გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ბერტრან რასელი - რატომ არ ვარ ქრისტიანი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)

      

                  თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა  05.11.17.

           რატომ არ ვარ ქრისტიანი1

თავმჯდომარის სიტყვიდან თქვენთვის უკვე ცნობილია ჩემი დღევანდელი ლექციის თემა: „რატომ არ ვარ ქრისტიანი“. ალბათ, თავდაპირველად კარგი იქნებოდა გვეცადა სიტყვაში - „ქრისტიანი“ გარკვევა. საქმე იმაშია, რომ ჩვენ დროში ადამიანთა დიდი უმრავლესობა ამ სიტყვას იყენებს მეტად გაურკვეველი აზრით. ზოგიერთი ქრისტიანში გულისხმობს მხოლოდ ადამიანს, რომელიც ცდილობს იცხოვროს წესიერად. ამ აზრით, ჩემი შეხედულებით, ქრისტიანი მოინახება ყველა სექტასა და რელიგიაში, მაგრამ მე მგონია, რომ ეს სიტყვის არასწორი მნიშვნელობაა, თუნდაც იმიტომ, რომ მისგან გამომდინარეობს, თითქოსდა ბუდისტები, კონფუციანელები, მუსულმანები და ა.შ. – არ ცდილობდნენ იცხოვრონ წესიერად. ჩემთვის სიტყვა „ქრისტიანი“ სრულიადაც არ ნიშნავს ადამიანს, რომელიც თავისი შესაძლებლობების საზღვრებში ცდილობს წესიერად ცხოვრებას. მიმაჩნია, რომ ვიდრე მიიღებდე უფლებას გეწოდოს ქრისტიანი, თქვენ უნდა გაიზიაროთ რწმენის გარკვეულად განსაზღვრული ოდენობა. მართალია, დღეს სიტყვამ „ქრისტიანი“ დაკარგა ის სისხლსავსე მნიშვნელობა, რომელიც მას ჰქონდა წმ. ავგუსტინესა და წმ. თომა აქვინელის დროს. იმ ხანად, როდესაც ადამიანი აცხადებდა, რომ ის ქრისტიანია, ყველამ იცოდა თუ რა უნდოდა მას ამით ეთქვა. ყოფილიყავი ქრისტიანი ნიშნავდა – მიგეღო მთელი ერთობლიობა მკაცრი სახით განსაზღვრული რელიგიური წარმოდგენების და გერწმუნა, მთელი შენი მრწამსის ძალით, ამ რელიგიური წარმოდგენების თითოეული ნასახი.
რა არის ქრისტიანი?
დღეს ის ისეთი არაა, როგორც ადრე იყო. ჩვენ მოგვიწევს ვიყოთ ცოტაოდენ უფრო განუსაზღვრელი ქრისტიანობის გაგებაში და მაინც მიმაჩნია, რომ შეიძლება დავასახელოთ ორი განსხვავებული პუნქტი, რომლის მიღება სრულიად აუცილებელია ყველასათვის, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს. პირველი პუნქტი  – დოგმატიკური ხასიათის – მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ უნდა გწამდეთ ღმერთი და უკვდავება. თუკი თქვენ არ გწამთ ეს ორი რამ, მაშინ, ჩემი შეხედულებით, თქვენ არ გაქვთ უფლება ქრისტიანად იწოდებოდეთ. მეორე, რაც ცხადია საკუთრივ სიტყვა „ქრისტიანისაგან“, თქვენ უნდა გაიზიაროთ ცნობილი სახის რწმენა ქრისტესადმი. მაგალითისთვის, მუსულმანებსაც სწამთ ღმერთი და უკვდავება და მიუხედავად ამისა, ისინი თავის თავს ქრისტიანებს არ უწოდებენ. ვფიქრობ, რომ, როგორც მინიმუმი, თქვენ უნდა გაიაზროთ რწმენა იმისა, რომ ქრისტე იყო, თუ არა ღვთაებრივი პიროვნება, ადამიანთა შორის, უკიდურეს შემთხვევაში, ყველაზე საუკეთესო და ბრძენი. თუკი თქვენ მიდრეკილი არა ხართ გაიზიაროთ ქრისტესადმი ეს რწმენა, მაშინ, ჩემი შეხედულებით, თქვენ არა გაქვთ არანაირი უფლება ქრისტიანად იწოდებოდეთ. რა თქმა უნდა, არსებობს სიტყვის „ქრისტიანი“ სხვაგვარი მნიშვნელობაც, რომელსაც თქვენ ნახავთ უითეკერის „კალენდარში“3, გეოგრაფიის წიგნებში, სადაც საბუთდება, რომ დედამიწის მოსახლეობა იყოფა ქრისტიანებად, მუსულმანებად, ბუდისტებად, კერპთაყვანისმცემლებად და ა.შ. ამ აზრით ჩვენ ყველანი ქრისტიანებში ვართ, მაგრამ წმინდა გეოგრაფიული მნიშვნელობის სიტყვაა, რომელიც, მიმაჩნია, რომ საყურადღებოდ უნდა მივიჩნიოთ. იმიტომაც, რომ დავისახე რა მიზნად აგიხსნათ თუ რატომ არ ვარ ქრისტიანი, ამიტომ ვალდებული ვარ აგიხსნათ ორი განსხვავებული რამ: პირველი, რატომ არ მწამს ღმერთი და უკვდავება და მეორე, რატომ არ მიმაჩნია ქრისტე, ადამიანთა შორის, ყველაზე უკეთესად და ბრძენად, თუმცა კი ვაღიარებ მის მეტად მაღალი ხარისხის ზნეობრივ სათნოებებს.
თუკი მე შევძელი მიმეღო ქრისტიანობის ესოდენ ელასტიური განსაზღვრება, ამით დავალებული ვარ იმ ნაყოფიერ ძალისხმევაზე, რომელიც წარსულში წამოიწყეს არამორწმუნეებმა. როგორც უკვე მივუთითებდი, ძველ დროში ქრისტიანობის ცნებას ჰქონდა ბევრად უფრო სისხლსავსე მნიშვნელობა. მაგალითად, იგი შეიცავდა ჯოჯოხეთის რწმენასაც. რწმენა, ჯოჯოხეთის მარადიული ცეცხლის, არც თუ შორეულ დრომდე, შეადგენდა ქრისტიანული სარწმუნოების აუცილებელ ნაწილს. ჩვენ ქვეყანაში, როგორც თქვენთვის ცნობილია, საიდუმლო საბჭოს დადგენილების ძალით, ჯოჯოხეთიასდმი რწმენა აღარაა აუცილებელი ნაწილი ქრისტიანული სარწმუნოების4. მართალია, კენტერბერიისა და იორკის არქიეპისკოპოსებმა არ აღიარეს ეს დადგენილება, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ოფიციალური რელიგია დგინდება კანონებით, რომელსაც პარლამენტი მიიღებს და ამიტომ საიდუმლო საბჭომ შეძლო მორეოდა მათ უწმინდესობებს და ჯოჯოხეთისადმი რწმენა აუცილებლად აღარ მიიჩნევა ქრისტიანისათვის. აი, რატომ არ დავიწყებ დაჟინებულ მოთხოვნას, რომ ქრისტიანმა აუცილებლად უნდა იწამოს ჯოჯოხეთის არსებობა.
ღმერთის არსებობა
ღმერთის არსებობის საკითხზე გადასვლისას უნდა აღვნიშნო, რომ ეს დიდი და სერიოზული საკითხია და თუკი მოვისურვებდი მის განხილვას რამდენადმე სათანადო სახით, მაშინ მომიწევდა თქვენი აქ დაკავება მეორედ მოსვლამდე. ასე რომ, მოგიწევთ მაპატიოთ, თუკი მას შევეხები ზოგადი ფორმით. როგორც თქვენთვის ცნობილია, კათოლიკურმა ეკლესიამ დაადგინა დოგმის სახით ის, რომ ღმერთის არსებობა შეიძლება დასაბუთებულ იქნას მხოლოდ გონებით, გამოცხადების გარეშე. ეს რამდენადმე უცნაური დოგმაა, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი მისი ერთ–ერთი დოგმაა. ამ დოგმის შემოღებისათვის კათოლიკური ეკლესია იძულებული გახადა ერთმა ვითარებამ. ერთ ხანს თავისუფლად მოაზროვნეებმა ჩვევად აქციეს მტკიცება, რომ შეიძლება მოტანილ იქნას ბევრი არგუმენტი, რომლის მეშვეობითაც მხოლოდ გონებას შეუძლია ღმერთის არსებობის უარყოფა. კათოლიკური ეკლესიისათვის ღმერთის არსებობა, რა თქმა უნდა, იყო რწმენის საკითხი. თავისუფლად მოაზროვნეებმა თავგამოდებულად დაიწყეს ამგვარი არგუმენტებისა და მოსაზრებების დამუშაევბა და კათოლიკურმა ეკლესიამ იგრძნო, რომ ამისათვის ბოლო უნდა მოეღო. ამიტომაც დაადგინა, რომ ღმერთის არსებობა შეიძლება დასაბუთდეს მხოლოდ გონებით, გამოცხადების დაუხმარებლად და მას მოუწია შეემუშავებია არგუმენტები, რომლებიც, როგორც მას მიაჩნდა, ასაბუთებდა ღმერთის არსებობას. გასაგებია, რომ ასეთი არგუმენტი საკმაოდ ბევრია, მაგრამ მე შევჩერდები მხოლოდ რამდენიმეზე.
პირველმიზეზის არგუმენტი
ალბათ, უფრო მარტივად და იოლად შეიძლება პირველმიზეზის არგუმენტში გარკვევა. ქრისტიანობის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ ყოველივეს, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ სამყაროში, აქვს მიზეზი; მიზეზობრივი ძეწკვის სულ უფრო და უფრო სიღრმეში სვლით, თქვენ უსათუოდ მიხვალთ პირველმიზეზთან და ამ პირველმიზეზს თქვენ უწოდებთ ღმერთს. ჩვენ დროში, როგორც მე წარმომიდგენია, პირველმიზეზის არგუმენტი არ სარგებლობს განსაკუთრებულად დიდი ავტორიტეტით და, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ თავად მიზეზის  ცნება სრულიადაც არაა ისეთი, როგორიც ის წარსულში იყო. მიზეზის ცნებამ განიცადა ფილოსოფოსთა და მეცნიერთა შეტევები და ახლა უკვე არ ფლობს იმ სიცხოველეს, როგორადაც იგი წარსულში გამოირჩეოდა; გარდა ამისა, თქევნ შეგიძლიათ დარწმუნდეთ იმაში, რომ არგუმენტი, რომლის თანახმადაც უნდა არსებობდეს პირველმიზეზი, წარმოადგენს სრულიად უსაფუძვლოს.
ვაღიარებ, რომ ახალგაზრდობაში, როცა სერიოზულად ვიმტვრევდი თავს ამ საკითხზე, დიდი ხნის მანძილზე ვიზიარებდი პირველმიზეზის არგუმენტს, მაგრამ ერთხელაც (მაშინ 18 წლის ვიყავი), როდესაც წავიკითხე ჯონ სტიუარტ მილის5 „ავტობიოგრაფია“, სადაც წავაწყდი ერთ ადგილს: „მამამ ამიხსნა, რომ კითხვაზე: „ვინ შემქმნა მე?“ – შეუძლებელია პასუხის გაცემა, ვინაიდან იგი მაშინვე წარმოშობს ახალ კითხვას: „ვინ შექმნა ღმერთი?“ ამ მეტად უბრალო ადგილმა დამარწმუნა და დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ პირველმიზეზის არგუმენტი ტყუილია. მართლაცდა, თუკი ყველაფერს უნდა ჰქონდეს მიზეზი, მაშინ ღმერთსაც უნდა ჰქონდა მიზეზი. თუკი შეიძლება იარსებოს რაღაცამ, რომელსაც არ ექნება მიზეზი, მაშინ ამით ის რაღაც, თავად ბუნება, ღმერთზე არანაკლებია, ასე რომ, პირველმიზეზის არგუმენტი აბსოლუტურად ძალადაკარგულია.
თავისი ბუნებით, პირველმიზეზის არგუმენტი არაფრით არ განსხვავდება იმ ინდუსის შეხედულებისაგან, რომელსაც მიაჩნდა, რომ სამყარო სპილოს ეყრდნობა, ხოლო სპილო – კუს; როდესაც ინდუსს ეკითხებიან: „კუ რაზე ეყრდნობა?“ - იგი პასუხობდა: „მოდით სხვა რამეზე ვისაუბროთო“. მართლაცდა, პირველმიზეზის არგუმენტი სრულიადაც არაა ინდუსის პასუხზე უკეთესი. არ არსებობს არანაირი საფუძველი მივიჩნიოთ, რომ სამყარო შეუძლებელი იყო არ წარმოშობილიყო მიზეზის გარეშე. მეორე მხრივ, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისათვის, რომ მივიჩნიოთ, სამყაროს არ შეეძლოს მარადიული არსებობა. არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისათვის, რომ ვივარაუდოთ, სამყაროს საერთოდ ჰქონოდა დასაწყისი. წარმოდგენა იმის შესახებ, რომ საგნებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საწყისი, სინამდვილეში, დავალებულია ჩვენი წარმოსახვის სიღარიბისაგან. ამიტომაც, ალბათ, არ არის საჭირო კიდევ დავკარგოთ დრო პირველმიზეზის არგუმენტის განხილვაზე.
ბუნებრივი კანონის არგუმენტი
შემდგომში მეტად ფართო გავრცელება ჰპოვა ბუნებრივი კანონის არგუმენტმა. განასკუთრებული პოპულარობით ეს არგუმენტი სარგებლობდა, უმთავრესად, სერ ისააკ ნიუტონისა და მისი კოსმიგონიის ზეგავლენით, მთელი XVIII საუკუნის მანძილზე. ადამიანებმა შენიშნეს, რომ პლანეტები, მიზიდულობის კანონის შესაბამისად, მზის გარშემო ბრუნავდნენ და ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ყოველივე ეს ხდება იმის შემდეგ, როცა ღმერთმა უბრძანა პლანეტებს ემოძრავათ ამგვარად. რასაკვირველია, ეს იყო უმაღლესი ხარისხით მოსახერხებელი და უბრალო ახსნა, რომელიც ათავისუფლებდა ადამიანებს ღრმად ჩახედვის საზრუნავისაგან, რათა მისულიყო საკუთრივ მიზიდულობის კანონის ახსნამდე. ჩვენ დროში მიზიდულობის კანონს ვხსნით საკმაოდ რთული საშუალებებით, რომელიც შემოღებულ იქნა აინშტაინის მიერ.
განზრახული არ მაქვს თქვენთვის მიზიდულობის კანონის შესახებ ლექციის წაკითხვა, იმგგვარად, როგორც ეს აინშტაინმა ახსნა, ვინაიდან ეს ბევრ დროს წაგვართმევდა. ჩვენი მიზნისთვის საკმარისია ვთქვათ, რომ ჩვენ განკარგულებაში არ არის ბუნებრივი კანონის სხვა ცნება იმ სახით, როგორადაც ის არსებობდა ნიუტონის სისტემაში, რომელშიც რაღაც მიუწვდომელი მიზეზით ბუნება ყოველთვის ერთნაირად მოქმედებდა. დღეს ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ბევრი რამ იმისგან, რასაც ჩვენ ბუნებრივ კანონად მივიჩნევდით, სინამდვილეში აღმოჩნდება ადამიანური პირობითობა. თქვენ იცით, რომ თვით ვარსკვლავურ სივრცეთა ცალკეულ სიღრმეებშიც კი სამ ფუტს ყოველთვის შეადგენს იარდი. ეს, ეჭვს გარეშეა, მეტად ყურადსაღები ფაქტია, მაგრამ საეჭვოა, რომ მას თქვენ ბუნების კანონი უწოდოთ. ამგვარ კატეგორიას მიეკუთვნება მეტად მრავალი რამ, რაც ადრე ბუნების კანონებად განიხილებოდა.
მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ახერხებთ მიიღოთ რაიმე ცოდნა იმის შესახებ, თუ სინამდვილეში როგორ მოქმედებენ ატომები, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ისინი ნაკლებად ემორჩილებიან კანონებს, ვიდრე ადრე წარმოედგინათ ადამიანებს და რომ კანონები, რომელთანაც თქვენ მიდიხართ, წარმოადგენენ, სწორედ, ამგვარი ტიპის სტატისტიკურ საშუალოს, რომლის საფუძველი შემთხვევითობაა. ყველა თქვენთაგანისათვის ცნობილია, რომ არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც, კამათლების გაგორებისას, დუშაში ჯდება მხოლოდ ერთხელ ოცდათექვსმეტ შემთხვევაში და ჩვენ მას არ მივიჩნევთ იმის დასაბუთებად, რომ კამათლების დაცემა რეგულირდება ვისიმე ნებით; სწორედ, რომ პირიქით, თუკი დუშაში გაგორდება ყოველთვის, მაშინ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ვიღაცის ნება არეგულირებს კამათლების ვარდნას. ამ ტიპისაა ბუნების უმრავლესი კანონი. ისინი იმ ტიპის სტატისტიკურად საშუალონი არიან, რომლებიც გამოიყვანება შემთხვევითობის კანონთა საფუძველზე; და ეს ფაქტი, მთელ ამ ისტორიას ბუნებრივ კანონთან დაკავშირებით, აქცევს კიდევ უფრო ნაკლებ დამაჯრებლად, ვიდრე ეს წარსულში იყო წარმოდგენილი. მაგრამ ამ ფაქტისაგან სრულიად დამოუკიდებლად, მეცნიერების გარდამავალი მდგომარეობის ამსახველი, რომელიც ხვალ შეიძლება შეიცვალოს, მთელი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ბუნებრივი კანონები გულისხმობენ კანონმდებლის არსებობას და თავის წარმოშობით დავალებულნი არიან ბუნებრივი და ადამიანური კანონების შერევაზე.
ადამიანური კანონები წარმოადგენენ დაწესებულს, რომელიც გიბრძანებს გაჰყვე ქცევის განსაზღვრულ ხაზს, რომელიც შეგიძლიათ აირჩოთ თქვენთვის, მაგრამ შეგიძლიათ მისი უარყოფაც... ბუნებრივი კანონები კი წარმოადგენენ იმის აღწერას, თუ სინამდვილეში როგორ იქცევიან საგნები და ვინაიდან ისინი წარმოადგენენ უბრალოდ აღწერას იმისას, თუ საგნები როგორ იქცევიან სინამდვილეში, თქვენ არ შეგიძლიათ ამტკიცოთ, რომ უნდა არსებობდეს ვინმე, რომელიც მიაწერდა მათ ამგვარი სახით მოქმედებას, ვინაიდან უკვე თვით ამგვარი ვარაუდი ჩვენ წინაშე წამოწევს საკითხს: „რატომ დააწესა ღმერთმა, სწორედ, ეს კანონები და არა სხვა?“ თუკი თქვენ უპასუხებთ, რომ მან ეს გააკეთა უბრალოდ თავისი კეთილი ნებით და ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მაშინ აღმოჩნდება, რომ არსებობს რაღაც, რომელიც კანონს არ ემორჩილება და  ამგვარად თქვენი ბუნებრივი კანონის ძეწკვი გაწყვეტილი აღმოჩნდება. თუკი თქვენ უპასუხებთ იმგვარად, როგორადაც პასუხობენ უფრო მართლმორწმუნე ღვთისმეტყველნი, რომ   ყველა იმ კანონში, რომელიც ღმერთმა დააწესა, მას ჰქონდა მიზეზი დაეწესებინა, სწორედ, ეს კანონები და არა სხვა (ეს მიზეზი, რა თქმა უნდა, მდგომარეობდა იმაში, რათა შეექმნა საუკეთესო სამყარო, თუმცა თქვენ არასოდეს მოგივათ თავში იმის წარმოდგენა, რომ იგი ჰგავს საუკეთესო სამყაროს).
ერთი სიტყვით, თუკი არსებობდა მიზეზი იმ კანონებისათვის, რომელიც ღმერთმა დააწესა, მაშინ, ამ მთხვევაში, საკუთრივ ღმერთი ყოფილა კანონზე დამორჩილებული. მაშასადამე, თქვენ ვერეფერს ვერ მოიგებთ იმისგან, რომ ღმერთი შემოიყვანეთ შუამავლად. არსებითად თქვენ მიდიხართ ღვთაებრივი დადგენილების დამოუკიდებელი  და წინ არსებული კანონის აღიარებამდე და ღმერთის დაშვება მიზანს სცდება, რადგან იგი არ წარმოადგენს საბოლოო კანონმდებელს. 
მოკლედ რომ ვთქვათ, მთელ ამ ბუნებრივი კანონის არგუმენტს უკვე არა აქვს ის ძალა, რომელსაც იგი წარსულში ფლობდა. არგუმენტებს, ჩემ მიმოხილვაში, განვიხილავ დროში. დროთა განმავლობაში, არგუმენტები, გამოყენებული ღმერთის არსებობის დასასაბუთებლად, ხასიათს იცვლიდნენ. პირველ ხანებში ისინი იყო ურყევი ინტელექტუალური არგუმენტები, განსახიერება გარკვეული, სავსებით განსაზღვრული ცდომილებების. როდესაც ჩვენ ვუახლოვდებით ახალ დროს, ისინი ინტელექტუალური თვალსაზრისით, ნაკლებად პატივდებულნი ხდებიან და სულ უფრო მეტად მორალიზებული გარკვეულობით აღიბეჭდებიან.
მიზანშეწონილობის არგუმენტი
შემდეგ საფეხურს, მითითებულ პროცესში, მივყავართ მიზანშეწონილობის არგუმენტთან. თქვენთვის ყველასათვის ცნობილია თუ რაში მდგომარეობს ეს არგუმენტი: სამყაროში ყველაფერი მოწყობილია იმგვარად, რომ ჩვენ შეგვეძლოს მასში ცხოვრება; და თუკი სამყარო მცირეოდენ სხვაგვარად იქნებოდა მოწყობილი, ჩვენ მასში ცხოვრებას ვერ შევძლებდით. სწორედ ამაში მდგომარეობს მიზანშეწონილობის არგუმენტი. ხანდახან იგი იღებს საკმაოდ კურიოზულ ფორმებს; მაგალითად, შეიძლება გაიგონო, რომ ბოცვერს მიტომ აქვს თეთრი კუდი, რათა იოლი იყოს მასზე დამიზნება. არ ვიცით თუ როგორ შეაფასებდნენ ამ არგუმენტს თავად ბოცვრები. მიზანშეწონილობის არგუმენტები წარმოადგენენ დაცინვის მარჯვე სამიზნეს. ყველასათვის ცნობილია ვოლტერის ენამახვილობა, რომ, როგორც ჩანს, ცხვირი განკუთვნილია სათვალის მასზე დაყრდნობისათვის. მართალია, მოგვიანებით გაირკვა, რომ მსგავსი დაცინვები არც თუ ისე ზუსტია, როგორც ეს შეიძლება XVIII საუკუნეში გვეჩვენებოდა, ვინაიდან დარვინიდან მოყოლებული ჩვენ დავიწყეთ გაცილებით უკეთ გაგება იმისა, თუ რატომ არიან ცოცხალი არსებები მათ ირგვლივ არსებულ გარემოსათან შეგუებულნი. საქმე იმაში კი არაა, რომ გარემო შეიქმნა იმგვარი სახით, რათა შეესაბამებოდეს ცოცხალ არსებებს; პირიქით, თავად ცოცხალი არსებები შეიცვალნენ იმგვარად, რომ შეესატყვისებოდნენ მათ ირგვლივ არსებულ გარემოს და სწორედ ეს წარმოადგენს შეგუების საფუძველს და ეს არანაირ მიზანშეწონილობას არ ასაბუთებს.
როდესაც იწყებ მიზანშეწონილობის არგუმენტზე ჩაფიქრებას, გიკვირს, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს დაიჯერონ, რომ თითქოსდა, ჩვენი სამყარო, მასში არსებულ ყველა საგანთან ერთად, ყველა მის ნაკლთან ერთად, წარმოადგენს ყველაზე საუკეთესოს და რომ ის შეეძლო შექმნა მხოლოდ ყოვლადშემძლეობასა და სიბრძნეს მილიონი წლების მანძილზე. ნამდვილად არ შემიძლია ამის დაჯერება. ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ თუკი თქვენ მოგანიჭებდნენ ყოვლისშემძლეობასა და სიბრძნეს და კიდევ დამატებით მოგეცემოდათ მილიონი წლები, რათა სრულყოფილება შეგემატებიათ თქვენ  მიერ შექმნილი სამყაროსათვის, განა ვერ შექმნიდით ვერაფერს უკეთესს, ვიდრე კუ–კლუს–კლანს, ფაშისტებს ან მისტერ უინსტონ ჩერჩილს? მართლაცდა, ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ვერ ახდენენ ის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ: „შემომხედეთ: მე ისეთ დიდებული ქმნილება ვარ, რომ სამყაროში უსათუოდ უნდა არსებობდეს მიზანშეწონილობა“. ჩემზე ამ ადამიანთა დიდებულება განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას არ ახდენენ. აი, რატომ მიმაჩნია, რომ სინამდვილეში მიზანშეწონილობის არგუმენტი წარმოადგენს მეტად უფერულ არგუმენტს. მითუმეტეს თუკი თქვენ იზიარებთ მეცნიერების ჩვეულებრივ კანონებს, მაშინ თქვენ უნდა ივარაუდოთ, რომ საბოლოოდ კაცობრიობის არსებობა და საერთოდ სიცოცხლე ჩვენ პლანეტაზე შეწყდება: მიწიერი სიცოცხლე – მხოლოდ აფეთქებაა; იგი – მზის სისტემის დაცემის პროცესის საფეხურია; დაცემის განსაზღვრულ საფეხურზე წარმოიქმნება ისეთი ტემპერატურული და სხვაგვარი პირობები, რომელიც ხელსაყრელია პროტოპლაზმისათვის და მცირე დროში მზის სისტემაში წარმოიშვება სიცოცხლე. მთვარე გვიჩვენებს იმ მდგომარეობას, რომლისკენაც მოძრაობს დედამიწა – რაღაც მკვდარს, ცივსა და უსიცოცხლოს.
მედავებიან, რომ ეს დამთრგუნველი შეხედულებაა და ამასთანავე ადამიანები უმატებენ, რომ თუკი დათანხმდებოდნენ ამგვარ შეხედულებას, ამის შემდეგ მათთვის ცხოვრება აუტანელი იქნებოდა. არ დაიჯეროთ ეს; ეს სრული სისულელეა. სინამდვილეში, განსაკუთრებულად არავინ აღელდება იმის გამო, რაც მილიონი წლის შემდეგ უნდა მოხდეს. თუკი ზოგიერთს მაინც ჰგონია, რომ ისინი სერიოზულად ღელავენ ამის გამო, სინამდვილეში ისინი თავს იტყუებენ. ადამიანები ღელავენ რაღაც უფრო მეტად მიწიერის  ან უბრალოდ იტანჯებიან კუჭის მოუნელებლობის გამო; მაგრამ სინამდვილეში სერიოზულად არავინ არ მიეცემა სასოწარკვეთილებას იმის გამო, რაც ჩვენ სამყაროს უნდა დაემართოს მილიონობით წლების შემდეგ. აი, რატომ ვეთანხმები იმას, რომ ვარაუდი სიცოცხლის აუცილებელი დაღუპვის შესახებ, სინამდვილეში, წარმოადგენს ბნელ შეხედულებას (ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ ჩვენ უფლება გვაქვს ასე ვამტკიცოთ, თუმცა ხანდახან, როდესაც ვფიქრობ იმაზე, თუ გამოიყენებენ ადამიანები თავიანთ სიცოცხლეს, ეს შეხედულება წარმომიდგენია ნუგეშის მომცემადაც კი), იმავდროულად, არ შემიძლია ვაღიარო, რომ ეს ისეთი შეხედულებაა სიცოცხლის, თითქოსდა გაუსაძლისად აქცევდეს. იგი უბრალოდ გაქეზებთ თქვენი ყურადღება მიმართოთ საგნებისაკენ.
ზნეობრივი არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ
ახლა ჩვენ დავიწევით კიდევ ერთი საფეხურით იმაში, რასაც მე ინტელექტუალურ დაშვებას (intellectual descent) ვუწოდებ, რომელიც თეისტების მიერ იქნა განხორციელებული მათ არგუმენტაციაში და მივდივართ იმასთან, რასაც ღმერთის არსებობის სასარგებლოდ არსებულ ზნეობრივ არგუმენტს უწოდებენ. რა თქმა უნდა, თქვენ ყველამ იცით, რომ ძველ დროში მიმოქცევაში იყო სამი ინტელექტუალური არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ და რომ ყველა ისინი უარყოფილ იქნა იმანუილ კანტის მიერ „წმინდა გონების კრიტიკაში“; მაგრამ, მაშინვე, როგორც კი უარყო სამივე არგუმენტი, შეთხზა ზნეობრივი რიგის ახალი არგუმენტი და სავსებით გვარწმუნებდა მასში. კანტი ბევრ ადამიანს ჰგავდა: ინტელექტუალურ საკითხებში იგი სკეპტიკური აზრის იყო, მაგრამ ზნეობრივ საკითხებში – უპირობოდ იღებდა სარწმუნოდ დედის რძიდან მიღებულ ყველა შეხედულებას. ეს მაგალითი საილუსტრაციოდ გამოგვადგება ფსიქოანალიტიკოსების მიერ დაჟინებით ხაზგასმული ფაქტისათვის, რომ იდეური ასოციაციები, ადრეულ ბავშვობაში წარმოშობილი, ახდენენ ჩვენზე გაცილებით დიდ გავლენას, ვიდრე მოგვიანებით წარმოშობილი ასოციაციები.
ამგვარად, როგორც უკვე ვთქვი, კანტმა შეთხზა ახალი ზნეობრივი არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ და ეს არგუმენტი სხვადასხვაგვარი ფორმით საოცარი პოპულარობით სარგებლობდა მთელი XIX საუკუნის მანძილზე. ფორმები, რომელსაც იძენს ზნეობრივი არგუმენტი, მეტად მრავალფეროვანია. ერთ–ერთ მათგანს წარმოადგენს მტკიცება, რომ თუკი ღმერთი არ იარსებებდა, არ იქნებოდა არც სიკეთე და არც ბოროტება. მოცემულ მომენტში არ მაინტერესებს არის კი საერთოდ განსხვავება სიკეთესა და ბოროტებას შორის, თუ არ არის ასეთი განსხვავება: ეს სხვა საკითხია. მე მაინტერესებს შემდეგი: თუკი თქვენ სავსებით დარწმუნებული ხართ, რომ განსხვავება სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებობს, მაშინ თქვენ აღმოჩნდებით ახალი პრობლემის წინაშე. დავალებულია კი ეს განსხვავება თავისი არსებობით ღვთაებრივი დაწესებით თუ არა? თუკი იგი თავისი არსებობით დავალებულია ღვთაებრივ დაწესებაზე, ამ შემთხვევაში თვით ღმერთისათვის არ არის განსხვავება სიკეთესა და ბროოტებას შორის და მაშასადამე მტკიცება, რომ ღმერთი კეთილია, კარგავს ყოველგვარ აზრს. თუკი თქვენ მიდრეკილი ხართ ამტკიცოთ, როგორადაც ამტკიცებენ ღვთისმეტყველნი, რომ ღმერთ კეთილია, მაშინ თქვენ მოგიწევთ აღიაროთ, რომ სიკეთესა და ბოროტებას აქვს რაღაც მნიშვნელობა, რომელიც არ არის დამოკიდებული ღვთაებრივ წესებზე, ვინაიდან ღვთაებრივი წესები კეთილია და არა ბოროტი, იმ მდგომარეობისდა დამოუკიდებლად, რომ ისინი გამომდინარეობენ ღმერთისაგან. მაგრამ თუკი თქვენ მიდრეკილი ხართ აღიაროთ ეს, მაშინ თქვენ მოგიწევთ აღიაროთ ისიც, რომ სიკეთე და ბოროტება თავისი წარმოშობით მხოლოდ ღმერთზე არ არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ, თუკი სურვილი გაქვთ, განაცხადოთ, რომ არსებობდა უზენაესი ღვთაება, რომელიც გასცემდა ბრძანებას ამ სამყაროს შემქმნელი ღმერთისადმი, ან თქვენ შეგიძლიათ გაიზიაროთ თვალსაზრისი, რომელასაც მიჰყვებოდა ზოგიერთი გნოსტიკოსი, – თვალსაზრისი, რომელშიც ხშირად მეტად დამაჯერებლად მიმაჩნია, რომ სინამდვილეში ჩვენთვის ცნობილი სამყარო ეშმაკის მიერ იქნა შექმნილი იმ მომენტში, როდესაც ღმერთს ეძინა. ამ შეხედულების სასარგებლოდ შეიძლება მოტანილ იქნას მრავალი მოსაზრება და ჩემი საქმე არ არის მათი უარყოფა.
უსამართობის მონანიების არგუმენტი
ზნეობრივი არგუმენტი იღებს სხვაგვარ, მეტად საინტერესო ფორმასაც, რომელიც დაიყვანება შემდეგზე: ქრისტიანობის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ ღმერთის არსებობა აუცილებელია იმისათვის, რათა სამყაროში განტმკიცდეს სამართლიანობა. სამყაროს ჩვენთვის ცნობილ ნაწილში ბატონობს უდიდესი უსამართლობა; ხშირად უმწიკვლო ადამიანები იტანჯებიან, ხოლო ბიწიერნი აღწევენ წარმატებას და არ იცი რაზე უფრო მეტად იდარდო; მაგრამ თუკი თქვენ გსურთ, რომ მთელ სამყაროში სამართლიანობამ იზეიმოს, მაშინ თქვენ უნდა დაუშვათ საიქიო სისოცხლის არსებობა, სადაც სიცოცხლის წონასწორობა, აქ, დედამიწაზე განვლილის, აღდგენილი აღმოჩნდება. ამგვარად, ქრისტიანობის მიმდევრები აცხადებენ, რომ უნდა არსებობდეს ღმერთი, უნდა არსებობდეს სამოთხე და ჯოჯოხეთი, რათა საბოლოო ჯამში სამართლიანობამ იზეიმოს.
ეს მეტად საინტერესო არგუმენტია. თუკი საქმეს მეცნიერული თვალსაზრისით შევხედავთ, მოგვიწევს თქმა: „ბოლოს და ბოლოს მე ვიცი მხოლოდ ეს სამყარო. სხვა დანარჩენი სამყაროს შესახებ მე არაფერი არ ვიცი, მაგრამ, რამდენადაც საერთოდ შესაძლებელია მსჯელობა შესაძლებელზე, უნდა დავასკვნათ, რომ ეტყობა, ეს სამყარო წარმოადგენს დიდებულ ნიმუშს და რადგანაც აქ უსამართლობა ბატონობს, უსამართლობა სუფევს ყველგან“. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიიღეთ ფორთოხლით სავსე კალათა, გახსენით ის და აღმოჩნდა, რომ ფორთოხლების მთელი ზედა ფენა დამპალია, თავს დავდებ, რომ თქვენ არ დაიწყებთ განსჯას: „ქვემოთ ფორთოხლები კარგი უნდა იყოს, რათა აღდგენილ იქნას წონასწორობა“. თქვენ გადაწყვეტთ: „ალბათ მთელი კალათა უვარგისია“ და, სწორედ, სინამდვილეში ამგვარი იქნება მეცნიერულად მოაზროვნე ადამიანის განსჯის მსვლელობა სამყაროს შესახებ. იგი გადაწყვეტს: „აქ, ამ სამყაროში, ჩვენ აღმოვაჩენთ ბევრ უსამართლობას და ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ სამართლიანობა არ მართავს სამყაროს“; შესაბამისად, მოცემული ფაქტი გვემსახურება ზნეობრივ არგუმენტად ღვთაების არსებობის საწინააღმდეგოდ და არა მისი არსებობის სასარგებლოდ.“ რა თქმა უნდა, ვიცი, რომ სინამდვილეში ადამიანებს ქრისტიანობის მიღებისაკენ აქეზებს არა ის ინტელექტუალური არგუმენტები, რომლის შესახებაც მე თქვენ გვესაუბრებით. მიზეზებს, რომლებიც, სინამდვილეში, შეაგულიანებენ ადმიანებს ღმერთის რწმენისაკენ, არაფერი საერთო არა აქვს ინტელექტუალურ არგუმენტებთან. ადამიანთა უმრავლესობას ღმერთი სწამს უბრალოდ იმიტომ, რომ ამ რწმენას მათში ყრმობის ასაკიდან ჩაჩიჩინებენ და ეს არის მთავარი მიზეზი. 
მეორე უძლიერეს მიზეზს, ჩემი აზრით, წარმოადგენს მფარველი ანგელოზის ყოლის სურვილი, თავისებური გრძნობა, რომ შენ გყავს უფროსი ძმა, რომელიც იზრუნებს შენზე. ეს გრძნობა მეტად სერიოზულ როლს თამაშობს იმაში, რაც ზეგავლენას ახდენს ღმერთის რწმენისაკენ ადამიანის მისწრაფებაზე.
ქრისტეს პიროვნება
ახლა ორიოდ სიტყვა მინდა ვთქვა იმ თემების შესახებ, რომელსაც, როგორც მე ხშირად მეჩვენება, რაციონალისტები აშკარად არასაკმარის ყურადღებას აქცევენ, კერძოდ, საკითხზე იმის შესახებ, – იყო თუ არა ქრისტე ადამიანებს შორის ყველაზე საუკეთესო და ბრძენი. ჩვეულებრივ იგულისხმება, რომ ამ საკითხში ყველა ჩვენთაგანი შეთანხმებული ვართ, მაგრამ მე სხვაგვარად ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ მოიძებნება ძალიან ბევრი პუნქტი, რომელშიც მე ვეთანხმები ქრისტეს უფრო მეტად, ვიდრე ქრისტიანობის ამღიარებელნი. არა მგონია, რომ შევძლებდი ბოლომდე ქრისტეს გაყოლას, მაგრამ შევძლებდი მის გაყოლას მნიშვნელოვნად უფრო შორს, ვიდრე ამას შეძლებდა ქრისტიანობის ამღიარებელი ბევრი ადამიანი. თქვენ გახსოვთ, რა თქვა მან: „... ნუ აღუდგებით ბოროტს. არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე...“ (მათე 5:39). ქრისტეს სიტყვები არ გამოხატავდნენ რაიმე ახალ მცენას ან ახალ პრინციპს. ლაო–ძი და ბუდა გამოიყენებდნენ ამ პრინციპს ქრისტემდე 500 თუ 600 წლით ადრე, მაგრამ განა ქრისტიანები საქმეში იყენებენ ამ პრინციპს?
ოდნავადაც არ ვეჭვობ, მაგალითად, რომ დღევანდელი პრემიერ მინისტრი6 არის გულწრფელი ქრისტიანი და მაინც არც ერთ თქვენგანს არ ვურჩევდი წასულიყო და მისთვის ლოყაში ხელი გაერტყა. მჯერა, თქვენ შეძლებდით დარწმუნებულიყავით, რომ მისი შეხედულებით, ქრისტე ამ სიტყვებს ანიჭებდა გადატანით მნიშვნელობას. არის კიდევ ერთი პუნქტი, რომელიც დიდებულად მიმაჩნია. თქვენ გახსოვთ, რა თქვა ქრისტემ: „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოდ“ (მათე 7:1). სარგებლობდა კი ეს პრინციპი პოპულარობით ქრისტიანული ქვეყნების სამსჯავროში? არამგონია, რომ თქვენ შეძლოთ ამის გამოვლენა.
პირადად მე უკვე თავის დროზე ვიცნობდი ბევრ მსაჯულს, რომლებიც წარმოადგენდნენ ყველაზე უფრო თავგამოდებულ ქრისტიანებს, მაგრამ არც ერთ მათგანს თავში არ მოუვიდოდა, რომ რასაც ისინი აკეთებდნენ, ეწინააღდეგებოდა ქრისტიანულ პრინციპებს. შემდეგ კი ქრისტე ამბობს: „ვინც გთხოვს, მიეცი; ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს“ (მათე 5:42). ეს მეტად კარგი პრინციპია.
თქვენ თავმჯდომარემ გაგაფრთხილათ, რომ ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა იმისათვის, რომ განვიხილოთ პოლიტიკური საკითხები და მაინც თავს შეუკავებლად ვგერძნობ შენიშვნისაგან, რომ უკანასკნელ საყოველთაო არჩევნებზე ბრძოლა გაჩაღდა, სწორედ, იმ საკითხზე, თუ როგორ სასურველი იქნებოდა არიდება შენგან სესხების მსურველისაგან. ძალაუნებურად ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყანაში ლიბერალურ და კონსერვატორულ პარტიებს შეადგენენ ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებიან ქრისტეს მოძღვრებას, ვინაიდან ისინი ამ შემთხვევაში, უთუოდ, სხვაგვარად მოიქცეოდნენ.
შემეძლო ქრისტეს კიდევ ერთი მცნების დამოწმება, რომელიც, ჩემი შეხედულებით, იმსახურებს ყოველნაირ მოწონებას, მაგრამ რაღაც ვერ ვხედავ, რომ იგი სარგებლობდეს, ჩვენი ზოგიერთი ქრისტიანი მეგობრის წრეში განსაკუთრებული სიყვარულით. ქრისტე ამბობს: „... თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს...“ (მათე 19:21). ეს დიდებული მცნებაა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ცხოვრებაში მას ნაკლებად მიყვებიან.
ყოველივე ეს, ჩემი შეხედულებით, მშვენიერი მცნებებია,  თუმცა ამ მცნებათა შესაბამისად ცხოვრება რამდენადმე ძნელია. იმის თქმა არ მინდა, რომ თვითონ მე ვცხოვრობ ამ მცნებათა შესაბამისად; მაგრამ, საბოლოოდ, მე არ ვისახავ ამგვარ მიზანს, ამასთანავე, ჩემგან მოთხოვნა სხვა არის, ვიდრე ქრისტიანისაგან.
ნაკლი ქრისტეს მოძღვრებაში
ამ დიდებული მცნების ჯეროვანი ყურადღების მიქცევის შემდეგ გადავდივარ ზოგიერთ პუნქტზე, რომლებშიც, ჩემი შეხედულებებით, არ შეიძლება დაინახო არც უმაღლესი სიბრძნე, არც ქრისტეს უდიდესი მადლი, რომლებიც მას სახარებაში მიეწერება. ამასთან დაკავშირებით შემიძლია შევნიშნო, რომ ჩვენ არ ვართ დაკავებული ისტორიული პრობლემებით. ისტორიულად მეტად საეჭვოა - არსებობდა კი ოდესმე ქრისტე; თუკი იგი არსებობდა, მაშინ ჩვენ მის შესახებ არაფერი ვიცით. ამგვარად, ახლა არ ვარ დაკავებული ისტორიული პრობლემებით, რომელიც წარმოადგენს უჩვეულოდ რთულ პრობლემას. მე დაკავებული ვარ იმ ქრისტეთი, რომელიც სახარებებშია გამოხატული და ვიღებ სახარებისეულ მონათხრობს ისე, როგორც  ის არის მოცემული; და აქ ჩვენ ვნახულობთ ზოგიერთ ისეთ რამეს, რაც სულაც არ მოწმობს ქრისტეს განსაკუთრებულ სიბრძნეზე.
დავიწყებ იქიდან, რომ ქრისტე, უსათუოდ, მიიჩნევდა, რომ მისი მეორედ მოსვლა მოხდებოდა დიდებულების ღრუბლებში იქამდე, ვიდრე მის დროში მცხოვრებ ყველა ადამიანს სიკვდილი წაიყვანდა. ამას ასაბუთებს სახარებისული ტექსტის მრგვალი ადგილი. მაგალითად ქრისტე ამბობს: „ ... ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ კაცის ძეც მოვა (მათე10:23); და კიდევ: „ ... არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს, თავის საუფლოში მომავალს (მათე 16:28)“. არის კიდევ ბევრი სხავა ადგილი, საიდანაც სავსებით ნათელია, რომ ქრისტეს სჯეროდა ის, რომ მისი მეორედ მოსვლა მოხდებოდა ჯერ კიდევ იმ დროში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლისას. ამ რწმენას იზიარებდნენ ქრისტეს ადრეული მიმდევრებიც და იგი შეადგენდა მისი ზნეობრივი მოძღვრების მრავალი ელემენტის საფუძველს. როდესაც ქრისტე ამბობდა: „ ამრიგად, ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე...“ (მათე 6:34)- და მსგავსი რამ, მათ მნიშვნელოვან წილად ამოძრავებდათ, რწმენა, რომ მეორედ მოსვლა მოხდებოდა მეტად მალე და რომ ყოველგვარი ყოველდღიურობა, ამქვეყნიური საქმეები გროშ-კაპიკადაც არ ღირს.
ვიცნობდი ზოგიერთ ქრისტიანს, რომელთაც სწამდათ, რომ ახლოსაა მეორედ მოსვლის დადგომა. ვიცნობდი ერთ მღვდელს, რომელმაც სასტიკად დააშინა თავისი მრევლი, როცა უთხრა, რომ დღეს ან ხვალ უსათუოდ დადგება მეორედ მოსვლა; თუმცა, მისი სამწყსო სრულიად დამშვიდდა, როდესაც დაინახეს თუ როგორ რგავდა თავის ბაღში ხეებს მათი მღვდელი. მაგრამ ძველ ქრისტიანებს მართლაცდა სწამდეთ ეს და თავს იკავებდნენ ისეთ რამისაგან, როგორიცაა საკუთარ ბაღში ხეების დარგვა, ვინაიდან მათ სინამდვილედ მიიჩნიეს ქრისტეს რწმენა მეორედ მოსვლის მალე დადგომის შესახებ. ნათელია, რომ მოცემულ კავშირში ქრისტე ვერ იყო ესოდენ ბრძენი, როგორც ზოგიერთი ადამიანი, მითუმეტეს მის უმაღლეს სიბრძნეზე ლაპარაკი შეუძლებელია.
მორალური პრობლემა
ქრისტეს პიროვნების საკითხი განხილული უნდა იქნას ზნეობრივი თვალსარისითაც. ქრისტეს ზნეობრივ იერსახეში არის, ჩემი შეხედულებით, ერთი, მეტად სერიოზული ზადი და ის მდგომარეობს იმაში, რომ მას სწამდა ჯოჯოხეთი. ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ადამიანი, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ღრმა ადამიანურობით, შეეძლოს მარადიული სასჯელის რწმენა. ქრისტეს კი, როგორც გამოხატულია სახარებაში, უთუოდ სწამდა მარადიული სასჯელი და ჩვენ არაერთგზის ვპოულობთ ადგილებს, რომლებშიც იგი აღსავსეა ადამიანისადმი, რომელთაც არ სურთ უსმინონ მის ქადაგებებს, შურისმაძიებლური ბრაზით; სხვაგვარად მოაზროვნეებისადმი დამოკიდებულებაში, რომელიც სულაც არ წარმოადგენს უჩვეულოს მქადაგებლებთან და რომელიც რამდენადმე ამცირებს ისეთი განსაკუთრებული ადამიანის სიდიადეს, როგორც ქრისტეა. მაგალითად, თქვენ ვერ აღმოაჩენთ მსგავს დამოკიდებულებას სხვაგვადად მოაზროვნეებისადმი სოკრატესთან. სოკრატე იმ ადამიანებს, რომელთაც არ სურდათ მისი მოსმენა, ეპყრობოდა გულთბილად და შემწყნარებლურად და ამგვარი დამოკიდებულება წარმომიდგენია გაცილებით უფრო ღირსეულ ქცევად ბრძენისათვის, ვიდრე მრისხანება. ალბათ, ყველას გახსოვთ თუ რას ამბობდა სოკრატე სიკვდილის წინ და რასაც ის ყოველთვის ამბობდა მისგან განსხვავებული ადამიანებისადმი მიმართვისას.
სახარებაში თქვენ მოიძევთ რას ამბობდა ქრისტე: „იქედნეთა ნაშობო გველებო! როგორ გაექცევით გენიის სასჯელს?“ (მათე 23:33) . ეს სიტყვები მიმართული იყო იმ ადამიანებისადმი, რომლებიც არ აღფრთოვანდებოდნენ მისი ქადაგებისაგან. ეს, ჩემი აზრით, არანაირად არ შეიძლება აღიარებულ იქნას საუკეთესო ტონად და სახარებაში არის მრავალი მსგავსი ადგილი ჯოჯოხეთის შესახებ. უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება, ცნობილი ადგილი სულიწმინდის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვების შესახებ: „... თუ ვინმე იტყვის სულიწმინდის წინააღმდეგ, მას არ მიეტევება არც ამ წუთისოფლად, არც მომავალში“ (მათე 12:32). ამ ადგილმა ქვეყანას მიაყენა აურაცხელი ტანჯვა, ვინაიდან ყველა წოდებისა და მდგომარეობის ადამიანები თავს იტკივებდნენ, - რომ მათ ჩაიდინეს ცოდვა სულიწმინდის წინააღმდეგ, რომელიც არ მიეტევებათ არც ახლა და არც მომავალში. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ადამიანი, თავისი ბუნებით, სიკეთის რაღაც ოდენობით დაჯილდოვებული, დაიწყებს ჩვენ სამყაროში ამგვარი შიშისა და საშინელების თესვას.
ქრისტე შემდეგ ამბობს: „ვინაიდან მოავლენს კაცის ძე თავის ანგელოზებს და მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველი საცდურისა და ურჯულოების მოქმედს და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა“ (მათე 13: 41-42); და იგი კიდევ კარგა ხანს აგრძელებს საუბარს ტირილისა და კბილთა ღრჭენის თაობაზე. ეს მეორდება მრავალ სტრიქონში და მკითხველისათვის სავსებით ნათელი ხდება, რომ ქრისტე წინასწარმეტყველებს ტირილსა და კბილთა ღრჭენას, არც თუ გარკვეული სიამოვნების გარეშე, თორემ ის არ წამოიწყებდა ამ საკითხზე ასე ხშირ საუბარს. თქვენ, რა თქმა უნდა, გახსოვთ ადგილი ცხვრებისა და თხების შესახებ: თუ როგორ აპირებს იგი თავისი მეორედ მოსვლისას ცხვრების თხებისაგან მოცილებას და თხებისადმი მიმართვას: „... წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში...“ (მათე 25:41). შემდეგ კვლავ აგრძელებს: „თუ გაცდუნებს შენი ხელი, მოიკვეთე იგი; უმჯობესია შენთვის დასახიჩრებული შეხვიდე  სიცოცხლეში,ვიდრე ორი ხელირთ შეხვიდე ჯოჯოხეთში, სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება“ (მარკოზი 9: 43-44). ეს თემაც მრავალჯერ მეორდება. იძულებული ვარ განვაცხადო, რომ მთელი ეს დოქტრინა, თითქოსდა ჯოჯოხეთის ცეცხლი წარმოადგენს სასჯელს ცოდვებისათვის, მიმაჩნია სისასტიკის დოქტრინად. ესაა დოქტრინა, რომელმაც სამყაროში დათესა  სისასტიკე და კაცობრიობის მოდგმის მრავალ თაობას მოუტანა სასტიკი ტანჯვანი. ამისათვის სახარების ქრისტე, თუკი გავიზიარებთ იმას, რასაც მის შესახებ მოგვითხრობენ მისივე საკუთარი მემატიანენი, უსათუოდ უნდა იქნას მიჩნეული ნაწილობრივ პასუხისმგებლად.
სახარებაში არის სხვა, ამ რიგის ნაკლებ მნიშვნელოვანი რამ, მაგალითისათვის ავიღოთ გადარინის ღორების ამბავი; თქვენ, რა თქმა უნდა, დამეთანხმებით, რომ ქრისტე არც თუ გულმოწყალედ მოექცა ღორებს, ჩაუნერგა მათ ეშმაკნი და კოლტი ციცაბო კლდიდან ზღვაში გადაჩეხა. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ქრისტე ყოვლადშემძლეა და შეეძლო ებრძანა ეშმაკთათვის - სადაც გინდათ წადითო; მაგრამ მან ამჯობინა მათი ღორებში ჩანერგვა. აი, კიდევ უცნაური მოთხრობა ლეღვის ხის შესახებ, რომელიც ყოველთვის საგონებელში მაგდებდა. თქვენ გახსოვთ, რა დაემართა ლეღვს. „... მოშიოვდა. შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე. წავიდა, ვინძლო ზედ რამე ვიპოვოო. რომ მივიდა, ვერაფერი იპოვა ფოთლების მეტი, ვინაიდან არ იყო ლეღვის დრო. უთხრა მას: „ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე ნაყოფი შენი!“ და ... პეტრემ უთხრა მას: „რაბი, ჰა, ის ლეღვი, შენ რომ დასწყევლე გამხმარა.“ ( მარკოზი 11:12-14, 21). ეს ნამდვილად მეტად უცნაური მონათხრობია, ვინაიდან ამბავი ხდება წლის იმ დროს, როდესაც ლეღვი ჯერ არ დამწიფებულა და ხე არანაირად დამნაშავე არ იყო. ერთი სიტყვით, გადაჭრით უარვყოფ აღიარებას, რომ სიბრძნის ან სათნოების საკითხებში ქრისტეს ისეთივე მაღალი ადგილი უკავია, როგორც ისტორიულად ჩვენთვის ცნობილ ზოგიერთ ადამიანს. 
ვფიქრობ, რომ პირადად მე ამასთან დაკავშირებით, ბუდასა და სოკრატეს ქრისტეზე მაღლა დავაყენებდი.
ემოციური ფაქტორი
როგორც უკვე მივუთითებდი, ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ ადამიანები რატომ იღებენ რელიგიას, ჩემი შეხედულებით, არაფერი საერთო არა აქვს გონებრივ მოსაზრებებთან. ადამიანები იღებენ რელიგიას ემოციური სურვილით, ხშირად გვარწმუნებენ, რომ რელიგიაზე თავდასხმა მეტად დამღუპველია, ვინაიდან რელიგია ადამიანებს ხდის სათნოს. მეც ამაში მარწმუნებდნენ; მაგრამ რაღაც ვერ ვამჩნევდი, რომ საქმე ნამდვილად ასე მიმდინარეობდა. ყველა თქვენთაგანისათვის, უსათუოდ, ცნობილია, ამ არგუმენტის თუ როგორ პაროდირებას ახდენდა სამუელ ბატლერი7, თავის წიგნში „ედგინში დაბრუნება“. გახსოვთ, რომ „ედგინში“ გამოხატულია ვინმე ხიგსი, რომელიც მოხვდება შორეულ ქვეყანაში, გარკვეული დროს იქ გაატარებს, ხოლო შემდეგ საჰაერო ბურთით გარბის ამ ქვეყნიდან. ოცი წლის შემდეგ ხიგსი ბრუნდება იმ ქვეყანაში და აღმოაჩენს, რომ ედგინელები აღიარებენ ახალ რელიგიას, რომელშიც თაყვანისცემის საგანს წარმოადგენს თვით ის, მზის შვილის სახელწოდებით; და მის შესახებ მოუყვებიან თუ როგორ ამაღლდა იგი ზეცაში. ხიგსი ჩამოდის, სწორედ ამაღლების დღესასწაულის ზეიმის წინადღეს. იგი მიყურადებით უსმენდა პროფესორების ხენკისა და პენკის საუბარს, რომლებიც ერთმანეთს უამბობდნენ, რომ მათ თვალიც კი არ მოუკრავთ ადამიანი ხიგსისთვის და  იმედოვნებენ, რომ ვერასოდეს ვერ დაინახავენ. თუმცაღა, სწორედ ისინი წარმოადგენენ მზის შვილის რელიგიის მღვდელმთავრებს. ხიგსი დიდად აღშფოთდება, მიუახლოვდება მათ და აცხადებს: „ავდგები და ვამხელ მთელ ამ შარლატანობას და ვუამბობ ედგინის მცხოვრებლებს, რომ მზის შვილი - ეს  მე ვარ მხოლოდ, ადამიანი ხიგსი და მე ვარ ის, ვინც გაფრინდა საჰაერო ბურთით.“ მაგრამ ხენკი და პენკი პასუხობენ: „თქვენ ეს არ უნდა გააკეთოთ, ვინაიდან მზის შვილის მითზე დგას მთელი ამ ქვეყნის ზნეობრიობა და თუკი ედგინელები გაიგებენ, რომ თქვენ არ ამაღლებულხართ ზეცად, ისინი ბიწიერებაში ჩაეფლობიან“. ეს მოსაზრება არწმუნებს ხიგსს და იგი მშვიდობიანად ტოვებს ქვეყანას.
სწორედ ამ იდეას შთაგვაგონებენ ქრისტიანობის მიმდევრები - რომ თითქოსდა ყველა ჩვენთაგანი ჩავეფლობით ბიწიერებაში,  თუკი არ მივყვებით ქრისტიანულ რელიგიას. მე კი მიმაჩნია, რომ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც მიჰყვებიან ქრისტიანულ რელიგიას, უმეტესად გამოირჩეოდნენ აღმაშფოთებელი ბიწიერებით. თქვენ, რა თქმა უნდა, აღიარებთ იმ საინტერესო ფაქტს, რომ ისტორიის ამა თუ იმ დროს, რაც უნდა ძლიერი იყოს რელიგიური გრძნობები და დოგმატური რწმენის სიღრმე, მით უფრო დიდი სისასტიკით აღინიშნებოდა ეს პერიოდი და მით უფრო ცუდად გამოიყურებოდა საქმეთ მდგომარეობა. ეგრედწოდებული რწმენის საუკუნეებში, როცა ადამიანებს ნამდვილად მთელი თავისი სისავსით სწამდათ ქრისტიანული რელიგია, არსებობდა ინკვიზიცია თავისი წამებებით; მილიონობით უბედური ქალი, როგორც კუდიანები, კოცონზე იქნენ დამწვარი და არ არსებობდა იმგვარი სახის სისასტიკე, რომელიც რელიგიის სახელით არ ყოფილიყო გამოყენებული მოსახლეობის ყველა ფენის წინააღმდეგ.
დააკვირდით  თქვენს ირგვლივ არსებულ სამყაროს და თქვენ აღმოაჩენთ, რომ პროგრესის ყოველი ნასახი ადამიანურ გრძნობებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ყოველი გაუმჯობესება, ყოველი ნაბიჯი, მიმართული იქითკენ, რათა მსოფლიოში იყოს ნაკლები ომი, ყოველი ნაბიჯი, გადადგმული ფერადი რასებისადმი დამოკიდებულების გაუმჯობესების მიზნით, ან მონობის ყოველი შემსუბუქება, ყოველნაირი ზნეობრივი პროგრესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა მსოფლიოში, ნიადაგ აწყდებოდა მსოფლიოს ეკლესიათა ორგანიზებულ წინააღმდეგობას. ჩემი სიტყვების გამო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქრისტიანული რელიგია თავისი საეკლესიო ორგანიზაციებით იყო და კიდევ აგრძელებს დარჩეს მსოფლიოს ზნეობრივი პროგრესის მთავარ მტრად.
როგორ აფერხებს ეკლესია პროგრესს
თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მე გადავამლაშე, როცა განვაცხადე, რომ ქრისტიანული რელიგია კვლავ აგრძელებს დარჩეს პროგრესის მთავარ მტრად. მიმაჩნია, რომ მე სავსებით მართალი ვარ. ავიღოთ ასეთი ფაქტი. მომიტევეთ მისი გახსენების გამო. ეს ფაქტი სასიამოვნო არა, მაგრამ ეკლესია გვაიძულებს გავიხსენოთ ეს არასასიამოვნო რიგის ფაქტი. წარმოვიდგინოთ, რომ იმ სამყაროში, რომელშიდაც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, გამოუცდელი გოგონა ქორწინებით დაუკავშირდა ათაშანგიან კაცს; ამგვარ შემთხვევაში, კათოლიკური ეკლესია აცხადებს: „ეს - ურღვევი საიდუმლოებაა. სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე თქვენ ვალდებული ხართ დარჩეთ ერთად“ და ქალს არა აქვს უფლება გადადგას რაიმე ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ათაშანგიანი ბავშვის გაჩენა. აი, რას აცხადებს კათოლიკური ეკლესია. ვამბობ, რომ ეს ეშმაკეული სისასტიკეა და ერთი ადამიანიც კი, რომელსაც ბუნებრივი სიმპათიები არ აღმოაჩნდა დოგმებით დამახინჯებული ან ზნეობრივი ბუნება, ყოველგვარი სიბინძურის გრძნობებისადმი სავსებით არ მომკვდარა, ვერ შეძლებს ამტკიცოს, რომ ამგვარი მდგომარეობის გაგრძელება სამართლიანი და სწორია.
ნათქვამი მხოლოდ მაგალითია. არსებობს უამრავი ოდენობის გზა, რომლის მეშვეობითაც ეკლესია, იმაზე დაჟინებით, რაც ნებავს, უწოდოს ზნეობრიობა, ჩვენ დროშიც ამა თუ იმ ადამიანს აყენებს დაუმსახურებულ და უსარგებლო ტანჯვას. როგორც თქვენთვის ცნობილია, ეკლესია თავისი წარმომადგენლობის უდიდესი ნაწილის სახით კვლავ აგრძელებს დარჩეს პროგრესისაა და ყოველივე გაუმჯობესების მოწინააღმდეგედ, რასაც მივყავართ მსოფლიოში ტანჯვის შემსუბუქებისაკენ, ვინაიდან მას სურს ზნეობრიობის იარლიყი მიაწეროს ქცევის წესების განსაზღვრულ ვიწრო კოდექსს, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს ადამიანურ ბედნიერებასთან, ხოლო როდესაც თქვენ აცხადებთ, რომ საჭიროა გაკეთდეს ესა თუ ის, ვინაიდან თქვენ მიერ გაკეთებული  ხელს შეუწყობს ადამიანთა ბედნიერებას, ეკლესიის მსახურნი ფიქრობენ, რომ ამას საქმესთან არანაირი კავშირი არა აქვს. „რა კავშირი უნდა ჰქონდეს ადამიანის ბედნიერებას ზნეობასთან? ზნეობრიობის მიზანი იმაში ხომ არაა, რომ ადამიანი ბედნიერი გახადოს. ზნეობრიობის მიზანია - ისინი გამოსადეგი გახადოს ზეცისათვის“ და უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი ამ ქვეყნიერებისათვის გამოუსადეგარნი არიან.
შიში - რელიგიის საფუძველი
რელიგია, ჩემი შეხედულებით, უპირველეს ყოვლისა და უმთავრესად დაფუძნებულია შიშზე. ნაწილობრივ ეს შიშია იდუმალისადმი, ნაწილობრივ კი, როგორც უკვე მივუთითებდი, - სურვილი იგრძნო თავისებური უფროსი ძმა, რომელიც დაგიცავს ყოველგვარ უბედურებასა და ხიფათში. შიში - აი, რა ძევს საფუძვლად მთელ ამ მოვლენაში, შიში იდუმალისადმი, შიში წარუმატებლობისადმი, შიში სიკვდილის წინაშე და ვინაიდან შიში წარმოადგენს სისასტიკის წინაპირობას, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სისასტიკე და რელიგია ხელიხელ ჩაკიდებული მიაბიჯებენ. ვინაიდან ორივე მათგანის საფუძველი ერთი და იგივეა - შიში. ამ ქვეყანაში ახლა ვიწყებთ საგნებში  თანდათან წვდომას და მეცნიერების საშუალებით მათ მცირეოდენ დამორჩილებას, რომელიც თანდათან გზას იკაფავს, გადალახავს ქრისტიანული რელიგიის მტრობას, ეკლესიათა მტრობასა და ყოველგვარი დრომოჭმული წესების წინააღმდეგობებს. მეცნიერებას შეუძლია დაგვეხმაროს მხოლოდ იმ ლაჩრული შიშის გადალახვაში, რომლის ძალის ქვეშ კაცობრიობა იმყოფებოდა მრავალი თაობის სიცოცხლის მანძილზე. მეცნიერებას შეუძლია გვასწავლოს - და ამას, ვფიქრობ, შეძლებს  გვასწავლოს ჩვენმა საკუთარმა გულებმა - შევწყვიტოთ მიმოთვალიერება ჩვენ ირგვლივ წარმოსახულ დამცველთა ძიებაში, შევწყვიტოთ ჩვენთვის ზეცაში მოკავშირეთა გამოგონება, უმჯობესია აქ, დედამიწაზე დავეყრდნოთ საკუთარ ძალისხმევას, რათა ეს ქვეყანა ვაქციოთ ცხოვრებისათვის ვარგისად და არა ისეთ ადგილად, როგორსაც ქმნიდა ეკლესია საუკუნეების მანძილზე.
რა უნდა გავაკეთოთ
ჩვენ უნდა ვიდგეთ საკუთარ ფეხებზე და ვუცქიროთ პირდაპირ სახეში სამყაროს - ყოველივეს, რაც კარგი და ცუდია მასში, მშვენიერებასა და სიმახინჯეს; ვუცქიროთ სამყაროს ისეთს, როგორიც ის არის და არ უნდა გვეშინოდეს მისი. დავიპყროთ სამყარო გონებით და არა შიშისადმი მონური მორჩილებით, რომელსაც იგი ბადებს. ღმერთის მთელი კონცეფცია წარმოადგენს უძველესი აღმოსავლური დესპოტური ქვეყნებისაგან გადმოღებულ კონცეფციას. ეს კონცეფცია სრულიად არასაკადრისია თავისუფალი ადამიანებისათვის. როდესაც თქვენ გესმით, ადამიანები ეკლესიაში თუ როგორ იმცირებენ თავს და აცხადებენ, რომ ისინი უბედური ცოდვილები არიან და ა. შ. ეს წარმოადგენს დამამცირებელსა და უღირს საკუთარი თავის პატივისმცემელი ადამიანური არსებისათვის. ჩვენ უნდა ვიდგეთ გამართულად და პირდაპირ ვუყუროთ სახეში სამყაროს. უნდა ავიღოთ სამყაროსგან ყოველივე, რაც მას შეუძლია მოგვცეს და თუკი ეს აღმოჩნდება იმაზე ნაკლები, რაც ჩვენ გვსურდა, მაშინ საბოლოოდ ჩვენ წილად გვერგება მეტად ბევრი, ვიდრე შეეძლოთ აეღოთ სამყაროსაგან გასული საუკუნეების მანძილზე სხვა ადამიანებს. კარგ სამყაროს სჭირდება ცოდნა, გულკეთილობა და ვაჟკაცობა, მას არ სჭირდება წარსულზე წუხილი, სინანული ან თავისუფალი გონების მონური შებოჭილობა ზედმეტი სიტყვებით, რომელიც მიმოქცევაში შემოიტანეს, დიდი ხნის უკან, წარსულ დროში, უმეცარმა ადამიანებმა. კარგ სამყაროს სჭირდება უშიშარი აზრი და თავისუფალი გონება. მას სჭირდება მომავლის იმედი და არა უსასრულოდ წარსულისაკენ ხედვა, რომელიც უკვე მოიცვალა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იგი მეტად ნაჯობნი იქნება იმ მომავლით, რომელიც შეიძლება შექმნილი იქნას ჩვენი გონებით. 
                
შენიშვნები
1. ლექცია წაკითხული ლონდონში 1927წ. 6 მარტს.
2. ნეტარი ავგუსტინე ავრელიუსი (354-430) ღვთისმეტყველი ფილოსოფოს - მისტიკოსი. პატრისტიკის გავლენიანი წარმომადგენელი. 
თომა აქვინელი (1225-1274)- ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი. კათოლიკური ფილოსოფიური მიმართულების-თომიზმის ფუძემდებელი. შერაცხულია წმინდანად და გამოცხადებულია ეკლესიის დოქტორად.
3. ჯოზეფ უითეკერი ( 1820-1895) - ინგლისელი გამომცემელი. მისი სახელი დაკავშირებულია „კალენდართან“-ყოველწლიურ ცნობართან.
4. საიდუმლო საბჭო- ინგლისის მეფესთან არსებული საბჭო; შექმნილია XIII საუკუნეში. მისი წევრები ინიშნებიან მეფის მიერ; იგი შედგებოდა კომიტეტებისაგან და მათ შორის რელიგიის საკითხების კომიტეტისაგან.
5. სტიუარტ ჯონ მილი (1806-1873)- ინგლისელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი, პოზიტივიზმისა და უტილიტარიზმის წარმომადგენელი.
6.საუბარია სტენლი ბოლდუინზე (1867-1947)- ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე, კონსერვატორული პარტიის ლიდერი, პრემიერ მინისტრი.
7. სამუელ ბატლერი (1835-1902)- ინგლისელი სატირიკოსი, ნოველისტი, ესეისტი და კრიტიკოსი. აღნიშნული ნაწარმოები მიჩნეულ იქნა, „გულივერის მოგზაურობის“ შემდეგ, ყველაზე საუკეთესო სატირულ თხზულებად.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge