეფე ედუარდის სკოლაში, პირველი კლასის მერხზე დაიწყო. მაშინ სულ რაღაც 6 წლისანი იყვნენ. მათი დაახლოება გამოიწვია ერთნაირმა ინტერესებმა, ორივეს ხომ გეოგრაფია და ბუნებისმეტყველება იტაცებდა. თავის დროზე ერთად ემოგზაურათ ანგოლაში, გემო ეწვნიათ ცხელი სავანებისა. იქიდან მოყოლებული კი სწავლა ჯერ ერთ დაწესებულებაში განაგრძეს, მერე კი ერთ სამსახურშიც დაიწყეს მუშაობა_მეცნიერთა გაერთიანებაში. ხიფათიანი კვლევებისას, რომლებსაც აფრიკის გაველურებულ მხარეებში ატარებდნენ, ნაბსმა არაერთხელ გადაარჩინა შესისხლხორცებული მეგობარი ხან ნადირებისგან, ხანაც დაავადებებისგან (ჯონს ცოტა მედიცინისაც გაეგებოდა – სურდა თუ არა, ცხოვრებაში საჭიროების გამო შემოესწავლა). გადიოდა დრო, მსოფლიოში პოლიტიკური წყობები იცვლებოდა, იმპერიები სამყაროში ღორძინდებოდა და მათი მზეც ჩაესვენებოდა ხოლმე, ერთი სიტყვით, ვერავინ გაურბოდა ჟამთა ცვლას. ნაბსი და ფილიასი კი კვლავ ერთად იყვნენ და ამ დროის განმავლობაში მათ ურთიერთობას ერთი ბზარიც არ გასჩენოდა.
ფილიას ატკინსი 41 წლის პუტკუნა კაცი იყო, რომელმაც მთელი საკუთარი სიცოცხლე ნაწილობრივ კარტოგრაფიას, ნაწილობრივ ისტორიასა და გეოგრაფიას შეალია. ბოტოტა თითები ჰქონდა და ნეტავ გენახათ, როგორ ოსტატურად, თვალწარმტაცად ხაზავდა იგი ქვეყნების კონტურებს, რაოდენი სიფრთხილითა და გულმოდგინებით გამოჰყავდა თითოეული ნაკვთი! მოსწონდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიც, მაგრამ პროფესიით არც ერთ მათგანს არ გაჰყოლია. უამრავ რამეში ნაბსის პროტოტიპი იყო, რადგან მასავით შესაშური პედანტიზმით უდგებოდა ყველა საქმეს და შედეგსაც აღმაფრთოვანებელს იღებდა ხოლმე. რომ იცოდეთ, რამდენი საოცარი, უჩვეულო ექსპონატით გაუმდიდრებია მას მეცნიერთა გაერთიანების ფოლკლორის, კარტოგრაფიისა და არქეოლოგიის დეპარტამენტები. საკუთარი დაუშრეტავი ცოდნით, გაგიკვირდებათ და, პალეონტოლოგებსაც ეხმარებოდა. სიზუსტის განსახიერება იყო ფილიასი, მომართული საათივით ზუსტ დროზე მიდიოდა ყველგან, არც გვიან, არც ადრე. მაგრამ რად გინდა! ფაქტობრივად ვერსად  ნახავდით მას, იგი არც ერთ შეხვედრაზე არ უნახავთ, თუ სათვალავში არ ჩავთვლით მეცნიერთა გაერთიანების სანატრელ ყრილობებს, რომლებიც მისი უნიათო თავმჯდომარის პირობებში კვარტალში ერთხელაც არ იმართებოდა. არ გეგონოთ, თითქოსდა ნაბსს ვამკობდე ასე, საუბარი წინა თავმჯდომარეზე მაქვს. ახლა კი, როცა ქარიშხალა ჯონათანმა ყრილობათა სიხშირის მნიშვნელობა ყველასთვის გასაგები გახადა, კვირა არ გაივლიდა, ინგლისის ყველა მხარიდან არ შეეგროვებინა მეცნიერები და კარგი ლექციაც არ ჩაეტარებინა ხან რაში, ხანაც რაში. ამიტომაც ფილიასს აწი უფრო ხშირად უწევდა შეხვედრებზე დასწრება და ხალხიც მარტო სამსახურისკენ მიმავალ გზაზე თუ მოჰკრავდათვალს. მეზობლებს მისი ეს ამ ბოლო დროს გახშირებული სიარული ცუდად ეჩხირებოდა თვალში და ათასგვარ უსაფუძვლო ეჭვს აღუძრავდა. იცით, რატომ? ერთადერთი მიზეზით-ფილიასი, საერთოდ, კარჩაკეტილი ადამიანივით იქცეოდა (უფრო სწორად, ასე ეგონათ, თორემ სინამდვილეში მასზე კაცთმოყვარე და კომუნიკაბელური ადამიანი არ არსებობდა, ეს ყოველივე კი ცნობისმოყვარე მეზობლების ჭორები და გამონაგონი იყო) და რაკი ცხოვრების უცნაური წესი ჰქონდა, მრავალ საიდუმლოსა და ბურუსით მოცულ ამბავს მიაწერდნენ, რომლებიც ვითომდა წარსულში გადახდენოდა. მსგავსი რამ ლოგიკურიც იყო, ვინაიდან ფილიასს სულ არ ეცალა უაზრო მეზობლებისთვის და მათ, თვითონ უცნაურებს, ეს ქცევა ინტელიგენტი აკადემიკოსისგან უჩვეულო ეგონათ. ატკინსი-ეს გვარი უამრავ საზარელ, იდუმალ და მასონთა შეთქმულებებზე უფრო საინტერესო ასოციაციას იწვევდა ლონდონის მოსახლეობის უმრავლესობის გონებაში.
ფილიასს მეორე სამსახურიც ჰქონდა, რეფორმ-კლუბი. აქ კი, როგორც ხალხისთვის ცნობილი იყო, იკრიბებოდა ყველა-ქალაქის ხელმოცარული ბოგანოებით დაწყებული, ფილიასისნაირი ავანტიურისტული ხასიათის მქონე და ჭკვიანი პიროვნებებით დამთავრებული. და თანაც, რეფორმ-კლუბში შესაძლებელი იყო ყველაფრის გაკეთება: კრიკეტის თამაში, კითხვა, ეზოში შემთხვევით აღმოჩენილი არტეფაქტების სიამაყით წარდგენა და ვინ იცის, იქნებ დანაშაულის ჩადენის დაგეგმვაც კი. ჰოდა, ფილიასისა ოდნავ ეშინოდათ კიდევაც. თუმცა ეჭვები უნდა გაგიფანტოთ, შიში სრულიად უსაფუძვლოა, რადგანაც ატკინსისმაგვარი გულკეთილი და ბავშვური ადამიანი იშვიათი საპოვნელი იყო. ეგ რა არის, ზრდასრულ კაცს ჯადოსნური ადგილებისა და ცხოველების არსებობისაც კი სჯეროდა (ამაზე ქვემოთ).
აღსანიშნავია, რომ ისიც არ იყო დაქორწინებული და ამას ნანობდა კიდეც, თუმცა უკმაყოფილობის ხმამაღლა გამოთქმას ერიდებოდა.  
ატკინსი ამჟამად შორეული მოგზაურობით ტიბეტში იმყოფებოდა თავისი ორი განუყრელი მსახურითურთ, რომლებსაც ვილიამ როკშილდი (ვინც ჯონს ფოსტით წიგნი, რუკა და წერილი გამოუგზვნა) და ფერდინანდ ხულესი ერქვათ. დიახ, ფილიასიც ბევრს მოგზაურობდა. რადგან ჯონმა მის თავზეხელაღებულ, შეიძლება ითქვას, მეცნიერთათვის დამახასიათებელ ახირებულ ხასიათზე კარგად უწყოდა, განსაკუთრებით აინტერესებდა მისი ამბებიც, თუ რისთვის წავიდა ტიბეტში, როგორ მოაგვარა ექსპედიციის თანმდევი პრობლემები (ან ხიფათიანი, სარისკო საქმეები), რანაირად მოეწყო და ა.შ. სამწუხაროდ, ზედაპირულადაც არ იცოდა მეგობრის ამჟამინდელი წამოწყების შესახებ, რადგან ტიბეტისკენ გამგზავრებისას მას ზერელედ დაემშვიდობა და არც არაფერი უკითხავს. ახლა კი, როდესაც ცნობები ატკინსის ახლანდელ მდგომარეობაზე ჰაერივით სჭირდებოდა, რაწამსაც წერილის კონვერტზე შავად წაწერილი „ვილიამ როკშილდი” თვალებში გაუკრთა, აღარც უფიქრია, კონვერტი მაშინვე გახსნა და კითხვა დაიწყო. თავის დროზე, როცა მას ეს ნივთები მოუტანეს, მათთვის ყურადღება არც მიუქცევია, რადგან მაშინ მუშაობისგან გადაღლილი იყო და ფიზიკურად არ ეცალა. მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ გაახსენა მსახურმა იოზეფმა ეს და ჯონიც ცნობისმოყვარეობით დაინტრიგებული წამსვე შეუდგა მათ ძებნას. უნდა აღინიშნოს, რომ ფილიასის ამ მსახურს, ვილიამს, იგი მეტ-ნაკლებად შორიდან იცნობდა. თუ არ ვცდები, რამდენჯერმე სუფრაზე ერთადაც მოხვედრილან და ვილიამსაც მის გვერდზე საპატიო, მოკრძალებული ადგილი დაუკავებია. შეგახსენებთ, რომ, როგორც გაირკვა, სწორედ მას გამოეგზავნა ელვა დეპოსიტ ჯონათან ნაბსისთვის ნახსენები ნივთები და წერილი. ან რაღას გიყვებით და თვითონაც ვჭირვეულობ, მოდით, თავად წერილს გაეცანით ყურადღებით:
            „მოგესალმებით, ბატონო ნაბს! დიდი პატივია ჩემთვის თქვენნაირი ადამიანისთვის წერილის მიწერა, მაგრამ ამაღელვებელი და სასწრაფოა ის გარემოება, რამაც მაიძულა, დამეწერა ეს წერილი.
            ადვილი მისახვედრია, რომ დაგაინტერესებდათ, თუ ვინ ვარ მე. შეიძლება, მიცნობთ კიდეც, თუმცა დაგავიწყდით. რაც არ უნდა იყოს, მე კარგად მახსოვხართ. მე ერთი უბრალო ირლანდიელი გლეხის შვილი ვარ, რომელსაც პატივი ერგო, რომ თქვენი ძვირფასი კოლეგის, ფილიას ატკინსის სამსახურში ჩამდგარიყო. ჩემი სახელი ვილიამ როკშილდია.
ალბათ, მიხვდებოდით, ფილიასის გარშემო მომხდარ ამბებს რა ახსნა უნდა ჰქონოდა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყოველივე ფილიასს თქვენთვის არ მოუყოლია, ამიტომაც თავიდან დავიწყებ. ბოლო დროს ჩემი ბატონი აფორიაქებული დადიოდა. ხშირად მოსდიოდა წერილები ვიღაც უცხო კაცისგან, რომლებსაც ჩემთან ერთად კითხულობდა. მათი შინაარსი კი მუდამ ერთი და იგივე იყო: წერილის გამომგზავნი მას ჰიმალაის მთიანეთში ჩასვლას სთხოვდა რაღაც მიზეზების გამო (ამაზე ცოტათი ქვემოთ). როგორც თავად ამბობდა, ის ერთი ნეპალელი გლეხი იყო, რომელიც ჩინეთში, კერძოდ ტიბეტში, ბოსტნეულის გასაყიდად ურმით დადიოდა ხოლმე. მოგეხსენებათ, ზემოხსენებულ ქვეყნებს ჰიმალაი აკავშირებთ. ამ გლეხსაც მთებში ჩაკარგული ბილიკებით უწევდა მგზავრობა. ის იუწყებოდა, რომ ფილიასის შესახებ ბევრი რამ იცოდა. სწორედ ამიტომ სთხოვა რაღაცის კვლევაში დახმარება. ეს რაღაც კი მგზავრობისას ფრიალო კლდეებზე ერთი-ორჯერ შენიშნული იეტები იყვნენ. მოგეხსენებათ, ეს არსებები, გავრცელებული მითის მიხედვით, ტიბეტსა და ჩრდილოეთ ამერიკაში ბინადრობენ.
არ ვიცოდით, რამდენად სარწმუნო იყო ეს, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, წერილს მართლაც ჩინური მარკა ჰქონდა. ალბათ, გლეხმა წერილი იქიდან გამოგზავნა. მე დამაეჭვა იმან, თუ საიდან შეძლო ჩამორჩენილი ნეპალის მიყრუებულ სოფელში მცხოვრებმა გლეხმა ინგლისურად წერა. ჩემმა ბატონმა კი მომიგო, რომ ნეპალი ბრიტანეთის კოლონიაა და იქ ინგლისური ბევრმა იცის. Gგამოუვალ სიტუაციაში კი მას შეეძლო, სხვისთვის დაევალებინა  დაეწერა წერილი. ამაზე მე გავჩუმდი, ბატონს არასდროს ვეწინააღმდეგებოდი. მაგრამ, როგორ შეიძლებოდა, არ შევწინააღმდეგებოდი მის დამღუპველ ცრუმორწმუნეობას. ბატონს კვლავაც სჯეროდა ატლანტიდის, ციბოლას შვიდი ქალაქის, გრაალის თასის და, რაც ყველაზე უარესია, იეტების არსებობის. ალბათ, სწორედ ეს აძლევდა მას იმ დიდ შემართებას, რომელსაც მოგზურობებისას იყენებდა ხოლმე. მე ბატონს ძალიან ბევრი ვეხვეწე და ვარწმუნე, ეს წერილი ვინმე სულელის ოინი იქნება-მეთქი, მაგრამ ვერაფრით გადავაფიქრებინე_მან ექსპედიცია წამოიწყო. მეგზურად, რა თქმა უნდა, მეც ვახლდი. თუმცა ჩემ გარდა მან კიდევ ერთი თავისი მსახური, ესპანელი ახალგაზრდა, ფერდინანდ ხულესიც გაიყოლა.
უშუალოდ საქმეზე რომ ვისაუბრო და ბევრი დრო არ წაგართვათ, მოკლედ მოვჭრი. ერთი სიტყვით, მალე მივაღწიეთ ინდოეთს, იქიდან კი საზღვრის კვეთითა და დიდი გაჭირვებით ჩავედით ტიბეტშიც. იქ დაახლოებით სამი თვე დავყავით. ღია ცის ქვეშ გვითენდებოდა და ღამეც იქ მოგვისწრებდა ხოლმე. ასე უიმედოდ ვეძებდით იეტებს.
ერთ ღამეს რაღაც ხმაური შემომესმა, თუმცა ყურადღება არც კი მიმიქცევია. იქ ტიბეტური ხარები, იაკები ღამითაც ზმუიან ხოლმე. მაგრამ დილით რომ გავიღვიძეთ, მე და ფერდინანდმა ბატონი ფილიასი ვეღარ ვნახეთ. საგონებელში ჩავვარდით. ჩვენი გუნდის სულისჩამდგმელის გარეშე ჰიმალაიში ცხოვრება გაგვიჭირდებოდა. ენით ვერ გადმოვცემ იმ შიშს, რომელიც მაგ დროს განვიცადეთ. ახლა თავად უნდა მოგვეპოვებინა საჭმელი და სასმელი, ვინაიდან ფილიასთან ერთად მათი მარაგებიც გამქრალიყო. წარმოდგენა არ გვქონდა, რა მოხდა, თუმცა კარგი რომ არაფერი, ეგ დაზუსტებით ვიცოდით.
მთის ერთ მდინარესთან დავბანაკდით, ხანდახან იაკებსაც მოვინადირებდით ხოლმე, თუმცა ეს ძალიან ძვირფასი და სახიფათო სიამოვნება იყო. მაინც გაგვიმართლა, მაგრამ ასე ადვილად დანებებას არ ვაპირებდით. ყოველდღე მიდიოდა ერთ-ერთი ჩვენგანი ახლომდებარე სოფლებში (რაც ერთი-ორი თუ იქნებოდა, ისინიც რთული გზით მისასვლელი. ხშირად კლდეებზე თხებივით ცოცვაც გვიწევდა), ტყეებში, ფერდობებზე. ფილიასის სახელის დაძახება ადვილად ვრცელდებოდა მთებში, თუმცა ბატონი მაინც ვერ ვიპოვეთ.
იმ ავადსახსენებელ, ბედკრულ დღეს ( 1878 წლის 28 სექტემბერს) ფერდინანდიც მოულოდნელად გაქრა. დილით მისი ბუნდღაც აღარ იყო. ოღონდ ამჯერად არანაირი ფაჩიფუჩისთვისაც არ მომიკრავს ყური. რამდენიმე დღე ტყუილუბრალოდ ვეძებე ის, ველოდე, მაგრამ ვიცოდი, რომ ამას აზრი აღარ ჰქონდა.
            გასაოცარია ისტორია, თუ როგორ გამოვაღწიე მარტოდმარტომ ტიბეტიდან, ამის თაობაზე მოგვიანებით შეიტყობთ. ახლა მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ამწუთას ქალაქ ბომბეიში, ინდოეთში ვარ.
            ეს ამბები ახლაც ამოუხსნელი და საიდუმლოებით დაფარულია. ვინ იცის, ჩემი კოლეგა და ბატონი ცოცხლებიც არიან. მე გიგზავნით ამ წიგნს, რომელიც ბომბეიში ვიყიდე და რომელშიც ჰიმალაის მთებსა და ზოგადად ტიბეტზეა მოთხრობილი. ასევე, აქ დაწვრილებითაა აღწერილი ტიბეტელი ბერების საიდუმლოებზე. ჩემი აზრით, ჩემი მეგობრების გაუჩინარება გარკვეულწილად  მათ უკავშირდება და შეუძლებელია, ისინი ოდნავ მაინც არ იყვნენ გარეულნი ამაში.
            კიდევ, გიგზავნით რუკას, რომელზეც ის ადგილებია აღნიშნული, სადაც ჩვენი ექსპედიცია იმყოფებოდა.
            ახლა კი პირდაპირ მთავარს შევეხები. ალბათ, გახსოვთ წერლის დასაწყისი. უკვე გავიგე, რომ პატივი გერგოთ, მეცნიერთა გაერთიანების თავმჯდომარის სავარძელი ოთხი თვის წინ მოგერგოთ. ახლა უკვე პლანეტის მესამედის მკვლევართა ხელმძღვანელი ხართ (ამდენს აკონტროლებდა ბრიტანეთის იმპერია მაშინ). მე მსურს, მოგმართოთ თხოვნით, რომ ჩამოხვიდეთ ქალაქ ბომბეიში, სადაც თქვენ ჩემთან ერთად იმგზავრებთ ტიბეტისკენ. დაბინავებული ვარ ბომბეის პორტისგან მოშორებით, მაგადჰას ქუჩაზე. სავარაუდოდ, ეს გაუჩინარება წინასწარ იყო გაწერილი და ამაში წერილის ანონიმური გამომგზავნი გლეხიცაა გარეული (გაითვალისწინეთ ის, რომ რაც ჩინეთში ჩავედით, იგი ჩვენ აღარ შეგვხმიანებია!). აქედან გამომდინარე, ძალიან გთხოვთ, იხსნათ არა მხოლოდ თქვენი კოლეგის, არამედ განუყრელი მეგობრის სიცოცხლეც. ისინი, დიდი ალბათობით, გატაცებულნი არიან. ასე თავისით ადამიანები არ ორთქლდებიან და არ ქრებიან.
            იმედია, მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას. მდგომარეობა კრიტიკულია. სავარაუდოდ, თუ ეს გატაცებაა, მისმა შემოქმედებმა შესანიშნავად იციან, რომ ტყვეების გასათავისუფლებლად აუცილებლად მივა ვინმე, ამიტომ, შესაძლოა, მახე ჩვენც დაგვიგონ. ჩამოსვლის შემთხვევაში (რასაც მთელი გულით ვიმედოვნებ) ძალიან უნდა ვიფრთხილოთ. დააფასეთ და იხსენით თქვენი ერთგული მეგობარი, რომელიც საზოგადოებამ სათანადოდ არ დააფასა (მიუხედავად იმისა, რომ მან უამრავი აღმოჩენა გააკეთა ფიზიკასა და გეოგრაფიაში და ასევე, მხოლოდ მან შეძლო, გაეშიფრა ძველი ტიბეტური იეროგლიფები და ახლაც მხოლოდ მან იცის მათი შიფრი დედამიწის ზურგზე!).
                                                დიდი პატივისცემით, თქვენი ვილიამ როკშილდი.
                                                                                                            1878 წ. 16 ნოემბერი “.
სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ჯონათან ნაბსმა ჰიმალაიში წასვლა. როგორც უკვე ვახსენე, ნაბსს მრავალი მნიშვნელოვანი ექსპედიცია და მისია ჰქონდა შესრულებული, თუმცა, როგორც თავად მომავალში თქვა, ამაზე უფრო საჭირბოროტო მოგზაურობა არასდროს გაემართა. იგი განათლებულობასთან ერთად ძალიან ერთგულიც გახლდათ, ასე რომ, ამწამს მისთვის მეგობრის სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერი იყო.
ჯონმა გადაწყვიტა, გამოგზავნილი წიგნისთვის მგზავრობისას გადაევლო თვალი, მოგზაურობა კი დაეჩქარებინა. ცოტა ხანში მან თავის მსახურს მოუხმო:
_იოზეფ, სად წახვედი? ერთი წუთის წინ აქ იყავი და ჩაის მიკეთებდი.
ცოტა ხნით არაფერი გაისმა და სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ მალევე ამეტყველდა მინავლებული ხმა კედლის იქიდან:
_მოვდივარ, ბატონო, ჩაი უკვე ადუღდებოდა.
იოზეფ უონბურგი 61 წლის კაცი გახლდათ, ყოველთვის შავ-ყვითელი ფორმით. ფეხზე მუდამ შავ, პრიალა ჩექმას ხმარობდა. ასაკის მიუხედავად საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა ავსტრიელი. თავის ქვეყანაში იგი ადრე ოფიცერი იყო, თუმცა დაუფასებლობის გამო მას ყირიმის ომისა და ავსტრია-უნგრეთის მიერ მოლდავეთისა და ვალახეთის მიერთების შემდეგ ტყვიის ხმა საერთოდ აღარ გაეგონა. დიდი იყო მისი ცოდნა. ის ოფიცრობიდან პირდაპირ ჯონათანს არ მისდგომია. ჯერ ერთი ფრანგი მისიონერის ოჯახში იმუშავა მსახურად, რომელიც ჩეხეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, მერე კი გერმანიის კონფედერაციაში გადავიდა და იქ გაიმდიდრა თავისი გამოცდილება ამ სფეროში. იოზეფს გულზე არასდროს ეხატებოდა ისეთი ადამიანები, რომლებსაც უთავბოლო და უსასრულო ლაყბობა სჩვეოდათ (თუმცა კი ბატონი მუდამ ყბადაღებული ჰყავდა, თუ საუბარი გეოგრაფიას შეეხებოდა), ანდა კიდევ, მრავალი ცოლი ჰყავდათ. თავად ძაღლივით ერთგული იყო თავისი ცოლისადმი, უკვე 34 წელი გახლდათ, რაც ცხოვრების უღელს ერთად სწევდნენ (მაგრამ იოზეფის ცოლი მოხუც ავსტრიელთან ერთად ამჟამად არ ცხოვრობდა). იოზეფი, ისევე როგორც მისი თანამემამულენი, საშუალო სიმაღლის, თუმცა ფართო ბეჭიანი გახლდათ. თმები იმდენი ხნის წინ გასცვენოდა, რომ თვითონაც არ ახსოვდა, სამაგიეროდ ხშირი ბაკენბარდები გაზრდოდა. ფეხები კი სიმოკლის გამო ლამის ხელების სიგრძის ტოლი ჰქონდა.
            სწორედ ამ მოკლე ფეხებით გაიარა მან ჯონათან ნაბსის სახლის დახლართული დერეფანი და გეოგრაფის ოთახში შეაბიჯა.
            _აი, თქვენი ჩაი, ბატონო,_მაგიდაზე ჭიქა დადო მსახურმა და ბატონისკენ მისწია,_რის გამო მიხმეთ?
            _ერთი_ჩაისთვის და მეორე_ბარგის ჩასალაგებლად. ხვალ დილით გემზე უნდა ვიყოთ და შეგვიანება არ გვეპატიება.
_გადაჭრით თქვა ჯონმა.
            _ასე უცებ რამ გადაგაწყვეტინათ გამგზავრება, ბატონო? ან საითკენ გაგიწევიათ?
_მორიდებულად ჩაილაპარაკა იოზეფმა და თან ბაკები მოიფხანა, რომელიც უკვე გაჭაღარავებოდა.
            _მაგის მოსაყოლად დრო საერთოდ არ მაქვს. უმჯობესია, გემზე გაგანდო. Bბარგის ჩალაგება-გამზადების გარდა კი, ჩვენ პორტში გამეგზავნე და ხვალინდელი დღის ყველაზე ადრე გამსვლელი ხომალდი დაჯავშნე.
_უთხრა მეცნიერმა და თან ცალი ხელით პირში ჩაჩრილ მოკლე ჩიბუხს მოუკიდა.
            _აუცილებლად გავაკეთებ მაგას, თუმცა, თუ შეიძლება მოგზაურობის ვადა მითხარით, რათა შესაბამისად განგაწყ...
მოიცადეთ, რა?_გაოცდა იოზეფი,_მეც მოვდივარ?
            _ვფიქრობ,  არც შენ გაწყენდა ქალაქიდან გასვლა და მე კი_ დამხმარე.
            _მაგრამ, მე ხომ... მე ხომ 16 წელია, რაც ლონდონიდან არ გავსულვარ? Aან რა უნდა გავაკეთო ხიფათიან თავგადასავალში?
            _ვისთვისაც მივდივართ, დამიჯერე, იმათ მეტი საფრთხე და ხიფათი აქვთ. ნურასდროს დაიწუწუნებ ჭენებით ცხენზე შეჯდომამდე.
            ავსტრიელი დადუმდა. მან ხელები უიმედოდ გაასავსავა და სიტყვის უთქმელად გავიდა ოთახიდან,  ის იყო, კარის ზღურბლს უნდა გასცდენოდა, რომ უკნიდან ხმა გაიგონა:
            _ტვირთი თვენახევრისთვის გათვალე, რა იცი, მგზავრობა ბომბეიმდე როგორ გაჭიანურდეს._ეს იოზეფის ძვირფასი ბატონის ხმა იყო.
            _ნუთუ ბომბეიმდე აპირებთ წასვლას?
            _რა დასამალია და, უფრო შორსაც.
            _კერძოდ?
            _ალბათ, ქალაქ ლჰასამდე. ქალაქია ჩინეთში, ინდოეთთან ახლოს.
            ავსტრიელის სახე კვლავ ცხვირის ბოლომდე გაფართოებულმა თვალებმა მოიცვა. რა უნდა ექნა?  ასეთი იყო ნება იმ კაცისა, რომელიც მას აგერ უკვე 16 წელია ღამის გასათევს, უფასო საჭმელ-სასმელს და დამატებით ხელფასს აძლევდა. იმის მიუხედავად, რომ იოზეფის მშობლები ნაკლებად რელიგიურები იყვნენ (რომლებიც კარგა ხანია, რაც ღმერთს მიჰბარებოდნენ), მათ ვაჟს ყოველთვის ახასიათებდა ჭკვიანური მორჩილება (გამომდინარე მისი სამხედრო გამოცდილებიდანაც).
            ჯონი კვლავ მიუბრუნდა თავის წიგნს, მაგრამ კითხვა არ დაუწყია, გაშტერებული უყურებდა ერთ ადგილს. ნაბსი თავის მეგობარზე ფიქრობდა. საბრალო ფილიასი! ვინ იცის, სად და როგორაა ახლა? გაახსენდა ათასი მოგონება, გონებაში აღუდგა მისი დამსახურებები მსოფლიოს წინაშე. ჯონათანმა კარგად გაიაზრა, რა დიდი მისია ებარა. და მართლაც, რა იყო ისეთი ერთგული ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორიც ნაბსი გახლდათ, თუ არა საყვარელი მეგობრის სიცოცხლე?
          

                        ბოლოსიტყვაობა

„ტიბეტური საგანძურის“ წერა ჯერ კიდევ სამი წლის წინ დავიწყე, თუმცა რიგი მიზეზების გამო ნახევარი გვერდის შემდეგ კალამი და რვეული მოვისროლე და ჩანაფიქრიც გონების საპყრობილეში დიდხანს გამოვკეტე. მხოლოდ 2023 წლის აპრილიდან შევძელი, წერა გამეახლებინა. სწორედ მაშინ შეიქმნა ყველა პერსონაჟი, გარდა ჯონათან ნაბსისა (იგი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო).
გმირებში ამოიცნობთ სხვადასხვა რამეს, ზოგიერთი, მაგალითად - იოზეფ უონბურგი და ოლივერ მაკროგი, საერთოდაც, ვიღაცებს განასახიერებენ. ამასთანავე, ოლივერი სრულიად შემთხვევით შეიქმნა. გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამ ბიჭში გავაიდეალე ყოველივე, რაც ადამიანს პიროვნებად აყალიბებს (თუ დააკვირდებით, სხვა ყველა პერსონაჟს დიდი ნაკლი, თუნდაც ერთი, აქვს. მაგალითად: ნაბსი ლაყბობის მოყვარულია, იოზეფი ბუზღუნის, ფილიასი ხანდახან ზეცაში დაფრინავს, კაპიტანი ჰაგარდი კი, მგონი, ამმხრივ დახასიათებას აღარც საჭიროებს.). ვფიქრობ, რომ ერთ დღეს მეყოფა გამბედაობა და ვიტყვი, ვისი პროტოტიპებია ეს ორი პერსონაჟი…
ახლა ცოტას მომავალზეც გაგანდობთ. ჩემი წარმოდგენით, საშინელი უტიფრობა და გულგრილობა იქნება, თუ ამ პერსონაჟებს მარტო ერთი წიგნის ფურცლებზე დავტოვებ, ამიტომავ, მხედველობაში მაქვს, რომ წერა გავაგრძელო, რამდენიმე ტომი შევკრა და ვგონებ, ჩვენი გმირებიც არ მეტყვიან უარს ახალ მოგზაურობებსა და ფათერაკებზე. განსაკუთრებით მრავალი ამბავი უნდა გადახდეთ მათ, ხალხის სიყვარული რომ დაიმსახურონ. შეიძლება, ჩვენს ქვეყანასაც - საქართველოსაც ეწვიონ. იმდენი რამეა საქართველოში დამარხული, რომ მათი არგამჟღავნება მოღალატეობრივი საქმე იქნება, ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, ყველა საიდუმლო უნდა გამოაშკარავდეს და აქ უნდა გამოემგზავროს ექსპედიცია. და ვინ და ვინ იქნებიან უკეთესი მკვლევრები, გნებავთ ენთუზიაზმითა და გნებავთ - სიმამაცით, თუ არა ჯონათან ნაბსი და მისი საამაყო მეგობრები? თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ ჩანაფიქრია. დანარჩენს მკითხველი მოგვიანებით გაიგებს და ბევრი ფიქრი არ უნდა, რომ ასე მეტად ინტრიგული, ბურუსით მოცული და საინტერესო იქნება…
დაბოლოს, მინდა მივმართო მსოფლიოს ყველა ადამიანს! თქვენს წინაშე კაცობრიობის მიჩქმალული ისტორიაა. სანამ მტვარეზე მისიებს გააგზავნით და მარსის კოლონიზაციას დიდი მონდომებით დაიწყებთ, მანამ გახსოვდეთ, რომ დედამიწა ხელახლა გაქვთ აღმოსაჩენი. იცოდეთ, რომ არც ერთი მემატიანე და ხალხი არ თხზავს ტყუილად ლეგენდებსა თუ მითებს სხვადასხვა რამეზე. მეცნიერებას ისევ არ ძალუძს, იპოვოს, ვთქვათ, ატლანტიდა (რომლის არსებობაზეც ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი იუწყებოდა. მისი თქმით, ეს იყო კუნძულოვანი მითიური ქალაქი, რომელიც ათასწლეულების წინათ ზღვამ შთანთქა.). ბევრი ეძებდა მას, მაგრამ - უშედეგოდ. თუმცა, განა გაუგონარი სიბრიყვე არ იქნება, თუ ჩავთვლით, რომ ატლანტიდა რაკი ვერავინ იპოვა აქამდე, ის არ არსებობს?! მკვლევრებმა ვერ იპოვეს ძველი, მერვე კონტინენტიც, რომელსაც „მუ“ ეწოდებოდა და წყნარი ოკეანის ცენტრში მდებარეობდა. პანგეის დაშლის შემდეგ მისით კავშირდებოდა აზია და ლათინური ამერიკა და ამის მტკიცებულებებიც არსებობს: ახალი ზელანდია და პოლინეზია. ორივე მათგანი მუს ნაშთია და ახალი ზელანდია, ცნობისთვის, მუს დარჩენილი მხოლოდ 5% ხმელეთია, 95% წყალში ჩაიძირა. ეს იქაურ აბორიგენთა კულტურის ნიმუშებშიცაა ასახული - რაც უპოვიათ პოლინეზიასა თუ ახალ ზელანდიაში (იარაღები, ჭურჭელი, სრულიად უცხო სახეობები ცხოველთა და მცენარეთა და სხვ.), მათ იდენტურ ნივთებს და არსებებს მიაგნეს ლათინურ ამერიკაშიც და ეს მიუთითებს ერთ რამეზე: აზიასა და ამერიკას ბერინგის ყელის გარდა მუც აკავშირებდა. თუმცა, მეცნიერებას ისევ არ შეუძლია, მაღალწნევიან სიღრმეებში ჩააღწიოს და აი, აქ ვუშვებთ შეცდომას: გვაკლდება გამბედაობა და ასეთი იდეის არსებობის დადასტურებისაც გვეშინია. არადა, კაცობრიობა სწორედ მსგავსი რევოლუციური იდეებით იქცა იმად, რაც დღესაა…
ერთი სიტყვით, მოგიწოდებთ, უწყვეტ ნაკადებად მიაწყდეთ სამყაროს კვლავაც შეუცნობელ მიწებს, დაე, ეცადეთ, დედამიწას რაც შეიძლება მეტი საიდუმლო დასცინცლოთ!..
                                                            

იწერებოდა 2023 წლის 11 აპრილიდან 30 დეკემბრამდე.


„რისი წარმოდგენაც ადამიანის გონებას ძალუძს, ყველაფერი არსებობს!“
                                                ფილიას ატკინსი           



ერეკლე ბეჟუაშვილი — დაიბადა 2010 წლის 12 ივლისს ქალაქ თელავში, ცხოვრობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში. 2016 წლიდან სწავლობს თელავის მეფე ერეკლეს სახელობის პირველ საჯარო სკოლაში, ამჟამად არის მეცხრე კლასში, 14 წლის. უყვარს ყველა საგანი, გამორჩეულად კი — ისტორია, გეოგრაფია და ფიზიკა. უკრავს ფორტეპიანოზე და წერს ლექსებს.








скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ნატა ბერძული -  „თევზის ტირილი“ - ადამიანად ყოფნის სევდა ნატა ბერძული - „თევზის ტირილი“ - ადამიანად ყოფნის სევდა ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები / გამოქვეყნებული გორვანელი - გამოხმაურება ეკა ოთარაშვილის პროზაული კრებულის (,,გაქცევით შეჩერებულები“) შესახებ გორვანელი - გამოხმაურება ეკა ოთარაშვილის პროზაული კრებულის (,,გაქცევით შეჩერებულები“) შესახებ ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები გორვანელი - რამდენიმე ნიუანსი მაგდა გოშნიაშვილის ნაწარმოებში - ,,ალპური ვარდი, ანუ თოვლზე ამოსული როდოდენდრონი“ გორვანელი - რამდენიმე ნიუანსი მაგდა გოშნიაშვილის ნაწარმოებში - ,,ალპური ვარდი, ანუ თოვლზე ამოსული როდოდენდრონი“ ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები სონია ქართველიშვილი - ბექა ქურხულის ,,ქალაქი თოვლში" სონია ქართველიშვილი - ბექა ქურხულის ,,ქალაქი თოვლში" ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / მომხმარებლები მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ ჟურნალი / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge