ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ნატა ბერძული - „თევზის ტირილი“ - ადამიანად ყოფნის სევდა
„პოეზია მადლია, ნიჭია, მაგრამ დიდი ტვირთიც არისო“- წერდა ილია ჭავჭავაძე. აი, ამ მადლით, ნიჭითა და ტვირთით დაჯილდოებულია ქალთამზე ანა სურმანიძე.
„მზერწყულის“ დაბადებას კარგა ხანია ველოდებოდით პოეზიის სიყვარულით შეპყრობილი ადამიანები. საოცარია განცდა, რომელიც ამ „ახალშობილის ხელში აყვანამ“ და ანას პოეტურ სამყაროში ჩაძირვამ შეიძლება მოუტანოს მკითხველს.
ისეთი მძაფრი და შთამბეჭდავია მოგზაურობა „მგზავრის“ კვალდაკვალ, სად არ გაგაქროლებს, სად არ გადაგჩეხს, ხან რეალურსა და ხანაც ირეალურ სამყაროში გამოგზაურებს. ავტორის ფიქრების დრო-სივრცითობა უსაზღვროა, ამ ქრონოტოპში მოგზაურობა მას ერთი ჯადოსნური მოქმედებით შეუძლია: „მერე ვხუჭავდი თვალებს ძლიერ, იმდენად ძლიერ, რომ ტკივილისგან ვარსკვლავები თვალებში მენთო“, ან „ჰამაკში ვწევარ... ვისვენებ და შევცქერი ზეცას... ღმერთო! ზეცაში ფილმად ვნახე ჩემი წარსული“...
არა მხოლოდ წარსულის მძაფრი განცდები და განცდილში კვლავ, რაღაც ჯადოსნური ძალით მოგზაურობა, არამედ ამ მეტაფიზიკურ ქრონოტოპში ასახულია მოვლენების ავტორისეული ხედვა , ხედვა მომავლისა... ეს ის ლექსია, რომლიდანაც იღვრება გემო, იფრქვევა სუნი, კაშკაშებს ფერი... ასეთი მძაფრი შეგრძნებები, განცდები გეუფლება , როდესაც კითხულობ სტრიქონებს :
„შენს თითებს, შვილო, ჟოლოს გემო ექნება, ალბათ...
პაწია ტუჩებს, ლოყებს, სახეს-სუნი ვანილის,
დასაბამიდან შენს არსებას ფიქრებში ვლამბავ,
ფიქრის ძაფები ამოვავლე თაფლში და დალბა...
შენ ხარ ვარსკვლავი, ჩემი ციდან ამოყვანილი“...
ეს ის პოეზიაა, სადაც პოეტი ცდილობს შეაღწიოს პოეზიის იდუმალ სამყაროში, ცხადად წარმოგვიჩინოს ლექსის დაბადების პროცესი, რომელზეც ილია წერდა: „ პოეზია საგრძნობელია და არა საცნობელიო“. ბესიკ ხარანაული კი წერს: „ლექსები გულის მარაოა, რომლითაც ცეცხლს ვინელებთ და დარდებს გადავიყრით“. ავტორის „გულის მალამოები“ კი ასე იბადებიან:
„დალოცა და გამოცალა
ღმერთმა პირმშოს ფიალა
და ფეხმძიმე პოეზიამ
ლექსი იმშობიარა“.
გიყვარდეს, ნიშნავს სიკვდილისათვის იყო მზად. უნდა გიყვარდეს ყველაფერი, რადგან ამ ქვეყნად მოსვლის ერთადერთი , მარადიული მისიაა სიყვარული. მზით მორწყულ სამყაროზეა გამიჯნურებული მგოსანი. ყურადსაღები და გულთან მისატანია ის ტკივილი, რომელიც ხშირად ეუფლება სამშობლოს ავბედითი ყოფით შეპყრობილს, თუმცა , როგორც ზვიად რატიანი ამბობს: „ეს ქვეყანა ხშირად გვაძლევს შესაძლებლობას გიყვარდეს იგი, იშვიათად -კიდეც სარგებლობ“.
საქართველოს ისტორიული წარსულის გახსენებით , („ბანა“), ქართული ენის სიყვარულით , („ენა ქართულო“ ), აფხაზეთის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის წარმოჩენით („შარბათსიზმარი“), ავტორი გვაძლევს საშუალებას კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ ზემოთ ხსენებული მისიის აუცილებლობაში:
„ქართული სუნი სდიოდა ყველას,
აფხაზურ სახლებს, მზეს და ბალახებს...
ღმერთო, მაღალო, შარბათსიზმარი
ოღონდაც , ცხადში კვლას დამანახე!“
ამ ლექსების კითხვისას მკითხველი გვერდს ვერ აუვლის მარადიული მონატრების, (ნეტავი, ამაღამ როგორა ხარ, გული თუ უჩემობას დანებდა?); მარადიული ზრუნვისა (ო, ღმერთებს, დაგიცვან -უთხარი) და მარადიული ლოდინის (ჩემეულ საზღაპრეთს ვუბრუნდები, იმ ზღაპრებს ერთი შევრჩი გოგოღა...) შერწყმა. ეს არის სამყაროს მამოძრავებელი ძალა, რომლის გარეშეც ამ სამყაროში გადარჩენა, „თვალში გაჩხერილი ბეწვისა და დირეს ამოცლა“, სიმშვიდისა და ბედნიერების ჭარბი ემოციური წვდომა, მხოლოდ ერთმანეთისათვის „თვალში ყურებას შეუძლია“:
„გადავარჩინოთ ერთმანეთი...
მიყურე თვალში,
ამომაცალე გაჩხერილი ბეწვი ან დირე,
რაც უნდა ზეცამ იხვართქალოს
ქოლგას ნუ გაშლი,
გადამაფარე გამჭვირვალე გულის მანდილი“...
სითბო, უანგარო სიყვარული, იღვრება მშობლებისადმი მიძღვნილ ლექსებში. ეს ის ლექსებია, რომლებსაც სულის შეკუმშვამდე მოაქვთ ტკივილის, მონატრების, მშობლიურთან საოცარი ჩაჭიდებისა და შენივთების განწყობა:
„მე ახლა ვფიქრობ, რამ შემატა ჩემს თმებს მზის სითბო,
მზის ელვარება,
მზის ნავარდი დალალებს შორის?
და გამახსენდა,
მთელი ბავშვობა, ჩემს თმას შენი თითები წნავდა“...
და ბოლოს, თქვენ გინახავთ თევზის ტირილი გაბმული გვალვებისას?!
კრებულში წარმოჩენილია სამყარო, რომელშიც ადამიანის ამ ქვეყნად მოვლინების , ადამიანად ყოფნაზე ფიქრისა და სამყაროს, როგორც უსიერ ტევრად წარმოსახვის შესაძლებლობა გაქვს. ადამიანები თევზები - გაბმული გვალვებისას ( სამყაროში შექმნილი წინაღობებისა), ატირებულები და დაბნეულები; ადამიანები მწვერვალები - რძის (იმედის) გაშრობით ტყეგაჩეჩილები; ადამიანები მდინარეები - ფსკერზე ყვავილებამოწვერილები (სიცოცხლის სიყვარული), იმედს არ კარგავენ. ამ სამყაროში ცხოვრებაც ხომ ამ იმედის ძიებაა, რომელიც უფალს გვაპოვნინებს, ამოიყვანს „ჭიდან მზეს“ და „ააქროლებს ქარებს“, მიგვაახლოებს უფალს, რომელიც შორს გვგონია და თურმე რა ახლოს გვყავს:
„ღმერთო , რა ახლოს მყოლიხარ,
მეგონა შორზე, შორ იყავ.....
...თურმე, რა ახლოს ყოფილხარ,
თურმე, რა ჩემთან ყოფილხარ,
თურმე, რა ჩემში ყოფილხარ“...
ქალთამზე ანა სურმანიძის პოეზიაში საინტერესო იქნება ლექსის ტიპების კვლევა, ვინაიდან კრებულში ტრადიციულ-კონვენციურ ლექსებთან ერთად გვხვდება: ვერლიბრი, თეთრი ლექსი, ჰაიკუ, ტანკა, რობაი... მინიმალისტური პოეზიის საოცარი ნიმუშები.
ლექსის ტიპებთან ერთად, ლექსის ვიზუალზე დაკვირვებაც გვაჩვენებს, რომ ავტორს მხოლოდ შინაარსზე კი არ აქვს აქცენტი გადატანილი, არამედ თვალშისაცემია კომპოზიციურ აგებაში გამოყენებული დეტალები, ფორმობრივი მახასიათებლები. ამის თვალსაჩინო ნიმუშია ლექსი „ჯონათან“:
„თვალები. მზე.წყალი. ტირიფი.
ტალღები.სილურჯე.კვალი.
თოლია
ფიქრები.
საზღვრები.
გაფრენა.
გარღვევა.
ხვალე.
მორჩილნი. ჯგუფები. საკვები.
თევზები. ბრბო. ბნელი. სონატა.
ძიება.
შეცნობა.
ამბოხი.
იფრინე.
იფრინე.
ჯონათან!“
ლიტერატურით დაინტერესებული მკითხველისათვის საინტერესო იქნება ამ და სხვა მიმართულებით ქალთამზე ანა სურმანიძის პოეზიაზე დაკვირვება.
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა