გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიგა ქურციკიძე - ნელთბილობა, ანუ არც იქითობა, არც აქეთობა


    საბჭოთა წითელი იმპერიის დაცემის შემდეგ, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავი ისტორიის დამასრულებლად მიიჩნია და საბჭოთა ათეიზმზე მითითებით მან ეს აზრი ქრისტიანულადაც გაამართლა, ცოტა თუ შეამჩნევდა იმ ცდომილებას, რომ ისტორიას  ლიბერალიზმი კი არ ასრულებს, არამედ ქრისტეს მეორედ მოსვლა. ხოლო რადგან ქრისტეს მეორედ მოსვლა არ ყოფილა, ეს მხოლოდ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლის საკითხი და, შესაბამისად, ისტორიის მსაჯულის როლი ლიბერალიზმმა თავის იმანენტურობაში მოხსნა და სწორედ ამით მისცა მან თავს უფლება, დამჯდარიყო კაცობრიობის მსაჯულად.   ადამიანთა მოდგმისადმი უმაღლეს სიკეთედ და თავისუფლების მომნიჭებელ ერთადერთ წყაროდ გამოცხადდა ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ღირებულებითი სისტემა პოსტსაბჭოთა დროში. თავისუფლების ლიბერალ-დემოკრატიული გაგება, რაიც ნების თავისუფლების პრიმატს ეყრდნობა, რომლის პირველ მედროშედ ამერიკამ საკუთარი თავი შერაცხა, იქცა სამყაროულ დოგმატად და ყოველივეს საზომად. მიუხედავად იმისა, რომ სწავლება ისტორიის ლიბერალ-დემოკრატიულ დასასრულზე თავად ისტორიამვე ახვეტა და ქარს გაატანა, იგი ჩვენში მეტწილად დღემდე რჩება ყოველგვარი კრიტიკისა და შეეჭვების მიღმა მდგომ ჭეშმარიტებად. 
    აშშ-ის სოციო-პოლიტიკური ისტორიის უარსებითესი ნიშანთვისება არის ის, რომ მთელი მისი არსებობის მანძილზე თავისუფლებაზე გამუდმებულ მითითებასთან ერთად, ნიადაგ ახსენებს ბედისწერასაც. ეს ორი ცნება ამ სახელმწიფოს ისტორიაში ყოველთვის გვერდიგვერდაა და ჟამთა სვლაში ერთად ვითარდება. არადა, ეს წესით ასე როდი უნდა იყოს, რადგან თავისუფლების ლიბერალ-დემოკრატიული გაგება, რომელიც ამოდის სწავლებიდან ინდივიდის თავისუფალი ნების აბსოლუტურობის შესახებ, რაიც ამერიკის, როგორც სახელმწიფოს შექმნის უპირობო ფუნდამენტადაა მიჩნეული, რადგან სახელმწიფოს ამერიკული გაგება ეფუძნება სოციალური ხელშეკრულების პრინციპს, რომლის სათავეებთან ინგლისური ემპირიზმი(თომას ჰობსი, ჯონ ლოკი) დგას, უთუოდ გამორიცხავს ბედისწერის ცნების შემოტანას და მასზე ქვეყნის პოლიტიკის დაშენებას. 
    დამფუძნებელი მამებისთვის (ბენჯამინ ფრანკლინი, ჯორჯ ვაშინგტონი, თომას ჯეფერსონი, ჯონ ადამსი, ჯონ ჯეი და ა.შ.) ის სახელმწიფო, რომელსაც აარსებდნენ, მოიაზრებოდა, როგორც პრინციპულად ახალი სიტყვა კაცობრიობის ისტორიაში, როგორც წყვდიადის გამანათელები შუქი. ახალ სიტყვად იმიტომ, რომ მათ მიერ უმაღლეს ღირებულებად გამოცხადებული ინდივიდის თავისუფლება როგორც ამოსავალი, რომლის გარშემოც უნდა ამოზრდილიყო ახალი სახელმწიფოს კედლები, აშშ-მდელ ისტორიაში არ არსებობდა. 
    თავის დროზე ევროპიდან რელიგიური ნიშნით დევნილ პურიტანებთან უკვე არსებობდა ინდივიდუუმის და თავისუფლების ის გაგება(მეიფლაუერის ხელშეკრულება, Mayflower compact. 1620წ.), რომელმაც ფუძე ჩაუყარა აშშ-ის ღირებულებით სისტემას, რომელიც შემდგომში მთლიანად არტიკულირდა დამფუძნებელკ ონსტიტუციაში (1789 წ.). ეშმაკის სამყოფლად, ღვთისგან მიტოვებულ ალაგად  განიხილავდა ევროპას პურიტანი და  პროტესტანტიზმის სხვა შტოს წარმომადგენელი, ხოლო  ღვთის მხარედ - ახალ მიწას, რომელსაც ითვისებდა. ევროპიდან ახალ მიწაზე გადასულ ხალხთა პირველინაკადებისთვის თავისუფლებას, უძირითადესად, ორსახოვანი გაგება ჰქონდა: ერთი, როგორც რელიგიური თავისუფლება, რაიც გულისხმობდა რწმენის თავისუფალი არჩევნის საგნად გადაქცევას, ხოლო მეორე - გეოგრაფიული თავისუფლება, რომელშიც მოიაზრებოდა ნებისმიერ ფასად ევროპის კონტინენტისგან მოწყვეტა. თავისუფლების გეოგრაფიულმა გაგებამ ქნა ის, რომ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე უფრო და უფრო მეტად კონსოლიდირებულმა შტატებმა წამოიწყეს ომი(1812-14) ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა კონტინენტიდან ბრიტანეთის იმპერიის გაძევებას. მოგვიანებით, გეოგრაფიული თავისუფლების ეს გაგება პოლიტიკურად გამოიხატა იზოლაციონიზმის პრინციპში, რომელიც აშშ-ს უკრძალავდა ევროპისა და აზიის იმპერიებთან რაიმე სახის ღრმა ურთიერთობის წარმოებას. იგივე ვალდებულება ვრცელდებოდა ამ იმპერიებზეც აშშ-სთან მიმართებით.  იზოლანიონიზმის პრინციპი(1823წ.) დაკავშირებულია მეხუთე პრეზიდენტის, ჯეიმს მონროს(1758-1831) სახელთან, თუმცა ეს პრინციპულად ახალი სიტყვა არ იყო, რადგან, როგორც უკვე შევნიშნეთ, იგი უკვე არსებობდა  პირველი თაობის პურიტანებთან, ან თუნდაც დამფუძნებლებთან (ბენჯამინ ფრანკლინი, ჯორჯ ვაშინგტონი). სახელმწიფოს გეოგრაფიული თავისუფლების ამერიკული გაგება იგივეა, რაც მისეული ინდივიდის თავისუფლების გაგება, სადაც პირველი ევროპის კონტინენტთან მიმართებით განისაზღვრება, ხოლო მეორე - საზოგადოებასთან. ჟამთა სვლაში პირველი პრინციპი იცვლებოდა.
      რელიგიური მოშურნეობის გამო დაღვრილი სისხლით გაჯერებული ევროპის მიწა, რომელიც სამუდამო წარსაწყმედელს უქადდა კონტინენტს, ამ უკანასკნელის ბედისწერად მიაჩნდათ ამერიკის კონტინეტზე გაქცეულ პროტესტანტებს. ამავდროულად, ისინი ბედისწერის მოხმობით ამართლებდნენ აბორიგენ ინდიელთა სასაკლაოს. ისინი ახალ მიწაზე მათ სამუდამო გადახვეწასაც ღვთის ნების გამოვლინებით ხსნიდნენ და არა  ნების თავისუფლებაზე მითითებით. ამრიგად,  რელიგიური ნიშნით დევნილი ევროპელი ბედისწერის შეწევნით მიდის ამერიკის კონტინენტზე და უკვე იქ ჩასული ის და მისი შთამომავლობა იწყებს ნების თავისუფლების ონტოლოგიზებას, მაგრამ როგორ? 
    ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის თანახმად, რომელიც თვალსაჩინო ნიმუშად და მისაბაძ მაგალითად დაისახა მომდევნო კონსტიტუციათათვის, ძალაუფლების ერთადერთი წყარო არის ხალხი. ცნებაში ხალხი იგი მოიაზრებს დამოუკიდებელ ინდივიდთა აგრეგაციას, რომელთაც უცილობლად გააჩნიათ „ფუნდამენტური უფლებები“.  როგორც აშშ-ის კონსტიტუცია ამტკიცებს, ერთადერთი ლეგიტიმური ძალაუფლება არის ის, რომელიც ინდივიდიდან წარმოიქმნება. ლეგიტიმური ძალაუფლება არჩევნების გზით უნდა გადაეცეს  მთავრობას, რომელიც მხოლოდ ასე იქნება კანონიერი მთავრობა და არავითარ შემთხვევაში სხვაგვარად. კანონიერი მთავრობა არის საშუალება, რომელიც სახელმწიფოში შექმნის პირობებს, რომლებშიც ინდივიდის „ფუნდამენტური უფლებები“ უნდა განხორციელდეს. ფუნდამენტური უფლებები ამ შემთხვევაში მხოლოდ შესაძლო ხასიათისაა, რადგან მას განხორციელებისათვის განსაზღვრული პირობა ესაჭიროება, რომელიც სახელმწიფოში უნდა შეიქმნას. ეს ფუნდამენტური უფლებებია: სიცოცხლის, საკუთრებისა და გამოხატვის თავისუფლება (სიტყვის თავისუფლება), რომელთა ერთობლიობაც შეჰქმნის ინდივიდის თავისუფლებას. გამოხატვის თავისუფლება თავისი მნიშვნელობის უმაღლეს წერტილს აღწევს  თავისუფალი არჩევნების დროს, რადგან მისი გავლით ხორციელდება ინდივიდის მხრიდან ძალაუფლების გადაცემა ხელისუფლებისათვის, ხოლო ხელისუფლება ლეგიტიმური ძალაუფლებით აფუძნებს ყველა სხვა დანარჩენი „ფუნდამენტური უფლების“ განხორციელების პირობას. ამრიგად, გამოხატვის თავისუფლება წინ უსწრებს ყველა სხვა უფლებას, რადგან უშუალო ურთიერთმოქმედებაშია ძალაუფლებასთან, რომელიც ამ შემთხვევაში ორ მხარეს გულისხმობს: წარმომქმნელს(ინდივიდი) და მიმღებს/განმახორციელებლს(მთავრობა, ხელისუფლება). ამათგან პირველი მხოლოდ წყაროა, მხოლოდ გადასცემს, ხოლო მეორე - ძალაუფლების წარმოების საშუალება. ხალხი ძალაუფლების განმახორციელებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს, თუ მთავრობა არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და, ამიტომ, დაემხობა ხალხის მიერ. 
    თუ ინდივიდიდან არჩევნების გზით წარმოებული ძალაუფლება ის ერთადერთი წყაროა, რომელიც აფუძნებს კონსტიტუციასა და სახელმწიფოს და ეს ორი ინდივიდთან უკუმიმართებაშია, როგორც წარმომქნელი საშუალებანი განსაზღვრულ პირობათა, რომლებშიც ინდივიდის ფუნდამენტური უფლებები უნდა განხორციელდეს, ხოლო ამ ფუნდამენტური უფლებების განხორციელების გარეშე ინდივიდი თავისუფალად არ ითვლება, ინდივიდის თავისუფლება კი უმაღლესი მიზანია, - მაშინ, ამ აზრით, თავად ძალაუფლება  გამოდის ინდივიდის სუბსტანცია, ინდივიდის ერთადერთი არსება. თუ ეს ასეა, იგი ვერ იქნება თავისუფალი არჩევნის საგანი, იგი მსაზღვრელია და წინ უსწრებს ყოველივეს. მაშასადამე, თავისუფალი ნება და ინდივიდიდან წარმოქმნილი ლეგიტიმური ძალაუფლება არის ის სანდო საყრდენი და ერთადერთი წყარო, რაზედაც დაშენდა ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სახელმწიფო.
    ისტორიაში ამერიკის შეერთებული შტატების შემოსვლას ბედისწერაზე მითითებით ახსნიდა პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი. ღვთის ნების გამოვლენად, ღვთის წყალობად, ამერიკის ბედისწერად და არა თავისუფალი არჩევნით მოპოვებულ ღირებულებად ესახებოდა სენატორ ალბერტ ბევერიჯს აშშ-ის სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა და ზნეობრივ ვალდებულებად მიიჩნევდა მსოფლიოს წყვდიადში მის გავრცელებას. ბედისწერისპუბლიცისტური დაფუძნება დაკავშირებულია ჟურნალისტ ჯონ ლუის ო’სალივანთან (John Luis O’Sullivan, 1813-95, Manifest destiny, 1845) (იხ. ელენე მეძმარიაშვილი, მიხეილ ბარნოვი - „დემოკრატიის გაკვეთილები, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1600-1877)“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019. გვ. 242 და ა.შ.). რაშმორის მთის მემორიალის მეოთხე წევრი, თეოდორ რუზველტი(1858-1919) იზოლაციონიზმის პრინციპზე დაყრდნობით და ამერიკული სისტემის უპირატესობაზე მითითებით აუცილებლობად მიიჩნევდა სამხრეთით ექსპანსიას, ამართლებდა რა მექსიკის ტერიტორიების დაპყრობას, პანამის სეპარატიზმის დაფინანსებით და მისი კოლუმბიისაგან გამოყოფით პანამის არხის მშენებლობის დასრულებას. ზბიგნევ ბზეჟინსკი „დიდი საჭადრაკო დაფა“-ის დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ „ამერიკელების პრეტენზიები დასავლეთ ნახევარსფეროს უსაფრთხოების ერთადერთი დამცველის როლზე, ამ საუკუნეში, ჯერ კიდევ ადრე იყო გაცხადებული „მონროს დოქტრინით“ და გამართლებული მტკიცებებით „ბედის დანიშნულების“( ინგ. manifest destiny) შესახებ, რამაც კიდევ უფრო იმატა პანამის არხის მშენებლობის შემდეგ, რომელმაც გააადვილა სამხედრო-საზღვაო ბატონობა როგორც ატლანტიკის, ისე წყნარ ოკეანეში“(გვ.16). ვუდრო ვილსონისთვისაც(1856-1924), რომელსაც განზრახული ჰქონდა, რომ აშშ გადაექცია ზესახელმწიფოდ, მიუღებელი იყო იზოლაციონიზმი და აშშ-ში არსებულ ადამიანის უზენაეს და შეუვალ უფლებებზე მითითებით ცდილობდა პირველ მსოფლიო ომში დაქანცული ევროპელი ხალხების გულის მოგებას. ანალოგიური მოიმოქმედა შემდგომში ჰარი ტრუმანმა(1884-1972), რომელიც ამბობდა: „მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი ომის შემდეგ დაპყრობით პოლიტიკას ახორციელებს, ჩვენ თავისუფლებას ვიცავთ ამ ტირანიისგან“ (იხ. ვასილ კაჭარავა - „დემოკრატიის გაკვეთილები, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008)“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. გვ. 274), და კიდევაც იწყება იმდროინდელი დუალისტური ჟამის(ამერიკა - საბჭოთა კავშირი) მანიქეველური განმარტება, სადაც პლურალური ამერიკა სინათლის მხარეა, ხოლო მონისტური სსრკ - წყვდიადის. ამ ტენდენციამ, რომელიც, როგორც დავინახეთ, აშშ-ის სახელმწიფოებრიობის ისტორიული საფუძვლებიდან იღებს დასაბამს, დასრულებული სახე ჰპოვა ამერიკულ მესიანიზმში რონალდ რეიგანთან(1911-2004) და მოგვიანებით ჯორჯ ბუშთან. რეიგანისთვის საბჭოთა კავშირი ბოროტების აბსოლუტური გამოვლენა იყო ისტორიაში. იგი ბედისწერით ნიჭებულ ვალდებულებად თვლიდა ყოველი საშუალებით საბჭოთა კავშირის დაქცევას, ამიტომ, სსრკ-ს დაგნგრევის შემდეგ(1991) აშშ გამოცხადდა ისეთ სიკეთედ, რომელზეც გულუბყრვილო კაცობრიობამ იქამდე არა უწყოდა-რა. 
    როგორ უნდა გვესმოდეს ჩვენ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დაფუძნება ბედისწერაზე მითითებით და რა შინაარსის მატარებელია იგი? როგორაა, რომ აშშ ინდივიდის თავისუფლებას, როგორც უმაღლეს ჭეშმარიტებას და საკუთარი სამაგალითო სისტემის ფუძეს მსოფლიოში ავრცელებს ბედისწერაზე მითითებით? როგორაა შესაძლებელი, რომ აშშ-მ თან თავისუფალი ნების შეუვალობა და უზენაესობა ამტკიცოს და, ამავდროულად, ბედისწერასაც მოუხმოს? განა თავისუფლების ლიბერალ-დემოკრატიული გაგება ის არაა, რომელსაც ბედისწერა უპირისპირდება და პირწმინდად აუქმებს მას? სადაც ბედისწერაა, იქ თავისუფალი ნება როგორაა? როგორ თავსდება ამერიკის სოციო-პოლიტიკურ სისტემაში ეს ორი? როგორ შეარიგა ეს ორი ურთიერთდაპირისპირებული აშშ-მ? რატომ ერთხელ არსად იტყვის ამერიკის პოლიტიკური ელიტა, რომ ჩვენ თავისუფალი ნებით ავირჩიეთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა? შესაძლებელია თუ არა, რომ ბედისწერაზე მითითება ზნეობრივი პასუხისმგებლობის მოხსნის შეფარული ცდა იყოს? როგორ მზაკვრულად ამხელს აშშ პრინციპს „მიზანი ამართლებს საშუალებას“,  თავად კი მისი დამცველია! განა „მიზანი ამართლებს საშუალებას“ არ გამომდინარეობს ამერიკული მესიანიზმიდან, რომელიც ჟამთა სხვლაში ბედისწერაზე გამუდმებული მითითებით დააფუძნა ამერიკელთა თაობებმა? 
    მესიანიზმი ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მასში მცხოვრები ნაციითურთ მოაზრებული აქვს საკუთარი თავი ისტორიაში პროვიდენციის შეწევნით. ღვთის მადლითაა ცხებული ის ღირებულებითი სისტემა, რომელსაც სახელმწიფო ეყრდნობა. მოსე ეტყვის ისრაელს: „იცოდე, მე გასწავლეთ თქვენ წესი და სამართალი, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, რომ სწორად მოიქცეთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ“ (მეორე რჯული, 4:5). „დაიცავით და შეასრულეთ, რადგან ეს არის თქვენი სიბრძნე და გონიერება იმ ხალხების წინაშე, რომლებიც ყურს მოჰკრავენ ამ წესებს და იტყვიან: აჰა, ბრძენი და გონიერი ხალხია ეს დიდი ერი“(იქვე. 4:6). „რადგან რომელი დიდი ერია, რომელსაც ჰქონდეს ასეთი წესები და სწორი სამართალი, როგორც მთელი ეს რჯულია, დღეს რომ გაძლევთ“ (იქვე. 4:7). მესიანიზმის სწავლება  გულისხმობს ისტორიის დასასრულის იდეასაც. მესიანიზმი ნიშნავს, რომ სახელმწიფოსთვის მომავალი გარკვეულია, რომ სახელმწიფომ იცის, რა სურს და საით მიემართება. მესიანისტური ისტორიზმისთვის მომავალიც ისტორიის საგანია. ესაა ისტორიის ტოტალობა, სისრულე სახელმწიფოში. უკვე ეს აზრი ძირშივე არყევს სწავლებას ინდივიდის თავისუფალი არჩევნის შეუვალობაზე და თანაც იქ, სადაც ინდივიდის შეუვალ და ურყევ უფლებებზე გამუდმებით მიუთუთებენ. 
    როგორაა შესაძლებელი ინდივიდის თავისუფალი არჩევნის აბსოლუტურობა, ფუნდამენტურობა და შეუვალობა მესიანისტურ სახელმწიფოში? როგორ არის დამოკიდებული ინდივიდის თავისუფალ არჩევანზე ბედი იმ ქვეყნისა, რომელიც მესიანისტურია? განა თავისუფალი არჩევნები არ იმართება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის დროსაც მოქალაქეთა თავისუფალი არჩევნით ქვეყნის ბედი წყდება. ქვეყნის ბედი არჩევნებში როგორ ირკვევა, როცა ქვეყნის მიზანი და მომავალი პროვიდენციის ძალით იმთავითვე გარკვეულია? თუ ეს ასეა, მაშინ ნების თავისუფლება, გამოხატული თავისუფალ არჩევნებში, დასაშვები ხდება მხოლოდ სახელმწიფოს მესიანისტურ საზღვრებში და არა მის მიღმა. რადგან ეს ასეა, მაშინ ნების(არჩევნის) თავისუფლების ონტოლოგიზება წმინდა წყლის სიცრუეა. მაგრამ შევხედოთ კიდევ: თუ ლიბერალურ რესპუბლიკას,  იმპერიას, -და აშშ არის იმპერია, - ინდივიდის ლეგიტიმური ძალაუფლება და თავისუფალი ნება აწესებს, რომელიც ბედისწერის, წინასწარდადგენილების საპირისპიროა, როგორ ხდება ისე, რომ იგი(სახელმწიფო) მის საგარეო პოლიტიკას და მესიანიზმს ბედისწერის მოხმობით ასაბუთებს? რა დროს და სახელწმიფოს რა მდგომარეობაში შემოდის ბედისწერა და გარდაქმნის ინდივიდთა შენაყრის თავისუფალ ნებას - ბედისწერად? თუ მოქალაქის თავისუფალი ნება ატარებს შესაძლებლობას, რომ იგი სახელმწიფოს საგარეო პილიტიკაში გამოვლინდეს ბედისწერად, ღვთის ნებად, მაშინ თავისუფალი ნება აღარ გამოდის ის, რასაც ამდენი ხანია ამტკიცებს ლიბერალ-დემოკრატიზმი. რა არის ბედისწერა ამერიკელთათვის?თუ იგი ინდივიდის თავისუფალი ნების იგივურია, მაშინ რატომ არის იგი პროვიდენციასთან დაკავშირებული? ამ მონაცემებიდან აუცილებლად გამომდინარეობს შემდეგი: ა) ან ამერიკელის თავისუფალი ნება, გამოხატული დემოკრატიულ არჩევნებში, იგივურია ღვთის ნებისა და ეს ორი ერთმანეთს ემთხვევა, რასაც მივყავართ ინდივიდის თავისუფალი ნების უპირატესობის აღიარებამდე პროვიდენციასთან შედარებით, რადგან ლიბერალ-დემოკრატიზმი ინდივიდის ნების თავისუფლების პირველობას ეყრდნობა, ან ბ) ღმერთის ნება, როგორც ბედისწერა ან განგება, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის ადამიანი, მართავს ამერიკელი ინდივიდის თავისუფალ ნებას, რაც გულისხმობს იმას, რასაც  ეწოდება ღვთის ნების აღმსრულებელი მიწაზე. თუ პირველი დასკვნა სანდოა, მაშინ მას ამერიკის საგარეო პოლიტიკის ხასიათი მოხსნის, რადგან იგი არსად იტყვის, რომ ჩვენი თავისუფალი არჩევნის საგანია ჩვენი საგარეო პოლიტიკა. იგი მთელი ისტორიის მანძილზე ამის საპირისპირო არგუმენტაციით ასაბუთებს საგარეო პოლიტიკას, რაზედაც ზემოთ მივანიშნეთ. ამის ნათელყოფას აუცილებლობით როდი მივყავართ დასკვნა ბ- ს აღიარებამდე, მაგრამ თუ დასვკნა ბ არის საქმის ნამდვილი არსი, მაშინ იგი ამერიკის ღირებულებით სისტემას დავდაყირა აყენებს. 
    სახელმწიფოს ინდივიდები ხომ თავისუფალი ნებით აწესებენ. ლიბერალ-დემოკრატიზმში თავისუფალი ნების საგანი ხომ არის ღმერთის არსებობა-არარსებობა. თუ მოქალაქეთა ნაწილისთვის ღმერთი არსებობს, ნაწილისთვის კი - არა, მაშინ როგორაა შესაძლებელი, თავისუფალი არჩევნებით არჩეულმა მთავრობამ ღვთის სახელით აწარმოოს პოლიტიკა? რატომ არ იტყვის აშშ, რომ იგი თავისუფალი ნებით ახორციელებს პოლიტიკას? ხომ არჩეულია თავისუფალ არჩევნებში გამოხატული თავისუფალი ნებით. როგორ გარდაიქმნება ინდივიდის თავისუფალი ნება, რომლისთვისაც ღვთის არსებობა არჩევნის საგანია, ღვთის ნების გამოვლენად? თუ ინდივიდის თავისუფალი ნება აბსოლუტური და შეუვალია, რასაც თანამედროვე თეოლოგთა მირიადი დაბეჯითებით ამტკიცებს, მაშინ ღვთის ნების გამოვლენა ნაკლოვანია და დამოკიდებულია იმაზე, თუ ცალკეული ინდივიდი თავისფუალ არჩევნებში რას აირჩევს. თურმე ღმერთი უცდის, როდის მიეხეტება უკანასკნელი ადამიანი არჩევნებში, რაღაცას შემოხაზავს, რომ გამოავლინოს ნება. ღმერთმა თან უნდა ითვალოს, რამდენი ირჩევს მის არსებობას, რამდენი - არარსებობას, რომ მისი ეკვივალენტი სიძლიერის ნება გამოავლინოს, რადგან ხომ ვერ შეზღუდავს იმათ თავისუფალ ნებას, ვინც მის არსებობას არ ირჩევს? განა არა, ღმერთს თურმე სურს, რომ ყოველკვირეულად თუ არა, ყოველთვიურად მაინც გამოავლინოს ნება, მაგრამ ყოველ ოთხ წელშიო ლიბერალ-დემოკრატიზმმა.
    ბოლშევიკებს ღმერთი არ გადაუქცევიათ ინდივიდის თავისუფალ არჩევანზე დამოკიდებულად. ბოლშევიკებმა მოთხარეს და დასცინეს ლიბერალ-დემოკრატიზმის პრინციპებს. რა მორალური უფლება აქვს აშშ-ს ინდივიდის თავისუფალი ნების (არჩევნის) შეუვალობაზე, როგორც უმაღლეს ღირებულებაზე მითითებით საბჭოთა კავშირი ამხილოს, რომ იქ არჩევნები არ იყო და თავისუფალი ნება არ არსებობდა, მაშინ, როცა თავად ბედისწერის ცნებას მოუხმობს და იგი თავისუფალი არჩევნების სახელით პრაქსისში შემოაქვს? თუ პროვიდენცია მისთვის ინდივიდის თავისუფალი არჩევნის სინონიმურია, მაშინ, სინამდვილეში, იგი ღმერთს აუქმებს, არადა მთელი თავისი ისტორიის მანძილზე მიწყივ ღვთის მადლს(The grace of God) კი ახსენებს. თუ პროვიდენცია და ინდივიდის თავისუფალი ნება მისთვის სინონიმური არაა, მაშინ ინდივიდის თავისუფალი ნება აბსოლუტური, ფუნდამენტური და შეუვალი აღარაა. თუ ეს ასეა, მაშინ რაღატომ ამტკიცებს მსოფლიოს ყველა კუთხეში საპირისპიროს? პოლიტიკურად ყველაზე ცბიერი ქვეყანა ისტორიაში - ამერიკაა. ამერიკისთვის ყოველივე შედარებითია და არ არსებობს მისთვის აბსოლუტური რამ. ყველაფერი მისთვის მხოლოდ საშუალებაა, მიზანი კი მას თავისთავში აქვს. უპრაქტიკულესი იმპერიაა ამერიკა ისტორიაში. აი, ამას მალავენ საგულდაგულოდ საქართველოში ათეულობით წელია. ქართულ  პოლიტიკაში ამერიკა განხილულია როგორც თვითმკმარი ღირებულება. ეს მოთხოვნა კი მთლიანად აუქმებს პოლიტიკის არსებას. საექსპონატო შარლატანი, წოდებული ქართველ პოლიტიკოსად, ოცდაათ წელზე მეტია ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეს ღვთის მადლის მხარეა, რომ „კონფერენციამ ამა და ამ ქალაქში ნაყოფიერად ჩაიარა“, რომ „შეხვედრა მავან პირთან უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა“.  
   საინტერესოა, რომ კალვინისტური პროტესტანტიზმი, რომელიც დავალებულია ავგუსტინეს წინასწარგანსაზღვრულობის საღვთისმეტყველო სწავლებისგან და, ამიტომ, იგი გამორიცხავს თავისუფალი ნების პრიმატს, განივრცო ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს თავისუფალი ნებიდან ამოზრდილი თავისუფლება. 
    თუ აშშ ღვთის მიერ რჩეული მხარეა, მაშინ მისი ბედი ღმერთთან წინასწარ დადგენილია, რადგან შეუძლებელია რომელიმე ხალხი იყოს ღვთის მიერ რჩეული და მისი მომავალი ღმერთთან არ იყოს გარკვეული. 
    როგორ არის ღვთის მიერ რჩეული ის მხარე, რომელსაც ინდივიდის თავისუფალი ნება უდევს საფუძვლად? რამდენადაა შესაძლებელი, რომ აშშ-მ თავის ღვთისგან მონიშნულ გეზს გადაუხვიოს თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებში ინდივიდთთა „მაქსიმალური ჩართულობით“? ხომ უზენაეს ღირებულებას ფლობს არჩევნის თავისუფლება გამოხატული თავისუფალ არჩევნებში, რითაც ათეულობით წელია აროგანტულად თავს იწონებს ამერიკა? თუ არჩევნები არ ცვლის ქვეყნის სამომავლო გეზს, მაშინ იგი ბუტაფორიაა, აქამდე უცნობი უდიდესი სიცრუეა. თუ ცვლის, მაშინ აშშ ღმრთის მიერ რჩეული მხარე როგორღაა, როგორც ამას გამეტებით ამტკიცებს ამერიკა და მისი ქართველ ლიბერალ ყმათა მირიადი? თუ ცვლის, მაშინ ღმრთის ნება გაიგება ადამიანის ნებიდან. ეს კი ღმერთს აუქმებს. კი მაგრამ, ხომ ინდივიდის და არა ღვთის ნებაა აბსოლუტური და ფუნდამენტური? 
    ზედსართავი სახელები აბსოლუტური(absolute) და ფუნდამენტური(foundational) ჰუმანიტარულ მეცნიერებებში დამკვიდრდა ინგლისურიდან, სადაც პირველს აქვს სრულის, უცილობლის, უდავოს, შეუზღუდავის, განუსაზღვრელის მნიშვნელობა, მეორეს კი: ძირითადის, ფუძემდებლურისა. რადგან ეს განსაზღვრებები ყოფით ცხოვრებაში ხშირად მოსმენადია, რასაც ხელს უწყობს მას-მედია, საშიშროება არსებობს, რომ იგი ჯერ ბანალიზდეს და, ამიტომ, კრიტიკული რეფლექსიის გარეშე საზოგადოების ცნობიერებაში ღრმად დაფუძნდეს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენთან უკვე წარმატებით მიმდინარეობს.
    გაუგებარია საერთოდ თეზისი, რომ ინდივიდის უფლებები ფუნდამენტური, აბსოლუტური და შეუვალია,  როცა ამ უფლებების სუბიექტი სასრული არსებაა და უკვე თავისი ასეთი უთუო განსაზღვრულობით მოხსნის მათ, - უფლებებს, რომლებიც აგრეთვე განეკუთვნებიან  სასრულობის სფეროს, - ისტორიას, და თანაც არა ისტორიას საერთოდ, არამედ კონკრეტული ეპოქის პრინციპებს წარმოადგენენ. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ისინი არ ხორციელდებიან მთელი ისტორიის მანძილზე, არამედ ერთი ფორმაციის მომენტს აღნიშნავენ. ამრიგად, ადამიანის უფლებები თავის თავში სამმაგ სასრულობას შეიცავს, ამიტომ ადამიანის უფლებები განუსაზღვრელი და შეუზღუდავი კი არ გამოდის, არამედ სამმაგად განსაზღვრული ანუ შემოსაზღვრული და სამმაგად შეზღუდული. 
    თუ ინდივიდის თავისუფალი ნება აბსოლუტური, ფუნდამენტური და შეუვალია, როგორც ამას ლიბერალ-დემოკრატიზმი და მისი ყმები ამტკიცებენ, მაშინ საშინელ სამსჯავროზე შესაძლებელია თუ არა, რომ ღვთის საბოლოო განაჩენი ადამიანთან მიმართებით ამ უკანასკნელმა უარყოს და ღმრთის ნება არ აღსრულდეს? შესაძლებელია თუ არა, რომ ღმერთმა საშინელი სამსჯავროდან მარადიულ სატანჯველში მიუჩინოს ადგილი ვიეთს და ამან თავისი შეუვალი და ფუნდამენტური თავისუფალი ნებით სასუფევლის ბჭენი შეაღოს? პირიქით თუ შეიძლება მოხდეს? ლიბერალთა მსჯელობიდან ეგრე გამომდინარეობს. თუ ეს ასეა, მაშინ ღმერთს საბოლოოდ ჩაენაცვლა ადამიანი და უსაძაგლესი, უგაიძვერესი სიცრუეა ლიბერალთა მხრიდან ღმერთზე გამუდმებით უბნობა. ესაა ღმერთის დაცინვა, მისი არაფრად ჩაგდება და ამის ლამაზი სიტყვებით გაფორმება. თუ არა და მაშინ ქიმერაა ადამიანის თავისუფალი ნებისა და უფლებების შეუვალობა და ფუნდამენტურობა.
    ამასთან, ადამიანის უფლებები, გაგებული პოზიტიური სამართლით, თავისი სუბიექტისთვის არ იძლევა გარანტიას იმის გარდა, რომ იგი მხოლოდ  ადამიანის უფლებების დამრღვევის დასჯის გარანტიას  იძლევა. ამრიგად, თუ ადამიანის უფლებების დაცვის გარანტია, რაზედაც ამდენს მიუთითებენ, მათი შემლახველის დასჯის შინაარს ატარებს, იგი თავად საკუთარ თავს და მისი სუბიექტის უფლებას ვერ იცავს, რადგან უფლება უკვე დაირღვა. ამიტომ ადამიანის უფლებები ადამიანისთვის იძლევა მხოლოდ იმ გარანტიას, რომ მათ დამრღვევს დასჯის და არა დანაშაულს აღკვეთს. ამ სანდო ფაქტის ზოგადობის უმაღლესი ხარისხი პოზიტიური სამართალია საერთოდ.  დანაშაული, გაგებული პოზიტიური სამართლით, ყოველთვის წინ უსწრებს პოზიტიური სამართლის გარანტიებს, რადგან  ჯერ დანაშაულია. ასე რომ, პოზიტიური სამართალი ყოველთვის შეზღუდულია. ჰეგელის საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ სუბიექტურის სრული ობიექტივაცია შეუძლებელია.
    დანაშაული, ეს ფსიქო-სულიერი და შემდგომ ემპირიული მომენტი, არ ჰკიდია ადამიანის უფლებების არსებობა-არარსებობაზე. საერთოდაც, დანაშაულის ცნება  შეუძლებელია მხოლოდ პოზიტიური სამართლის ჩარჩოებში მოექცეს. ლიბერალ-დემოკრატიზმი კი საპირისპიროს ამტკიცებს. ლიებრალ-დემოკრატიზმს სურს, რომ კონსტიტუციამ მოიცვას ყოველივე და მის მიღმა არაფერი დარჩეს. ჩვენ ეს კატეგორიული მოთხოვნა შეგვიძლია გავიგოთ იმით, რომ აშშ-ს ისტორია სხვა არაფერია თუ არა თავისი თავის განხორციელება კონსტიტუციაში. ეს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშანია. სახელდობრ, ამერიკის ისტორიაში ზღვრულმა ისტორიულმა მომენტმა - სამოქალაქო ომმა ვერ შეძლო ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში ხდომილების შეტანა. მაგრამ რას ნიშნავს ისტორიული ხდომილების ვერ შეტანა? 
    სამოქალაქო ომი განხორციელდა დამფუძნებელი კონსტიტუციის ფარგლებში და იგი არ გასულა მის მიღმა. ეს საკუთრივ იმიტომ, რომ სამოქალაქო ომის ორივე მხარე - ჩრდილოეთი და სამხრეთი თვით დამფუძნებელი კონსტიტუციის მეოხებით შეიცავდნენ სამართლიანობის მომენტს, რადგან თუ ჩრდილოეთი სამხრეთის წინააღმდეგ კონსტიტუციაზე დაყრდნობით უარყოფდა მონობას თავისუფლების სახელით, სამხრეთი ამ არგუმენტს გააბათილებდა ისევ კონსტიტუციის მოხმობით, რომ საკუთრების უფლება(მონა არის საკუთრება) ეს შეუვალი უფლებაა და იგი აგრეთვე განეკუთვნება თავისუფლების იმ სფეროს, რომელიც კონსტიტუციითაა განსაზღვრული. ამრიგად, იქ, სადაც მიმდინარეობდა ზღვრული ისტორიული მომენტი, რომელშიც, როგორც წესი, ძევს წინააღმდეგობა და ისტორიული პერსპექტივა, ეს უკანასკნელი მოძიებულ იქნა ისევ კონსტიტუციით, რომ სამოქალაქო ომის დამთავრებიდან საუკუნის გასვლის შემდეგ იწყება მონობის და რასიზმის წინააღმდეგ პროტესტი (მარტინ ლუთერ კინგი და სხვა). აქვე სათქმელია, რომ რასიზმისა და მონობის პრობლემა ამერიკის სოციო-პოლიტიკურ ისტორიაში ერთმანეთიდან გამომდინარებს და ერთმანეთს ავსებს. მონობა იყო რასიზმის ეთიკური გამართლება და პირუკუ,  რასიზმი კი მონობის. ა) რადგან ვინმე ზანგია, ხოლო ზანგი მონაა და მონა შეზღუდული არსებაა, მაშინ რასიზმი სამართლიანია. ბ) რადგან ვინმე ზანგია და ზანგი ინტელექტუალურად შეზღუდულია, მაშინ მისთვის მონობაში ყოფნა - წყალობაა. 
    ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ აშშ-ის იმპერიის ისტორია ხორციელდება მის კონსტიტუციაში და რაგინდარა ზღვრული სიტუაცია ვერ გადალახავს კონსტიტუციას. ხოლო სხვადასხვა ქვეყნების მცდელობა, სამაგალითოდ დასახონ აშშ-ის კონსტიტუცია, იგივეა, რაც გააფორმონ თავიანთი ქვეყნის ისტორიის განხორციელება კონსტიტუციის ფარგლებში. ეს მოთხოვნა მათთვის, ამერიკისაგან განსხვავებით, საშიშროების შემცველია. ამრიგად, ამერიკის პოლიტიკური ბუნებისთვის უცხოა რევოლუცია მაშინაც კი, როცა სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. რევოლუცია იმ აზრით, რომ იგი წინამავალ კონსტიტუციას და პოლიტიკურ სისტემას მოხსნის. მაშასადამე, ამერიკისთვის კონსტიტუცია - ტოტალობაა, ესაა კონსტიტუციის ტოტალიტარიზმი, რომელიც ისტორიაში კი არ ხორციელდება, არამედ მოითხოვს, რომ ისტორია განახორციელოს საკუთარ თავში. კონსტიტუცია ამერიკის  ლიბერალური იმპერიისთვის ისტორიაა მთლიანობაში.
    ლიბერალ-დემოკრატიზმი თავადაა მონისტური, რადგან მას მასში მოქმედი პლურალიზმი ვერ გადალახავს. ამიტომ გადაიქცა პოსტსაბჭოთა დროებაში ლიბერალ-დემოკრატიზმი დიქტატურის ახალ ფორმად. აშშ-ში არსებული ორპარტიულობა და მათი მონაცვლეობა სინამდვილეში დიქტატურაა, ოღონდ ეგზომ ლამაზ და ეგზოტიკურ ფორმებში. 
    ამერიკის შეერთებული შტატები, მისგან ამოზრდილი სოციო-პოლიტიკური სისტემა და მას-კულტურა, მოსაწყენი და ბანალურია. იგი ადამიანის მდაბალი მიზნებით საზრდოობს, რომლებიც მას ადამიანის ყოფნობის უმაღლეს მიზნებად დაუსახავს. ლიბერალ-კაპიტალიზმმა  დააკნინა ადამიანი ისე, როგორც აქამდე არც ერთმა სისტემამ. უბედურება ისაა, რომ ამას ადამიანი ვერ ხედავს. დამცირებულია ადამიანი და მას ეს ახარებს. აქვე ასეთ კითხვებს დავაყენებ: როგორ ზრუნავს აშშ და მისი ასერიგად ნაქები სოციო-პოლიტიკური სისტემა დედამიწაზე და ადამიანზე მაშინ, როცა იგი ყველაზე მეტს საუბრობს დედამიწიდან  სხვა პლანეტებზე ადამიანის გადაცხოვრებაზე და ხელოვნური ინტელექტის აუცილებლობაზე? რისთვის გარბის დედამიწიდან ამერიკელი, რისი ეშინია მას? რატომ სურს მას, რომ მიატოვოს მიწა? ხომ ღვთის მიერ არის რჩეული ამერიკელი პირზე მიწისა, არა? ერთ დროს როგორც ევროპა მიატოვა ახლანდელმა ამერიკელმა, ეგრეც ეხლა მთელი დედამიწის მიტოვება განუზრახავს. რამდენად არის შესაძლებელი  დედამიწასა და სხვა პლანეტაზე გადასახლებულ ახალ ნაციას შორის ომი და როდის მოხდება იგი? ვინ იქნება დედამიწის პროპონენტი და ვინ მისი - ოპონენტი? გალაქტიკებზე თუ პლანეტებზე ასეთი მასშტაბით ყურადღების გადატანა რატომ ხდება? რატომ ცდილობს ლიბერალ-კაპიტალიზმი, რომ ადამიანი განზიდოს დედამიწისგან? როგორ ხდება ისე, რომ სისტემა, რომელიც ანთროპოცენტრული და იმავდროულად თეისტურია, ხალხთა მასების დარწმუნებით ასაბუთებს აზრს, რომ დედამიწა, რომელზეც ადამიანი - სისტემის უმაღლესი ღირებულება მოსახლეობს, თავისი მნიშვნელობით სამყაროს ცენტრი არაა? თუ დედამიწა, რომელსაც ადამიანის ხსნისათვის თავად ღმერთი განკაცებით მოევლინა, თავისი მნიშვნელობით სამყაროს ცენტრი არაა, მაშინ სისტემა აუქმებს ღვთის მოსვლას. ამის ნათელყოფას მივყავართ იმის აღიარებამდეც, რომ სისტემა თავის უმაღლეს ღირებულებას, ადამიანსაც აუქმებს. ეს ყოველივე, თავის მხრივ, ამერიკას ოდნავადაც კი არ უშლის ხელს, რომ ღვთისა და ადამიანის სახელით იმოქმედოს დედამიწის ყოველ კუთხე-კუნჭულში. 
    ამერიკისთვის უცხოა ისტორიული ხდომილება. ისტორია ამერიკას ხდომილებაში ვერ ჩააგდებს, რადგან კონსტიტუციაშია გათვალისწინებული მთელი ისტორია და აშშ თავის ისტორიას ყოველთვის კონსტიტუციაში ახორციელებს. ამის საწინააღმდეგოდ რუსეთი ის უპირველესი ქვეყანაა, რომლისთვისაც ისტორიული ხდომილებაა დამახასიათებელი. რუსეთისთვის ისტორიული პერსპექტივა, რომელიც ისტორიულ ხდომილებაში ძევს, ნიშნავს წინამავალის რადიკალურ უარყოფას და მის გადალახვას. მაგალითისთვის, რუსეთის მონარქიული  იმპერიის უკიდურესი უარყოფა მოხდა ბოლშევიკური რევოლუციისას და ამ უარყოფას დაეშენა საბჭოთა კავშირის სისტემა, ხოლო  საბჭოთა კავშირის რადიკალური უარყოფა ხდება უკვე ლიბერალ-დემოკრატიზმზე,  როგორც უმაღლეს ჭეშმარიტებაზე მითითებით. რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ იგი დღეს ოლიგარქიულია, ატარებს თავის წიაღში პოტენციას, რომ მისი ამჟამინდელი ისტორიული მდგომარეობა გადალახოს. ეს რევოლუციას ნიშნავს. საბჭოთა კავშირი რომ არა, რუსეთში ეს პოტენცია უკვე ძირფესვიანად მოთხრილი იქნებოდა. საბჭოთა კავშირი რომ არა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ისტორიული დრო ერთმანეთს დაემთხვეოდა და იგივური იქნებოდა. რუსეთისთვის ისტორიული პერსპექტივა კონსტიტუციაში არ ძევს. ამიტომ მოხდა რუსეთში ბოლშევიკური რევოლუცია და არა სხვაგან. მენშევიკური ლიბერალ-სოციალ-დემოკრატიზმი თავად რუსული სპეციფიკის გამო იყო განწირული. რუსეთი უკიდურესობებისკენაა მიდრეკილი და ესაა მისი ბედისწერა. რუსეთის სულს აქვს ის ისტორიული გამოცდილება, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა მას, გაერკვია, თუ რა ფორმა უნდა უარეყო სამუდამოდ. ამერიკის სული კი ისტორიულ ხდომილებებს მოკლებული, მონოტონური, ერთფეროვანი და ბანალურია. იგი სწორხაზოვანი და კონსტიტუციურად გაწერილია. ლიბერალ-დემოკრატიზმი თავისუფლების და პლურალიზმის ულევ წყაროდ მხოლოდ საბჭოთა კავშირთან დაპირისპირებაში მოჩანდა. ლიბერალ-დემოკრატიზმი აღმოჩნდა ისეთი სიცრუე, რომელზეც კაცთა მოდგმას არ სმენია. წუთისოფლის  მაცდურობა და მზაკვრობა კი ისაა, რომ მან მისი ბოროტი ფორმა შესაძლოა, რომ უმაღლეს სიკეთედ მოგვაჩვენოს, ხოლო რადგან ჩვენ ფორმები გვაბნევს, სწორედ ისინი გვიშლის ხელს, საქმის არსით დავკავდეთ. აქ მწარე ღიმილით გვახსენდება სახელმწიფოს მეორე წიგნში გლავკონის ნათქვამი სოკრატესადმი, რომ „...უსამართლობის უკიდურესი ზღვარი ისაა, რომ სამართლიანობად ჩანდეს...“. (361 b)
    ლიბერალ-დემოკრატიზმი მოითხოვს, რომ არჩევნებში უნდა გაირკვეს ქვეყნის მომავალი, მაგრამ იგი პასუხს ვერ იძლევა კითხვაზე, თუ როგორ უნდა გაარკვიოს ნომინალისტურ, ლიბერალურ-ეგალიტარულ საზოგადოებაში მცხოვრებმა ინდივიდმა, რომლისთვისაც კეთილსა და ბოროტს შორის ყოველგვარი საზღვარი მოშლილია, საგნის ავკარგიანობა? ეს პრინციპული მნიშვნელობის კითხვაა. მეტსაც ვიტყვით: ლიბერალ-დემოკრატიზმმა  საზღვარი კი არ მოშალა კეთილსა და ბოროტს შორის, არამედ ეს ორი ერთმანეთს ამაგიერა. ეს კი ასე უნდა მომხდარიყო, მაგრამ საკითხი ეხება იმას, თუ რამდენს შესწევს უნარი ამ სიძნელეში წვდომის.
    ლიბერალ-ეგალიტარული საზოგადოება პრინციპულად არათავისუფალია. ეს ასე რომ არ იყოს, მაშინ თავისუფლების საკითხი არ იქნებოდა დაკავშირებული საგნის მოხმარების ხელმისაწვდომობასთან. ესაა მოსახმარს დამონებულ ინდივიდთა შენაყარი. ჭარბხარჯვა ეთიკის პრობლემაა. კაპიტალისტური ბაზარი გამორიცხავს პიროვნულობას. იგი აიძულებს ადამიანს იყოს ის, რაც ადამიანს არ სურს. შეხედეთ, ბაზარს თავად ადამიანი გადაუქცევია მოსახმარ ნივთად. ადამიანი იყიდება. ადამიანთა დახლია მთელი სოციალური ქსელი. ინსტაგრამი, ფეისბუქი, ტიკტოკი და სხვა, ესაა ბაზარი, სადაც ადამიანი დახლზე დევს და იყიდება. აღარ არსებობს ადამიანის პირადი ცხოვრება. ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის, ყველაფერი დახლზე აწყვია. აღარ არსებობს არანაირი საიდუმლოება. ადამიანი გამოფენილია დახლზე, როგორც ბოსტნეული. ადამიანის ყოველი დღე სთორში იყიდება. დღევანდელი ნომინალისტი ლიბერალი „ტოტალიტარულ რეჟიმებს“ უარყოფს იმ არგუმენტით, რომ მათში ადამიანის პირადი ცხოვრების ზღვარი მოშლილი იყო და უშიშროების სამსახურებმა ყველაზე ყველაფერი იცოდა, მაგრამ განა იგი მისი დღევანდელი ყოფნობით არ აუქმებს საკუთარ ანტიტოტალიტარულ არგუმენტაციას? ადამიანის პირადი ცხოვრება განა სოციალურმა ქსელებმა არ გააუქმა?    როგორ უნდა დარჩეს ადამიანის პირადი ცხოვრება მკაცრი საზღვრებით შემოფარგლული მაშინ, როცა დღევანდელი მომხმარებელი ადამიანი სოციალურ ქსელში დღეში ათობით სთორს განათავსებს და ყოველ გადადგმულ ფეხის ნაბიჯს საქვეყნოდ გამოჰფენს? ლიბერალი თავისუფლად მომსჯელე აყივნებს საბჭოთა კავშირს იმის გამო, რომ იქ ადამიანს პირადი ცხოვრება არ ჰქონდა, რომ მასზე სისტემამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ დღეს იგი დაიარება თოქ-შოუებში, სადაც ფულისა და პოპულარობის გამო თავის საიდუმლოებანზე თავად ჰყვება. მაგალითისთვის, ერთ-ერთი საიუდუმლოებათაგანი - ცოლ-ქმრობა თოქ-შოუებში რეიტინგულ განსახილველ საგნად გადაიქცა და მისი გამოყენებით დიდი შოუები იდგმება. დადიან ძალით ტანჯული სელებრითები, ერთიორ ცრემლს გადმოაგდებენ და საკუთარ ძალით ტრაგიკულ პირად ცხოვრებაზე სენსაციისა და ფულის გამო უბნობენ. იგივე ტიპაჟები გადადიან სხვა ფორმატის თოქ-შოუებში და ადამიანის პირადი ცხოვრების მკაცრი საზღვრების დადგენის მოთხოვნით ტოტალიტარული სისტემების მხილებას იწყებენ. ეს ხომ უდიდესი და შეთანხმებული აფიორაა? 
   ადამიანს სურს, რომ მოიხმარონ. ეს უკვე ჩვევა და ცნობიერების მდგომარეობაა. ხალხს ინსტაგრამზე და ფეისბუქზე უყვარს ერთურთი, უშუალოდ კი ერთმანეთი ეზიზღებათ. ლიბერალ-ეგალიტარული საზოგადოება ესაა ზედმიწევნით დეკლარირებული, ნოტარიულად შეთანხმებული და მეტისმეტად გულცივი საზოგადოება. მისთვის უცხოა მეტაფიზიკური ხვაშიადი, დარდი და მონატრება. იგი არ ჰგუობს იდეალს. თუ ილონ მასკი ადამიანად ყოფნობის იდეალია, მაშინ წყეულიმც იყოს ადამიანად დაბადება. ნიცშესეული ღმერთის სიკვდილი დღეს გადაიქცა ღვთის გაცოცხლებად, ოღონდ საგანგებო გარიგების პირობით, რომ იგი დღევანდელი ნელთბილი ადამიანის უფლებების დაცვის გარანტად დაეყუდება. იხატება სურათი, თითქოს ღმერთი ცათა შინა ბოლთასა სცემს ადამიანის უფლებების გულიზა. მას ამით ჩამოართვეს ოდენ მისთვის ნიშნეული სიბრძნე და გადააქციეს თოქ-შოუებში მოყიალე ტიპაჟად, ხოლო თოქ-შოუ ეს ჰიულეტიკური საშინელი სამსჯავროა, სადაც ღმერთს ემაგიერა ჟურნალისტი და თურმე მის ხელშია თავად ღმერთის ცხონებაც. 
    აღარ არსებობს არანაირი იმპერატივი. ლიბერალურ-ეგალიტარული საზოგადოების იმპერატივი არის უიმპერატივოდ ცხოვრება. ამას გულისხმობს ლიბერალ-კაპიტალიზმის მთავარ მხატვრულ ნაწარმოებში - „ატლანტმა მხრები გაშალა“ 539-ე გვერდზე  პერსონაჟი ლილიანის მიერ ნათქვამი სიტყვები, რომ: „ადამიანებისაგან წმინდანობას აღარ მოითხოვენ, მაგრამ არც ცოდვებისთვის სჯიან“. ხსენებული წიგნი იწყება კითხვით - „ვინ არის ჯონ გოლტი“? ეს კითხვა მთელ წიგნს გასდევს. ჯონ გოლტი უხილავია, არსად ჩანს, მაგრამ იგი ყველას აინტერსებს, მასზე ყველა კითხულობს. იგი ატლანტიდაში სახლობს. ატლანტიდა, როგორც სეგრეგაციული ბუნების კაპიტალისტური ბაზარი  აღწერილია წიგნის მესამე ნაწილის პირველ თავში. ატლანტიდაში ყველა ვერ მოხვდება, იგი რჩეულთათვისაა. ჯონ გოლტი მხოლოდ რჩეულთ შეეწევა, მხოლოდ რჩეულთ გამოეცხადება. ჯონ გოლტი უხილავია, მაგრამ ყველაფერზე ზემოქმედებს. ის ბაზარს დაჰყურებს და მასში მოღვაწე რჩეულს ატლანტიდაში, ჭეშმარიტ ბაზარში აცხონებს. ატლანტიდაა  ერთადერთი და ნამდვილი სასუფეველი. ატლანტიდაა წმიდა ეთერი, ყოფითი ბაზარი - მხოლოდ მასთან მიმსგავსება. ჯონ გოლტი კი ატლანტიდიდან მადლად გადმოსული უხილავი ხელია. იგია ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. მას ყველა ეძებს, მაგრამ იგი არა ყველასთვისაა. დაგნი ტაგარტი ჯონ გოლტის, ატლანტიდის, ბაზრის, ანუ  წმიდა ყოფიერების მიერაა რჩეული. მხოლოდ დაგნი ტაგარტი და მისთანანი ცხონდებიან ბაზრით, სხვანი წარიხოცებიან. 850-ე გვერდზე ნათქვამით, რომ „ვფიცავ ჩემს სიცოცხლეს და მისადმი ჩემს სიყვარულს, რომ მე არასდროს ვიცხოვრებ სხვა ადამიანების გულისთვის და არც სხვას მოვთხოვ ჩემთვის არსებობას“, გამოხატულია ლიბერტარიზმის   კრედო. ესაა წიგნი ყოველი ამაღლებულის დაცინვისა და გაქილიკების. გულშავი დედაბერია ამ წიგნის ავტორი, რომელსაც სძულს საზოგადოდ ადამიანის იდეა. ადამიანის პირუტყვად გაფორმების წიგნია „ატლანტმა მხრები გაშალა“.  აინ რენდი არაა პატიოსანი ათეისტი, რომელიც ღვთის გარეშე ზრუნავს ადამიანის ამაღლებაზე და მას დიდ მისიას აკისრებს.   
  ეკითხები ქართველ ლიბერალს: როგორ მოხდა, რომ ოცდაათ წელზე მეტია, ქვეყანა უფსკრულის თავზეა გამოკიდებული, ის კი გპასუხობს, რომ თურმე ჯერ არ მოსულა ნამდვილი ლიბერალ-დემოკრატიზმი(კაპიტალიზმი). ჯერ „საბჭოთა მემკვიდრეობა“ და „საბჭოთა მენტალიტეტი“ უნდა დავამარცხოთ და მერე მოვაო. კი მაგრამ, თუ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ „საბჭოთა მენტალიტეტი“ ისევ რჩება ქართველის ცნობიერებაში, ხოლო ლიბერალიზმის ქართველი მედროშენი მასზე მითითებით ახსნიან საქართველოს ყოველმხრივ დაცემას, მაშინ, ამავდროულად, რაღატომ ამტკიცებენ ისინი, რომ ქართველი იმთავითვე საბჭოთა იდეოლოგიის მოწინააღმდეგე იყო? მარქსიზმ-ლენინიზმის დროს არ იყო ქართველში საბჭოური მენტალიტეტი, და საბჭოთა კავშირის შემდეგ გაჩნდა? - გამორეკენ შიგადაშიგ პარლამენტის წინ თავისუფლებისთვის მებრძოლ „ნათელ ახალგაზრდობას“, „gen-z“-ის და მიუქსევენ ხოლმე ხან საბჭოთა კავშირის „აჩრდილს“, ხანაც მის „მემკვიდრეობას“, გააჩნია წელიწადის რა დროა. ნათელი ახალგაზრდობა იმავე პრინციპებს ეყრდნობა, რომელსაც ქართული პოლიტიკა ოცდაათ წელზე მეტია. ამიტომ შეუძლებელია ამ ორს შორის წინააღმდეგობა გაჩნდეს. მათი წინააღმდეგობა მირაჟია ოდენ. სინამდვილეში, ნათელი ახალგაზრდობა მხოლოდ სისტემის მითითებებს ასრულებს. რევოლუციონერი რომ იყო, სული უნდა გქონდეს მოუსვენარი, ბობოქარი, წინააღმდეგობათაგან შექსოვილი. ასეთი შინაგანი ბუნება კი გარეგან ფიზიონომიაზე წარუშლელ კვალს ტოვებს. ასე რომ, გაუგებარია იმათი რევოლუციონერობა, ვისაც პირი-სახე ყრუ კედელს მიუგავს. ზედმიწევნით ჩვეულებრივმა და მოსაწყენმა ადამიანმა სადმე რევოლუციას უწინამძღვრა და ეს ჩვენთვის უცნობია? ან როგორ უნდა მოხდეს რევოლუცია იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ამ ქვეყანაში ათეულობით წელია არსებობს? პარლამენტის წინ რასაც მოისაკლისებენ ხოლმე ნათელი და ბრდღვიალა ინდივიდები, ის ამ ქვეყანაში ყელამდეა. ნარკოტიკს ითხოვდა ფერადი ახალგაზრდობა და კიდეც იხრჩობა ქვეყანა ნარკოტიკში. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანა გადაჰყვა და ღიმილისმომგვრელი უნამუსობაა, როცა ლიბერალი ინდივიდი გამოხატვის თავისუფლებას საკლისობს. ეს ყველაფერი ხდება შეთანხმებით, რათა ქვეყანაში შეიქმნას იმ მხარეთა მოჩვენებითი ანტაგონიზმი, რომელნიც არსობრივად ერთნი არიან.შემთხვევით დავთრები ხომ არ არევიათ ლიბერალ ნათელ მომავლებს? 
    გაუგებარია, საქართველოსთვის რატომ იქმნა წყევლად მისი დამოუკიდებლობა. რანაირად მოხდა, რომ საბჭოთა „ბოროტების იმპერიის“ დანგრევის შემდეგ ქვეყანა კვლავ ბოროტსა შინა ძევს. აი, ამ კითხვისგან თავის არიდების გამო დამკვიდრდა ცნება „საბჭოთა მემკვიდრეობა“. სადაც რამე ცუდი თუ ხდება, თურმე საბჭოთა მემკვიდრეობაა. ლიბერალ-დემოკრატიზმის საარაკო შერცხვენა თურმე საბჭოთა მემკვიდრეობის ბრალია. დასრულდა საბჭოთა კავშირი. დაინგრა ეგ იმპერია, დაინგრა. სხვას ნუ აბრალებ ყველაფერს. ჟამის აღსასრული დღეს რომ იყოს, საქართველოს გადარჩენა ფრიად საეჭვოა. ცოდვის სიღრმეს ფსკერი არ ეპოვება. საქართველო უკიდურესად ცოდვილი და დაცემულია. არაფერს ნიშნავს თოქ-შოუებში სიკეთის წახალისებაზე, ღმერთის სიყვარულზე და შემწყნარებლობაზე დიდი ენთუზიაზმით საუბარი. ეს ლიბერალ-ეგალიტარული სიბილწის გამოვლინება უფროა, ვიდრე გულწრფელი მოწოდება. საქართველოში ცოდვის ცნობიერება ქრება. საუკუნოვან ქრისტიანულ ქვეყანაში გამოხატვისა და არჩევნის თავისუფლების სახელით ცოდვის გაგება უქმდება. ამ სირთულეზე ფიქრობს კია ლიბერალ-ფემინისტური თეოლოგია? ღმერთი პირისაგან მიწისა აღგავს  საქართველოს და მართალიც იქნება. ამრიგად, ჯერ ღვთის საშინელი სამართალი და მერე მისი შემწყნარებლობა და სიყვარული. არ დაგინდობს ღმერთი, საქართველოვ, შეგრისხავს და შეძრწუნდები.
    ქართველისათვის დამნაშავე მეტწილად წარშულში, ან საზღვარგარეთაა. სხვისი ლანძღვით მშვენივრად გადის იოლას ქართული ეთნოცენტრიზმი. ყოველთვის სხვა როგორ არის მტყუანი, ხოლო  საქართველო - მართალი? ლიბერალური ისტორიოგრაფია გამუდმებით სხვას რატომ ამტყუნებს? მისი ნამსჯელი გაფიქრებინებს, რომ დედამიწა ტრიალებს საქართველოს ირგვლივ. ამაზე მანკიერი აზრი რაღა შეიძლება იყოს? თუ ლიბერალი ამბობს, რომ ევროპა მისი სახლია და იქ  მას ელიან, მაშინ იგი ევროპის წარსულიდან თავის წილ პასუხიმგებლობას თუ იკისრებს? ბოლო ჟამის დროს განა შეძლებს ლიბერალ-ნაციონალისტი ეთნოცენტრისტი, თქვას, რომ ევროპის ცოდვების გამო მეც მომეკითხოს? აბა თქვენ მაშინ იხილეთ  მისი სხვებზე გადაბრალება. 
  კაცობრიობის მატიანე ადასტურებს იმას, რომ ვისაც ჭეშმარიტების ფლობაზე პრეტენზია აქვს, მიუხედავად იმისა, მას ჭეშმარიტება ნამდვილად უპყრია ხელთ თუ არა, შეუძლებელია ექსპანსიონისტი და მოძალადე არ იყოს, შეუძლებელია იგი თვითმკმარი, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეთილად დაშთეს. ჭეშმარიტების ბუნებაა ასეთი. ჭეშმარიტება უკვე თავადაა  ძალადობაა  ადამიანთა მოდგმაზე. თქვას აბა ვინმემ, რომ ეს ასე არაა. რომც არ იყოს ობიექტური ომი, ადამიანისთვის შინაგანად ყოველი დღე რევოლუციისა და მსხვერპლისათვის თქმულა. ეს კი არანაკლები ომია. მიწყივ ომია ცხოვრება. კარგად არის ნათქვამი ფაუსტში:
„ორი სული დგას ჩემს სხეულში, ერთი ცას ელტვის,
მეორე - მიწას, და ერთმანეთს ვერ ეთავსება.
პირველს სიმაღლე ენატრება, ზესამყოფელი,
და განუწყვეტლივ, იქ, ეთერში აჭრის მდომია,
მეორეს მწარედ არ ეთმობა აქ ეს სოფელი,
ყველა საცეცით ჩაჰფრენია და ჩაჰკვდომია“.
და, საერთოდაც, დღევანდელობა, რომელიც შენიღბულია ვერბალური იმპროვიზაციებით, სიცილ-ხარხარით, სიკეთის კეთების იუთუბერული მონოპოლიზმით, მყრალი ოპტიმიზმითა და ყველა იმ სიცრუით, რომლითაც იკვეხნის ჩვენი სირცხვილიანი საუკუნე, მიზნად ისახავს, რომ ადამიანს სიკვდილი დაავიწყოს. ბოლოს და ბოლოსრა არის ეს ლიბერალ-კაპიტალიზმის სანუკვარი მშვიდობა, თუ არა ლპობისა და გათახსირების ლამაზი საშუალება, კაპიტალის ზეობისთვის შესაფერისი გარემოს ინსტიტუციური გაფორმება? თუ ლიბერალ-კაპიტალისტური მშვიდობა ღვთისადმი სათნოა, მაშინ რატომ დაკნინდა ადამიანი მასში? უკანასკნელი ოცდაათი წელი განა სხვა რამეს ცხადყოფს? დღევანდელ ავჟამობას ესაჭიროება раскол, ხოლო ამას კი თავისი раскольники. უნდა განივრცოს ისტორია. კაპიტალმებრძოლეობის დაწყება ხამს. გახვრეტილი თეთრის ფასია ის თეოლოგია, ინდივიდის შეუვალ უფლებებს რომ ეყრდნობა. პოსტსაბჭოთა დროში ადამიანთან ლიბერალ-კაპიტალიზმის მიერ დადებული კონტრაქტი ადამიანის თვითგაუქმებით სრულდება. ამ კონტრაქტის დარღვევა ხამს. თავისუფლების სახელით დასავლეთმა ადამიანი დაასრულა. არის კი თვითმკმარი რამ ის, რასაც თავისუფლებას ეძახიან? აბა, თავისუფლება?
     
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ზურაბ ხასაია - ამერიკული მსოფლმხედველობისათვის ზურაბ ხასაია - ამერიკული მსოფლმხედველობისათვის ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული ბერტრან რასელი - რატომ არ ვარ ქრისტიანი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) ბერტრან რასელი - რატომ არ ვარ ქრისტიანი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული ნიკა ლაშხია - ლექსები ნიკა ლაშხია - ლექსები ჟურნალი / სტატიები / პოეზია / მომხმარებლები ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / გამოქვეყნებული გოჩა გვასალია-რეცენზია გეგი კუხალეიშვილის ნაშრომზე გოჩა გვასალია-რეცენზია გეგი კუხალეიშვილის ნაშრომზე ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge