გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მაია კახიძე - ლექსები



რაა სიცოცხლე?

გულზე ცხოვრება გადამევლო მიმინოსავით,
მინდა, გიპოვო სიყვარულის დღესასწაულზე,
ნაწვიმარი ცა ცახცახებდა ცაცხვის შტოსავით
და ამორძალის სხეულივით მომისწრო სულზე.
  
ცისკრის მორევად იღვრებოდა აპრილში მესა,
შუა ოთახში მარტოდმარტო იჯდა დაისი, 
გამოღვიძებულ ბეღურების ისმოდა კვნესა,
ერთად ითბობდნენ თითებს ისევ აპრილ-მაისი.
  
აპრილო ჩემო, ცათა თაფლის სურნელით სავსევ,
თავსასთუმალთან მეგულები სიყვარულივით,
მომეცი ხელი, წამოვდგე და კოცნით აგავსო,
თორემ ზეცაა გულისპირზე გათვალულივით.
  
მკერდს გაზაფხული ეხეთქება, ტაბლა მარხული,
მითხარით ვინმემ, რად ვარჩიეთ უფალს ბარაბა,
დამყურებს ღამე, ფარვანებით მოჩარდახული,
ნუგეშის ხელმა გადმოწერა ცოდვის ბალადა...
დღეს რაღაც დიდი მიხარია, მზემ ჩამომხედა,
თვალებმა ჩემმა ჩამოგლიჯა ცას საფარველი,
მე აქედან და ის იქიდან ყველაფერს ხედავს,
გული ანთია ძველებურად ფორთოხლისფერი.
  
რაა სიცოცხლე, თუ არავინ გყვარებია ოცნების გარდა,
ედემის ბაღში ცისფერ ზღაპრებს იგონებს მაცნე,
ცისკრის ნაპირებს ჩამოკიდეს წითელი ფარდა,
ქათქათა პერანგს ანგელოზი სიმღერით მაცმევს.


ვარდობისთვის ეპითალმა

ვარდობისთვეს შემიყვარდი,
უცბად ჩადგა სისხლში ქარი,
გულის გულში ჩამივარდი,
ესეც ჩემი გულის ბრალი.
უფლის დიდი წყალობა ხარ,
ცის ნაფერი ლაჟვარდები,
სულაც კალმით ნახატი ხარ,
მზერა შენი - ზამბახები.
ბროლის კოშკში დაგაძინებ, 
დაგიკოცნი ირმის თვალებს,
ვარდის ეკლებს აგარიდებ
და აგინთებ თორმეტ მთვარეს.
მაისების აბრეშუმებს, _
ფეხთ დაგიფენ საამებოდ,
შურდეთ მერე შარიშური,
ყველას შურდეს, საყვარელო.
მზესუმზირის მარცვალი ხარ,
წნულის შუა ჩავარდნილი,
სიყვარულის სურნელი ხარ,
გულის გულზე გადავლილი.
რა ძალიან შეგიყვარე,
შენითა ვარ ასე მთვრალი,
გულის ძირში ჩაგიყვანე,
ესეც ჩემი გულის ბრალი.
იცი, პოეტს მინდა ვგავდე,
შენად, შენთვის, გოგნი - გოგო,
თან, უბეში მინდა მყავდე, 
დაგიჩემებ, თანაც, როგორ!
შევეყარე ვარდის ტუჩებს,
აპრილივით ნამიანებს
და ჩავყევი ყელის სურნელს,
ვნების თვალებს, ცვარიანებს.
ბაგე ბაგეს ეხეთქება,
ღამე კვნესის მთვარიანი,
ჰოდა, რაღა მეშველება,
ჰოდა, შენი ბრალი არი.
ვარდობისთვეს შემიყვარდი,
უცებ ჩადგა სისხლში ქარი,
გულის გულში ჩამივარდი,
ვაი, ჩემი გულის ბრალი!
ვაი, ჩემი გულის ბრალი,
ვაი, ჩემი გულის ბრალი!


იქ, სადაც შენა ხარ

შენ იცი, რაცა ვარ, ესა ვარ, რაცა ვარ,
შენ ჩემი ყველა ხარ, ზეცა ხარ, მზეცა ხარ,
ხან ჩემი ფიქრი ხარ, ხან ჩემი ფრენა ხარ,
ხანდახან შორიდან ლაზარეს მზერა ხარ.
შენ ჩემი სუნთქვა ხარ, მე შენი კოცნა ვარ
და ფერად სიზმრებში აქვე ხარ, აქა ხარ,
მე შენი მგზავრი ვარ, შენ გზაზე დავდივარ,
მივდივარ, მოვდივარ, ქარი ვარ, წვიმა ვარ.
შენ ჩემი ღამეც ხარ, შენ ჩემი დღეცა ხარ,
ხანდახან მგონია, ხარ კიდეც, არცა ხარ,
შენთან ვარ, შენი ვარ და შენი კვნესა ვარ,
იქ სადაც შენა ხარ, იქ სადღაც მეცა ვარ...
შენ ამბიონი ხარ, შენ ჩემი ლოცვა ხარ,
შენ იცი, რაცა ვარ, ესა ვარ, რაცა ვარ...
ხან ისე კარგად ვარ, ხანდახან ვერცა ვარ,
ეს სიყვარულია, სიყვარულს ვფიცავარ...


ვით ქალის ბჭეზე

ხავერდის მთვარეს შევყურებდი წუხელის დიდხანს,
მკერდში ჟონავდა შეღამება, ცაის ზმანება,
ეს შემოდგომა ქადაგივით სარკმელში იდგა,
ამივსო გული, ბროლი ესე ფიქრთა სამებამ.
ღამის ციმციმში უძილონი სხედან შაშვები...
დაფუთფუთებენ ფიქრები და ვაწვალებ კალამს,
წვიმას ჩამოჰყვნენ სტრიქონები ცათა ქარშეთში,
ვიღაც მისხამდა გულიანად გულისფერ შარბათს.
ზოგჯერ, ჩემს სხეულს ფერად ზღაპრებს ვუგონებ განგებ,
ჩემი სითბო ხარ, უხილავიც ჩემი ხარ, სულო,
როცა ვიცლები, შენი ჯამით სიცოცხლეს მასმევ,
ვით ქალის ბჭეზე ამოსული ხვიარა, სურო.
რა ვქნა, ჩიტივით რად ფართქალებს ეს გული მკერდში?
გული დამირჩა, სული, ჩემი ლოცვის ამარა,
ნარინჯის დილა სიყვარულით გაყუჩდა მზეში
და ცის მკერდივით აზიდულა ფიქრთა კამარა.
ხავერდის მთვარეს შევყურებდი წუხელის დიდხანს,
მკერდში ჟონავდა შეღამება, ცაის ზმანება,
ეს შემოდგომა ქადაგივით სარკმელში იდგა,
ამივსო გული, ბროლი ესე ფიქრთა სამებამ.


აბსურდის თეატრი

დაფნის რტოები და ჟრუანტელი,
თქორი, მერეხი, პიესა მეხთა,
წარსულის ხატი, ძალიან ძველი,
სცენარი ესრე გარდასულ დღეთა.
ნიღბების წვიმა, ცისფერი ფარდა,
ყელზე მთრთოლავი ნათითურები,
პარტერის ჩრდილი, მუსიკა ქართა
და შეკიდული ფარჩის ღრუბლები.
შექსპირის თოკი, ტანზე გრეხილი,
ცოდვის შვილია თავად მარკიზი,
სცენაზე დაქრის, ვითარც შეშლილი,
აბსურდს წააგავს დღეს ეს კაპრიზი.
მთვარის სასახლე, ქვაფენილები,
ქვას ეხეთქება ვერლენის ლექსი,
ლამის დათხარონ სიტყვას თვალები,
გრიმი, ფიესტა, ტუჩები ვერცხლის.
და იდგა წუთი... ბიზე, კარმენი,
ბისზე სხეული ფეთქავდა რარიგ,
აურზაური, ღმერთო, რამდენი,
ისმის ეკვდერით ოსანა მთვარის.
ყოფნა-არყოფნა! დაწერეს ერთხელ,
საწუთროს ფარსი, ვერაგი, მართლა,
ნიშნისმოგებით იქნევდნენ ხელებს,
სტვენა! ფინალი! დაუშვით ფარდა!
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge