გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ქართლოს ქარჩხაძე - ლექსები



***
სულში ჩამოთოვა, როგორც მთის ფერდობზე,
ყინავს, აკანკალებს სხეულს მარტოობა.
თვალებს უსასრულო ჰორიზონტს მივაპყრობ,
ის თუ გამოჩნდება, ის თუ მარტო მოვა.
გარეთ თოვლის ფიფქებს ქარი ათამაშებს,
სულშიც ზამთარია, აღარ გაიდარა,
მარტოს ფანჯრის მიღმა გამირბის თვალები
და ამ მოლოდინში წლებმა გაიარა.



***
ორმოცდასამი გაზაფხული გავიდა უკვე,
ორმოცდასამჯერ ჩამორეკა ცისკრის ზარებმა.
ამ ხნის მანძილზე, ბევრი რამე გამოვიარე,
ამ ხნის მანძილზე ბევრი ცრემლიც ნახა თვალებმა.
თმაში ჭაღარა შემპარვია, ვერცხლის ძაფებად,
დანაოჭებულ შუბლზე უკეთ მეტყობა წლები,
ახალგაზრდობამ გაირბინა, თითქოს წამებად
და სიჭარმაგის ოღროჩოღრო გამოჩნდა გზები.
ორმოცდასამი გაზაფხულის წვიმა მასველებს,
თუმცა სულ ვერ ვგრძნობ, ჩემი თავი მგონია ბავშვი,
წარსული წლები თავის მძიმე მოგონებებით, 
ოვაციებით გავაცილე, მხურვალე ტაშით...



***
ცრემლი არ გიხდება, დანამა ღაწვები,
თითქოს ზეცა ტირის და ირგვლივ ნისლია,
შენთვის ღიმილია ნათება ციური,
თვალების ციმციმი ურყევი ფიცია.
ჰოდა, დაივიწყე ცრემლები მალული,
მზის სხივმა შეაშროს შენს ღაწვზე სინამე,
იხარე ცხოვრებით, განაგდე დარდები
და გამოანათე ციური სინაზე.
***
ჰო, მარტოობა ძნელია, ძნელი.
გადაწელილა ფიქრებად ღამე
და რა ტკივილსაც ინახავს გული,
დაულექია ფსკერისკენ თვალებს.
ჰო, მარტოობა რეკავს ტკივილად,
თუმცა ქუჩაში უნდა ვიღიმოთ.
მერე ჩვენ თავთან მარტო დავრჩებით,
ღამის წყვდიადში უნდა ვიტიროთ.
ჩვენს ირგვლივ ხალხი ირევა ბევრი,
ჩვენს ირგვლივ ბევრი ჩაივლ-აივლის,
მარტოობასაც აქვს დასასრული
ბრძენი ამბობდა ,,ესეც გაივლის“.



***
თვალების ფერი? არა, ძვირფასო,
ეს არ განსაზღვრავს ელფერს ქალისას,
მთავარი არის, რომ იმ თვალებში
ბედნიერების ჩანდეს ქარიზმა
და იმ თვალებში ყველა ფერისა
კამკამა სული ჩანდეს უძირო,
ჰო, იმ თვალებში ჭინკები ხტოდნენ
და სიხარულით თუნდაც უძილო.
ბედნიერებას არასდროს თმობდნენ.



***
ვაი, რომ არ ამოდის, ცრემლები გამშრალა, 
მოაწვა ყელს ბურთად, მახრჩობენ მგონია, 
დაეშვა უკუნი ღამეთა ფარდები
და ფრთა მოტეხილი ზღვას გაჰყვა თოლია.
ჰორიზონტს სისხლისფრად ანათებს დაისი,
ქარები ქრიან და ამ სულში შტორმია,
ცრემლები შველისო? არ არის მართალი,
ტკივილს ვერ გააქრობს, ეს მხოლოდ ჭორია.
ცრემლი ვერ უშველის, ვერც წარსულს წარეცხავს, 
დარჩება იარად ის უწინ რაც იყო,
თუმცა ამ ტკივილით ვისწავლოთ ცხოვრება,
მწარე მოგონება ფიქრთაგან გავრიყოთ.



***
რისი მეშინია? მხოლოდ იმის,
რომ გული გაჩერდება წამში,
სული ზეცის კარებს მიაწყდება
კენტი ფოთოლივით ქარში. 
მიწას მიმაყრიან, ხალხი დაიშლება,
საფლავს გამეტებით ათოვს
ძლიერ მეშინია, მზარავს მწარე ფიქრი.
იქ როგორ დავრჩები მარტო... 
იცი? მეშინია სული უსხეულოდ,
ვერ ვუძლებ ფიქრსა და შიშს,
ჩემი პაწაწინა ვერ მომეფერება,
ვერ ჩავეხუტები შვილს.



***
მინდა, წავიდე სადმე ქვაბულში,
მარტო ფიქრებთან ეული დავრჩე,
ცრემლი რომ უცხომ ვერ დაინახოს
და ვესაუბრო სამყაროს გამჩენს.
ცრემლად დავღვარო გულის დარდები,
ვისმინო წყაროს ჩუხჩუხი ჩქარი.
გულს დამიმშვიდებს ალბათ სიჩუმე,
თმებს ამიწეწავს აშარი ქარი.
ამ სიჩუმეში ჩავიკარგები,
მთვარე გაახელს მილულულ თვალებს,
იქ, შორს, ყველასგან მარტო ვიქნებით,
მე, ჩემი ფიქრი და თბილი ღამე.



***
მე მენატრება გაზაფხულის ლამაზი ღამე,
ღამის სიჩუმეს აყოლილი თბილ ტანგოს ჰანგი.
მე მენატრება გაფრენილი წლები ბურუსად
და ამ ბურუსში გაფრენილი იმ ერთის ლანდი.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge