გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

რაულ ჩილაჩავა - ლექსები



ტერცინების ახალი კრებულიდან „დეფისი“


76
კოდალამ იცის იდუმალი მუსიკის კოდი
და როცა მესმის უღრან ტყიდან მისი კაკუნი,
ჩემს სულში თითქოს ვიღაც არხევს ჩონგურის სიმებს.
77
წარმომედგინა: ოთხ უმცროს ძმას ჩემი ჭურჭელი
შეუდგამს მხრებზე... მაგრამ მოხდა, მოხდა პირიქით -
ამ წარმოდგენას ასრულება არ უწერია!
78
ღმერთს თარჯიმანი არ სჭირდება... იგი დუმილსაც
მშვენივრად იგებს და როდესაც ვლოცულობ გულში,
ვგრძნობ თითქოს მისი ყოვლისშემძლე ხელის შეხებას.
79
კიდევ კარგი, რომ ყველაფერი, წინა თაობებს
რაც შეუქმნიათ, არ გადარჩა, თორემ, ვინ იცის,
რაც ჩვენ შევქმენით სულაც მათი ასლია მხოლოდ.
80
დავიწყებული სტრიქონები წუხან ბლოკნოტში, 
ვით სამშენებლო მოედანზე შლაკის ბლოკები,
რაღაც მიზეზით კალატოზს რომ არ გამოადგა.
81
ღამით ქალაქი ემსგავსება მძინარე უღრანს,
სადაც მშიშრები  ნადირობენ ანუ ძლიერთა
ნამუსრევიდან იპარავენ ციცქნა ნამცეცებს.  
82
ცოდნა კი არის სიბერემდე, მაგრამ სიბერემ
არ იცის ცოდნა სად წაიღოს... აკი ოდითგან
მისი სიუხვე აორმაგებს ისედაც სევდას.
83
მე ყველა სიტყვა, რაც ვიცოდი, გამოვიყენე
და როცა ისევ რაღაცის თქმა მომინდა, მხოლოდ
ესღა შევძელი ამომეთქვა: „რატომ, უფალო?“
84
როცა მიხვდები, რომ მღილი ხარ და არაფერი,
სულ არაფერი შეგიძლია... კარს შემოგიღებს
ორი სტუმარი: სიმშვიდე და სასოწარკვეთა.
85
ცხოვრებას ჩემსას (თუ ამასაც ცხოვრება ჰქვია!)
ბოლოს და ბოლოს შევურჩიე ზუსტი სახელი:
„სულ ერთი!“ - თითქოს მოვიხსენი ზურგიდან ტვირთი.
86
ზოგის ცხოვრება ტრასაა და ზოგის - ორღობე,
ზოგის ჩიხია, ორ ნაბიჯში თავდება სულაც.
ფინიშთან ყველა უძლურია - ცეზარიც, სულაც!
87
ფორტეპიანო დგას კუთხეში დასჯილ ბავშვივით
და მეტი რაღა დარჩენია, იხსენებს ბგერებს,
მის კლავიშებს რომ დასცდენიათ გაჩენის დღიდან.
88
იქ, სადაც ადრე სახლი იდგა, ხე ამოსულა
და როცა სიო დაუბერავს, მისი ფოთლები
იწყებენ შრიალს გაბზარული ჩონგურის ხმაზე.
89
დროებითია ყველა ზღვა და ყველა საზღვარი, 
ზღვა დაშრება და წაიშლება საზღვარიც როსმე... 
უფრო მეტ ხანს ძლებს ზოგჯერ კალმის მისნური მოსმა.
90
ზოგი მოესწრო ქვეყნის ნგრევას, ზოგი - შენებას,
ზოგი - ღვთიური მანდილოსნის დამჭკნარ მშვენებას,
მე დღემდე ვარკვევ - რა ვნახე და რას მოვესწარი!
91
ხსოვნის ჭურჭელიც  აღარაა სანდო, უკეთუ
მასაც ჭამს ჟანგი, მასაც ტანზე ედება ხავსი
ან სკდება უცებ, ვით ხანძარში ბენზინის ავზი.
92
მიდიხარ მარტო... საით, ვისთან, რისთვის და რატომ?
თუ გრძნობს სხეული, რომ იშლება ატომ და ატომ?..
უთანამგზავრო პლანეტები ადრე ქრებიან.
  
93
ეგონათ, თითქოს მიდიოდნენ თავისი გზებით
და გაუკვირდათ, როცა უცებ აღმოაჩინეს,
რომ ერთ ალაგას  შეიკრიბნენუკლებლივ ბოლოს.
94
მიჰყვები კიბეს, ფიქრობ, მაღლა ადიხარ, მაგრამ
სულ უფრო ხშირად გაკრთობს ფიქრი: ბოლო საფეხურს
რომ დააბიჯებ, მერე რისი იმედი გქონდეს!
95
მეც არ დამინდობს როსმე დროის მსახვრალი ხელი
და ამიტომაც დღენიადაგ იმ სათქმელს ვეძებ,
საფლავის ქვაზე ერთ სტრიქონში რო ჩაეტევა.
96
თქვენთან ჩამოსვლა შინ ჩამოსვლად მიმაჩნდა მუდამ,
მაგრამ მას შემდეგ, თითო-თითოდ რაც გაიკრიფეთ, 
სად ჩამოვიდე, „შინ“ სადაა, ამიხსნათ იქნებ!
97
„იყომ“ შეცვალა „იქნება“ და შებრუნდა ფარა
იქითკენ, სადაც ჩაენაცვლა თანხმობას „არა“
და კითხვის ნიშანს დაემსგავსა მწყემსის კომბალი.
98
მე შევამჩნიე: სიბრიყვეებს აღარ ჩავდივარ!
არა იმიტომ, რომ დავბრძენდი... ეს არის, ალბათ,
ფარული შიში - ვერ მოვასწრებ გამოსწორებას.
99
თუ ჩემს არჩევანს გააჩნია ალტერნატივა
და მე მზადა ვარ, ბოლო-ბოლო მივიღო იგი, -
ეს ღალატია თუ სიბრძნეა? - თქვენ რას მეტყოდით?
100
კვამლია ირგვლივ... გზის გადაღმა რა ხდება, ნეტავ?
ვერ გავარჩიე, რას ლოკავენ ცეცხლის ენები...
ეშმაკის ბორბალს მაღლა ააქვს ცხელი სილურჯე.
101
ხურდას მიბრუნებს გამყიდველი, რომლითაც უკვე
ლიფტშიც ვერ შეხვალ და ასანთსაც ვეღარ იყიდი,
ვხვდებით ორივე, რომ ვასრულებთ სუფთა რიტუალს.
102
ვთიბავ მთელი დღე... გავიტანე მეშვიდე სვრელი.
მე ვარ უმანკო ბალახების უგულო მკვლელი.
დავაგდე ცელი, თითქოს სასტიკ განაჩენს ველი.
103
ჩემი მოხუცი მეზობელი წყაროზე ადრე
ორი ბიდონით დადიოდა, ახლა კი ერთი
პატარა ბოთლით ჩამოივლის და ისიც ზოგჯერ.
104
კვლავ მიხარია მე წვიმაში უქუდოდ გავლა,
როგორც ოდესღაც... ივსებოდა ჭიხვინით თავლა
და ჩემი რაში გასაფრენად ემზადებოდა.
105
იყო დრო, როცა ნიუტონის ბინომსაც ვხსნდი
და ცხრაბალიან ქარიშხალშიც ვიყავი მშვიდი,
ახლა კი ვღელავ - შენს გაქრობას ვერ ვხსნი ვერაფრით.
106
ჩვენ ვართ მგზავრები და „კუკუშკას“ ავყავართ მაღლა,
ხოლო ისინი, ვისაც აღარ აშინებს დაღლა,
მოდიან ფეხით... კაცმა რომ თქვას, სად ეჩქარებათ!
107
გაზაფხულია... გაიღვიძეს ისევ იებმა,
შენ კი ვერასდროს გაიღვიძებ და ამიტომაც
მათ გაღვიძებას ძველებურად ვეღარ შევხარი!
108
წისქვილის ღარში მინასავით იმსხვრევა წყალი,
კოცონთან თბება დაქანცული ტყაშმაფა - ალი,
თითქოს ბუნებამ გამინულა საწუთროს ვალი!
109
აღარ მეცნობა ეს ჰანგები, თუნდაც მომკალი,
დროის გრიგალმა ჩაკლა თითქოს ჩვენი ვოკალი
და „ოდოიას“ სარეველას მოროდში ვმღერით.
110
უღვინო თასით დალოცვილმა სამადლობელი
უსიტყვოდ თქვა და მიაშურა უსანთლო საყდარს,
სადაც უცრემლოდ ქვითინებდა უმანკო ხატი.
111
ჩვენს ცხოვრებაში ასაწევი არის თამასა,
უნდა გამოჩნდეს უანგარო და სუფთა მასა,
თორემ ხომ ხედავთ, რასაც დღეს ვფლობთ, ვკარგავთ ამასაც.
112
ბედნიერება ჩვენს პატარა ბიჭობაშია,
ბაში აჩუკი როცა მხოლოდ ციცქნა ბაშია
და ცა-ფირუზი ხმელეთ-ზურმუხტს ეკუთვნის მარტო.
113
რაც კი მიყვარდა, ყველაფერი წარსული გახდა,
როგორც მებაღე, ვდგავარ ნაყოფგაკრეფილ ბაღთან
და თითქოს ვუსმენ დაცვენილი ფოთლების შრიალს.
114
ვკარგავ მეგობრებს... ხუნდებიან მისამართები,
უცებ დაქანდნენ, რომ მხიბლავდა, ის აღმართები
და ყველა მათგანს ახლა მხოლოდ დაღმართი ჰქვია.
115
კვლავ არსადა ვარ წასასვლელი... დღე მიიწურა,
ღრუბლებში თითქოს ჩემი ნავი მარტო მიცურავს,
რადგან აღმოჩნდა, რომ ერთმანეთს აღარ ვჭირდებით.
116
ყველა სამეფო ქიმერაა, მეფე - ლანდია,
ხვალის ფერფლი და ნაცარია, რაც კი ანთია,
იცის კი ვინმემ: თუ არსებობს გამოსავალი?
117
ნეტარნი უკვე მორწმუნენიც აღარ არიან,
ვინც ცოცხალია, ისიც თითქოს ცოცხალ-მკვდარია...
ორშაბათამდეც ვერ აღწევენ კვირის ლოცვები.
118
გარდაიცვალა თოჯინების ოსტატი... სუნთქვა
შეეკრა თითქოს დათვის ბელებს, მელიებს, კურდღლებს,
რომლებსაც ერთხელ მან თავისი სული შთაბერა.
119
რა გადარჩება, რა დარჩება ამ ყველაფრიდან, 
რაც მე თვითონაც არ მჭირდება კარგა ხანია,
და მაინც დღემდე სულელივით ვერ შევლევივარ!
120
გააფერადე ნახატები თუ გაქვს უნარი,
თუმცა ბოლომდე ნათელი და გაუხუნარი
მხოლოდ და მხოლოდ ხსოვნაა და სხვა არაფერი.
121
რამდენი წელი არ ვიცოდი სიტყვა „მშვიდობით!“
ახლა კი იგი თავს მახსენებს და თანაც მაშინ,
როცა უნდა ვთქვა ან „სალამი“ ან „გამარჯობა!“
122
ან რა დავწერო ან ისეთი რა გავაკეთო,
რომ დავარწმუნო საიქეთო და სააქეთო,
თქვენ შეცდით - სულ სხვა აგინეთ და სულ სხვა აქეთო!
123
ვინ იცის, იქნებ ჯოჯოხეთის ღირსნი ვართ სულაც,
მაგრამ სამოთხეს ბუნებრივი რესურსი ჰყოფნის,
ჯოჯოხეთი კი ძვირი ჯდება, საბედნიეროდ.
124
რამეს რომ დავწერ, მეფიქრება: „რა ლამაზია!
რა სასწაულად მომხიბლავი!...“ - მე, რა თქმა უნდა,
ქართულ ანბანზე მოგახსენებთ უპირველესად!
125
დამჭლევდა აზრი და მიზანიც დაპატარავდა,
ვდგავარ მდუმარედ მოგზაურის დაშლილ კარავთან
და ვფიქრობ გზებზე, რომლებზედაც ვეღარ გავივლი.
126
მე ამ ბოლო დროს საგანგაშო ჩამესმის ხმები,
თითქოს ისინი მაფრთხილებენ: „ვერ ხედავ, ხმები!“
და ბებერ ფესვებს უვლის ელდა და ჟრუანტელი.
127
რა შემეძლო და რა შევძელი? - კითხვა მთავარი...
დაბერდა ბაღი, დაებზარა ოდას ყავარი
და რაღაც უჩვეულოფერად ჰყვავის ალიჩა.
128
წუთისოფელმა არჩევანი არ დამიტოვა...
ჩემს ფანჯარასთან იქარიშხლა, იწვიმ-ითოვა
და მე ამ დილით დაღვრემილი ასე მიტომ ვარ.
129
მავანს მავანთა დასანახად პატარა ჯვარი
ჰკიდია მკერდზე... მავანი კი თავის ვეება
ჯვარს ყველასათვის უნახავად მიეზიდება.
130
ამ ცხოვრებაში ბევრი რამე გამომიცდია...
ვინ იცის, იქნებ სწორედ ამის გამო მიცდიან
იქ, სადაც მისვლა (ვაღიარებ) არ მეჩქარება.
131
არ აშენდება ეს ქვეყანა ქუჩაში დგომით,
დედის გინებით, ერთმანეთთან სასტიკი ომით.
ნამდვილი ომი, თქვენ თუ იცით, რანაირია!
132
ეს დედამიწა ჰოსტელი და ჰოსპიტალია,
ო, იქ რამდენმა უსასოოდ სული დალია,
ისე, რომ ჭიქა წყლის დალევაც ვეღარ მოასწრო!
133
თითქოს თამადა ვიყავი და სადღეგრძელოებს
მოვრჩი... ამჟამად  ვაკვირდები, მეინახენი
ჩემს შესამკობად სიტყვებს როგორ აკოწიწებენ.
134
გამახსენდება: სოხუმისკენ მიმავალ გზაზე
ვარ „ლაზის“ მგზავრი... ცალი თვალით  ვკითხულობ გაზეთს 
მეზობლის ხელში... იმ გაზეთში ჩემი ლექსია.
135
კიდევ კარგი, რომ არ მაქვს თმენის ვალდებულება
და მოუთმენლად ველოდები იმ დროს, როდესაც
გამივლის შიში ულმობელი დროის წინაშე.
136
არ შეიძლება გავლილი გზის დამონტაჟება,
თორემ რამდენ კადრს ამოვჭრიდი დაუნანებლად
კინოფილმიდან: „ჩემი ავტობიოგრაფია!“
137
მე დავიღალე... ნეკროლოგებს აღარ ვწერ უკვე,
აღარც სამძიმრებს... გული ჩემი გახდა აკლდამა
და მის კედლებზე იტვიფრება, რასაც განვიცდი!
138
სადაც არ იყო, მოგიხელთებს ბედი შენ შენი,
თუნდაც ხარობდე უზრუნველად, როგორც ჟენშენი...
გამოაჩინე პირბადიდან სახე, ლამაზო!
139
მაინც ვერა და ვერ ამოვთქვი, რისი თქმაც მსურდა,
შენ კი მდუმარე შეღამებავ, იმგვარად მსუდრავ,
თითქოს რაიმე ახალს ჩემგან უკვე არც ელი!
140
საშველი როგორ არ იქნება!..  იქნება, მაგრამ
როდის და ვისთვის, თან რის ფასად, რის საზღაურად? - 
აი, კითხვები! - იცის ვინმემ მათი პასუხი?
141
ცოტა მყოფნიდა, ახლა მყოფნის ცოტაზე ცოტა,
გადავრჩენილვარ, სული თურმე ამაოდ ძრწოდა,
როცა მეგონა, ის, რაცა მაქვს, არ მეყოფოდა!
142
ვინც სიკვდილამდე იყო, იგი მერეც იქნება,
წიგნად დარჩება, ქანდაკებად ჩამოიქნება,
ვინც არ ყოფილა, მის არყოფნას ჰქვია სიკვდილი.
143
არის წერტილი, არის მიჯნა, არის სამანი,
იქ ყოველ მაისს ჰყვავის ჩვენი იასამანი,
და სანამ ჰყვავის, ჩემთან ერთად შენც ცოცხალი ხარ!
144
სანამ მორფევსი ბჭეს გამიღებს და როგორც მწყურვალს,
ყაყაჩოს წვენით მიმასპინძლებს, მაწვალებს კითხვა:
ხომ მოფრინდები ამაღამაც სიზმრის კარეტით?
145
არ იკარგება არაფერი... უბრალოდ, ყველა,
ვინც კი დაკარგა, ვერ პოულობს დაკარგულს, ხოლო
მპოვნელს ნაპოვნი საკუთარი ჰგონია უკვე.
146
სერვანტის ტყვეა ჯამ-ჭურჭელი, რომელიც სუფრას
არ დაამშვენებს არასოდეს... მე მისი მსგავსი
წიგნები ვიცი, წაკითხვა რომ არ ეღირსებათ.
147
წარსულზე ვიტყვით, რა კარგი დრო იყოო მაშინ,
არადა კარგი ჩვენ ვიყავით, თუკი ვიყავით,
თორემ დროსთვის სულ ერთია... მიდის და მიდის.
148
მოვიდა ხალხი სხვა ენაზე მოლაპარაკე,
რომელიც ქვეყნად არაფერზე პასუხს არ აგებს,
მეტიც - სულ ანგრევს, აცამტვერებს, ახალს არ აგებს.
149
თითქოს ხურდაში მოაყოლეს შენი სახელი,
იგი სულ უფრო ხშირად მხვდება მრავალთა შორის,
მაგრამ არაფერს მეუბნება ეს ნომინალი.
150
იქნებ ზოგი რამ მეც არ ვიცი სხვებზე ნაკლებად,
მაგრამ ამიტომ ქვების სროლა, ქვეყნის აკლება
რომ დავიწყო და ავყიჟინდე, მოგეწონებათ?
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge