ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
გორვანელი - გამოხმაურება ეკა ოთარაშვილის პროზაული კრებულის (,,გაქცევით შეჩერებულები“) შესახებ
ადამიანის ცხოვრებისეული დრამა ყოველი დღის ერთფეროვნებითაა გაჯერებული.., უკეთესი იქნებოდა გვეთქვა - ყოველი დღეა ცხოვრებისეული დრამა და ერთფეროვნებაც მასში გამოსჭვივის. მგრძნობიარეა ადამიანის ბუნება, პირველადი სიწრფელითა და ბუნებრიობით ცდილობს ეზიაროს მყოფობას, გაიხსენოს სამყაროს შთანაფიქრი, რომლის ნაწილიც, ერთ დროს, თავადაც იყო.
ლიტერატურული ნაწარმოების დანიშნულება ცალსახა არასოდეს არის; მრავალგვარი შესაძლებლობა ისახება ტექსტუალური ფიქსაციის შემდეგ. ცალკეული ადამიანისა და საზოგადოებრივი ჯგუფის დახმარებასთან ერთად, ლიტერატურა ანადგურებს მათ, ეზოთერული სისავსისა და მარადიულობის განცდის საპირისპიროდ, არწმუნებს, რომ ისინი არარაობები არიან, რომ სამყაროული სიცარიელის დაცლისა და აღვსების სიდიდე იგივეობრივია.
ეკა ოთარაშვილის პროზაული ნაწარმოებების კრებული - ,,გაქცევით შეჩერებულები“ საინტერესოა. ავტორისეული ეგზისტენციალისტური პათოსი ბაზიპეტალურად მომდინარეობს, სადაც გაცნობიერებულია ადამიანური უმწეობა. ტექსტებში გამოკვეთილია ავტორის მგრძობიარე ბუნება, რასაც ყოველ მონაკვეთში ვხედავთ. სულიერი მდგომარეობის ასახვაა მისი ნაწარმოებები, ბიოგრაფიულ თუ ავტობიოგრაფიულ მოტივზეა აგებული ტექსტების სრული უმრავლესობა. ავტორი ცდილობს, რომ შეგრძნებებისა და წარმოდგენების სამყაროში შეაღწევინოს მკითხველს, თავსგადახდენილი ფაქტების ლიტერატურული ხერხებით გარდასახვას აწარმოებს.
წიგნი ,,გაქცევით შეჩერებულები“ 38 დამოუკიდებელ ნაწარმოებს აერთიანებს, რომელთა დიდი ნაწილი ჩანახატის ფორმითაა წარმოდგენილი, აგრეთვე, გვხვდება მოთხრობები და ლიტერატურული ესსეები.
ეკა ოთარაშვილი ცდილობს, რომ ტექსტი სრულად გამოხატავდეს მისი ცხოვრების დინამიკას. ემიგრანტი ავტორის სასოწარკვეთილება სრულად იდეალიზებულია, პრაგმატულ ყოველდღიურობას მგრძნობელობითი სიღრმითა და შემეცნებით ითავისებს, რაც ტექსტუალური მეტამორფოზის შეუჩერებლობას ავლენს. წინადადებები არ არის გადატვირთული, ტექსტის პასაჟებში გრაფემა იმდენად ბუნებრივად და ოსტატურად ეთავსება სიტყვიერებასა და ფრაზეოლოგიზმს, რომ კანონზომიერებადაც შეიძლება მოგვეჩვენოს, სადაც ლაბილური გამოვლინების შეუძლებლობასაც იმთავითვე ვიგრძნობთ. ოთარაშვილის იერემიადა სავსებით გულისამაჩუყებელი და, ამავდროულად, სასტიკია, სადაც მკაფიოდ სჩანს ტიარაში გახვეული ბაიადერი, რომელიც სრულ თავდავიწყებას ეძლევა და თან სიძლიერეს დემონსტრირებს, მისი სულიერი სიმტკიცე და გარეგნული სისუსტე სინთეზირებულია, რაც შთამაგონებელ მომხიბვლელობას ანიჭებს.
წიგნში შეტანილ ნაწარმოებთა უმრავლესობაში ვხვდებით თხრობის ლაპიდარულ სტილს, აზრი გადმოცემულია ყოველგვარი გადამეტებული ვულარიზმისა და პათეტიზმის გარეშე, იგრძნობა ავტორის შინაგანი დაპირისპირება მაკიაველიზმისა და იეზუიტიზმის მიმართ, სიკეთის პოსტულატი ცნებობრივად ხორციელდება, რაც მაქსიმალიზმის ცხოველმყოფელ სურვილს აჩენს. მანდეისტურია წარმოდგენილი ტექსტების პათოსი, რაც წინააღმდეგობაში მოდის ცალსახა, მონოტორულ დოგმატიზმთან. ყოველ ადამიანს, მიუხედავად სოციალური, რელიგიური, ეთნიკური თუ მსოფლმხედველობრივი განსხვავებულობისა, აკავშირებს ის გრძნობისეული სათნოება, რაც მენტალიზმის მასაზრდოებლად ევლინება ავტორს.
რთულია ემიგრანტის ყოფა, მით უფრო, როცა საქმე ქალს ეხება. სირთულეებთან პირდაპირი შეხება უწევთ ქალბატონებს, რომლებიც ოჯახისა და ახლო გარემოცვის, მშობლიური სივრცისაგან შორს ეძიებენ საკუთარ ნავთსაყუდელს. ცდილობენ, რომ გადალახონ ბარიერები. საკუთარ თავზე ფიქრი მათთან ყოველთვის ბოლო საფეხურზეა, თავდაპირველად ისევ ოჯახია, რომლის გამოც კონკრეტული ნაბიჯი გადადგა ემიგრანტმა ქალმა. ეკა ოთარაშვილის ნაწარმოებებს თან ახლავს ემიგრანტი ქალის სისუსტე და სიძლიერე. მის ყოველ ტექსტში პერსონაჟები საკუთარ ფუძეს გაცლილი ქალბატონებია, რომლებსაც უშრეტი ენერგია გააჩნიათ იმისათვის, რომ თავი გადაირჩინონ და, ამავდროულად, არ დაჰკარგონ ღირსება.
განსაკუთრებით ყურადღებაგასამახვილებელია რამდენიმე ნაწარმოები, რომლებშიც ვთვლით, რომ იდეალურად გამოჩნდა ავტორის სამწერლო ტექნიკა და ხელწერა, ეს ნაწარმოებებია: ,,არეკლილი სხივის გამოძახილი“, ,,რკინის ქალამანი“, ,,გაქცევით შეჩერებულები“, ,,მე ვრჩები სახლში“, ,,დედას პური“, ,,ადამიანო, იყავი ბედნიერი“, ,,ბაბე ბებო“, ,,იტალიელი ლილიანა“, ,,დაგვიანებული პანაშვიდი“, ,,პურის ფასი“, ,,თელავური იტალიური ეზო“, ,,არ დაგენახეთ“.
რამდენიმე ნაწარმოებში დარღვეულია თხრობის დინამიკა. ავტორისეული ტელეპატია იგრძნობა, რაც დამოუკიდებელ ტექსტებსაც კი ერთმანეთთან აკავშირებს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ორთოეპიისაგან განძარცვულია და განსრულების ლოგიკურ აპოგეას ვერ აღწევს. სარკისებური მეტაფორების კვალდაკვალ, ვხვდებით შეუქცევად დეგრესიას ნაწარმოების მუხტისა, რაც ყოველი ახალი ტექსტის დასაწყისში ირაციონალური ენერგიით უნდა გადაეცეს მკითხველს. ძლიერი ნაწარმოების კითხვისას, ეს მუხტი ყოველთვის იზრდება და განსრულებასაც აღწევს ადამიანის ფსიქიკაში, ხოლო სუსტი ნაწარმოები ფიქრთა უსასრულობაში ისე იკარგება, თითქოს არც კი შექმნილიყოს და, ამ დროს, ჩნდება კითხვა: რატომ გაისარჯა ავტორი?! მსგავს ტექსტებს არ გააჩნიათ ლიტერატურული ექსპანსია, არ გამოირჩევიან ეკლექტური შესაძლებლობებით და დისკრეტულნი არიან. რამდენიმე ნაწარმოებია ასეთი ზემოაღნიშნულ წიგნში. ეს ნაწარმოებებია: ,,ბერწი ზამთარი“ და ,,ფსიქიკის აკლიმატიზაცია“. ამ ტექსტებში განელებულია ყოველგვარი სამწერლო ემოცია და დახვეწილობა, რაც ავტორს ასე მძაფრად ახასიათებს სხვა ნაწარმოებებში. ,,ბერწი ზამთრის“ სიუჟეტი ნაკლებად საინტერესოა, დიალოგებიც მეტისმეტად სუსტია.
ეკა ოთარაშვილის პროზაული ნაწარმოებების წიგნი - ,,გაქცევით შეჩერებულები“, საბოლოო ჯამში, დადებით შეფასებას იმსახურებს. ავტორისეული მგრძნობელობა და გადმოცემის უნარი ნაწარმოებთა უმეტესობაში სჩანს. გულწრფელობა, რაც ყოველდღიურობისათვის დამახასიათებელ რუტინას რეალისტურად გვიჩვენებს. ოთარაშვილის სამწერლო სტილი ჩამოყალიბების სტადიაშია, თუმცა წარმოდგენილი გვაქვს მონისტური ცნებები, რაც ხაზს უსვამს ავტორის ეზოთერულ სისავსეს, იმას გვიჩვენებს, რომ ადამიანური სიკეთენი არ არის ანტაგონისტური, სიკეთეს ერთი საფუძველი და განვითარება გააჩნია - თუ ის ნამდვილად სიკეთეა, დანარჩენად, მხოლოდ მოჩვენებითობასა და სიყალბესთან გვაქვს საქმე. ავტორისათვის, ჭეშმარიტად ადამიანური ღირებულებებია მნიშვნელოვანი, რის ირგვლივაც ესახება მთელი სამყაროს პროგრესი. ავტორი ცდილობს, შეგრძნებების ენით იმეტყველოს და ამას უჩვეულოდ ბუნებრივად აკეთებს. ფრაზათა შორის კავშირებისას, თითოეული სიტყვის დანიშნულებას ვგრძნობთ, რაც ნაწარმოებების კითხვისას სენტიმენტალიზმით აღგვავსებს. იმდენად ვხდებით ამა თუ იმ ტექსტის ნაწილი, რომ მისი დასრულების შემდეგ გარკვეული დრო გვჭირდება, რომ გამოვერკვეთ... თითქოს ჩვენივე სულს ვეხებით.
ვთვლით, რომ ეკა ოთარაშვილი საინტერესო ხელოვანია, მისი ნაწარმოებების უმრავლესობა კი - მისი სულის სარკეა. პროზაულ კრებულს - ,,გაქცევით შეჩერებულები“ ვანიჭებთ ლეგიტიმაციას და ვამბობთ, რომ ნამდვილად ღირს ამ წიგნის წაკითხვა.
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა