ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ტერცინების ახალი კრებულიდან „დეფისი“
1
დაღლილ თვალებში არეკლილ ცას სულ სხვა ფერი აქვს,
თითქოს კოსმოსმა ის ათასჯერ გაფილტრა უკვე
და ეტრატივით ჩააფინა ორ დამშრალ ჭაში.
2
ხსოვნის ორმოებს ამოვავსებ მოგონებებით
და ზამთრის ბაღში მიმოზებად აყვავდებიან
ის სახეები, მე რომ მაკლდა ამდენი წელი.
3
დაწყევლილ სახლში ღამ-ღამობთ ჩნდება აჩრდილი
და ძილმორეულ სხეულებზე ეშმაკის დამღას
ფარულად ტოვებს მოწამლული სიავის სხივით.
4
უკეთეს დღეთა მოლოდინში ვკარგავთ იმათაც,
რაც ახლა გვაქვს და ვერ მივმხვდარვართ: რომლებსაც ვკარგავთ
ოდესღაც სწორედ უკეთესი დღეები იყო.
5
სამშობლოს მტრები უკვე აღარ ინიღბებიან,
რადგამ მათ ისეც კარგად ვიცნობთ, ოღონდ ყველანი
ველით, პირველად ვინ დაარქმევს მათ ნამდვილ სახელს.
6
ვინც მე მიყვარდა, თითქმის ყველა წავიდა... თოვლიც
მიდის და სტოვებს სინანულის უმწარეს განცდას,
რომ ის სინათლეც თურმე მხოლოდ მირაჟი იყო.
7
გული საითაც მიმიწევდა, აღარ მიმიწევს,
ის მხოლოდ მაშინ შეტოკდება, იმედის ხიდან
როდესაც ქარი ჩამოაგდებს განწირულ ნაყოფს.
8
სიბერეს, მგონი, მარტო მისთვის გვჩუქნის უფალი,
რომ დრო მოგვეცეს სამძიმრებზე სასიარულოდ
და ჩვენ თვითონაც სამძიმრები გავიზიაროთ.
9
მე დაგინახე, ბონდის ხიდზე გადადიოდი,
და სანამ ძალა მოვიკრიბე დასაძახებლად,
უცბად მოვარდნილ ქარბორბალას აჰყევი ცაში.
10
ხეებს სიბერე ტოტებიდან ეწყებათ, როცა
ჯერ ნაყოფს ვეღარ ისხამენ და მერე ფოთლებიც
უდროოდ სცვივათ გახმობისკენ მიმავალ გზაზე.
11
დღეების ჩემის ზებგერითო მატარებელო,
მე რომ შემეძლოს, გექცეოდი ელმავლად, რათა
საპირისპირო მხარეს დაგძრა ბნელი ჩიხიდან.
12
წვიმების შემდეგ ამოვარდა უცებ არავი
და მიმოფანტა თითქოს ჩემი ხმა შემპარავი:
მე ვგავარ ყველას, მე კი არ მგავს ქვეყნად არავინ!
13
მე კი დავბრუნდი, მაგრამ სახლში არავინ დამხვდა.
სიმართლე რომ ვთქვა, აღარც სახლი დამხვდა და ახლა
არ ვიცი, სიტყვა „ნასახლარი“ რით ჩავანაცვლო!
14
კია სირცხვილი, როცა მხოლოდ საკუთარ თავზე,
წერ და მაშინაც არ გამოგდის, როგორც გინდოდა,
მაშინაც რამე გამოგრჩება ყურადსაღები.
15
მე ვეღარ გხედავ, ვეღარც გისმენ, მაგრამ ეს ჩიტი
ყოველ ცისმარე სარკმელთან რომ მოწყენით გალობს,
თითქოს შენა ხარ და მისი ხმაც შენია თითქოს!
16
ისევ მოვიდა გაზაფხული ქარით, წვიმებით,
თოვლიც, ნამქერიც მოიყოლა, მაგრამ სიმები,
გულის სიმები ძველებურად ვერ შეატოკა.
17
მენახშირე ვარ... ნახანძრალზე ვაგროვებ ნახშირს,
რადგან სხვა რამე არ გადარჩა იმ სასახლიდან,
სადაც მე თვითონ ჩვენს სიყვარულს დავუდგი ტახტი.
18
ნუ დამიძახებ, მე შენს მოსვლას ვიგრძნობ ისედაც
და პაროლივით გაჟღერდება მკვდარ სიჩუმეში
კარებზე შენი გასაღების გაჩხაკუნება.
19
ციხე გალავნებს და ჯურღმულებს არ ნიშნავს მარტო...
საკმარისია, შინ იჯდე და ელოდე, როდის
მოვა შიკრიკი განჩინების ფურცლებით ხელში!
20
რამდენ რამეზე ვერ მოვყვები, რადგან ვაშინერს,
და ასე უხმოდ დავატარებ სათქმელს საშინელს.
ვეღარ მივმხვდარვარ, რით დამთრგუნეს, რით დამაშინეს!
21
ცუდია ის გზა, უფრო მეტიც - სახიფათოა,
რომელიც მარტო შეტევისთვის არის გათვლილი
და არ ივარგებს ჭირში უკან დასახევადაც!
22
გახიზნულია მონასტრებში ბერ-მონაზონი,
პერგამენტიდან ერთ ღამეში გაქრნენ ასონი...
დუნაის პირას დარჩენილ დროს ითვლის ნაზონი.
23
ჩვენ ვართ ცოტანი, როცა მტერი კარს მოგვადგება,
მაგრამ როდესაც ერთმანეთის ჭამა გვწყურია,
როგორც ერთმა თქვა: „რამდენი ვართ, აუ, რამდენი!“
24
დგება მომენტი, როცა უნდა იფიქრო: ვინ ხარ?
ერთი შეხედვით ბანალური კითხვაა, მაგრამ,
რომ დაფიქრდები, თურმე მხოლოდ - ერთი შეხედვით!
25
მე იქ ვიყავი, მე აქამდე ისევ იქა ვარ
და თუ ოდესმე მოვახერხე და ამოვყვინთე,
შენც შეგასწავლი, რა გზით, როგორ, რა ხერხით გასძლო.
26
დაუბეჭდავი ლექსები ხომ სულს მიკაწრავენ,
მაგრამ მით უფრო მიკაწრავენ სულს დაბეჭდილი
ლექსები, მკითხველს რომ ვერაფრით ვერ ვაზიარე.
27
მე გზა ამებნა, მე სწორი გზა არც კი მცოდნია,
ვათვალიერებ უცხო ნაპირს და ვანგარიშობ,
რომ შემოვბრუნდე, საწყის წერტილს მივაგნებ ვითომ?
28
თუ ისე მოხდა, რომ გარშემო ვერაფერს ვერ ცვლი,
თუ წვიმს და გრგვინავს, შენ კი ტრიალ მინდორში დგახარ,
ირწმუნე, თითქოს სულ ეს იყო შენი ოცნება! (სხვა რამეზე არც გიფიქრია)
29
გაღვიძებულზე თუ ვერავის ვერ მოუყვები
წუხანდელ სიზმარს, თუ მომსმენი არავინაა,
მარტოკაცობა ქვეყნად სხვა კი არაფერია!
30
ჩემო მწუხარე მოგონებავ, მე ისევ შენთან
გავათევ ღამეს, რადგან ადრე, მწუხარებამდე,
აღტაცებათა შუქნათელით იყავ მოსილი.
31
უკვე დაკარგა შინაარსი ვეება ტომმა
და დარჩა მარტო ქედმაღლური სახელწოდება,
კიდევ - უცნობი გვარ-სახელი, ყდა და სარჩევი.
32
მითხარი რამე, მომატყუე თუ შეგიძლია,
შეთხზე ზღაპარი, დამიბრუნე სიზმრების ველი,
სადაც გვირილებს უმთავრდებათ ფურცლები „ჰო“-ზე.
33
მე გადამფრენი ფრინველების სამშობლოს ვეძებ,
სადაა იგი - ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადაღმა
თუ აქვე ჩვენთან, ბუდეები სადაც დატოვეს?
34
ამ საერთო მზეს, ვარსკვლავებს და საერთო მთვარეს
შურით აჰყურებს საზღვრებით და მავთულხლართებით
მკერდდასერილი დედამიწა - ჩვენი მძევალი.
35
მერე რა, თუკი გათენდა და მზე ამოვიდა,
მერე რა, თუკი თოვლი გადნა... აქ შენი წვლილი
თუ არის სადმე, შენი ხელი თუ ურევია?
36
ტკივილებს მაინც არ ეშველა... ყველა წამალი
არის უძლური და ექიმთან წასვლა არა ღირს,
თუკი კალენდარს ჩამოეხა ბოლო ფურცელი.
37
არაფერს ვეძებ... ჩამცხრალია პოვნის სურვილი,
მხოლოდ ის მინდა, რაც გზადაგზა დავკარგე დღემდე,
უღირსის ხელში არ აღმოჩნდეს ბოლოს და ბოლოს.
38
კიდევ ცოტაც და დალაგდება წუთისოფელი,
სოფელს თავისი მიეზღვება, წუთსაც თავისი...
დამლაგებელმა იცის, როდის ჩამოიაროს.
39
ცას, დედამიწის უზარმაზარ, გიგანტურ ქოლგას,
ჟამითი ჟამად ნასვრეტები უჩნდება, რათა
უფლის ცრემლები დაეწვეთოს ჩვენს ცოდვილ მიწას.
40
თუ გიფიქრიათ, რომ ყველანი პატარ-პატარა
კუნძულზე ვცხოვრობთ და არ გვესმის ხშირად ყვირილი,
სრუტის გადაღმა აღმომხდარი ჩვენს გასაგონად.
41
ღამით ჩავლილი მატარებლის ნაბორბლარები
მზის ამოსვლამდე გადალოკეს დილის ნისლებმა
და ახლა მგზავრებს მოელიან ბოლო სადგურზე.
42
განცდა ორია, სახელი კი ორივეს ერთი
ჰქვია - „ლოდინი“... ბედნიერიც და უბედურიც
ამ ერთმა სიტყვამ საუკუნოდ გააიგივა.
43
ქარი წავიდა, წვიმამ ფეხი ამოიკვეთა,
თოვლიც არ მოდის... ერთადერთი ჰაერი კიდევ
დარჩა და ისიც რომ მორჩება, მაშინ მეძებეთ.
44
აღარც და არის, აღარც ცოლი... დამტირებელი
არ მყავს და როცა უკანასკნელ გზას წარმოვიდგენ,
მინდა მე თვითონ დავიტირო ჩემივე თავი.
45
თქიშინებს წვიმა... ლაფაროში ივსება კასრი,
წყლის მოსატანად წასვლას ახლა არა აქვს აზრი...
ოთხ კედელს შუა უაზრობის ფენომენს ვსწავლობ.
46
ვათვალიერებ კაბინეტში წიგნის თაროებს,
თითქოს ერთბაშად მოვხვდი ძმათა სასაფლაოზე,
სადაც ბევრ სახელს გაქრობია ოქროს ვარაყი.
47
ყველას, ყველაფერს მსურს დავარქვა სახელი, მაგრამ
გაოცებას ვარ სეხნიების რაოდენობით,
როგორ ჰგავს ერთურთს ეს „ყველა“ და ეს „ყველაფერი!“
48
ბავშვები ჩრდილში თამაშობენ, მშობლების ჩრდილში,
და არ იციან: ეს ადგილი ერთადერთია,
ათასი მზეც რომ ვეღარ შეცვლის ვეღარასოდეს.
49
ასე გამოდის, სამწუხაროდ: ამ ქვეყანაზე
ვცდებოდი მუდამ: არჩევანში, ნაბიჯში, ფიქრში,
და როცა ვცადე სხვა გზის პოვნა, მაშინაც შევცდი!
50
დღეებს, რომლებსაც მე ბედნიერს ვუწოდებ ახლა,
მახსოვს, როგორი წყენითა და უმადურობით
ვიხსენიებდი... გაგიმარჯოს, დღევ დღევანდელო!
51
კონტურულ რუკას ჰგავს წარსული, რომელზეც თითქოს
ყველა ადგილი ნაცნობია და მაინც ბევრგან,
ასე მგონია, არ ვყოფილვარ მე არასოდეს.
52
მე სამ რამეში ჩემი თავის ერთგული დავრჩი:
არ გავხდი წუწკი, ბნელმეტყველი, არ გავხდი ჩარჩი...
ეს კი არც ისე ცოტააო, სუფრაზე მითხრეს.
53
ყველა თავისი სამრეკლოდან რომ გვამუნათებს,
ის თუ უწყიან, რომ რეკვასაც სჭირდება ცოდნა...
(სმენაზე ვდუმვარ, სმენა აქ რა მოსატანია!)
54
ფიქრის დრო მაქვს და არაფერზე არ მეფიქრება,
სანთელიც თითქოს შეღამების ქარში მიქრება,
შემოესივნენ ობობები სულს ფეიქრებად.
55
ის, ვინც არ მიყვარს, ისიც არ მძულს, უბრალოდ, ვცდილობ,
შფოთიან ძილში დასიზმრებულ ურჩხულის მსგავსად,
მისი არც სახე დავიხსომო, აღარც სახელი.
56
გამცილებელი დაღვრემილი იდგა ბაქანზე...
უკეთეს მოდელს ვერ ჰპოვებდა, ალბათ, მხატვარი,
რომელსაც სურდა დაეხატა სასოწარკვეთა.
57
მარტო დღემ იცის, რასაც ნიშნავს დაისის შუქი,
როცა ჩრდილები სულს ღაფავენ და უსინათლო
მოხუცებივით თავშესაფარს ეძებენ ბინდში.
58
უშინაარსო დღე-ღამეთა შემადგენლობა
ხსოვნის გვირაბში შეხრიგინდა... ყოველი წუთი
ჰგავს ქვანახშირის ცარიელ და ღია რონოდას.
59
გაბზარულია ჩემი თეთრი ტაძრის პორტალი,
არა მაქვს ქვიშა, არ მაქვს კირი, არა მაქვს წყალი,
ავზილო ხსნარი, ამოვავსო სიცარიელე.
60
ეს ის ქვეყანა აღარაა, სადაც ვცხოვრობდი,
რადგან ნიადაგ მეჩვენება, რომ მის ქუჩებში
თითქოს ჰიპნოზის სეანსიდან გადმოვინაცვლე.
61
მოცარტის დღე მაქვს... ყველაფერი გადავდე განზე
და ხელოვნურად მსურს გავწელო ბედნიერების
შეგრძნება, ვიდრე „რექვიემი“ ჩაირთვებოდეს.
62
სანამ სცენაზე ძირითადი სპექტაკლი მიდის,
კულუარებში თამაშდება ისეთი სცენა,
დამდგმელ რეჟისორს სიზმრად რომ არ მოელანდება!
63
ახლა კი მართლაც ჭეშმარიტად არავინ დარჩა
ჩვენს სახლში, ვისაც შემიძლია მივმართო კითხვით:
„გახსოვს?..“ და პასუხს დაველოდო გულისფანცქალთ.
64
გორაკზე ერთი პაწაწინა ქოხის სარკმელში
დიდხანს ციმციმებს ჭრაქის შუქი... დიასახლისი
პატარებისთვის სახვალიოდ ლობიოს არჩევს.
65
საფლავზე დამჭკნარ ყვავილისთვის რომ ეთქვა ვინმეს,
რისთვის უვლიდნენ, რისთვის რწყავდნენ ასე სათუთად,
იქნებ ძირშივე გამხმარიყო სვეუბედური.
66
„მარცხნიდან მარჯვნივ...“ - ჩამოთვლიან ხოლმე სურათზე
აღბეჭდილებს და, ო, რაოდენ გულსატკენია,
როცა შენს გასწვრივ აწერია სიტყვა: „უცნობი!“
67
ნივთებით სავსე ოთახიდან გასვლა მწყურია
სივრცეში, სადაც მარტო მზეა, მარტო ზღვაა და
იმედის ნავი, რომელშიაც შენ მელოდები!
68
რაც მე არ ვიცი, არ მაღელვებს, მაგრამ რაც ვიცი,
საკმარისია, ღამით მშვიდად არ დამეძინოს
და დღითაც მუდამ დაცქვეტილი მქონდეს ყურები.
69
ბეღურა თურმე ვარდისფერად ხედავს ყველაფერს
და თითქმის ვხვდები, რატომ თხოვდა უფალს პაოლო,
რომ დაენიშნა გალავანზე ბეღურა ჩიტად.
70
მიაჭრიალებ ძველ ორთვალას დაბინდულ გზაზე,
სადაც ნაცნობის ჭაჭანება არ არის უკვე,
ხოლო გარშემო დალპობია ოდებს ორთვალი.*
71
გული თავისით არასოდეს გაჩერდებოდა,
რომ არა თქეში, არა დელგმა, არა გრიგალი
და „კაფე-თესე“, გაწყვეტილიგუგულის ყელში.
72
და-ძმებმა უცებ მიმატოვეს და ნასახლარად
იქცა სახლ-კარი, სადაც ჩვენი ბავშვობის ლანდებს
დრომ ერთი ღამის გასათევიც არ დაუტოვა.
*ორთვალი (მეგრ). - სახურავი.
73
ზარის ჩუქურთმას ჩაზრდიაო თითქოს პეპელა...
ჭაბუკი მნათე მონუსხული შესცქერის მას და
სამრეკლოს ნეტარ მდუმარებას ვეღარ ელევა.
74
მე დამესიზმრა, ჩიტი ვარ და ვიკეთებ ბუდეს
ხეზე, რომლისთვის ამღვრეული მდინარის პირას
ჩამქრალ კოცონთან ტყისმჭრელები ნაჯახს ლესავენ.
75
გატრუნულია დედამიწის ამერ-იმერი
და გვეშინია პირბადიან ძეხორციელებს,
ვაითუ, გვთხრას უხილავმა: „ნიღაბო, გიცნობ!“
ახალი სტატიები
დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56გია ხოფერია - წარსულის ღია ფანჯრები 04:52ნანული კაკაურიძე, ირაკლი ცხვედიანი - მხატვრული აზროვნების რემითოლოგიზაცია: მეთოდოლოგიური პრობლემები 04:50ვალტერ ბენიამინი - დოსტოევსკის „იდიოტი“ (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 04:45ფისო ნავროზაშვილი - ვინ დაწერა „დათა თუთაშხია“ და ფიესტა ქუთათურად 04:39
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
სოფიო ღლონტი - ლექსები
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე